თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
გიორგი მიქაუტაძე, ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - მ.პ–ძე
მოწინააღმდეგე მხარეები - შპს „ჩ.ს. ბ.ს.ს–ი“, ნ.შ–ძე, ფ.ლ–ძე, ლ.მ–ი, რ.დ–ძე, ხ.ვ–ძე, ნ.შ–ძე
თავდაპირველი მოსარჩელე - მ.ც–ძე
დავის საგანი - პარტნიორთა კრების ოქმების ბათილად ცნობა, კომპანიის დირექტორად რეგისტრაცია
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მ.პ–ძის სარჩელის დაკმაყოფილება, ხოლო მოწინააღმდეგე მხარეთა სარჩელების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
აღწერილობითი ნაწილი:ნ.შ–ძემ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - მ.ც–ძის, ნ.ქ–ას, შპს „ჩ.ს. ბ.ს.ს–ის“, მ.პ–ძის, გ.კ–ძის, თ.კ–ძისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, შპს „ჩ.ს. ბ.ს.ს–ის“ პარტნიორთა 2019 წლის 10 აპრილის საერთო კრების №8 ოქმის საფუძველზე მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრში კომპანიის დირექტორად ნ.შ–ძის რეგისტრაციის მოთხოვნით.
ნ.შ–ძემ, ფ.ლ–ძემ, ლ.მ–მა, ხ.ვ–ძემ და ნ.შ–ძემ სარჩელით მიმართეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - მ.პ–ძის მიმართ, შპს „ჩ.ს. ბ.ს.ს–ის“ 2019 წლის 25 სექტემბრის პარტნიორთა საერთო კრების №9 ოქმის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
მ.პ–ძემ, მ.ბ–ძემ, ლ.ჭ–ამ, ც.დ–ძემ, ნ.ქ–ამ, მ.მ–მა, ნ.მ–მა, მ.ც–ძემ, ც.ჟ–მა, ნ.მ–ძემ, შ.მ–ამ, გ.კ–ძემ, თ.კ–ძემ, მ.მ–იამ, ზ.ა–ამ, ე.გ–ძემ, ი.ა–ძემ, ხ.დ–ვამ, ნ.გ–ძემ, ნ.ხ–მა და მ.ო–ძემ სარჩელით მიმართეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ნ.შ–ძის, ლ.მ–ის, ფ.ლ–ძის, რ.დ–ძის და შპს „ჩ.ს. ბ.ს.ს–ის“ მიმართ, შპს „ჩ.ს. ბ.ს.ს–ის“ პარტნიორთა 2019 წლის 10 აპრილის საერთო კრების №8 ოქმის ბათილად ცნობის მოთხოვნით (ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 8 ივლისის განჩინებით საქმის წარმოება შეწყდა ე.გ–ძის, მ.ბ–ძის, მ.მ–ასა და მ.ც–ძის მოთხოვნების ნაწილში).
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 ივლისის საოქმო განჩინებით ზემოაღნიშნული სარჩელების საფუძველზე დაწყებული სამოქალაქო საქმეები გაერთიანდა ერთ წარმოებად.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ.პ–ძის, მ.ბ–ძის, ც.ჟ–ის, ლ.ჭ–ას, ც.დ–ძის, მ.ც–ძის, ნ.ხ–ის, ნ.ქ–ას, ნ.მ–ძის, შ.მ–ას, გ.კ–ძის, თ.კ–ძის, მ.მ–ას, ზ.ა–ას, ე.გ–ძის, რ.კ–ძის, ი.ა–ძის, ხ.დ–ვას, ნ.გ–ძის, მ.ო–ძის და ნ.მ–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; ნ.შ–ძის სარჩელი კი დაკმაყოფილდა; დადგინდა, რომ შპს „ჩ.ს. ბ.ს.ს–ის“ პარტნიორთა 2019 წლის 10 აპრილის საერთო კრების №8 ოქმის საფუძველზე მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრში კომპანიის დირექტორად უნდა დარეგისტრირდეს ნ.შ–ძე; ნ.შ–ძის, ფ.ლ–ძის, ლ.მ–ის, ხ.ვ–ძის და ნ.შ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი შპს „ჩ.ს. ბ.ს.ს–ის“ 2019 წლის 25 სექტემბრის პარტნიორთა საერთო კრების №9 ოქმი.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 19 ნოემბრის დამატებითი გადაწყვეტილებით კი მ.ც–ძეს, ნ.ქ–ას, მ.პ–ძეს, გ.კ–ძეს, თ.კ–ძეს, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ნ.შ–ძის სასარგებლოდ დაეკისრათ მხარის მიერ ადვოკატის მომსახურებისათვის გაღებული ხარჯის - 750 ლარის ანაზღაურება.
აღნიშნული გადაწყვეტილებები სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ.პ–ძემ, მ.ბ–ძემ, ლ.ჭ–ამ, ც.დ–ძემ, ნ.ქ–ამ, მ.მ–მა, ნ.მ–მა, მ.ც–ძემ, ც.ჟ–მა, ნ.მ–ძემ, შ.მ–ამ, მ.მ–იამ, ზ.ა–ამ, ე.გ–ძემ, ი.ა–ძემ, ხ.დ–ვამ, ნ.გ–ძემ, ნ.ხ–მა და მ.ო–ძემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 23 მაისის განჩინებით ი.ა–ძის, მ.ბ–ძის, ც.ჟ–ის, ლ.ჭ–ას, ც.დ–ძის, ნ.გ–ძის, ხ.დ–ვას, შ.მ–ას, ნ.ხ–ის, ნ.ქ–ას, მ.მ–ას, ნ.მ–ძის, მ.მ–ის, ზ.ა–ას, მ.ო–ძის, ე.გ–ძის, ნ.მ–ის უფლებამონაცვლედ, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან 2022 წლის 4 აპრილის მდგომარეობით წარდგენილი ამონაწერის საფუძველზე, ცნობილ იქნა მ.პ–ძე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება მ.პ–ძემ საკასაციო წესით გაასაჩივრა.
კასატორი აღნიშნავს, რომ კომპანიის დირექტორად ნ.შ–ძის არჩევა მოხდა უკანონოდ, ვინაიდან პარტნიორთა კრება არ მოწვეულა და არ ჩატარებულა (არ დგინდება კრების მომწვევი სუბიექტი, კრების ჩატარების ადგილი, დღის წესრიგი, კრების მოწვევის დრო, პარტნიორთა ინფორმირება, დამსწრეთა ვინაობა).
რაც შეეხება კასატორის ინიციატივით ჩატარებულ კრებას, მან კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით მოიწვია კრება (კრების მოწვევის შესახებ განაცხადა კონფერენციაზე) და მიიღო გადაწყვეტილება დირექტორად ჯ.უ–ძის დანიშვნის თაობაზე.
კასატორი დამატებით აღნიშნავს, რომ სასამართლომ არასათანადო მტკიცებულებების საფუძველზე დააკისრა მ.პ–ძეს ნ.შ–ძის სასარგებლოდ იურიდიული მომსახურების ხარჯი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 22 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო, საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ მ.პ–ძის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს კომპანიის პარტნიორთა კრების ოქმების კანონიერება.
საკასაციო პალატა მიუთითებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი) მე-3 მუხლის მე-41 პუნქტზე, რომლის თანახმად, პარტნიორები დებენ შეთანხმებას (წესდებას), რომლის საფუძველზედაც წესრიგდება საწარმოს საქმიანობასთან ან/და პარტნიორების ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები. ამავე კანონის 46-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პარტნიორთა უფლება-მოვალეობები და წილების თავდაპირველი განაწილების წესი განისაზღვრება საწარმოს წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით).
ამავე საკანონმდებლო აქტის 91 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, თუ ამ კანონით ან საწარმოს წესდებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, პარტნიორთა საერთო კრების მოწვევის, ჩატარების წესი და მისი კომპეტენცია განისაზღვრება ამ მუხლით დადგენილი წესების მიხედვით; ხოლო მე-2 პუნქტის შესაბამისად, პარტნიორთა საერთო კრება ტარდება წელიწადში ერთხელ მაინც. საწარმოს ყოველ პარტნიორს, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების შემთხვევაში – დირექტორსაც, შეუძლია ერთი კვირის ვადაში მოიწვიოს პარტნიორთა საერთო კრება ყველა პარტნიორისათვის დაზღვეული წერილის გაგზავნით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებით, რომელიც იძლევა ადრესატის მიერ ინფორმაციის მიღების დადასტურების საშუალებას. წერილი უნდა შეიცავდეს დღის წესრიგის პროექტს. მოწვევის მიღებიდან 3 დღის ვადაში პარტნიორებს შეუძლიათ დღის წესრიგში დამატებათა შეტანა. კრება გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება (ესწრებიან) ხმების უმრავლესობის მქონე პარტნიორი (პარტნიორები). კრება გადაწყვეტილებებს იღებს დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. თუ კრება არ არის გადაწყვეტილებაუნარიანი, მაშინ კრების მომწვევს შეუძლია იმავე წესითა და იმავე დღის წესრიგით ხელახლა მოიწვიოს კრება. მეორე კრება გადაწყვეტილებაუნარიანია მაშინაც კი, თუ მასზე არ გამოცხადდება (გამოცხადდებიან) ხმების უმრავლესობის მქონე პარტნიორი (პარტნიორები). ნორმის მე-9 პუნქტის მიხედვით, საზოგადოების წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს გადაწყვეტილების მიღებას კრების მონაწილეთა ხმების უმრავლესობით, თუ ეს კანონი არ განსაზღვრავს გადაწყვეტილების მიღებას ერთხმად და თუ ამ გადაწყვეტილების შინაარსი არ ქმნის არათანაბარ მდგომარეობას რომელიმე პარტნიორისათვის ანდა არ ხელყოფს პარტნიორის არსებით ინტერესებს. ამასთან, იმავე მუხლის მე-6 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, სწორედ კრება იღებს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში დირექტორის დანიშვნისა და გამოწვევის შესახებ გადაწყვეტილებას.
დადგენილია, რომ შპს „ჩ.ს. ბ.ს.ს–ის“ წესდება სწორედ ზემოთ მითითებულ, საკანონმდებლო დანაწესებს იმეორებს. ამრიგად, დირექტორის დასანიშნად სათანადო წესით უნდა იქნეს მოწვეული პარტნიორთა კრება, რომელიც გადაწყვეტილებაუნარიანი იქნება ხმების უმრავლესობის მქონე პარტნიორთა დასწრების შემთხვევაში, დირექტორის ასარჩევად კი კრების მონაწილეთა ხმების უმრავლესობის მიღებაა საჭირო.
საკასაციო პალატა, სადავო შემთხვევაში კრების ჩატარებისა და მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმებისას, ყურადღებას გაამახვილებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლიდან გამომდინარე, სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის:
- შპს „ჩ.ს. ბ.ს.ს–ს“ ჰყავდა 187 პარტნიორი;
- 2019 წლის 10 აპრილს ჩატარდა პარტნიორთა საერთო კრება, რომელსაც არ ესწრებოდა 31 პარტნიორი;
- კრების გადაწყვეტილებით დირექტორის პოზიციიდან გათავისუფლდა ჯ.უ–ძე და მონაწილეთა ხმების უმრავლესობით ახალ დირექტორად დაინიშნა ნ.შ–ძე;
- კრების თაობაზე (დღის წესრიგის შესახებ) ინფორმაცია გაიგზავნა მოკლე ტექსტური შეტყობინებებით, ასევე, გამოქვეყნდა სოციალურ ქსელში.
საკასაციო პალატა, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ საქმეზე დადგენილია კრების მოწვევის წესის დაცვა, კრების გადაწყვეტილებაუნარიანობა და დირექტორის დასანიშნად საკმარისი ხმების მოპოვება. კასატორმა კი ვერ წარმოადგინა დასაბუთებული პრეტენზია და სათანადო მტკიცებულებები კრების მოწვევისა და ჩატარების უკანონობასთან დაკავშირებით, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც თავდაპირველი 21 მოსარჩელიდან კრებას მხოლოდ 9 პარტნიორი არ ესწრებოდა, მოსარჩელეებს არ დაუფიქსირებიათ, რომ მოკლე ტექსტური შეტყობინებები არ მიუღიათ, კენჭისყრაში მონაწილე ყველა პარტნიორმა საკუთარი პოზიცია დააფიქსირა რეესტრში კრების ოქმზე ხელმოწერით და სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობის გაცემით. ჩამოთვლილი გარემოებები, ასევე, ადასტურებს დამატებით, რომ პარტნიორები ინფორმირებულნი იყვნენ კრების ჩატარების თაობაზე და გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ხმათა შესაბამისი ოდენობით. ამდენად, დირექტორად ნ.შ–ძის დანიშვნა მოხდა კანონიერად და საკითხი სააპელაციო სასამართლომ მართებულად შეაფასა.
რაც შეეხება კასატორის ინიციატივით მოწვეული კრების ოქმის კანონიერებას, დადგენილია, რომ მ.პ–ძემ 2019 წლის 25 სექტემბერს ჩაატარა კრება, როგორც „განმეორებითი“ და ერთპიროვნულად მიიღო გადაწყვეტილება დირექტორად ჯ.უ–ძის დანიშვნის თაობაზე. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ ვინაიდან მ.პ–ძემ ვერ დაადასტურა კრებაზე პარტნიორთა მოწვევა და მხოლოდ მას გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისი ხმები არ გააჩნდა, კასატორის მიერ ჩატარებულ კრებაზე მიღებული გადაწყვეტილება უკანონოა და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის საფუძველზე.
ადვოკატის ხარჯის დაკისრებასთან დაკავშირებით კი, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. იმავე კოდექსის 37-ე მუხლიდან გამომდინარე კი, ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები პროცესის ხარჯებს მიეკუთვნება. შესაბამისად, ნ.შ–ძის მოთხოვნათა დაკმაყოფილების პირობებში, მის მიერ ადვოკატის მომსახურებისთვის ხარჯის გაწევის დადასტურების გათვალისწინებით, არსებობდა მოპასუხეთათვის მოსარჩელის მიერ იურიდიული მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის დაკისრების წინაპირობები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი და წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულ, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, ვინაიდან: საქმე არ მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ასევე, არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი; სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული, საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა.
რაც შეეხება სახელმწიფო ბაჟის საკითხს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო, კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.პ–ძის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ივლისის განჩინება;
3. მ.პ–ძეს (პ/ნ ......) დაუბრუნდეს ს.ა–ის (პ/ნ .......) მიერ საკასაციო საჩივარზე 2022 წლის 12 დეკემბრის №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: გ. მიქაუტაძე
ლ. მიქაბერიძე