3 თებერვალი, 2023 წელი,
საქმე №ას-499 -2020 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
I საკასაციო საჩივრის ავტორი – ე.დ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ე.ყ–ი (მოსარჩელე)
II საკასაციო საჩივრის ავტორი - ე.ყ–ი
მოწინააღმდეგე მხარეები - ე.დ–ი
მ.დ–ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება
I საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღება
II საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობა
აღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ე.დ–ისა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე მოპასუხე, 1-ლი კასატორი ან მესაკუთრე) და ე.ყ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, 1-ლი აპელანტი, მეორე კასატორი, გამსესხებელი ან კრედიტორი) საკასაციო პრეტენზიებით, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, დაუსაბუთებელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმებით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება: მოსარჩელის მოთხოვნა მეორე მოპასუხის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მეორე მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ - 3000 აშშ დოლარისა და 2000 ევროს ეკვივალენტი ლარის, გადახდა დაეკისრა; პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში სარჩელი უარყოფილ იქნა; მ.დ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც პირველი მოპასუხე, მეორე აპელანტი, მეორე მოპასუხის დედა, მსესხებელი ან მოვალე) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; მოსარჩელეს უარი ეთქვა პირველი მოპასუხის მიმართ სარჩელის დაკმაყოფილებაზე, სახელდობრ:
1.1. პირველი კასატორის/მეორე მოპასუხის მტკიცებით, იგი ხელშეკრულების მხარე არ არის და დედის/პირველი მოპასუხის ნაცვლად ვალდებულების შესრულებაც არ უკისრია.
1.2. მეორე კასატორის/მოსარჩელის მტკიცებით, მეორე მოპასუხემ აღიარა, რომ იხდის დედის/პირველი მოპასუხის ვალს, რასაც დაეთანხმა მსესხებელი, აღიარების უკან გათხოვა კი, დაუშვებელია.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 2 სექტემბრის განჩინებით პირველი კასატორის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
2.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 10 თებერვლის განჩინებით კი, მეორე კასატორის საკასაციო საჩივარი, მეორე მოპასუხისთვის 3 000 აშშ დოლარისა და 2 000 ევროს ეკვივალენტის დაკისრების ფორმულირების გასაჩივრებისა და მოპასუხეებისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნის ნაწილში მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ისინი დაუშვებელია:
3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივრები დასაშვები რომც ყოფილიყო, მათ არ აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:
4.3. თბილისში, ....... ქუჩა #46-ში მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით #01.17.08.014.007 (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც უძრავი ქონება) 2016 წლის 8 აპრილიდან ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, მეორე მოპასუხის საკუთრებაა.
4.4. 2007 წლის 22 დეკემბერს მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის დაიდო სანოტარო წესით გაფორმებული სესხის ხელშეკრულება შემდეგი პირობით: სესხის თანხა - 2 000 ევრო და 3 000 აშშ დოლარი, სესხის დაბრუნები ვადა - 2009 წლის 22 ივნისი (ერთი წელი და ექვსი თვე).
4.4.1. მხარეები სესხის პროცენტზე არ შეთანხმებულან.
4.4.2. მხარეთა შეთანხმებით, სესხის დაბრუნების ვადის გადაცილებისას, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირითად თანხას დაემატებოდა პირგასამტეხლო - 0.3%.
4.5. პირველი მოპასუხის ინტერესს სარგებლის გარეშე სესხის მიღება, ხოლო მოსარჩელის მიზანს ბინით სარგებლობა წარმოადგენდა.
4.5.1. სესხის ხელშეკრულების დადებისას მოსარჩელე და დავით დემეტრაშვილი (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც უძრავი ქონების თავდაპირველი მესაკუთრე ან მეორე მოპასუხის მამა) ზეპირად შეთანხმდნენ, რომ გამსესხებელს უსასყიდლოდ (ქირის გადახდის გარეშე), სარგებლობით გადაეცემოდა უძრავი ქონების ნაწილი, კერძოდ, ორი ოთახი, სამზარეულო და სააბაზანო.
4.6. მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, არ გადაიხადა სესხი.
4.7. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 5 სექტემბრის გადაწყვეტილებით (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება) მეორე მოპასუხის მოთხოვნა დაკმაყოფილდა, უძრავი ქონება გამოთხოვილ იქნა მოსარჩელის უკანონო მფლობელობიდან და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მეორე მოპასუხეს.
4.7.1 უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მოთხოვნით აღძრულ სარჩელში მეორე მოპასუხე უთითებდა, რომ „2007 წლის 22 დეკემბერს მშობლებმა მ.და დ. დ–მა მოპასუხეს 3 000 აშშ დოლარად და 2 000 ევროდ მიაგირავეს დავით დემეტრაშვილის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებიდან 36 კვ.მ ორი ოთახი, სამზარეულო, ტუალეტი და სააბაზანო. იმავე დღეს მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის ნაცვლად გირავნობისა, სესხის ხელშეკრულება დაიდო, რომლის თანახმად, თითქოს მოსარჩელემ პირველ მოპასუხეს 2009 წლის 22 ივნისამდე სარგებლის გარეშე 3 000 აშშ დოლარი და 2 000 ევრო ასესხა. 2007 წლის 22 დეკემბერს მოსარჩელეს მფლობელობასა და სარგებლობაში გადაეცა აღნიშნული ფართი“.
4.7.2. იმავე სარჩელში აღნიშნულია - „2016 წლის სექტემბრიდან მე და ჩემმა მშობლებმა შევთავაზეთ, მოპასუხეს მიეღო თავისი თანხა (3 000 აშშ დოლარი და 2 000 ევრო) და გაეთავისუფლებინა მის სარგებლობასა და მფლობელობაში არსებული ფართი, რაზეც მოპასუხე წინააღმდეგია, რადგან არ აწყობს მიიღოს კუთვნილი თანხა და გაათავისუფლოს დაკავებული ფართი. მისთვის მისაცემი 3 000 აშშ დოლარი და 2 000 ევრო შეტანილი მაქვს სს „თ.ბ–ში“.
4.8. განსახილველ საქმესთან დაკავშირებით წარდგენილ შესაგებელში კი, მითითებულია - „მე ე.დ–ი თანახმა ვარ დავუბრუნო მოსარჩელეს დედაჩემის/პირველი მოპასუხის ნასესხები თანხა 3 000 აშშ დოლარი და 2 000 ევრო, რადგან თანახმა ვარ დედაჩემის ვალი გადავიხადო“.
4.9. 2016 წლის 11 ოქტომბერს მეორე მოპასუხემ მოსარჩელეს მიწერა - „გადავაგირავებთ ბინას და დაგიბრუნებთ თქვენს ფულს“ (იხ. პირადი მიმოწერის მასალები).
4.10. მოსარჩელე ვალის გადაკისრებას დაეთანხმა.
5. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოიკვლია საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა ფაქტობრივი გარემოება. ამასთან, საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორებმა ვერ მიუთითეს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.
6. სესხის დაბრუნების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნა სსკ-ის 623-ე (სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი) მუხლიდან გამომდინარეობს. მითითებული მუხლის დეფინიციით, სესხი რეალურ ხელშეკრულებათა რიგს განეკუთვნება, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობა არა მხოლოდ მის არსებით პირობებზე მხარეთა შეთანხებით, არამედ ხელშეკრულების საგნის - გვაროვნული ნივთის მსესხებლისათვის გადაცემის მომენტიდან წარმოიშობა, შესაბამისად, მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაც, უპირველესად, ხელშეკრულების საგნის გადაცემაა (შდრ. სუსგ №ას-1245-1168-2015, 20.05.2016).
როგორც საკასაციო პალატამ ერთ-ერთ საქმეზე მიუთითა, სესხის ხელშეკრულების დადების ფაქტი, სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ნებისმიერი დასაშვები მტკიცებულებით, მათ შორის, მოწმის ჩვენებით შეიძლება დადასტურდეს, თუმცა, ზეპირი სესხის დროს ნივთის გადაცემის დამტკიცების თვალსაზრისით, მხოლოდ ეს უკანასკნელი, კანონის თანახმად, არასაკმარისადაა მიჩნეული და საკასაციო პალატა გასესხებული თანხის გადაცემის ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელ დასაშვებ და საკმარის მტკიცებულებად მიიჩნევს წერილობით საბუთს, მაგალითად, სავალო საბუთი, გადარიცხვის ქვითარი, სალაროს შემოსავლის ორდერი (შდრ. სუსგ №ას-398-371-2017, 06.06. 2017 წელი).
7. დადგენილია, რომ პირველმა მოპასუხემ მოსარჩელისაგან სესხად მიიღო 3 000 აშშ დოლარი და 2 000 ევრო. შესაბამისად, საკასაციო პალატის აზრით, ქვემდგომმა სასამართლოებმა სწორად განმარტეს სსკ-ის 623-ე მუხლის შინაარსი.
8. განსახილველ შემთხვევაში, უძირითადესი საკითხები, რომლებიც საქმის განხილვის ფარგლებში გამოკვლევას ექვემდებარება შემდეგია: მეორე მოპასუხემ გადაიკისრა თუ არა დედის/მსესხებლის ფინანსური ვალდებულება და მოსარჩელე დაეთანხმა თუ არა ვალის გადაკისრებას.
8.1. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულების თავდაპირველი მხარეები, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, შეიძლება შეიცვალონ სხვა პირებით. ვალდებულებაში შეიძლება შეიცვალოს როგორც კრედიტორი, ასევე მოვალე. კრედიტორის შეცვლას ეწოდება მოთხოვნის დათმობა, ანუ ცესია, ხოლო ვალდებული პირის შეცვლას კი ეწოდება ვალის გადაკისრება. სხვადასხვა სამართლებრივ სისტემას ახასიათებს თავისებურებები, რომლებიც დაკავშირებულია ვალდებულებაში პირთა შეცვლასთან. (იხ. დამატებით: Flessner, Assignement in European Private international Law, Cambridge, Cambridge university press, 2008, P. 42). საქართველოს სამოქალაქო კოდექსით მოწესრიგებულია ვალის გადაკისრების ორი საკანონმდებლო შემადგენლობა: 1) მოთხოვნის მფლობელსა და მესამე პირს შორის დადებული ხელშეკრულება 2) მოვალესა და მესამე პირს შორის დადებული ხელშეკრულება.
8.2. იმისდა მიხედვით, თავისუფლდება თუ არა თავდაპირველი მოვალე ვალის გადაკისრების ხელშეკრულების შედეგად კრედიტორის წინაშე ვალდებულების შესრულებისაგან, განასხვავებენ ვალის გადაკისრების ორ სახეს: 1) პრივატული ვალის გადაკისრება და 2) კუმულაციური ვალის გადაკისრება. პრივატული ვალის გადაკისრების დროს, თავდაპირველი მოვალე თავისუფლდება კრედიტორის წინაშე ნაკისრი ვალდებულებისაგან და მის ადგილს იკავებს ახალი მოვალე (სსკ-ის 203-ე მუხლი). რაც შეეხება კუმულაციური ვალის გადაკისრებას, ასეთ დროს თავდაპირველი მოვალე არ თავისუფლდება კრედიტორის წინაშე ნაკისრი ვალდებულებისაგან, ხოლო მესამე პირი კი, კრედიტორსა და მოვალეს შორის არსებულ ვალდებულებითსამართლებრივ ურთიერთობაში შემოდის მოვალის სახით (ე.წ. „ვალის დელეგირება“). (იხ. დამატებით: ზ. ჭეჭელაშვილი, მოთხოვნის დათმობა და ვალის გადაკისრება, თბილისი, 2004, გვ.115).
8.3. სსკ-ის 203-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოთხოვნის მფლობელთან დადებული ხელშეკრულებით ვალი შეიძლება თავის თავზე აიღოს მესამე პირმაც (ვალის გადაკისრება). ასეთ შემთხვევაში, მესამე პირი დაიკავებს თავდაპირველი მოვალის ადგილს. სსკ-ის 203-ე მუხლი აწესრიგებს ისეთ შემთხვევას, როდესაც ვალის გადაკისრებას ადგილი აქვს კრედიტორსა და მესამე პირს შორის დადებული ხელშეკრულების (და არა ცალმხრივი მიღებასავალდებულო ნების გამოვლენა) საფუძველზე, სადაც ცალსახაა კრედიტორის ნება მესამე პირის მიერ ვალდებულების საკუთარ თავზე აღების თაობაზე და იგი, როგორც წესი, არ საჭიროებს მოვალის თანხმობას. (იხ.დამატებით: თ. შოთაძე, სანივთო სამართალი, თბილისი, 2014, გვ. 198-199). აღნიშნული ხელშეკრულების სამართლებრივი შედეგია ის, რომ მესამე პირი იკავებს მოვალის ადგილს, რაც იმას ნიშნავს, რომ თავდაპირველი მოვალის მიმართ ვალდებულება წყდება და, შესაბამისად, კრედიტორს თავდაპირველი მოვალის მიმართ მოთხოვნის უფლება აღარ გააჩნია. შესაბამისად, მესამე პირსა და კრედიტორს შორის ურთიერთობის ვალის გადაკისრებად კვალიფიკაციის მიზნებისათვის, აუცილებელია, ცალსახად და არაორაზროვნად დადგინდეს კრედიტორის ნება მასზე, რომ მესამე პირმა მოვალის ადგილი დაიკავოს.
8.4. განსახილველ შემთხვევაში, მეორე მოპასუხის მიერ გამოვლენილი ნება, რომ გადაიხდის დედის/პირველი მოპასუხის ვალს, მოსარჩელეს ეცნობა (მიუვიდა) (იხ. პირადი მიმოწერები, საპროცესო დოკუმენტები), რომელიც, თავის მხრივ, დაეთანხმა ვალის გადაკისრებას (ე.ყ–ი საკასაციო საჩივრის ფარგლებშიც არ ხდის სადავოდ ე.დ–ის მიმართ თანხის დაკისრების კანონიერებას), შესაბამისად, მეორე მოპასუხემ დაიკავა თავდაპირველი მოვალის/პირველი მოპასუხის ადგილი და წარმოეშვა სესხის - 3 000 აშშ დოლარისა და 2 000 ევროს გადახდის ვალდებულება, რაც მის მიმართ სარჩელის დაკმაყოფილების, ხოლო პირველი მოპასუხის მიმართ მოთხოვნის უარყოფის უმთავრესი სამართლებრივი საფუძველია.
9. რაც შეეხება პირგასამტეხლოს ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობას, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას მისი უარყოფის თაობაზე, კერძოდ:
9.1. დადგენილია, რომ ვალის გადაკისრების მიუხედავად, მხარეები პირგასამტეხლოს შესახებ წერილობით აღარ შეთანხმებულან (სსკ-ის 418-ე მუხლი) შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილს, რომელიც, ვალდებულების შეუსრულებლობის/თანხის დაყოვნების გამო, პირგასამტეხლოს დაკისრებას ეხება, რამდენადაც ზეპირი ხელშეკრულებით პირგასამტეხლოზე შეთანხმება სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის იმპერატიული დათქმიდან გამომდინარე (შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) არ შეიძლება, ნამდვილად მივიჩნიოთ .
9.2. ამასთან, საკასაციო პალატა დოქტრინასა და სასამართლო პრაქტიკაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ პირგასამტეხლოზე უფლება აქცესორული უფლებაა. ეს იმას ნიშნავს, რომ არ არსებობს პირგასამტეხლო ძირითადი უფლების გარეშე. პირგასამტეხლო ძირითადი უფლების სამსახურშია. ამიტომაც დაუშვებელია პირგასამტეხლოს მოთხოვნის განხორციელება ძირითადი უფლების გარეშე (იხ. ქეთევან მესხიშვილი, კერძო სამართლის აქტუალური საკითხები, ტომი I, თბილისი, 2020, გვერდი 89). პირგასამტეხლოს აქცესორული ბუნება განაპირობებს იმ ფაქტსაც, რომ მისი დაკისრების წინაპირობას წარმოადგენს მოვალის მიერ ვალდებულების ბრალეულად დარღვევა. პირგასამტეხლო უსაგნო იქნება, როცა მოვალის ბრალის გარეშე ვალდებულება ვერ შესრულდება ან ხელშეკრულება გაუქმდება. პირგასამტეხლოთი ვალდებულების უზრუნველყოფა სულაც არ ცვლის პასუხისმგებლობის საერთო საფუძველს. ამიტომაცაა, რომ თუკი ძირითადი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა, მაშინ მას არც პირგასამტეხლოს გადახდა დაეკისრება (იხ. ლადო ჭანტურია, საქართველოს სამოქლქო კოდექსის კომენტარი, წიგნი მესამე, მუხლი 417, თბილისი, 2001, გვ. 489-490; ქეთევან მესხიშვილი, კერძო სამართლის აქტუალური საკითხები, ტომი I, თბილისი, 2020, გვერდი 89, სუსგ 31 მაისი, 2022 წ. საქმე №ას-1006-2021, პ.17). ამავე მოსაზრებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, ვალის გადაკისრების გამო, პირველი მოპასუხის მიმართ პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლების შეწყვეტის თაობაზეც.
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრები - დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მათი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.
11. საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრების დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივრები დასაშვები იქნებოდა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
12. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივრები დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ მათ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, კერძოდ, ე.დ–ს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 849 ლარის (საგადასახდო დავალება #9685760012, გადახდის თარიღი 10.08.2020წ) 70% - 594.3 ლარი, ხოლო ე.ყ–ს, ე.ყ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 3 038.25 ლარის (საგადასახდო დავალება #10285255971, გადახდის თარიღი 28.12.2020წ) 70% - 2 126,77 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ე.დ–ისა და ე.ყ–ის საკასაციო საჩივრები, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ე.დ–ს (......) დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 849 ლარის (საგადასახდო დავალება #9685760012, გადახდის თარიღი 10.08.2020წ) 70% - 594.3 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
3. ე.ყ–ს (......) დაუბრუნდეს ე.ყ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 3 038.25 ლარის (საგადასახდო დავალება #10285255971, გადახდის თარიღი 28.12.2020წ) 70% - 2 126,77 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე