საქმე №ას-180-2023 18 მაისი, 2023 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზ. ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი, მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – პ.ბ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.რ–ა“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 15 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - დისციპლინური სახდელის შეფარდების შესახებ ბრძანებების ბათილად ცნობა, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, კომპენსაციის დაკისრება, იძულებითი განაცდურის და ანაზღაურებადი შვებულების თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. პ.ბ–მა (შემდეგში - მოსარჩელე ან აპელანტი ან კასატორი) სარჩელი აღძრა სს „ს.რ–ის“ (შემდეგში - მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ და მოითხოვა: 1.1. ბათილად იქნეს ცნობილი მოპასუხის 2020 წლის 2 ივლისის ბრძანება მოსარჩელისათვის დისციპლინური სახდელის - გაფრთხილების შეფარდების შესახებ; 1.2. ბათილად იქნეს ცნობილი მოპასუხის 2020 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება მოსარჩელისათვის დისციპლინური სახდელის - შრომის ანაზღაურების 20%-ით დაქვითვის, შეფარდების შესახებ; 1.3. ბათილად იქნეს ცნობილი მოპასუხის 2020 წლის 17 დეკემბრის ბრძანება მოსარჩელისთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ; 1.4. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს კომპენსაციის გადახდა 45 000 ლარის ოდენობით; 1.5. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, მოსარჩელის გათავისუფლების დღიდან, 2020 წლის 7 დეკემბრიდან, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად 2 500 ლარის ოდენობით; 1.6. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოს დაეკისროს 2017, 2018, 2021 და 2022 წლების გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურება, თითოეულ წელზე 2 500 ლარის ოდენობით.
2. მოსარჩელემ მიუთითა, რომ იგი 2004 წლიდანაა დასაქმებული მოპასუხე საზოგადოებაში. 2012 წლის მაისიდან კი, უვადო შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დაიკავა მოპასუხე საზოგადოებაში ინფრასტრუქტურის ფილიალის ელექტრომომარაგების დეპარტამენტის აღმოსავლეთ ელექტრომომარაგების სამმართველოს უფროსის პოზიცია.
3. 2020 წლის 18 დეკემბერს მოსარჩელეს ეცნობა, რომ მასთან შრომითი ურთიერთობა შეწყდა 2020 წლის 17 დეკემბრის ბრძანებით. 2020 წლის 18 დეკემბრის წერილის თანახმად მოსარჩელის გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენს 2020 წლის 12-23 ივნისს წევის ქვესადგურებში ტრანსფორმატორებში ზეთის მარაგის შემოწმების შედეგები, ასევე მონიტორინგის და პრევენციის ცენტრის 9 სექტემბრის წერილი, რომელიც განხილულ იქნა მოპასუხე საზოგადოების ინფრასტრუქტურის ფილიალში ოპერატიულ თათბირზე 2020 წლის 4 დეკემბერს, სადაც მოსარჩელეს არ მიეცა შესაძლებლობა დაეფიქსირებინა საკუთარი პოზიცია. მოპასუხე საზოგადოების წესდების 18.6 პუნქტის თანახმად დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების უფლება დამსაქმებელს აქვს დარღვევის გამოვლენიდან 6 თვის განმავლობაში. შესაბამისად, 2020 წლის 12 ივნისიდან გამოვლენილ შემოწმების შედეგებზე/ფაქტებზე მსჯელობა და მოსარჩელისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდება 2020 წლის 17 დეკემბერს, მოხდა შინაგანაწესით გათვალისწინებული 6 თვიანი ვადის დარღვევით.
4. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2020 წლის 12-23 ივნისს გამოვლენილ და მოპასუხის მიერ დასახელებულ ფაქტებთან დაკავშირებით, ტრანსფორმატორებში ზეთის მარაგებთან მიმართებით პერსონალურად პასუხისმგებელი არ იყო მოსარჩელე და სხვა დასაქმებული პირების ფუნქცია - მოვალეობებში შედიოდა.
5. მოსარჩელე სადავოდ ხდის მის მიმართ 2020 წლის 2 ივლისის ბრძანებას დისციპლინური სახდელის - გაფრთხილების შეფარდების შესახებ, ასევე, მოპასუხის 2020 წლის 13 ოქტომბრის ბრძანებას დისციპლინური სახდელის - შრომის ანაზღაურების 20%-ით დაქვითვის/შეფარდების შესახებ და ითხოვს მათ ბათილად ცნობას.
6. მოსარჩელის მითითებით, მას არ უსარგებლია 2017 და 2018 წლების ყოველწლიური, კუთვნილი ანაზღაურებადი 24 დღიანი შვებულებით, რის გამოც, მოპასუხეს უნდა დაეკისროს გასული 2017, 2018 წლების გამოუყენებელი შვებულებისათვის 2 500 – 2 500 ლარის ანაზღაურება.
7. საქმის განხილვის პერიოდში, ვიდრე მოსარჩელის მიმართ მიღებული არ იქნება აღდგენის თაობაზე გადაწყვეტილება, ვერ ისარგებლებს ანაზღაურებადი შვებულებით, შესაბამისად, მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს საქმის განხილვის პერიოდში გამოუყენებელი შვებულება, 2021 წლის (2 500 ლარი - 24 დღიანი შვებულებისათვის) და 2022 წლის (2 500 ლარი - 24 დღიანი შვებულებისათვის).
8. 2021 წლის 16 დეკემბერს მოსარჩელემ დააზუსტა მოთხოვნები: 1.1. ბათილად იქნეს ცნობილი 2020 წლის 2 ივლისის ბრძანება მოსარჩელისთვის დისციპლინური სახდელის - გაფრთხილების შეფარდების შესახებ; 1.2. ბათილად იქნეს ცნობილი 2020 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება მოსარჩელისთვის დისციპლინური სახდელის - შრომის ანაზღაურების 20%-ით დაქვითვის, შეფარდების შესახებ;1.3. ბათილად იქნეს ცნობილი 2020 წლის 17 დეკემბრის ბრძანება მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ; 1.4. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს კომპენსაციის გადახდა 45 000 ლარის ოდენობით;1.5. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოს დაეკისროს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, მოსარჩელის გათავისუფლების დღიდან, 2020 წლის 7 დეკემბრიდან, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად 2 500 ლარის ოდენობით;1.6. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოს დაეკისროს 2017, 2018, 2021 და 2022 წლების გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურება,თითოეულ წელზე 2 500 ლარის ოდენობით.
9. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელის მიმართ ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულებისათვის (შეუსრულებლობისათვის) გამოყენებულია სხვადასხვა დისციპლინური პასუხისმგებლობების ზომა, ხელმძღვანელობის მხრიდან მისი მისამართით გამოთქმულია შენიშვნები და პრეტენზიები, მათ შორისაა, კონტროლის ფუნქციების განუხორციელებლობის სისტემური შემთხვევები, ვალდებულებათა არაჯეროვანი შესრულებისათვის მოსარჩელეს დაეკისრა დისციპლინური პასუხისმგებლობა. გარდა ამისა, საყურადღებოა ის გარემოება, რომ დასაქმებული წლების განმავლობაში, არ ასრულებდა ხელმძღვანელის მითითებს და მოქმედებდა ერთპიროვნულად. მოპასუხის მიერ გამართულ თითოეულ სხდომაზე ცხადდება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კომისიას, განხილვის შემდგომ საკითხის მოსაკვლევად, დამატებით სჭირდება სხვა მტკიცებულებების გამოთხოვა) და მოსარჩელის შემთხვევაში დეტალურად არის ცნობილი, როგორც პასუხისმგებლობის დაკისრების ფაქტი, ისე მისი საფუძვლები და მოტივები. მოსარჩელეს სხდომაზე მიეცა შესაძლებლობა, დაეფიქსირებინა საკუთარი პოზიცია, რაც მის მიერ განხორციელდა კიდეც და აღნიშნული განმარტებები მოცემულია შესაბამის ოქმებში ან საქმის მასალებში მოცემულია დამოუკიდებლად.
10. 2020 წლის 12-23 ივნისს კონტროლისა და მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ დათვალიერდა აღმოსავლეთ ელექტრომომარაგების სამმართველოს ბალანსზე რიცხულ წევის ქვესადგურებში ექსპლუატაციაში მყოფი და არმყოფი ტრანსფორმატორების და მათში არსებული ზეთის მარაგის და ტრანსფორმატორების (გულანები) მდგომარეობა. აღნიშნულთან დაკავშირებით, 2020 წლის 30 ივნისს, მონიტორინგის თანამშრომლებისა და თავად მოსარჩელის - პ.ბ–ის მონაწილეობით შედგა დათვალიერების შედეგების ამსახველი აქტი, რაც ხელმოწერილი და დადასტურებულია მის მიერ. მოსარჩელისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება მოხდა სს ,,ს.რ–ის‘’ შრომის შინაგანაწესის 18.6 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების დარღვევის გამოვლენიდან 6 თვის განმავლობაში.2020 წლის 9 სექტემბერს დამატებით დღის წესრიგში დადგა გეგმიური შემოწმების შედეგად გამოვლენილი ახალი ფაქტების მოკვლევის საკითხები. საბოლოოდ კი, საქმისათვის მნიშვნელოვანი ყველა გარემოების მოკვლევის შედეგად კომისიამ 2020 წლის 4 დეკემბერს, მოსარჩელის დასწრებით იმსჯელა და გამოავლინა მის მიერ ვალდებულებების დარღვევის არსებითი ფაქტი, მიიღო გადაწყვეტილება შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ მომდევნო სამუშაო დღიდან - 2020 წლის 7 დეკემბრიდან, ხოლო შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანება გამოცემული იქნა 17 დეკემბერს.დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა მოხდა საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლის ,,თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, რაც გულისხმობს დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების დარღვევას, თუ მის მიმართ ბოლო 1 წლის განმავლობაში უკვე გამოყენებული იყო ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს 2020 წლის 29 ივნისს, №11 სხდომის ოქმის შესაბამისად, შრომის დაცვისა და უსაფრთხოების წესების კონტროლის შესუსტებისათვის დაეკისრა დისციპლინური პასუხისმგებლობა და გამოეცხადა გაფრთხილება.2020 წლის 23 ივლისს, №9 სხდომის ოქმის შესაბამისად, მოსარჩელეს სამმართველოში სასაქონლო მატერიალური მარაგების შენახვის, აღრიცხვიანობისა და გაცემის, საწარმოო დისციპლინის, სტრუქტურულ ქვედანაყოფებში საწვავის დასაწყობებისას სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვის და საბუღალტრო დოკუმენტაციის სწორად წარმოების საკითხების კონტროლის შესუსტებისათვის დაეკისრა დისციპლინური პასუხისმგებლობა. მოსარჩელისთვის დეტალურად არის ცნობილი დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძვლები და მოტივები. მოპასუხე არ ეთანხმება მოსარჩელის მოთხოვნას 2017 და 2018 წლის გამოუყენებელი შვებულების თანხების დაკისრებასთან დაკავშირებით, რამდენადაც შრომის კოდექსის თანახმად, აკრძალულია ანაზღაურებადი შვებულების მომდევნო წლისთვის ზედიზედ 2 წლის განმავლობაში გადატანა. რაც გულისხმობს იმას, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შემთხვევაში, დასაქმებულს შეიძლება აუნაზღაურდეს მხოლოდ 2 წლის განმავლობაში გამოუყენებელი შვებულება, რაც კომპანიის მიერ განხორციელდა და რასაც მოსარჩელე თავად ადასტურებს. რაც შეეხება მოსარჩელის მითითებას, სამომავლო პერიოდში გამოსაყენებელი წლის ანაზღაურებადი შვებულების ანაზღაურების საკითხზე, ეწინააღმდეგება ,,შვებულების“ არსს და ფუნქციას. მითუმეტეს, იმ პირობებში, როდესაც სრულ პერიოდზე მოთხოვნილია იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.შესაბამისად მოპასუხეს მიაჩნია, რომ ზემოხსენებული საფუძვლებით მოსარჩელის გათავისუფლება კანონიერია, რის გამოც სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. მოპასუხემ ასევე მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ გათავისუფლებამდე დაკავებული სამმართველოს უფროსის პოზიცია დღევანდელი მდგომარეობით ვაკანტური არ არის (იხ. დაზუსტებული შესაგებელი, მოპასუხის ახსნა-განმარტება).
11. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 15 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
13. სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა დისციპლინური სახდელის შეფარდების შესახებ ბრძანებებისა და შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების კანონიერებაზე და დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხის 2020 წლის 2 ივლისის ბრძანება, მოსარჩელისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად გაფრთხილების შეფარდების შესახებ, ასევე, 2020 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება, მოსარჩელისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად შრომის ანაზღაურების 20%-ით დაქვითვის შეფარდების შესახებ, მართლზომიერია.
14. დასაქმებულმა (მოსარჩელემ/აპელანტი) სადავოდ გახადა დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ ბრძანებები და მიიჩნია, რომ მას ბრძანებასა თუ მის საფუძვლად არსებულ აქტებში ასახული ვალდებულებები არ დაურღვევია, მის ფუნქცია-მოვალეობებს კონკრეტული ვალდებულებების შესრულება არ განეკუთვნებოდა და გამოვლენილი დარღვევა მისი პირადი პასუხისმგებლობა არ იყო, რასთან დაკავშირებითაც სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გაფრთხილების გამოცხადების შესახებ ბრძანებას საფუძვლად დაედო 2020 წლის 29 ივნისის დამსაქმებლის ინფრასტრუქტურის ფილიალის, ელექტრომომარაგების დეპარტამენტის უფროსთან ჩატარებული სხდომის ოქმი, რომელიც მოსარჩელის მხრიდან ვალდებულების დარღვევის კონკრეტულ ფაქტზე საუბრობს. სხდომის ოქმში აღნიშნულია, რომ2020 წლის 26 ივნისს, თბილისში სატვირთო-თბილისი სამგზავროს გადასარბენზე, შპს ,,ხ–ის“ მიერ რკინიგზის გადამკვეთი გადასასვლელი ხიდის მშენებლობისათვის განკუთვნილი ლითონის ძელის დემონტაჟისას, მოხდა მისი ჩამოვარდნა და გაწყვიტა გამწევი ლიანდაგის ერთი საკონტაქტო გამტარი. აღნიშნულმა შემთხვევამ გამოიწვია №874 სამგზავრო მატარებლის შეყოვნება. შემთხვევის ადგილზე გასული იყო აღმოსავლეთის ელექტრომომარაგების სამმართველოს ხელმძღვანელობა და ზაჰესის საკონტაქტო ქსელის ბრიგადა. სამუშაოების მიმდინარეობისას დაფიქსირდა შრომის დაცვის და უსაფრთხოების ტექნიკის წესების უხეში დარღვევები, კერძოდ, როგორც მემაღლივე ბრიგადის წევრებს, ასევე სამმართველოს უფროსს არ ეხურათ დამცავი ჩაფხუტები და ყველას არ ეცვა შუქამრეკლი ჟილეტები, რაც გახდა შრომის შინაგანაწესის მე-18 პუნქტის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად გაფრთხილების გამოცხადების საფუძველი.
15. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა იმ საკითხზე, მოსარჩელეს, როგორც სამმართველოს უფროსს, ჰქონდა თუ არა დაკისრებული ზემოხსენებული ვალდებულება შრომითი ხელშეკრულებით, სამუშაო აღწერილობით ან შემდგომში უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული დავალებით და შეასრულა თუ არა ვალდებულება.
16. მოსარჩელემ ფაქტები სადავო გახადა, აღნიშნა, რომ შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფა წარმოადგენდა სხვა პირთა პასუხისმგებლობას. ასევე, მიუთითა, რომ 2020 წლის 26 ივნისს ავარიის აღმოფხვრისათვის ტექნიკური პერსონალი გამოძახებული იქნა პირდაპირ სახლიდან, არასამუშაო დროს. იმ შემთხვევაში თუ, ისინი გაიგზავნებოდნენ ჯერ სპეცტექნიკის ასაღებად, მაშინ მატარებელი, რომელიც სამგზავრო იყო და რომელშიც გამორთული იყო კონდიცირება, ვერ შეძლებდა მუშაობის აღდგენას და მისი გაშვება ვერ მოესწრებოდა 30 წუთში. საყურადღებოა, რომ გამოძახებული ჯგუფის წევრთა ნაწილი იმყოფებოდა არასამუშაო ვითარებაში, რაზეც მათ წარმოდგენილი უნდა ჰქონდეთ შესაბამისი დოკუმენტები (საავადმყოფო ფურცელი) და დარჩენილი ნაწილის მუშაობა იყო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გადაუდებლობის კუთხით. შესაბამისად, სასწორზე იყო არაერთი მგზავრის ჩაკეტილ სივრცეში დაყოვნებისა და სამუშაო ჯგუფის სპეცაღჭურვილობით დაცვის ინტერესებს შორის ინტერესთა ბალანსის დაცვა. რაც შეეხება უშუალოდ მოსარჩელეს ის არ წარმოადგენდა სამუშაო ჯგუფის/ბრიგადის წევრს, არ ასრულებდა რაიმე ტიპის სამუშაოს და არ იმყოფებოდა სამუშაო არეალში (სამუშაო სივრცეში). შესაბამისად, ის შემოსილი ვერ იქნებოდა ჩაფხუტით, თუმცა, შუქამრეკლი ჟილეტი რამდენადაც მას მოუტანეს და ეცვა. სასამართლო სხდომაზე ერთ-ერთი განმარტებისას მოსარჩელემ აღნიშნა, რომ სამუშაოების დაწყების შემდეგ მან დაიფარა ჩაფხუტი, რომელიც ქონდა ავტომანქანაში (იხ. 2021 წლის 16 ივლისის სასამართლო სხდომის ოქმი, 17:34:48 წუთი). გარდა ამისა, საწარმოში დგება სპეცაღჭურვილობის განაწილების დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც მოსარჩელეზე არ იყო გათვალისწინებული ჩაფხუტი. საგულისხმოა, რომ მოსარჩელის მსგავსად ადგილზე იმყოფებოდნენ სხვა მენეჯერებიც, ანალოგიურად ჩაფხუტის გარეშე.
17. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ 2020 წლის 26 ივნისს ავარიის აღმოფხვრაზე მომუშავე პერსონალის ყველა წევრს არ ჰქონდა სპეცაღჭურვილობა. რასთან დაკავშირებითაც საქმის მასალებში წარმოდგენილია, 2020 წლის 1 ივლისს მოსარჩელის ახსნა-განმარტებითი ბარათი, რომლითაც იტყობინება შემდეგს: ,,... დაზიანების ოპერატიულად აღმოფხვრის მიზნით, სახლიდან იყო გამოძახებული ზაჰესის საკონტაქტო ქსელის რაიონის რიგი პერსონალი და ვერ მოახერხეს დამცავი ჩაფხუტების და შუქამრეკლი ჟილეტების წამოღება საკ. ქსელის რაიონიდან. ამის შემდეგ საკითხი გათვალისწინებული იქნება, პირადად გავაკონტროლებ დამცავი საშუალებების ტარებას პერსონალის მიერ და როგორც ჩემს, ასევე პერსონალის მხრიდან ანალოგიური აღარ განმეორდება“. მითითებულ ახსნა-განმარტებასთან დაკავშირებით, სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ განმარტა, რომ ბარათი დააწერინეს იძულებით. მიუხედავად აღნიშნულისა, ერთი მხრივ, მოსარჩელე უთითებს ახსნა-განმარტებითი ბარათის იძულებით დაწერაზე, მეორე მხრივ, იგივე შინაარსის პოზიცია აქვს გაზიარებული 2020 წლის 16 ივლისის სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილ შუამდგომლობის განცხადებაში და აღნიშნავს რომ გადაუდებელი აუცილებლობიდან გამოდინარე, პერსონალის აღჭურვა ვერ ესწრებოდა,და ქვედანაყოფმა იმოქმედა პრიორიტეტების განსაზღვრით.
18. პერსონალის მხრიდან სპეცაღჭურვილობის გამოუყენებლობის ფაქტს ადასტურებს მოსარჩელის შუამდგომლობით დაკითხული მოწმე ე.ბ–ძე, რომელიც არის კასპის ცენტრის უფროსი ელექტრომექანიკოსი. მოწმემ განმარტა, რომ 2020 წლის 26 ივნისის ინციდენტის დროს, იმყოფებოდა ადგილზე, ჩაფხუტით და შესაბამის შუქამრეკლი ჟილეტით აღჭურვილი იყო მხოლოდ ის და ერთი ადამიანი. უშუალოდ სამუშაოებისდაწყებამდე ჩაფხუტი და ჟილეტი მოუტანეს მოსარჩელესაც. მოწმის ჩვენებით დანარჩენ მომუშავე პერსონალს არ ჰქონდა სპეცაღჭურვილობა.საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, მოსარჩელის უფლება-მოვალეობებს ადგენდა მოპასუხის ელექტრომომარაგების დეპარტამენტის ელექტრომომარაგების სამმართველოს უფროსის სამუშაო აღწერილობა. ელექტრომომარაგების დეპარტამენტის ელექტრომომარაგების სამმართველოს უფროსმა საკუთარი დანიშნულებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე უნდა შეასრულოს შემდეგი ფუნქცია და მოვალეობა: უზრუნველყოს სამმართველოს ფუნქციონირებისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით მომარაგების უზრუნველყოფა და მათი მოხმარების კონტროლი. მნიშვნელოვანია ასევე მოპასუხე ორგანიზაციის შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის მართვის სისტემის მე-8 მუხლი, რომელიც ადგენს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელების მოვალეობებს, უზრუნველყონ დაქვემდებარებული ქვედანაყოფის წევრების მიერ ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენების კონტროლი რომელთა ჩამონათვალიც, შედავებულ ფუნქციას, როგორც მოსარჩელის პირდაპირ ვალდებულებას, განსაზღვრავს. აღსანიშნავია ასევე, მოპასუხე ორგანიზაციის დასაქმებულთა ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების მე-3 მუხლი, რომელიც ადგენს მაღალი და საშუალო რანგის მენეჯერების ვალდებულებებს:13.1. უსაფრთხოება, ყველა ასპექტით, არის კომპანიის მთავარი პრიორიტეტი. კომპანია მოწოდებულია ნებისმიერ დროს უზრუნველყოს მისი კლიენტებისა და თანამშრომლების უსაფრთხოება და კეთილდღეობა და თავის მხრივ, მაღალი და საშუალო რანგის მენეჯერები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ იგივე მათი თანამშრომლებისა და კომპანიის კლიენტებისათვის. თითოეული მენეჯერი ვალდებულია უზრუნველყოს მუშაობის უსაფრთხოების საყოველთაოდ აღიარებული ან/და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მეთოდების, ნორმებისა და წესების დაცვა. 13.2. მენეჯერმა უნდა დაიცვას და უზრუნველყოს კომპანიის დასაქმებულის მიერ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ნორმებისა და ინსტრუქციების განუხრელად დაცვა. უსაფრთხოებისთვის პოტენციურად საშიში გარემოებების შემჩნევისას, მან უნდა მოახდინოს შესაბამისი რეაგირება და განახორციელოს კანონმდებლობითა და შიდა რეგულაციებით გათვალისწინებული ღონისძიებები მათ აღმოსაფხვრელად.
19. ზემოაღნიშნულის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ უშუალოდ და პირდაპირ სამმართველოს უფროსის მოვალეობებში შედიოდა მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით მომარაგების უზრუნველყოფა და მათი მოხმარების კონტროლი. მოსარჩელე მიუთითებდა გადაუდებელ აუცილებლობაზე და პერსონალის სახლიდან გამოძახებაზე, მაგრამ უსაფრთხოების წესების დაცვა მნიშვნელოვანია, დასაქმებულთა პირთა სიცოცხლე რომ არ დადგეს საფრთხის ქვეშ. მითითებული მსჯელობიდან გამომდინარე პალატამ მიიჩნია, რომ 2020 წლის 2 ივლისის ბრძანება მართლზომიერია.
20. სადავოა აგრეთვე, მოპასუხის 2020 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება დისციპლინური სახდელის სახით შრომის ანაზღაურების 20%-ით დაქვითვის, შეფარდების შესახებ. დადგენილია, რომ სადავო ბრძანების საფუძვლად დაედო 2020 წლის 23 ივლისს ელექტრომომარაგების დეპარტამენტის უფროსთან ჩატარებული ოპერატიული თათბირის ოქმი №9.დადგენილია, რომ აღნიშნულ თათბირზე განიხილეს შემდეგი საკითხები: 2020 წლის 11 თებერვლიდან 21 თებერვლის ჩათვლით აღმოსავლეთ ელექტრომომარაგების სამმართველოს სასაქონლო-მატერიალური მარაგების მოხმარების, მიზნობრიობისა და აღრიცხვიანობის, საწარმოო დისციპლინის შესრულებისა და შრომის პირობების საკითხების შემოწმებისას გამოვლენილი დარღვევები და ასევე, 2020 წლის 20 მაისიდან 12 ივლისის ჩათვლით, აღმოსავლეთ ელექტრომომარაგების სამმართველოს რუსთავის საკონტაქტო ქსელის რაიონის სასაქონლო-მატერიალური მარაგების მოხმარების მიზნობრიობისა და აღრიცხვიანობის საკითხების შემოწმების დროს გამოვლენილი დარღვევები. 2020 წლის 23 ივლისის ოქმში მითითებული კონკრეტული გარემოებები, საწყობების შემოწმებისას ბუღალტრულ ნაშთთან შედარებით გამოვლენილი, ძრავის ახალი ზეთის ზედმეტობები, სტარტერული ტიპის აკუმულატორების ზედმეტობა - დანაკლისი, ფერადი ლითონის დანაკლისები, უვარგისი ტრანსფორმატორების ზედმეტობა, საწვავის დასაწყობებასთან, საქმისწარმოებასთან და დისციპლინის საკითხებთან დაკავშირებული ფაქტები მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია. მოსარჩელე ერთი მხრივ მიუთითებდა, რომ აღნიშნული ოქმი არ ჩაბარებია, კონკრეტულ გარემოებებთან დაკავშირებით კი განმარტავს, რომ ზეთების დანაკლისზე საუბარია ასევე 2020 წლის 4 დეკემბრის №15 ოქმში, დასაწყობებულ საწვავებთან დაკავშირებით მიუთითა, რომ მოსარჩელე პერსონალურად არ იყო აღნიშნულზე პასუხისმგებელი. რაც შეეხება საბურავების შეძენის მართლზომიერებას, აღნიშნული გადაწყვიტა მოპასუხე კომპანიამ.2023 წლის 23 ივლისის სხდომის ოქმის შინაარსიდან ირკვევა, რომ აღმოსავლეთის ელექტრომომარაგების სამმართველოს უფროსმა აღნიშნა, რომ ზეთების ზედმეტობა განპირობებული იყო შპს ,,თ.მ–დან“ არასწორად, ზეთების მეტობით შემოტანილი მოცულობების მიზეზით, რომლის ,,უკან გატანასაც ფიქრობდა“, ჯართის (სპილენძის გვარლის, ფოლად-ალუმინის გამტარების, ძველვარგისი ალუმინის სადენების) დანაკლისი აიხსნებოდა სასაწყობე მეურნეობაში არსებული სასწორით გამოწვეული ცდომილებებით, აკუმულატორების დანაკლის-მეტობასთან მიმართებით - გადმობარების დროს არასწორად აღრიცხული ჩანაწერებით, ვინაიდან არ იკითხებოდა აკუმულატორთა ტიპები, ხოლო ავტომანქანა კიასთვის განკუთვნილი საბურავების შესყიდვა განპირობებული იყო იმ მოტივით, რომ დაგეგმილი ჰქონდა აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების შეკეთება და მისი გარემონტების შემდეგ გამოიყენებდა შესყიდულ საბურავებს. ამასთან, მოსარჩელემ აღნიშნა, რომ იგი მთლიანად იზიარებს აღმოსავლეთ ელექტრომომარაგების სამმართველოს შესაბამის ერთეულებში გამოვლენილ ნაკლოვანებებსა თუ გადაცდომებთან დაკავშირებით გამოწვეულ მის წილ პასუხისმგებლობას და გამოთქვა სინანული მსგავსი დარღვევების სისტემურ ხასიათთან მიმართებით. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელეს აღნიშნული ოქმის ავთენტურობა და მითითებული განმარტება სადავოდ არ გაუხდია. მოპასუხე კომპანიის სიდიდიდან და დასაქმებულთა მოცულობიდან გამომდინარე, შეიძლება სხვადასხვა დასაქმებული პირის უფლება-მოვალეობების გადაკვეთა მოხდეს,რაღაც კუთხით მსგავსი ფუნქციები გააჩნდეთ, მაგრამ მოცემული დავა ეხება რა მოსარჩელის მიმართ გამოყენებული დისციპლინური სახდელის შეფარდების შესახებ ბრძანებების ბათილად ცნობას, შესაბამისად, სასამართლოს კვლევის საგანს წარმოადგენს უშუალოდ მოსარჩელის მოვალეობაში რა შედიოდა და ჰქონდა თუ არა მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების დარღვევას ადგილი.
21. ამ თვალსაზრისით აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე იყო მოპასუხე დაწესებულების ინფრასტრუქტურის ფილიალის აღმოსავლეთის ელექტრომომარაგების სამმართველოს უფროსი. მოსარჩელის სამუშაო აღწერილობის თანახმად, ელექტრომომარაგების დეპარტამენტის ელექტრომომარაგების სამმართველოს უფროსმა საკუთარი დანიშნულებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე უნდა შეასრულოს შემდეგი ფუნქცია და მოვალეობები: საერთო ხელმძღვანელობა გაუწიოს სამმართველოს საქმიანობას და მასში დასაქმებულ პერსონალს, უზრუნველყოს სამმართველოს ფუნქციონირებისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით მომარაგების უზრუნველყოფა და მათი მოხმარების კონტროლი, უზრუნველყოს ექსპლუატაციაში არსებული მოწყობილობების ცვლილებების განხორციელება დამტკიცებული დოკუმენტაციის შესაბამისად, ასევე პასუხისმგებელია ხარისხიანად შეასრულოს საკუთარი ფუნქცია-მოვალეობები და განუხრელად დაიცვას ორგანიზაციაში მოქმედი ნორმატიული აქტები და კანონმდებლობა. პასუხისმგებელია მასზე მიკუთვნებული მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობის მოვლა-შენახვაზე. სამუშაო აღწერილობიდან ნათლად ჩანს, რომ მოსარჩელე იყო მატერიალური-ტექნიკური საშუალებების მომარაგებაზე და მათ მოხმარების კონტროლზე პასუხისმგებელი პირი, თავის მხრივ, სამმართველოში არსებულ მატერიალურ ფასეულობების დანაკლისებზე და ზედმეტობებზე. მოსარჩელეს ასევე ვალდებული იყო, უზრუნველეყო ექსპლუატაციაში არსებული მოწყობილობების ცვლილებების განხორციელება დამტკიცებული დოკუმენტაციის შესაბამისად, რაც მიემართება უვარგის მატერიალურ ფასეულობებს (მათ შორის, ტრანსფორმატორებს).
22. სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია, რომ აღნიშნული ფუნქციები, თავის მხრივ გადანაწილებული იყო სამმართველოს, წევის ქვესადგურების თუ საკონტაქტო ქსელის ქვესადგურების თანამშრომლებზე, თუმცა სამმართველოს მთლიან საქმიანობას და მასში დასაქმებულ ხელმძღვანელობას უწევდა მოსარჩელე. იმ პირობებში, თუ რომელი დასაქმებული პერსონალი არ ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას, სწორედ სამმართველოს უფროსს უნდა გაეტარებინა ქმედითი ღონისძიებები მსგავსი პრობლემების გადასაჭრელად.
23. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ კონტროლის, ინსპექტირების და შიდა უსაფრთხოების სამსახურის მიერ დარღვევების გამოვლენის შემდეგ მოსარჩელემ დაიწყო გარკვეული ღონისძიებების გატარება, რაზეც მეტყველებს მოპასუხე დაწესებულების აღმოსავლეთის ელ.მომარაგების სამმართველოს უფროსთან მოსარჩელესთან 2020 წლის 14 ივლისს ჩატარდა ოპერატიული თათბირი, რუსთავის საკონტაქტო ქსელის რაიონში შემოწმებისას დაფიქსირებული დარღვევებთან დაკავშირებით, რის შედეგადაც დისციპლინური ღონისძიებები გატარდა აღმოსავლეთის ელ. მომარაგების სამმართველოს რუსთავის საკონტაქტო ქსელის რაიონის უფრ.ელ.მექანიკოსის და აღმოსავლეთის ელ.მომარაგების სამმართველოს საწარმოო-ტექნიკური განყოფილების ინჟინერის მიმართ. უშუალოდ შემოწმებამდე, რა ქმედითი ღონისძიებები გაატარა მოსარჩელემ საქმის მასალებში წარმოდგენილია არ არის. გამოიკვეთა, რომ მოსარჩელე მის სამმართველოში არსებულ რიგ დარღვევებზე/პრობლემებზე არ იყო ინფორმირებული,რომელთა თაობაზეც ინფორმაციას იგი იღებდა მაკონტროლებელი სტრუქტურული ერთეულის მიერ განხორციელებული შემოწმების შემდეგ.პალატამ ნაწილობრივ გაიზიარა მოსარჩელის/აპელანტის პოზიცია, ისეთ ობიექტებზე, როგორიცაა საგარეჯოს საკონტაქტო ქსელის რაიონში და გურჯაანის საკონტაქტო ქსელის რაიონში საწვავის დასაწყობები ღამის საათებში გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე ვერ ხდება საწვავის შემოტანა, ვინაიდან ბენზინგასამართ სადგურები საკმაოდ შორს არის ქვესადგურიდან. აღნიშნული გარემოება დაადასტურდა, თავის მხრივ მოპასუხის შუამდგომლობით დაკითხულმა მოწმემ, კონტროლის, ინსპექტირების და შიდა უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა მ.ტ–ძემ, თუმცა, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მისთვის გაუგებარია რატომ არ ხდებოდა დასაწყობებული საწვავის ბუღალტრული აღრიცხვა და კონტროლი. აქვე, გასათვალისწინებელია, რომ გაცემული იყო მითითება მასზედ, რომ მხოლოდ იმ რაოდენობის საწვავის გამოტანილიყო, რა რაოდენობაც საჭიროა ბაკის შესავსებად, რომ ეჩკ-ში არ დაგროვდეს გარკვეული სახის მარაგი, კატეგორიულად აკრძალულია საწვავის მარაგის შენახვა დასაწყობება. თავის მხრივ, მოსარჩელის სადავოდ არ გაუხდია, რომ დასაწყობებული საწვავი იყო ბიდონებში, რომელიც ხანძარსაშიში საფრთხის მქონე წყაროს წარმოადგენს.ავტომობილ კია-2700-ისთვის შეძენილ საბურავებთან დაკავშირებით მოსარჩელე ერთი მხრივ უთითებს, რომ საბურავების შეძენა განახორციელა მოპასუხე კომპანიამ, მეორე მხრივ,მოსარჩელემ 2020 წლის 23 ივლისის მოპასუხის ინფრასტრუქტურის ფილიალის ელექტრომომარაგების დეპარტამენტის უფროსთან ჩატარებულ გამართული ოპერატიულ თათბირზე განმარტა, რომ საბურავების შესყიდვა განპირობებული იყო იმ მოტივით, რომ დაგეგმილი ჰქონდა აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების შეკეთება და მისი გარემონტების შემდეგ გამოიყენებდა შესყიდულ საბურავებს. აღსანიშნავია, რომ აღმოსავლეთ ელექტრომომარაგების სამმართველოს ელ.მექანიკოსი ჯ.გ–ძის განმარტებით, საბურავების შეძენა განახორციელა მოსარჩელის დავალებით. მან ასევე მიუთითა, რომ მოსარჩელის დავალებით ავტომანქანა KIA-2700 შეუცვალა ზამთრის საბურავები. 2019 წლის 31 ოქტომბერს აღმოსავლეთ ელექტრომომარაგების სამმართველოს უფროსმა - მოსარჩელემ წერილით მიმართა შპს ,,თ.მ–ს“ დირექტორს და მოითხოვა, R14C 195 ტიპის საბურავის ა/მ PCF- 1 ცალი, FCF-950 - 4 ცალის მიწოდება.სასამართლოსთვის ბუნდოვანია ასევე, თუ ავტომობილი კია-2700 დაზიანებული იყო და საჭიროებდა შეკეთებას, რა მიზანს ემსახურებოდა, როგორც ზამთრის ისევე ზაფხულის საბურავების შეძენა, მითუფრო აქტს, შეცვლითა და ბალანსირების მომსახურებით. აღსანიშნავია, რომ მოპასუხე დაწესებულების საქმისწარმოების ინსტრუქციის მე-3 მუხლის თანახმად, საზოგადოებაში ხორციელდება ელექტრონული დოკუმენტბრუნვა DocFlow-ს მეშვეობით. ამავე დებულების 4..41 პუნქტის მიხედვით, საზოგადოების ყველა თანამშრომელი ვალდებულია, გარე მესამე პირებთან მიმოწერა აწარმოოს ავტომატიზირებული დოკუმენტბრუნვის სისტემის მეშვეობით წინამდებარე თავით გათვალისწინებული წესების სრული დაცვით, საზოგადოების გენერალური დირექტორის ან/და დირექტორის მიერ მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. მოსარჩელის მხრიდან, ადგილი ჰქონდა აღნიშნული რეგულაციის დარღვევასაც. მოპასუხე დაწესებულების შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის მართვის სისტემის 8.1.5. პუნქტი ავალდებულებს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებს კონტროლის განხორციელებას ქვედანაყოფის მუშაკების მიერ შინაგანაწესის, გარემოსდაცვითი მოთხოვნებისა და შრომის უსაფრთხოების ინსტრუქციების დაცვაზე. იმ პირობებში, თუ ქვედანაყოფის პერსონალი, არღვევს შინაგანაწეს, არ ცხადდება სამსახურში, ხელმძღვანელმა შესაბამის ქმედით ღონისძიებებს უნდა მიმართოს.
24. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა 2020 წლის 13 ივლისის აღმოსავლეთ ელექტრომომარაგების სამმართველოს უფროსის - მოსარჩელის ახსნა- განმარტებითი ბარათის შინაარსზე, სადაც მოსარჩელე აღნიშნავს: ,,მ/წლის 10 მარტს დაიწყო სადგ. რუსთავში მოქნილი განივას გვარლის დემონტაჟის სამუშაოები, რომელსაც აწარმოებდნენ რუსთავის საკ. ქსელის რაიონის უფრ.ელ.მექანიკოსი თ.ჯ–ნი (უბნის მატერიალური პასუხისმგებელი პირი) და თბილისის ცენტრის უფროსი გ.მ–ი, რომლებიც ერთობლივად ხსნიდნენ და შემოსავალში იღებდნენ ყოველდღიურად უვარგის გვარლი ფოლადის მოთითებული დ-11 მმ, ს-70. აღნიშნულზე სამმართველოს ტექნიკურ განყოფილებაში წარმოდგენილი აქვთ აქტი ფორმა პუ-81ა (მოხსნილი მარაგების აღრიცხვის ფორმა), სადაც ყოველდღიურად ასახულია ჩამოხსნილი მარაგის წონა. აქტს ხელს აწერდა ტექნიკური განყოფილების ინჟინერი (საკ. ქსელის) მ.ტ–ძე, მათი შემოწმებული შემოაქვთ ჩემთან, რასაკვირველია ვადასტურებ, ეჭვი არ შემპარვია, რადგან სამი პასუხისმგებელი მაკონტროლებელი პირი აწერდა ხელს ამ აქტს. ჩამოხსნის სამუშაოების მიმდინარეობდა 10 მარტიდან 22 მაისის ჩათვლით და ყოველდღე ფორმდებოდა სასაქონლო ზედდებულები“.ამ ახსნა-განმარტებიდან ირკვევა, რომ მოსარჩელე ყოველგვარი კონტროლის გარეშე, ადასტურებდა აქტებს, ვინაიდან სამი პასუხისმგებელი პირი აწერდა ხელს.სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დამსაქმებელმა შეძლო მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალური სტანდარტით მისთვის დაკისრებული ვალდებულების შესრულება, დისციპლინური ღონისძიების შეფარდების შესახებ გადაწყვეტილებების მართლზომიერების სარწმუნო და უტყუარი მტკიცებულებებით დადასტურება, რაც დისციპლინური სახდელების შესახებ ბრძანებების ბათილად ცნობაზე უარის თქმის საფუძველია.
25. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში - სშკ-ის) 47-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლების ამომწურავ ჩამონათვალს, ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დაუშვებელია შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა სხვა საფუძვლით, გარდა პირველი ნაწილით გათვალისწინებულისა.
26. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოპასუხე საზოგადოების 2020 წლის 17 დეკემბრის ბრძანებით მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობა შეწყდა.
27. განსახილველ საქმეში მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ნორმატიული საფუძველია სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,თ“ ქვეპუნქტი (დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების დარღვევა, თუ მის მიმართ ბოლო 1 წლის განმავლობაში უკვე გამოყენებული იყო ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა).
28. სასამართლომ მიუთითა, შრომითი დავის განხილვისას მტკიცების ტვირთის განაწილების წესზე და აღნიშნა, რომ დამსაქმებელს დასაქმებულთან შედარებით გააჩნია მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები.
29. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიმართ გამოყენებული დისციპლინური სახდელის შეფარდების შესახებ ბრძანებები კანონიერია.
30. სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის დროა საჭიროა სახეზე იყოს ვალდებულებების განმეორებით დარღვევა. ის საკითხი შრომითი მოვალეობების დარღვევა რამდენადაა „უხეში“ ხასიათის, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ინდივიდუალური შეფასების საგანია, რა დროსაც მხედველობაში მიიღება საქმის კონკრეტული გარემოებები. იმისათვის, რომ დამრღვევის მოქმედების სიმძიმე შეფასდეს, თავდაპირველად, გამოკვლეულ უნდა იქნეს იმ სამსახურის დანიშნულება, სადაც დასაქმებული მუშაობს, დასაქმებულის ფუნქცია და მისი მოვალეობები. შრომის სამართალში “Ultima Ratio“-ს პრინციპი ითხოვს დამსაქმებლის მხრიდან დასაქმებულის სამსახურიდან დათხოვნამდე მისი ქმედების შეფასებას მიზეზ_შედეგობრივი თვალსაზრისით, დარღვევასა (გადაცდომას) და გათავისუფლებას, შორის ზომიერი ბალანსის დაცულობას. მიზანშეწონილობის კუთხით, გადაცდომის დროს არჩეულ უნდა იქნეს პროპორციული დასჯის მექანიზმი, რაც, შედეგობრივად, გარდა იმისა, რომ დამრღვევს დასჯის, მას და სხვა დასაქმებულებს უფრო ეფექტური შრომის მოტივაციას შეუქმნის.
31. ამდენად, იმისათვის, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება დამსაქმებლის მხრიდან ადეკვატურ, საჭირო და პროპორციულ ღონისძიებად იქნეს მიჩნეული, აუცილებელია, სახეზე იყოს ისეთი დარღვევა, რომელიც სხვა უფრო მსუბუქი სანქციის გამოყენებას არამიზანშეწონილს ხდის.
32. შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში ნების თავისუფლება მოიცავს, როგორც შრომითი ურთიერთობის დაწყების, ისე მისი შეწყვეტის უფლებას, თუმცა, მხოლოდ შესაბამისი 8 საფუძვლის არსებობისას და დადგენილი წესით. შრომის კოდექსით მხარეთათვის მინიჭებული ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება არ არის შეუზღუდავი, რადგან არ არსებობს აბსოლუტური, შეუზღუდავი სამოქალაქო უფლება. იგი ყოველთვის შემოფარგლულია მისი განხორციელების მართლზომიერებით.
33. მოპასუხემ მოსარჩელის სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების და მისი მხრიდან ვალდებულებების დარღვევის ფაქტის დადასტურების მიზნით განმარტა, რომ მოსარჩელის ფუნქციაში შედიოდა სამმართველოს ფუნქციონირებისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით მომარაგების უზრუნველყოფა და მათი მოხმარების კონტროლი. საერთო ხელმძღვანელობა გაეწია სამმართველოს საქმიანობისთვის და მასში დასაქმებულ პერსონალისთვის, პასუხისმგებელი იყო ხარისხიანად შეესრულებინა საკუთარი ფუნქცია-მოვალეობები და განუხრელად დაეცვა ორგანიზაციაში მოქმედი ნორმატიული აქტები და კანონმდებლობა. პასუხისმგებელი იყო მასზე მიკუთვნებული მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობის მოვლა-შენახვა. ბრძანების ფაქტობრივ საფუძვლად მოპასუხე აღნიშნავს 2020 წლის 9 სექტემბრის ინფრასტრუქტურის ფილიალის მონიტორინგისა და პრევენციის ცენტრის მიერ აღმოსავლეთის ელექტრომომარაგების სამმართველოს, კასპის ცენტრის, ზაჰესის საკონტაქტო ქსელის რაიონის ტექნიკური საქმიანობის მიმდინარეობის და მოპასუხე დაწესებულების კონტროლის, ინსპექტირების და შიდა უსაფრთხოების სამსახურის მიერ, 2020 წლის 12-23 ივნისს აღმოსავლეთის ელექტრომომარაგების სამმართველოს, წევის ქვესადგურებში ექსპლუატაციაში მყოფი და არმყოფი ტრანსფორმატორების და მათში არსებული ზეთის მარაგისა და ტრანსფორმატორების (გულანები) მდგომარეობის შემოწმების საკითხებს.
34. დადგენილია, რომ 2020 წლის 9 სექტემბერს განხორციელდა აღმოსავლეთის ელექტრომომარაგების სამმართველოს კასპის ცენტრის, ზაჰესის საკონტაქტო ქსელის რაიონის ტექნიკური საქმიანობის მიმდინარეობის შემოწმება. შემოწმების შედეგად გამოვლინდა: თბილისი, ........ ქუჩა №10-ში, ცენტრალურ შესასვლელ კართან შემოსაფარგლ ღობეზე მიშენებულია ავტოტრანსპორტის და სამშენებლო მექანიზმების სარემონტო მომსახურების ბოქსები, რომელიც თავისი გაბარიტით, ტექნიკური საქმიანობის მიმდინარეობის დროს, ფარავს რკინიგზის ორგანიზაციაში მისასვლელი გზის ნაწილს. გამოვლინდა ტექნიკური პერსონალის სამსახურში გამოუცხადებლობის ფაქტები. სამსახურში - გამოცხადების და წასვლის აღრიცხვა წარმოებდა აღმოსავლეთის ელმომარაგების სამმართველოს მიერ დამტკიცებულ ჟურნალში, რაც შეეხება არსებული ინსტრუქციით დამტკიცებული სამსახურში გამოცხადების და ყოფნის ამსახველ ფორმას ტაბ-1-ს, ადგილზე ვერ იქნა წარმოდგენილი. შემოწმებული იქნა სარეგისტრაციო ტექნიკური ჟურნალები, რის შედეგადაც აღმოჩნდა: 1. 2020 წლის 3,4, და 8 სექტემბერს ტექნიკურ პერსონალს მიმდინარე ყოველდღიური ინსტრუქტაჟი არ ჩატარებია. მოპასუხე დაწესებულების უსაფრთხოების ტექნიკის ინსტრუქციისა და სწავლების შესახებ ინსტრუქციის თანახმად (1.5. მიმდინარე ინსტრუქტაჟი) მიმდინარე ინსტრუქტაჟს განწესით ან განწეს – დაშვებით სამუშაოს შესრულების დროს უნდა ატარებდნენ განწესის გამცემი პირები ანუ ამ შემთხვევაში, უფროსი ელექტრომექანიკოსი მ.ბ–ძე, რაც არ ხორციელდებოდა. აღმოსავლეთ ელექტრომომარაგების სამმართველოს ხელმძღვანელის მიერ არ ხდებოდა უსაფრთხოების ტექნიკის საკითხების ინსტრუქტაჟის მიმდინარეობის ამსახველი ჟურნალი ფორმა ირ–2 ჟურნალების შემოწმება. შესაბამისად, ჟურნალებში არ არის ხელმძღვანელი პირების ჩანაწერი, ხელმოწერა. მოსარჩელის პასუხისმგებლობას ვერ გამორიცხავს მისი განმარტება, რომ ამ კონკრეტულ ლოკაციაზე დასაქმებული პირების კონტროლი კონტროლისა და მონიტორინგის სამსახურს უნდა განეხორციელებინა.თბილისი, ........ ქუჩა №10-ში, რკინიგზის ღობეზე მიშენებულ ბოქსებთან დაკავშირებით, მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მის ვალდებულებას არ წარმოადგენდა აღნიშნულ ბოქსებთან დაკავშირებით მიეღო ზომები, რაც შედიოდა სხვა დეპარტამენტების ფუნქციაში. ასევე მიუთითა, რომ ოქმში წარმოდგენილია ვარაუდი, რომ მოცემული ბოქსების არსებობა შესაძლებელია იყოს საფრთხის შემცველი და ხელი შეუშალოს ბრიგადების ადგილზე მისვლას. გაუგებარია თუ ერთი მხრივ მოსარჩელისფუნქციაში არ შედიოდა აღნიშულ ბოქსებთან დაკავშირებით ზომების მიღება, რატომ აცნობა 2020 წლის 19 ოქტომბერს მოსარჩელემ მოპასუხედაწესებულების იურიდიული სამსახურის უფროსს და ელექტრომომარაგების დეპარტამენტის უფროსს, ზაჰესის საკონტაქტო ქსელის რაიონში, თბილისში, ........ ქუჩა №10-ში, რკინიგზის ტერიტორიის შემოფარგლულ ღობეზე მიშენებული ავტოტრანსპორტისა და სამშენებლო მექანიზმების სარემონტო მომსახურების ბოქსებთან დაკავშირებით. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მითითებულ წერილში მოსარჩელე ხაზს უსვამს, რომ აღნიშნული ბოქსები თავისი გაბარიტებით და ტექნიკური საქმიანობის მიმდინარეობის დროს ფარავენ რკინიგზის ორგანიზაციაში მისასვლელი გზის ნაწილს, რაც ზღუდავს და აფერხებს ქვეერთეულში მიმდინარე პროცესებს. მისასვლელი სავალი ნაწილის დაკავების შემთხვევაში, შეიზღუდება ასევე მომსახურე რკინიგზის ავტოტრასნპორტის გადაადგილება. ბუფერული ზონის არქონის გამო, შესაძლოა საფრთხე შეექმნას რკინიგზის სტრუქტურის კუთვნილებებს უსაფრთხოების კუთხით, ხანძრის გავრცელების საშიშროებასთან დაკავშირებით. რაც წინააღმდეგობაში მოდის მოსარჩელის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემულ ახსნა-განმარტებასთან.შემოწმდა და დათვალიერდა ზაჰესის საკონტაქტო ქსელის რაიონის ტექნიკური საქმიანობის ეზოში არსებული სხვადასხვა სახის შენობები, გამოვლინდა ქონების პროგრამული რეგისტრაციის პრობლემები, ასევე, მოპასუხე საზოგადოების საკუთრებაში არსებულ შენობებში მოსახლეობასთან დაკავშირებული დარღვევები.
35. უდავო გარემოებად შეფასდა, რომ მოპასუხე დაწესებულების ქონების განკარგვაზე გადაწყვეტილებას იღებს მოპასუხე დაწესებულების დირექტორთა საბჭო, გარკვეულ შემთხვევებში სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმებით.
36. ასევე უდავოდ დადგენლია, რომ მოპასუხე დაწესებულების აღმოსავლეთის ელ. მომარაგების სამმართველოს უფროსთან ჩატარებული ოპერატიული თათბირის გადაწყვეტილებით რ.ბ–ძეს მიეცა უფლება დროებით საცხოვრებლად ესარგებლა ეჩკ-ზაჰესის საცხოვრებელი ფართით, რაც ეწინააღმდეგება მოპასუხისა და მისი წილობრივი მონაწილეობით არსებული/დაფუძნებული კომპანიების და ასეთი კომპანიების წილობრივი მონაწილეობით არსებული/დაფუძნებული კომპანიების საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის წესს.
37. მოპასუხე დაწესებულების დასაქმებულთა ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების მე-10 მუხლი განსაზღვრავს კომპანიის საკუთრების დაცვის წესებს. 10.6. პუნქტის თანახმად, კომპანიის დასაქმებული მინდობილი ქონების დაზიანების, დაკარგვის ან/და განადგურების, ასევე, მინდობილი ქონების იმავე დაწესებულებაში მომუშავე სხვა დასაქმებულისათვის გადაცემის, ან კომპანიის კუთვნილი შენობიდან გატანის შესახებ ატყობინებს კომპანიის შესაბამის უფლებამოსილ პირს.
38. ამდენად, აღნიშნულ ეპიზოდთან მიმართებით, დადგენილია, რომ მოპასუხის ტერიტორიაზე ფიზიკური პირის მოსახლეობის დასაშვებობასთან დაკავშირებით უნდა არსებობდეს დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილება და აღნიშნული გადაწყვეტილების გარეშე, პირებისათვის ცხოვრების უფლების მინიჭება ან კერძო პირების თვითნებური შესახლების ფაქტზე რეაგირების განუხორციელებლობა არის ხელშეკრულებითა და შინაგანაწესით გათვალისწინებული ფუნქციების არაჯეროვანი შესრულება და კონტროლის მოვალეობის დარღვევა.
39. სამსახურში გამოცხადების, ტაბ-1 შეუვსებლობას, ქონების ინვენტარიზაციას და ბუღალტრულ რეგისტრაციასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ შესაძლებელია გარკვეული ვალდებულებები გადანაწილებული იყოს პერსონალზე, მაგრამ სამმართველოს უფროსის მოვალეობას წარმოადგენდა საერთო ხელმძღვანელობა გაეწია სამმართველოს საქმიანობისთვის და მასში დასაქმებული პერსონალისთვის, რაც კონკრეტული პერსონალის მხრიდან ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კონკრეტული ქმედითი დისციპლინური ღონისძიებების გატარებას მოიაზრებდა.
40. აღსანიშნავია, რომ მოპასუხის აღმოსავლეთის ელექტრომომარაგების სამმართველოს უფროსთან ჩატარებულ ოპერატიულ თათბირზე 2019 წლის 2 დეკემბერს, მიმდინარე წლის 14 ოქტომბრიდან 27 ნოემბრამდე ჩატარებული ინვენტარიზაცია სამმართველოს უფროსმა, მოსარჩელემ, შეაფასა დამაკმაყოფილებლად, რასაც დაეთანხმნენ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის კომისიის თავმჯდომარე და წევრები.
41. 2020 წლის 12-23 ივნისს აღმოსავლეთის ელექტრომომარაგების სამმართველოს, წევის ქვესადგურებში ექსპლუატაციაში მყოფი და არმყოფი ტრანსფორმატორების და მათში არსებული ზეთის მარაგისა და ტრანსფორმატორების (გულანები) მდგომარეობის შემოწმების საკითხებთან დაკავშირებით, მოსარჩელე/აპელანტი მიუთითებს, რომ ინვენტარიზაციის შედეგებზე პასუხისმგებელი პირი იყო მისი მოადგილე ე.ბ–ძე. მოადგილის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით კი, არ იკვეთებოდა ტრანსფორმატორებში ზეთებთან და გულანებთან დაკავშირებით დარღვევები.
42. მოსარჩელემ ასევე მიუთითა, რომ 2020 წლის 12-23 ივნისის პერიოდში შემდგარ შემოწმებაზე, შესაბამისი აქტი შედგა 30 ივნისს, რომელზედაც ფსიქოლოგიური ძალადობისა და წნეხის შემდეგ მოაწერა ხელი.
43. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში ნამდვილად იყო წარმოდგენილი 2020 წლის 30 ივნისის ორი სხვადასხვა აქტი, რომლებიც შინაარსობრივად იდენტურია, ორივე აქტი მიუთითებს ტრანსფორმატორებში ზეთების და გულანების დანაკლისთან დაკავშირებით. ერთ შემთხვევაში, აქტს მოსარჩელე აწერს ხელს, მეორე შემთხვევაში - არა. აქტების ხელმოწერებში განსხვავებების მიზეზი არ იცის ასევე მოპასუხის შუამდგომლობით მოწმის სახით დაკითხულმა კონტროლის, ინსპექტირების და შიდა უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა მ.ტ–ძემ. მისი განმარტებით, მასთან მოსარჩელის ხელმოწერით აქტი მივიდა, განსხვავებულობა შესაძლებელია გამოწვეული იყოს იმით, რომ 12-23 ივნისის შემოწმებისას, სამუშაო მოცულობიდან გამომდინარე, ადგილზე არ შემდგარა აქტი, სამსახურში მოხდა დაბეჭდვა ტექსტის და შემდეგ ხელმოწერა. სააპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება, რომ დასახელებული აქტების შინაარსი იდენტურია, აქტის შინაარსი მოსარჩელისთვის ცნობილი იყო, ვინაიდან აღნიშნული აქტი შემდეგი შინაარსის ტექსტით გაუგზავნა მოპასუხის ინფრასტრუქტურის ფილიალის დეპარტამენტის უფროსს ზ.ჯ–ძეს: ,,გიგზავნით აღმოსავლეთ ელ. მომარაგების სამმართველოს დაქვემდებარებაში არსებული წევის ქვესადგურების ტექნიკურ მდგომარეობას 30 ივნისის მდგომარეობით“.
44. უდავო გარემოებად იქნა მიჩნეული, რომ მოსარჩელეს რაიმე პრეტენზია აქტის შინაარსთან დაკავშირებით, მითითებულ გზავნილში არ გამოუხატავს. მოსარჩელე უთითებდა აქტის იძულებით ხელმოწერაზე, მაგრამ არ განმარტავდა, თუ ვისგან მოდიოდა აღნიშნული იძულება, რა ფორმით და რაში გამოიხატებოდა. ასეთ შემთხევაში კი, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს და დადასტურებულად მიიჩნიოს მოსარჩელის მიმართ რაიმე ფორმის იძულება.
45. რაც შეეხება ტრანსფორმატორებში ზეთების და გულანების დანაკლისს, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ თვითონ დანაკლისის შემოწმება რამდენადმე ბუნდოვანია და შესაძლებელია არ იძლეოდეს ზუსტ სურათს რეალურ დანაკლისთან დაკავშირებით, კერძოდ, ზეთების დანაკლისი, არ გამოიანგარიშებოდა ბუღალტრულ ნაშთთან მიმართებით, არამედ, როგორც მოწმის სახით დაკითხულმა მ.ტ–ძემ განმარტა, ტრანსფორმატორში ზეთის დონე შესაბამისი ჭოკის მეშვეობით იზომებოდა, დონის განსაზღვრის შემდეგ დანაკლისის გამოთვლა ხდებოდა ქარხნულ (,,ბირკით“) მოცულობასთან შედარებით.
46. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ აღნიშნული მეთოდი გარკვეულ ბუნდოვანებას იწვევს, მაგრამ აღნიშნა, რომ მოსარჩელე/აპელანტი იყო ის პასუხისმგებელი პირი სამმართველოში, რომელსაც სამმართველოს უფროსის პოზიციის დაკავებისას უნდა მოეთხოვა შესაბამისი ინვენტარიზაცია და დაედგინა რა მატერიალურ-ფასეულობებზე იყო პასუხისმგებელი. შემოწმების შედეგების შემდეგ, სამმართველოში დასაქმებული პერსონალის ახსნა-განმარტებები ვერ ჩაითვლება ქმედითი ღონისძიებების გატარებად.
47. სააპელაციო პალატა არ დაეთანხმა აპელანტის პოზიციას, რომ ინვენტარიზაციას პასუხისმგებელი იყო არა მოსარჩელე, არამედ მისი მოადგილე და ასევე, ზეთის დანაკლისთან დაკავშირებით სხვა სამმართველოს თანამშრომლები. პალატამ მიუთითა, რომ მოსარჩელე დასაქმებული იყო სამმართველოს უფროსის პოზიციაზე, დასახელებული პირები წარმოადგენდნენ მის დაქვემდებარებაში მყოფ პერსონალს, რომელთა მიერ ვალდებულებების არ ან/და არაჯეროვნად შესრულებისთვის შესაბამისი დისციპლინური ღონისძიებებისთვის უნდა მიემართა.
48. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოპასუხე დაწესებულების აღმოსავლეთის ელექტრომომარაგების სამმართველოს 2018 წლის 22 ივნისის №42 განკარგულება, რომელიც შეეხება აღმოსავლეთის ელექტრომომარაგების სამმართველოს უფროსს, მთავარ ინჟინერსა და უფროსის მოადგილეს შორის ფუნქცია-მოვალეობები განაწილებას, მართალია აღნიშნული დადგენილება არ იყო კომპანიაში დადგენილი წესით მიღებული და მოპასუხის პერსონალის სამუშაო აღწერილობასთან გარკვეულ წინააღმდეგობაში მოდის, მაგრამ თუ ჩაითვლება, რომ აღნიშნული განკარგულება შესასრულებლად სავალდებულოს წარმოადგენდა, მოსარჩელემ საკუთარ თავს განუსაზღვრა შემდეგი ფუნქციები: სამმართველოს უფროსი - ახორციელებს სამმართველოს საქმიანობის და მასში დასაქმებული პერსონალის საერთო ხელმძღვანელობას; უზრუნველყოფს წარმოების ეფექტიანობის ამაღლებასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს; ახალი ტექნიკის დანერგვას. დასაქმებულთათვის სამუშაო პირობების შექმნას და უზრუნველყოფას განვითარებისთვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური რესურსით, სამმართველოს ფუნქციონირებისთვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით მომარაგებას და მათი მოხმარების კონტროლს; მონაწილეობს ნორმატიული დოკუმენტაციის დამუშავებაში; კონტროლს ახორციელებს ავტო, მოტო- სარელსო ტრანსპორტის გამართულ მუშაობაზე; უზრუნველყოფს მუშაობაში დაშვებული შემთხვევების განხილვას, მათი გამომწვევი მიზეზების აღმოჩენას და აღმოფხვრის ორგანიზებას; ექსპლუატაციაში არსებული მოწყობილობების ცვლილების განხორციელებას დამტკიცებული დოკუმენტაციის შესაბამისად. ასრულებს ელექტრომომარაგების დეპარტამენტის ხელმძღვანელების გადაწყვეტილებებსა და ბრძანებულებებს; თანამშრომლობს რკინიგზის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან მათი საქმიანობის ხარისხიანად წარმართვის მიზნით. უშუალოდ კურირებს: საკადრო საკითხებს; ბუღალტერიას; სამასალო საწყობს; ელექტროსადისპეტჩერო აპარატს; საგზაო ელექტროტექნიკურ ლაბორატორიას; მატარებელთა უსაფრთხო მოძრაობის უზრუნველყოფის საკითხებს; ეკონომიკურ საკითხებს. აღნიშნული განკარგულებასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოდაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ მოსარჩელე/აპელანტი საკუთარი თავისთვის განსაზღვრულ ფუნქცია-მოვალეობებსაც არ ასრულებდა ჯეროვნად.
49. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით აპელანტი სადავოდ ხდიდა ხანდაზმულობას და მიუთითებდა, რომ შრომითი ურთიერთობა შეწყდა დისციპლინური სახდელის შეფარდებიდან 6 თვიანი ვადის დარღვევით.
50. სააპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას, რომ ხანდაზმულობის ვადები, რომელიც მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელ გარემოებაზე მითითებს, განსაზღვრულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსით.
51. რაც შეეხება უშუალოდ დისციპლინური ღონისძიებების გატარების ვადებს, საქართველოს შრომის კოდექსის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტით დადგენილია, რომ შრომის შინაგანაწესი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შეიძლება განისაზღვროს პასუხისმგებლობის სახე და გამოყენების წესი. შესაბამისად აღნიშნული საკითხის რეგულირება, კანონმდებელმა დამსაქმებელს მიანდო. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, დასაქმებულმა დისციპლინური ღონისძიების გატარების ვადები შესაძლებელია დაადგინოს შინაგანაწესით, რაც არ არის შემხებლობაში კანონისმიერ ხანდაზმულობის ვადებთან.
52. განსახილველ შემთხვევაში,მოპასუხის შინაგანაწესის 18.6. პუნქტის თანახმად, დამსაქმებელს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების უფლება აქვს დისციპლინური გადაცდომის (დარღვევის) გამოვლენიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, თუმცა არაუმეტეს ასეთი დისციპლინური გადაცდომის (დარღვევის) ჩადენიდან 2 კალენდარული წლის განმავლობაში, დასაქმებული პირის ავადმყოფობის ან შვებულებაში ყოფნის დროის ჩაუთვლელად. დასახელებული პუნქტზე მითითებით, აპელანტი (მოსარჩელე) განმარტავდა, რომ 2020 წლის 12-23 ივნისს გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით, მოსარჩელეს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, შეეფარდა 2020 წლის 17 დეკემბრის ბრძანებით, 12 ივნისიდან 6 თვიანი ვადის დარღვევით.
53. სააპელაციო სამართლომ არ გაიაზიარა მოსაჩელე აპელანტის პოზიცია და მიუთითა, რომ მოპასუხის შინაგანაწესი დისციპლინური ღონისძიების გამოყენების უფლებაზე საუბრობს გადაცდომის გამოვლენიდან 6 თვის ვადაში და არა მისი ჩადენიდან. ინფრასტრუქტურის ფილიალის აღმოსავლეთის ელექტრომომარაგების სამმართველოში შემოწმება და გადაცდომების გამოვლენა მიმდინარეობდა 12-23 ივნისს, წარმოადგენდა სამუშაო პროცესს, რაზედაც საბოლოო აქტი შედგა 2020 წლის 30 ივნისს, საიდანაც 6 თვის ვადაში 2020 წლის 17 დეკემბერს იქნა მიღებულიმოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სარჩელი შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ, კანონიერია და გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველი არ არსებობს.
54. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან კომპენსაციის დაკისრება და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის შედეგია(სშკ-ის 48-ე მუხლის მე-8 პუნქტი) და აღნიშნული მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, უსაფუძვლოა კომპენსაციის დაკისრებისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნებიც.
55. მოსარჩელე ითხოვდა 2017, 2018, 2021 და 2022 წლების გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურებასაც, თითოეულ წელზე 2 500 ლარის ოდენობით, რომლის მატერიალურ-სამართლებრივი საფუძველია სშკ-ის 31-ე მუხლის მე-5 პუნქტი, რომლის მიხედვითაც შრომითი ხელშეკრულების დამსაქმებლის ინიციატივით შეწყვეტისას იგი ვალდებულია დასაქმებულს აუნაზღაუროს გამოუყენებელი შვებულება შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობის პროპორციულად. ხსენებული მუხლის პირველი პუნქტით, დასაქმებულს უფლება აქვს, ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით – წელიწადში სულ მცირე 24 სამუშაო დღით. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება შვებულების ნაწილ-ნაწილ გამოყენება. სშკ-ის 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, აკრძალულია ანაზღაურებადი შვებულების მომდევნო წლისთვის ზედიზედ 2 წლის განმავლობაში გადატანა.
56. შესაბამისად მოსარჩელის მოთხოვნა, 2017 და 2018 წლების გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული და დაკმაყოფილდა. ამასთან, აღნიშნულ საკითხზე მხარეთა შორის განსხვავებულ წესზე შეთანხმება არ დადასტურდა.
57. 2021 და 2022 წლების გამოუყენებელი შვებულების თანხის მოპასუხისთვის დაკისრების ნაწილში გაზიარებული იქნა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ ანაზღაურებადი შვებულება წარმოადგენს შემთხვევას, როდესაც დასაქმებული არ ასრულებს სამუშაოს, თუმცა ამ პერიოდის განმავლობაში მას ეძლევა შრომის ანაზღაურება, მოიცავს კალენდარული წლის განმავლობაში დასაქმებულის შესაძლებლობას, ისარგებლოს დასვენების უფლებით, თუმცა, სრულად მიიღოს ამ პერიოდის შრომის ანაზღაურება. კალენდარული წლის განმავლობაში შესასრულებელი სამუშაოებისთვის საკომპენსაციო დასვენების უფლებას წარმოადგენს.
58. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ხსენებულ პერიოდში არ ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას, ამასთან მისი სარჩელი სასამართლომ არ დააკმაყოფილა, შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა 2021 და 2022 წლების გამოუყენებელი საშვებულებო თანხის დაკისრების შესახებ უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული და არ დაკმაყოფილდა.
59. სააპელაციო სასამართლოს განჩინება აპელანტმა (მოსარჩელემ) გაასაჩივრა საკასაციო საჩივრით. კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
60. საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
61. კასატორი მოითხოვს, რომ მისი საკასაციო საჩივრი ცნობილი იქნეს დასაშვებად და განხილული იქნეს ზეპირის მოსმენით.
62. კასატორი მიუთითებს, რომ 16 წლიანი შრომითი ურთიერთობის პერიოდში, მოსარჩელე, ზედმიწევნით ზუსტად და პასუხისმგებლობით ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობებს. კასატორი აღნიშნავს, რომ მდგომარეობა შიცვალა 2020 წლის შემდეგ, როდესაც მოპასუხე დაწესებულების ინფრასტრუქტურული ფილიალის ელექტრომომარაგების დეპარტამენტის უფროსი შეიცვალა და დაინიშნა ზ. ჯ–ძე, რომელსაც არ ჰქონია მუშაობის გამოცდილება ამ მიმართულებით. ამ უკანასკნელმა დაიწყო ერთგვარი ზეწოლა და თანამშრომლების გათავისუფლება ისეთი სამართლებრივი აქტების „დამზადებით“, რომლებიც თითქოსდა ადასტურებდა დისციპლინურ გადაცდომებს.
63. მოსარჩელე გათავისუფლებულია არა 29.06.2020 N11 და 23.07.2020 N9 ოქმების საფუძველზე, არამედ 2020 წლის 12-13 ივნისს გამოვლენილ ფაქტებთან დაკავშირებით, რომელზედ ამოწურული იყო პასუხისმგებლობის ვადა. რადგან მისი გამოვლენიდან 6 თვეში (ანუ 12 ივნისიდან) ვადა ამოიწურა 12 დეკემბერს. 2020 წლის 18 დეკემბრის N5619 წერილის თანახმად, მოსარჩელის გათავისუფლებას საფუძვლად დაედო 2020 წლის 12-13 ივნისს წევის ქვესადგურებში ტრანსფორმატორებში ზეთის მარაგის შემოწმების შედეგები, ასევე მონიტორინგის და პრევენციის ცენტრის 9 სექტემბრის წერილი, რომელიც განხილულია სს „ს.რ–ის“ ინფრასტრუქტურის ფილიალში 2020 წლის 4 დეკემბერს. აღნიშნულს შედეგად მოჰყვა მოსარჩელის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენება - მოსარჩელის გათავისუფლება 17 დეკემბერს, ფაქტის გამოვლენიდან 6 თვის შემდეგ. სარჩელით სადავოდ რომ არ გამხდარიყო ის საკითხი თუ, რამდენად იყო მოსარჩელე პასუხისმგებელი ტრანსფორმატორებში ზეთის შემოწმებაზე, 12 ივნისის გადაცდომა მოსარჩელეს რომც არ ჩაედინა, მოსარჩელეზე (დასაქმებული) პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების უფლება დამსაქმებელს აქვს გადაცდომის დარღვევის გამოვლენიდან 6 თვის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ 6 თვეს 2020 წლის 12 ივნისიდან ავითვლით - იგი ამოწურულია 12 დეკემბერს. შესაბამისად, მოპასუხეს არ გააჩნდა უფლებამოსილება 12 ივნისის მოვლენის გამო ემსჯელა მოსარჩელის დისციპლინარულ პასუხისმგებლობაზე 17 დეკემბერს და ამ პასუხისმგებლობის სახედ გამოეყენებინა რომელიმე ზომა.
64. გარდა ხანდაზმულობის საკითხისა, კასატორი აღნიშნავს, რომ 2020 წლის 12-23 ივნისს გამოვლენილ და მოპასუხის მიერ დასახელებულ ფაქტებთან დაკავშირებით ტრანსფორმატორებში ზეთის მარაგთან დაკავშირებით პერსონალურად პასუხისმგებელი არ იყო მოსარჩელე. საწინააღმდეგოს დასაბუთებისთვის მოპასუხემ უნდა წარმოადგინოს თანამდებობრივი ფუნქციების განაწილებისა და დადგენის შესაბამისი ნორმატიული აქტები, მოსარჩელისთვის მათი გადაცემისა და გაცნობის დამადასტურებელ მტკიცებულებებთან ერთად, 2020 წლის 18 დეკემბრის წერილის თანახმად კი, გარდა 2020 წლის 12-23 ივნისს გამოვლენილი ფაქტების გამო გათავისუფლების არგუმენტისა, მოპასუხე დამატებით ასევე აღნიშნავს, რომ 12-23 ივნისის მოვლენების გამო მოსარჩელის დისციპლინირებისას გათვალისწინებული იქნა 29.06.2020 წლის N11 და 23.07.2020 წლის N9 ოქმები მოსარჩელისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ (რომლებიც არც კი გადასცემია მოსარჩელეს ოფიციალური ფორმით).
65. ამასთან, კასატორისთვის გაუგებარია აღნიშნული ოქმები იყო საკმარისი გადაცდომის დადგენისთვის და სანქციის გამოყენება ოქმით ხდებოდა თუ ცალკე ბრძანება მიიღებოდა. იმ შემთხვევაში, თუ ბრძანებები მიიღებოდა დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებაზე და კონკრეტული ზომის გამოყენებაზე, მაშინ რატომ არ გადასცა მოპასუხემ მოსარჩელეს ბრძანებები შესაბამის ოქმებთან ერთად. აღნიშნულ საკითხებზე სამართლებრივი დასაბუთების წარმოუდგენლობის გამო, კასატორი მიიჩნევს და სასამართლოს ყურადღებას მიაქცეს იმ გარემოებას, რომ მოპასუხის წერილობითი დასაბუთება წარმოდგენილად არ უნდა ჩაითვალოს. მოპასუხის მიერ მითითებული უნდა იყოს კონკრეტული ფაქტები, რატომ უნდა შეერაცხოს გადაცდომად დასაქმებულს ესა თუ ის ქმედება. მითითებული უნდა იყოს სამართლებრივი რეგულაციები, შრომის კოდექსი, შინაგანაწესი, შიდა რეგულაციების დამდგენი აქტები და ა.შ, რაც არათუ დასაბუთებული არ არის მოპასუხისათვის გადაგზავნილ წერილებში, არამედ ის დოკუმენტებიც კი არ გადაეცა მოსარჩელეს, სადაც ამ საკითხებზე პასუხს იხილავდა მოსარჩელე. მოსარჩელე თხოულობდა დისციპლინური წარმოების მასალებს სრულად, რაც მოსარჩელეს არ გადასცემია.
66. ზემოაღნიშნული პრეტენზიის გათვალისწინებით, მოსარჩელემ მოითხოვა 29.06.2020 წლის N11 და 23.07.2020 წლის N9 ოქმების, ასევე 12-23 ივნისის და 9 სექტემბერს გამოვლენილი დარღვევების საფუძვლით გამოტანილი დისციპლინური დარღვევის დადგენისა და სანქციის სახედ გათავისუფლების ღონისძიების გამოყენების შესახებ 17.12.2020წ.-ის N4725 ბრძანების ბათილად ცნობა.
67. კასატორი მიუთითებს სშკ-ის 38.8 მუხლზე, რომელიც ადგენს სამუშაოდან უკანონოდ გათავისუფლებული მუშაკის რესტიტუციის მექანიზმებს და მოითხოვს აღდგენას იმ სამსახურებრივ პოზიციაზე საიდანაც იგი გათავისუფლდა დაუსაბუთებლად, კერძოდ, ინფრასტრქტურის ფილიალის ელექტრომომარაგების დეპარტამენტის აღმოსავლეთის ელექტრომომარაგების სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე (იხ., ტ.9. 367 გვ).
68. კასატორი მოითხოვს, რომ მას მიეცეს უკანონოდ მოცდენილი დროისათვის შრომის ანაზღაურება უკანონოდ გათავისუფლების დღიდან 2020 წლის 7 დეკემბრიდან ყოველთვიურად 2500 ლარის ოდენობით სამსახურში აღდგენამდე (იხ., ტ.9. გვ.367).
69. კასატორი მოითხოვს, რომ მოპასუხეს დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ ყოველწლიური კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულების ნატურით ანაზღაურება 2017, 2018, 2021 და 2022 წლების გამოუყენებელი შვებულებისათვის თითოეული წლისთვის 2500 ლარის ოდენობით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
70. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 22 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების მიზნით საქართველოს უზენაეს სასამართლოში ჩატარდა ზეპირი განხილვა 2023 წლის 24 აპრილს. საკასაციო პლატამ მხარებს შესთავაზა დავის მორიგებით დასრულება და განუმარტა, რომ თუ დავა მორიგებით ვერ დასრულდებოდა, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი განიხილებოდა ზეპირი მოსმენის გარეშე 2023 წლის 18 მაისს. ( იხ. საკასაციო სასამართლოს 2023 წლის 24 აპრილის სხდომის ოქმი). 2023 წლის 17 მაისს კასატორის მოწინააღმდეგე მხარემ საკასაციო სასამართლოში წარმოადგინა განცხადება, სადაც მიუთითა, რომ კასატორმა უარი განაცხადა მორიგებაზე. ( იხ. 2023 წლის 17 მაისის განცხადება).
71. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
72. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
73. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა), საკასაციო პალატის შეფასების საგანი იქნება კასატორის შედავებების საფუძვლიანობა, კერძოდ, კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ემყარება კანონდარღვევას, სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი მატერიალური და პროცესუალური ნორმების დარღვევით;
74. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ: არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა; არასწორად განმარტა კანონი. საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება, გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.
75. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა, გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას.
76. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში.
77. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ევროპული კონვენციის 6.1 მუხლით გათვალისწინებული გარანტიები მოიცავს სასამართლოს ვალდებულებას, მიუთითოს გადაწყვეტილების მიღების საკმარისი საფუძვლები. დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარეებს აჩვენებს, რომ მათ ნამდვილად მოუსმინეს. მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული სასამართლო მტკიცებულებების დასაშვებად ცნობის და არგუმენტების შერჩევის დროს სარგებლობს შეფასების ფართო ფარგლებით, ის ვალდებულია, რომ საკუთარი ქმედებები გაამართლოს, გადაწყვეტილების მიღების შესაბამისი მიზეზების მითითებით (კარმელ სალიბა მალტის წინაღმდეგ - Carmel Saliba v. Malta, N 24221/13, § 73, 29 ნოემბერი 2016; § 73).როდესაც მხარის არგუმენტს არსებითი მნიშვნელობა აქვს სამართალწარმოების შედეგზე, იგი საჭიროებს ნათელ და კონკრეტულ პასუხს (რუიზ ტორია ესპანეთის წინააღმდეგ- Ruiz Torija v. Spain, 9 დეკემბერი 1994, § 30, Series A N 303-A; § 30; ჰირო ბალანი ესპანეთის წინააღმდეგ, Hiro Balani v. Spain, 9 დეკემბერი 1994, § 28, Series A N 303-B; § 28 ), შესაბამისად, სასამართლოებს მოეთხოვებათ გამოიკვლიონ მხარეთა ძირითადი არგუმენტები (ბუზესკუ რუმინეთის წინააღმდეგ -Buzescu v. Romania, N 61302/00, § 67, 24 მაისი 2005, § 67. დონაძე საქართველოს წინააღმდეგ - Donadzé v. Georgia, N 74644/01, § 35, 7 მარტი 2006;). სამართლიანი სამართალწარმოება მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლომ, რომელმაც, ქვედა ინსტანციის სასამართლოს არგუმენტების გამოყენებით ან სხვაგვარად არ წარმოადგინა გადაწყვეტილების დეტალური მიზეზები, უპასუხოს წამოჭრილი საკითხების არსებით ნაწილს და არ შემოიფარგლოს მხოლოდ ქვედა ინსტანციის დასაბუთების გაზიარებით (ელე ფინეთის წინააღმდეგ- Helle v. Finland, 19 დეკემბერი 1997, § 60, Reports of Judgments and Decisions 1997-VIII;).
78. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ საქმეში მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს მასთან დამსაქმებლის მიერ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ბრძანების ბათილად ცნობა და შესაბამისი უფლებრივი რესტიტუცია. ამ ტიპის სარჩელის წარმატებულობა, ბუნებრივია, უნდა შემოწმდეს მისი დამფუძნებელი ნორმის/ნორმების წინაპირობებთან მიმართებაში, რაც იმას ნიშნავს, რომ უპირველესად, სასამართლომ სწორად უნდა განსაზღვროს მოთხოვნის მარეგულირებელი სამართლებრივი საფუძველი - კანონის ნორმა, გამოარკვიოს სარჩელში მითითებული ფაქტების შესაბამისობა დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებთან (ფორმალური გამართულობა), დადებითი პასუხის შემთხვევაში, სარჩელსა და შესაგებელში გამოთქმული პოზიციების ურთიერთშეჯერებით გამოარკვიოს სადავო და უდავო ფაქტობრივი გარემოებები (მტკიცების საგანი) და გაანაწილოს მხარეთა შორის მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების დადასტურების ტვირთი (მტკიცების ტვირთი).
79. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, უპირველეს ყოვლისა, სასამართლო ამოწმებს რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას. ამ საკითხის გამორკვევა შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში მითითებული გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (იხ., სუსგ №ას-151-147-2016, 19 აპრილი, 2016 წელი). ამდენად, ასეთ დროს სასამართლო იკვლევს მხოლოდ გათავისუფლების ბრძანებაში მითითებულ საფუძველს და ვერ იმსჯელებს საკითხზე, ხომ არ არსებობდა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის სხვა რაიმე წინაპირობა (იხ., სუსგ №ას-573-2021 21 ივნისი, 2022 წელი, პ.13; №ას-660-2020 11 მარტი, 2022 წელი), თუნდაც, საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სხვა საფუძვლები იკვეთებოდეს. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლებას საფუძვლად სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი დაედო. (დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების დარღვევა, თუ მის მიმართ ბოლო 1 წლის განმავლობაში უკვე გამოყენებული იყო ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა).
80. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძვლით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა კანონიერი რომ იყოს, აუცილებელია, დგინდებოდეს დასაქმებულის მიერ ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების დარღვევის და ამ უკანასკნელის მიმართ ბოლო 1 წლის განმავლობაში ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომის გამოყენების ფაქტი (შდრ: სუსგ №ას-1208-2018, 18თებერვალი, 2021 წელი).
81. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ დასაქმებულის უფლებების დაცვა იყო. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს ე.წ. “favor prestatoris” პრინციპი, რაც დასაქმებულთათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს. სწორედ აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას, საჭიროა დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტში (შდრ. სუსგ №ას-941-891-2015, 29 იანვარი, 2016 წ; №ას-1502-1422-2017, 20 თებერვალი, 2018 წელი, პ-14.4).
82. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის შესაბამისად, უზრუნველყოფილია შრომის თავისუფალება. შრომის თავისუფლება და სხვა სოციალური უფლებები ადამიანის სასიცოცხლო ინტერესებს უკავშირდება და ძირითადი უფლებების განხორციელების წინაპირობაა. „შრომა თავისუფალია“, რაც, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „იმას ნიშნავს, რომ ადამიანს მინიჭებული აქვს უფლება, თავად განკარგოს საკუთარი შესაძლებლობები შრომით საქმიანობაში, თავად აირჩიოს შრომითი საქმიანობის ესათუ ის სფერო, ასევე, შრომის თავისუფლებაში იგულისხმება სახელმწიფოს ვალდებულება, იზრუნოს მოქალაქეთა დასაქმებაზე და დაიცას მათი შრომითი უფლებები. კონსტიტუციით დაცულია არამარტო უფლება, არჩიო სამუშაო, არამედ ასევე უფლება, განახორციელო, შეინარჩუნო და დათმო ეს სამუშაო“ (იხ., საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის გადაწყეტილება საქმეზე გადაწყვეტილება საქმეზე N2/2-389).
83. ვინაიდან საკითხი შეეხება დასაქმებულის კონსტიტუციურ უფლებას - „შრომის უფლება“ (კონსტიტუციის 26-ე მუხლის დისპოზიცია: შრომის თავისუფლება უზრუნველყოფილია. ყველას აქვს სამუშაოს თავისუფალი არჩევის უფლება. უფლება შრომის უსაფრთხო პირობებზე და სხვა შრომითი უფლებები დაცულია ორგანული კანონით), დამსაქმებლის მხრიდან ამ უფლების შეზღუდვა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს, რომ მიჩნეული იქნეს მართლზომიერად, კერძოდ, შრომის უფლების შეზღუდვა გათვალისწინებული უნდა იყოს კანონით, უნდა ემსახურებოდეს ლეგიტიმურ მიზანს და იყოს პროპორციული. დასახელებული კრიტერიუმებიდან პირველი - „გათვალისწინებული იყოს კანონით“ ნიშნავს იმას, რომ ამ უფლების შეზღუდვა სშკ-ით გათვალისწინებულ კანონიერ საფუძველზე უნდა განხორციელდეს.
84. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე (კასატორი) სადავოდ ხდის მის მიმართ 2020 წლის 2 ივლისის ბრძანებას დისციპლინური სახდელის - გაფრთხილების შეფარდების შესახებ; მოპასუხის 2020 წლის 13 ოქტომბრის ბრძანებას დისციპლინური სახდელის - შრომის ანაზღაურების 20%-ით დაქვითვის/შეფარდების შესახებ; ასევე, 2020 წლის 17 დეკემბრის ბრძანებას მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ და ითხოვს მათ ბათილად ცნობას. (იხ.,ამ განჩინების პპ: 5, 8).
85. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ფაქტების მითითების ტვირთისა და ფაქტების დამტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.
86. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლენი, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
87. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპს. შეჯიბრებითობის პრინციპი, მხარეთა თანასწორობის პრინციპთან ერთად, წარმოადგენს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით, აგრეთვე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე- 4 და მე-5 მუხლებით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლო უფლების მნიშვნელოვან კომპონენტს.
88. სსსკ-ის მე–4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. შეჯიბრებითობის პრინციპმა თავისი ასახვა ჰპოვა სსსკ–ის მთელ რიგ სხვა ნორმებში.
89. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შეჯიბრებითობის პრინციპის შინაარსის ანალიზი საფუძველს გვაძლევს გავაკეთოთ შემდეგი დასკვნები: 1. შეჯიბრებითობის პრინციპი მოიცავს მხარეთა საქმიანობას მხოლოდ საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების სფეროში. საკითხი იმის შესახებ, რომ სასამართლო საქმის განხილვას (სამოქალაქო პროცესს) იწყებს მხოლოდ დაინტერესებული პირის მოთხოვნით, ან, რომ სასამართლო არ უნდა გასცდეს მხარეთა მოთხოვნის ფარგლებს და ა.შ. განეკუთვნება არა შეჯიბრებითობის, არამედ დისპოზიციურობის პრინციპის სფეროს. 2. მხარეთა მოთხოვნების თუ შესაგებლის ფაქტობრივი (და არა იურიდიული) დასაბუთება (გამართლება) ეკისრებათ თვითონ მხარეებს. 3. მხარეებმა თვითონ უნდა განსაზღვრონ, თუ რომელი ფაქტები დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს (შესაგებელს). ამის შესახებ პირდაპირაა მითითებული აგრეთვე სსსკ-ის 178–ე მუხლის „ ე“ ქვეპუნქტში, რომლის თანახმად, სარჩელში აღნიშნული უნდა იყოს გარემოებები, რომლებზეც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნებს, აგრეთვე სსსკ-ის 201–ე მუხლში, რომლის თანახმად, თუ მოპასუხე სარჩელს არ ცნობს, მან უნდა მიუთითოს რა კონკრეტულ გარემოებებს ემყარება მისი შესაგებელი სარჩელის წინააღმდეგ. 4. მხარეებმა თვითონ უნდა მიუთითონ მტკიცებულებებზე, რომელთა საფუძველზე უნდა დამტკიცდეს (დადასტურდეს) მათ მიერ თავიანთი მოთხოვნის (შესაგებლის) დასაბუთების მიზნით მითითებული ფაქტები. ამის შესახებ პირდაპირაა მითითებული სსსკ 178–ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტში, რომლის თანახმად სარჩელში აღნიშნული უნდა იყოს მტკიცებულებანი, რომლებიც ადასტურებენ ამ გარემოებებს (ე.ი. მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებულ გარემოებებს), აგრეთვე, სსსკ-ის 201-ე მუხლში, რომლის თანახმად, მოპასუხემ თავის პასუხში (შესაგებელში) უნდა მიუთითოს რა მტკიცებულებებით შეიძლება დამტკიცდეს ეს გარემოებები, (ე.ი. მოპასუხის მიერ თავის შესაგებელში მითითებული გარემოებები.
90. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კონცენტრირებულად შეჯიბრებითობის პრიციპი გამოხატულია სსსკ-ის 102–ე მუხლში, რომლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. შეჯიბრებაში გამარჯვებულად გამოცხადდება მხარე, რომელმაც უკეთ შეძლო დაერწმუნებინა სასამართლო თავისი მოთხოვნის (შესაგებლის) ფაქტობრივ დასაბუთებულობაში, ანუ მხარე, რომელმაც მიუთითა ფაქტებზე, რომლებიც იურიდიულად ამართლებენ მოთხოვნას (შესაგებელს) და წარმოუდგინა.
91. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოსამართლის ერთ-ერთი ვალდებულება მტკიცებით საქმიანობაში მხარეთა შორის საპროცესო ვალდებულებების სწორი გადანაწილებაა. აღნიშნული ემსახურება პროცესის მონაწილე სუბიექტების უფლებრივი მდგომარეობის დაცვას და იმავდროულად, უზრუნველყოფს მართლწესრიგის ეფექტურ ფუნქციონირებას. მტკიცების ტვირთის გადანაწილების დროს, უაღრესად დიდი მნიშვნელობისაა ის, თუ როდის გადადის მტკიცების ვალდებულება ერთი მხარიდან მეორეზე. როგორც წესი, ფაქტის მითითების და მისი დამტკიცების ტვირთი მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან, თუმცა, არც ისაა გამორიცხული, რომ მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით ერთ მხარეს მხოლოდ ფაქტის მითითების ტვირთი ეკისრებოდეს, ხოლო მეორე მხარეს საწინააღმდეგოს დამტკიცების ტვირთი. ამის თვალსაჩინო მაგალითია შრომითი დავა, რომლის დროსაც, ფაქტებზე მითითების ტვირთი და დამტკიცების ტვირთი პროცესის სხვადასხვა მონაწილეს ეკისრება, კერძოდ, დასაქმებული უთითებს სამუშაოდან მისი გათავისუფლებისათვის აუცილებელი სშკ-ის შესაბამისი ნორმით გათვალისწინებული წინაპირობების არარსებობაზე, ხოლო დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მნიშვნელოვანი საფუძვლის არსებობის მტკიცების ტვირთი კი- დამსაქმებელს ეკისრება (Protection Against Unjustified Dismissal, International Labour Conference, 82-nd session 1995, Report III (part 4B), Geneva, 7). სამართალწარმოებაში მოქმედებს მტკიცების ტვირთის განაწილების ორი ძირითადი წესი: ზოგადი წესი, (სსსკ-ის 102-ე მუხლი) და სპეციალური წესი, რომელსაც თავად გამოსაყენებელი მატერიალური ნორმა აწესებს. მოცემულ შემთხვევაში, სადავოა რა სამსახურიდან გათავისუფლების (შრომითი ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტა) მართლზომიერება, რომელიც უნდა შემოწმდეს შრომის სამართალში მოქმედი ნორმებით, უნდა ვიხელმძღვანელოთ მტკიცების ტვირთის განაწილების სწორედ იმ სტანდარტით, რომელსაც შრომის სამართალი აწესებს. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისთვის მნიშნელოვანი საფუძვლის (“Good Reason“) არსებობის მტკიცების ტვირთი დამსაქმებელს ეკისრება. ცხადია, ეს არუნდა მივიჩნიოთ შეჯიბრებითობისა და პროცესუალური თანასწორობის კონსტიტუციური უფლების დარღვევად. ასეთი კატეგორიის საქმეებში სწორედ, არაზორიზონტალურ დამოკიდებულებაში მყოფი სუბიექტების ერთგვარი პროცესუალური გათანაბრება ხდება, რამდენადაც, შრომითი ურთიერთობა მოიცავს ისეთ მხარებს, რომლებიც კლასიკურად ჰორიზონტალურ სიბრტყეში ვერ იქნებიან აღქმულნი ერთმანეთის მიმართ. მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებელსა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები აქვთ. დამსაქმებელი სარგებლობს მტკიცებითი უპირატესობით სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები იმაზე, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას საამისოდ გათვალისწინებული მართლზომიერი (ე.წ. “Good Reason“) საფუძველი ჰქონდა“ (იხ., ილონა გაგუა „მტკიცებულებები და მტკიცების პროცესი კერძო ხასიათის სამართლებრივ დავებზე, თბ., 2020 წელი, გვ: 229-231; 258-259.). მტკიცებითი საქმიანობის სფეროში ეროვნულ დონეზე არსებული მიდგომა შესაბამისობაშია საერთაშორისო გამოცდილებასთან. მიუხედავად იმისა, რომ „დამსაქმებლის ინიციატივით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ“ 1982 წელს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მიერ მიღებულ N158 კონვენციას საქართველოსთვის სავალდებულო ძალა არა აქვს, მისი დებულებები და ამ თვალსაზრისით, განვითარებული პრაქტიკული მიდგომები საქართველოსთვისაც საინტერესოა. N158 კონვენციის მე-9 მუხლის მე-2 (ა) პარაგრაფი სამუშაოდან არამართლზომიერი გათავისუფლებისაგან დაცვის ეფექტიან საშულებად მტკიცების ტვირთის დამსაქმებელზე დაკისრებას ადგენს. კონვენციის ამ დებულების მიხედვით, მუშაკი მარტო ვერ გაუმკლავდება სამსახურიდან მისი გათავისუფლების საფუძვლის არამართლზომიერების მტკიცებით პროცესს; სწორედ ამიტომ, მტკიცების ტვირთი დამსაქმებელს უნდა დაეკისროს. ყოველ შემთხვევაში, კონვენცია ამ საკითხის მოწესრიგებას ეროვნული კანონმდებლობასა და სასამართლო პრაქტიკას უტოვებს (Termination of Employment Convention, 1982 (N158) (Article 9, p.1.p2.); Protection Against Unjustified Dismissal, International Labour Conference, 82-nd session 1995, Report III (part 4B), Geneva, 80).
92. როგორც აღინიშნა, დამსაქმებელს გააჩნია მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ მისმა თანამშრომელმა არაჯეროვნად შეასრულა მასზე დაკისრებული მოვალეობები, ან რომ მას არ გააჩნია საკმარისი კვალიფიკაცია ან არ ფლობს შესაბამის უნარ-ჩვევებს, რაც კონკრეტულ ქმედებებში გამოიხატა, ვიდრე დასაქმებული, რომელიც ობიექტურად ვერ შეძლებს მტკიცებულებების წარდგენას მასზედ, რომ იგი ვალდებულებას ჯეროვნად ასრულებდა ან რომელ უნარ-ჩვევებს არ ფლობს (შდრ: დასაქმებულის სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების დავებზე მტკიცების ტვირთის განაწილების შესახებ სუსგ-ები: საქმე №ას-1132-2019, 30 სექტემბერი, 2019 წელი; №ას-483-457-2015, 07.10.2015, №ას-110-2019, 5 ივლისი, 2019 წელი, პ-25.; №ას-387-2021, 29 ივნისი, 2021წ.).
93. მოსარჩელის/კასატორის მიერ სადავოდ გამხდარ აქტებთან (ბრძანებები) მიმართებით დადგენილია, რომ 2020 წლის 2 ივლისის ბრძანებას დისციპლინური სახდელის გაფრთხილების გამოცხადების შესახებ, საფუძვლად დაედო 2020 წლის 29 ივნისის დამსაქმებლის ინფრასტრუქტურის ფილიალის, ელექტრომომარაგების დეპარტამენტის უფროსთან ჩატარებული სხდომის ოქმი, რომელიც მოსარჩელის მხრიდან ვალდებულების დარღვევის კონკრეტულ ფაქტზე საუბრობს. მითითებულ სხდომის ოქმში აღნიშნულია, რომ 2020 წლის 26 ივნისს, თბილისში სატვირთო-თბილისი სამგზავროს გადასარბენზე, შპს ,,ხ–ის“ მიერ რკინიგზის გადამკვეთი გადასასვლელი ხიდის მშენებლობისათვის განკუთვნილი ლითონის ძელის დემონტაჟისას, მოხდა მისი ჩამოვარდნა და გაწყვიტა გამწევი ლიანდაგის ერთი საკონტაქტო გამტარი. აღნიშნულმა შემთხვევამ გამოიწვია №874 სამგზავრო მატარებლის შეყოვნება. შემთხვევის ადგილზე გასული იყო აღმოსავლეთის ელექტრომომარაგების სამმართველოს ხელმძღვანელობა და ზაჰესის საკონტაქტო ქსელის ბრიგადა. სამუშაოების მიმდინარეობისას დაფიქსირდა შრომის დაცვის და უსაფრთხოების ტექნიკის წესების უხეში დარღვევები, კერძოდ, როგორც მემაღლივე ბრიგადის წევრებს, ასევე სამმართველოს უფროსს არ ეხურათ დამცავი ჩაფხუტები და ყველას არ ეცვა შუქამრეკლი ჟილეტები, რაც გახდა შრომის შინაგანაწესის მე-18 პუნქტის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად გაფრთხილების გამოცხადების საფუძველი.
94. კასატორი, მოსარჩელე აღნიშნავს, რომ შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფა წარმოადგენდა სხვა პირთა პასუხისმგებლობას. მისი განმარტებით, 2020 წლის 26 ივნისს ავარიის აღმოფხვრისათვის ტექნიკური პერსონალი გამოძახებული იქნა პირდაპირ სახლიდან, არასამუშაო დროს. იმ შემთხვევაში თუ, ისინი გაიგზავნებოდნენ ჯერ სპეცტექნიკის ასაღებად, მაშინ მატარებელი, რომელიც სამგზავრო იყო და რომელშიც გამორთული იყო კონდიცირება, ვერ შეძლებდა მუშაობის აღდგენას და მისი გაშვება ვერ მოესწრებოდა 30 წუთში. საყურადღებოა, რომ გამოძახებული ჯგუფის წევრთა ნაწილი იმყოფებოდა არასამუშაო ვითარებაში, რაზეც მათ წარმოდგენილი უნდა ჰქონდეთ შესაბამისი დოკუმენტები (საავადმყოფო ფურცელი) და დარჩენილი ნაწილის მუშაობა იყო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გადაუდებლობის კუთხით. შესაბამისად, სასწორზე იყო არაერთი მგზავრის ჩაკეტილ სივრცეში დაყოვნებისა და სამუშაო ჯგუფის სპეცაღჭურვილობით დაცვის ინტერესებს შორის ინტერესთა ბალანსის დაცვა. რაც შეეხება უშუალოდ მოსარჩელეს ის არ წარმოადგენდა სამუშაო ჯგუფის/ბრიგადის წევრს, არ ასრულებდა რაიმე ტიპის სამუშაოს და არ იმყოფებოდა სამუშაო არეალში (სამუშაო სივრცეში). შესაბამისად, ის შემოსილი ვერ იქნებოდა ჩაფხუტით, თუმცა, შუქამრეკლი ჟილეტი რამდენადაც მას მოუტანეს, ეცვა. სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ აღნიშნა, რომ სამუშაოების დაწყების შემდეგ მან დაიფარა ჩაფხუტი, რომელიც ქონდა ავტომანქანაში (იხ. 2021 წლის 16 ივლისის სასამართლო სხდომის ოქმი, 17:34:48 წუთი). გარდა ამისა, საწარმოში დგება სპეცაღჭურვილობის განაწილების დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც მოსარჩელეზე არ იყო გათვალისწინებული ჩაფხუტი. საგულისხმოა, რომ მოსარჩელის მსგავსად ადგილზე იმყოფებოდნენ სხვა მენეჯერებიც, ანალოგიურად ჩაფხუტის გარეშე.
95. უდავო გარემოებადაა მიჩნეული, რომ 2020 წლის 26 ივნისს ავარიის აღმოფხვრაზე მომუშავე პერსონალის ყველა წევრს არ ჰქონდა სპეცაღჭურვილობა. აღნიშნულთან დაკავშირებითაც საქმის მასალებში წარმოდგენილია, 2020 წლის 1 ივლისს მოსარჩელის ახსნა-განმარტებითი ბარათი, რომლითაც იტყობინება შემდეგს: ,,... დაზიანების ოპერატიულად აღმოფხვრის მიზნით, სახლიდან იყო გამოძახებული ზაჰესის საკონტაქტო ქსელის რაიონის რიგი პერსონალი და ვერ მოახერხეს დამცავი ჩაფხუტების და შუქამრეკლი ჟილეტების წამოღება საკ. ქსელის რაიონიდან. ამის შემდეგ საკითხი გათვალისწინებული იქნება, პირადად გავაკონტროლებ დამცავი საშუალებების ტარებას პერსონალის მიერ და როგორც ჩემს, ასევე პერსონალის მხრიდან ანალოგიური აღარ განმეორდება“. (იხ. ტ.2.ს.ფ.97). მითითებულ ახსნა-განმარტებასთან დაკავშირებით, სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ განმარტა, რომ ბარათი დააწერინეს იძულებით. მიუხედავად აღნიშნულისა, ერთი მხრივ, მოსარჩელე უთითებს ახსნა-განმარტებითი ბარათის იძულებით დაწერაზე, მეორე მხრივ, იგივე შინაარსის პოზიცია აქვს გაზიარებული 2020 წლის 16 ივლისის სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილ შუამდგომლობის განცხადებაში და აღნიშნავს, რომ გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, პერსონალის აღჭურვა ვერ ესწრებოდა და ქვედანაყოფმა იმოქმედა პრიორიტეტების განსაზღვრით.
96. პერსონალის მხრიდან სპეცაღჭურვილობის გამოუყენებლობის ფაქტს ადასტურებს მოსარჩელის შუამდგომლობით დაკითხული მოწმე ე.ბ–ძე, რომელიც არის კასპის ცენტრის უფროსი ელექტრომექანიკოსი. მოწმემ განმარტა, რომ 2020 წლის 26 ივნისის ინციდენტის დროს, იმყოფებოდა ადგილზე, ჩაფხუტით და შესაბამის შუქამრეკლი ჟილეტით აღჭურვილი იყო მხოლოდ ის და ერთი ადამიანი. უშუალოდ სამუშაოების დაწყებამდე ჩაფხუტი და ჟილეტი მოუტანეს მოსარჩელესაც. მოწმის ჩვენებით დანარჩენ მომუშავე პერსონალს არ ჰქონდა სპეცაღჭურვილობა.
97. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (სტრასბურგის სასამართლოს) განმარტებით, ნებისმიერ შემთხვევაში, მოწმეთა კომპეტენცია, პირველ რიგში ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად წესრიგდება (იხ. The Lüdi v. Switzerland, გადაწყვეტილება 15.06.1992, სერია A, №238, გვ. 20, პარაგრაფი 43 და the Schuler-Zgraggen v. Switzerland გადაწყვეტილება 24.06.1993. სერია №263, გვ.21. პარაგრაფი 66). საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე და 140-ე მუხლების ანალიზიდან კი, გამომდინარეობს, რომ მოწმის ჩვენების მიღებისას ეროვნულმა სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს ყველა იმ ობიექტური თუ სუბიექტური ფაქტორით, რაც ამ მტკიცებულების იურიდიულ ბუნებას ახლავს, მათ შორისაა მოწმის, როგორც სუბიექტის დამოუკიდებლობა მხარეთა შორის სადავო ფაქტებისა და მოვლენების მიმართ. სწორედ ამ კრიტერიუმებით განისაზღვრება ჩვენებაში გადმოცემული ფაქტების იურიდიული სანდოობა.
98. საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, მოსარჩელის უფლება-მოვალეობებს ადგენდა მოპასუხის ელექტრომომარაგების დეპარტამენტის ელექტრომომარაგების სამმართველოს უფროსის სამუშაო აღწერილობა. ელექტრომომარაგების დეპარტამენტის ელექტრომომარაგების სამმართველოს უფროსმა საკუთარი დანიშნულებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე უნდა შეასრულოს შემდეგი ფუნქცია და მოვალეობა: უზრუნველყოს სამმართველოს ფუნქციონირებისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით მომარაგების უზრუნველყოფა და მათი მოხმარების კონტროლი. მნიშვნელოვანია ასევე მოპასუხე ორგანიზაციის შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის მართვის სისტემის მე-8 მუხლი, რომელიც ადგენს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელების მოვალეობებს, უზრუნველყონ დაქვემდებარებული ქვედანაყოფის წევრების მიერ ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენების კონტროლი რომელთა ჩამონათვალიც, შედავებულ ფუნქციას, როგორც მოსარჩელის პირდაპირ ვალდებულებას, განსაზღვრავს.
99. მოპასუხე ორგანიზაციის დასაქმებულთა ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების მე-3 მუხლი, რომელიც ადგენს მაღალი და საშუალო რანგის მენეჯერების ვალდებულებებს: 13.1. უსაფრთხოება, ყველა ასპექტით, არის კომპანიის მთავარი პრიორიტეტი. კომპანია მოწოდებულია ნებისმიერ დროს უზრუნველყოს მისი კლიენტებისა და თანამშრომლების უსაფრთხოება და კეთილდღეობა და თავის მხრივ, მაღალი და საშუალო რანგის მენეჯერები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ იგივე მათი თანამშრომლებისა და კომპანიის კლიენტებისათვის. თითოეული მენეჯერი ვალდებულია უზრუნველყოს მუშაობის უსაფრთხოების საყოველთაოდ აღიარებული ან/და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მეთოდების, ნორმებისა და წესების დაცვა. 13.2. მენეჯერმა უნდა დაიცვას და უზრუნველყოს კომპანიის დასაქმებულის მიერ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ნორმებისა და ინსტრუქციების განუხრელად დაცვა. უსაფრთხოებისთვის პოტენციურად საშიში გარემოებების შემჩნევისას, მან უნდა მოახდინოს შესაბამისი რეაგირება და განახორციელოს კანონმდებლობითა და შიდა რეგულაციებით გათვალისწინებული ღონისძიებები მათ აღმოსაფხვრელად. ზემოთდადგენილი გარემოებები საკასაციო პალატის მოსაზრებით ადასტურებს, რომ უშუალოდ და პირდაპირ სამმართველოს უფროსის მოვალეობებში შედიოდა მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით მომარაგების უზრუნველყოფა და მათი მოხმარების კონტროლი. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე/კასატორი მიუთითებს გადაუდებელ აუცილებლობასა და პერსონალის სახლიდან გამოძახებაზე, ასევე, იმაზე, რომ სასწორზე იყო არაერთი მგზავრის ჩაკეტილ სივრცეში დაყოვნებისა და სამუშაო ჯგუფის სპეცაღჭურვილობით დაცვის ინტერესებს შორის ინტერესთა ბალანსის დაცვა, თუმცა, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა მნიშვნელოვანია, დასაქმებულთა პირთა სიცოცხლე რომ არ დადგეს საფრთხის ქვეშ, რასაც ვერ გადასწონის კასატორის მიერ მოხმობილი მოსაზრებები. შესაბამისად, ვერ იქნება გაზიარებული კასატორის პრეტენზია დისციპლინური სახდელის -გაფრთხილების გამოცხადების შესახებ დამსაქმებლის 2020 წლის 2 ივლისის ბრძანების უკანონობის თაობაზე.
100. კასატორის მიერ სადავოდ არის გამხდარი აგრეთვე, მოპასუხის 2020 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება დისციპლინური სახდელის სახით შრომის ანაზღაურების 20%-ით დაქვითვის შეფარდების შესახებ(იხ. ტ.2.ს.ფ.96). დადგენილია, რომ სადავო ბრძანების საფუძვლად დაედო 2020 წლის 23 ივლისს ელექტრომომარაგების დეპარტამენტის უფროსთან ჩატარებული ოპერატიული თათბირის ოქმი №9 (იხ. ტ.ს.ს.ფ.98-106).
101. დადგენილია, რომ აღნიშნულ თათბირზე განიხილეს შემდეგი საკითხები: 2020 წლის 11 თებერვლიდან 21 თებერვლის ჩათვლით აღმოსავლეთ ელექტრომომარაგების სამმართველოს სასაქონლო-მატერიალური მარაგების მოხმარების, მიზნობრიობისა და აღრიცხვიანობის, საწარმოო დისციპლინის შესრულებისა და შრომის პირობების საკითხების შემოწმებისას გამოვლენილი დარღვევები და ასევე, 2020 წლის 20 მაისიდან 12 ივლისის ჩათვლით, აღმოსავლეთ ელექტრომომარაგების სამმართველოს რუსთავის საკონტაქტო ქსელის რაიონის სასაქონლო-მატერიალური მარაგების მოხმარების მიზნობრიობისა და აღრიცხვიანობის საკითხების შემოწმების დროს გამოვლენილი დარღვევები. 2020 წლის 23 ივლისის ოქმში მითითებული კონკრეტული გარემოებები, საწყობების შემოწმებისას ბუღალტრულ ნაშთთან შედარებით გამოვლენილი, ძრავის ახალი ზეთის ზედმეტობები, სტარტერული ტიპის აკუმულატორების ზედმეტობა - დანაკლისი, ფერადი ლითონის დანაკლისები, უვარგისი ტრანსფორმატორების ზედმეტობა, საწვავის დასაწყობებასთან, საქმისწარმოებასთან და დისციპლინის საკითხებთან დაკავშირებული ფაქტები მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია. მოსარჩელე ერთი მხრივ მიუთითებდა, რომ აღნიშნული ოქმი არ ჩაბარებია, კონკრეტულ გარემოებებთან დაკავშირებით კი განმარტავს, რომ ზეთების დანაკლისზე საუბარია ასევე 2020 წლის 4 დეკემბრის №15 ოქმში, დასაწყობებულ საწვავებთან დაკავშირებით მიუთითა, რომ მოსარჩელე პერსონალურად არ იყო აღნიშნულზე პასუხისმგებელი. რაც შეეხება საბურავების შეძენის მართლზომიერებას, აღნიშნული გადაწყვიტა მოპასუხე კომპანიამ.2023 წლის 23 ივლისის სხდომის ოქმის შინაარსიდან ირკვევა, რომ აღმოსავლეთის ელექტრომომარაგების სამმართველოს უფროსმა აღნიშნა, რომ ზეთების ზედმეტობა განპირობებული იყო შპს ,,თ.მ–დან“ არასწორად, ზეთების მეტობით შემოტანილი მოცულობების მიზეზით, რომლის ,,უკან გატანასაც ფიქრობდა“, ჯართის (სპილენძის გვარლის, ფოლად-ალუმინის გამტარების, ძველვარგისი ალუმინის სადენების) დანაკლისი აიხსნებოდა სასაწყობე მეურნეობაში არსებული სასწორით გამოწვეული ცდომილებებით, აკუმულატორების დანაკლის-მეტობასთან მიმართებით - გადმობარების დროს არასწორად აღრიცხული ჩანაწერებით, ვინაიდან არ იკითხებოდა აკუმულატორთა ტიპები, ხოლო ავტომანქანა კიასთვის განკუთვნილი საბურავების შესყიდვა განპირობებული იყო იმ მოტივით, რომ დაგეგმილი ჰქონდა აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების შეკეთება და მისი გარემონტების შემდეგ გამოიყენებდა შესყიდულ საბურავებს. ამასთან, მოსარჩელემ აღნიშნა, რომ იგი მთლიანად იზიარებს აღმოსავლეთ ელექტრომომარაგების სამმართველოს შესაბამის ერთეულებში გამოვლენილ ნაკლოვანებებსა თუ გადაცდომებთან დაკავშირებით გამოწვეულ მის წილ პასუხისმგებლობას და გამოთქვა სინანული მსგავსი დარღვევების სისტემურ ხასიათთან მიმართებით. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელეს აღნიშნული ოქმის ავთენტურობა და მითითებული განმარტება სადავოდ არ გაუხდია. მოპასუხე კომპანიის სიდიდიდან და დასაქმებულთა მოცულობიდან გამომდინარე, შეიძლება სხვადასხვა დასაქმებული პირის უფლება-მოვალეობების გადაკვეთა მოხდეს,რაღაც კუთხით მსგავსი ფუნქციები გააჩნდეთ, მაგრამ მოცემული დავა ეხება რა მოსარჩელის მიმართ გამოყენებული დისციპლინური სახდელის შეფარდების შესახებ ბრძანებების ბათილად ცნობას, შესაბამისად, სასამართლოს კვლევის საგანს წარმოადგენს უშუალოდ მოსარჩელის მოვალეობაში რა შედიოდა და ჰქონდა თუ არა მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების დარღვევას ადგილი.ამ თვალსაზრისით აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე იყო მოპასუხე დაწესებულების ინფრასტრუქტურის ფილიალის აღმოსავლეთის ელექტრომომარაგების სამმართველოს უფროსი. მოსარჩელის სამუშაო აღწერილობის თანახმად, ელექტრომომარაგების დეპარტამენტის ელექტრომომარაგების სამმართველოს უფროსმა საკუთარი დანიშნულებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე უნდა შეასრულოს შემდეგი ფუნქცია და მოვალეობები: საერთო ხელმძღვანელობა გაუწიოს სამმართველოს საქმიანობას და მასში დასაქმებულ პერსონალს, უზრუნველყოს სამმართველოს ფუნქციონირებისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით მომარაგების უზრუნველყოფა და მათი მოხმარების კონტროლი, უზრუნველყოს ექსპლუატაციაში არსებული მოწყობილობების ცვლილებების განხორციელება დამტკიცებული დოკუმენტაციის შესაბამისად, ასევე პასუხისმგებელია ხარისხიანად შეასრულოს საკუთარი ფუნქცია-მოვალეობები და განუხრელად დაიცვას ორგანიზაციაში მოქმედი ნორმატიული აქტები და კანონმდებლობა. პასუხისმგებელია მასზე მიკუთვნებული მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობის მოვლა-შენახვაზე. სამუშაო აღწერილობიდან ნათლად ჩანს, რომ მოსარჩელე იყო მატერიალური-ტექნიკური საშუალებების მომარაგებაზე და მათ მოხმარების კონტროლზე პასუხისმგებელი პირი, თავის მხრივ, სამმართველოში არსებულ მატერიალურ ფასეულობების დანაკლისებზე და ზედმეტობებზე. მოსარჩელე ასევე ვალდებული იყო, უზრუნველეყო ექსპლუატაციაში არსებული მოწყობილობების ცვლილებების განხორციელება დამტკიცებული დოკუმენტაციის შესაბამისად, რაც მიემართება უვარგის მატერიალურ ფასეულობებს (მათ შორის, ტრანსფორმატორებს).
102. სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია, რომ აღნიშნული ფუნქციები, თავის მხრივ გადანაწილებული იყო სამმართველოს, წევის ქვესადგურების თუ საკონტაქტო ქსელის ქვესადგურების თანამშრომლებზე, თუმცა სამმართველოს მთლიან საქმიანობას და მასში დასაქმებულ ხელმძღვანელობას უწევდა მოსარჩელე. იმ პირობებში, თუ რომელი დასაქმებული პერსონალი არ ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას, სწორედ სამმართველოს უფროსს უნდა გაეტარებინა ქმედითი ღონისძიებები მსგავსი პრობლემების გადასაჭრელად. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ კონტროლის, ინსპექტირების და შიდა უსაფრთხოების სამსახურის მიერ დარღვევების გამოვლენის შემდეგ მოსარჩელემ დაიწყო გარკვეული ღონისძიებების გატარება, რაზეც მეტყველებს მოპასუხე დაწესებულების აღმოსავლეთის ელ.მომარაგების სამმართველოს უფროსთან მოსარჩელესთან 2020 წლის 14 ივლისს ჩატარდა ოპერატიული თათბირი, რუსთავის საკონტაქტო ქსელის რაიონში შემოწმებისას დაფიქსირებული დარღვევებთან დაკავშირებით, რის შედეგადაც დისციპლინური ღონისძიებები გატარდა აღმოსავლეთის ელ. მომარაგების სამმართველოს რუსთავის საკონტაქტო ქსელის რაიონის უფრ.ელ.მექანიკოსის და აღმოსავლეთის ელ.მომარაგების სამმართველოს საწარმოო-ტექნიკური განყოფილების ინჟინერის მიმართ. უშუალოდ შემოწმებამდე, რა ქმედითი ღონისძიებები გაატარა მოსარჩელემ საქმის მასალებში წარმოდგენილი არ არის. გამოიკვეთა, რომ მოსარჩელე მის სამმართველოში არსებულ რიგ დარღვევებზე/პრობლემებზე არ იყო ინფორმირებული,რომელთა თაობაზეც ინფორმაციას იგი იღებდა მაკონტროლებელი სტრუქტურული ერთეულის მიერ განხორციელებული შემოწმების შემდეგ.პალატამ ნაწილობრივ გაიზიარა მოსარჩელის/აპელანტის პოზიცია, ისეთ ობიექტებზე, როგორიცაა საგარეჯოს საკონტაქტო ქსელის რაიონში და გურჯაანის საკონტაქტო ქსელის რაიონში საწვავის დასაწყობები ღამის საათებში გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე ვერ ხდება საწვავის შემოტანა, ვინაიდან ბენზინგასამართ სადგურები საკმაოდ შორს არის ქვესადგურიდან. აღნიშნული გარემოება დაადასტურდა, თავის მხრივ მოპასუხის შუამდგომლობით დაკითხულმა მოწმემ, კონტროლის, ინსპექტირების და შიდა უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა მ.ტ–ძემ, თუმცა, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მისთვის გაუგებარია რატომ არ ხდებოდა დასაწყობებული საწვავის ბუღალტრული აღრიცხვა და კონტროლი. აქვე, გასათვალისწინებელია, რომ გაცემული იყო მითითება მასზედ, რომ მხოლოდ იმ რაოდენობის საწვავის გამოტანილიყო, რა რაოდენობაც საჭიროა ბაკის შესავსებად, რომ ეჩკ-ში არ დაგროვდეს გარკვეული სახის მარაგი, კატეგორიულად აკრძალულია საწვავის მარაგის შენახვა დასაწყობება. თავის მხრივ, მოსარჩელის სადავოდ არ გაუხდია, რომ დასაწყობებული საწვავი იყო ბიდონებში, რომელიც ხანძარსაშიში საფრთხის მქონე წყაროს წარმოადგენს.ავტომობილ კია-2700-ისთვის შეძენილ საბურავებთან დაკავშირებით მოსარჩელე ერთი მხრივ უთითებს, რომ საბურავების შეძენა განახორციელა მოპასუხე კომპანიამ, მეორე მხრივ,მოსარჩელემ 2020 წლის 23 ივლისის მოპასუხის ინფრასტრუქტურის ფილიალის ელექტრომომარაგების დეპარტამენტის უფროსთან ჩატარებულ გამართული ოპერატიულ თათბირზე განმარტა, რომ საბურავების შესყიდვა განპირობებული იყო იმ მოტივით, რომ დაგეგმილი ჰქონდა აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების შეკეთება და მისი გარემონტების შემდეგ გამოიყენებდა შესყიდულ საბურავებს. აღსანიშნავია, რომ აღმოსავლეთ ელექტრომომარაგების სამმართველოს ელ.მექანიკოსი ჯ.გ–ძის განმარტებით, საბურავების შეძენა განახორციელა მოსარჩელის დავალებით. მან ასევე მიუთითა, რომ მოსარჩელის დავალებით ავტომანქანა KIA-2700 შეუცვალა ზამთრის საბურავები. 2019 წლის 31 ოქტომბერს აღმოსავლეთ ელექტრომომარაგების სამმართველოს უფროსმა - მოსარჩელემ წერილით მიმართა შპს ,,თ.მ–ს“ დირექტორს და მოითხოვა, R14C 195 ტიპის საბურავის ა/მ PCF- 1 ცალი, FCF-950 - 4 ცალის მიწოდება.სასამართლოსთვის ბუნდოვანია ასევე, თუ ავტომობილი კია-2700 დაზიანებული იყო და საჭიროებდა შეკეთებას, რა მიზანს ემსახურებოდა, როგორც ზამთრის ისევე ზაფხულის საბურავების შეძენა, მითუფრო აქტს, შეცვლითა და ბალანსირების მომსახურებით. აღსანიშნავია, რომ მოპასუხე დაწესებულების საქმისწარმოების ინსტრუქციის მე-3 მუხლის თანახმად, საზოგადოებაში ხორციელდება ელექტრონული დოკუმენტბრუნვა DocFlow-ს მეშვეობით. ამავე დებულების 4..41 პუნქტის მიხედვით, საზოგადოების ყველა თანამშრომელი ვალდებულია, გარე მესამე პირებთან მიმოწერა აწარმოოს ავტომატიზირებული დოკუმენტბრუნვის სისტემის მეშვეობით წინამდებარე თავით გათვალისწინებული წესების სრული დაცვით, საზოგადოების გენერალური დირექტორის ან/და დირექტორის მიერ მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. მოსარჩელის მხრიდან, ადგილი ჰქონდა აღნიშნული რეგულაციის დარღვევასაც. მოპასუხე დაწესებულების შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის მართვის სისტემის 8.1.5. პუნქტი ავალდებულებს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებს კონტროლის განხორციელებას ქვედანაყოფის მუშაკების მიერ შინაგანაწესის, გარემოსდაცვითი მოთხოვნებისა და შრომის უსაფრთხოების ინსტრუქციების დაცვაზე. იმ პირობებში, თუ ქვედანაყოფის პერსონალი, არღვევს შინაგანაწეს, არ ცხადდება სამსახურში, ხელმძღვანელმა შესაბამის ქმედით ღონისძიებებს უნდა მიმართოს.
103. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა 2020 წლის 13 ივლისის აღმოსავლეთ ელექტრომომარაგების სამმართველოს უფროსის - მოსარჩელის ახსნა- განმარტებითი ბარათის შინაარსზე, სადაც მოსარჩელე აღნიშნავს: ,,მ/წლის 10 მარტს დაიწყო სადგ. რუსთავში მოქნილი განივას გვარლის დემონტაჟის სამუშაოები, რომელსაც აწარმოებდნენ რუსთავის საკ. ქსელის რაიონის უფრ.ელ.მექანიკოსი თ.ჯ–ნი (უბნის მატერიალური პასუხისმგებელი პირი) და თბილისის ცენტრის უფროსი გ.მ–ი, რომლებიც ერთობლივად ხსნიდნენ და შემოსავალში იღებდნენ ყოველდღიურად უვარგის გვარლი ფოლადის მოთითებული დ-11 მმ, ს-70. აღნიშნულზე სამმართველოს ტექნიკურ განყოფილებაში წარმოდგენილი აქვთ აქტი ფორმა პუ-81ა (მოხსნილი მარაგების აღრიცხვის ფორმა), სადაც ყოველდღიურად ასახულია ჩამოხსნილი მარაგის წონა. აქტს ხელს აწერდა ტექნიკური განყოფილების ინჟინერი (საკ. ქსელის) მ.ტ–ძე, მათი შემოწმებული შემოაქვთ ჩემთან, რასაკვირველია ვადასტურებ, ეჭვი არ შემპარვია, რადგან სამი პასუხისმგებელი მაკონტროლებელი პირი აწერდა ხელს ამ აქტს. ჩამოხსნის სამუშაოების მიმდინარეობდა 10 მარტიდან 22 მაისის ჩათვლით და ყოველდღე ფორმდებოდა სასაქონლო ზედდებულები“. ამ ახსნა-განმარტებიდან ირკვევა, რომ მოსარჩელე ყოველგვარი კონტროლის გარეშე, ადასტურებდა აქტებს, ვინაიდან სამი პასუხისმგებელი პირი აწერდა ხელს. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ დამსაქმებელმა შეძლო მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალური სტანდარტით მისთვის დაკისრებული ვალდებულების შესრულება, დისციპლინური ღონისძიების შეფარდების შესახებ გადაწყვეტილებების მართლზომიერების სარწმუნო და უტყუარი მტკიცებულებებით დადასტურება, რაც დისციპლინური სახდელების შესახებ ბრძანებების ბათილად ცნობაზე უარის თქმის საფუძველია. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 23 დეკემბრის №ას-949-2021განჩინება).
104. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში - სშკ-ის) 47-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლების ამომწურავ ჩამონათვალს, ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დაუშვებელია შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა სხვა საფუძვლით, გარდა პირველი ნაწილით გათვალისწინებულისა.
105. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოპასუხე საზოგადოების 2020 წლის 17 დეკემბრის №4725 ბრძანებით მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობა შეწყდა (იხ. ტ.1.ს.ფ.62) სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე (დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების დარღვევა, თუ მის მიმართ ბოლო 1 წლის განმავლობაში უკვე გამოყენებული იყო ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა).
106. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძვლით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა კანონიერი რომ იყოს, აუცილებელია, დგინდებოდეს დასაქმებულის მიერ ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების დარღვევის და ამ უკანასკნელის მიმართ ბოლო 1 წლის განმავლობაში ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომის გამოყენების ფაქტი.
107. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უმნიშვნელოვანესი პრინციპი რაც უნდა იყოს გათვალისწინებული დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას, ესაა პროპორციულობის (თანაზომიერება) და გონივრული საფუძვლის პრინციპი. თანაზომიერება, ნიშნავს, რომ კანონის მიზნის მისაღწევად გამოყენებული ღონისძიება უნდა იყოს დასაშვები, აუცილებელი და პროპორციული; მეორე ULTIMA RATIO კი, განიმარტება, როგორც უკანასკნელი საშუალება, რამდენადაც მიჩნეულია, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტამდე გამოყენებულ უნდა იქნეს უფრო მსუბუქი ზომა, თუკი, ამის საშუალებას, ჩადენილი დარღვევიდან გამომდინარე, იძლევა დასაქმებულის კანონიერი ინტერესი. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა წარმოადგენს უკიდურეს დისციპლინურ ღონისძიებას, რომელიც შესაძლოა დამსაქმებელმა გამოიყენოს დასაქმებულის მიერ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში. შესაბამისად, იმ შემთხვევებში, როდესაც კანონმდებლობა დამსაქმებელს ანიჭებს განსაზღვრული თავისუფლების შესაძლებლობას, აუცილებელია, რომ დამსაქმებელმა გაითვალისწინოს, არამართლზომიერი ქცევის-ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, სხვა, უფრო ნაკლებად მკაცრი დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობა. შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში ნების თავისუფლება მოიცავს, როგორც შრომითი ურთიერთობის დაწყების, ისე მისი შეწყვეტის უფლებას, თუმცა, მხოლოდ შესაბამისი საფუძვლის არსებობისას და დადგენილი წესით. შრომის კოდექსით მხარეთათვის მინიჭებული ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება არ არის შეუზღუდავი, რადგან იგი ყოველთვის შემოფარგლულია მისი განხორციელების მართლზომიერებით.
108. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხემ მოსარჩელის სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების და მისი მხრიდან ვალდებულებების დარღვევის ფაქტის დადასტურების მიზნით განმარტა, რომ მოსარჩელის ფუნქციაში შედიოდა სამმართველოს ფუნქციონირებისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით მომარაგების უზრუნველყოფა და მათი მოხმარების კონტროლი. საერთო ხელმძღვანელობა გაეწია სამმართველოს საქმიანობისთვის და მასში დასაქმებულ პერსონალისთვის, პასუხისმგებელი იყო ხარისხიანად შეესრულებინა საკუთარი ფუნქცია-მოვალეობები და განუხრელად დაეცვა ორგანიზაციაში მოქმედი ნორმატიული აქტები და კანონმდებლობა. პასუხისმგებელი იყო მასზე მიკუთვნებული მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობის მოვლა-შენახვა. ბრძანების ფაქტობრივ საფუძვლად მოპასუხე მიუთითებს 2020 წლის 9 სექტემბრის ინფრასტრუქტურის ფილიალის მონიტორინგისა და პრევენციის ცენტრის მიერ აღმოსავლეთის ელექტრომომარაგების სამმართველოს, კასპის ცენტრის, ზაჰესის საკონტაქტო ქსელის რაიონის ტექნიკური საქმიანობის მიმდინარეობის და მოპასუხე დაწესებულების კონტროლის, ინსპექტირების და შიდა უსაფრთხოების სამსახურის მიერ, 2020 წლის 12-23 ივნისს აღმოსავლეთის ელექტრომომარაგების სამმართველოს, წევის ქვესადგურებში ექსპლუატაციაში მყოფი და არმყოფი ტრანსფორმატორების და მათში არსებული ზეთის მარაგისა და ტრანსფორმატორების (გულანები) მდგომარეობის შემოწმების საკითხებს.
109. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2020 წლის 9 სექტემბერს განხორციელდა აღმოსავლეთის ელექტრომომარაგების სამმართველოს კასპის ცენტრის, ზაჰესის საკონტაქტო ქსელის რაიონის ტექნიკური საქმიანობის მიმდინარეობის შემოწმება. შემოწმების შედეგად გამოვლინდა: თბილისი, ........ ქუჩა №10-ში, ცენტრალურ შესასვლელ კართან შემოსაფარგლ ღობეზე მიშენებულია ავტოტრანსპორტის და სამშენებლო მექანიზმების სარემონტო მომსახურების ბოქსები, რომელიც თავისი გაბარიტით, ტექნიკური საქმიანობის მიმდინარეობის დროს, ფარავს რკინიგზის ორგანიზაციაში მისასვლელი გზის ნაწილს. გამოვლინდა ტექნიკური პერსონალის სამსახურში გამოუცხადებლობის ფაქტები. სამსახურში - გამოცხადების და წასვლის აღრიცხვა წარმოებდა აღმოსავლეთის ელმომარაგების სამმართველოს მიერ დამტკიცებულ ჟურნალში, რაც შეეხება არსებული ინსტრუქციით დამტკიცებული სამსახურში გამოცხადების და ყოფნის ამსახველ ფორმას ტაბ-1-ს, ადგილზე ვერ იქნა წარმოდგენილი. შემოწმებული იქნა სარეგისტრაციო ტექნიკური ჟურნალები, რის შედეგადაც აღმოჩნდა: 2020 წლის 3,4, და 8 სექტემბერს ტექნიკურ პერსონალს მიმდინარე ყოველდღიური ინსტრუქტაჟი არ ჩატარებია. მოპასუხე დაწესებულების უსაფრთხოების ტექნიკის ინსტრუქციისა და სწავლების შესახებ ინსტრუქციის თანახმად (1.5. მიმდინარე ინსტრუქტაჟი) მიმდინარე ინსტრუქტაჟს განწესით ან განწეს – დაშვებით სამუშაოს შესრულების დროს უნდა ატარებდნენ განწესის გამცემი პირები ანუ ამ შემთხვევაში, უფროსი ელექტრომექანიკოსი მ.ბ–ძე, რაც არ ხორციელდებოდა. აღმოსავლეთ ელექტრომომარაგების სამმართველოს ხელმძღვანელის მიერ არ ხდებოდა უსაფრთხოების ტექნიკის საკითხების ინსტრუქტაჟის მიმდინარეობის ამსახველი ჟურნალი ფორმა ირ–2 ჟურნალების შემოწმება. შესაბამისად, ჟურნალებში არ არის ხელმძღვანელი პირების ჩანაწერი, ხელმოწერა. მოსარჩელის პასუხისმგებლობას ვერ გამორიცხავს მისი განმარტება, რომ ამ კონკრეტულ ლოკაციაზე დასაქმებული პირების კონტროლი კონტროლისა და მონიტორინგის სამსახურს უნდა განეხორციელებინა. თბილისში, ........ ქუჩა №10-ში, რიკინიგზის ღობეზე მიშენებულ ბოქსებთან დაკავშირებით, მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მის ვალდებულებას არ წარმოადგენდა აღნიშნულ ბოქსებთან დაკავშირებით მიეღო ზომები, რაც შედიოდა სხვა დეპარტამენტების ფუნქციაში. ასევე მიუთითა, რომ ოქმში წარმოდგენილია ვარაუდი, რომ მოცემული ბოქსების არსებობა შესაძლებელია იყოს საფრთხის შემცველი და ხელი შეუშალოს ბრიგადების ადგილზე მისვლას. გაუგებარია თუ ერთი მხრივ მოსარჩელის ფუნქციაში არ შედიოდა აღნიშულ ბოქსებთან დაკავშირებით ზომების მიღება, რატომ აცნობა 2020 წლის 19 ოქტომბერს მოსარჩელემ მოპასუხე დაწესებულების იურიდიული სამსახურის უფროსს და ელექტრომომარაგების დეპარტამენტის უფროსს, ზაჰესის საკონტაქტო ქსელის რაიონში, თბილისში, ........ ქუჩა №10-ში, რკინიგზის ტერიტორიის შემოფარგლულ ღობეზე მიშენებული ავტოტრანსპორტისა და სამშენებლო მექანიზმების სარემონტო მომსახურების ბოქსებთან დაკავშირებით. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მითითებულ წერილში მოსარჩელე ხაზს უსვამს, რომ აღნიშნული ბოქსები თავისი გაბარიტებით და ტექნიკური საქმიანობის მიმდინარეობის დროს ფარავენ რკინიგზის ორგანიზაციაში მისასვლელი გზის ნაწილს, რაც ზღუდავს და აფერხებს ქვეერთეულში მიმდინარე პროცესებს. მისასვლელი სავალი ნაწილის დაკავების შემთხვევაში, შეიზღუდება ასევე მომსახურე რკინიგზის ავტოტრასნპორტის გადაადგილება. ბუფერული ზონის არქონის გამო, შესაძლოა საფრთხე შეექმნას რკინიგზის სტრუქტურის კუთვნილებებს უსაფრთხოების კუთხით, ხანძრის გავრცელების საშიშროებასთან დაკავშირებით. რაც წინააღმდეგობაში მოდის მოსარჩელის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემულ ახსნა-განმარტებასთან. შემოწმდა და დათვალიერდა ზაჰესის საკონტაქტო ქსელის რაიონის ტექნიკური საქმიანობის ეზოში არსებული სხვადასხვა სახის შენობები, გამოვლინდა ქონების პროგრამული რეგისტრაციის პრობლემები, ასევე, მოპასუხე საზოგადოების საკუთრებაში არსებულ შენობებში მოსახლეობასთან დაკავშირებული დარღვევები. უდავო გარემოებად შეფასდა, რომ მოპასუხე დაწესებულების ქონების განკარგვაზე გადაწყვეტილებას იღებს მოპასუხე დაწესებულების დირექტორთა საბჭო, გარკვეულ შემთხვევებში სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმებით. ასევე უდავოდ დადგენლია, რომ მოპასუხე დაწესებულების აღმოსავლეთის ელ. მომარაგების სამმართველოს უფროსთან ჩატარებული ოპერატიული თათბირის გადაწყვეტილებით რ.ბ–ძეს მიეცა უფლება დროებით საცხოვრებლად ესარგებლა ეჩკ-ზაჰესის საცხოვრებელი ფართით, რაც ეწინააღმდეგება მოპასუხისა და მისი წილობრივი მონაწილეობით არსებული/დაფუძნებული კომპანიების და ასეთი კომპანიების წილობრივი მონაწილეობით არსებული/დაფუძნებული კომპანიების საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის წესს. მოპასუხე დაწესებულების დასაქმებულთა ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების მე-10 მუხლი განსაზღვრავს კომპანიის საკუთრების დაცვის წესებს. 10.6. პუნქტის თანახმად, კომპანიის დასაქმებული მინდობილი ქონების დაზიანების, დაკარგვის ან/და განადგურების, ასევე, მინდობილი ქონების იმავე დაწესებულებაში მომუშავე სხვა დასაქმებულისათვის გადაცემის, ან კომპანიის კუთვნილი შენობიდან გატანის შესახებ ატყობინებს კომპანიის შესაბამის უფლებამოსილ პირს. ამდენად, აღნიშნულ ეპიზოდთან მიმართებით, დადგენილია, რომ მოპასუხის ტერიტორიაზე ფიზიკური პირის მოსახლეობის დასაშვებობასთან დაკავშირებით უნდა არსებობდეს დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილება და აღნიშნული გადაწყვეტილების გარეშე, პირებისათვის ცხოვრების უფლების მინიჭება ან კერძო პირების თვითნებური შესახლების ფაქტზე რეაგირების განუხორციელებლობა არის ხელშეკრულებითა და შინაგანაწესით გათვალისწინებული ფუნქციების არაჯეროვანი შესრულება და კონტროლის მოვალეობის დარღვევა. სამსახურში გამოცხადების, ტაბ-1 შეუვსებლობას, ქონების ინვენტარიზაციას და ბუღალტრულ რეგისტრაციასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ შესაძლებელია გარკვეული ვალდებულებები გადანაწილებული იყოს პერსონალზე, მაგრამ სამმართველოს უფროსის მოვალეობას წარმოადგენდა საერთო ხელმძღვანელობა გაეწია სამმართველოს საქმიანობისთვის და მასში დასაქმებული პერსონალისთვის, რაც კონკრეტული პერსონალის მხრიდან ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კონკრეტული ქმედითი დისციპლინური ღონისძიებების გატარებას მოიაზრებდა. აღსანიშნავია, რომ მოპასუხის აღმოსავლეთის ელექტრომომარაგების სამმართველოს უფროსთან ჩატარებულ ოპერატიულ თათბირზე 2019 წლის 2 დეკემბერს, მიმდინარე წლის 14 ოქტომბრიდან 27 ნოემბრამდე ჩატარებული ინვენტარიზაცია სამმართველოს უფროსმა- მოსარჩელემ, შეაფასა დამაკმაყოფილებლად, რასაც დაეთანხმნენ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის კომისიის თავმჯდომარე და წევრები. 2020 წლის 12-23 ივნისს აღმოსავლეთის ელექტრომომარაგების სამმართველოს, წევის ქვესადგურებში ექსპლუატაციაში მყოფი და არმყოფი ტრანსფორმატორების და მათში არსებული ზეთის მარაგისა და ტრანსფორმატორების (გულანები) მდგომარეობის შემოწმების საკითხებთან დაკავშირებით, მოსარჩელე/აპელანტი მიუთითებს, რომ ინვენტარიზაციის შედეგებზე პასუხისმგებელი პირი იყო მისი მოადგილე ე.ბ–ძე. მოადგილის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით კი, არ იკვეთებოდა ტრანსფორმატორებში ზეთებთან და გულანებთან დაკავშირებით დარღვევები. მოსარჩელემ ასევე მიუთითა, რომ 2020 წლის 12-23 ივნისის პერიოდში შემდგარ შემოწმებაზე, შესაბამისი აქტი შედგა 30 ივნისს, რომელზედაც ფსიქოლოგიური ძალადობისა და წნეხის შემდეგ მოაწერა ხელი. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ აქტის შინაარსი მოსარჩელისთვის ცნობილი იყო, ვინაიდან აღნიშნული აქტი შემდეგი შინაარსის ტექსტით გაუგზავნა მოპასუხის ინფრასტრუქტურის ფილიალის დეპარტამენტის უფროსს ზ. ჯ–ძეს: ,,გიგზავნით აღმოსავლეთ ელ. მომარაგების სამმართველოს დაქვემდებარებაში არსებული წევის ქვესადგურების ტექნიკურ მდგომარეობას 30 ივნისის მდგომარეობით“. უდავო გარემოებად იქნა მიჩნეული, რომ მოსარჩელეს რაიმე პრეტენზია აქტის შინაარსთან დაკავშირებით, მითითებულ გზავნილში არ გამოუხატავს. მოსარჩელე უთითებდა აქტის იძულებით ხელმოწერაზე, მაგრამ არ განმარტავდა, თუ ვისგან მოდიოდა აღნიშნული იძულება, რა ფორმით და რაში გამოიხატებოდა. ასეთ შემთხევაში კი, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს და დადასტურებულად მიიჩნიოს მოსარჩელის მიმართ რაიმე ფორმის იძულება. საპელაციო პალატა არ დაეთანხმა აპელანტის პოზიციას, რომ ინვენტარიზაციაზე პასუხისმგებელი იყო არა მოსარჩელე, არამედ მისი მოადგილე და ასევე, ზეთის დანაკლისთან დაკავშირებით სხვა სამმართველოს თანამშრომლები. პალატამ მიუთითა, რომ მოსარჩელე დასაქმებული იყო სამმართველოს უფროსის პოზიციაზე, დასახელებული პირები წარმოადგენდნენ მის დაქვემდებარებაში მყოფ პერსონალს, რომელთა მიერ ვალდებულებების არ ან/და არაჯეროვნად შესრულებისთვის შესაბამისი დისციპლინური ღონისძიებებისთვის უნდა მიემართა.
110. ყოველივე ზემოთ დადგენილიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ დამსაქმებელმა წარმატებით გაართვა თავის თავისი მტკიცების საგანში შემავალი ფაქტობრივი გარემოებების დადასტურებას და დაარწმუნა სასამართლო, რომ სადავო ბრძანებები (აქტები), მათ შორის, მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ 2020 წლის 17 დეკემბრის ბრძანება, გამოცემული იყო კანონიერად და არ არსებობს მათი გაუქმების საფუძველი.
111. საკასაციო პალატა დაუსაბუთებლობის გამო არ იზიარებს კასატორის შედავებას ხანდაზმულობასთან დაკავშირებითაც შემდეგ გარემოებათა გამო: საქმის მასალებში წარმოდგენილია შრომის შინაგანაწესი, რომლის 18.6 მუხლის თანახმად, დამსაქმებელს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების უფლება აქვს დისციპლინური გადაცდომის ( დარღვევის) გამოვლენიდან 6 ( ექვსი) თვის განმავბლობაში, თუმცა არაუმეტეს ასეთი დისციპლინური გადადომის (დარღვევის) ჩადენიდან 2 კალენდარული წლის განმავლობაში, დასაქმებული პირის ავადმყოფობის ან შვებულებაში ყოფნის დროის ჩაუთვლელად. ( იხ. ტ.1.ს.ფ.103). საქმის მასალებით ასევე დასტურდება, რომ ინფრასტრუქტურის ფილიალის აღმოსავლეთის ელექტრომომარაგების სამმართველოში შემოწმება და გადაცდომების გამოვლენა მიმდინარეობდა 12-23 ივნისს, წარმოადგენდა სამუშაო პროცესს, რაზედაც საბოლოო აქტი შედგა 2020 წლის 30 ივნისს (იხ. ტ.2.ს.ფ.91-94) საიდანაც 6 თვის ვადაში 2020 წლის 17 დეკემბერს იქნა მიღებული მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება (იხ., ამ განჩინების პ.53).
112. რაც შეეხება კასატორის (მოსარჩელის) მოთხოვნებს, რომლებიც შეეხება კომპენსაციისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრებას, აღნიშნული მოთხოვნების წარმატება გამომდინარეობს სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების უკანონოდ ცნობიდან, რომელი მოთხოვნაც განსახილველ შემთხვევაში, არ დაკმაყოფილდა.
113. ამასთან, წარუმატებელია სარჩელის ის მოთხოვნებიც, რომლებიც შეეხება 2017, 2018, 2021 და 2022 წლების გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების შესახებ, თითოეულ წელზე 2 500 ლარის ოდენობით (იხ., სარჩელის საფუძველი პ. 6, 7). აღსანიშნავია, რომ მოსარჩელის აღნიშნულ მოთხოვნასთან დაკავშირებით დამსაქმებელმა განმარტა, 2017 და 2018 წლის გამოუყენებელი შვებულების თანხების დაკისრება ეწინააღმდეგება შრომის კოდექსს, რომლითაც აკრძალულია ანაზღაურებადი შვებულების მომდევნო წლისთვის ზედიზედ ორი წლის განმავლობაში გადატანა. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შემთხვევაში, დასაქმებულს შეიძლება აუნაზღაურდეს მხოლოდ ორი წლის განმავლობაში გამოუყენებელი შვებულება, რაც კომპანიის (დამსაქმებელი) მიერ განხორციელდა და რასაც მოსარჩელე თავად ადასტურებს (იხ., ამ განჩინების პ.10).
114. საკასაციო პალატა მიუთითებს სშკ-ის 35-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ დასაქმებულისთვის მიმდინარე წელს ანაზღაურებადი შვებულების მიცემამ შეიძლება სამუშაო პროცესის ნორმალურად წარმართვაზე უარყოფითი გავლენა მოახდინოს, დასაქმებულის თანხმობით დასაშვებია შვებულების მომდევნო წლისთვის გადატანა. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულება არის დროის ის პერიოდი, როდესაც დასაქმებული მისით სარგებლობის შემთხვევაში არ მუშაობს, მაგრამ იღებს ხელფასს. ამდენად, შვებულება წარმოადგენს დასაქმებულის მიერ, უკვე ნამუშევარი დროის შესრულებული სამუშაოს საფუძველზე მოპოვებული დასვენების უფლებას, რა შემთხვევაშიც დასაქმებულს მიეცემა შრომითი ანაზღაურება. ამავე პრინციპის დაცვით უნდა მოხდეს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობის პროპორციულად გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 10 აპრილის №ას-495-495-2018 განჩინება; №ას-1582-2022, 28 აპრილი, 2023 წელი).
115. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს უნდა დაედასტურებინა ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ 2017 და 2018 წლების შვებულების უფლების გამოყენების თაობაზე მოთხოვნა წარდგენილი ჰქონდა და ვერ ისარგებლა დამსაქმებლის ბრალეული ქმედებით, რაც საქმის მასალებით არ დასტურდება. ამდენად, 2017 და 2018 წლების გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს (შდრ: სუსგ №ბს-809-805 (3კ-17), 17 იანვარი, 2019 წელი). რაც შეეხება მოთხოვნებს 2021 და 2022 წლების გამოუყენებელი შვებულების თანხის მოპასუხისთვის დაკისრების ნაწილში, გასაზიარებელია სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ ანაზღაურებადი შვებულება წარმოადგენს შემთხვევას, როდესაც დასაქმებული არ ასრულებს სამუშაოს, თუმცა ამ პერიოდის განმავლობაში მას ეძლევა შრომის ანაზღაურება, რომელიც მოიცავს კალენდარული წლის განმავლობაში დასაქმებულის შესაძლებლობას, ისარგებლოს დასვენების უფლებით, თუმცა, სრულად მიიღოს ამ პერიოდის შრომის ანაზღაურება. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მითითებულ პერიოდში არ ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას. ამასთან, მისი სარჩელი გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა 2021 და 2022 წლების გამოუყენებელი საშვებულებო თანხის დაკისრების შესახებ, უსაფუძვლოა.
116. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
117. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც. მსგავს საკითხებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.
118. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც, მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
119. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. პ.ბ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. პ.ბ–ს(ს.კ:..........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფოხაზინა“, ბანკისკოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით 06.02.2023-ში N1 საგადასახადო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი
მირანდა ერემაძე