საქმე №ას-1147-2021 31 მარტი, 2023 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ა.მ–სი“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ა.ბ–ძე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 22.07.2021 წლის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – აუცილებელი გზით სარგებლობის უფლების დადგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. შპს „ა.მ–სმა“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „კასატორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ა.ბ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე") მიმართ აუცილებელი გზით სარგებლობის უფლების დადგენის მოთხოვნით.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 14.07.2020 წლის გადაწყვეტილებით - სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:
2.1. მოსარჩელისა და მოპასუხის მიწის ნაკვეთები ერთმანეთის მომიჯნავეა. მოსარჩელის საკუთრებად საჯარო რეესტრში 16.12.2015 წლიდან რეგისტრირებულია თბილისში, .... ქუჩის მიმდებარედ, მტკვრის სანაპიროსთან მდებარე 876 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს/კ N ......), ხოლო მოპასუხის საკუთრებად 13.12.2018 წლიდან ირიცხება 1009 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს/კ N ......), მისამართზე - თბილისი, ...... მიმდებარე ტერიტორია.
2.2. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნაში ასახული ფოტოსურათითა და მისივე ახსნა-განმარტებით დადგენილია, რომ მოსარჩელის კუთვნილ მიწის ნაკვეთს, საკადასტრო კოდით N ......., აქვს მისასვლელი საჯარო გზასთან.
2.3. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი 20.12.2019 წლის ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ N ....... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული ორსართულიანი N1 შენობის უკიდურეს დასავლეთ ნაწილში, I სართულზე მდებარე ფართს, რომელიც ავტოტექმომსახურების ცენტრია, მისასვლელი გზა ფაქტობრივად აქვს ჩრდილო-დასავლეთი ნაწილიდან, საჯარო რეესტრში N ..... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის გავლით. საკვლევი ფართის შესასვლელთან მოწყობილია ლითონის ჭიშკარი, რომელთანაც უმოკლესი მისასვლელი გზის მოწყობა შესაძლებელია ჩრდილო-დასავლეთიდან, საჯარო რეესტრში N ....... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ნაწილის გავლით.
2.4. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 170-ე, 180-ე მუხლებზე და განმარტა, რომ მოსარჩელის კუთვნილ მიწის ნაკვეთი დაკავშირებულია საჯარო გზასთან, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თვითკმარი საფუძველია. ამასთან, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მის მიერ მითითებული და მოპასუხის მიერ სადავოდ გამხდარი გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მოსარჩელეს სადავო გზით სარგებლობის უფლება მოპასუხის კუთვნილი მიწის ნაკვეთის წინა მესაკუთრისგან აქვს მიღებული. მნიშნველოვანია, რომ მოსარჩელე არ შესდავებია მოპასუხის პოზიციას, რომ 2015 წელს, მოსარჩელემ იმგვარად დააპროექტა N1 შენობის მშენებლობა, რომ თავად მოისპო აღნიშნულ შენობასთან მისასვლელი გზა. ეს გარემოება კი, სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესის გათვალისწინებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
2.5. მოსარჩელის მიწის ნაკვეთს აქვს კავშირი საჯარო გზასთან და აუცილებელი გზის უფლებას ითხოვს შენობასთან მისთვის სასურველი მხრიდან წვდომის უზრუნველყოფისთვის, რაც არ წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს. სასამართლოს განმარტებით, აუცილებელი გზით სარგებლობის უფლების დადგენა და მოპასუხეზე თმენის ვალდებულების დაკისრება განპირობებული უნდა იყოს ისეთი ობიექტური ფაქტორებით, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც პრაქტიკულად შეუძლებელია მესაკუთრის მიერ თავის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (და არა შენობის ამა თუ იმ ნაწილის) ჯეროვანი გამოყენება მეზობელი მიწის ნაკვეთით სარგებლობის გარეშე. მოცემულ შემთხვევაში, გზით სარგებლობის უფლების დადგენას მოსარჩელე სუბიექტური ფაქტორის გათვალისწინებით ითხოვს იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მას N1 შენობასთან მისასვლელი გზის მოწყობისთვის ხარჯის გაწევა მოუწევს და არა მიწის ნაკვეთის საჯარო გზასთან კავშირის არქონის საფუძვლით, რაც გამორიცხავს მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
3. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 22.07.2021 წლის განჩინებით - სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. განჩინება ეფუძნება შემდეგს:
4.1. სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 180-ე მუხლის პირველი ნაწილზე და განმარტა, რომ აღნიშნული დანაწესი გულისხმობს ნივთის ასეთი უფლებით დატვირთვას მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, ანუ ობიექტური გარემოება წარმოშობს სხვისი ნივთით სარგებლობის აუცილებლობას.
4.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 20.04.2021 წლის ადგილზე დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ მოსარჩელის კუთვნილ შენობას აქვს რამდენიმე სართული. შენობის იმ ნაწილში, რომლიდანაც მოსარჩელე ითხოვს აუცილებელ გზის დადგენას, მიმდინარეობდა სათუნუქე და სამღებრო სამუშაოები, რაც მოსარჩელის განმარტებით, გაჩერებულია, ვინაიდან, ვერ ხერხდება შენობის ამ კონკრეტულ ტერიტორიაზე ავტომობილის შეყვანა. სწორედ აღნიშნულის უზრუნველსაყოფად ესაჭიროება მოსარჩელეს მეზობელი მიწის ნაკვეთის 27 კვ.მ ფართით სარგებლობა. მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, შენობაში ავტომობილით შესვლა ბევრჯერ სცადეს, მაგრამ ყველა მათგანი ან ავტომობილის, ან ბუნებრივი აირის მრიცხველის ყუთის (რომელიც განთავსებულია შენობაში შესასვლელ კედელზე) დაზიანებით დასრულდა.
4.3. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, შენობას აქვს არაერთი შესასვლელი. შესასვლელი არსებობს ზედა სართულიდანაც. ასევე, პირველ სართულს, სადაც მოსარჩელე ითხოვს აუცილებელი გზის დადგენას, გააჩნია სხვა შესასვლელიც. მოსარჩელის განმარტებით, აუცილებელი გზის დადგენის შემთხვევაში მას საშუალება ექნება მოხვდეს შენობის იმ ნაწილში, სადაც მიმდინარეობს სამღებრო სამუშაოები. შენობის იმ ნაწილს სადაც მიმდინარეობს ავტომობილების დაშლა-აწყობა, სალონის მოხსნა-შეკეთება აქვს სხვა შესასვლელიც და ამ ორი სივრცის გაერთიანება მოსარჩელის დირექტორის განმარტებით, არ არის რეკომენდებული. სწორედ ამიტომ, ეს ორი სივრცე გამიჯნულია მუყაოს კედლით (იხ. სააპელაციო სასამართლოს 20.04.2021 წლის სხდომის ოქმი). აღნიშნულთან დაკავშირებით, პალატა მიუთითებს, რომ აუცილებელი გზა შეუძლებელია დადგინდეს ერთი მიწის ნაკვეთისათვის გარკვეული სახის კომფორტის შესაქმნელად. იმავდროულად, შეუძლებელია, დადგინდეს რამდენიმე აუცილებელი გზა. მომიჯნავე მიწის მესაკუთრეები არ არიან ვალდებულნი, ითმინონ მიწის ნაკვეთზე არსებულ ყველა შესასვლელამდე მისასვლელი გზით სარგებლობა. განსახილველ შემთხვევაში შენობას აქვს არაერთი შესასვლელი. ასეთ დროს შეუძლებელია დადგინდეს აუცილებელი გზა თითოეული შესასვლელის მიმართ. მითუმეტეს, რომ სადავო ფართი იზოლირებულია მუყაოს კედლით და მისი აღება დიდ სიძნელეს არ წარმოადგენს, თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ სადავო შენობის ყველა შესასვლელს საჯარო გზებთან კავშირის უზრუნველსაყოფად ესაზღვრება სხვა პირთა საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები. შესაბამისად, აუცილებელი გზის დასადგენად უნდა გამოკვლელულ იქნეს არა შენობის ცალკეულ ნაწილებთან კავშირის შესაძლო შემთხვევები, არამედ მთლიანად შენობასთან მისასვლელი აუცილებელი გზის მდებარეობის განსაზღვრის ოპტიმალური შესაძლებლობები. საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დაკვნით შეუძლებელია ამ საკითხზე დასკვნების გამოტანა. მასში საუბარი არ არის, შეიძლება თუ არა ამ გზით აუცილებელი კავშირის უზრუნველყოფა მთელ შენობასთან, ამ შემთხვევაში კი შეუძლებელია დადგინდეს აუცილებელი გზა. თუ მხარე ითხოვს აუცილებელ გზას, დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია გაირკვეს, თუ შენობის რომელი მხრიდან უნდა მოეწყოს აუცილებელი გზა და რომელი მიწის მესაკუთრის ტერიტორიას გადაკვეთს იგი, რადგან თითოეულ შესასვლელს ემიჯნება სხვადასხვა მესაკუთრის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები.
4.4. გარდა ზემოაღნიშნულისა, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელში არ არის დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა. მოსარჩელე მიუთითებს, რომ იგი ვერ ისარგებლებს თავის საკუთრებაში არსებული შენობის ნაწილით, თუ ვერ გაივლის მოპასუხის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს. თუ სარჩელში საუბარია მხოლოდ შენობის ერთი გარკვეულ ნაწილთან კავშირზე, შეუძლებელია, იმსჯელო აუცილებელი გზის დადგენის შესაძლებლობაზე. ამ თვალსაზრისით წინააღმდეგობრივია გასაჩივრებული გადაწყვეტილება. უნდა გაირკვეს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე - აუცილებელ გზას თუ მისასვლელს შენობის გარკვეულ ნაწილთან. მითითებული საკითხის გარკვევის გარეშე შეუძლებელია საქმეზე რაიმე გადაწყვეტილების მიღება. გარდა ამისა, არსებობს საშიშროებაც, რომ იმ შემთხვევაში, თუ სარჩელს არ დააკმაყოფილებს სასამართლო და მომიჯნავე მიწის მესაკუთრეები მოსარჩელეს არ მისცემენ შესაძლებლობას, ისარგებლოს მათი მიწის ნაკვეთებით, მოსარჩელე აღმოჩნდეს სრულ იზოლაციაში და არ ჰქონდეს მისასვლელი შენობასთან. ამდენად, უნდა დაზუსტდეს სასარჩელო მოთხოვნა და იმ შემთხვევაში თუ მოსარჩელე ითხოვს მთლიანად შენობის მიმართ აუცილებელი გზის დადგენას, საკითხი უნდა შეისწავლოს შესაბამისი სპეციალური ცოდნით აღჭურვილმა პირმა და მისი დასკვნის საფუძველზე შეფასდეს საკითხი, ხოლო თუ მოსარჩელე ითხოვს მისასვლელს შენობის გარკვეულ ნაწილამდე, ეს საკითხიც გამოსაკვლევი და შესაფასებელია.
4.5. სააპელაციო პალატის მითითებით, საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ კანონის მოთხოვნათა დაცვით უნდა დააზუსტებინოს მოსარჩელეს სასარჩელო მოთხოვნა იმგვარად, რომ თვალსაჩინო გახდეს მისი სამართლებრივი საფუძველი, ამის შემდეგ კი უნდა გამოიკვლიოს ფაქტობრივი გარემოებები, მისცეს მხარეებს საშუალება, წარმოადგინონ მტკიცებულებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცეს მათ.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე სასამართლოს განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
7. საკასაციო სასამართლოს შემოწმების საგანი უპირველესად არის საკითხი - სწორად დაუბრუნა თუ არა სააპელაციო სასამართლომ საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად. სააპელაციო სასამართლოს მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოსთვის საქმის უკან დაბრუნების მართებულობის შეფასებისას, სასამართლომ, უპირველეს ყოვლისა, უნდა გაითვალისწინოს: 1) რა პროცესუალური გარემოებები მიუთითებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის უკან დაბრუნებაზე; 2) ამ გარემოებების გათვალისწინებით, რამდენად მიზანშეწონილია საქმის უკან დაბრუნება და 3) ხომ არ გამოიწვევს ეს საქმის უსაფუძვლოდ გაჭიანურებას (შდრ. სუსგ №ას-1118-1145-2011, 10.01.2012წ.; სუსგ Nას-151-147-2016 , 19.04.2016წ.).
8. სააპელაციო სასამართლოს მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლებს განსაზღვრავს სსსკ-ის 385-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს (გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები). ამავე მუხლის მე-2 ნაწილი სააპელაციო სასამართლოს შესაძლებლობას აძლევს, არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი. ამრიგად, აღნიშნული მუხლი, ერთის მხრივ, უთითებს პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის დაბრუნების საფუძვლებზე, ხოლო, მეორეს მხრივ, სასამართლოს აძლევს უფლებას, ამ საფუძვლების არსებობისას, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელების სტანდარტიდან გამომდინარე, შეაფასოს, რა უფრო მართებულია - მის მიერ გადაწყვეტილების გამოტანა თუ საქმის ხელახლა განსახილველად პირველი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნება (სუსგ №ას-1234-1175-2014, 23.02.2015წ.; Nას-1167-2019, 22.07.2020 წ.).
9. ზემოაღნიშნული განპირობებულია სამართლიანი სასამართლოს უფლებით, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ადამიანის ერთ-ერთი ძირითადი უფლებაა და თავის თავში მოიცავს ადამიანის უფლებას მისი საქმე გონივრულ ვადაში, სწრაფად და ეფექტიანად განიხილოს სასამართლომ (Profitis and Others v. Greece, §93; Tierce v. San Marino, §31; Surmeli v. Germany [GC], §129; Capuano v. Italy, §§30-31; Versini v. France, §29), რაც წარმოშობს სახელმწიფოს ვალდებულებას ისე მოაწყოს თავისი სამართლებრივი სისტემა, რომ სასამართლოებმა უზრუნველყონ თითოეული პირის უფლება გონივრულ ვადაში მიაღწიოს საბოლოო გადაწყვეტილებას დავაზე, რომელიც მისი სამოქალაქო უფლებებისა და მოვალებების განხორციელებას ეხება (Scordino v. Italy (no.1) [GC] §183, Surmeli v. Germany [GC], § 129). თუმცა, ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს რა, რომ მართლმსაჯულება იყოს სწრაფი და ეფექტიანი, ხაზს უსვამს, რომ ამით არ უნდა დაზარალდეს მართლმსაჯულების სწორად (სათანადოდ) განხორციელების პრინციპი (Von Maltzan and Others v. Germany (dec.) [GC], §132), რომელიც სამართლიანი სასამართლოს უფლების უფრო ზოგადი პრინციპია (სუსგ Nას-1167-2019, 22.07.2020წ.).
10. საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის უკან დაბრუნება, ისევე როგორც საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება, სააპელაციო სასამართლოს უფლებაა და არა ვალდებულება. მიუხედავად ამისა, ეს არ გულისხმობს, რომ სააპელაციო სასამართლო არაა შეზღუდული, ნებისმიერი დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების შემთხვევაში ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად დაუბრუნოს საქმე. ასეთი მიდგომა ეწინააღმდეგება რაციონალური მართლმსაჯულებისა და პროცესუალური ეკონომიის პრინციპებს, სსსკ-ის 385-ე მუხლის მე-2 ნაწილის ნამდვილ აზრს, რითაც მოცემულ შემთხვევაში, შებოჭილია სააპელაციო სასამართლო. ამიტომ, სააპელაციო სასამართლომ, რომელიც სსსკ-ის თანახმად, ასევე საქმის არსებითად განმხილველი სასამართლოა, პირველი ინსტანციის სასამართლოს საქმე უკან უნდა დაუბრუნოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც მას თავად რეალურად გაუჭირდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა ან კონკრეტული საქმის გარემოებების გათვალისწინებით, მართლაც მიზანშეწონილია საქმის უკან დაბრუნება (სუსგ Nას-657-618-2012, 10.12.2012წ.; სუსგ Nას-151-147-2016 , 19.04.2016წ.; სუსგ Nას- 973-922-2015, 16.02.2016წ.).
11. საკასაციო პალატის მოსაზრებით, გასაჩივრებული განჩინება არ შეიცავს მითითებას გარემოებებზე, რომელთა გამოც გამართლებული იქნებოდა საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში გადაგზავნა. სააპელაციო სასამართლოს თავადვე შეეძლო, გამოერკვია მის მიერ მითითებული გარემოებები, სამართლებრივად შეეფასებინა და გადაეწყვიტა დავა.
12. საქმის მასალების მიხედვით, სასარჩელო მოთხოვნაა - მოპასუხეს დაევალოს, ითმინოს მის საკუთრებაში არსებული 27 კვ.მ ფართის გამოყენება მოსარჩელის კუთვნილ უძრავ ქონებასთან (ს/კ ......) აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად 11.12.2019 წლის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის მიხედვით. სარჩელის საფუძვლად კი მოსარჩელე მიუთითებს იმ ფაქტს, რომ ვერ სარგებლობს მისი კუთვნილი შენობის ნაწილით, თუ არ გაივლის მოპასუხის საკუთრებაში რიცხულ მიწის ნაკვეთს (ს/კ ......) (იხ. სარჩელი, ტ.1, ს.ფ.1-17). ამდენად, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სასარჩელო მოთხოვნის და მისი საფუძვლის ბუნდოვანების თაობაზე სააპელაციო პალატის მოსაზრებას და მიაჩნია, რომ როგორც მოთხოვნა, ისე მისი ფაქტობრივი საფუძველი მოსარჩელის მიერ გარკვევით არის ჩამოყალიბებული. ამასთან, თუ რამდენად დასაბუთებულია სასარჩელო მოთხოვნა, სსსკ-ში მოქმედი დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე სარჩელის დაკმაყოფილების ან მასზე უარის თქმის საფუძველია და არა - სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოსთვის საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების წინაპირობა. სსსკ-ის 248-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს უფლება არა აქვს, მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა.
13. მნიშვნელოვანია, ერთმანეთისაგან გაიმიჯნოს აუცილებელი გზისა და სერვიტუტის შემთხვევები: აუცილებელი გზა ყოველთვის ნაკარნახებია უალტერნატივო აუცილებლობით და დგინდება კანონის საფუძველზე. სერვიტუტი, თავის მხრივ, ყოველთვის მხარეთა ნების საფუძველზე დგინდება, ანუ იქ, სადაც მხარეები თანხმდებიან. აუცილებელი გზის დადგენა სერვიტუტის ფორმითაც არის შესაძლებელი, ამ შემთხვევაში სახეზე უნდა იყოს მხარეთა შეთანხმება. სერვიტუტის დადგენა აუცილებლობიდან არ გამომდინარეობს, ის ნებისმიერ შემთხვევაში შესაძლებელია წარმოშვას. იქ, სადაც მხარეთა ნება გამორიცხულია, კანონი ერევა უხეშად და სწორედ კანონისმიერი უფლების დადგენის გზით გვარდება სამართლებრივი კონფლიქტი. აუცილებელი გზის კონსტრუქციით კანონმდებელმა შემოიტანა საკონტროლო მექანიზმი, რომლითაც, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევებში, შეუძლია, ისარგებლოს იზოლირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრემ, მიწის ნაკვეთის აუცილებელ კომუნიკაციებთან კავშირის უზრუნველსაყოფად (თამარ ზარანდია, სანივთო სამართალი, გამომცემლობა „მერიდიანი“, მეორე შევსებული გამოცემა, 2019წ., გვ. 281). ამდენად, აუცილებელი გზით სარგებლობის უფლება - ესაა კანონით დადგენილი საკუთრების უფლების შეზღუდვა (ე. წ. „აუცილებელი გზის სერვიტუტი“, „servitus necessaria”) და იგი წარმოიშობა მოთხოვნის საფუძველზე, რომელიც არის ცალმხრივი აღმჭურველი ნების გამოვლენა (ლევან თოთლაძე, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი II, თბილისი, 2018წ., მუხ.180, ველი 1).
14. სარჩელის საგანია აუცილებელი გზის უფლების დადგენა. შესაბამისად, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს სსკ-ის 180-ე მუხლის პირველი ნაწილი (თუ მიწის ნაკვეთს არა აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მეზობელს მოსთხოვოს, რომ მან ითმინოს მისი მიწის ნაკვეთის გამოყენება ამგვარი აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად. იმ მეზობლებს, რომელთა ნაკვეთზედაც გადის აუცილებელი გზა ან გაყვანილობა, უნდა მიეცეთ შესაბამისი კომპენსაცია, რომელიც, მხარეთა შეთანხმებით, შეიძლება ერთჯერადი გადახდით გამოიხატოს) წარმოადგენს, რომელშიც საკუთრების უფლების კანონისმიერი შებოჭვის პირობებია მოცემული. აუცილებელი გზის მოთხოვნით აღძრული სარჩელის მართებულობის დასადგენად სასამართლომ უნდა შეამოწმოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული (აუცილებელი გზის ან გაყვანილობის თმენის ვალდებულება არ წარმოიშობა, თუკი უკვე არსებული დაკავშირება მიწის ნაკვეთისა გაუქმდა მესაკუთრის თვითნებური მოქმედებით) თმენის ვალდებულების გამომრიცხველი გარემოების არსებობა/არარსებობაც. პირი, რომელიც თავისი ქმედებით, თავისუფალი ნების საფუძველზე, წყვეტს მიწის ნაკვეთის დაკავშირებას საჯარო ქსელებთან, არ საჭიროებს დაცვას სხვა მესაკუთრის ინტერესების ხარჯზე. მაგალითად, თვითნებურად მოქმედებს მესაკუთრე, რომელიც მიწის ნაკვეთზე მშენებლობის გამო კავშირს წყვეტს საჯარო ქსელებთან, ასევე - თუ მისი თანხმობის საფუძველზე მიწის ნაკვეთის დაკავშირება გაუქმდება (ლევან თოთლაძე, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი II, თბილისი, 2018წ., მუხ.180, ველი 10).
15. მხოლოდ მაშინ, თუ არსებობს სსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული პირობები, მესაკუთრემ უნდა ითმინოს თავისი უძრავი ნივთის დატვირთვა მეზობლის ინტერესებში. აღნიშნული მუხლის დანაწესი გულისხმობს ნივთის ასეთი უფლებით დატვირთვას მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, ანუ ობიექტური გარემოება (სხვა გზის არარსებობა, რაც ნივთის ჯეროვანი გამოყენების საშუალებას არ იძლევა და ამით ნივთის დანიშნულებისამებრ გამოყენების შესაძლებლობა მცირდება ან საერთოდ იკარგება) წარმოშობს სხვისი ნივთით სარგებლობის აუცილებლობას. ამ გარემოებების არსებობა კონკრეტულ დავასთან დაკავშირებით სარწმუნოდ უნდა იქნეს დადგენილი (შდრ. №ას-1291-1211-2017, 15.12.2017წ; სუსგ №ას-1048-1316-09, 23.03.2010წ.). სსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული აუცილებელი კავშირის არსებობა არ არის დამოკიდებული სუბიექტურ მიზანშეწონილობასა და არჩევანზე, არამედ ეფუძნება ობიექტურად არსებულ ისეთ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც უთითებს აუცილებელ, უალტერნატივო კავშირზე საჯარო გზებთან და ა.შ. (შდრ. სუსგ Nას-1513-2018, 08.02.2019წ.). უნდა დადგინდეს მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთის საჯარო გზასთან ჯეროვანი კავშირის არსებობა/არარსებობის ფაქტი (შდრ.იხ. სუსგ Nას-744-801-2011, 13.10.2011წ).
16. აუცილებელი გზის უფლების თაობაზე სარჩელი ფორმალურად გამართულია, თუკი მოსარჩელე მიუთითებს ნორმით განსაზღვრულ ყველა წინაპირობაზე: ის უნდა იყოს მიწის ნაკვეთის მესაკუთე; მიწის ნაკვეთს არ უნდა გააჩნდეს ჯეროვანი კავშირი საჯარო გზასთან; მეზობელი ნაკვეთის აუცილებელ გზად გამოყენება განპირობებული უნდა იყოს ნივთის ფაქტობრივი მდებარეობითა და ფუნქციური დანიშნულებისამებრ გამოყენებით; მეზობელი მიწის ნაკვეთი უნდა იყოს მიზნის მიღწევის ერთადერთი პროპორციული საშუალება. იმის მიხედვით, თუ ჩამოთვლილთაგან რომელ ფაქტებს შეედავება მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრე, განისაზღვრება მტკიცების საგანი (სადავო ფაქტები) და შედავებათა პროცესუალური ხასიათიდან გამომდინარე, მხარეთა შორის ნაწილდება მტკიცების ტვირთი (სუსგ N ას-1869-2018, 25.10.2019წ).
17. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ადასტუროს სხვისი საკუთრების უფლების კანონისმიერი ბოჭვის სსკ-ის 180-ე მუხლით განსაზღვრული პირობების არსებობა (შდრ. სუსგ Nას-367-2021, 15.10.2021წ.; სუსგ Nას-828-2020, 18.12.2020წ.).
18. რაც შეეხება საქმეში გარკვეული მტკიცებულებების არარსებობის, მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების სპეციალური ცოდნის მქონე პირის მიერ შესწავლის აუცილებლობის და ამ მიზნით საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების მიზანშეწონილობის შესახებ სააპელაციო სასამართლოს მითითებას, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის დაბრუნების ზემოაღნიშნული საფუძველი განხილულ უნდა იქნას დისპოზიციურობისა (სსკ-ის მე-3 მუხლი) შეჯიბრებითობის (სსსკ-ის მე-4 მუხლი) პრინციპების კონტექსტით, რომლებიც გულისხმობს მხარეთა შესაძლებლობას, თავად განსაზღვრონ დავის საგანი და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება სასამართლოში სარჩელის შეტანის შესახებ. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნას დადასტურებული ეს ფაქტები. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები. მართალია, სსსკ-ის მე-4 მუხლის მე-2 ნაწილი ითვალისწინებს სასამართლოს უფლებას საქმის გარემოებათა გასარკვევად ამ კოდექსში გათვალისწინებულ ღონისძიებებს საკუთარი ინიციატივითაც მიმართოს, მაგრამ სამოქალაქო სამართალწარმოების კონტექსტით, რომელიც მთლიანად მხარეთა დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპს ეფუძნება, სასამართლოს მხრიდან ნებისმიერი ინიციატივის გამოჩენის უფლება ვიწროდ (შეზღუდულად) უნდა განიმარტოს, რაც გულისხმობს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოს მხრიდან ინიციატივის გამოჩენის საფუძვლები და აუცილებლობა სასამართლომ ნათლად უნდა დაასაბუთოს (სუსგ Nას-209-196-2015, 30.07.2015წ.; ასევე იხ. ქ. მესხიშვილი, სსსკ-ის კომენტარი (რჩეული მუხლები), თბილისი, 2020, მუხ. 4, გვ. 91,92).
19. პალატა მიუთითებს, რომ მტკიცებულებები საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით უნდა წარედგინოს სასამართლოს, ახალ გარემოებებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარდგენა შეზღუდულია არა მარტო სააპელაციო, არამედ პირველი ინსტანციის სასამართლოშიც, თუ საქმის მოსამზადებელი სტადია დასრულებულია (სსკ-ის 215-ე, 380-ე მუხლი). კანონი ზუსტად განსაზღვრავს იმ შემთხვევებს, რა დროსაც მოსამზადებელი სტადიის დასრულების შემდეგ შესაძლებელია ახალ გარემოებებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარდგენა. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო არ უთითებს, არსებობს თუ არა ახალი მტკიცებულებების წარდგენის კანონით გათვალისწინებული რომელიმე შემთხვევა, ასევე გასაჩივრებული განჩინება არ შეიცავს რაიმე მითითებას იმის შესახებ, შეეზღუდა თუ არა მოსარჩელეს ახალი მტკიცებულებების წარდგენის შესაძლებლობა პირველი ინსტანციის სასამართლოში. ამ გარემოებაზე არ უთითებს არც თავად მოსარჩელე, რომელიც საკასაციო ინსტანციაში კასატორი მხარეა და განმარტავს, რომ სასამართლოში წარმოადგინა ყველა ფაქტი და მტკიცებულება, რაც მას საქმის გარემოებების დასადასტურებლად აუცილებლად და მიზანშეწონილად მიაჩნდა. ამასთან, თუ სააპელაციო სასამართლო ხელახლა განხილვის დროს მიიჩნევს, რომ აუცილებელია საკითხი სპეციალური ცოდნის მქონე პირმა შეისწავლოს და ამის გარეშე გადაწყვეტილების გამოტანა შეუძლებელია, უფლებამოსილია დანიშნოს ექსპერტიზა თავისი ინიციატივით (სუსგ Nას-1639-2018, 19.04.2019წ., Nას-867-834-2016, 22.11.2018წ.).
20. პალატას მიაჩნია, რომ კასატორის მიერ წარმოდგენილია ნაწილობრივ დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო საჩივარი. სსსკ-ის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. მოცემულ შემთხვევაში, არსებობს სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი. აღნიშნულიდან გამომდინარე, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
21. სსსკ-ის 53-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. ვინაიდან მოცემული საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა ქვემდგომ სასამართლოს, პროცესის ხარჯების საკითხი უნდა გადაწყდეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანისას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ა.მ–სის“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 22.07.2021 წლის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია