საქმე №ას-14-2022 10 მარტი 2022 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორი – შპს „ს.შ.ქ–ა“
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ჩ.რ. ?-ე ბ.ჯ–ი“
გასაჩივრებული განჩინებები – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ნოემბრისა და 2021 წლის 27 დეკემბრის განჩინებები
საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება
დავის საგანი – სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შედეგად გამოწვეული ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. 2019 წლის 25 აპრილს, შპს „ს.შ.ქ–ის“ წარმომადგენელმა გ.ხ–მა, ხაშურის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა მოპასუხე შპს „ჩ.რ. ?-ე ბ.ჯ–ის“ მიმართ, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.
2. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 30 აპრილის განჩინებით, მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და გამოყენებულ იქნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო შპს „ჩ.რ. ?-ე ბ.ჯ–ის მუდმივმოქმედი ფილიალის“ ბალანსზე რიცხულ უძრავ ქონებებს, მდებარე ხაშურის რაიონის სოფელ ........ (ს/კ .......) და ხარაგაულის რაიონის სოფელ ........ (ს/კ .....). აღნიშნული განჩინება კანონით დადგენილი წესით, მოპასუხეს არ გაუსაჩივრებია.
3. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. შპს „ჩ.რ. ?-ე ბ.ჯ–ს“ (ს/ნ .....) შპს „ს.შ.ქ–ის“ (ს/ნ .....) სასარგებლოდ დაეკისრა 211 927,15 აშშ დოლარის, შესაბამისი ექვივალენტი ლარის (გადახდის დროისათვის არსებული კურსის მიხედვით) გადახდა.
4. თბილისის სააპელაციო პალატის 2021 წლის 16 ნოემბერის განჩინებით, უცვლელი დარჩა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „შ.ქ–ის“ სარჩელი ზიანის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
5. 2021 წლის 17 ნოემბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა შპს „ს.შ.ქ–ის“ წარმომადგენელმა გ.ხ–მა, რომელმაც მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ნოემბრის განჩინებისა და ხაშურის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილების უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დასდებოდა შპს „ჩ.რ. ?-ე ბ.ჯ–ის მუდმივმოქმედი ფილიალის“ სხვადასხვა საბანკო დაწესებულებებში საბანკო ანგარიშებზე არსებულ ფულად სახსრებს 211 927,15 აშშ დოლარისა და 4000 აშშ დოლარის (როგორც დოლარის, ასევე ლარის ანგარიშებს) და 5000 ლარის (სახელმწიფო ბაჟი) ფარგლებში.
6. განმცხადებლის აზრით, საქმის მასალებში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ მათ მიერ უზრუნველსაყოფად გამოყენებულ უძრავ ქონებებზე რეგისტრირებული იყო არაერთი ყადაღა, უფლებრივი აკრძალვა, მათ შორის, მიმდინარე სააღსრულებო წარმოებისა თუ სხვა დავების გამო. მოპასუხეს გააჩნია არაერთი ფინანსური ვალდებულება სხვადასხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირთან. მის მიმართ უკვე მიმდინარეობს სხვა სამართლებრივი დავები თანხის დაკისრების თაობაზე. სავარაუდოა, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების თავიდან აცილებისათვის მოპასუხე ყველანაირ საშუალებას გამოიყენებს, რადგან ის დღემდე არ ასრულებს მოსარჩელის წინაშე არსებულ არაერთ ვალდებულებას. სხვა უძრავი ქონება მოპასუხეს არ გააჩნია, შესაბამისად, მოცემული გარემოებებისა და სასარჩელო მოთხოვნების მოცულობის გათვალისწინებით, არსებობს ალბათობის მაღალი შესაძლებლობა, რომ მხარეთა შორის მიმდინარე დავის დასრულების მომენტში, უზრუნველყოფის საგნად გამოყენებული უძრავი ნივთები, მესამე პირთა მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად იქნება რეალიზებული და საჩივრის ავტორის უფლების დაცვის რეალურ გარანტიებს ვერ შექმნის. მხარის მტკიცებით, უზრუნველყოფის მიზანი არის აღსრულების უზრუნველყოფა, ამდენად, უზრუნველყოფის საგანს უნდა გააჩნდეს ფულადი ღირებულება, წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას დაეკარგებოდა მიზნობრივი დანიშნულება.
7. განმცხადებელი სასამართლოს მიუთითებს, რომ მოპასუხეს დამატებით გააჩნია საბანკო ანგარიშები, რომელებიც შესაძლოა გამოყენებული იქნეს სარჩელის უზრუნველყოფის ობიექტად. ასევე განმცხადებლის მითითებით, იურიდიული პირის ფულად სახსრებზე ყადაღის ფარგლები შესაძლოა შეიზღუდოს ისე, რომ მაქსიმალურად გამოირიცხოს მესამე პირთა კანონიერი ინტერესების დარღვევა. მაგალითად, შეიძლება ყადაღა დაედოს მოპასუხის საბანკო ანგარიშებზე არსებულ ფულად სახსრებს, გარდა საბიუჯეტო (საგადასახადო) და სახელფასო გასაცემლების ანგარიშებისა. აღნიშნული ღონისძიების გამოყენებით, საწარმო თავისუფლად შეძლებს შეასრულოს სახელმწიფოს წინაშე არსებული ვალდებულებები, გადაიხადოს გადასახადები, აგრეთვე ხელფასების გაცემის გზით, სათანადოდ განახორციელოს დასაქმებულ პირთა შრომით-სოციალური უფლებები, რაც მაქსიმალურად უზრუნველყოფს კომპანიის, როგორც მეწარმე სუბიექტის ფუნქციონირებასა და გაკოტრებისაგან დაცვას.
8. თბილისის სააპელაციო პალატის 2021 წლის 18 ნოემბრის განჩინებით, შპს „ს.შ.ქ–ის“ წარმომადგენლის გ.ხ–ის განცხადება ხაშურის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ნაწილში დარჩა განუხილველად, ხოლო განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ნოემბრის განჩინების უზრუნველყოფის ნაწილში არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
9. პალატამ განმარტა, რომ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით, შპს „ს.შ.ქ–ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. 2020 წლის 06 ივლისს, ხაშურის რაიონულ სასამართლოს განცხადებით მიმართა შპს „ს.შ.ქ–ის“ წარმომადგენელმა გ.ხ–მა და მოითხოვა გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების სახით, ყადაღის დადება შპს „ჩ.რ. ?-ე ბ.ჯ–ის“ საბანკო ანგარიშებზე არსებულ ფულად სახსრებზე 211 927.15 აშშ დოლარისა და 4 000 აშშ დოლარის (როგორც დოლარის, ასევე ლარის ანგარიშებს) ფარგლებში. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 07 ივლისის განჩინებით, განმცხადებელს უარი ეთქვა გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე. აღნიშნული განჩინებაზე 2020 წლის 13 ივლისს, იმავე მხარემ საჩივარი წარადგინა და მოითხოვა გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ განჩინების გაუქმება. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 27 ივლისის განჩინებით, საჩივარი ხაშურის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 07 ივლისის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად, განჩინების მიღებიდან 5 დღის განმავლობაში, გადაეგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 13 ივლისის განჩინებით, შპს „ს.შ.ქ–ის“ საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 07 ივლისის განჩინება გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ.
10. ზემოაღნიშნული გარემოებების ერთობლიობაში შეფასებით, სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მოცემულ საქმეზე შპს „ს.შ.ქ–ის“ წარმომადგენლის შუამდგომლობაზე ხაშურის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 22 ივნისის, გადაწყვეტილების უზრუნველყოფის შესახებ ნამსჯელი ჰქონდა, როგორც ხაშურის რაიონულ სასამართლოს, ასევე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატასაც (საჩივრის ფარგლებში). ამიტომ, ამ საკითხზე სააპელაციო სასამართლომ დადგინა, რომ ხელმეორედ ვეღარ იმსჯელებდა და ამ ნაწილში (ხაშურის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილების უზრუნველყოფის შესახებ მოთხოვნის ნაწილში) განცხადება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, განუხილველი დატოვა.
11. გარდა ამისა, სააპელაციო პალატამ ასევე, განცხადების შინაარსობრივ მხარეზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, განმცხადებელი გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, მოითხოვდა მოპასუხის საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადებას. საქართველოს კონსტიტუციის 85-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. შესაბამისად, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას სასამართლომ უნდა უზრუნველყოს მოდავე მხარეთა ინტერესებს შორის ბალანსის დაცვა. სასამართლოს აზრით, ყადაღის დადება მოპასუხის ფულად სახსრებზე გარდა მოპასუხისა, იმავდროულად ეხება მესამე პირთა (მოპასუხის სხვა კრედიტორთა) უფლებებსა და ინტერესებს. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ყადაღის გამოყენებამ მოპასუხის ფულად სახსრებზე, როდესაც მოპასუხე იურიდიული პირია, შეიძლება გამოიწვიოს მოპასუხის სხვა კრედიტორების წინაშე შესასრულებელი გადაუდებელი ვალდებულებების შესრულების შეუძლებლობა. აღნიშნულს კი, შეიძლება შედეგად მოჰყვეს ახალი დავები, რამაც კონკრეტული ორგანიზაცია, შესაძლოა, გადახდისუუნარობამდე მიიყვანოს. პალატამ ასევე განმარტა, რომ ყადაღის დადება ფულად სახსრებზე, მეწარმე სუბიექტისთვის სარჩელის უზრუნველყოფის ყველაზე მძიმე ღონისძიებაა, რამდენადაც შეიცავს მისი საქმიანობის პარალიზების რეალურ საფრთხეს. ამიტომ, იურიდიული პირის საბანკო ანგარიშების დაყადაღება უნდა განხორციელდეს გამონაკლის და უკიდურეს შემთხვევებში, როდესაც აშკარაა, რომ აღნიშნულის გარეშე შეუძლებელია გადაწყვეტილების აღსრულება. ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში ასეთი გადაუდებელი საჭიროება არ იკვეთებოდა, ამიტომ განმცხადებლის მოთხოვნა ამ ნაწილშიც არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის გამო და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
12. საკასაციო სასამართლო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი, დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:
13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე და 372-ე მუხლების თანახმად, საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებისათვის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი საქმის განხილვის წესებით, თუ აღნიშნული წესები საკასაციო პალატისათვის განსაზღვრულ სპეციალურ ნორმებს არ ეწინააღმდეგება.
14. ამავე კოდექსის 271-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია, უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად. დასახელებული მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მისი მოგვარების ფარგლებშია გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის საკითხის გამორკვევაც, ამავდროულად, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საკითხის გადაწყვეტა დამოკიდებულია მხარის მიერ იმ შესაძლო რისკის გონივრულ დასაბუთებაზე, ამ ღონისძიების გაუტარებლობა, თუ რამდენად შეუშლის ხელს მართლმსაჯულების მიზნების განხორციელებას - საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების შემდგომ აღსრულებას. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლის სიტყვასიტყვითი ანალიზით ირკვევა კანონმდებლის ნება - უზრუნველყოფილ იქნეს გადაწყვეტილება, რომელიც დაუყოვნებლივ აღსასრულებლად არ არის მიქცეული, ანუ შესაბამისი წინაპირობების არსებობისას, დასაშვებია ნებისმიერი გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა, გამონაკლისია მხოლოდ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცეული გადაწყვეტილება. კანონის ამგვარი განმარტება დასახელებული ნორმის მიზნებიდან გამომდინარეობს, რამდენადაც სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი მართლწესრიგის აღსრულებამდე, სავალდებულოა კრედიტორის ინტერესების გონივრულ ფარგლებში დაცვა, რათა სამართალწარმოება ფორმალური არ გახდეს (შეადრ. სუსგ. №ას-69-63-2015, 19.03.2015წ; №ას-1249-2018, 30.11.2018წ.; Nას-1302-2019, 26 დეკემბერი, 2019).
15. გამომდინარე იქიდან, რომ განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატის განხილვის საგანია გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მოთხოვნით წარდგენილი განცხადების ნაწილობრივ განუხილველად დატოვების და ნაწილობრივ დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მართლზომიერება, ამიტომ, საკასაციო პალატამ უნდა იხელმძღვანელოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე, 198-ე და 271-ე მუხლებით.
16. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სარჩელის (გადაწყვეტილების აღსრულების) უზრუნველყოფის ღონისძიების მიზნებს ადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლი (მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურებისდაკისრებით). სარჩელის (გადაწყვეტილების აღსრულების) უზრუნველყოფა წარმოადგენს მიზნის მიღწევის დროებით და ეფექტურ საშუალებას, რომელიც რეალიზებული უფლების აღსრულების ხელშეწყობას ემსახურება და უნდა არსებობდეს მანამ, ვიდრე არსებობს მართლმსაჯულების ინტერესის დაცვის კრიტიკული აუცილებლობა (იხ. სუსგ. საქმეზე Nას-1215-2019, 31.01.2020წ.).
17. ამდენად, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელეს, საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით, მოითხოვოს ჯერ კიდევ აღუსრულებელი გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. იმ ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებისა და მათი დამტკიცების ტვირთი, რომლებიც ადასტურებენ ვარაუდს უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარების აუცილებლობის შესახებ, ეკისრება განმცხადებელს. სწორედ განმცხადებელმა უნდა შეუქმნას სასამართლოს კონკრეტული უზრუნველყოფის ღონისძიების გატარების/უზრუნველყოფის ღონისძიების მოცულობის (ანუ, მოპასუხის შეზღუდვის ფარგლები) აუცილებლობის რწმენა, ვარაუდი. ცხადია, ასეთ შემთხვევაში, საკმარისია მარტოოდენ გადაწყვეტილების აღსრულების ხელისშემშლელ გარემოებებზე მითითება და სავალდებულო არ არის მათი დადასტურება რაიმე მტკიცებულებებით, რამდენადაც გადაწყვეტილების აღსრულების პროცესი, ჯერ კიდევ, არ მიმდინარეობს. სასამართლოს დასარწმუნებლად კი, საკმარისია მხოლოდ ალბათობის მაღალი ხარისხით იმ გარემოებების არსებობის ვარაუდი, რომელსაც ემყარება მოსარჩელის მოთხოვნა გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის გამოყენების აუცილებლობის შესახებ, კერძოდ, ასეთი გარემოებების არსებობის ალბათობა უნდა გადასწონიდეს ვარაუდს მისი არარსებობის შესახებ (იხ. სუსგ. 2021 წლის 16 ივლისის განჩინება საქმეზე №ას-722-2021).
18. იმავდროულად, ზემოაღნიშნული საკითხების დამაჯერებლად დამტკიცება მნიშვნელოვანია, რამდენადაც მსგავსი სახის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას.
19. შესაბამისად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, გადაწყვეტილების უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების თუნდაც, კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გატარების გარეშე, ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმეზე განპირობებული იურიდიული შედეგის – სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება.
20. ამდენად, თუკი განცხადება ემყარება საკუთრების რაიმე ფორმით შეზღუდვას (ყადაღის დადება, იპოთეკით დატვირთვის აკრძალვა და ა.შ.), ასეთი შეზღუდვა უნდა განხორციელდეს მხარის ინტერესთა შორის სამართლიანი ბალანსისა და პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით. კერძოდ, საკუთრების უფლებაში ჩარევა უნდა პასუხობდეს დასახულ მიზანს და მხოლოდ იმ ფარგლებში ზღუდავდეს მესაკუთრის უფლებებს, რამდენადაც ეს აუცილებელია ამ მიზნის მისაღწევად. „უზრუნველყოფის ღონისძიების სახით საკუთრების შეზღუდვის გამართლება უნდა მოხდეს თანაზომიერების პრინციპის გამოყენებით - სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის საჯარო მიზნისა და საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული კერძო ინტერესების ურთიერთშეჯერების საფუძველზე (შეადრ: სუსგ. 2015 წლის 25 ნოემბრის განჩინება საქმეზე №ას-1165-1095-2015).
21. ნიშანდობლივია აღინიშნოს, რომ მართლმსაჯულების სისტემის ეფექტურობა სამართლებრივი წესრიგის განმტკიცებასა და სამართლებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ფუნდამენტური წინაპირობაა. მართლმსაჯულების ეფექტურობა დამოუკიდებელ, მიუკერძოებელ, სამართლიან და დროულ სამართალწარმოებაში პოვებს გამოხატულებას (იხ. შ.შმიტი, ჰ.რიჰტერი, მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესი სამოქალაქო სამართალში, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), 2013, 3.). როგორი სწრაფიც არ უნდა იყოს მართლმსაჯულება, როგორი სამართლიანი და კანონიერიც არ უნდა იყოს სასამართლო გადაწყვეტილება, მართლმსაჯულების მიზნები და ამოცანები განუხორციელებელი რჩება, თუ გადაწყვეტილება არ აღსრულდება (იხ. სუსგ. 2021 წლის 04 ნოემბრის განჩინება საქმეზე №ას-719-2021).
22. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავის არაერთ გადაწყვეტილებაში ხაზს უსვამს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მნიშვნელობას და განმარტავს, რომ „სასამართლოსათვის სარჩელის წარდგენის უფლება არ არის თეორიული უფლება და არ უზრუნველყოფს მხოლოდ უფლების აღიარებას საბოლოო გადაწყვეტილების მეშვეობით, არამედ ასევე შეიცავს ლეგიტიმურ მოლოდინს იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილება აღსრულდება“ (იხ., „აპოსტოლი საქართველოს წინააღმდეგ“, განაცხადი №40765/02; Burdov v. Russia, no. 59498/00, §34, ECHR 2002-III; Hornsby v. Greece, judgment of 19 March 1997, Reports of Judgments and Decisions 1997-II, p. 510, §40 Hornsby; Mutishev and Others v. Bulgaria, 18967/03, §129, 3 December 2009; Antonetto v. Italy, no. 15918/89, §28, 20 July 2000).“
23. შესაბამისად, უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანს წარმოადგენს გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილება, მოპასუხისათვის თავისი ქონების განკარგვის უფლების შეზღუდვის თუ კანონით გათვალისწინებული უზრუნველყოფის სხვა საშუალებების გამოყენების გზით (იხ., თ.ლილუაშვილი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი (მეორე გამოცემა), თბ., 2005, 299.).
24. ამასთან, კანონი ყოველთვის არ იძლევა იმის საშუალებას, მოსამართლემ შეძლოს ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც დაცული იქნება ორივე მხარის, როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის ინტერესები [თანაზომიერების პრინციპი], მოსარჩელის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიება ამ მოთხოვნის (სარჩელის საგნის) პროპორციული (ადეკვატური) უნდა იყოს და აშკარა შეუსაბამობა არ იკვეთებოდეს. სწორედ ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ სარჩელის/გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ინტიტუტის მიზანია მოსარჩელის/მოგებული მხარის მატერიალური უფლების რეალური განხორციელებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, თუმცა, მხარეთა თანასწორობის პრინციპიდან გამომდინარე, დაცული უნდა იქნეს მეორე მხარის ინტერესებიც - ე.წ „სამართლიანი ბალანსი“ მოსარჩელის უფლებასა (უზრუნველყოს სასამართლო წესით სამომავლოდ დადასტურებული უფლების რეალიზაცია) და მოპასუხის ინტერესს (უზრუნველყოფის ღონისძიებამ გაუმართლებლად არ ხელყოს მისი, როგორ მოპასუხის უფლებები) შორის (იხ. სუსგ. 2021 წლის 04 ნოემბრის განჩინება საქმეზე №ას-719-2021).
25. აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საკითხს იმის შესახებ, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიება უნდა იქნეს გამოყენებული, წყვეტს სასამართლო მოსარჩელის განცხადების შესაბამისად.
26. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქმეზე ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 30 აპრილის განჩინებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „ს.შ.ქ–ის“ მოთხოვნა. სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო მოპასუხე შპს „ჩ.რ. ?-ე ბ.ჯ–ის მუდმივმოქმედი ფილიალის“ ბალანსზე რიცხულ უძრავ ქონებებს, მდებარე ხაშურის რაიონის სოფელ ........ (ს/კ ....) და ხარაგაულის რაიონის სოფელ ........ (ს/კ .....). დანარჩენ ნაწილში (საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადებაზე) მოსარჩელეს ეთქვა უარი. აღნიშნული განჩინება, მოსარჩელეს არ გაუსაჩივრებია მაშასადამე, იგი დაეთანხმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 აპრილის, განჩინების დასაბუთებას.
27. მოგვიანებით, კერძოდ, 2020 წლის 06 ივლისს, ხაშურის რაიონულ სასამართლოს განცხადებით მიმართა შპს „ს.შ.ქ–ის“ წარმომადგენელმა გ.ხ–მა და მოითხოვა გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების სახით, ყადაღის დადება შპს „ჩ.რ. ?-ე ბ.ჯ–ის“ საბანკო ანგარიშებზე არსებულ ფულად სახსრებზე 211 927.15 აშშ დოლარისა და 4 000 აშშ დოლარის (როგორც დოლარის, ასევე ლარის ანგარიშებს) ფარგლებში. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 07 ივლისის განჩინებით, განმცხადებელს უარი ეთქვა გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე. აღნიშნული განჩინებაზე 2020 წლის 13 ივლისს, იმავე მხარემ საჩივარი წარადგინა და მოითხოვა გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ განჩინების გაუქმება. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 27 ივლისის განჩინებით, საჩივარი ხაშურის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 07 ივლისის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად, განჩინების მიღებიდან 5 დღის განმავლობაში, გადაეგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 13 ივლისის განჩინებით, შპს „ს.შ.ქ–ის“ საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 07 ივლისის განჩინება გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ.
28. 2021 წლის 17 ნოემბერს კი, მას შემდეგ რაც 2021 წლის 16 ნოემბერს, სააპელაციო პალატამ ძალაში დატოვა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 22 ივნისის შემაჯამებელი გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას კვლავ მიმართა შპს „ს.შ.ქ–ის“ წარმომადგენელმა გ.ხ–მა, რომელმაც მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ნოემბრის განჩინებისა და ხაშურის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილების უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დასდებოდა შპს „ჩ.რ. ?-ე ბ.ჯ–ის მუდმივმოქმედი ფილიალის“ სხვადასხვა საბანკო დაწესებულებებში საბანკო ანგარიშებზე არსებულ ფულად სახსრებს 211 927,15 აშშ დოლარისა და 4000 აშშ დოლარის (როგორც დოლარის, ასევე ლარის ანგარიშებს) და 5000 ლარის (სახელმწიფო ბაჟი) ფარგლებში.
29. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 94-ე მუხლის მე-5 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფაზე უარის თქმაზე. სასამართლოსათვის იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით ხელმეორედ მიმართვის შემთხვევაში მიიღება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება, რაც გასაჩივრდება საჩივრით.
30. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონის ზემოაღნიშნული ნორმა კრძალავს სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე სასამართლოსათვის განმეორებით მიმართვის შესაძლებლობას, თუ პირველად მიმართვისას, სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე განცხადება არ დაკმაყოფილდა და, ამასთან, მოთხოვნილია იმავე სახის უზრუნველყოფის ღონისძიება იმავე საფუძვლით.
31. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 194-ე მუხლის მე-5 ნაწილი იმგავარად განიმარტება, რომ მასში გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფაც იგულისხმება, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლი, რომელიც უფლებას ანიჭებს ეროვნულ სასამართლოს, უზრუნველყოს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა, მიუთითებს გადაწყვეტილების აღსრულებისას სარჩელის უზრუნველყოფის ნორმების გამოყენებაზე (იხ. სუსგ. 2021 წლის 28 ივნისის განჩინება საქმეზე №ას-618-2020).
32. განსახილველ შემთხვევაში, საქმის გარემოებების შესწავლის შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განმცხადებელს დამატებითი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გზით, სურს იმ შედეგის მიღწევა რაც ქვემდგომი სასამართლოების მიერ უკვე შეფასებულია და შესულია კანონიერ ძალაში, შესაბამისად, არ არსებობდა განცხადების მიღებისა და მისი შინაარსობრივი საფუძვლიანობის შესწავლის პროცესუალური წინაპირობები. კერძოდ, განმცხადებლის მოთხოვნაზე უკვე ნამსჯელია, როგორც პირველი ინსტანციის ასევე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს (თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 13 ივლისის განჩინება და ხაშურის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 07 ივლისის განჩინება) მიერ. ამასთან, მოპასუხის მიერ პირველ და მეორე ინსტანციის სასამართლოებში წარდგენილი შუამდგომლობების, როგორც მოთხოვნის შინაარსი, ასევე - მისი საფუძვლები იდენტურია. ორივე შემთხვევაში, უზრუნველყოფის ღონისძიების ობიექტი/საგანი იყო ერთი და იგივე - მოპასუხის საბანკო ანგარიშებზე განთავსებული ფულადი სახსრები. ამასთან, ყველა შემთხვევაში, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საფუძველია 2020 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა (მიუხედავად იმისა, რომ 2021 წლის 16 ნოემბრის განცხადებით მხარე ასევე მოითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 16 ნოემბრის განჩინების უზრუნველყოფასაც).
33. საბოლოოდ, ზემოაღნიშნული მსჯელობისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას იმის თაობაზე, რომ ამ ნაწილში არსებობდა განცხადების განუხილველად დატოვების საფუძველი.
34. გარდა ამისა, საკითხის სრულად ამოწურვის მიზნით, საკასაციო პალატა ასევე ყურადღებას მიაპყრობს სააპელაციო პალატის 2021 წლის 18 ნოემბრისა და 2021 წლის 27 დეკემბრის განჩინებებში, მოყვანილ მსჯელობას უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შეუძლებლობის შინაარსობრივ მხარესთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ ამ ნაწილშიც სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომლითაც გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების სახით სამეწარმეო სუბიექტის საბანკო ანგარიშებზე განთავსებული ფულადი სახსრების დაყადაღება გაუმართლებელად იქნა მიჩნეული.
35. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ არაერთ განჩინებაშია განმარტებული, რომ მეწარმე სუბიექტის საბანკო ანგარიშების დაყადაღებას განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მიუდგეს სასამართლო, რამდენადაც პრეზუმირებულია, რომ ეკონომიკურ მოგებაზე ორიენტირებული იურიდიული პირი, სამეწარმეო თავისუფლების ფარგლებში, მისი საბანკო ანგარიშების დაყადაღებისას იზღუდება ისეთ ქმედებებში, რაც სასიცოცხლოდ აუცილებელია მისი ფუნქციონირებისათვის (მაგალითად, საკუთარ თანამშრომლებთან, სხვა კონტრაჰენტებთან არსებული ვალდებულებები და ა.შ.). საბანკო ანგარიშების დაყადაღებით, ფაქტობრივად შეუძლებელი ხდება ფულადი სახსრების განკარგვა, რაც მეწარმეობის ხელისშემშლელი გარემოებაა (იხ. სუსგ საქმე №ას-956-921-2016, 2 ნოემბერი, 2016 წელი). ამდენად, მეწარმე სუბიექტის ანგარიშზე ყადაღის დადებისას სასამართლო უნდა დარწმუნდეს სარჩელის უზრუნველყოფის ამგვარი ღონისძიების საჭიროებასა და დასაბუთებულობაში.
36. შესაბამისად, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საბანკო ანგარიშების დაყადაღება წარმოადგენს უზრუნველყოფის უკიდურეს სახეს, რომელიც მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გამოიყენოს სასამართლომ, როდესაც მოპასუხის სახელზე რაიმე ქონების მოძიება ვერ ხერხდება. მოსარჩელისა და მოპასუხის უფლებების თანაზომიერად დაცვის მიზნით, მოსარჩელემ ყველა ზომა უნდა მიიღოს მოპასუხის ქონების მოსაძიებლად, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ასეთი მოძიებულ ვერ იქნა, სწორედ ასეთ ვითარებაში შეიძლება დადგეს მეწარმე სუბიექტის ანგარიშზე არსებულ თანხაზე ყადაღის სახით უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა.
37. ამასთან, პალატა მიიჩნევს, რომ დაუსაბუთებელია 2021 წლის 17 ნოემბერს, შპს „ს.შ.ქ–ის“ წარმომადგენლის - გ.ხ–ის მიერ დაყენებული ის მოთხოვნაც, რომელიც გადაწყვეტილების უზრუნველყოფის გამოყენების ფარგლებში, დაკმაყოფილებული ძირითადი მოთხოვნის აღსრულების უზრუნველყოფის გარდა ასევე, მოიაზრებდა 5000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის აღსრულების უზრუნველყოფასაც. ამ მიმართებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სარჩელის (გადაწყვეტილების აღსრულების) უზრუნველყოფის ღონისძიება არ წარმოადგენს დავის საგნის გარდა სხვა მოთხოვნათა, მათ შორის, სახელმწიფო ბაჟისა და იძულებითი აღსრულებისათვის გასაწევი ხარჯების ანაზღაურების უზრუნველყოფის საშუალებას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველ ნაწილი განიმარტება იმგვარად, რომ სარჩელის (გადაწყვეტილების აღსრულების) უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენებით ხდება უშუალოდ დავის საგნის დაცვა და არა მასთან დაკავშირებული დამატებითი ხარჯების გადახდევინების გარანტირება (იხ. სუსგ. Nას-849-2022, 2022 წელი 22 ნოემბერი).
38. რაც შეეხება განმცხადებლის მითითებას იმაზე, რომ მიუხედავად გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიებებისა მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება დარჩეს აღუსრულებელი, ვინაიდან უზრუნველყოფის სახით გამოყენებულ უძრავ ქონებებზე (სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო მოპასუხე შპს „ჩ.რ. ?-ე ბ.ჯ–ის მუდმივმოქმედი ფილიალის“ ბალანსზე რიცხულ უძრავ ქონებებს, მდებარე ხაშურის რაიონის სოფელ ........ (ს/კ .....) და ხარაგაულის რაიონის სოფელ ........ (ს/კ ......). დანარჩენ ნაწილში (საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადებაზე) მოსარჩელეს ეთქვა უარი) არსებობს არაერთი ყადაღა და უფლებრივი დატვირთვა, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის განმარტებას, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი განცხადება არ შეიცავს საკმარის დასაბუთებას იმ ვარაუდის დაშვებისათვის, რომ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობის შემთხვევაში, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება გართულდება ან შეუძლებელი გახდება, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც მოძიებულია მოპასუხის სახელზე რიცხული უძრავი ქონებები და ისინი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შედეგად, დაყადაღებულია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინებები უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 1971-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 419-ე, 420-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ს.შ.ქ–ის“ საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელი დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ნოემბრისა და იმავე სასამართლოს 2021 წლის 21 დეკემბრის განჩინებები;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე