საქმე №ას-1513-2022 4 აპრილი, 2023 weli,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვა
სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე
კასატორი – ი/მ ლ.შ–ვა (მოპასუხე)
წარმომადგენელი - ე.ქ–ია
მოწინააღმდეგე მხარე – ა. ა., რ.ი.ლ. (მოსარჩელეები)
წარმომადგენელი - გ.თ–ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 6 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – სასაქონლო ნიშნის უკანონო გამოყენების აკრძალვა, კონტრაფაქციული საქონლის განადგურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით „ა. ა“-ს (შემდეგში: პირველი მოსარჩელე ან პირველი კომპანია) და „რ.ი. ლ–ის“ (შემდეგში: მეორე მოსარჩელე ან მეორე კომპანია) სარჩელი ი/მ ლ.შ–ვას (შემდეგში: მოპასუხე, ინდმეწარმე, აპელანტი ან კასატორი) წინააღმდეგ, სასაქონლო ნიშნის უკანონო გამოყენების აკრძალვისა და კონტრაფაქციული საქონლის განადგურების თაობაზე, დაკმაყოფილდა;
1.1. მოპასუხეს აეკრძალა პირველი მოსარჩელის კუთვნილი სასაქონლო ნიშნის - adidas (რეგ. ნომერი 9307), გამოსახულებითი სასაქონლო ნიშნის - სამყურას გამოსახულება (რეგ. ნომერი 9308) და გამოსახულებითი სასაქონლო ნიშნის - სამი ზოლის გამოსახულება (რეგ. ნომერი 16691) ან მათი აღრევამდე მსგავსი ნიშნების გამოყენება საქართველოს ტერიტორიაზე (მათ შორის ასეთი ნიშნებით მარკირებული საქონლის იმპორტი, ექსპორტი, რეალიზაცია და დასაწყობება) იმ საქონლის მიმართ, რომელიც იდენტურია ან მსგავსია იმ საქონლისა, რომლისთვისაც მოსარჩელეს დარეგისტრირებული აქვს ზემოაღნიშნული სასაქონლო ნიშნები და რომელიც არ არის დამზადებული პირველი მოსარჩელის მიერ ან მისი ნებართვით;
1.2. დადგინდა მოპასუხის კუთვნილი და შემოსავლების სამსახურის მიერ 2021 წლის 09 აგვისტოს შეჩერებული 5440 წყვილი ფეხსაცმლის, რომელიც ნიშანდებულია პირველი მოსარჩელის კუთვნილი სასაქონლო ნიშნით adidas (რეგ. ნომერი 9307), გამოსახულებითი სასაქონლო ნიშნით - სამყურას გამოსახულება (რეგ. ნომერი 9308) და გამოსახულებითი სასაქონლო ნიშნით - სამი ზოლის გამოსახულება (რეგ. ნომერი 16691) და რომელიც განთავსებულია გაფორმების ეკონომიკურ ზონაში „თბილისი“ (მდებარე გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი ..., თბილისის შემოსავლელის გზის 36-ე კმ) პირველი მოსარჩელის ხარჯით განადგურება;
1.3. მოპასუხეს აეკრძალა მეორე მოსარჩელის კუთვნილი სასაქონლო ნიშნის - REEBOK (რეგ. ნომერი 555) და გამოსახულებითი სასაქონლო ნიშნის - ერთმანეთში გადაკვეთილი ზოლების გამოსახულება (რეგ. ნომ 11790) ან მათი აღრევამდე მსგავსი ნიშნების გამოყენება საქართველოს ტერიტორიაზე (მათ შორის ასეთი ნიშნებით მარკირებული საქონლის იმპორტი, ექსპორტი, რეალიზაცია და დასაწყობება) იმ საქონლის მიმართ, რომელიც იდენტურია ან მსგავსია იმ საქონლისა, რომლისთვისაც მოსარჩელეს დარეგისტრირებული აქვს ზემოაღნიშნული სასაქონლო ნიშნები და რომელიც არ არის დამზადებული მეორე მოსარჩელის მიერ ან მისი ნებართვით;
1.4. დადგინდა მოპასუხის კუთვნილი და შემოსავლების სამსახურის მიერ 2021 წლის 09 აგვისტოს შეჩერებული 1440 წყვილი ფეხსაცმლის, რომელიც ნიშანდებულია მოსარჩელის კუთვნილი სასაქონლო ნიშნით REEBOK (რეგ. ნომერი 555) და გამოსახულებითი სასაქონლო ნიშნის - ერთმანეთში გადაკვეთილი ზოლების გამოსახულებით (რეგ. ნომ 11790) და რომელიც განთავსებულია გაფორმების ეკონომიკურ ზონაში „თბილისი“ (მდებარე გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი ...., თბილისის შემოსავლელის გზის 36-ე კმ) მეორე მოსარჩელის ხარჯით განადგურება.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
3. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები და განმარტა სამართლებრივი საკითხები:
3.1. პირველი კომპანია არის „საქპატენტში“ დარეგისტრირებული სასაქონლო ნიშნების - (1) adidas (რეგ. ნომერი 9307), (2) სამყურას გამოსახულების (რეგ. ნომერი 9308) და (3) სამი ზოლის გამოსახულების (რეგ. ნომერი 16691) მფლობელი. პირველი და მეორე სასაქონლო ნიშნების რეგისტრაცია ძალაშია 13.05.2028 წლამდე, ხოლო მესამე სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია ძალაშია 26.06.2026 წლამდე. შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2019 წლის 16 სექტემბრის N31706 ბრძანებით, ზემოაღნიშნული სასაქონლო ნიშნები შეტანილი იქნა შემოსავლების სამსახურის ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების რეესტრში, ხოლო 2020 წლის 29 დეკემბრის №39327 ბრძანებით რეგისტრაციის ვადა გაგრძელდა ორი წლით - 2022 წლის 31 დეკემბრამდე;
3.2. მეორე კომპანია არის „საქპატენტში“ დარეგისტრირებული სასაქონლო ნიშნების - (1) REEBOK (რეგ. ნომერი 555) და (2) ერთმანეთში გადაკვეთილი ზოლების (რეგ. ნომ 11790) მფლობელი. პირველი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია ძალაშია 27.04.2025 წლამდე, ხოლო მეორე სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ვადა ძალაშია 24.03.2029 წლამდე. შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2019 წლის 24 სექტემბრის N32973 ბრძანებით და მოსარჩელის მოთხოვნით ზემოაღნიშნული სასაქონლო ნიშნები შეტანილი იქნა შემოსავლების სამსახურის ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების რეესტრში და მისი ვადა 31.12.2020 წლამდე განისაზღვრა. ამავე სამსახურის უფროსის 17.02.2021 წლის №3943 ბრძანებით რეგისტრაციის ვადა გაგრძელდა ორი წლით;
3.3. სსიპ შემოსავლების სამსახურის 09.08.2021 წლის №25973 ბრძანებით შეჩერებული იქნა მოპასუხე ინდმეწარმის 02.07.2021 წლის №C5736/11113 საბაჟო დეკლარაციით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში დეკლარირებული „adidas“-ის სასაქონლო ნიშნით ნიშანდებული 5 440 წყვილი ფეხსაცმლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურა 10 სამუშაო დღის ვადით. ბრძანებაში აღნიშნულია, რომ სავარაუდოდ ადგილი აქვს შემოსავლების სამსახურის ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის რეესტრში საბაჟო დეპარტამენტის 29.12.2020 წლის №39327 ბრძანებით რეგისტრირებულ სასაქონლო ნიშანზე უფლების დარღვევას;
3.4. სსიპ შემოსავლების სამსახურის 09.08.2021 წლის №25976 ბრძანებით შეჩერებული იქნა მოპასუხის 02.07.2021 წლის №C5736/11113 საბაჟო დეკლარაციით მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში დეკლარირებული „REEBOK“-ის სასაქონლო ნიშნით ნიშანდებული 1 440 წყვილი ფეხსაცმლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურა 10 სამუშაო დღის ვადით. ბრძანებაში აღნიშნულია, რომ სავარაუდოდ ადგილი აქვს შემოსავლების სამსახურის ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის რეესტრში საბაჟო დეპარტამენტის 17.02.2021 წლის №3943 ბრძანებით რეგისტრირებულ სასაქონლო ნიშანზე უფლების დარღვევას;
3.5. შპს ,,რეალექსპერტის“ 2021 წლის 16 სექტემბრის სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სპორტულ ფეხსაცმელზე, რომლებზეც იკითხება დასახელებები - "adidas" და "Reebok", რომლებსაც სასაქონლო ნიშნები აქვთ ჩაკერილი, შესაძლებელია მოცილებული ან დაფარული იქნას სპეციალური ცოდნისა და მაღალკვალიფიციური პირის მიერ სასაქონლო სახის დაკარგვის გარეშე. რაც შეეხება საფენს/ქეჩას შესაძლებელია მისი შეცვლა ზომების გათვალისწინებით, ასევე შესაძლებელია მოიხსნას ეტიკეტები და უმნიშვნელო დეტალები ზონრების მიდამოებში ისე, რომ არ დაიკარგოს და შეინარჩუნოს ფეხსაცმელმა სასაქონლო სახე;
3.6. სააპელაციო საჩივრის ფარგლებში სააპელაციო სასამართლოს შეფასების ძირითად საგანს წარმოადგენდა აპელანტის კუთვნილ პროდუქციაზე დატანილი სასაქონლო ნიშნის უშუალოდ საქონლისგან (ფეხსაცმლისგან) განცალკევების შესაძლებლობის განსაზღვრა, რადგან აპელანტი სადავოდ არ ხდიდა იმ გარემოებას, რომ საქონელზე დატანილი სასაქონლო ნიშანი არის მოსარჩელეთა მიერ რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნების იმდენად მსგავსი, რომ გამოიწვევს საშუალო, გონიერი და სათანადოდ გათვითცნობიერებული მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას ანდა ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობას. ამდენად, აპელანტი მოითხოვდა გადაწყვეტილების შეცვლას იმ ნაწილში, რომლითაც დადგინდა მოპასუხის კუთვნილი და შემოსავლების სამსახურის მიერ 2021 წლის 09 აგვისტოს შეჩერებული 5440 წყვილი „adidas“-ის და 1440 წყვილი „REEBOK“-ის ნიშნების მქონე ფეხსაცმლის განადგურება;
3.7. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგში: სპეციალური კანონი) 45-ე მუხლზე, რომლითაც უზრუნველყოფილია სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დაცვა და აღნიშნა, რომ მითითებული მუხლის პირველი პუნქტის დანაწესი, სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დარღვევისას სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მფლობელს აძლევს შესაძლებლობას მოითხოვოს სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დარღვევით ნიშანდებული საქონლის განადგურება, თუ საქონლის სასაქონლო ნიშნისაგან განცალკევება შეუძლებელია ან თუ სასაქონლო ნიშანი საქონელზეა დატანილი;
3.8. სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა „ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ საქართველოს კანონზე“, რადგან ინტელექტუალური საკუთრების ერთ-ერთ ობიექტს სწორედ სასაქონლო ნიშანი წარმოადგენს. აღნიშნული კანონის თანახმად, უფლებების დარღვევით წარმოებული საქონელი, მათ შორის, შესაფუთი საქონელი, რომელზედაც უნებართვოდაა მოთავსებული იმ სასაქონლო ნიშნის იდენტური სასაქონლო ნიშანი, რომელიც ამ საქონელთან დაკავშირებით კანონიერად არის რეგისტრირებული ან არსებითად არ განსხვავდება აღნიშნული სასაქონლო ნიშნისაგან და, ამდენად, არღვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სასაქონლო ნიშნის მფლობელის განსაკუთრებულ უფლებებს, განეკუთვნება კონტრაფაქციულ პროდუქციას. ამავე კანონის მე-2 მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, საქონლის განადგურება განმარტებულია, როგორც ფიზიკური განადგურება, გადამუშავება ან განკარგვა იმგვარად, რომ არ მოხდეს საქონლის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება;
3.9. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტირებული საქონელი - სპორტული ფეხსაცმელი, რომელზეც დატანილია მოსარჩელეთა მიერ რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის მსგავსი ნიშანი, რომელიც ასოცირების შედეგად იძლევა აღრევის შესაძლებლობას, წარმოადგენს კონტრაფაქციულ საქონელს. ამასთან, უდავოა, რომ სასაქონლო ნიშანი უშუალოდ საქონელზეა დატანილი, თუმცა აპელანტი დასაშვებად მიიჩნევს მისი განცალკევების შესაძლებლობას და გამორიცხავს საქონლის განადგურების აუცილებლობას წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნაზე და ასევე ნივთიერ მტკიცებულებაზე (ორი ცალი სპორტული ფეხსაცმლის ნიმუში) დაყრდნობით;
3.10. სააპელაციო სასამართლომ სადავო საკითხის გადაწყვეტის მიზნით მნიშვნელოვნად მიიჩნია შეეფასებინა ის გარემოებები, შესაძლებელია თუ არა საქონლისაგან სასაქონლო ნიშნის არა მოცილება მისი ამოშლის ან ამოფხეკის გზით, არამედ იმგვარად განცალკევება, რომ საქონელი და სასაქონლო ნიშანი დარჩეს დამოუკიდებელ ნივთებად. სპეციალური კანონის მიხედვით, საქონლის განადგურება მხოლოდ იმ შემთხვევაშია დასაშვები, თუ შეუძლებელია სასაქონლო ნიშნის საქონლისაგან განცალკევება. გამომდინარე იქედან, რომ თავად ტერმინი „განცალკევება“ ცალკე, განცალკევებულად ყოფნას ნიშნავს, განცალკევების შედეგად საქონელი და სასაქონლო ნიშანი ცალ-ცალკე უნდა არსებობდეს;
3.11. მოცემულ შემთხვევაში საქმეზე თანდართული ნივთიერი მტკიცებულების დათვალიერების შედეგად სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ ამგვარ მდგომარეობაში ნივთის რეალიზაცია კვლავ შექმნის აღრევის შესაძლებლობას, რადგან სპორტულ ფეხსაცმელზე ნაწილობრივ შენარჩუნებულია მოსარჩელეთა განსაკუთრებული უფლებით დაცული სასაქონლო ნიშნები, მხოლოდ სახელწოდების (adidas/REEBOK) ამოშლა არ წარმოადგენს საკმარის პირობას მომხმარებელთა შეცდომაში შეყვანისგან თავის ასარიდებლად. ამასთან, წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა მიუთითებს კონკრეტულად იმ შემთხვევაში სპორტული ფეხსაცმლისგან სასაქონლო ნიშნის განცალკევების შესაძლებლობაზე, როდესაც სპორტულ ფეხსაცმელში ჩაკერებულია აღნიშნული სასაქონლო ნიშნები. გარდა ამისა, საგულისხმო იყო, რომ არც ერთ შემთხვევაში არ იქმნებოდა ის სავალდებულო მოცემულობა, რაც ნორმატიულ-სამართლებრივად იყო განსაზღვრული, კერძოდ, საბაჟოზე გაჩერებული საქონლისგან სასაქონლო ნიშნის მოცილება იმგვარად, რომ საქონელი და სასაქონლო ნიშანი ორივე ცალ-ცალკე დარჩენილიყო, შეუძლებელი იყო. სწორედ ეს დასკვნა ხდიდა სავალდებულოს, სპეციალური კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნორმატიული საფუძვლით კონტრაფაქციული საქონლის განადგურებას.
4. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
4.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინება მოპასუხემ საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის უარყოფა მოითხოვა.
4.1. კასატორის განმარტებით, საქონლის განადგურების აუცილებლობა არ არსებობს, რადგან სასაქონლო ნიშნის საქონლისაგან განცალკევება შესაძლებელია;
4.2. კასატორი მიიჩნევს, რომ საქონლის კონტრაფაქციულობის ფაქტი დადგენილი არ არის.
4.3. საკასაციო საჩივრის დასაშვებობის თაობაზე მხარეთა მონაწილეობით გამართულ ზეპირ სხდომაზე იმსჯელა საკასაციო სასამართლოს 2023 წლის 4 აპრილის სხდომაზე.
4.4. მხარეთა შორის მორიგება (სსსკ-ის 218-ე მუხლი) ვერ შედგა.
4.5. ზეპირ სხდომაზე გამოცხადებულმა კასატორის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ საკასაციო შედავება იმ ნაწილში, რომ საქონლის კონტრაფაქციულობა სადავოა, მხარემ მოხსნა (იხ. საკასაციო სასამართლოს 2023 წლის 4 აპრილის სხდომის ოქმი) და საკასაციო განაცხადის ფარგლებში დასაშვებობის კუთხით ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ გასაჩივრებული განჩინებით არ იქნა გაზიარებული საქმეში წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც კონტრაფაქციული საქონლიდან დაცული ნიშნის მოცილების შესაძლებლობას ითვალისწინებს.
4.6. კასატორის პრეტენზიის პასუხად, მოწინააღმდეგე მხარემ განმარტა, რომ საკასაციო საჩივრის არსებითად განხილვის მიზნით დასაშვებად ცნობის არც ერთი საფუძველი არ არის გამოვლენილი (სსსკის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილი).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
5. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
6. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად აქვს გამოკვლეული საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა ფაქტობრივი გარემოება. მხარეთა შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობა და მისი იურიდიული კვალიფიკაცია სავსებით მართებულად არის დადგენილი.
7. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს (მოპასუხეს) ასეთი შედავება არ წარმოუდგენია.
8. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის კუთვნილი სასაქონლო ნიშნით აღბეჭდილი საქონლის კონტრაფაქციულობა დადგენილია და საკასაციო განაცხადის დასაშვებობის შემოწმების ეტაპზე კასატორმა დაადასტურა, რომ ამ მიმართებით ის პრეტენზიას აღარ აცხადებს (მის მიერ წერილობით წარმოდგენილი საკასაციო საჩივრისაგან განსხვავებით), საკასაციო სასამართლო არ განავითარებს მსჯელობას საქონლის კონტრაფაქციულობისა და ამის თაობაზე არსებულ სასამართლო პრაქტიკაზე. რაც შეეხება მოპასუხის შედავებას იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელის მოთხოვნა კონტრაფაქციული საქონლის განადგურების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილებულიყო, რადგან მხარეთა მტკიცების ტვირთის ფარგლებში მოპასუხემ წარადგინა საექსპერტო დასკვნა, რაც არ გაიზიარეს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა, საკასაციო სასამართლო მისსავე პრაქტიკას მოიხმობს, სადაც განიმარტა, რომ „იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე ითხოვს კონტრაფაქციული საქონლის განადგურებას, ხოლო მოპასუხე თუკი დაინტერესებულია საქონლის შენარჩუნებით, რომელსაც გამოიყენებს მოსარჩელის კუთვნილი დაცული სასაქონლო ნიშნის მოცილების პირობებში, რაც არ გამოიწვევს კონკრეტული წარმოების საქონლის სხვა საქონელთან აღრევას, აქედან გამომდინარე კი - საქონლის პოტენციური მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას, მოპასუხეზე გადანაწილდება მტკიცების ტვირთი, რომლითაც ეს უკანასკნელია ვალდებული, ამტკიცოს მისთვის ხელსაყრელი და სასარგებლო გარემოება, კერძოდ ის, რომ უკანონოდ გამოყენებული სასაქონლო ნიშნის მოცილება (საქონლისაგან განცალკევება) შესაძლებელია. სწორედ მოპასუხეა ვალდებული, მისთვის სასარგებლო გარემოება დაამტკიცოს და სადავო სამართალურთიერთობიდან მისთვის (მოპასუხისათვის) შედარებით უკეთესი გამოსავალი გამონახოს, რათა უკანონოდ გამოყენებული სასაქონლო ნიშნის გამოცალკევებით შეძლოს საქონლის განკარგვა... საკასაციო სასამართლო იმასაც აღნიშნავს, რომ კონტრაფაქციული საქონლის გამოყენება ეწინააღმდეგება მომხმარებლის უფლებასაც, რადგან უმნიშვნელოვანესია, რომ პირი, რომელიც დაინტერესებულია (ან მომავალში დაინტერესდება, რადგან მომხმარებლად განიხილება პოტენციური მომხმარებელიც) ამა თუ იმ საქონლის შეძენით, ზედმიწევნით ფლობდეს ინფორმაციას საქონლის მწარმოებლის, ხარისხისა და სხვა ისეთი თვისებების შესახებ, რაც მას დაეხმარება ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში, შეიძინოს თუ არა ესა თუ ის საქონელი. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასაქონლო ნიშნის მფლობელი იცავს თავის საკუთრებას, მათ შორის, კონტრაფაქციული საქონლის განადგურების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნით. კონტრაფაქციული საქონლის შენარჩუნებითა და, უკანონოდ დატანილი სასაქონლო ნიშნის გამოცალკევების გზით, საქონლის სამომხმარებლო ბაზარზე, სამოქალაქო ბრუნვაში გაშვებით დაინტერესებული პირია არა მოსარჩელე, არამედ - მოპასუხე, რომელსაც თვითონ უნდა წარედგინა უკანონოდ გამოყენებული სასაქონლო ნიშნის გამოცალკევების შესაძლებლობის შესახებ მტკიცებულება... სასამართლოსათვის, რათა გამოერიცხა კონტრაფაქციული საქონლის განადგურების აუცილებლობა და შეენარჩუნება ისეთი საქონელი, რომლის მიმოქცევაში გაშვება შესაძლებელი იქნებოდა და, სამოქალაქო ბრუნვის თვალსაზრისით, საქონელი არც მომხმარებლისათვის იქნებოდა შეცდომაში შემყვანი“ (იხ. სუსგ N ას-1224-1144-2017, 3.04.2018წ.).
9. „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი და 45-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, განსაკუთრებული უფლების მქონე პირს შეუძლია აუკრძალოს მესამე პირს, მისი თანხმობის გარეშე სამოქალაქო ბრუნვაში გამოიყენოს ისეთი ნიშანი, რომელიც განსაკუთრებული უფლების მქონე პირის დაცული სასაქონლო ნიშნის მსგავსია, ხოლო საქონელი იდენტური ან იმდენად მსგავსია, რომ ჩნდება ამ ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა. სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დარღვევისას სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მფლობელი უფლებამოსილია მოითხოვოს: ა) ამ კანონის მე-6 მუხლის მე-2–მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული ქმედებების შეწყვეტა; ბ) სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დარღვევით ნიშანდებული საქონლის სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღება ან სამოქალაქო ბრუნვაში ჩართვის მიზნით საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანილი ან დასაწყობებული (შესანახად განთავსებული) საქონლის ამოღება; გ) სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დარღვევით ნიშანდებული საქონლის განადგურება, თუ საქონლის სასაქონლო ნიშნისაგან განცალკევება შეუძლებელია ან თუ სასაქონლო ნიშანი საქონელზეა დატანილი; დ) იმ გამოსახულების, ეტიკეტის, ანაბეჭდის, შეფუთვის, შესაფუთი ან სარეკლამო მასალის ან აბრის განადგურება, რომელიც სასაქონლო ნიშანს შეიცავს ან არის მისი ასლი ან იმიტაცია, მათ შორის, ინტერნეტში განთავსებული ისეთი მასალის ან გამოსახულების წაშლა, რომელიც სასაქონლო ნიშანს შეიცავს; ე) სასაქონლო ნიშნის დასამზადებლად განკუთვნილი კლიშეს, მატრიცის, სხვა დანადგარის, ტექნიკური აღჭურვილობისა და იარაღის განადგურება. სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მფლობელი უფლებამოსილია, თავისი შეხედულებისამებრ, მოითხოვოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რამდენიმე ქმედების ერთდროულად განხორციელება.
10. კასატორის პრეტენზიის პასუხად საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მის მიერ წარდგენილი საექსპერტო დასკვნა (იხ. წინამდებარე განჩინების 3.5 ქვეპუნქტი) უთითებს მხოლოდ ვარაუდზე, რომ კონტრაფაქციულ საქონელზე (სპორტულ ფეხსაცმელზე), რომლებზეც იკითხება დასახელებები - "adidas" და "Reebok", რომლებსაც სასაქონლო ნიშნები აქვთ ჩაკერილი, შესაძლოა ამ ნიშნების მოცილება ან დაფარვა სპეციალური ცოდნისა და მაღალკვალიფიციური პირის მიერ სასაქონლო სახის დაკარგვის გარეშე. რაც შეეხება საფენს/ქეჩას შესაძლებელია მისი შეცვლა ზომების გათვალისწინებით, ასევე შესაძლებელია მოიხსნას ეტიკეტები და უმნიშვნელო დეტალები ზონრების მიდამოებში ისე, რომ არ დაიკარგოს და შეინარჩუნოს ფეხსაცმელმა სასაქონლო სახე. ამდენად, არ არის სასამართლოს წინაშე წარდგენილი ისეთი საექსპერტო დასკვნა, რომელიც სარწმუნოდ და დამაჯერებლად მიუთითებდა არა შესაძლებლობაზე, არამედ რეალურ გარემოებაზე, რომ არსებობს სპეციალური ცოდნის მქონე მაღალკვალიფიციური პირი (სპეციალისტი თუ ასეთ სპეციალისტთა გაერთიანება), რომელიც მსგავს სამუშაოს ასრულებს, რაც გამორიცხავს სხვისი კუთვნილი სასაქონლო ნიშნის რომელიმე ელემენტის დატოვების შესაძლებლობას საქონელზე და აქედან გამომდინარე სხვის კუთვნილ, კონკრეტული ადგილწარმოშობისა და ხარისხის მქონე საქონელში აღრევას, როგორც სასაქონლო ნიშნის კანონიერი მფლობელის, ისე მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინებით.
11. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სავსებით მართებულად მიუთითა ასევე „ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის თანახმად ინტელექტუალური საკუთრების ერთ-ერთ ობიექტს სწორედ სასაქონლო ნიშანი წარმოადგენს. აღნიშნული კანონის თანახმად, უფლებების დარღვევით წარმოებული საქონელი, მათ შორის, შესაფუთი საქონელი, რომელზედაც უნებართვოდაა მოთავსებული იმ სასაქონლო ნიშნის იდენტური სასაქონლო ნიშანი, რომელიც ამ საქონელთან დაკავშირებით კანონიერად არის რეგისტრირებული ან არსებითად არ განსხვავდება აღნიშნული სასაქონლო ნიშნისაგან და, ამდენად, არღვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სასაქონლო ნიშნის მფლობელის განსაკუთრებულ უფლებებს, განეკუთვნება კონტრაფაქციულ პროდუქციას (მე-2 მუხლის „გ.ბ“ ქვეპუნქტი). ამავე კანონის მე-2 მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, საქონლის განადგურება განმარტებულია, როგორც ფიზიკური განადგურება, გადამუშავება ან განკარგვა იმგვარად, რომ არ მოხდეს საქონლის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება.
12. საკასაციო სასამართლო დამატებით იმასაც განმარტავს, რომ „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის და 45-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების (იხ. მე-9 პუნქტი) და „ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლი „დ“ ქვეპუნქტის (იხ. მე-10 პუნქტი) ერთობლივი ანალიზი იმგვარი დასკვნის შესაძლებლობას იძლევა, რომ სასაქონლო ნიშნის განცალკევება არა მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ სასაქონლო ნიშნის საქონლისგან მოცილება უნდა მოხდეს იმგვარად, რომ საქონელი და სასაქონლო ნიშანი ორივე ცალ-ცალკე დარჩეს, როგორც ეს მართებულად მიუთითა სააპელაციო სასამართლომ, არამედ, საქონლისა და მასზე დატანილი (აღბეჭდილი) სასაქონლო ნიშნის სპეციფიკურობიდან გამომდინარე, რაც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალური შეფასებისა და მსჯელობის საგანი უნდა იყოს, მართლზომიერი მფლობელის კუთვნილი სასაქონლო ნიშანი იმგვარად უნდა მოცილდეს (დაიფაროს, ამოიშალოს, წაიშალოს, გადამუშავდეს ან განიკარგოს), რომ არ მოხდეს უკანონოდ გამოყენებული ნიშნით საქონლის ბრუნვაში გაშვება, რაც, ერთი მხრივ, იცავს სასაქონლო ნიშნის მართლზომიერ მფლობელს არაკეთილსინდისიერი კონკურენტებისაგან და მართლზომიერი მფლობელის ავთენტიკურ საქონელს, მეორე მხრივ კი - მომხმარებლის ღირს ინტერესს, იცოდეს შესაძენი საქონლის შესახებ ლეგალური ინფორმაცია და ის მახასიათებლები, რაც საქონელს ახლავს და მნიშვნელოვანია მომხმარებლისთვის.
13. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დასაბუთებულია და კანონიერი, შესაბამისად, არ არსებობს მოპასუხის საკასაციო განაცხადის არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
14. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე, 257.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი/მ ლ.შ–ვას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ი/მ ლ.შ–ვას (პ/ნ ........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე კ.ა–ას (პ/ნ ......) გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადახდო დავალება N0, გადახდის თარიღი 2022 წლის 26 დეკემბერი), 70% – 210 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური