საქმე №ას-994-2020 13 ოქტომბერი, 2022 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „მ.ო. მ.ი–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ხ.თ–ძე, ნ.თ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 05.03.2020 წლის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – იპოთეკის უფლების შეწყვეტილად აღიარება, ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის გაუქმება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა
1. ხ.თ–ძემ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „პირველი მოსარჩელე“, „მსესხებელი“ ან „მოვალე“) და ნ.თ–ძემ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მეორე მოსარჩელე“, პირველ მოსარჩელესთან ერთად - „მოსარჩელეები“) სარჩელი აღძრეს შპს „მ.ო. მ.ი–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „გამსესხებელი“ ან „კრედიტორი“) მიმართ და მოითხოვეს:
1.1 პირველ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 25.07.2014 წლის ხელშეკრულების 2.4 მუხლის ბათილად ცნობა, ყოველთვიურად 3%-დან 2%-ის გადახდის დაკისრების ნაწილში და დავალიანების 5029.2 აშშ დოლარით განსაზღვრა;
1.2 უძრავ ქონებაზე, მდებარე: თბილისი, ......, კომერციული ფართი 36.29 კვ.მ, საკადასტრო კოდი ........ (შემდეგში „იპოთეკის საგანი“ ან „სადავო უძრავი ნივთი“) 20.11.2012 წელს გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი იპოთეკის უფლების შეწყვეტილად აღიარება;
1.3 ნოტარიუს ნ.კ–ის მიერ 02.02.2017 წელს გაცემული N170102555 სააღსრულებო ფურცლის გაუქმება;
1.4 პირველ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 20.11.2012 წელს გაფორმებული გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების 9.5 მუხლის „ა“ პუნქტის და 25.07.2014 წლის ხელშეკრულების 9.5 მუხლის „ა“ პუნქტის, ასევე მეორე მოსარჩელეს და მოპასუხეს შორის 20.11.2012 წელს გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულების 20.1 მუხლის „ა“ პუნქტის ბათილად ცნობა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 19.11.2018 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ამავე სასამართლოს 08.02.2018 წლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
3. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა, მოითხოვეს მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება ყოველთვიურად 3%-დან 2%-ის გადახდის დაკისრების ნაწილში 25.07.2014 წლის ხელშეკრულების 2.4 მუხლის ბათილად ცნობისა და დავალიანების 5029.2 აშშ დოლარით განსაზღვრის, სადავო უძრავ ნივთზე იპოთეკის უფლების შეწყვეტილად აღიარებისა და ნოტარიუსის მიერ 02.02.2017 წელს გაცემული N170102555 სააღსრულებო ფურცლის გაუქმების ნაწილში.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 05.03.2020 წლის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 19.11.2018 წლის გადაწყვეტილება იპოთეკის უფლების შეწყვეტილად აღიარებისა და ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის გაუქმებაზე უარის თქმის ნაწილში, ასევე, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებისა და სახელმწიფო ბაჟის ნაწილში და სააპელაციო სასამართლოს მიერ ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება. დანარჩენ სასარჩელო მოთხოვნებზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო უძრავ ნივთზე 20.11.2012 წლის იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხის სასარგებლოდ წარმოშობილი იპოთეკის უფლება აღიარებული იქნა შეწყვეტილად, გაუქმდა ნოტარიუს ნ.კ–ის მიერ 02.02.2017 წელს გაცემული N170102555 სააღსრულებო ფურცელი. გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში ეფუძნება შემდეგს:
4.1. 20.11.2012 წელს მოპასუხეს და პირველ მოსარჩელეს შორის დაიდო გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება N2012-11-20-01.
4.1.1. ხელშეკრულების 2.1 მუხლის თანახმად, გამსესხებელი მსესხებელზე კრედიტს გასცემს საკრედიტო ხაზის ფარგლებში, შემდეგი საბაზისო პირობებით: საკრედიტო ხაზის ზღვრული ოდენობა 23 000 აშშ დოლარი, რაც გულისხმობს წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში ნებისმიერ დროს აღებული ძირითად ვალდებულებათა ერთობლიობას, დასარიცხი საპროცენტო სარგებლის და ჯარიმების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გაუთვალისწინებლად.
4.1.2. 2.1 მუხლის „ბ“ პუნქტის შესაბამისად, თითოეული კრედიტის გაცემა ხდება ტრანშის სახით, ცალკე საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე, შემდეგი საბაზისო პირობების საფუძველზე: ტრანში - კრედიტის ოდენობა მისი გაცემის დღეს არ უნდა აღემატებოდეს ზღვრული თანხის აუთვისებელ ნაწილს; კრედიტის სარგებლობის ვადა არ უნდა აღემატებოდეს წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების ვადას; კრედიტი გაიცემა მსესხებლის საქმიანობის დასაფინანსებლად, თუ ცალკე საკრედიტო ხელშეკრულებით არ განისაზღვრა კრედიტის გაცემის სხვა მიზანი; უზრუნველყოფა წარმოადგენს ამ ხელშეკრულების ფარგლებში გაცემული ყოველი ტრანშის საკრედიტო ხელშეკრულებით განსაზღვრული კრედიტის უზრუნველყოფის საშუალებებს (გირავნობა, იპოთეკა, თავდებობა და სხვა), რომლებიც განიხილება ამ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილად.
4.1.3. 2.3 მუხლის მიხედვით, კრედიტი გაიცა 60 თვით, სრულად დაფარვის ვადაა 20.11.2017 წლამდე. 2.4 მუხლის თანახმად კი, კრედიტით სარგებლობისათვის მსესხებელი უხდის გამსესხებელს საპროცენტო სარგებელს წელიწადში 36-დან 96%-ის პროცენტის ოდენობით.
4.1.4. 4.1 პუნქტის თანახმად, „მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველყოფას წარმოადგენს 20.11.2012 წლის იპოთეკის ხელშეკრულება N2012-11-21-02.
4.2. 20.11.2012 წელს მოპასუხეს და მეორე მოსარჩელეს შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა მეორე მოსარჩელის საკუთრებაში არსებული სადავო უძრავი ნივთი. ხელშეკრულების თანახმად, იპოთეკით უზრუნველყოფილია ხელშეკრულების 4.2 პუნქტში აღწერილი საკრედიტო ხელშეკრულებიდან წარმოშობილი მოთხოვნა (4.2 პუნქტით უზრუნველყოფილი მოთხოვნის საფუძველი განსაზღვრულია შემდეგნაირად: ხელშეკრულების სახე - 20.11.2012 წლის გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება N2012-11-20-01, გამსესხებელი - მოპასუხე, მსესხებელი - პირველი მოსარჩელე, ხელშეკრულების დადების თარიღი - 20.11.2012 წელი, სესხის მოცულობა - 23 000 აშშ დოლარი, მოქმედების ვადა - 20.11.2017 წლამდე, წლიური საპროცენტო განაკვეთი - მინიმალური 36%, მაქსიმალური 96%, პირგასამტეხლოს/ჯარიმის ოდენობა - კრედიტის საერთო თანხის 0.1%-დან 0.5%-მდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე) და სრულად უზრუნველყოფს მსესხებლის მიერ ათვისებული ძირითადი თანხის, საპროცენტო სარგებლის, პირგასამტეხლოს, ზიანის ანაზღაურების, ასევე, სასამართლოს, აღსრულების, იპოთეკის საგნის რეალიზაციასთან დაკავშირებულ ხარჯებს.
4.3. 21.11.2012 წელს მოპასუხეს და პირველ მოსარჩელეს შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება N2012-11-21-01. ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებისა და მოთხოვნების შესაბამისად გამსესხებელმა აიღო ვალდებულება მსესხებელს მისცეს კრედიტი მხარეთა შორის 20.11.2012 წელს გაფორმებული N2012-11-20-01 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების ქვეშ, წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული ზღვრული ოდენობით, ხოლო მსესხებელმა იკისრა ვალდებულება დააბრუნოს მიღებული კრედიტი სრული ოდენობით, გადაიხადოს პროცენტი და სრულად შეასრულოს წინამდებარე შინაარსობრივი ვალდებულება. გამსესხებელმა მსესხებელზე კრედიტის სახით გასცა და მსესხებელმა მიიღო 23 000 აშშ დოლარი. კრედიტი გაიცა 12 კალენდარული თვით სარგებლობის ვადით და სრულად დაფარვის ვადად განისაზღვრა 21.11.2013 წლამდე პერიოდი. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა თვეში 4%-ის ოდენობით. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მსესხებელი ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში გადაიხდიდა პირგასამტეხლოს გადასახდელი თანხის 0.1%-ის ოდენობით.
4.4. 02.12.2013 წელს მოპასუხეს და პირველ მოსარჩელეს შორის დაიდო ახალი საკრედიტო ხელშეკრულება N2012-12-02-02, რომლითაც გამსესხებელმა აიღო ვალდებულება მსესხებელს მისცეს კრედიტი, მხარეთა შორის 20.11.2012 წლის N2012-11-20-01 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების ქვეშ, წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული სრული ოდენობით, ხოლო მსესხებელმა იკისრა ვალდებულება დააბრუნოს მიღებული კრედიტი სრული ოდენობით, გადაიხადოს დარიცხული პროცენტი და სრულად შეასრულოს ხელშეკრულების სხვა ვალდებულებები. ხელშეკრულების 2.1 პუნქტის თანახმად, გამსესხებელი გასცემს მსესხებელზე კრედიტს 23 000 აშშ დოლარის ოდენობით. კრედიტი გაიცემა 12 თვის ვადით და სრულად დაფარული უნდა იქნეს 02.12.2014 წლამდე. მსესხებელი უხდის გამსესხებელს საპროცენტო სარგებელს თვეში 4%-ის ოდენობით. ხელშეკრულების 4.1 პუნქტის თანახმად, საკრედიტო ვალდებულება უზრუნველყოფილია 20.11.2012 წლის გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებით N2012-11-20-01 და მის ქვეშ 20.11.2012 წელს გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულებით N2012-11-20-02. იპოთეკის საგანია სადავო უძრავი ნივთი.
4.5. მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 02.12.2013 წლის ახალი საკრედიტო ხელშეკრულება მხარეთა შორის დაიდო და ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა - 23 000 აშშ დოლარი მსესხებელზე გაიცა იმ პირობებში, როდესაც მას გააჩნდა ამავე მხარეებს შორის 20.11.2012 წლის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ძირი თანხის დავალიანება 23 000 აშშ დოლარზე. შესაბამისად, ეს თანხა იმავე დღეს (02.12.2013წ.) წარიმართა წინა ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი დავალიანების დასაფარავად. უდავოა ის ფაქტიც, რომ ამ გარემოების შესახებ მოპასუხეს იპოთეკის საგნის მესაკუთრე, რომელიც არ იყო იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის პირადი მოვალე, არ გაუფრთხილებია და ამ უკანასკნელს კანონით დადგენილი ფორმის დაცვით არ გამოუვლენია ნება 02.12.2013 წლის ახალი საკრედიტო ხელშეკრულებიდან წარმოშობილი კრედიტორის მოთხოვნის მისი კუთვნილი უძრავი ნივთით უზრუნველყოფის შესახებ.
4.6. 25.07.2014 წელს მოპასუხეს და პირველ მოსარჩელეს შორის დაიდო კიდევ ერთი საკრედიტო ხელშეკრულება N2012-07-25-25. ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებისა და მოთხოვნების შესაბამისად, გამსესხებელი იღებს ვალდებულებას მსესხებელს მისცეს კრედიტი მხარეთა შორის 20.11.2012 წელს გაფორმებული N2012-11-20-01 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების ქვეშ, წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული სრული ოდენობით, ხოლო მსესხებელი იღებს ვალდებულებას დააბრუნოს მიღებული კრედიტი სრული ოდენობით, გადაიხადოს დარიცხული პროცენტი და სრულად შეასრულოს წინამდებარე ხელშეკრულების სხვა ვალდებულებები. ხელშეკრულების 2.1 პუნქტის თანახმად, გამსესხებელი გასცემს მსესხებელზე კრედიტს 23 000 აშშ დოლარის ოდენობით. კრედიტი გაიცა 12 თვის ვადით და სრულად დაფარვის თარიღად განისაზღვრა 25.07.2015 წლამდე პერიოდი. საპროცენტო სარგებელი შეადგენდა თვეში 3%-ს. ხელშეკრულების 4.1 პუნქტის შესაბამისად, მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველყოფას წარმოადგენს 20.11.2012 წლის გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება N2012-11-20-01 და მის ქვეშ 20.11.2012 წელს გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულება N2012-11-20-02.
4.7. მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 25.07.2014 წლის ახალი საკრედიტო ხელშეკრულება N2012-07-25-25 მხარეთა შორის დაიდო და ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა - 23 000 აშშ დოლარი პირველ მოსარჩელეზე გაიცა იმ პირობებში, როდესაც მას გააჩნდა ამავე მხარეებს შორის 02.12.2013 წლის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ძირი თანხის დავალიანება 23 000 აშშ დოლარზე. შესაბამისად, ეს თანხა იმავე დღეს (25.07.2014წ.) წარიმართა წინა ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი დავალიანების დასაფარავად. უდავოა ის ფაქტიც, რომ ამ გარემოების შესახებ მოპასუხეს იპოთეკის საგნის მესაკუთრე, რომელიც არ იყო იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის პირადი მოვალე, არც ამჯერად გაუფრთხილებია და ამ უკანასკნელს კანონით დადგენილი ფორმის დაცვით არ გამოუვლენია ნება 25.07.2014 წლის ახალი საკრედიტო ხელშეკრულებიდან წარმოშობილი კრედიტორის მოთხოვნის მისი კუთვნილი უძრავი ნივთით უზრუნველყოფის შესახებ.
4.8. 02.02.2017 წელს ნოტარიუს ნ.კ–ის მიერ მოპასუხის განცხადების საფუძველზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის მიხედვითაც, აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა შეადგენს 31 242.14 აშშ დოლარს, აქედან სესხის ძირითადი თანხაა 23 000 აშშ დოლარი, პროცენტი - 4 978.14 აშშ დოლარი, ჯარიმა - 3 264 აშშ დოლარი, სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი 106 ლარი. დავალიანების დაფარვის მიზნით, დადგინდა იპოთეკის საგნის აუქციონზე რეალიზაცია (ტ. 1, ს.ფ. 92-97).
4.9. სასამართლოს განმარტებით, სადავოა იპოთეკის ხელშეკრულების ფარგლები და პასუხი უნდა გაეცეს კითხვას, უზრუნველყოფილია თუ არა 25.07.2014 წლის საკრედიტო ხელშეკრულებიდან წარმოშობილი კრედიტორის მოთხოვნა მეორე მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ნივთით. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 286-ე მუხლზე და განმარტა, რომ იპოთეკა ვალდებულების უზრუნველყოფის ისეთ საშუალებაა, რომლის ძალითაც კრედიტორს (იპოთეკარს) აქვს უპირატესი უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში დაიკმაყოფილოს თავისი მოთხოვნა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციით ან თავის საკუთრებაში გადაცემით. იპოთეკის ხელშეკრულების დადებისას იმთავითვე ნათელი უნდა იყოს, თუ სად გადის იპოთეკით დატვირთული ნივთის მესაკუთრის პასუხისმგებლობის ზღვარი, რომელიც მოიცავს ძირითადი ვალდებულების ფარგლებს ან იპოთეკის გარიგებით მხარეთა შეთანხმებულ უზრუნველყოფილ მოთხოვნის ოდენობას. გირავნობის მსგავსად, იპოთეკის ფარგლების დადგენა მხარეებს შეუძლიათ შეთანხმებით.
4.10. 20.11.2012 წელს მოპასუხეს და მეორე მოსარჩელეს შორის გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულების 4.2 პუნქტის ანალიზით სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მეორე მოსარჩელეს გამოვლენილი ჰქონდა ნება უძრავი ნივთით პირველი მოსარჩელის იმ ვალდებულების უზრუნველყოფის თაობაზე, რაც 20.11.2012 წლის გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე დადებული შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულებიდან სამომავლოდ წაროიშობოდა (სსკ-ის 286-ე მუხლის მე-2 ნაწილი). სსსკ-ის მითითებული ნორმის თანახმად, ასეთი იპოთეკის ნამდვილობის აუცილებელი პირობაა მისი დადგენის მომენტისთვის სამომავლო მოთხოვნის განსაზღვრა.
4.11. სამომავლო მოთხოვნის განსაზღვრისთვის უნდა შეფასდეს როგორც იპოთეკის ხელშეკრულების 4.2 პუნქტი, ისე, გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების 2.1 პუნქტი, რომლითაც საკრედიტო ლიმიტი 23 000 აშშ დოლარით განისაზღვრა და რაც ამავე პუნქტის დებულებების თანახმად, გულისხმობდა იმას, რომ გენერალური ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ძირითად ვალდებულებათა ერთობლიობა - გაცემული კრედიტების ჯამური ნაშთი, არ უნდა ყოფილიყო 23 000 აშშ დოლარზე მეტი. თითოეული კრედიტის გაცემა უნდა მომხდარიყო ტრანშის სახით, ცალკე საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე (ხელშეკრულების 2.1 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად „ტრანში“ განმარტებულია, როგორც კრედიტის ოდენობა, რომელიც მისი გაცემის დღეს არ უნდა აღემატებოდეს ზღვრული თანხის აუთვისებელ ნაწილს). ამდენად, გენერალური ხელშეკრულების 2.1 პუნქტით გათვალისწინებული ლიმიტი წარმოადგენდა საკრედიტო თანხას, რომლის ათვისების უფლებაც გააჩნდა მოვალეს ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში.
4.12. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, იპოთეკის ნამდვილობისათვის აუცილებელ წინაპირობებს და გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების 2.1 პუნქტის მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებდა 21.11.2012 წელს პირველ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დადებული საკრედიტო ხელშეკრულება. შესაბამისად, ამ ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი კრედიტორის მოთხოვნა მოვალის მიმართ ნამდვილად იყო უზრუნველყოფილი მეორე მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით. რაც შეეხება 02.12.2013 წლის და მით უფრო, 25.07.2014 წლის საკრედიტო ხელშეკრულებებს, ისინი გაფორმებულია და მათ საფუძველზე ტრანშები (თითოეულ შემთხვევაში, 23 000 აშშ დოლარი) გაცემულია გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების 2.1 პუნქტის დარღვევით, იმ პირობებში, როდესაც მოვალეს ჯერ დაბრუნებული არ ჰქონდა წინა ხელშეკრულებებით გაცემული ტრანშის მაქსიმალური ოდენობიდან არც ერთი ცენტი. ამასთან, უდავოა ის ფაქტიც, რომ ამ გარემოების შესახებ მოპასუხეს მეორე მოსარჩელე, რომელიც არ იყო იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის პირადი მოვალე, არცერთ შემთხვევაში არ გაუფრთხილებია და მას კანონით დადგენილი ფორმის დაცვით არ გამოუვლენია ნება 02.12.2013 წელს და 25.07.2014 წელს დადებული ახალი საკრედიტო ხელშეკრულებიდან წარმოშობილი მოთხოვნის უძრავი ქონებით უზრუნველყოფის შესახებ.
4.13. განსახილველ დავაში სადავოა 25.07.2014 წლის საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულების შესრულებისა და მისი იპოთეკით უზრუნველყოფის საკითხი. სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, მხარეებმა 20.11.2012 წლის გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებითა და იმავე დღეს გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულებით მოთხოვნის უზრუნველყოფის ფარგლები განსაზღვრეს, ამ ფარგლების შეცვლას კანონი არ კრძალავს, თუმცა, სავალდებულოა მხარეთა ხელახალი შეთანხმება და მისი რეგისტრაცია (სსკ-ის 286-ე მუხლის მესამე ნაწილი). 25.07.2014 წლის საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი კრედიტორის მოთხოვნა პირველი მოსარჩელის მიმართ არ არის უზრუნველყოფილი იპოთეკით, რადგან არ დგინდება იპოთეკის საგნის მესაკუთრის - მეორე მოსარჩელის და კრედიტორის შეთანხმება ამ საკითხზე და ასეთი შეთანხმების რეგისტრაციის ფაქტი საჯარო რეესტრში.
4.14. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ კრედიტორსა და მეორე მოსარჩელეს შორის 20.11.2012 წელს გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულების მოქმედების გავრცელება 25.07.2014 წლის საკრედიტო ხელშეკრულებით მსესხებლის მიერ ნაკისრ ვალდებულებაზე ეწინააღმდეგება იპოთეკის საგნის მესაკუთრის მიერ გამოვლენილ ნებას და სსკ-ის 286-ე მუხლით დადგენილ იპოთეკის უფლების წარმოშობის კანონისმიერ საფუძვლებს. სადავო იპოთეკის ხელშეკრულებით უზრუნველყოფილი იყო მხოლოდ, 21.11.2012 წლის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება და ეს ხელშეკრულება შეწყვეტილია პირადი მოვალის მიერ ვალდებულების შესრულებით, არსებობს 20.11.2012 წლის იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი იპოთეკის უფლების შეწყვეტილად აღიარების საფუძველი.
4.15. რაც შეეხება ნოტარიუსის მიერ 02.02.2017 წელს გაცემულ სააღსრულებო ფურცელს, იმის გათვალისწინებით, რომ 25.07.2014 წლის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის მიმართ 20.11.2012 წლის იპოთეკის ხელშეკრულება არ ვრცელდება, არსებობს სადავო სააღსრულებო ფურცლის გაუქმების საფუძველიც. აქვე სასამართლომ სსკ-ის 302-ე მუხლის 31 ნაწილზე და „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტზე მითითებით ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ 20.11.2012 წლის იპოთეკის ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე იპოთეკის საგნის მფლობელობაში გადაცემაზე და არა თანხის გადახდევინების ვადადამდგარ მოთხოვნაზე ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემაზე, რაც სააღსრულებო ფურცლის კანონშეუსაბამოდ ცნობის დამატებითი საფუძველია.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:
5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
7. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
8. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
9. საკასაციო საჩივრით სადავოა იპოთეკის ხელშეკრულების ფარგლები, კერძოდ, კასატორი მიიჩნევს, რომ მეორე მოსარჩელესთან 20.11.2012 წელს გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულება ასევე უზრუნველყოფდა 25.07.2014 წლის საკრედიტო ხელშეკრულებას და შესაბამისად, ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების აღსასრულებლად 02.02.2017 წელს ნოტარიუსმა მართებულად გასცა სააღსრულებო ფურცელი თანხის გადახდევინების და იპოთეკის საგნის აუქციონზე რეალიზაციის თაობაზე. საკასაციო პალატა არ იზიარებს მითითებულ მსჯელობას და აღნიშნავს, რომ საკითხის გადაწყვეტისათვის უნდა განიმარტოს იპოთეკის, როგორც სანივთო-სამართლებრივი ინსტიტუტის არსი, მისი დანიშნულება მოთხოვნის უზრუნველყოფის საკითხში და იპოთეკის ფარგლები.
10. იპოთეკის ლეგალური დეფინიცია მოცემულია სსკ-ის 286-ე მუხლის პირველ ნაწილში, რომლის თანახმადაც, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა). იპოთეკა უზრუნველყოფის სანივთო საშუალებებს განეკუთვნება. ერთი მხრივ, ის განმტკიცებულია სანივთო სამართალში, ხოლო მეორე მხრივ, წარმოადგენს რეგისტრირებულ სანივთო უფლებას ინდივიდუალიზებულ და კონკრეტულ უძრავ ნივთზე. იპოთეკა, როგორც სანივთო უფლება, აფუძნებს სანივთო პასუხისმგებლობას, რომელიც დგება მესაკუთრის ბრალის მიუხედავად (შდრ. ლ. ჭანტურია, კრედიტის უზრუნველყოფის სამართალი, თბილისი, 2012, გვ. 63. Lüke, Sachenrecht, 2.Aufl.,2010, §18,Rn. 674) (სუსგ Nას-475-2019, 15.04.2021წ.).
11. იპოთეკის უფლების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველია ხელშეკრულება. ამ ურთიერთობის მონაწილეებად გამოდიან, ერთი მხრივ, იპოთეკარი - ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე კრედიტორი და, მეორე მხრივ, იპოთეკის საგნის მესაკუთრე, რომელიც შეიძლება იყოს მოვალე, თუ იპოთეკის საგანი ეკუთვნის უშუალოდ მოვალეს ან მესამე პირი, რომელიც მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით ტვირთავს თავის უძრავ ქონებას. საგულისხმოა, როგორც იპოთეკის საგნის, ისე იმ ვალდებულების განსაზღვრულობა, რომლის უზრუნველსაყოფადაც ხორციელდება სანივთო უფლების რეალიზაცია. ამ შემთხვევაში, წინასწარაა სავარაუდო, რომ იპოთეკის საგნის რეალიზაციაა სწორედ მოთხოვნის დაკმაყოფილების - ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალება. იგი ხელს უწყობს კრედიტორს, წინასწარ შეაფასოს, ამდენად უზრუნველყოფს იპოთეკის საგანი მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებას მოვალის მხრიდან ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში. შესაბამისად, იპოთეკის ხელშეკრულების დადებისას იმთავითვე ნათელი უნდა იყოს, თუ სად გადის იპოთეკით დატვირთული ნივთის მესაკუთრის პასუხისმგებლობის ზღვარი, რომელიც მოიცავს ძირითადი ვალდებულების ფარგლებს (ღირებულებას) ან იპოთეკის გარიგებით მხარეთა შეთანხმებულ უზრუნველყოფილ მოთხოვნის ოდენობას. იპოთეკის ფარგლების დადგენა მხარეებს შეუძლიათ შეთანხმებით (შდრ. სუსგ Nას-1280-1300-2011, 06.03.2012წ.; სუსგ Nას-803-752-2017, 15.09.2017წ.).
12. ხელშეკრულების მხარეებმა 20.11.2012 წლის გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებითა და იმავე დღეს გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულებით მოთხოვნის უზრუნველყოფის ფარგლები განსაზღვრეს, პალატა მიუთითებს, რომ ამ ფარგლების შეცვლას კანონი არ კრძალავს, თუმცა, სავალდებულოა მხარეთა ხელახალი შეთანხმება და მისი რეგისტრაცია (სსკ-ის 286-ე მუხლის მე-3 ნაწილით, ის მოთხოვნა, რომელიც უზრუნველყოფილია იპოთეკით, შეიძლება შეიცვალოს სხვა მოთხოვნით. ამისათვის საჭიროა მესაკუთრისა და კრედიტორის (იპოთეკარის) შეთანხმება და ამ შეთანხმების რეგისტრაცია რეესტრში). განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა ახალი შეთანხმება საქმის მასალებით არ დასტურდება. დადგენილია, რომ იპოთეკის ხელშეკრულებით მეორე მოსარჩელეს გამოვლენილი ჰქონდა ნება იპოთეკის საგნით მსესხებლის იმ ვალდებულების უზრუნველყოფის თაობაზე, რაც 20.11.2012 წლის გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულებიდან სამომავლოდ წარმოიშობოდა. გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების 2.1 პუნქტით საკრედიტო ლიმიტი (თანხა, რომლის ათვისების უფლებაც ჰქონდა მოვალეს ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში) შეადგენდა 23 000 აშშ დოლარს. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ 02.12.2013 წლის და 25.07.2014 წლის საკრედიტო ხელშეკრულებების საფუძველზე ტრანშები (თითოეულ შემთხვევაში 23 000 აშშ დოლარი) გაიცა იმ მოცემულობაში, როდესაც მოვალეს ჯერ დაბრუნებული არ ჰქონდა წინა ხელშეკრულებით გაცემული ლიმიტის მაქსიმალური ოდენობიდან არც ერთი ცენტი და აღნიშნულის შესახებ იპოთეკის საგნის მესაკუთრეს, რომელიც არ იყო იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის პირადი მოვალე, კანონით დადგენილი წესით ნება არ გამოუვლენია, მართებულია სასამართლოს დასკვნა, რომ სადავო 25.07.2014 წლის საკრედიტო ხელშეკრულებიდან წარმოშობილი კრედიტორის მოთხოვნა არ არის უზრუნველყოფილი იპოთეკით.
13. კასატორის მიერ მითითებული გარემოება, რომ მხარეთა შორის წარმოშობილი ვალდებულების შესრულება ახალი საკრედიტო ხელშეკრულების ხარჯზე განხორციელდა, მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების ავტომატურად ახალ გარიგებაზე გადატანას ვერ გამოიწვევს (შდრ. სუსგ Nას-1280-1300-2011, 06.03.2012წ.).
14. ამდენად, სადავო იპოთეკის ხელშეკრულებით უზრუნველყოფილი იყო მხოლოდ 21.11.2012 წლის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება, რომელიც შესრულდა (კრედიტი დაიფარა). შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია იპოთეკის უფლება შეწყვეტილად. რაც შეეხება ნოტარიუსის მიერ 02.02.2017 წელს გაცემულ სააღსრულებო ფურცელს, იმის გათვალისწინებით, რომ 25.07.2014 წლის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის მიმართ 20.11.2012 წლის იპოთეკის ხელშეკრულება არ ვრცელდება, არ არსებობს მისი გაუქმების მოთხოვნის უარყოფის საფუძველი.
15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
16. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
17. სსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, საკასაციო საჩივრის ავტორს უნდა დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 05.10.2020 წლის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის, 1562.10 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის 30%-ის, 468.63 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „მ.ო. მ.ი–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. შპს „მ.ო. მ.ი–ს“ (ს/კ: ....) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 05.10.2020 წლის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის, 1562.10 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის 30%-ის, 468.63 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია