საქმე №ას-1192-2022 20 აპრილი, 2023 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები:ზურაბ ძლიერიშვილი,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვა
სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე
კასატორები - შ.დ–ი, თ.დ–ი (მოპასუხეები)
წარმომადგენელი - თ.კ–კი
მოწინააღმდეგე მხარე – შპს "მ.კ.ჯ. m. c. g.”" (მოსარჩელე)
წარმომადგენელი - ა.გ–ნი, ო.კ–ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – შუამავლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით შპს „მ.კ.ჯ. m. c. g.””-ს (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი ან კომპანია) სარჩელი შ.დ–ისა (შემდეგში: პირველი მოპასუხე ან პირველი კასატორი) და თ.დ–ის (შემდეგში: მეორე მოპასუხე ან მეორე კასატორი) წინააღმდეგ, შუამავლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილება იქნა მიღებული; მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად 35 400 (ოცდათხუთმეტი ათას ოთხასი) ლარის გადახდა დაეკისრათ.
3. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. ქ. თბილისში, …… (ს/კ N ……..) მდებარე უძრავი ქონება საკუთრების უფლებით ირიცხებოდა მეორე მოპასუხის სახელზე;
3.2. მეორე მოპასუხესა და შპს „ა.ა. ა–ბს“ შორის, 2019 წლის 30 აგვისტოს, გაფორმდა უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად მეორე მოპასუხემ ზემოაღნიშნული უძრავი ქონება საკუთრებაში გადასცა მყიდველს;
3.3. 2020 წლის 27 იანვრის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, მყიდველი შპს „ა.ა. ა–ები“ საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა მეორე მოპასუხისაგან შეძენილი უძრავი ქონების მესაკუთრედ. ნასყიდობის საგნის ღირებულება 1 180 000 ლარით განისაზღვრა;
3.4. მოსარჩელის მტკიცებით, მას საშუამავლო ხელშეკრულებიდან გამომდინარე შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების მოთხოვნის უფლება აქვს. მოსარჩელე უთითებს მასსა და პირველ მოპასუხეს შორის შუამავლობის სამართლებრივ ურთიერთობაზე (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 744-ე მუხლი);
3.5. მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის შედგა შეთანხმება, რომლის თანახმად, პირველმა მოპასუხემ დაავალა მოსარჩელეს დედამისის - მეორე მოპასუხის კუთვნილი უძრავი ქონების, მდებარე, ქ. თბილისში, ….., ს/კ N …., გასასხვისებლად შემძენის მოძიება და მასთან ხელშეკრულების დადება. ამასთან, მოსარჩელის მიერ მოძიებულ პირთან ხელშეკრულების დადება პირველ მოპასუხეს მომსახურების საფასურის ანაზღაურების ვალდებულებას წარმოუშობდა;
3.6. სსკ-ის 744-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვას ჰპირდება გასამრჯელოს ხელშეკრულების დასადებად გაწეული შუამავლობისათვის, ვალდებულია გადაიხადოს ეს გასამრჯელო მხოლოდ მაშინ, თუ ხელშეკრულება ამ შუამავლობის შედეგად დაიდო. თუ ხელშეკრულება იდება გადადების პირობით, გასამრჯელო შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ ამ პირობის დადგომის შემდეგ. თუ გასამრჯელოს ოდენობა განსაზღვრული არ არის, შეთანხმებულად ითვლება ჩვეულებრივ მოქმედი გასამრჯელო. შემკვეთის საზიანოდ ამ მუხლის პირველი და მე-2 წინადადებებისაგან განსხვავებულად დადებული შეთანხმება ბათილია;
3.7. სააპელაციო სასამართლომ მოცემული დავა შუამავლობის სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმების საფუძველზე შეაფასა. აპელანტმა (მოსარჩელემ) პირველ მოპასუხესთან შეთანხმების არსებობის დასადასტურებლად წარადგინა მასთან „ვაიბერით“ მიმოწერა და ხელშეკრულების პროექტი. „ვაიბერის“ მიმოწერის მიხედვით, მოსარჩელის წარმომადგენელმა პირველ მოპასუხეს გაუგზავნა სააგენტოსთან თანამშრომლობის ხელშეკრულების პროექტი, რომლის სახელწოდება იყო - საშუამავლო მომსახურების ხელშეკრულება; საგანი - უძრავი ქონების სააგენტოს მიერ შემკვეთის კუთვნილი ქონების გაყიდვის შესახებ ინფორმაციის გავრცელება და ქონების ყიდვის მსურველ პირთა მოძიება-შერჩევა. საშუამავლო გასამრჯელოდ მითითებული იყო ქონების ღირებულების 3%, რომელიც შემკვეთის მიერ გადახდილი იქნებოდა უძრავი ქონების სააგენტოს მიერ მოძიებულ პირთან ან/და მის ოჯახის წევრთან ნასყიდობის ხელშეკრულების დადების შემთხვევაში. პირველმა მოპასუხემ დაადასტურა საზღაურის გადახდის ვალდებულება 3 %-ის ოდენობით;
3.8. საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ განჩინებაში მიუთითა, რომ სამოქალაქო სამართლით განმტკიცებული მხარეთა ავტონომიურობის პრინციპი ყველაზე ნათლად ხელშეკრულების თავისუფლებაში გამოიხატება. ხელშეკრულების თავისუფლება ეფუძნება მხარეთა სურვილს, დაამყარონ კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობა. ხელშეკრულების თავისუფლება ორი ნაწილისაგან შედგება: ა) ხელშეკრულების დადების თავისუფლება; ბ) ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლება. ხელშეკრულების შინაარსის თავისუფალი განსაზღვრა გულისხმობს იმასაც, რომ სსკ-ის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-2 წინადადების მიხედვით, „კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას“. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსით განმტკიცებული ხელშეკრულების სახეები არ არის ამომწურავი. ხელშეკრულების მხარეებს, როგორც წესი, უფლება აქვთ, დამოუკიდებლად აირჩიონ ხელშეკრულების ტიპიც და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულების შინაარსი (იხ: სერგი ჯორბენაძე, ხელშეკრულების თავისუფლება სამოქალაქო სამართალში, თბილისი, 2017, გვ. 103; შეად.სუსგ. Nას-405-2021; 29.06.2021 წ.);
3.9. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო გარემოება და აქედან გამომდინარე იურიდიული კვალიფიკაცია იმის თაობაზე, რომ იმ პირობებში, როდესაც პირველი მოპასუხე არ წარმოადგენდა გასაყიდი უძრავი ქონების მესაკუთრეს, მასსა და მოსარჩელეს შორის წარმოიშვა დავალების სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომლის მიხედვით, პირველმა მოპასუხემ დაავალა მოსარჩელეს დედამისის - მეორე მოპასუხის კუთვნილი უძრავი ქონების, მდებარე, ქ. თბილისში, ……., ს/კ N ……, გასასხვისებლად შემძენის მოძიება და მასთან ხელშეკრულების დადება;
3.10. სსკ-ის 709-ე მუხლის თანახმად დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია, შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე. შუამავალი (აპელანტი) თავისი ვალდებულების შესრულებისას არ მოქმედებს შემკვეთის სახელით, მისი მთავარი დანიშნულება მესამე პირამდე იმ ძირითადი ინფორმაციის მიტანაა, რომლის საფუძველზეც შემკვეთსა და მესამე პირს შორის ძირითადი ხელშეკრულება უნდა დაიდოს (შდრ. სსკ-ის 744-ე მუხლის კომენტარი, www.gccc.ge, ბოლო დამუშავება : 07.03.2016 წ.). სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, წინამდებარე საქმეზე დადგენილია, რომ აპელანტი ახორციელებს საშუამავლო მომსახურებას, რომლის ფარგლებშიც კისრულობს უძრავი ქონების შეძენითა და გასხვისებით დაინტერესებულ პირებს შორის შუამავლობას, საკუთარი რესურსით უზრუნველყოფს გასასხვისებელი უძრავი ქონების რეკლამირებას, მისი შეძენით დაინტერესებული პირების მოძიებასა და მესაკუთრესთან დაკავშირებას; ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე/აპელანტი შემკვეთის სახელითა და ხარჯზე არ მოქმედებდა, ამიტომ დავალების ხელშეკრულებისათვის არსებითი დამახასიათებელი ნიშანი ზემოაღნიშნულ გარიგებას არ გააჩნია, შესაბამისად, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება დავალებად არ მიიჩნევა;
3.11. რაც შეეხება პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ ვინაიდან პირველი მოპასუხე არ წარმოადგენდა გასაყიდი უძრავი ქონების მესაკუთრეს, ამიტომ მასსა და მოსარჩელეს შორის წარმოიშვა დავალების სახელშეკრულებო ურთიერთობა და არა - შუამავლობა, სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია და არ გაიზიარა. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ სახელშეკრულებო ურთიერთობაში პირველი მოპასუხე შესაძლებელია განხილულ იქნეს წარმომადგენლად, ხოლო ქონების მესაკუთრე - მეორე მოპასუხე - წარმოდგენილ პირად;
3.12. სსკ-ის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გარიგება შეიძლება დაიდოს წარმომადგენლის მეშვეობითაც. წარმომადგენლის უფლებამოსილება ან კანონიდან გამომდინარეობს ანდა წარმოიშობა დავალების (მინდობილობის) საფუძველზე. ამავე კოდექსის, 107-ე მუხლის მიხედვით, (1) უფლებამოსილების (რწმუნებულების) მიცემა ხდება რწმუნებულის ან იმ მესამე პირის მიმართ ნების გამოვლენით, რომელთანაც უნდა შედგეს წარმომადგენლობა; (2) ნების გამოვლენას არ სჭირდება ის ფორმა, რომელიც აუცილებელია იმ გარიგების დასადებად, რომლისთვისაც გაცემულია უფლებამოსილება. ეს წესი არ გამოიყენება მაშინ, როდესაც დადგენილია სპეციალური ფორმა;
3.13. სსკ-ის 104-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, (1) იმ გარიგებით, რომელსაც წარმომადგენელი დებს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, და იმ პირის სახელით, რომელსაც იგი წარმოადგენს, უფლებები და მოვალეობები წარმოეშობა მხოლოდ წარმოდგენილ პირს; (2) თუ გარიგება დადებულია სხვა პირის სახელით, მაშინ წარმომადგენლობითი უფლების არარსებობა არ შეიძლება გამოიყენოს გარიგების მეორე მხარემ, თუკი წარმოდგენილმა ისეთი გარემოებები შექმნა, რომ გარიგების მეორე მხარეს კეთილსინდისიერად ეგონა ასეთი უფლებამოსილების არსებობა; (3) თუ გარიგების დადებისას წარმომადგენელი არ მიუთითებს თავის წარმომადგენლობით უფლებამოსილებაზე, მაშინ გარიგება წარმოშობს შედეგებს უშუალოდ წარმოდგენილი პირისათვის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მეორე მხარეს უნდა ევარაუდა წარმომადგენლობის შესახებ. იგივე წესი მოქმედებს მაშინაც, როცა მეორე მხარისათვის სულ ერთია, ვისთან დადებს გარიგებას;
3.14. ზემოაღნიშნულ მსჯელობას ამყარებს მეორე მოპასუხის განმარტება - მისთვის ცნობილი იყო ის ფაქტი, რომ პირველი მოპასუხე დათანხმდა მის საკუთრებად რიცხული უძრავი ქონების ფოტოების მოსარჩელის ვებ-გვერდზე განთავსებას. მეორე მოპასუხეს ასევე ჰქონდა ინფორმაცია მის მეუღლესთან - ზ.დ–თან მოსარჩელე მხარის კომუნიკაციის შესახებ. ამდენად, საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ პირველი მოპასუხე მოქმედებდა მეორე მოპასუხის (ქონების მესაკუთრის) ინტერესებისთვის, რომელიც ეთანხმებოდა საშუამავლო ხელშეკრულების პირობებს და მისთვის, სულ მცირე, ცნობილი იყო უძრავი ქონების გაყიდვის მიზნით პირველი მოპასუხის მიერ განხორციელებული ქმედებები;
3.15. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ სადავო გარემოება იმის შესახებ, რომ მეორე მოპასუხის კუთვნილი უძრავი ქონება არ გაუყიდია მოსარჩელის მიერ გაწეული საშუამავლო მომსახურების ფარგლებში;
3.16. სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლობის მოტივით არ გაიზიარა, მოწინააღმდეგე მხარის (პირველი მოპასუხის) მტკიცება იმასთან დაკავშირებით, რომ მოდავე მხარეებს შორის არ შემდგარა საშუამავლო შეთანხმება/ხელშეკრულება და მეორე მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მყიდველის მოძიება არ მომხდარა მოსარჩელის დახმარებით, მისი კუთვნილი ვებ-გვერდიდან;
3.17. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ წინამდებარე საქმეში, ვინაიდან შუამავლის სასარჩელო მოთხოვნა ემყარება მის მიერ ვალდებულების შესრულების ფაქტს, ამ გარემოების მტკიცების ტვირთი სწორედ მას ეკისრებოდა;
3.18. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საშუამავლო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება მოითხოვს: სხვადასხვა პირთან ურთიერთობას, მოლაპარაკებების წარმოებას, შეხვედრების ორგანიზებას, რაც გარკვეული მატერიალური მტკიცებულებების შექმნასთან არის დაკავშირებული, განსაკუთრებით კი იმ გარემოების გათვალისწინებით, როდესაც საკითხი ეხება უძრავ ქონებას. შუამავალმა სასამართლოს წარუდგინა მტკიცებულებები იმის დასადასტურებლად, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი მოქმედებები განახორციელა;
3.19. სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივი დასაბუთებისას იხელმძღვანელა სსკ-ის 317-ე, 477-ე და 744-ე მუხლებით და განმარტა, რომ გასამრჯელოს/საზღაურის გადახდა დამოკიდებულია შუამავლობის შედეგად ხელშეკრულების დადებაზე ან გარკვეული სამუშაოს შესრულებაზე. თუ ეს გარემოებები სახეზე არ არის, მაშინ არც თანხის გადახდის ვალდებულება არ წარმოიშობა. ვინაიდან, საქმის მასალებით დასტურდება შუამავლის მიერ საშუამავლო ვალდებულებების შესრულება, შესაბამისად, არსებობს საზღაურის ანაზღაურების ვალდებულებაც;
3.20. სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლივად შეფასება ერთმნიშვნელოვნად იძლეოდა იმ გარემოების დადგენის შესაძლებლობას, რომ, (1) ერთი მხრივ, მოსარჩელესა (აპელანტს) და, მეორე მხრივ, პირველ მოპასუხესა და მეორე მოპასუხეს შორის დაიდო საშუამავლო მომსახურების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეებმა სოლიდარულად იკისრეს ვალდებულება მოსარჩელის სასარგებლოდ გადაეხადათ საშუამავლო გასამრჯელო უძრავი ქონების ღირებულების 3%-ის ოდენობით, აპელანტი კომპანიის მიერ მოძიებულ პირთან ან მისი ოჯახის წევრთან ნასყიდობის ხელშეკრულების დადების შემთხვევაში; (2) ქ. თბილისი, …….. მისამართზე მდებარე უძრავ ქონებაზე (ს/კ …..) ნასყიდობის ხელშეკრულება შპს „ა. ა. ას–ებსა" და მეორე მოპასუხეს შორის აპელანტის მიერ გაწეული საშუამავლო მომსახურების შედეგად დაიდო;
3.21. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება მიაქცია საქმეში წარდგენილ ვიდეო ჩანაწერს, მხარეთა შორის არსებულ „ვაიბერის“ მიმოწერას, სატელეფონო ზარების ამონაწერს და მოწმეთა ჩვენებებს: მოწმის სახით დაკითხული დ.მ–ძის ჩვენებით დასტურდება ის გარემოება, რომ ა.ი–სა და თ.მ–ს სურდათ უძრავი ქონების შეძენა შპს „ა. ა. ა–ბის" სახელით და შეძენის მიზნით, მოწმემ გადაიყვანა ა.ი–ი და თ.მ–ი მოსარჩელე კომპანიის ოფისში (იხ. 30.09.20 სხდომის ოქმი 16:55:10-დან); დ.მ–ძის ჩვენებით ასევე დგინდება ის გარემოება, რომ თ.მ–ისა და შპს ,,ა. ა. ა–ბის" დირექტორის - ა.ი–ის მოსარჩელის ოფისში ვიზიტის დროს კომპანიის წარმომადგენელმა აჩვენა მათ და შესთავაზა მოსარჩელის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული მეორე მოპასუხის კუთვნილი ქ. თბილისი, …… მისამართზე მდებარე უძრავი ქონება (ს/კ ……) შეძენის ვარიანტად (იხ. 30.09.20 სხდომის ოქმი 16:56:40-დან). გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მოწმის სახით დაკითხული გ.გ–ის ჩვენებიდან დგინდება, რომ თ. მ–ისა და ა. ი–ის (შპს „ა. ა. ა–ების" დირექტორის) ოფისში ვიზიტისას მათ მოსარჩელის მიერ მიეწოდა ინფორმაცია მეორე მოპასუხის კუთვნილი ქ. თბილისი, …… მისამართზე მდებარე უძრავი ქონების შესახებ, მათ შორის, რუკაზე დასმულ იქნა ლოკაციაც (იხ. 30.09.20 სხდომის ოქმი 16:17:45-დან). მოწმე გ.გ–ისა და დ.მ–ძის მიერ დადასტურებულ იქნა ის გარემოებაც, რომ უძრავი ქონების სააგენტოს მიერ ინფორმაციის მიწოდებამდე თ.მ–სა და ა.ი–ს არ ჰქონდათ ინფორმაცია აღნიშნული უძრავი ქონების შესახებ. აპელანტის განმარტებით, თ.მ–ისა და ა.ი–ის ვიზიტის პერიოდში, კომპანიის წარმომადგენელი არაერთხელ დაუკავშირდა პირველ მოპასუხეს და მეორე მოპასუხის მეუღლეს - ზ.დ–ს, რაც მიზნად ისახავდა უძრავი ქონების სარეალიზაციო პირობების, მათ შორის, ნასყიდობის ფასის შემცირების შეთანხმებას, ზემოაღნიშნული უძრავი ქონების დათვალიერების ორგანიზებას თ.მ–ისა და ა.ი–ის, როგორც შპს „ა. ა. ა–ბის" უფლებამოსილი პირების მიერ; მოსარჩელის მეშვეობით, უძრავი ქონების შეძენის შემთხვევაში ფართის დაცლისა და შემძენისთვის გადაცემის პირობების შეთანხმებას (იხ. 30.09.20 სხდომის ოქმი 16:15:30-დან, 16:27:58-დან, 16:57:30-დან). ის გარემოება, რომ თ.მ–ისა და ა.ი–ის სააგენტოს ოფისში ვიზიტის დროს არაერთხელ განხორციელდა კომუნიკაცია მოპასუხე მხარესთან დასტურდება საქმეში წარდგენილი ვიდეო-ჩანაწერით, მოწმე გ.გ–ისა და დ.მ–ძის ჩვენებებით და სატელეფონო ზარების ამონაწერით;
3.22. სააპელაციო სასამართლომ დასაბუთებულად მიიჩნია აპელანტი კომპანიის განმარტება, რომ შპს „ა. ა. ა–ები", აპელანტი კომპანიის წარმომადგენლის მიერ, მეორე მოპასუხის კუთვნილი უძრავი ქონების მოსარჩელის ვებ-გვერდზე ჩვენებისა და ინფორმაციის მიწოდების შედეგად დაინტერესდა ზემოაღნიშნული უძრავი ქონების შეძენით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მეორე დღეს კომპანიის წარმომადგენელს ჩვენება/დათვალიერების მიზნით უძრავ ქონებაში უნდა მიეყვანა თ.მ–ი და ა.ი–ი. გარდა ზეპირი სატელეფონო კომუნიკაციისა, პირველ მოპასუხეს „ვაიბერის“ მეშვეობით გადაეგზავნა უძრავი ქონების შეძენით დაინტერესებული პირის (მისი წარმომადგენლების) ვინაობა, შპს ,,ა. ა. ა–ბის" ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან, ამასთან, ეცნობა, რომ აღნიშნულ პირს გადაეცა ზუსტი ინფორმაცია (ლოკაცია, დასახელება, მისამართი) მეორე მოპასუხის კუთვნილ უძრავ ქონებაზე;
3.23. სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ საქმეში წარდგენილი მტკიცებულებები ადასტურებს, რომ მოსარჩელემ მოიძია შპს „ა. ა. ა–ები" მეორე მოპასუხის კუთვნილი უძრავი ქონების შესაძენად - მოსარჩელის შუამავლობით განხორციელდა მეორე მოპასუხესა და შპს „ა. ა. ა–ბის" დაკავშირება და მათ შორის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება. მეორე მოპასუხემ უძრავი ქონება გაყიდა მოსარჩელის შუამავლობით, რაც მოპასუხეთათვის საშუამავლო გასამრჯელოს სოლიდარულად დაკისრების საფუძველია;
3.24. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა აპელანტის განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ მითითებული სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის ელექტრონული ფორმით შედგა შეთანხმება საშუამავლო მომსახურების გაწევის შესახებ. პირველი მოპასუხე დაინტერესებული იყო დედამისის - მეორე მოპასუხის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების - სასტუმროს გასხვისებით, მდებარე: ქ. თბილისში, ……, ს/კ N ….. შესაბამისად, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა უძრავი ქონების სააგენტოს მიერ აღნიშნული უძრავი ქონების გაყიდვის შესახებ ინფორმაციის გავრცელება და ქონების ყიდვის მსურველი პირების მოძიება. მითითებული უძრავი ქონება 2019 წლის 29 ივლისს განთავსებდა სააგენტოს ვებ-გვერდზე WWW.MYCLIENT.GE, რომლის საშუალებითაც მოხდა უძრავი ქონების გაყიდვის შესახებ ინფორმაციის გავრცელება და ქონების ყიდვის მსურველ პირთა მოძიება-შერჩევა. პირველი მოპასუხის განმარტებით, იგი არ იმყოფებოდა თბილისში, რის გამოც ვერ შეძლებდა საშუამავლო მომსახურების ხელშეკრულებას წერილობით გაცნობოდა. შესაბამისად, მისი მოთხოვნით 2019 წლის 31 ივლისს მოსარჩელემ ელექტრონული ფორმით მიაწოდა საშუამავლო მომსახურების ხელშეკრულება და გააცნო მისი პირობები, რომელზედაც პირველმა მოპასუხემ თანხმობა განაცხადა. ამის შემდეგ, პირველ მოპასუხეს დაუკავშირდა მოსარჩელის (აპელანტის) წარმომადგენელი და მიაწოდა ინფორმაცია, რომ სააგენტოს მიერ მოძიებული იქნენ უძრავი ქონების შეძენით დაინტერესებული პირები, რომლებსაც წარმოადგენდნენ თ.მ–ი და მისი თანმხლები უცხოელი ინვესტორი და მათ მოსარჩელე მხარემ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა გასაყიდი უძრავი ქონების მახასიათებლების, ფასის, მესაკუთრისა და ადგილმდებარეობის შესახებ. მოსარჩელემ პირველ მოპასუხეს აცნობა, რომ მითითებული პირები დაინტერესებული იყვნენ უძრავი ქონების ადგილზე დათვალიერებით, რის გამოც შეთანხმდენენ შეხვედრის თაობაზე. გარდა ამისა, მოსარჩელე (აპელანტმა) კომპანიამ პირველ მოპასუხეს მიაწოდა ინფორმაცია იმ იურიდიული პირის შესახებ, რომელიც დაინტერესებული იყო გასაყიდი უძრავი ქონების შეძენით და შემდეგ ამ ფართში სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებით;
3.25. მიუხედავად იმისა, რომ დაინტერესებული პირის მიერ უძრავი ქონების შეძენა განხორციელდა სააგენტოს მიერ გაწეული საშუამავლო მომსახურების ფარგლებში, ნასყიდობის ხელშეკრულების დადება მეორე მოპასუხესა და შპს „ა. ა. ა–ებს“ შორის 2019 წლის 30 აგვისტოს განხორციელდა უძრავი ქონების სააგენტოს გვერდის ავლით, რაც შეთანხმების არსებით დარღვევას წარმოადგენს და მოპასუხეთა მხრიდან საშუამავლო მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ვალდებულებას წარმოშობს;
3.26. საქმეზე დადგენილია, რომ მეორე მოპასუხესა და შპს „ა. ა. ა–ბის“ წარმომადგენელს - ა.ი–ის შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, უძრავი ნივთის ნასყიდობის ღირებულებად განისაზღვრა 1 180 000 (ერთი მილიონ ასოთხმოცი ათასი) ლარი. საშუამავლო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების პირველი მუხლის 1.4 პუნქტის თანახმად, საშუამავლო გასამრჯელო შეადგენდა გაყიდული ქონების ღირებულების 3%-ს, რომელიც შემკვეთის მიერ გადახდილი იქნებოდა უძრავი ქონების სააგენტოს მიერ მოძიებულ პირთან ან/და მისი ოჯახის წევრთან ნასყიდობის ხელშეკრულების დადების შემთხვევაში. უძრავი ნივთის ნასყიდობის ღირებულებად განისაზღვრა 1 180 000 ლარი. ამდენად, საქმეზე უდავოდ დადგენილი გარემოებაა, რომ საშუამავლო მომსახურების ხელშეკრულების 1.4 პუნქტის შესაბამისად, საშუამავლო გასამრჯელოს ოდენობა მითითებული თანხის 3 პროცენტს - 35 400 ლარს შეადგენს, რაც მოსარჩელე კომპანიას მოპასუხეების მიერ სრულად უნდა აუნაზღაურდეს;
3.27. განსახილველ შემთხვევაში, წარდგენილ მტკიცებულებათა ერთობლივად შეფასებით სააპელაციო სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ აპელანტმა მისთვის კანონით დაკისრებული მტკიცების ტვირთი დაძლია, დაადასტურა საშუამავლო ხელშეკრულების დადება მოპასუხე მხარესთან, ასევე შუამავლის მიერ საშუამავლო ვალდებულების შესრულება, შესაბამისად, დაადასტურა საზღაურის ანაზღაურების ვალდებულების არსებობა, რაც შეეხება მოპასუხე მხარეს, მან სარჩელში/სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებების საპირისპირო მტკიცება ვერ განახორციელა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ, სააპელაციო საჩივარი დასაბუთებულად მიიჩნია და დაასკვნა, რომ უნდა დაკმაყოფილდეს მისი მოთხოვნა, აქედან გაამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღების გზით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება და, მოსარჩელის სასარგებლოდ, მოპასუხეებს სოლიდარულად 35 400 (ოცდათხუთმეტი ათას ოთხასი) ლარის გადახდა დაეკისრათ.
4. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
4.1. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა მოითხოვეს.
4.2. კასატორთა განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში უძრავი ქონების მესაკუთრესა და მოსარჩელეს შორის არ არსებობდა შეთანხმება საშუამავლო ხელშეკრულების დადების თაობაზე. მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის ურთიერთობა დავალების ხელშეკრულების საფუძველზე წარმოიშვა. მეორე მოპასუხემ კუთვნილი უძრავი ქონება მოსარჩელის შუამავლობის გარეშე გაყიდა, რის გამოც მოსარჩელეს ანაზღაურების მოთხოვნის უფლება არ წარმოშობია;
4.3. კასატორთა განმარტებით, მოსარჩელე ვერ ადასტურებს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების დადება მისი შუამავლობით განხორციელდა. ამისათვის მოწმეთა ჩვენება და ვიდეო ჩანაწერი საკმარისი არ არის, სააპელაციო სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა მოწმეთა ჩვენებები, რასაც შედეგად მოჰყვა არასწორი გადაწყვეტილების მიღება
4.4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 15 დეკემბრის განჩინებით მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად, ხოლო 2023 წლის 17 თებერვლის განჩინებით საკასაციო სასამართლომ არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნო მოპასუხეთა საკასაციო განაცხადი სსსკ-ის 391- ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნტის საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, მხარეთა ახსნა-განმარტებების ზეპირი განხივის შედეგად მოსმენის, შეფასებისა და საკასაციო საჩივრის სამართლებრივი დასაბუთებულობის არსებითი განხილვის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მოპასუხეთა საკასაციო განაცხადი დაუსაბუთებელია, არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
5. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). სსსკ-ის 410-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. მოცემულ შემთხვევაში „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოება გამოიკვეთა.
6. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში უთითებს, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას. საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში; მოთხოვნის საფუძველი სამოქალაქო სამართალში, ზოგადად არის სამართლის ის ნორმა, რომელიც დამოუკიდებლად ან სხვა მოთხოვნის საფუძვლებთან ერთობლიობაში აფუძნებს ამა თუ იმ მოთხოვნას ანუ სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა კონკრეტულ უფლება-მოვალეობებს (იხ. ბოელინგი/ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, მეორე გამოცემა, თბ., 2004, 38.) კერძო-სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების დანიშნულებაა ურთიერთობაში მონაწილე სუბიექტების უფლებების განსაზღვრა და მათი განხორციელების უზრუნველყოფა. მოთხოვნა უფლების რეალიზაციის კანონით გათვალისწინებული შესაძლებლობაა.
7. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნა პირის ნებას დაქვემდებარებული და სხვა პირისაკენ მიმართული უფლებაა, რომელიც მისი პროცესუალური განხორციელებისაგან მკვეთრად იმიჯნება. მოთხოვნა ძირითადად მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობის მატარებელია. მოთხოვნა, საპროცესო-სამართლებრივი გაგებით, ყოველთვის მიმართულია სასამართლო გადაწყვეტილების დადგომისაკენ. მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი არის სამართლის ნორმა, რომლის სამართლებრივი შედეგით გათვალისწინებულია სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის მიერ რაიმე მოქმედების განხორციელებისა თუ მოქმედების შესრულებისაგან თავის შეკავების ვალდებულება. თითოეული მოთხოვნის დამფუძნებელი სამართლის ნორმა განსაზღვრავს მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს, თუმცა მისი განმარტება და ფაქტობრივ გარემოებებზე მისადაგება სასამართლოს უფლებამოსილება. მოთხოვნის საფუძველი ორი ნაწილისაგან შედგება: ა) ნორმის შემადგენლობა, რომელიც მოიცავს ცალკეულ წინაპირობას და ბ) სამართლებრივი შედეგი, რომელიც კანონის საფუძველზე დადგება იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა ნორმის შემადგენლობით განსაზღვრული ყველა წინაპირობა.
8. მოთხოვნა და მოთხოვნის საფუძველი სხვადასხვა ცნებებია და მათი აღრევა არიდებული უნდა იქნეს. ამ გამიჯვნას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმის გათვალისწინებით, რომ მოთხოვნათა შორის არჩევანის უფლება, მოსარჩელის უფლებამოსილებაა, ხოლო მოსარჩელის მიერ წარდგენილი მოთხოვნის დამფუძნებელი მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველთა შორის ერთ-ერთის მისადაგება სასამართლოს უფლებამოსილება და ვალდებულებაცაა (იხ. ბოელინგი /ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, მეორე გამოცემა, თბ., 2004, 42.)
9. მოთხოვნის საფუძვლის (საფუძვლების) ძიებისას, სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ მისი მოთხოვნის შინაარსს. სასამართლომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, უნდა გაარკვიოს, თუ საიდან გამომდინარეობს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, სახელშეკრულებო შეთანხმებებიდან თუ სხვა ვალდებულებითი ურთიერთობებიდან.
10. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის განმსაზღვრელია სარჩელში მითითებული ფაქტები და გარემოებები. სარჩელის ინდივიდუალიზაცია სარჩელის ელემენტების მეშვეობითაა შესაძლებელი. სსსკ-ის მე-3, მე-4, 83-ე და 178-ე მუხლების ანალიზით შესაძლებელია, დავასკვნათ, რომ სარჩელი შედგება ორი ელემენტისგან: სარჩელის საგნისა და სარჩელის საფუძვლისგან. სარჩელის საგანია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისადმი (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი), ხოლო სარჩელის საფუძველი – კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი). მოსარჩელის სტადიის შემდეგ, სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოპასუხის სტადია, რაც მოსაჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების პასუხად შესაგებელში შედავებული გარემოებების კვალიფიციურობაზეა დამოკიდებული. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 2 მარტის დიდი პალატის გადაწყვეტილებაში (საქმეზე N ას-664-635-2016; პუნქტი 201) მითითებულია: „2007 წლის 28 დეკემბერს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების მიხედვითთ, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარდგენა სავალდებულო ხასიათს ატარებს (საქართველოს 28.12.2007წ.-ის კანონი N5669-სსმ), რაც იმაში გამოიხატება, რომ აღნიშნული საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობა მხარისათვის უარყოფით საპროცესოსამართლებრივ შედეგებს იწვევს. კერძოდ, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ითვლება შეუდავებლად და, შესაბამისად, დამტკიცებულად. სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შესაგებლის წარუდგენლობის ფაქტი თავისთავად განსაზღვრავს მტკიცების საგანს, რადგანაც მოსარჩელე თავისუფლდება სარჩელში მითითებული ფაქტების მტკიცებისაგან. აღნიშნული გარემოება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობაცაა. საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მოპასუხის მიერ კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება, კერძოდ, სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად ითვლება“.
11. ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება (სხვა მრავალთა შორის შეად. სუსგ-ებს: N ას- 475-2019, 15.04.2021წ; N ას-1065-2020, 08.04.2021წ; N ას- 338-2019, 22.03.2021წ; N ას-1102-2022, 6.12.2022წ; N ას-1529-2022, 1.03.2023წ.).
12. სსსკ-ის მე-3 მუხლის მიხედვით, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
13. მტკიცების ტვირთს აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან).
14. მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალნი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან (სხვა მრავალთა შორის შეად. სუსგ-ებს: N ას-1504-2022, 10.03.2023წ; N ას- 1112-2021, 2.03.2023წ; N ას-1382-2022, 1.03.2023წ.).
15. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან, თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არა, ესაა – სარჩელის საგანი (მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი), მოპასუხის შესაგებელი და შესაბამისი მატერიალურ სამართლებრივი ნორმა. მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი – მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადგინოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64).
16. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნა ეფუძნება შუამავლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხეთათვის გასამრჯელოს სოლიდარულად დაკისრებას.
17. საკასაციო სასამართლოს ზეპირ სხდომაზე გამოცხადებულ მხარეებს განემარტათ, რომ საკასაციო სასამართლოს მსჯელობისა და შეფასების საგანი იყო სწორედ შუამავლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება, რადგან საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოსეულ შეფასებას მხარეთა შორის შუამავლობის სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობის თაობაზე (იხ. წინამდებარე განჩინების 3.7 ქვეპუნქტი), შესაბამისად, საკასაციო პრეტენზიის შემოწმება და შეფასება მოხდა იმ ფარგლებში, რაც სააპელაციო სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა ერთობლივად გამოკვლევასა და მოწმეთა განმარტებების, კასატორი მხარის მტკიცებით, არასწორად შეფასებას უკავშირდება. ამ მიმართებით საკასაციო სასამართლომ მოისმინა არა მხოლოდ საკასაციო სასამართლოს სხდომაზე გამოცხადებულ მხარეთა მოსაზრებები, არამედ, პირველი ინსტანციის სასამართლოში მხარეთა მიერ დასახელებული და მოწვეული მოწმეების განმარტებები, რათა შეეფასებინა სასარჩელო მოთხოვნის დასაბუთებულობა სსკ-ის 744-ე მუხლით განსაზღვრული წინაპირობის საფუძველზე, კერძოდ, უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება სწორედ ამ შუამავლობის შედეგად რამდენად დაიდო, რაც წარმოშობს მოპასუხეთა ვალდებულებას გასამრჯელოს გადახდაზე.
18. საკასაციო სასამართლოს სხდომაზე გამოცხადებული მეორე მოპასუხის, რომელიც გაყიდული უძრავი ქონების ყოფილი მესაკუთრეა (იხ. წინამდებარე განჩინების პირველი პუნქტი და 3.1 ქვეპუნქტი) მიერ გამოხატული მოსაზრების თაობაზე, რომ მან არაფერი იცოდა მის შვილსა (რომელიც ამ დავაში პირველი მოპასუხეა /იხ. ამ, განჩინების პირველი პუნქტი/ და რომელიც ძირითადად თვითონ იმყოფებოდა კომუნიკაციაში საშუამავლო კომპანიასთან) და მოსარჩელე კომპანიას შორის რაიმე ურთიერთობისა და მათ მიერ გაცვლილი ინფორმაციის შესახებ, მხარეს საკასაციო სასამართლოს მიერ განემარტა, რომ ეს არ იყო კასატორისათვის სასარგებლო მტკიცება და ასეთი ფაქტობრივი გარემოებების პირობებში, თეორიულად, მეორე მოპასუხეს მოთხოვნის უფლებას პირველი მოპასუხისადმი წარმოუშობდა. საკასაციო სასამართლო აქვე იმასაც აღნიშნავს, რომ როგორც მეორე მოპასუხის მტკიცება, ისე პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა ძირითადად პირველ და მეორე მოპასუხეებს შორის დავალების ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამართლებრივი შედეგების კვლევას უკავშირდება, რაც მართებულად არ არის გაზიარებული სააპელაციო სასამართლოს მიერ. წინამდებარე საკასაციო საჩივრის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს შემოწმების ფაქტობრივი და პროცესუალური ფარგლები მითითებულია ამ განჩინების 5-17 პუნქტებში.
19. საკასაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოში 2021 წლის 5 მარტის სხდომაზე მოწვეულ მოწმეთა განმარტებები (ოქმის სრულად მოსმენის გზით) სხვა მტკიცებულებებთან ერთობლივად შეაფასა და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო სასამართლომ სავსებით მართებულად დაადგინა, რომ შპს „ა. ა. ა–ბსა“ და მეორე მოპასუხეს შორის, ამ უკანასკნელის კუთვნილ უძრავ ქონებაზე (იხ. წინამდებარე განჩინების 3.1-3.3 ქვეპუნქტები) სწორედ მოსარჩელე კომპანიის შუამავლობით დაიდო ხელშეკრულება, რის გამოც განხორციელებულად უნდა იქნეს მიჩნეული სსკ-ის 744 -ე მუხლის (ნორმის დეფინიცია იხ. ამ განჩინების 3.6 ქვეპუნქტში) წინაპირობა, რაც შესაბამისად მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველია, მიიღოს კუთვნილი გასამრჯელო.
20. პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწვეულ მოწმეთა განმარტებებიდან, სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოკვლეული და დადგენილი გარემოებების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ მართებულად არ იქნა გაზიარებული მოწმეების თ.მ–ისა და უ.დ–ძის განმარტებები, რომ თითქოსდა მათთვის მანამდე იყო ცნობილი ის ინფორმაცია, რომელიც მეორე მოპასუხის კუთვნილი სასტუმროს გაყიდვას უკავშირდებოდა, მოწმეებმა განმარტეს:
20.1. უ.(უ.) დ–ძე იმ უბნელია, სადაც ეს სასტუმრო მდებარეობს და როდესაც უჩამ მოიცალა, ასე დაემთხვა, რომ ეს იყო ზუსტად ის დღე, როდესაც თ.მ–ი ა.ი–ისთან ერთად იმყოფებოდა სამაკლერო კომპანიაში... მოსამართლის კითხვას, თუ დაახლოებით როდის მიაწოდა თ.მ–ს მისმა მეგობარმა უ.(უ.) დ–ძემ ინფორმაცია ... ქუჩაზე მდებარე სასტუმროს შესახებ, მაგალითად, სამაკლერო კომპანიაში მისვლამდე ერთი თვით, ერთი წლით თუ რა დროით ადრე, მოწმე მ–მა არ უპასუხა, მხოლოდ ის თქვა, რომ არ იცის, დაემთხვა, რომ ეცალა მას და ეცალა უ–ს და ასე დაემთხვა.... (იხ. პირველი ინსტანციის სასამართლოს 2021 წლის 5 მარტის სხდომის ოქმი 14:36:31-დან);
20.3. პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსარჩელის მიერ მიწვეულმა მოწმემ გ.გ–მა, გარდა იმისა, რომ ვრცლად აღწერა, თუ როგორ დაიწყო საშუამავლო კომპანიის ურთიერთობა პირველ მოპასუხესა და მეორე მოპასუხის მეუღლესთან გასაყიდი ქონების თაობაზე, ასევე, დეტალურად აღწერა საშუამავლო კომპანიის ოფისში სასტუმროს შემძენი პირის- ა.ი–ისა და მისი თანმხლები თ.მ–ის ვიზიტი, საუბრის შინაარსი და დეტალები. კერძოდ, მოწმემ განმარტა, რომ დ–ები იყვნენ დამკვეთები და მათ ქონებას .... ქუჩაზე ჰყიდდა მოსარჩელე კომპანია. კომპანიას ურთიერთობა ჰქონდა მეორე მოპასუხის შვილთან და მეუღლესთან. თავის მხრივ, „ა. ა. ა–ების“ წარმომადგენელი ინდოელი პიროვნება და თ.მ–ი, მივიდნენ კონსულტაციაზე იურისტთან, რომელიც იმავდროულად მოსარჩელე კომპანიის დამფუძნებელია, მისვლის მიზანი იყო ..... ქუჩაზე სასტუმროს შეძენა. იურისტმა ეს კლიენტები გადაიყვანა საშუამავლო კომპანიაში, ისინი პირადად მოწმემ მიიღო. მოწმემ განმარტა, რომ კლიენტები ჩქარობდენენ სასტუმროს ყიდვას, თუმცა ბიუჯეტი ჰქონდათ შეზღუდული- დაახლოებით ნახევარი მილიონი დოლარი (თავისი გადასახადების ჩათვლით). ქალბატონმა თ–მ ისიც აღნიშნა, რომ ...... ქუჩაზე ნაქირავები ჰქონდათ სხვა სასტუმრო და განიხილავდნენ ახალი სასტუმტოს ყიდვას. მათ ძალიან ეჩქარებოდათ არა მარტო ახალი სასტუმროს ყიდვა, არამედ მასში შესვლაც, რადგან „booking.com“- ის საშუალებით იყვნენ უკვე დარეგისტრირებული კლიენტები და ეს კლიენტები ახალ სასტუმტოში მალევე უნდა მიეღოთ;
20.3. მოწმემ განმარტა, რომ კომპანიის ბაზაში კონკრეტულ მისამართზე მდებარე არსებული სასტუმროები გაუშალა მათ, აჩვენა ფოტოები, აუხსნა ლოკაცია, ყველა დეტალი. მიუხედავად იმისა, რომ ეს კონკრეტული სასტუმრო ბევრად ძვირი ღირდა, კლიენტმა მითხრა, რომ დაინტერესდა ამ სასტუმროთი. ამის შემდეგ, მე შევთავაზე მათ დახმარება, გავედი ოთახიდან, ისინი მელოდებოდნენ, როგორც ვიცი, წარმოდგენილია ვიდეოჩანაწერი, ოფისიდან დავურეკე შ.დ–ს და ვუთხარი, რომ მისი ქონებით დაინტერესდა რეალური მყიდველი, თუმცა შეზღუდული ბიუჯეტი ჰქონდა, შ–მ მიპასუხა, რომ ისინი ძალიან ჩქარობდნენ ქონების გაყიდვას, მაგრამ თანხის დაკლებას ის ვერ გადაწყვეტდა, შესაბამისად, მომცა მამის- ბატონი ზ–ის ნომერი, სმს-ად მომწერა. დავურეკე ბატონ ზ–ს და ავუხსენი სიტუაცია, რომელმაც მითხრა, რომ ეჩქარებოდათ სასტუმროს გაყიდვა, თანხის დაკლება არ იქნებოდა პრობლემა, მოილაპარაკებდნენ, ისიც ვუთხარი, რომ მყიდველს რაც შეიძლება მალევე სჭირდებოდა სასტუმროში შესვლა, რადგან უნდა მიეღოთ კლიენტები. ამაზე ბატონმა ზ–ამ მითხრა, რომ სასტუმრო გაქირავებული იყო ახლობლებზე, არ იქნებოდა მისი დაცლა პრობლემა, გაუგებდნენ, მათ ერთი თვის ქირას გადაუხდიდა, რაც შეეხება სხვა ნივთებს, მხოლოდ დეკორატიული ყვავილები იყო მათი (დ–ბის) და ამის გამოტანა პრობლემა არ იყო, შეძენიდან ერთ დღეში შეეძლოთ სასტუმროში შესვლა და მისი მოხმარება, ...... ტერიტორიაზე 4-5 სასტუმრო მქონდა, იმდენად სწრაფად სჭირდებოდა დაცლა მყიდველს და სწორედ ამ გამყიდველს შეეძლო ეს უმოკლეს ვადაში, როგორც აღვნიშნე. ყველა ეს დეტალი, რაც მნიშვნელოვანი იყო კლიენტებისათვის (მყიდველებისათვის) ვუთხარი მათ, შევათანხმე. ქალბატონმა თ–მ კარგად იცის ეს ტერიტორია, აქ ჰქონდა ნაქირავები სასტუმრო „ა. ა. ა–ებს“. მე ლოკაცია დავუსვი რუკაზე, ავუხსენი, თუ საიდან და როგორ უნდა მისულიყვნენ, სამანქანო გზა რამდენი იყო, რამდენი კმ იყო მეტროდან დაშორება და ა.შ. ქალბატონმა თ–მ უკვე შეიქმნა წარმოდგენა, სად იყო ეს სასტუმრო. კლიენტთან შევთანხმდით, რომ მეორე დღეს უნდა მიგვეყვანა ადგილზე. როდესაც მესაკუთრეს - ბატონ ზ–ს დავურეკე, მითხრა, რომ როგორც იცით, ფართი არის გაქირავბული და ის ადგილზე არ იქნებოდა, თუმცა, შეგვეძლო ადგილზე ნებისმიერ დროს მისვლა და მყიდველისათვის ქონების ჩვენება. მეორე დილით 12 საათამდე ველოდე ქალბატონ თ–ს და რადგან არ დამიკავშირდა, დავურეკე და ვკითხე, გელოდებით, როდის შევხვდეთ. თ–მ მიპასუხა, თუ ესა და ეს სასტუმროა, მე არ მაინტერესებს, რადგან არ მომწონს ეს სასტუმრო. გამოცდილებიდან გამომდინარე, გამიჩნდა ეჭვი, როგორც ხდება ხოლმე ამ საქმეში და გარკვეული სიხშირით ვამოწმებდით ხოლმე საჯარო რეესტრში ამონაწერებს, რათა ჩვენს მიერ შეთავაზებული ქონება არ გაყიდულიყო სხვაგვარად. მანამდე, ანუ კლიენტის წასვლისთანავე, მასთან მოლაპარაკების ყველა დეტალი - ლოკაცია, მისვლა, ფასი და ა.შ. მე მივწერე შ–ას. მისგან მივიღე დასტური, რომ ყველაფერი გასაგები იყო, მათ შორის, ჩვენი გასამრჯელოს შესახებაც. როდესაც ჩვენს მიერ შეთავაზებული სასტუმრო იყიდა „ა. ა. ა–ებმა“, მე სატელეფონო კომუნიკაცია მქონდა როგორც ქალბატონ თ–თან, ისე ბატონ ზ–თან და ბატონ შ–თან, თუმცა, მათგან შეურაცხყოფის გარდა, არაფრის მომისმენია...ჩემი, როგორც აგენტის მოვალეობა რაც იყო, რომ კლიენტსა და გამყიდველს შორის შემეთანხმებინა ფასი, ფართის დაცლის პირობები, მეჩვენებინდა სასტუმროს ფოტოები, ლოკაცია და სხვა, ეს მაქსიმალურად, 100%-ით გავაკეთე. მყიდველმა ზუსტად მიიღო ეს ინფორმაცია, რადგან კარგად იცოდა სასტუმროს ადგილმდებარეობა, იქვე ჰქონდათ სასტუმრო, მეზობლად. დაახლოებით საათნახევარი დავუთმე ამას (იხ. პირველი ინსტანციის სასამართლოს 2021 წლის 5 მარტის სხდომის ოქმი 16:11:40-დან);
20.4. შეკითხვების პასუხად მოწმე გ–მა განმარტა, რომ ეს ფართი ჩვენს ბაზაში თავიდანვე იყო შეტანილი და „ა. ა. ა–ების“ მოსვლის შემდეგ არ გვიპოვია. ჩვენს ბაზაში ქონების შეყვანა ხდება მისი პორტალებზე, ან ე.წ. „კარდაკარ სიარულით“ მოძიების გზით. ქონების მოძიების შემდეგ ვუკავშირდებით ქონების მესაკუთრეს (მისგან გამოყოფილ საკონტაქტო პირს) და ვთავაზობთ ჩვენს მომსახურებას, ამის შემდეგ ვუხსნით პირობებს და თანამშრომლობაზე თანხმობის შემთხვევაში, ვიწყებთ მუშაობას. მე რომ შ–ს თანხმობა არ მქონოდა, ამ ქონებას არ განვათავსებდი ბაზაში და არც მყიდველს შევთავაზებდი. მხოლოდ ისეთ ფართებზე ვმუშაობთ, რაზედაც მიღებული გვაქვს თანხმობა. თანამედროვე პირობებში ყველა გაყიდვების მენეჯერი ასე მუშაობს (წიგნების გაყიდვაა თუ სხვა). შაკო იყო ოჯახიდან გამოყოფილი პირი, ხშირად ოჯახის ყველა წევრი არ სარგებლობს „ვაიბერით“, „ვოთსაფით“ და ა.შ. გამყიდველს- ბატონ შ–ს (ქალბატონი თ–ის მეუღლეს) მივაწოდე ინფორმაცია მყიდველის შესახებ, რომ იყო ინდოელი პიროვნება, მას ჰყავდა თარჯიმანი, „ა. ა. ა–ების“ ამონაწერი მივაწოდე, ქალბატონი თ–ს მობ. მივაწოდე, მას ვესაუბრებოდით ამ გარიგების შესახებ, მისამართი, ყველაფერი ეს წერილობით იცოდა შ–მ; რაც შეეხება შუამავლობის გასამრჯელოს 30 000 ზე ქვემოთ როდესაც არის შესაძლოა გასამრჯელო იყოს უფრო დაბალი, ვიდრე 3 %-ია, ეს განისაზღვრება გაყიდვის ფასით. ქალბატონმა თ–მ ისიც ახსენა საუბარში, რომ ამ ინდოელ მყიდველს საქართველოს ბანკში ჰქონდა დამტკიცებული სესხი და რეალურად ეს ასეცაა. ბატონ შ–ს არ მოუწერია, რომ მისთვის ცნობილი იყო ეს ინდოელი მყიდველი, მას რომ სცოდნოდა ეს, მომწერდა აუცილებლად (იხ. პირველი ინსტანციის სასამართლოს 2021 წლის 5 მარტის სხდომის ოქმი16:21:13 დან).
21. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოწმეთა ჩვენებების შეფასებისას, სასამართლო ვალდებულია, ისევე, როგორც სხვა სახის მტკიცებულება, მოწმის ჩვენება შეაფასოს მისი შინაარსისა და იურიდიული დამაჯერებლობის კუთხით, იმ ობიექტური თუ სუბიექტური კრიტერიუმების (მხარეებთან დამოკიდებულება, ფიზიკური მდგომარეობა, ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ მოწმის ჩვენებაზე და სხვა) გათვალისწინებით, რომელიც ამ მტკიცებულებისთვისაა დამახასიათებელი და სწორედ ამ გზით მიიღოს გადაწყვეტილება სადავო ფაქტობრივი გარემოების არსებობა-არარსებობის შესახებ. მტკიცებულებათა შეფასების დროს სასამართლო ხელმძღვანელობს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც თავისუფალია და იმავდროულად კანონის დანაწესითაა შეზღუდული. შინაგანი რწმენა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად ყალიბდება. მტკიცებულებათა შეფასება არა სპონტანური და ინტუიციური, არამედ სათანადოდ მოტივირებული და დამაჯერებელი უნდა იყოს (სსსკ-ის 105-ე მუხლის მეორე ნაწილი) (შეად. სუსგ-ებს: N ას-279-264-17, 21.04.17 წ; N ას- 1186-2022, 25.11.2022წ.). მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტი მიუთითებს სასამართლოსათვის არა სუბიექტურ მოსაზრებებზე დაყრდნობით მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დადგენილად მიჩნევაზე, არამედ, მოსამართლის შინაგან რწმენაზე, რომელიც შეჯიბრებითობის ფარგლებში მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ შეფასებაზეა დაფუძნებული. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, ნებისმიერ შემთხვევაში, მოწმეთა კომპეტენცია, პირველ რიგში ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად წესრიგდება (იხ. The Lüdi v. Switzerland, გადაწყვეტილება 15.06.1992, სერია A, N238, გვ. 20, პარაგრაფი 43 და The Schuler-Zgraggen v. Switzerland გადაწყვეტილება 24.06.1993. სერია N263, გვ.21. პარ. 66). სსსკ-ის 105-ე და 140-ე მუხლების ანალიზიდან კი გამომდინარეობს, რომ მოწმის ჩვენების მიღებისას ეროვნულმა სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს ყველა იმ ობიექტური თუ სუბიექტური ფაქტორით, რაც ამ მტკიცებულების იურიდიულ ბუნებას ახლავს, მათ შორისაა მოწმის, როგორც სუბიექტის, დამოუკიდებლობა მხარეთა შორის სადავო ფაქტებისა და მოვლენების მიმართ. სწორედ ამ კრიტერიუმებით განისაზღვრება მოწმის ჩვენებაში გადმოცემული ფაქტების იურიდიული სანდოობა. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას მოცემულ საქმეზე დაკითხული მოწმეების ჩვენებების გაანალიზებასა და შეფასებასთან დაკავშირებით (იხ. წინამდებარე განჩინების 3.20-3.21 ქვეპუნქტები; სხვა მრავალთა შორის შეად. სუსგ-ებს: N ას-1698-1592-2012, 2.06.2014წ; N ას-1029-2022, 9.11.2022წ; N ას- 1029-2022, 9.11.2022წ; ). მოპასუხემ ვერც ერთი მტკიცებულებით ვერ გააბათილა მოსარჩელის მტკიცება.
22. ერთ-ერთ საქმეზე, სადაც საკასაციო სასამართლომ იმსჯელა და ერთმანეთისაგან გამიჯნა შუამავლობისა და დავალების ხელშეკრულებების სამართლებრივი ბუნება, განმარტა, რომ სსკ-ის 744-ე მუხლის თანახმად პირი, რომელიც სხვას ჰპირდება გასამრჯელოს ხელშეკრულების დასადებად გაწეული შუამავლობისათვის, ვალდებულია გადაიხადოს ეს გასამრჯელო მხოლოდ მაშინ, თუ ხელშეკრულება ამ შუამავლობის შედეგად დაიდო. თუ ხელშეკრულება იდება გადადების პირობით, გასამრჯელო შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ ამ პირობის დადგომის შემდეგ. თუ გასამრჯელოს ოდენობა განსაზღვრული არ არის, შეთანხმებულად ითვლება ჩვეულებრივი მოქმედი გასამრჯელო. შემკვეთის საზიანოდ ამ მუხლის პირველი და მეორე წინადადებებისაგან განსხვავებულად დადებული შეთანხმება ბათილია. საშუამავლო საქმიანობად შეიძლება მიჩნეულ იქნეს მხოლოდ ისეთი სახის საქმიანობა, რომლის მიზანიც შემკვეთსა და მესამე პირს შორის ძირითადი ხელშეკრულების დადებაა. იმ შემთხვევაში თუ შუამავალი მესამე პირს ვერ მოიძიებს, მას პასუხისმგებლობა არ დაეკისრება, ხოლო შემკვეთს - ანგარიშსწორების ვალდებულება (შდრ. სსკ-ის 744-ე მუხლის კომენტარი, www.gccc.ge, ბოლო დამუშავება: 07.03.2016 წ.). საშუამავლო ხელშეკრულებით განსაზღვრული გასამრჯელოს ანაზღაურების დაკისრებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მხარეთა შეთანხმება შუამავლობის გზით ხელშეკრულების დადებაზე; ძირითადი ხელშეკრულება, რომლის დადების მიზნითაც თანხმდებიან მხარეები შუამავლობაზე; ეს ხელშეკრულება სწორედ შუამავლობის შედეგად უნდა იყოს დადებული (იხ. სუსგ N ას-522-495-2014, 05.06.2015წ.)... აღსანიშნავია ისიც, რომ შუამავლობის დროს, შუამავალს ეკუთვნის გასამრჯელო, რომელიც შესაძლებელია მხარეებმა შეათანხმონ, ან თუ მისი ოდენობა განსაზღვრული არ არის, შეთანხმებულად მიიჩნევა ჩვეულებრივ მოქმედი გასამრჯელო... სსკ-ის 709-ე მუხლის თანახმად დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე. შუამავალი თავისი ვალდებულების შესრულებისას არ მოქმედებს შემკვეთის სახელით, მისი მთავარი დანიშნულება მესამე პირამდე იმ ძირითადი ინფორმაციის მიტანაა, რომლის საფუძველზეც შემკვეთსა და მესამე პირს შორის ძირითადი ხელშეკრულება უნდა დაიდოს (შდრ. სსკ-ის 744-ე მუხლის კომენტარი, www.gccc.ge, ბოლო დამუშავება: 07.03.2016)- იხ. სუსგ N ას-304-287-2017, 13.10.2017წ.
23. შუამავლობის ბუნებიდან გამომდინარე, მისი ადგილი, სამართლებრივი თვალსაზრისით, არა შემკვეთისათვის სასურველ ხელშეკრულებაში (განსხვავებით მაგ: დავალებისაგან, როდესაც მინდობილი პირი თავად დებს გარიგებას მარწმუნებლის სახელით, შეად. სსკ-ის 709-ე მუხლი), არამედ ამ ხელშეკრულების მიღმაა, რადგანაც შუამავლის ვალდებულება კონტრაჰენტის მოძიება, შემკვეთთან მისი დაკავშირება და ამ გზით მხარეთა შორის ხელშეკრულების არსებით პირობებზე შეთანხმების მიღწევაა (იხ. სუსგ-ები: N ას-1279-2019, 31.03.2021წ; N ას-803-2022, 06.10.2022წ.).
24. საკასაციო სასამართლოს განსჯით, მოპასუხეებმა ვერ დაამტკიცეს, რომ მოსარჩელე კომპანიის შუამავლობის გარეშე დაიდო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, შესაბამისად, მათი საკასაციო საჩივრის არსებითად განხილვის გზით, არ დაკმაყოფილდა საკასაციო განაცხადი და უცვლელად დარჩა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება, როგორც კანონიერი და დასაბუთებული.
25.კასატორს სახელმწიფო ბაჟი გადახდილი აქვს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 257-ე მუხლის მესამე ნაწილით, 284-ე, 285-ე და 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შ.დ–ისა და თ.დ–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
მ. ერემაძე