ბს-1510-1085(გ-05) 21 მარტი, 2006 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მ. ვაჩაძე,
ნ. ქადაგიძე
საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეთა კოლეგიებს შორის ლ. ჩ-ის სარჩელის განსჯადობის შესახებ დავა
აღწერილობითი ნაწილი:
ლ. ჩ-მა სარჩელით მიმართა ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 31.07.97წ. მას და გ. მ-ს შორის გაფორმდა საცხოვრებელი სახლის ნასყიდობის ხელშეკრულება. 10.06.05წ. ლ. ჩ-მა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების რეგისტრაციის თხოვნით მიმართა იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქ. თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს. მოსარჩელის განცხადებით, 18.07.05წ. მას ეცნობა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების დროს მოქმედი სკ-ის 239-ე მუხლის თანახმად, ნოტარიუსის მიერ დამოწმებული ხელშეკრულება ტექნიკური ინვენტარიზაციის სამსახურში სამი თვის განმავლობაში უნდა დაერეგისტრირებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში ხელშეკრულება ითვლებოდა ბათილად. აღნიშნული ნორმის საფუძველზე ნასყიდობის ხელშეკრულების რეგისტრაცია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურმა არ განახორციელა. მოსარჩელემ მიუთითა, რომ სკ-ის 1507-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, უძრავ ნივთებზე ახალი სკ-ის ნორმები ვრცელდება, თუ იგი ახალ წესებს ითვალისწინებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა გადაწყვეტილების გამოტანა, რომლითაც სასამართლო ადმინისტრაციული ორგანოს ნასყიდობის ხელშეკრულების რეგისტრაციას დაავალებდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ აღნიშნული საქმე მისი ქვემდებარე არ იყო შემდეგ გარემოებათა გამო: კოლეგიამ აღნიშნა, რომ მოსარჩელე საცხოვრებელი სახლის მესაკუთრედ ცნობას და მის საფუძველზე საჯარო რეესტრში შესაბამისი ცვლილებების შეტანას ითხოვდა. მესაკუთრედ ცნობის თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნა სკ-ის ნორმებით რეგულირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს განეკუთვნებოდა.
სასამართლო კოლეგიამ მიუთითა, რომ ასკ-ის მეორე მუხლის I-ლი ნაწილის თანახმად, ასკ-ით დადგენილი წესით განიხილება დავა იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ მიიჩნია, რომ ლ. ჩ-ის სარჩელი სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განსჯადია. 26.08.05წ. განჩინებით საქმე განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 02.09.05წ. განჩინებით საქმე განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს. სამოქალაქო საქმეთა კოლეგია აღნიშნავს, რომ მოცემულ დავაში მოპასუხეა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს და ამდენად, იგი არის ადმინისტრაციული ორგანო. განსახილველ შემთხვევაში დავის საგანი არის ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ქმედების განხორციელების თაობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე სამოქალაქო საქმეთა კოლეგია თვლის, რომ განსახილველი დავა ასკ-ის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დავათა კატეგორიას განეკუთვნება და შესაბამისად, განხილული უნდა იქნეს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინებების გაცნობის შედეგად თვლის, რომ ლ. ჩ-ის სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის განსჯადია შემდეგ გარემოებათა გამო:
ასკ-ის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, საერთო სასამართლოები ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილავენ ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავებს. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნა მიმართულია იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, რომელიც ახორციელებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1. მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს. სარჩელი აღძრულია ქმედების განხორციელების დავალებაზე ადმინისტრაციული ორგანოს უარის გამო, დავა წარმოშობილია არა საკუთრების უფლების, არამედ მისი რეგისტრაციაში გატარების თაობაზე. ლ. ჩ-ის მოთხოვნა დაკავშირებულია “საჯარო რეესტრის შესახებ” კანონის მე-12 მუხლის მე-6 პუნქტის “ა” ქვეპუნქტით განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანოს ფუნქციის განხორციელებასთან. ლ. ჩ-ის სასარჩელო მოთხოვნაა ადმინისტრაციული ორგანოსთვის ქმედების განხორციელების დავალება, რაც ასკ-ის 2.2. მუხლის “გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული დავის საგანს წარმოადგენს. ამდენად, განსახილველი დავის საგანი დაკავშირებულია იმ სამართლებრივ ურთიერთობასთან, რომელიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან და სარჩელი აღძრულია ასკ-ის 2.2. მუხლის “გ” ქვეპუნქტის შესაბამისად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ დავა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განსჯად საქმეს წარმოადგენს. ამდენად, ლ. ჩ-ის სარჩელი, ასკ-ის 26-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უნდა გადაეგზავნოს უფლებამოსილ სასამართლოს-თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 26-ე მუხლით, სამოქალაქო საქროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ. ჩ-ის სარჩელი განსჯადობით დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;
2. საქმე განსახილველად გადაეგზავნოს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.