თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი) - ს.ჩ–ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მიმართ მოპასუხე) - სს „ს.ბ–ი“
მოპასუხეები - ი.ჩ–ი, ლ.კ–ძე
დავის საგანი - თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული ნივთების რეალიზაცია; ხელშეკრულებების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ოქტომბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და შუამდგომლობის განსახილველად დაბრუნება
აღწერილობითი ნაწილი:სს „ს.ბ–მა“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - შპს „ნ.ე–ის“, შპს „ლ-ნ-ის“, შპს „ნ.რ.გ–ის“, ლ.კ–ძის, ი.ჩ–ის, ს.ჩ–ისა და ნ.შ–ის მიმართ, სოლიდარული პასუხისმგებლობის ფარგლებში თანხის დაკისრების და იპოთეკით დატვირთული ნივთების რეალიზაციის მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 11 მაისის საოქმო განჩინებით სს „ს.ბ–ის“ სარჩელი შპს „ნ.ე–ის“ და შპს „ლ-ნ-ის“ მიმართ დარჩა განუხილველი; შპს „ნ.ე–ი“ საქმეში ჩაბმულ იქნა მესამე პირად.
ლ.კ–ძემ, ი.ჩ–მა და ს.ჩ–მა შეგებებული სარჩელებით მიმართეს სასამართლოს და მოითხოვეს სოლიდარული თავდებობის და იპოთეკის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილებით სს „ს.ბ–ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ი.ჩ–ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა; ს.ჩ–ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა; ლ.კ–ძეს უარი ეთქვა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე; განისაზღვრა გადაწყვეტილების აღსრულების წესი. აღნიშნული გადაწყვეტილება სს „ს.ბ–მა“ და ლ.კ–ძემ სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით სს „ს.ბ–ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო ლ.კ–ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სს „ს.ბ–მა“ საკასაციო წესით გაასაჩივრა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით სს „ს.ბ–ის“ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ნაწილობრივ გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება მოპასუხე შპს „ნ.რ.გ–ის“ მიმართ სს „ს.ბ–ის“ სასარჩელო მოთხოვნის უარყოფის ნაწილში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილებით სს „ს.ბ–ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება სს „ს.ბ–ის“ მიერ გასაჩივრებულ ნაწილში და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სს „ს.ბ–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ი.ჩ–ის და ს.ჩ–ის შეგებებული სარჩელები არ დაკმაყოფილდა; ლ.კ–ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ლ.კ–ძის მიერ გასაჩივრებულ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება.
მითითებული გადაწყვეტილების შესავალ ნაწილში მესამე პირად მითითებულია შპს „ნ.ე–ი“, ხოლო გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში აღნიშნულია, რომ კომპანიის რეგისტრაცია გაუქმებულია; კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 ოქტომბრის განჩინების საფუძველზე შპს „ნ.ე–ის“ მიმართა გაკოტრების საქმის წარმოება დასრულდა, ხოლო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „ნ.ე–ის“ რეგისტრაცია გაუქმდა.
ს.ჩ–ის წარმომადგენელმა - ი.პ–მა 2022 წლის 22 აგვისტოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა და განმარტა, რომ 2022 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილებაში დაშვებულია უსწორობა, კერძოდ, ვინაიდან შპს „ნ.ე–ის“ რეგისტრაცია გაუქმებულია, სასამართლოს შემაჯამებელ გადაწყვეტილებაში პროცესის მონაწილე პირად ეს კომპანია არ უნდა დასახელებულიყო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით ს.ჩ–ის წარმომადგენელს - ი.პ–ს უარი ეთქვა უსწორობის გასწორების შესახებ განცხადების დაკმაყოფილებაზე.
განჩინებაში მითითებულია, რომ სააპელაციო პალატამ 2022 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილებაში აღნიშნა კომპანიის რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე; მესამე პირის მიმართ საქმის წარმოების შეწყვეტის შესაძლებლობას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს; შპს „ნ.ე–ი“ წარმოადგენდა მესამე პირს უზენაესი სასამართლოს მიერ საქმის განსახილველად უკან დაბრუნებამდე, რაც საერთო სურათს არ ცვლიდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ოქტომბრის განჩინება ს.ჩ–მა კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მისი მოსაზრებით, გადაწყვეტილების შესავალ ნაწილში პროცესის მონაწილე პირად შპს „ნ.ე–ის“ მითითება, რომლის რეგისტრაციაც გაუქმებულია, წარმოადგენს უსწორობას, რომელიც უნდა გასწორდეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ნოემბრის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო, საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ ს.ჩ–ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მოცემულ შემთხვევაში საკვლევ საკითხს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში უსწორობის გასწორების საფუძვლების არსებობა.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. „აღნიშნული მუხლის ნორმატიული შინაარსი ცხადყოფს, რომ მასში საუბარია განჩინებით დაშვებული უსწორობების ან აშკარა არითმეტიკული შეცდომების გასწორებაზე. მითითებული ნორმის საფუძველზე დაუშვებელია გადაწყვეტილებაში ისეთი შესწორების შეტანა, რომელიც არსებითად ცვლის გადაწყვეტილებას, მის აზრსა და შინაარსს. დასაშვებია მხოლოდ ისეთი შესწორებებისა და დაზუსტებების შეტანა, როგორიცაა, მაგალითად, მხარეთა გვარი, სახელი, თუ მხარე იურიდიული პირია - მისი სახელწოდების აღნიშვნა, ასევე, არითმეტიკული შეცდომები, რომლებმაც გამოიწვია გადასახდევინებელი თანხის ოდენობის აშკარად შემცირება ან გადიდება, მაგალითად, ციფრის დაკლება, რაც ისე ცვლის თანხის ოდენობას, რომ, საქმის მასალებიდან გამომდინარე, აშკარად არ შეესაბამება მოთხოვნის ოდენობას“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 აპრილის №ას-1369-2020 განჩინება).
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილებაში არ არის დაშვებული უსწორობა, რადგან გადაწყვეტილების შესავალ ნაწილში მესამე პირად დასახელებულია შპს „ნ.ე–ი“, რომელიც ნამდვილად წარმოადგენდა განსახილველი საქმის მხარეს - მესამე პირს. შესაბამისად, სასამართლოს მისი პროცესუალური სტატუსი არასწორად არ მიუთითებია; ასევე, არასწორად არ არის დასახელებული კომპანიის სახელწოდება; არ არის მითითებული სხვა საქმის მხარე. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ შპს „ნ.ე–ის“ რეგისტრაცია გაუქმებულია, აღნიშნული გარემოების თაობაზე დეტალურად არის მითითებული სააპელაციო პალატის 2022 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილებაშივე, უფრო მეტიც, შეფასებულია მისი რეგისტრაციის გაუქმების გავლენა სასარჩელო მოთხოვნათა დაკმაყოფილებაზე. ამრიგად, გადაწყვეტილება არ იწვევს გაურკვევლობას კომპანიის ამჟამინდელი მდგომარეობის თაობაზე. გარდა ამისა, საგულისხმოა, რომ შპს „ნ.ე–ის“ გადაწყვეტილების შესავალ ნაწილში მითითება გავლენას არ ახდენს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისა და აღსრულების საკითხებზე; ასევე, უარყოფით გავლენას ვერ იქონიებს მხარეთა უფლებებზე და არ ხელყოფს მათ კანონიერ ინტერესებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობდა უსწორობის გასწორების წინაპირობები, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გამოტანილია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და მისი გაუქმების საფუძვლები არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ს.ჩ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ოქტომბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე
გ. მიქაუტაძე