საქმე №ას-1090-2020 27 სექტემბერი, 2022 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – კ.კ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ლ.ც–ძე, მ.დ–ძე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინებები – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 10.07.2020 წლის განჩინება; ამავე სასამართლოს 29.06.2020 წლის განჩინება სააპელაციო საჩივრის ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე და 10.07.2020 წლის განჩინება საქმის წარმოების შეჩერებაზე უარის თქმის შესახებ
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 22.11.2019 წლის გადაწყვეტილებით კ.კ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“ ან „კასატორი“) სარჩელი ლ.ც–ძისა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „პირველი მოპასუხე“) და მ.დ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მეორე მოპასუხე“, პირველ მოპასუხესთან ერთად მოხსენიებული, როგორც „მოპასუხეები“) მიმართ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
2. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 10.07.2020 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. განჩინება ეფუძნება შემდეგს:
3.1. უძრავი ქონება, მდებარე: დედოფლისწყაროს რაიონი, სოფელი ......., ......., სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი დაუზუსტებელი ფართით 700 კვ.მ, შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი: შენობა-ნაგებობები (ს/კ: ....), საჯარო რეესტრის მონაცემებით ირიცხება მოსარჩელის სახელზე. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია ნასყიდობის ხელშეკრულება დამოწმებული 26.10.2000 წელს, ნოტარიუსი - ლ. გ–ი.
3.2. 26.10.2000 წლის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან ირკვევა, რომ მოსარჩელეს საკუთრებაში გადაეცა საწყობი 240 კვ.მ და საშრობი ფარდული 300 კვ.მ. ხელშეკრულების მეორე მხარეს ნოტარიუსის მიერ გაკეთებულია ჩამატება, რომლის თანახმად, მოსარჩელეს ასევე გადაეცა ოროთახიანი საცხოვრებელი სახლი 30 კვ.მ ფართით.
3.3. საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, მოპასუხეების საკუთრებად ირიცხება სასოფლო-სამეურნეო (საძოვარი) მიწის ნაკვეთი, მდებარე: დედოფლისწყაროს რაიონი, სოფელი ......., ...., დაზუსტებული ფართობი 70800 კვ.მ (ნაკვეთის წინა ნომერი: ......), განაშენიანების ფართი №1 132.6 კვ.მ, №2 განაშენიანების ფართი 296.5 კვ.მ, №3 განაშენიანების ფართი 536,4 კვ.მ, №4 განაშენიანების ფართი 544.6 კვ.მ, №5 განაშენიანების ფართი 382.0 კვ.მ, №6 განაშენიანების ფართი 489.6 კვ.მ (ს/კ: .......). უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია ნასყიდობის ხელშეკრულება დამოწმებული 16.11.2016 წელს. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ აღნიშნული ქონება თავდაპირველად წარმოადგენდა ნ.კ–ის საკუთრებას, შემდგომ კახეთის სააღსრულებო ბიუროს განკარგულების საფუძველზე აღირიცხა სს „ბ.კ–ას“ საკუთრებად, შემდეგ კი სს „თ.ბ–ის“ საკუთრებად. ამ უკანასკნელისგან ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინეს მოპასუხეებმა.
3.4. ამდენად, მოდავე მხარეები წარმოადგენენ სხვადასხვა საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების მესაკუთრეებს. ამასთან, მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ ქონების ამონაწერში ზოგადად არის მითითება შენობა-ნაგებობებზე, ხოლო მოპასუხეთა სახელზე რეგისტრირებულ ქონებაზე მითითებულია 6 ერთეული შენობა-ნაგებობა, კონკრეტული კვ.მ-ის მითითებით.
3.5. იმის დამადასტურებელი მტკიცებულება (მაგ: ექსპერტიზის დასკვნა), რომ მოპასუხეების მხრიდან ადგილი ჰქონდა მოსარჩელის საკუთრებაში შეჭრას ან/და მისი კუთვნილი ფართის მთლიანად ან ნაწილობრივ უკანონო ფლობას ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია. მოპასუხეთა მიერ მოსარჩელის კუთვნილი ფართის ფლობის დადასტურების მიზნით პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის მომზადების ეტაპზე მოსარჩელემ იშუამდგომლა ვადის განსაზღვრა ექსპერტიზის ჩასატარებლად. 03.06.2019წ. სასამართლოში წარდგენილი იქნა საექსპერტო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება. თუმცა, საბოლოოდ, ექსპერტის დასკვნა მოსარჩელეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია.
3.6. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 170-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიუთითა, რომ მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 102-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებიდან გამომდინარე, მოსარჩელეს ეკისრება საჯარო რეესტრის ამონაწერზე დაყრდნობით დაამტკიცოს სადავო ნივთზე საკუთრების უფლება.
3.7. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეებს საკუთრებაში გააჩნიათ სხვადასხვა საიდენტიფიკაციო კოდის მქონე უძრავი ნივთები („საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 31.12.2019წ. №487 ბრძანების მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკადასტრო კოდი არის უძრავი ნივთის უნიკალური საიდენტიფიკაციო კოდი, რომელიც ენიჭება უძრავ ნივთს მასზე საჯარო რეესტრში უფლების რეგისტრაციასთან ერთად). საქმის მასალებში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომლითაც უტყუარად დადასტურდებოდა, რომ მოპასუხეები ფლობენ მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ ფართს. ამდენად, უკანონო მფლობელობიდან გამოსათხოვი ფართი იდენტიფიცირებული არ არის. ის უძრავი ქონება კი, რომელსაც მოპასუხეები ფლობენ, მათ მართლზომიერ მფლობელობაშია. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, არ გამოიკვეთა ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებისათვის საჭირო ყველა წინაპირობა. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოსარჩელეს მართებულად ეთქვა უარი სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
3.8. სააპელაციო საჩივრის ფარგლებში მოსარჩელე ასევე ითხოვს გადაწყვეტილების წინმსწრები 28.10.2019 წლის განჩინების გაუქმებას, რომლითაც გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 11.09.2019 წლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება. დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში 10.04.2019 წელს დანიშნული სასამართლოს მოსამზადებელი სხდომა გადაიდო სხვა დროისთვის. საქმეში წარმოდგენილია სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტი, რომლითაც ირკვევა, რომ მას 05.06.2019 წელს სასამართლოს შიდა ნომერზე დაუკავშირდა მეორე მოპასუხე, სხდომის მდივანმა მას აცნობა, რომ სხდომა დანიშნული იყო 11.09.2019 წელს, 16:00 საათზე, 52-ე სხდომის დარბაზში. მეორე მოპასუხემ განმარტა, რომ იგი აცნობებდა სხდომის თარიღს მის დედამთილს, პირველ მოპასუხეს. აღნიშნული აქტით არ დასტურდება, რომ მხარეს განემარტა სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შედეგებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე.
3.9. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. ამავე კოდექსის 72-ე მუხლის პირველ ნაწილში ჩამოთვლილია ის რეკვიზიტები, რასაც სასამართლო უწყება უნდა შეიცავდეს. მისი „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, უწყება უნდა შეიცავდეს მითითებას გამოუცხადებლობის შედეგებზე და ვალდებულებას, აცნობოს სასამართლოს გამოუცხადებლობის მიზეზები. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოპასუხე მხარე სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის შედეგებზე გაფრთხილებული არ ყოფილა, შესაბამისად, იგი კანონით დადგენილი წესით არ ყოფილა ინფორმირებული სასამართლო სხდომის თაობაზე. სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით), ამავე კოდექსის 241-ე მუხლით (დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის) და მიუთითა, რომ, ვინაიდან მოპასუხე მხარე კანონით დადგენილი წესით არ იყო მოწვეული სასამართლო სხდომაზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ კანონიერად გააუქმა მის მიერ 11.09.2019 წელს მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება. კასატორმა ასევე მოითხოვა სააპელაციო საჩივრის ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 29.06.2020 წლის განჩინებისა და საქმის წარმოების შეჩერებაზე უარის თქმის შესახებ ამავე სასამართლოს 10.07.2020 წლის განჩინების გაუქმება.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
7. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
8. უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილი. სავინდიკაციო სარჩელი ეფუძნება იმ მოცემულობას, რომ მესაკუთრეს, რომელსაც ჩამოერთვა მფლობელობა, შეუძლია ნივთი მოითხოვოს მფლობელისაგან, რომელიც არაკეთილსინდისიერად აკავებს ნივთს. საკუთრების უფლებამ ნივთზე სრული ბატონობა უნდა უზრუნველყოს, მათ შორის ფაქტობრივი ბატონობა - მფლობელობის სახით. ცხადია, მესაკუთრეს სხვა უფლებამოსილებებთან ერთად აქვს მფლობელობის უფლებაც და თუკი მოხდება საკუთრების მფლობელობის ჩამორთმევა, მას შეუძლია არაუფლებამოსილ მფლობელს სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება (იხ.: თამარ ზარანდია, სანივთო სამართალი, გამომცემლობა „მერიდიანი“, მეორე შევსებული გამოცემა, 2019წ., გვ. 245).
9. სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება (სუსგ №ას-914-2019, 25.07.2019წ; სუსგ №ას-246-246-2018, 20.03.2018წ.).
10. სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. ამრიგად, იმისათვის, რომ მოსარჩელემ მფლობელობის შეწყვეტა და ნივთის გადაცემა მოითხოვოს, უნდა არსებობდეს სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა (შდრ. სუსგ №ას-887-2019, 27.12.2019წ.).
11. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან კუთვნილი უძრავი ნივთის გამოთხოვა, რასაც არ დაეთანხმნენ მოპასუხეები და განმარტეს, რომ ისინი არა მოსარჩელის, არამედ თავიანთ საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთს ფლობენ.
12. საქმის მასალებით დადგენილია, რომ უძრავი ქონება, მდებარე: დედოფლისწყაროს რაიონი, სოფელი ......., ......., სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი დაუზუსტებელი ფართით 700 კვ.მ, შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი: შენობა-ნაგებობები (ს/კ: ......), საჯარო რეესტრის მონაცემებით ირიცხება მოსარჩელის სახელზე. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია ნასყიდობის ხელშეკრულება დამოწმებული 26.10.2000 წელს (ტ.1, ს.ფ. 16-17; 171-172).
13. დადგენილია ისიც, რომ მოპასუხეების საკუთრებად ირიცხება სასოფლო-სამეურნეო (საძოვარი) მიწის ნაკვეთი, მდებარე: დედოფლისწყაროს რაიონი, სოფელი ......., ......., დაზუსტებული ფართობი 70800 კვ.მ (ნაკვეთის წინა ნომერი: .......), განაშენიანების ფართი №1, 132.6 კვ.მ, №2 განაშენიანების ფართი 296.5 კვ.მ, №3 განაშენიანების ფართი 536,4 კვ.მ, №4 განაშენიანების ფართი 544.6 კვ.მ, №5 განაშენიანების ფართი 382.0 კვ.მ, №6 განაშენიანების ფართი 489.6 კვ.მ (ს/კ: .....). უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია ნასყიდობის ხელშეკრულება დამოწმებული 16.11.2016 წელს (ტ.1, ს.ფ. 48-49).
14. ამდენად, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე და მოპასუხეები წარმოადგენენ სხვადასხვა საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთების მესაკუთრეებს. ამასთან, მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ქონების ამონაწერში ზოგადად არის მითითება შენობა-ნაგებობებზე, ხოლო მოპასუხეთა სახელზე რეგისტრირებულ ქონებაზე მითითებულია ექვსი ერთეული შენობა-ნაგებობა, კონკრეტული კვ.მ-ს მითითებით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა დასაბუთებული პრეტენზია ვერ წარმოადგინა სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი იმ გარემოების გასაქარწყლებლად, რომ საქმის მასალებში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომლითაც უტყუარად დადასტურდებოდა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის მოპასუხეთა მიერ ფლობის ფაქტი.
15. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების წესზე და აღნიშნავს, რომ სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ სარწმუნო მტკიცებულებების წარდგენის გზით ვერ შეძლო ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებისათვის საჭირო ყველა წინაპირობის არსებობის დადასტურება (შდრ. სუსგ №ას-1474-2018, 02.11.2018წ.).
16. სსსკ-ის 404-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება იყოს აგრეთვე სასამართლოს ის განჩინებები, რომლებიც წინ უსწრებს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას, იმისგან დამოუკიდებლად, დასაშვებია თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა.
17. კასატორი პრეტენზიას აცხადებს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 29.06.2020 წლის განჩინებაზე, რომლითაც დაინიშნა სააპელაციო საჩივრის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა. პალატა მიუთითებს, რომ სსსკ-ის 3761 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ საქმე შეეხება უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვას, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე. საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ წინასწარ უნდა ეცნობოს მხარეებს. მოცემულ შემთხვევაში, დავა შეეხება უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვას, შესაბამისად, ზემოაღნიშნული ნორმის ძალით სააპელაციო პალატა უფლებამოსილი იყო, საქმე განეხილა მხარეთა დაუსწრებლად, ზეპირი მოსმენის გარეშე (შდრ. სუსგ №ას-1208-2019, 21.11.2019წ; №ას-1202-2019, 13.11.2019წ; №ას-262-2020, 20.10.2020წ.).
18. საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად განიხილა მოცემული დავა ერთპიროვნულად. წინამდებარე დავა შეეხება მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვას, რაც სსსკ-ის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, ქონებრივ-სამართლებრივ დავათა რიგს განეკუთვნება. აღნიშნული ნორმის მიხედვით, წინამდებარე დავის საგანი განისაზღვრება 4000 ლარით (შდრ. სუსგ №ას-734-702-2016, 20.01.2017წ., პუნ. 1.4.1; №ას-1580-2018, 13.12.2018წ., პუნ. 63, 64). შესაბამისად, სსსკ-ის 25-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მოცემული დავა შეიძლება ერთპიროვნულად განეხილა სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლეს (შდრ. სუსგ №ას-1815-2019, 22.07.2020წ; №ას-25-2021, 27.04.2021წ.).
19. კასატორი სადავოდ ხდის საქმის წარმოების შეჩერებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 10.07.2020 წლის განჩინების კანონიერებას. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნულზე მხარეს დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას განსახილველ საქმეზე სსსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმის წარმოების შეჩერების აუცილებელი წინაპირობების არარსებობის შესახებ. ზემოაღნიშნული საფუძვლით საქმის წარმოების შეჩერების საკითხის გადაწყვეტისას უნდა დადგინდეს, არსებობს თუ არა საქმეთა შორის ისეთი აუცილებელი კავშირი, რაც შეჩერების ღონისძიების გამოუყენებლობის პირობებში ობიექტურად შეუძლებელს გახდის სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმის განხილვას (სუსგ №ას-1719-2019, 22.01.2020წ.). განსახილველ შემთხვევაში, არ დასტურდება ისეთი გარემოების არსებობა, რომელიც ობიექტურად შეუძლებელს გახდიდა წინამდებარე დავის გადაწყვეტას სიღნაღის რაიონულ სასამართლოში წინამდებარე დავის მოსარჩელის მიერ აღძრული სარჩელის გამო მიმდინარე ადმინისტრაციული საქმის განხილვის დასრულებამდე.
20. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად არ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს 28.10.2019 წლის განჩინების გაუქმების თაობაზე, პალატა მიუთითებს, რომ მხარეს არც აღნიშნულზე წარმოუდგენია დასაბუთებული შედავება. პალატა იზიარებს ამ საკითხზე სააპელაციო სასამართლოს დასკვნებს (იხ. წინამდებარე განჩინების 3.8-3.9 პუნქტები) და მიაჩნია, რომ მოთხოვნის დაკმაყოფილების სსსკ-ის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული რაიმე საფუძველი არ არსებობს.
21. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
22. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
23. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, ხოლო კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი, მას უნდა დაუბრუნდეს გადახდილი თანხიდან 105 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. კ.კ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. კ.კ–ს (პ/ნ ......) უკან დაუბრუნდეს შ.ქ–ძის (პ/ნ .....) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის (საგადასახადო დავალება #0, გადახდის თარიღი 16.01.2021წ.) 70% – 105 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია