თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები (მოპასუხეები) - ი.დ–ია, ზ.ნ–ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ლ.ჩ–ძე (არასრულწლოვანი)
მესამე პირი - სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო
დავის საგანი - ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ივლისის განჩინება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
აღწერილობითი ნაწილი:ლ.ჩ–ძის კანონიერმა წარმომადგენელმა - ი.გ–ძემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ი.დ–იასა და ზ.ნ–ის (სარჩელის წარდგენის მომენტისთვის მისი გვარი იყო ჩ–ძე) მიმართ, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით ლ.ჩ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ი.დ–იას და ზ.ნ–ს (იგივე ზ. ჩ–ძე; პ/ნ ….), როგორც არასრულწლოვან - ლ.ჩ–ძის წარმომადგენელს, შორის დადებული, თბილისში, ……… კორპუსში მდებარე, 47 მ2 ფართობის №45 (ს/კ ……) ბინის 2019 წლის 19 აპრილის ნასყიდობის ხელშეკრულება; აღნიშნული უძრავი ქონება კვლავ აღირიცხა ლ.ჩ–ძის (პ/ნ …….) სახელზე; ზ.ნ–ს და ი.დ–იას სოლიდარულად დაეკისრათ ლ.ჩ–ძის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურება 4000 ლარის ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ივლისის განჩინებით ი.დ–იას და ზ.ნ–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება ი.დ–იამ და ზ.ნ–მა საკასაციო წესით გაასაჩივრეს.
კასატორები აღნიშნავენ, რომ სადავო ხელშეკრულება დადებულია კანონმდებლობის სრული დაცვით, ი.დ–ია წარმოადგენს კეთილსინდისიერ შემძენს, მან სრულად გადაიხადა ნასყიდობის საფასური, არასრულწლოვნის დედა ინფორმირებული იყო შეთანხმების თაობაზე, მან თანხის ნაწილიც მიიღო და დამქირავებელს ბინის გასხვისების თაობაზე სწორედ არასრულწლოვნის დედამ აცნობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორთა მოსაზრებით, არ არსებობდა ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და მოპასუხეებისთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების წინაპირობები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 5 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო, საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ხელშეკრულების მოჩვენებითად მიჩნევისა და ზიანის ანაზღაურების წინაპირობების არსებობა.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). დასახელებული ნორმა ეხება შემთხვევებს, როდესაც „როგორც ნების გამომვლენი, ასევე, მისი მიმღები მოქმედებენ იმ განზრახვის გარეშე, რომ ამ გარიგებას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს. ყოველივე აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ მოჩვენებით გარიგებას ახასიათებს მოჩვენებითი ნების გამოვლენის შესახებ მხარეთა „ურთიერთშეთანხმება“, „გარიგება“. ამ შემთხვევაში, ორივეს გაცნობიერებული აქვს, რომ მათ მიერ ასეთი ნების გამოვლენას იურიდიული შედეგი არ მოჰყვება. მყარად დადგენილი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, მოჩვენებითი გარიგების დადება უკავშირდება მესამე პირებთან არსებულ ურთიერთობას (მაგალითად, მოჩვენებითი გარიგების დადების ერთ-ერთ მოტივს შეიძლება, წარმოადგენდეს მესამე პირის მოტყუება, პასუხისმგებლობისაგან თავის არიდება და ა.შ). მითითებული გარემოებების დადასტურება ეკისრება პირს, რომელიც ითხოვს ამ საფუძვლით გარიგების ბათილობას, რადგან, თუნდაც მოსარჩელე უთითებდეს გარიგების ერთი მხარის არაკეთილსინდისიერებაზე, ივარაუდება, რომ გარიგების მეორე მხარე მოქმედებდა კეთილსინდისიერად, რისი გაქარწყლება, ევალება მოსარჩელეს“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 6 ივლისის №ას-97-2021 განჩინება). თუმცა, იმ საგამონაკლისო შემთხვევაში, როდესაც გარიგება იდება ნათესავებს შორის, ივარაუდება, რომ ოჯახის წევრებისათვის ცნობილია არსებული ვალდებულებების თაობაზე და, ასევე, მათი ოჯახის წევრის მიერ ქონებრივი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების თაობაზე. ასეთ შემთხვევაში, სწორედ მოპასუხეებს ეკისრებათ გარიგების ნამდვილი ნების საფუძველზე დადების მტკიცების ტვირთი (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 1 ივლისის №ას-1347-1272-2012 და 2023 წლის 2 მარტის №ას-1273-2022 განჩინებები).
სადავო შემთხვევაში, ხელშეკრულების ნამდვილობის და მხარეთა მიერ მტკიცების ტვირთის დაძლევის საკითხების შეფასებისას, საკასაციო პალატა დამატებით ყურადღებას გაამახვილებს უზენაეს სასამართლოში საქმის განხილვის თავისებურებებზე, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). „დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ოქტომბრის №ას-735-2021 და 2018 წლის 28 დეკემბრის №ას-1687-2018 განჩინებები).
განსახილველ შემთხვევაში კი, სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დაადგინა შემდეგი მნიშვნელოვანი გარემოებანი:
- 2017 წლის 19 მაისის ჩუქების ხელშეკრულებით ლ.ჩ–ძეს მამიდამ - ნ.ჩ–ძემ აჩუქა სადავო ბინა (ს/კ …); ნივთი აღირიცხა მოსარჩელის საკუთრებად;
- 2019 წლის 28 მარტს ლ.ჩ–ძის მშობლები - ი.გ–ძე და ზ. ნ–ი (იგივე ზ. ჩ–ძე) განქორწინდნენ;
- 2019 წლის 19 აპრილს ი.დ–იასა (მყიდველი) და ზ. ჩ–ძეს, როგორც არასრულწლოვან ლ.ჩ–ძის წარმომადგენელს, (გამყიდველი) შორის დაიდო სადავო ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება; ნასყიდობის საგნის ღირებულება იმავე ხელშეკრულებით განისაზღვრა 30 000 აშშ დოლარით ეკვივალენტი ლარში;
- ი.დ–ია წარმოადგენს ლ.ჩ–ძის ბიძას - მამიდის მეუღლეს;
- ნასყიდობის ხელშეკრულების თაობაზე ინფორმირებული არ ყოფილა არასრულწლოვნის დედა;
- არ დადასტურდა თანხის გამყიდველისთვის რეალურად გადაცემა.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნულ გარემოებათა ერთობლიობა (ნასყიდობის ხელშეკრულების მხარეებს შორის ნათესაური კავშირის არსებობა; ხელშეკრულების თაობაზე არასრულწლოვნის დედის არაინფორმირებულობა; სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლით გათვალისწინებული, ნასყიდობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტის წარუდგენლობა) მიუთითებს სადავო ხელშეკრულების მოჩვენებითობაზე, ხოლო მოპასუხეებმა ვერ დაძლიეს მათზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი - ვერ დაადასტურეს გარიგების ნამდვილობა. ამასთანავე, საკასაციო სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ ხელშეკრულება ეხებოდა არასრულწლოვნის უძრავ ნივთს, ამიტომ, სამოქალაქო კოდექსის 1198-ე, 1199-ე მუხლების საფუძველზე, ქონების განკარგვა უნდა მომხდარიყო არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად. სადავო შემთხვევაში კი, არ დადასტურდა მოსარჩელის ინტერესების გათვალისწინება, აღნიშნულის საპირისპიროდ - სადავო გარიგება მისი ქონებრივი უფლებების ხელყოფაზე მიუთითებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ ვინაიდან სახეზეა მოჩვენებითი გარიგება, რომელიც ამავდროულად არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებს ხელყოფს, არსებობდა ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველი.
რაც შეეხება ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნას, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს მიუღებელი შემოსავლისთვისაც. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან დადგენილია, რომ ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე უძრავი ქონება გაქირავებული იყო თვეში 500 ლარად და ამ თანხას არასრულწლოვნის დედა იღებდა, ხოლო ნასყიდობის ხელშეკრულების დადების შემდგომ მას წაერთვა ქირის სახით შემოსავლის მიღებისა და ამ თანხის ბავშვის საჭიროებებისთვის გამოყენების შესაძლებლობა, არსებობდა მოპასუხეებისთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძვლები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი და წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულ, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, ვინაიდან: საქმე არ მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ასევე, არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი; სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული, საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილიდან გამომდინარე, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი.დ–იასა და ზ.ნ–ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ივლისის განჩინება;
3. ი.დ–იას (პ/ნ .....) და ზ.ნ–ს (პ/ნ .......) დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე ნ. ჩ–ძის (პ/ნ .......) მიერ 2022 წლის 24 ნოემბრის №0 საგადასახადო დავალებებით სახელმწიფო ბაჟის სახით ჯამში გადახდილი 4278,80 ლარის 70% - 2995,16 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე
გ. მიქაუტაძე