Facebook Twitter

საქმე №ას-14-2022 08 აპრილი 2022 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

I კასატორი – შპს „ჩ. რ. ?-ე ბ. ჯ–ი“

მოწინააღმდეგე მხარე –შპს „ს. შ. ქ–ნა“

II კასატორი – შპს „ს. შ. ქ–ნა“

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ჩ.რ. ?-ე ბ.ჯ–ი“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ნოემბრის განჩინება

I კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

II კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შედეგად გამოწვეული ზიანის ანაზღაურება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. შპს „ს.შ.ქ–ამ“ (შემდეგში წოდებული: „მოსარჩელე“, „მოწინააღმდეგე“, „II კასატორ“ მხარედ) თბილისის საქალაქო სამართლოში სარჩელი აღძრა შპს „ჩ.რ. ?-ე ბ.ჯ–ის“ (შემდეგში წოდებული: „მოპასუხე“, „აპელანტ“ „I კასატორ“ მხარედ) მიმართ, რომლითაც მოითხოვა მოპასუხისთვის სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შედეგად გამოწვეული ზიანის ანაზღაურება 211 927,15 აშშ დოლარისა (ფაქტობრივი ზიანი) და 1 400 000 ლარის (მიუღებელი შემოსავალი) ოდენობით.

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხე შპს „ჩ.რ. ?-ე ბ.ჯ–მა“ სარჩელი არ ცნო.

2.2. მხარის განმარტებით, საქმის მასალებით არ დგინდებოდა, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულების გაუფორმებლობა საქმეზე გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებასთან პირდაპირ კავშირში იყო და ასე რომც ყოფილიყო, აზერბაიჯანის რკინიგზის დსს შპს „დ–სა“ და შპს „ს.შ.ქ–ას“ შორის ხელშეკრულების გაფორმების დროს (2016 წლის 16 მარტი), მან წინასწარვე იცოდა, რომ დაყადაღებული ქონების უზრუნველყოფით საბანკო გარანტიას ვერ მიიღებდა. ამასთან, სასამართლოს ამ დროს უკვე ყადაღა ჰქონდა მოხსნილი მოსარჩელის საბანკო ანგარიშებზე, რაც მას შესაძლებლობას აძლევდა ფინანსური სახსრებით უზრუნველეყო საბანკო გარანტიის გაცემა.

2.3. მოპასუხემ მიუღებელი შემოსავლის დაკისრების თაობაზე მოთხოვნასთან დაკავშირებით განმარტა, რომ კომპანიის მოგების კლება გამოწვეული იყო არა კომპანიის შემოსავლების კლებით, არამედ გაზრდილი ხარჯებით (რაც შეიძლება იყოს ხელფასები, ვალუტის კურსის ცვლილება და სხვ.). ამასთან, მოპასუხის მტკიცებით, არ არსებობდა მიზეზ-შედეგობრივი კავშირი სადავო უზრუნველყოფის ღონისძიებასა და მოსარჩელის მიერ მოთხოვნილ მიუღებელ შემოსავალს შორის.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

3.1. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით, შპს „ს.შ.ქ–ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ფაქტობრივად დამდგარი ზიანის სახით, მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ დაეკისრა 211 927,15 აშშ დოლარის, შესაბამისი ეკვივალენტი ლარის გადახდა, ხოლო მიუღებელი შემოსავლის თაობაზე მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

3.2. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება, სააპელაციო საჩივრით, როგორც შპს „ს.შ.ქ–ამ“ ასევე, შპს „ჩ.რ. ?-ე ბ.ჯ–მა“ გაასაჩივრეს.

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება

4.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 16 ნოემბრის განჩინებით, შპს „ს.შ.ქ–ისა“ და შპს „ჩ.რ. ?-ე ბ.ჯ–ის“ სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

4.2. თბილისის სააპელაციო პალატამ განჩინება დააფუძნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის მე-3 ნაწილს და განმარტა, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით განცდილი ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება მაშინ, როდესაც გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება გაუქმდება სარჩელზე უარის თქმის ან/და სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას, საპროცესო კოდექსით დადგენილ ვადაში, სარჩელის სასამართლოში წარუდგენლობის საფუძველით. სააპელაციო პალატამ დასძინა, რომ ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას კანონმდებელი უკავშირებს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე დაინტერესებული სუბიექტის - არაკეთილსინდისიერებასა და ბრალეულობას და ამით ერთგვარად პრევენციას ახდენს, რათა საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლება მხარის მიერ არ იქნას გამოყენებული ბოროტად, რეალური საფუძვლის გარეშე.

4.3. სააპელაციო პალატის აზრით, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით უდავოდ დგინდებოდა, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 20 ივნისის N3032-15 გადაწყვეტილებით, მოსარჩელე შპს „ჩ.რ. ?-ე ბ.ჯ–ის’“ სარჩელი მოპასუხე შპს „ს.შ.ქ–ის“ მიმართ არ დაკმაყოფილდა, ხოლო მოპასუხე შპს „ს.შ.ქ–ის“ შეგებებული სარჩელი შპს „ჩ.რ. ?-ე ბ.ჯ–ის“ მიმართ დაკმაყოფილდა. ამავე საქმეზე გორის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 30 მარტის განჩინებით დაკმაყოფილდა შპს „ჩ.რ. ?-ე ბ.ჯ–ის“ მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე და ყადაღა დაედო შპს „ს.შ.ქ–ის“ საბანკო ანგარიშებს სს „ლ.ბ–ში“ 1 330 843.81 ლარის ფარგლებში და შპს „ს.შ.ქ–ის“ საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე ქ. გორი, ..... (მიწის საკადასტრო კოდი .......).

4.4. გორის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 18 მაისის განჩინებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „ს.შ.ქ–ის“ საჩივარი გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე და მოეხსნა ყადაღა სს „ლ.ბ–ში“ გახსნილ საბანკო ანგარიშებს, ხოლო სხვა ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, შპს „ს.შ.ქ–ის“ საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე ქ. გორი, ........ ქ.N135 (მიწის საკადასტრო კოდი .....) ყადაღა ედო 2015 წლის 30 მარტიდან - 2019 წლის 08 თებერვლამდე, ვიდრე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2019 წლის 08 თებერვლის განჩინებით, დაუშვებლად ცნო შპს „ჩ.რ. ?-ე ბ.ჯ–ის“ საკასაციო საჩივარი, რის შემდეგაც აღნიშნულ ობიექტს მოეხსნა ყადაღა.

4.5. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა საქმის მასალებში წარმოდგენილ 2016 წლის 16 მარტით, დათარიღებულ შპს „ს.შ.ქ–ასა“ და აზერბაიჯანის რკინიგზის დსს შპს „დ–ს“ შორის გაფორმებულ N16-2016 ხელშეკრულებაზე, საიდანაც დგინდებოდა, რომ შპს „ს.შ.ქ–ას“ აზერბაიჯანის რკინიგზის დსს შპს „დ–ისთვის“ უნდა მიეწოდებინა წიწვოვანი ხის ძელი 97 ცალი კომპლექტი. ერთი კომპლექტის ღირებულება შეადგენდა 5900 აშშ დოლარს. შესაბამისად, ხელშეკრულების მთლიანი ღირებულება შეადგენდა 572 300 აშშ დოლარს. ხელშეკრულების თანახმად, აზერბაიჯანის რკინიგზის დსს შპს „დ–ი“ ვალდებული იყო შპს „ს.შ.ქ–ისათვის“ წინსწრებით, ავანსის სახით, გადაეხადა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 30%. ავანსის გადახდამდე შპს „ს.შ.ქ–ა“ ვალდებული იყო წარედგინა ორი სახის გარანტია: ხელშეკრულების ფასის 5% (28616 აშშ დოლარი) და ავანსის თანხის სრული ოდენობა 171 690 აშშ დოლარი, სულ 200 305 აშშ დოლარი.

4.6. შპს „ს.შ.ქ–ამ“ 2016 წლის 18 მარტის N19 წერილით და 22 მარტის N20 წერილით, მიმართა სს „ლ.ბ–ს“ და სს „ვ.ბ–ს“, მაგრამ არცერთმა ბანკმა საბანკო გარანტია არ გასცა იმის გამო, რომ შპს „ს.შ.ქ–ის“ უძრავ ქონებას, მდებარე ქ. გორი, ........ ქ. N135 (მიწის საკადასტრო კოდი .......) ედო ყადაღა (იხ. სს „ლ.ბ–ის“ წერილი N06055/12874, 24 მარტი 2016 წელი და სს „ვ.ბ. ჯ–ას“ წერილი N04-129, 23 მარტი 2016 წელი).

4.7. სააპელაციო პალატამ ასევე, ყურადღება მიაპყრო საქმის მასალებში წარმოდგენილ შპს „ა–ის“ 2019 წლის 29 ოქტომბრის NSARAS-A-433241, დასკვნასა და ექსპერტ დ.ბ–ძის (ექსპერტად მუშაობის 12 წლის გამოცდილებით) მიერ სასამართლოში მიცემულ ჩვენებას, საიდანაც დგინდებოდა, რომ 2016 წლის 16 მარტს, შპს „ს.შ.ქ–ასა“ და აზერბაიჯანის რკინიგზის დსს შპს „დ–ს“ შორის გაფორმებული N16-2016 ხელშეკრულების შეწყვეტის შედეგად, გამყიდველის მიერ საორიენტაციო მიუღებელი შემოსავალი (მოგება) შეადგენდა 451 871.07 ლარს, რაც საქონლის მიწოდების დღედ მიჩნეული თარიღისათვის - 16.06.2016 წლისათვის, აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის (2,1322) მიხედვით, შეადგენდა 211 927,15 აშშ დოლარს.

4.8. გარდა ამისა, პალატის მოსაზრებით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით ირკვეოდა, რომ შპს „ს.შ.ქ–ამ“ საგარანტიო წერილის მისაღებად მიმართა სს „ლ.ბ–ს“ და სს „ვ.ბ–ს“ (იხ. წერილობითი მიმართვები). აგრეთვე, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების მიზნით, წერილობით მიმართა შპს „ჩ.რ. ?-ე ბ.ჯ–ს“, რაც სააპელაციო პალატის მოსაზრებით, უდავოდ ცხადყოფდა, რომ შპს „ს.შ.ქ–ას“ აზერბაიჯანის რკინიგზის დსს შპს „დ–თან“ გაფორმებული ხელშეკრულების წარმატებით დასრულების მიმართ განსაკუთრებული ინტერესი გააჩნდა. იმ დროისათვის მის ერთადერთ, უზრუნველყოფისათვის ღირებულ ქონებას ყადაღა ედო, რამაც განაპირობა გარანტიის წარუდგენლობა. პალატის აზრით, საქმის მასალებიდან ასევე, იკვეთებოდა რომ შპს „ს.შ.ქ–ას“ განესაზღვრა საბანკო გარანტიის წარდგენის დამატებითი ვადა 2016 წლის 10 ივლისამდე, მაგრამ ქონებაზე ყადაღის არსებობის გამო, შპს „ს.შ.ქ–ამ“ ვერ შეძლო საბანკო გარანტიის წარდგენა, რის გამოც კონტრაჰენტი იძულებული გახდა, 2016 წლის 11 ივლისს, უარი ეთქვა ხელშეკრულებაზე.

4.9. ყოველივე აღნიშნულის საფუძველზე, სააპელაციო პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ რაიონულმა სასამართლომ მართებულად მიიჩნია დადასტურებულად, რომ შპს „ს.შ.ქ–ამ“ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით, უძრავ ქონებაზე ყადაღის არსებობის გამო, განიცადა მატერიალური ზიანი 211 927,15 აშშ დოლარის ოდენობით, რაც უნდა დაკისრებოდა შპს „ჩ.რ. ?-ე ბ.ჯ–ს“, რადგან აღნიშნული ზიანის წარმოშობა უშუალო მიზეზ-შედეგობრივ კავშირში იყო მოპასუხის მოთხოვნის საფუძველზე სასამართლოს მიერ გამოყენებულ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან.

4.10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 16 ნოემბრის განჩინება, საკასაციო წესით, როგორც შპს „ს.შ.ქ–ამ“ ასევე, შპს „ჩ.რ. ?-ე ბ.ჯ–მა“ გაასაჩივრეს.

5. I კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები

5.1. შპს „ჩ.რ. ?-ე ბ.ჯ–ი“ ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

5.2. I კასატორის განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 326-ე მუხლის თანახმად, წესები სახელშეკრულებო ვალდებულებების შესახებ გამოიყენება ასევე სხვა არასახელშეკრულებო ვალდებულებათა მიმართ, თუკი ვალდებულების ხასიათიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს. მოცემულ შემთხვევაში ვალდებულება არ არსებობს, რადგან საქმის მასალებში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს მოსარჩელესა და აზერბაიჯანულ კომპანიას შორის ხელშეკრულების დაუდებლობაში კასატორის ბრალს და მიზეზობრივ კავშირს. ამიტომ, რადგან ვალდებულება არ არსებობს შესაბამისად, დაუშვებელია დავის გადაწყვეტის მიზნებისთვის სამოქალაქო კოდექსის მე-4 კარით განმტკიცებული ზიანის ანაზღაურების მუხლების გამოყენება. კასატორი ასევე უთითებს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ გაზიარებული იქნებოდა ზიანის მავალდებულებელი გარემოების არსებობა, აღნიშნული სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობას მაინც არ შექმნიდა ვინაიდან სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა კი, მოცემული საქმის მიზნებისთვის, გულისხმობს 2015 წლის 30 მარტამდე არსებული მდგომარეობის აღდგენას, რაც 2019 წლის 02 სექტემბერს, ისედაც აღდგა.

5.3. გარდა ამისა, I კასატორი აცხადებს, რომ სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისთვის წინასწარ იყო სავარაუდო, მოცემულ შემთხვევაში კი, 2015 წელს, როდესაც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება მოხდა, წინასწარ სავარაუდო არ იყო, რომ შპს „ს.შ.ქ–ა“ გააფორმებდა ისეთ ხელშეკრულებას, რომლის შესრულებაც დამოკიდებული იქნებოდა საბანკო გარანტიის წარდგენაზე, ხოლო საბანკო გარანტიის წარუდგენლობის მიზეზად კი, მხარე სწორედ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას მიიჩნევდა.

5.4. ამასთანავე, I კასატორის მტკიცებით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ დადგინდება, რომ კომპანიას რაიმე შემხებლობა აქვს სარჩელით მოთხოვნილ ზიანის დადგომასთან, ასეთ შემთხვევაშიც, ადგილი ექნება სამოქალაქო კოდექსის 415-ე მუხლს, რომლის თანახმადაც, თუ ზიანის წარმოშობას ხელი შეუწყო დაზარალებულის მოქმედებამაც, მაშინ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება და ამ ანაზღაურების მოცულობა დამოკიდებულია იმაზე, თუ უფრო მეტად რომელი მხარის ბრალით არის გამოწვეული ზიანი. ეს წესი გამოიყენება მაშინაც, როცა დაზარალებულის ბრალი გამოიხატება მის უმოქმედობაში - თავიდან აეცილებინა ან შეემცირებინა ზიანი. კასატორის მტკიცებით, გორის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 30 მარტის განჩინება, რომლის საფუძველზეც ყადაღა დაედო შპს „ს.შ.ქ–ის“ უძრავ ქონებასა და საბანკო ანგარიშებს მოსარჩელემ გაასაჩივრა და გორის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 18 მაისის განჩინებით, ყადაღა მოიხსნა საბანკო ანგარიშებზე. ამის შემდგომ, 2016 წლის 6 აპრილს, მოსარჩელემ მას შემდეგ, რაც 2016 წლის 16 მარტს, უკვე გაფორმებული ჰქონდა ხელშეკრულება შპს „დ–თან“ განცხადებით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის გარანტია. აღნიშნული მოთხოვნა დაკმაყოფილდა გორის რაიონული სასამართლოს მიერ და მოპასუხეს დაეკისრა 7 დღის ვადაში უზრუნველყოფის გარანტიის თანხის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსება. კასატორი მიუთითებს, რომ 2016 წლის 7 ივნისს, შპს „ს.შ.ქ–ამ“ მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე, რაზეც 2016 წლის 16 ივნისის განჩინებით, სასამართლომ უარი თქვა უზრუნველყოფის ღონისძიებების გაუქმებაზე, იმ მოტივით, რომ შპს „ს.შ.ქ–ამ“ ვერ გამოიყენა მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება წარედგინა საკუთარი პოზიციის დამადასტურებელი მტკიცებულება. კასატორის აზრით, 2016 წლის 17 ივნისს, მოსარჩელეს უკვე ჰქონდა მტკიცებულება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსაგან, სადაც მითითებული იყო, რომ შპს „ჩ.რ. ?-ე ბ.ჯ–ის მუდმიმოქმედი ფილიალის“ მიერ სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებული თანხა არ ჰქონდა, რის საფუძველზეც მხარეს 2016 წლის 20 ივნისამდე, შეეძლო განმეორებით მიემართა გორის რაიონული სასამართლოსათვის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე ან გაესაჩივრებინა 2016 წლის 16 ივნისის განჩინება, თუმცა აღნიშნული მოსარჩელეს არ გაუკეთებია.

5.5. კასატორი ასევე აცხადებს, რომ შპს „ს.შ.ქ–ასა“ და შპს „დ“ შორის გაჟღენთილი ფიჭვოვანი ძელების ნასყიდობის თაობაზე 2016 წლის 16 მარტის N16-2016 ხელშეკრულებით, გათვალისწინებული არ არის ისეთი მნიშვნელოვანი პირობები, როგორებიცაა მიწოდების ვადები, ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ავანსის ჩარიცხვისა და ავანსის გარანტიის, ასევე ხელშეკრულების შესრულების გარანტიის წარდგენის ვადებს. ხელშეკრულების ტექსტით არ დგინდება არის თუ არა გარანტიის წარუდგენლობა ხელშეკრულების მოქმედების ცალმხრივად შეწყვეტის საფუძველი. კასატორი აგრეთვე, უთითებს ზიანის ოდენობის განსაზღვრასთან დაკავშირებით მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებზეც. კერძოდ, მისი განმარტებით, პირველად სარჩელს ერთვოდა ინდივიდუალური აუდიტორი ილია ბორეცის დასკვნები, ხოლო დაზუსტებულ სარჩელს - შპს „ა–ის“ დასკვნა, რომლებიც ურთიერთშეუსაბამობის გამო არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული დავის გადაწყვეტის მიზნებისთვის.

5.6. ამასთანავე, I კასატორი არ ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ საბანკო დაწესებულებებმა საბანკო გარანტიის გაცემაზე უარი უშუალოდ ყადაღის არსებობის ფაქტს დაუკავშირეს. საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ სს „ლ.ბ–ი“ 2016 წლის 24 მარტის წერილში პირდაპირ მიუთითებს, რომ ბანკი საერთოდ არ გასცემს გარანტიებს იშვიათი გამონაკლისების გარდა, ხოლო სს „ვ.ბ–ის“ წერილში მითითებულია შპს „ს.რ–ამ“ თავად შესთავაზა ყადაღადადებული ქონება საბანკო გარანტიის უზრუნველყოფის საშუალებად. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ბანკების მიერ შეთავაზებულ იქნა საბაკო გარანტიის მიღების ალტერნატიული გზები, თუმცა აღნიშნულ შემთხვევაშიც კი, მათ მიერ არ იყო გაცხადებული საბანკო გარანტიის უპირობოდ გაცემის შესაძლებლობა. კასატორის მტკიცებით, საბანკო დაწესებულებაში დეპოზიტის განთავსების შემთხვევაშიც, ბანკი უბრალოდ განიხილავდა გარანტიის გაცემის შესაძლებლობას და მხოლოდ სხვა პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში მოხდებოდა გარანტიის გაცემა.

5.7. საკასაციო საჩივარში მხარე ყურადღებას ამახვილებს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ექსპერტის დასკვნაზეც, რომელსაც თან ერთვის შპს „ს.შ.ქ–ის“ ფინანსური ანგარიშგებები. მტკიცებულებიდან ირკვევა, რომ შპს „ს.შ.ქ–იდან“ 2017 წლის ბოლოს გაცემულია 1,000,000 ლარის დივიდენდი, კომპანიას სალაროში და საბანკო ანგარიშებზე მობილიზებული იყო ფულადი სახსრები 113,816 ლარის ოდენობით, ფინანსური ანგარიშგებებიდან ჩანს, რომ კომპანია ყოველ წელს საკმაოდ სოლიდურ მოგებაზე გადიოდა. ამდენად, კასატორის მოსაზრებით, კომპანიის ფინანსურად მყარი და მომგებიანი მდგომარეობა, ქმნის რწმენას, რომ სრულიად შესაძლებელი იქნებოდა საგარანტიო თანხების ძირითადი ნაწილის მობილიზება და არ იქნებოდა საჭირო დამფუძნებლის მიერ დამოუკიდებლად ამ თანხის სრულად მოძიება. შესაბამისად ის მიზეზი, რომ კომპანიის მიუღებელი შემოსავლები სრულად გამოწვეულია კონკრეტულ ქონებაზე ყადაღის არსებობით, ვერ ჩაითვლება სწორ მონაცემად. ამასთან, თავად მოსარჩელის მიერ გაცხადებულია, რომ თანხა დაგროვილია წინა წლებში მიღებული შემოსავლებიდან, ხოლო კომპანიას აკუმულირებული მოგების სახით გააჩნდა კიდევ 1 167 397,43 ლარი, რომელიც შესაძლებელია გამოყენებულიყო საბანკო გარანტიის უზრუნველსაყოფად. აღნიშნულ საკითხზე ხაშურის რაიონულ სასამართლოსა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელიათ, რაც კასატორის მოსაზრებით, შესაძლებელია გამხდარიყო სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.

6. II კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები

6.1. შპს „ს.შ.ქ–ა“ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით, ითხოვს გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმებასა და სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას.

6.2. კასატორის მითითებით, სარჩელის ნაწილობრივ დაუკმაყოფილებლობისა და სააპელაციო საჩივრის დაუკმაყოფილებლობის ნაწილში, სასარჩელო მოთხოვნა ემყარება „რასელ ბედ ფორდ ეი ეიეისის“ 2019 წლის 19 დეკემბრის დასკვნას, რომლის თანახმად, კომპანიამ ქონებაზე არსებული ყადაღის გამო, ჯამში მიიღო 2 214 468 ლარის ზიანი. კასატორის განმარტებით, კომპანიის კეთილი ნების გამოვლენის საფუძველზე, მათ შორის მოპასუხე მხარის ფინანსური რესურსისა და სხვა ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, აღნიშული თანხა შემცირდა 1 400 000 ლარამდე. საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ ამ მოთხოვნასთან მიმართებით სააპელაციო სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება გაუკეთა საქმეში არსებულ მტკიცებულებებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 16 ნოემბრის განჩინების, 2.11. პუნქტით დადგინდა მიზეზ-შედეგობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებასა და მიყენებულ ზიანს შორის, ანუ დადგენილია, რომ მოსარჩელისთვის ზიანის მიყენება სწორედ მის ქონებაზე ყადაღის არსებობამ გამოიწვია, შესაბამისად შესაფასებელია მხოლოდ სამართლებრივი მხარე, რომელზეც სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია.

6.3. კასატორის მტკიცებით, საქმის მასალებში არსებული მტკიცებულებები საკმარისია, რათა დადგინდეს სამოქალაქო კოდექსის 992-ე, 408-ე და 411-ე ასევე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის მე-3 ნაწილის წინაპირობები და აღიარებულ იქნეს, რომ კომპანიას ზიანი მიადგა სწორედ შპს „ჩ.რ. ?-ე ბ.ჯ–ის“ ბრალით, რადგან მათი შუამდგომლობის საფუძველზე მოხდა სარჩელის უზრუნველყოფის საშუალების გამოყენება და მათი სარჩელი საბოლოოდ არ დაკმაყოფილდა.

7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

7.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 იანვრის განჩინებით, შპს „ჩ.რ. ?-ე ბ.ჯ–ის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

7.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 07 თებერვლის განჩინებით, შპს „ს.შ.ქ–ის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნას მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

8. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

8.1. საკასაციო პრეტენზიების მოცულობა და საკასაციო განხილვის ფარგლები:

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მის შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 16 ნოემბრის განჩინების კანონიერება, რომლითაც ძალაში დარჩა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის უზრუნველყოფის შედეგად გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. შესაბამისად, საკასაციო პალატა საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის შედეგად გამოწვეული ზიანის ანაზღაურების დაკისრების მართლზომიერების კვლევას შეუდგება, რათა შემოწმდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის წინაპირობები.

საკასაციო პალატა კასატორებს აქვე განუმარტავს, რომ იგი საქმეს იხილავს საკასაციო საჩივრის ფარგლებში და მას უფლება არ აქვს გასცდეს კასატორების მიერ საკასაციო საჩივრებში დაფიქსირებულ პრეტენზიებს.

8.2. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სავალდებულობა საკასაციო პალატის წინამდებარე განჩინების მიმართ:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორებს განსახილველ საკასაციო საჩივრებში, დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენის გზით, სადავოდ არ გაუხდიათ სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტები, ამდენად, მოცემულ საქმეზე დადგენილად უნდა ჩაითვალოს შემდეგი გარემოებანი:

- გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 20 ივნისის N3032-15 გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა მოსარჩელე შპს „ჩ.რ. ?-ე ბ.ჯ–ის“ სარჩელი მოპასუხე შპს „ს.შ.ქ–ის“ მიმართ, ხოლო შპს „ს.შ.ქ–ის“ შეგებებული სარჩელი შპს „ჩ.რ. ?-ე ბ.ჯ–ის“ მიმართ დაკმაყოფილდა სრულად;

- ამავე საქმეზე გორის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 30 მარტის განჩინებით, დაკმაყოფილდა შპს „ჩ.რ. ?-ე ბ.ჯ–ის“ მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე და ყადაღა დაედო შპს „ს.შ.ქ–ის“ სს „ლ.ბ–ში“ გახსნილ საბანკო ანგარიშს 1 330 843.81 ლარის ფარგლებში და შპს „ს.შ.ქ–ის“ საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე ქ. გორი, ........ ქ.N135 (მიწის საკადასტრო კოდი ........);

- გორის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 18 მაისის განჩინებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „ს.შ.ქ–ის“ საჩივარი გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე და მოეხსნა ყადაღა სს „ლ.ბ–ში“ გახსნილ საბანკო ანგარიშებს, ხოლო სხვა ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა;

- გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 06 აპრილის განჩინებით, დაკმაყოფილდა შპს „ს.შ.ქ–ის“ განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის გარანტიის შესახებ და შპს „ჩ.რ. ?-ე ბ.ჯ–ს“ დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან შვიდი დღის ვადაში სასამართლოსათვის წარედგინა მოპასუხისათვის სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებით გამოყენებული მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა, 486 397 ლარის ოდენობით ფულადი თანხის ან ფასიანი ქაღალდების საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანის გზით და განემარტა, რომ თუ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ წარადგენდა გარანტიას, სასამართლო დაუყოვნებლივ გამოიტანდა განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ;

- გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 06 აპრილის განჩინება, შპს „ჩ.რ. ?-ე ბ.ჯ–ის“ წარმომადგენელს ხელზე ჩაბარდა 2016 წლის 27 მაისს. სასამართლოს მიერ დადგენილი გარანტიის წარდგენის 7 დღიანი ვადა ამოიწურა 2016 წლის 02 ივნისს, მაგრამ მოსარჩელემ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვალდებულება არ შეასრულა. შპს „ჩ.რ. №-ე ბ.ჯ–მა“ სასამართლოში არ წარადგინა გარანტიის განუხორციელებლობის (საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე თანხის არშეტანის) დამადასტურებელი დოკუმენტი. აღნიშნულის გამო, გორის რაიონულმა სასამართლომ თავისი 2016 წლის 16 ივნისის განჩინებით, არ დააკმაყოფილა შპს „ს.შ.ქ–ის“ განცხადება მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე ყადაღის მოხსნის შესახებ;

- იმის გამო, რომ უზრუნველყოფის გაუქმების შესახებ განჩინება საჩივრდება გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით, შპს „ს.შ.ქ–ამ“ შპს „ჩ.რ. ?-ე ბ.ჯ–ს“ წერილობით მიმართა თხოვნით, არ გაესაჩივრებინათ გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ნაწილში, რადგან აღნიშნული ყადაღის გამო მოპასუხე სათანადოდ ვერ ასრულებდა აზერბაიჯანის რკინიგზის დსს შპს „დ–თან“ გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას, რის გამოც ხელშეკრულება გაუქმების საშიშროების წინაშე იდგა, მაგრამ მოპასუხემ სრულად გაასაჩივრა ხსენებული გადაწყვეტილება, შესაბამისად ძალაში დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 30 მარტის განჩინება შპს „ს.შ.ქ–ის“ უძრავ ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ;

- 2016 წლის 16 მარტს, შპს „ს.შ.ქ–ასა“ და აზერბაიჯანის რკინიგზის დსს შპს „დ–ს“ შორის გაფორმდა N16-2016 ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შპს „ს.შ.ქ–ას“ აზერბაიჯანის რკინიგზის დსს შპს „დ–ისთვის“ უნდა მიეწოდებინა წიწვოვანი ხის ძელი 97 ცალი კომპლექტი. ერთი კომპლექტის ღირებულება შეადგენდა 5900 აშშ დოლარს. შესაბამისად, ხელშეკრულების მთლიანი ღირებულება შეადგენდა 572 300 აშშ დოლარს. ხელშეკრულების თანახმად აზერბაიჯანის რკინიგზის დსს შპს „დ–ი“ ვალდებული იყო შპს „ს.შ.ქ–ისათვის“ წინსწრებით, ავანსის სახით გადაეხადა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 30%. ავანსის გადახდამდე შპს „ს.შ.ქ–ა“ ვალდებული იყო წარედგინა ორი სახის გარანტია: 1) ხელშეკრულების ფასის 5% (28616 აშშ დოლარი) და და ავანსის თანხის სრული ოდენობა 171 690 აშშ დოლარი, სულ 200 305 აშშ დოლარი;

- შპს „ს.შ.ქ–ამ“ 2016 წლის 18 მარტის N19 წერილით და 22 მარტის N20 წერილით, მიმართა სს „ლ.ბ–ს“ და სს „ვ.ბ–ს“, მაგრამ არცერთმა ბანკმა საბანკო გარანტია არ გასცა, იმის გამო, რომ შპს „ს.შ.ქ–ის“ უძრავ ქონებას, მდებარე ქ. გორი, ........ ქ. N135. (მიწის საკადასტრო კოდი .......) ედო ყადაღა.

- 2016 წლის 11 მაისს, შპს „ს.შ.ქ–ამ“ აზერბაიჯანის რკინიგზის დსს შპს „დ–ისგან“ მიიღო გამაფრთხილებელი წერილი, რომლითაც ითხოვდა ხელშეკრულების გაუქმებას გარანტიის წარუდგენლობის გამო. მოლაპარაკების შედეგად შპს „ს.შ.ქ–ას“ განესაზღვრა საბანკო გარანტიის წარდგენის დამატებითი ვადა - 2016 წლის 10 ივლისამდე, მაგრამ ქონებაზე ყადაღის არსებობის გამო შპს „ს.შ.ქ–ამ“ ვერ შეძლო საბანკო გარანტიის წარდგენა, რის გამოც აზერბაიჯანის რკინიგზის დსს შპს „დ–ვი“ იძულებული გახდა 2016 წლის 11 ივლისს, უარი ეთქვა ხელშეკრულებაზე;

- შპს „ა–ის“ 2019 წლის 29 ოქტომბრის აუდიტორული დასკვნის შესაბამისად, ზემოთაღნიშნული ხელშეკრულების შესრულების შემთხვევაში შპს „ს.შ.ქ–ა“ მოგების სახით მიიღებდა 211 927,15 აშშ დოლარს;

- შპს „რ.ბ.ე–ის“ 2019 წლის 19 დეკემბრის დასკვნის თანახმად, შპს „ს.შ.ქ–ამ“ 2012 წლიდან განაახლა ფუნქციონირება მიუხედავად სირთულეებისა პირველივე წელს სუფთა მოგების სახით მიიღო 130 777.51 ლარი. ქარხანა ყოველწლიურად ზრდიდა, როგორც რეალიზაციის მოცულობას ასევე, მიღებული სუფთა მოგების მოცულობას: 2013 წელს - რეალიზაციიდან შემოსავალმა შეადგინა 1 269 422 ლარი, ხოლო წმინდა მოგებამ - 174 021.00 ლარი, 2014 წელს რეალიზაციიდან შემოსავალმა შეადგინა 1 403 777 ლარი, ხოლო წმინდა მოგებამ - 266 690.00 ლარი. 2015 წელს რეალიზაციიდან შემოსავალმა შეადგინა 2 323 611 ლარი, ხოლო წმინდა მოგებამ - 645 865.00 ლარი. (2015 წლის ბრუნვები და მოგება შენარჩუნდა წლის ბოლომდე, რაც გამოწვეული იყო 2014 წელს და 2015 წლის დასაწყისში გაფორმებული გარიგებებით და ვალდებულებებით);

- შპს „ს.შ.ქ–ის“ საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მიწის საკადასტრო კოდი .......) ყადაღის არსებობის გამო, 2016 წლიდან ეტაპობრივად დაიწყო მოგების შემცირება. მომდევნო 2016 წელს, როგორც რეალიზაციის, ისე მოგების ფაქტობრივი მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 42%-ით შემცირდა. აღნიშნული დინამიკა შენარჩუნდა მომდევნო წლებშიც. ამდენად, ყოველწლიური მოგების ტენდენციური ზრდის შემცირებით, რაც გამოწვეული იყო კომპანიის უძრავი ქონების დაყადაღებით, საწარმომ მიუღებელი შემოსავლის სახით განიცადა ზიანი 2 214 468 ლარის ოდენობით;

- შპს „ა–ის“ აუდიტორული დასკვნით დგინდება, რომ ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში, შპს „ს.შ.ქ–ა“ მოგების სახით მიიღებდა 560 979. 34 აშშ დოლარს.

8.3. საკასაციო სასამართლოს შეფასებები და სამართლებრივი დასკვნები:

8.3.3. სარჩელის უზრუნველყოფის შედეგად გამოწვეული ზიანის ანაზღაურების დამფუძნებელ ნორმას წარმოადგენს საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიება გაუმართლებელი გამოდგა იმის გამო, რომ მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელზე და გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში, ანდა იმის გამო, რომ სასამართლომ ამ კოდექსის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის ან 363​30-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გააუქმა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, მაშინ ის მხარე, რომლის სასარგებლოდაც მოხდა უზრუნველყოფა, ვალდებულია აუნაზღაუროს მეორე მხარეს ზარალი, რომელიც მას მიადგა სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიების შედეგად.

8.3.4. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლი ითვალისწინებს მოპასუხის ინტერესების დაცვის, ორ, ერთმანეთთან დაკავშირებულ სამართლებრივ საშუალებას: ა) მოსარჩელის მიერ იმ ზარალის ანაზღაურება, რომელიც მიადგა მოპასუხეს სარჩელის უზრუნველყოფით. აღნიშნული მოთხოვნის უფლება მოპასუხეს გააჩნია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობისას, როგორიცაა, სასამართლოს მიერ სარჩელის არდაკმაყოფილება (ან ჯერარაღძრული სარჩელის უზრუნველყოფისას, სარჩელის შეუტანლობა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, რის გამოც, უზრუნველყოფის ღონისძიება გაუქმდა) და სარჩელის უზრუნველყოფით მოპასუხისათვის ზიანის მიყენება (რომლის არსებობაც და ოდენობაც უნდა ამტკიცოს მოპასუხემ) და ბ) მოპასუხისათვის მოსალოდნელი ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც იმაში გამოიხატება, რომ თუ მოსარჩელე მოითხოვს სარჩელის უზრუნველყოფას, მოპასუხეს შეუძლია მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფით მისთვის მოსალოდნელი ზიანის არა ანაზღაურება, არამედ ანაზღაურების უზრუნველყოფა. ასეთ ვითარებას შეიძლება ვუწოდოთ საპასუხო უზრუნველყოფა, რომელიც უნდა განხორციელდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 57-ე მუხლით დადგენილი წესით (იხ. სუსგ. №ას-1344-2018, 2019 წლის 5 აპრილი). ამასთან, მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ უზრუნველყოფის გარანტია არ ნიშნავს მოპასუხისათვის სარჩელის უზრუნველყოფით მიყენებული ზიანის ავტომატურად ანაზღაურებას, არამედ გულისხმობს მხოლოდ ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფას. სარჩელის უზრუნველყოფით მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე, მოპასუხემ უნდა მიმართოს სასამართლოს სარჩელით და დაამტკიცოს, როგორც ამგვარი ზიანის მიყენების ფაქტი, ასევე მიყენებული ზიანის ოდენობა (ლილუაშვილი თ.,/ხრუსტალი ვ., საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კომენტარი, მეორე გამოცემა, თბ., 2007, 355).

8.3.5. უნდა აღინიშნოს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუმართლებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება დელიქტური ვალდებულების სპეციალურ სახეს წარმოადგენს და იგი არა ზიანის ანაზღაურების ზოგადი წესებით, არამედ - სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგულირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ: ნორმით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის დადგომისათვის გამოყენებული უნდა იყოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, ეს ღონისძიება უნდა იყოს გაუმართლებელი, უზრუნველყოფის ღონისძიების შედეგად უნდა არსებობდეს ზიანი და მიზეზ-შედეგობრივი კავშირი (იხ. სუსგ. ას-1216-1136-2017, 18.05.2018). ის გარემოება, რომ მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმად გვევლინება საპროცესო სამართლის ნორმა, არსებითად არ ცვლის ვითარებას. აღნიშნული საკანონმდებლო ტექნიკის საკითხია და სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირების მხოლოდ მასზე დამყარება არ ეწინააღმდეგება მართლწესრიგის პრინციპებს. აღნიშნულ საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს დამკვირებული პრაქტიკაც (იხ.სუგს. №ას-259-259-2018, 2020 წლის 30 ივნისი), რის გამოც I კასატორის - შპს „ჩ.რ. ?-ე ბ.ჯ–ის“ საკასაციო საჩივარში მოყვანილი მსჯელობა სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით გათვალისწინებული დისპოზიციის არარსებობის და შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობების არარსებობის თაობაზე უმართებულოა და დავის საგანთან შემხებლობის არარსებობის გამო, საკასაციო სასამართლო არ შეუდგება მათი საფუძვლიანობის გამოკვლევას.

8.3.6. რაც შეეხება დავის შინაარსობრივ მხარეს, საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია და კანონით დადგენილი წესით, სადავოდ არ არის გამხდარი ის ფაქტობრივი გარემოება, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 30 მარტის განჩინებით, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხის ქონებაზე განხორციელდა შეზღუდვები, კერძოდ, ყადაღა დაედო შპს „ს.შ.ქ–ის“ სს „ლ.ბ–ში“ გახსნილ საბანკო ანგარიშს 1 330 843.81 ლარის ფარგლებში და შპს „ს.შ.ქ–ის“ საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე ქ. გორი, ........ ქ. N135 (მიწის საკადასტრო კოდი .....). გორის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 18 მაისის განჩინებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „ს.შ.ქ–ის“ საჩივარი გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე და მოეხსნა ყადაღა სს „ლ.ბ–ში“ გახსნილ საბანკო ანგარიშებს, ხოლო სხვა ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ნიშანდობლივია, ასევე, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 06 აპრილის განჩინებით, დაკმაყოფილდა შპს „ს.შ.ქ–ის“ განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის გარანტიის შესახებ და სასამართლოს მიერ დადგენილი გარანტიის წარდგენის 7 დღიანი ვადა ამოიწურა 2016 წლის 02 ივნისს, მაგრამ მოსარჩელემ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვალდებულება არ შეასრულა, ხოლო გორის რაიონულმა სასამართლომ თავისი 2016 წლის 16 ივნისის განჩინებით, არ დააკმაყოფილა შპს „ს.შ.ქ–ის“ განცხადება მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე ყადაღის მოხსნის შესახებ;

8.3.7. ამავე საქმეზე, გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 20 ივნისის N3032-15 გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა მოსარჩელე შპს „ჩ.რ. ?-ე ბ.ჯ–ის“ სარჩელი მოპასუხე შპს „ს.შ.ქ–ის“ მიმართ, ხოლო შპს „ს.შ.ქ–ის“ შეგებებული სარჩელი შპს „ჩ.რ. ?-ე ბ.ჯ–ის“ მიმართ დაკმაყოფილდა სრულად. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 08 აგვისტოს განჩინებით, შპს „ჩ.რ. ?-ე ბ.ჯ–ის“ საკასაციო საჩივარი დაუშვებლობის გამო განუხილველად იქნა დატოვებული. შესაბამისად, კანონიერ ძალაში შევიდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 14 ივნისის განჩინება, რომლითაც ძალაში დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება.

8.3.8. ზემოაღნიშნული დადგენილი ფაქტობრივი გარემოების საფუძველზე საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის მე-3 ნაწილის კუმულაციური პირობებიდან ორი - სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების არსებობა და მისი გაუმართლებლობა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო, სახეზეა. რაც მესამე კუმულაციური პირობის - ზიანის არსებობის ფაქტის შეფასების წინაპირობას ქმნის.

8.3.9. როგორც საკასაციო პალატამ წინამდებარე განჩინებაში უკვე აღნიშნა, საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის მე-3 ნაწილი ცალკე აღებული, მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას წარმოადგენს, რადგან იგი დელიქტური სამართლის სპეციალური ნორმაა, ამიტომ, არამართებულია ამ მუხლის მიზნებისთვის ზიანის ცნება იმ დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად განიმარტოს, რომელსაც საკასაციო სასამართლო, ერთგვაროვანი პრაქტიკით, იყენებს გენერალური დელიქტის (სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის) მიზნებისთვის. შესაბამისად, საქმის განხილვისას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს იკვეთება, თუ არა, მოპასუხის ბრალი ზიანის დადგომაში, მთავარია დადგინდეს გაუმართლებელი უზრუნველყოფის ღონისძიების არსებობა და მისი მიზეზ-შედეგობრივი კავშირი დამდგარ ზიანთან. ამ ფაქტების მითითება და მტკიცება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, ეკისრება მოსარჩელეს.

8.3.10. ზიანის არსებობის ფაქტის დადასტურების მიზნით, მოსარჩელის მიერ სასამართლოს წინაშე წარმოდგენილია სხვადასხვა სახის მტკიცებულებები, კერძოდ, 2016 წლის 16 მარტით დათარიღებული ხელშეკრულება, საიდანაც დგინდება, რომ შპს „ს.შ.ქ–ასა“ და აზერბაიჯანის რკინიგზის დსს შპს „დ–ს“ შორის გაფორმდა N16-2016 ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შპს „ს.შ.ქ–ას“ აზერბაიჯანის რკინიგზის დსს შპს „დ–ისთვის“ უნდა მიეწოდებინა წიწვოვანი ხის ძელი 97 ცალი კომპლექტი. ერთი კომპლექტის ღირებულება შეადგენდა 5900 აშშ დოლარს. შესაბამისად, ხელშეკრულების მთლიანი ღირებულება შეადგენდა 572 300 აშშ დოლარს (ტომი I, ს.ფ. 52-54). ამავე ხელშეკრულებით განისაზღვრა ორი სახის საბანკო გარანტიის წარდგენის ვალდებულება. აგრეთვე, საქმის მასალებში წარმოდგენილია 2016 წლის 18 მარტის N19 წერილი და ამავე წლის 22 მარტის N20 წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ შპს „ს.შ.ქ–ამ“ მიმართა სს „ლ.ბ–ს“ და სს „ვ.ბ–ს“, მაგრამ არცერთმა ბანკმა საბანკო გარანტია არ გასცა იმის გამო, რომ შპს „ს.შ.ქ–ის“ უძრავ ქონებას, მდებარე ქ. გორი, ........ ქ. N135. (მიწის საკადასტრო კოდი ......) ედო ყადაღა (ტომი I, ს.ფ. 57-59). აგრეთვე, საქმის მასალებში არსებობს 2016 წლის 11 მაისის წერილი, რომელიც შპს „ს.შ.ქ–ამ“ აზერბაიჯანის რკინიგზის დსს შპს „დ–ისგან“ მიიღო გამაფრთხილებელი წერილი, რომლითაც ითხოვდა ხელშეკრულების გაუქმებას გარანტიის წარუდგენლობის გამო. მოლაპარაკების შედეგად, შპს „ს.შ.ქ–ას“ განესაზღვრა საბანკო გარანტიის წარდგენის დამატებითი ვადა 2016 წლის 10 ივლისამდე, მაგრამ ქონებაზე ყადაღის არსებობის გამო, შპს „ს.შ.ქ–ამ“ ვერ შეძლო საბანკო გარანტიის წარდგენა, რის გამოც აზერბაიჯანის რკინიგზის დსს შპს „დ–ი“ იძულებული გახდა 2016 წლის 11 ივლისს, უარი ეთქვა ხელშეკრულებაზე (ტომი I, ს.ფ. 67-69, 2-29).

8.3.11. საკასაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს ასევე, მოსარჩელის მიერ სარჩელზე დართულ შპს ს.შ.ქ–ის დირექტორის 2016 წლის 23 ივნისის წერილს, რომლითაც შპს „ჩ.რ. ?-ე ბიუროს“ გენერალურ დირექტორს ეცნობა, რომ 2016 წლის 20 ივნისს, გორის რაიონულმა სასამართლომ საქმე N289-15-თან დაკავშირებით გამოიტანა გადაწყვეტილება და სრულად დააკმაყოფილა შპს „ს.შ.ქ–ის“ შეგებებული სარჩელი. ამავე გადაწყვეტილებით სასამართლომ გააუქმა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით კომპანიის ქონებაზე დადებული ყადაღა, თუმცა ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლას ესაჭიროებოდა 40-45 დღე. იქიდან გამომდინარე, რომ შპს „ს.შ.ქ–ას“ აზერბაიჯანულ მხარესთან გაფორმებული ჰქონდა ხელშეკრულება, მას საბანკო გარანტიის მისაღებად ესაჭიროებოდა ყადაღისგან თავისუფალი ქონება, წინააღმდეგ შემთხვევაში, 2016 წლის 27 ივნისამდე, კომპანია თუ არ წარადგენდა საბანკო გარანტიას, ხელშეკრულება შეწყდებოდა, რაც სამომავლოდ გამოიწვევდა შპს „ჩ.რ. ?-ე ბიუროს“ მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის წაყენებას. ამავე წერილით მხარეს მოეთხოვა წერილობით მიემართა გორის რაიონული სასამართლოსთვის და განეცხადებინა, რომ ყადაღის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების მიმართ არ გააჩნდა პრეტენზია, რაც დაუყოვნებლივ გამოიწვევდა უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებას (ტომი I, ს.ფ. 45-46).

8.3.12. უდავოა, რომ ამ წერილით მოთხოვნილი მოქმედება შპს „ჩ.რ. ?-ე ბიუროს“ არ განუხორციელებია. მოხმობილი მტკიცებულებების ერთობლიობა, პალატას უქმნის მტკიცებულებებით გამყარებულ შინაგან რწმენას იმასთან დაკავშირებით, რომ საბანკო გარანტიის წარუდგენლობის გამო, ხელშეკრულება შეწყდა და ზიანი დადგა. ასევე, დადასტურებულია შესაძლო ზიანის დადგომის თაობაზე პირველი კასატორის ინფორმირების ფაქტიც, რაც სრულებით გამორიცხავს შპს „ჩ.რ. ?-ე ბიუროს“ საკასაციო საჩივარში გაჟღერებულ არგუმენტებს, ზიანის არარსებობის, ასევე ზიანის დადგომაში მოწინააღმდეგე მხარის შერეული ბრალის არსებობის თაობაზე და ამ ნაწილშიც საკასაციო საჩივარს დაუსაბუთებელს ხდის.

8.3.13. რაც შეეხება ზიანის ოდენობას, ამ მიმართებითაც საქმის მასალებში არსებობს არაერთი მტკიცებულება, კერძოდ, სარჩელზე დართულია 2016 წლის 30 მარტის ინდივიდუალური აუდიტორი ილია ბორეცის დასკვნა, რომლითაც შპს „ს.შ.ქ–ის“ მიუღებელი შემოსავლის ოდენობა სავარაუდოდ 486 397 ლარის ოდენობითაა შეფასებული (ტომი I, ს.ფ. 38-39), ამ მტკიცებულების შინაარსის გაქარწყლების მიზნით, მოპასუხემ სასამართლოს წინაშე წარადგინა 2019 წლის 09 ოქტომბრის შპს „ე.ჯ–ის“ მიერ შედგენილი აუდიტორული დასკვნა, სადაც აღნიშნულია, რომ აუდიტს (ი. ბ–ს) არ ჰქონდა საკმარისი მტკიცებულებები, რომლებიც მისცემდა შესაძლებლობას 2019 წლის 14 ივნისის N73/06 დასკვნით დადგენილად მიეჩნია შპს „დ–თან“ გაფორმებული სადავო ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზები, ასევე ძელების თვითღირებულების გამოთვლა ემყარება ბუნდოვან კალკულაციას, დასკვნა საბანკო გარანტიის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლად უთითითებს მხოლოდ სასამართლოს მიერ გამოყენებულ ყადაღას, მაშინ როდესაც ამავე ქონებაზე გამოყენებული იყო გირავნობის/იპოთეკის უფლებებიც, გარდა ამისა, აუდიტის მიერ გაანგარიშებული ნაშთების კალკულაცია არასწორია (ტომი II, ს.ფ.116-121), თუმცა საკასაციო პალატა დასძენს, რომ მოპასუხის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებაში, მხოლოდ მოსარჩელის მიერ წარდგენილი დოკუმენტების კრიტიკაა ასახული, მასში ზიანის არარსებობის თაობაზე ან ზიანის განსხვავებული ოდენობით გამოთვლის შესახებ არაფერია ნათქვამი. აღნიშნულის შემდგომ, 2019 წლის 30 ოქტომბერს, შპს „ს.შ.ქ–ამ“ წარადგინა დაზუსტებული სარჩელი, რომელსაც ზიანის ოდენობის გაანგარიშების მოტივით, დაურთო შპს „ა–ის“ 2019 წლის 29 ოქტომბრის NSARAS-A-433241 დასკვნა, რომლის შინაარსიც მოგვიანებით გაამყარა ექსპერტ დ.ბ–ძის (ექსპერტად მუშაობის 12 წლის გამოცდილებით) მიერ სასამართლოში მიცემულმა ჩვენებამაც. ხსენებული მტკიცებულებით დგინდება, რომ 2016 წლის 16 მარტს შპს „დ–თან“ გაფორმებული N16-2016 ხელშეკრულების შეწყვეტის შედეგად გამყიდველის მიერ საორიონტაციო მიუღებელი შემოსავალი (მოგება) - შეადგენს 451 871.07 ლარს, რაც საქონლის მიწოდების დღედ მიჩნეული თარიღისათვის - 16.06.2016 წლისათვის, აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის (2,1322) მიხედვით საორიენტაციო მიუღებელმა შემოსავალმა (მოგებამ) - შეადგინა 211 927,15 აშშ დოლარი (ტომი II, ს.ფ. 258-265, ტომი IV, ს.ფ. 48-76).

8.3.14. მოხმობილი მტკიცებულებების რელევანტურობისა და სამართლებრივი ძალის განსაზღვრის მიზნით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლებიდან გამომდინარე, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება შესაბამისი მტკიცებულებების სასამართლოსათვის წარდგენის გზით, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ოქტომბრის №ას-367-2021 განჩინება).

8.3.15. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასება სათანადოდ მოტივირებული და დამაჯერებელი უნდა იყოს. მტკიცებულებათა შეფასება ეფუძნება შეჯიბრებითობის ფარგლებში მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას და არა - სუბიექტურ მოსაზრებებს. სასამართლო ობიექტურ საწყისებზე მტკიცებულებათა ყოველმხრივი და სრული გამოკვლევის შედეგად ადგენს მათ იურიდიულ ძალას, კერძოდ, განსაზღვრავს თუ რა გარემოების დადგენა ან პირიქით, უარყოფაა შესაძლებელი. აქ, უპირველეს ყოვლისა, იგულისხმება მტკიცებულებათა შეფასება მათი უტყუარობის თვალსაზრისით, რისთვისაც საჭიროა ამ მტკიცებულებათა ყოველმხრივი შემოწმება, მათი დაპირისპირება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან. მტკიცებულებათა შეფასებას კი პროცედურულად მოჰყვება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 15 თებერვლის №ას-400-2020 განჩინება).

8.3.16. ზემოაღნიშნული მსჯელობის შესაბამისად, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს იმასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხის მიერ წარდგენილი აუდიტორული ფირმა „ე. ჯ–ის“ მიერ შედგენილი აუდიტორული დასკვნები, ზიანის არარსებობის ან მოსარჩელის მიერ მითითებული ზიანის ოდენობის გასაქარწყლებლად რელევანტურ და განკუთვნად მტკიცებულებად მიჩნეული ვერ იქნება, ვინაიდან ეს მტკიცებულება მხოლოდ მოსარჩელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის კრიტიკას შეიცავს, მართალია მასში მითითებულია, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი დასკვნები არაზუსტი, ბუნდოვანი და არასანდოა, თუმცა სასამართლო არ იზიარებს ამ მოსაზრებას, რადგან იგი გამყარებული არ არის შესაბამისი კონტრარგუმენტებით, რის გამოც იგი, შპს "ა–ის" ექსპერტებისა და აუდიტორების მიერ შედგენილ დოკუმენტაციებში გაკეთებულ დასკვნებს ვერ გააქარწყლებს. ამიტომ, პალატა მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ოდენობის გამოსათვლელად მართებულად იქნა გამოყენებული შპს „ა–ის“ 2019 წლის 29 ოქტომბრის NSARAS-A-433241 დასკვნა და ზიანის ოდენობად 211 927,15 აშშ დოლარი მართებულად განისაზღვრა.

8.3.17. ასევე გაზიარებული ვერ იქნება I კასატორის მიერ საკასაციო საჩივარში მოყვანილი არგუმენტები იმის შესახებ, რომ მოსარჩელის შერეული ბრალი ზიანის დადგომაში, ასევე იმ გარემოებიდან იკვეთებოდა, რომ მან ვერ უზრუნველყო მოსალოდნელი ზიანის უზრუნველყოფის თანხის დეპოზიტზე განუთავსებლობის გამო გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება (სასამართლოს წინაშე მტკიცების ტვირთის დაძლევა). კერძოდ, პირველი კასატორი აპელირებს, რომ მხარემ (მოსარჩელემ) არ გამოიყენა თავისი საპროცესო უფლება, არ გაასაჩივრა გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 16 ივნისის განჩინება, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ამიტომ მის თანმდევ შედეგებზე პასუხისმგებლობა მოწინააღმდეგე მხარეს ვერ დაეკისრება და თუკი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებამ მართლაც გამოიწვია რაიმე ზიანი, ამაში ბრალეული იყო თავად შპს „ს.შ.ქ–ა“. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება ასეთ მსჯელობას, რადგან მხარის მიერ ამ განჩინების გასაჩივრება-არგასაჩივრება (უფლების რეალიზაცია თუ მასზე უარის თქმა), სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის მე-3 ნაწილით განმტკიცებულ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნასთან კავშირში არაა და მის დაკმაყოფილებაზე გავლენას ვერ იქონიებს. შესაბამისად, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ I კასატორის მიერ წარდგენილი საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით დადგენილ კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს.

8.3.18. რაც შეეხება II კასატორის (შპს „ს.შ.ქ–ა“) საკასაციო საჩივარს, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილშია მოთხოვნილი, რომლითაც სრულად არ დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა და მხარეს მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებაზე უარი ეთქვა, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ამ შემთხვევაშიც, საკასაციო საჩივარი საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ დასაშვებობის კრიტერიუმებს ვერ ლახავს, შემდგომი არგუმენტაციის გამო:

8.3.19. 2019 წლის 25 დეკემბერს, მოსარჩელემ წარადგინა მეორე დაზუსტებული სარჩელი, რომლითაც 1 388 594 ლარით გაზარდა სასარჩელო მოთხოვნა (სარჩელის ფასი განისაზღვრა 2 014 588,74 ლარით) (ტომი III, ს.ფ. 24-66). დაზუსტებულ სარჩელს ერთვოდა „რ.ბ.ე–ის“ 2019 წლის 19 დეკემბრის დასკვნაც, რომლის შინაარსის დაზუსტების მიზნით, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა ექსპერტი ალექსანდრე ოქრომჭედლიშვილიც. დოკუმენტაციაში მითითებულია, რომ შპს „ს.შ.ქ–ისათვის“ შპს „ჩ.რ. 23-ე ბ.ჯ–ის“ მიერ, უძრავ ქონებაზე ყადაღის დადების გამო, ბიზნესის შეზღუდვის შედეგად მიუღებელი მოგების (შემოსავლის) თანხამ 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით შეადგინა 2,214,468 ლარი, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცხადებული ოფიციალური გაცვლითი კურსით (1$=2.9055 GEL) შეადგენს 762,164.17 აშშ დოლარს (ტომი III, ს.ფ. 67-88, ტომი IV, ს.ფ. 48-76).

8.3.20. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკნებს იმასთან დაკავშირებით, რომ ამ მტკიცებულებაში მითითებული დასკვნა მხოლოდ ზოგადად მიუთითებს, რომ საბანკო ანგარიშებზე და უძრავ ქონებაზე ყადაღის არსებობამ გამოიწვია კომპანიის რეპუტაციის შელახვა, ნდობის დაკარგვა ბანკებთან, მომწოდებლებთან და კლიენტებთან, რის გამოც 2016 წლიდან ეტაპობრივად დაიწყო მოგების შემცირება და აღნიშნულთან დაკავშირებით მხარე რაიმე კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე ვერ მიუთითებს, რომ 2016 წლიდან კომპანიის მოგების შემცირება სწორედ უძრავ ქონებაზე ყადაღის არსებობით იყო გამოწვეული. შესაბამისად ეს დოკუმენტი ვერ აკმაყოფილებს სამოქალაქო კოდექსის 411-412-ე მუხლებით დადგენილ მაღალი მტკიცების სტანდარტს, რომელიც მიუღებელი შემოსავლის დაკისრებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა.

8.3.21. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

8.3.22. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც, საკასაციო საჩივრებს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

8.3.23 .ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც.

8.3.24. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოთაღნიშნული მხარეების მიერ წარდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

9. პროცესის ხარჯები

9.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივრები დაუშვებელია, ხოლო კასატორებს გადახდილი აქვთ საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი, შპს „ს.შ.ქ–ას“, უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 8 000 ლარის (საგადახდო დავალება N123, გადახდის თარიღი 02/02/2022), 70% – 5600 ლარი; ხოლო შპს „ჩ.რ. ?-ე ბ.ჯ–ს“ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 8 000 ლარის (საგადახდო მოთხოვნა N459, გადახდის თარიღი 24.12.2021), 70% – 5 600 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, ასევე 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ს.შ.ქ–ის“ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნას ცნობილი.

2. შპს „ჩ.რ. ?-ე ბ.ჯ–ის“ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნას ცნობილი.

3. I კასატორ - შპს „ს.შ.ქ–ას“, დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 8 000 ლარის (საგადახდო დავალება N123, გადახდის თარიღი 02/02/2022), 70% – 5600 ლარი; II კასატორ - შპს „ჩ.რ.?-ე ბ.ჯ–ს“ დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 8 000 ლარის (საგადახდო მოთხოვნა N459, გადახდის თარიღი 24.12.2021), 70% – 5 600 ლარი.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე