Facebook Twitter
საქმე №ას-1471-2022 28 აპრილი, 2023 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - მ.შ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - სს „ს.ბ–ი“

დავის საგანი - თანხის დაკისრება

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 2 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

აღწერილობითი ნაწილი:

სს „ს.ბ–მა“ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხის - მ.შ–ძის მიმართ, მოპასუხისთვის საკრედიტო ხელშეკრულების ძირი თანხის, სარგებლის, საკომისიოს და პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნით.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით - სს „ს.ბ–ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მ.შ–ძეს, დაეკისრა შემდეგი თანხის ხელშეკრულების ძირი თანხის - 19341.77 ლარის, სარგებლის - 2612.49 ლარის, საკომისიოს - 48 ლარის, პირგასამტეხლოს - 2000 ლარის გადახდა; მოპასუხეს ასევე დაეკისრა სარჩელის აღძვრიდან, 2018 წლის 20 დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველწლიურად სესხის ძირი თანხის 19341.77 ლარის 24%-ის (სარგებლის სახით) და ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის ძირი თანხის 19341.77 ლარის 0.03 %-ის (პირგასამტეხლოს ნაწილის სახით) გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მ.შ–ძემ სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 2 მარტის განჩინებით მ.შ–ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება მ.შ–ძემ საკასაციო წესით გაასაჩივრა.

კასატორი აღნიშნავს, რომ მისი ფულადი ვალდებულების ოდენობა არასწორადაა გამოანგარიშებული და მას 8000 ლარით ნაკლები თანხის გადახდის ვალდებულება აქვს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო, საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ მ.შ–ძის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს მხარეთა შორის კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხის, სარგებლის და პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულების წინაპირობების არსებობა წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლზე, რომლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. იმავე კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი, ხოლო 361-ე მუხლით მეორე ნაწილის შესაბამისად ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი სადავოდ ხდის მის მიმართ არსებული ვალდებულების მოცულობას და მიუთითებს, რომ მას 8000 ლარით ნაკლები ფულადი ვალდებულება აქვს.

სადავო სასესხო ვალდებულების არსებობის ფაქტის დადასტურების შეფასების კუთხით, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს უზენაეს სასამართლოში საქმის განხილვის თავისებურებებზე, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის:

- 2017 წლის 3 მაისს, სს ,,ს.ბ–სა“ და მ.ფ–ძეს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მ.ფ–ძეზე გაიცა სესხი 40000 ლარის ოდენობით, 120 თვის ვადით, სარგებლის სახით წლიური 24%-ის დარიცხვის პირობით. შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით, მსესხებელს ყოველთვიურად უნდა გადაეხადა 891 ლარი (ზოგ თვეში მეტი ან ნაკლები);

- 2017 წლის 3 მაისის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლოს გადახდა, კერძოდ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მ.ფ–ძეს გადასახდელად დაერიცხება ჯარიმა დავალიანების 1.5%-ის ოდენობით. სესხი უნდა დაფარულიყო მხარეთა მიერ შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით. სესხის უზრუნველსაყოფად მხარეებს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება (მის: ბათუმი, ....., ს/კ …….);

- მოპასუხემ 2018 წლის 15 თებერვალს გადაიხადა 20000 ლარი. გადახდილი თანხიდან 19698.73 ლარით დაიფარა სესხის ძირი თანხის ნაწილი და გადასახდელი ძირი თანხა დარჩა 19631 ლარი. მოპასუხემ 2018 წლის 2 თებერვლის შემდეგ მარტის თვის გადასახადი გადააცილა, ასევე გადააცილა დანარჩენი თვეების გადასახდელები, ხოლო 2018 წლის ოქტომბრის შემდეგ საერთოდ შეწყვიტა გადასახადის გადახდა. მის მიერ ამ პერიოდში გადახდილი თანხა სრულადაა დაკლებული, როგორც პირგასამტეხლოს, ისე სარგებელს და ძირ თანხას.

- საქმეზე წარმოდგენილი გადახდის გრაფიკისა და სესხის დაფარვების ამონაწერის შესაბამისად დგინდება, რომ მოპასუხეს გადასახდელი აქვს ძირი თანხა 19341.77 ლარი და სარგებელი 2612.49 ლარი;

- მ.ფ–ძემ შეიცვალა გვარი. საქმის განხილვის მომენტისათვის ის გვარად შ–ძეა.

საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს სასესხო ურთიერთობებში მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების წესზე, კერძოდ გამსესხებლის (კრედიტის გამცემის) მტკიცების საგანს წარმოადგენს სესხის გადაცემის დადასტურება. რაც შეეხება სესხად აღებული თანხის გამსესხებლისთვის დაბრუნებას, ვალდებულების შესრულების თაობაზე დავის წარმოშობის შემთხვევაში, „მტკიცების ტვირთი მოვალეს აკისრია. მან უნდა დაამტკიცოს, რომ ვალდებულება შეასრულა და ამით ვალდებულება შეწყდა. მოვალეს ესაჭიროება სათანადო მტკიცებულება, რომ შეწყვეტის მიზნით ვალდებულების შესრულების ფაქტი დაამტკიცოს“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 14 ივლისის №ას-346-2021 განჩინება). ამასთან, მართალია, სესხის ხელშეკრულების მარეგულირებელი ნორმები არ უთითებს გადახდის სავალდებულო ფორმაზე, თუმცა, უზენაესი სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის დანაწესი. ხსენებული მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამრიგად, შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი წერილობითი ფორმით უნდა იქნეს შედგენილი, რათა დავის შემთხვევაში, გამოყენებულ იქნეს მოვალის მიერ, როგორც ვალდებულების შეწყვეტის დამადასტურებელი მტკიცებულება. მოვალემ უნდა წარმოადგინოს უნაღდო ან ნაღდი ანგარიშსწორების გზით თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 22 თებერვლის №ას-1755-2018, 2021 წლის 14 ივლისის №ას-346-2021 და 2021 წლის 29 სექტემბრის №ას-488-2021 განჩინებები). სადავო შემთხვევაში კი, მსესხებელმა ვერ დაადასტურა თანხის სადავო ნაწილის მოსარჩელისთვის დაბრუნების ფაქტი, კერძოდ, სასამართლოში წარმოდგენილი დოკუმენტაციით მოპასუხემ ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომ მას 8000 ლარით ნაკლები თანხის გადახდის ვალდებულება გააჩნია, აღნიშნული კი, დავის მის სასარგებლოდ გადაწყვეტას გამორიცხავდა, როგორც ძირი თანხის, ასევე სარგებლის და საკომისიო საფასურის ნაწილში.

რაც შეეხება სასამართლოს მიერ მ.შ–ძის სასარგებლოდ შეთანხმებული პირგასამტეხლოს შემცირებას, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით გათვალისწინებული მოწესრიგება სრულად შეესაბამება პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე სასამართლოს მყარად დადგენილ პრაქტიკას (მათ შორის, იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 25 მარტის №ას-186-2021, 2021 წლის 28 იანვრის №ას-1281-2020 და 2020 წლის 24 დეკემბრის №ას-947-2019 განჩინებები).

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი, მოპასუხეს მართებულად დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ სესხის ხელშეკრულების გადაუხდელი თანხის ანაზღაურება და წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულ, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, ვინაიდან: საქმე არ მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ასევე, არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი; სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული, საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, კასატორი „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.შ–ძის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 2 მარტის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე

გ. მიქაუტაძე