საქმე №ას-93-2023
28 აპრილი 2023 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - გ.ნ–ძე, დ.გ–-ზ–ვი, ნ.ხ–ი (მოსარჩელეები)
მოწინააღმდეგე მხარე - ზ.ჭ–ძე, ო.ს–ი, ნ.გ–ი, ა.ო–ძე, ლ.წ–ი (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 დეკემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორი მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი - გარიგების ბათილად ცნობა, უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. გ.ნ–ძემ, დ.გ–-ზ–ვმა და ნ.ხ–მა თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრეს ზ.ჭ–ძის, ო.ს–ის, ნ.გ–ის, ა.ო–ძის და ლ.წ–ის მიმართ, რომლთაც მოითხოვეს გარიგების ბათილად ცნობა და ქონების საკუთრებაში გადაცემა.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით, გ.ნ–ძის, დ.გ-ზ–ვის და ნ.ხ–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ზემოაღნიშნული განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 28 დეკემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი იმ მოტივით რომ არ იქნა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. კერძოდ, სასამართლომ განმარტა, რომ - საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა სააპელაციო საჩივრისათვის შეადგენს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 150 ლარს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ბ.ა) ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში ფიზიკური პირისათვის არ უნდა აღემატებოდეს - 5000 ლარს. - საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი განისაზღვრება ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელისა – გადასახდელი თანხით.
4. პალატის განმარტებით, განსახილველ დავაში, სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს: ბათილად იქნეს ცნობილი 2019 წლის 20 თებერვალს ზ.ჭ–ძეს, ო.ს–ს, ნ.გ–ს და ა.ო–ძეს შორის დადებული შეთანხმება ფართების განაწილების შესახებ, ასევე, ზ.ჭ–ძეს, ო.ს–ს, ნ.გ–ს და ა.ო–ძეს შორის დადებული 2019 წლის 12 მარტის შეთანხმება (საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ დამოწმების თარიღი: 13/03/2012) ზ.ჭ–ძისთვის 108 კვადრატული მეტრის (ამჟამინდელი ს/კ ........); 68.5 კვადრატული მეტრის (ამჟამინდელი ს/კ ........), 68.5. კვადრატული მეტრის (ამჟამინდელი ს/კ ........) გადაცემის ნაწილში, ბათილად იქნეს ცნობილი ლ.წ–სა და ზ.ჭ–ძეს შორის 10.03.2020 წელს გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება და ქალაქი თბილისი, ......., მე-6 სართულის 68.5. კვადრატული მეტრი (ს/კ .........) ბინა N15 დარეგისტრირდეს დ.გ-ზ–ვის საკუთრებად.
5. სააპელაციო პალატის მითითებით, საქმის მასალებით დადგენილია, რომ ერთი წარმოების ფარგლებში გადასაწყვეტი იყო სამი მოსარჩელის მიერ ხუთი მოპასუხის მიმართ წარდგენილი ინდივიდუალური მოთხოვნები (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 182-ე მუხლი). ამასთან, სადავო არ იყო, რომ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება გასაჩივრებულია სრულად, რაც ნიშნავს იმას, რომ სასამართლოს, სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, გადაწყვეტილება უნდა შეემოწმებინა გ.ნ–ძის, დ.გ-ზ–ვის და ნ.ხ–ის ნაწილში ინდივიდუალურად. შესაბამისად, სააპელაციო პალატის აზრით, სააპელაციო საჩივარი მიმართული იყო სამ დამოუკიდებელ დავის საგანზე, რის გამოც სახელმწიფო ბაჟიც აპელანტებს უნდა გადაეხადათ ცალ-ცალკე.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 28 დეკემბრის განჩინებაზე, კერძო საჩივარი შეიტანეს მოსარჩელეებმა და მისი გაუქმება მოითხოვეს. კერძო საჩივრის ავტორები აცხადებენ, რომ სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის გამოსწორებასთან დაკავშირებულ მთავარ პრობლემას წარმოადგენს სახელმწიფო ბაჟის ოდენობის არასწორი განსაზღვრა. კერძოდ, სასამართლოს მიერ გ.ნ–ძეს, დ.გ-ზ–ვს და ნ.ხ–ს დაევალათ 15 000 ლარის გადახდა (თითოეულს 5 000 ლარი), მაშინ როდესაც სამოქალაქო კოდექსის 39-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 5 000 ლარს. კერძო საჩივრის ავტორები განმარტავენ, რომ მათი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, მცდელობის მიუხედავად, ასეთი სოლიდური თანხის შეგროვება ვერ შეძლეს, რაც რეალურად ხდება მათი უფლების სასამართლო წესით, დაცვის განუხორციელებლობის წინაპირობა.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 07 თებერვლის განჩინებით, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
8. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ გ.ნ–ძის, დ.გ-ზ–ვისა და ნ.ხ–ის (მოსარჩელეები) კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. იმავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
11. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
12. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია სააპელაციო საჩივარზე აპელანტების მიერ სახელმწიფო ბაჟის თანხის 15 000 ლარის გადაუხდელობის გამო, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერება. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით, საპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად განისაზღვრა ვადა და კანონით დადგენილი წესით განიმარტა ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ (იხ. ტომი II, ს.ფ. 145-149). ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის დაცვით, 2022 წლის 15 ნოემბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა აპელანტების გ.ნ–ძის, დ.გ-ზ–ვის და ნ.ხ–ის წარმომადგენელმა ა.მ–ძემ და სახელმწიფო ბაჟის სიდიდის გათვალისწინებით მოითხოვა ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელება 14 დღით (იხ. ტომი II, ს.ფ. 155-156). თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 ნოემბრის განჩინებით, აპელანტების წარმომადგენლის ა.მ–ძის შუამდგომლობა ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ დაკმაყოფილდა და მათ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა, გაუგრძელდათ 14 დღით (იხ. ტომი II, ს.ფ. 160-162). სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში აპელანტებს ხარვეზი არ აღმოუფხვრიათ რის გამოც, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 დეკემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი (იხ. ტომი II, ს.ფ. 165-168).
13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამ ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი მოქმედების შესრულების უფლებას.
14. ამრიგად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კერძო საჩივრის ავტორებს სააპელაციო პალატის მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზი სრულად არ გამოუსწორებიათ და არც შესაბამისი შუამდგომლობით მიუმართავთ სასამართლოსთვის, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები ამ ნაწილში არ არსებობს (შდრ. სუსგ-ები: Nას-884-824-2017, 2017 წლის 12 სექტემბრის განჩინება; Nას-558-533-2016, 2016 წლის 15 ივლისის განჩინება; # ას-521-498-2016, 2016 წლის 12 ივლისის განჩინება; Nას-861-811-2015, 2016 წლის 31 მარტის განჩინება).
15. კერძო საჩივრის ავტორები დავობენ, რომ სახეზე არ იყო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი, ვინაიდან ბაჟის ოდენობის განსაზღვრა მოხდა არასწორად. სახელდობრ, ნაცვლად კანონით დადგენილი 5000 ლარიანი ბაჟის ზედა ზღვარისა, აპელანტებს დაევალათ 15000 ლარის (თითოეულს 5000) ლარის გადახდის ვალდებულება, რაც გაუმართლებლად ხელყოფს მათი სასამართლოს წესით უფლების დაცვის შესაძლებლობას (იხ. ტომი II, ს.ფ. 172-174).
16. საკასაციო პალატა ამ მიმართებით ყურადღებას ამახვილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტზე, რომლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა სააპელაციო საჩივრისათვის შეადგენს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 150 ლარს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ბ.ა) ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში ფიზიკური პირისათვის არ უნდა აღემატებოდეს - 5000 ლარს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 40-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, თუ ერთ სარჩელში რამდენიმე სხვადასხვა მოთხოვნაა ჩამოყალიბებული, მაშინ ეს მოთხოვნები უნდა შეჯამდეს და ამის შემდეგ განისაზღვროს სადავო საგნის ღირებულება.
17. საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებულ განჩინებაში მოყვანილ მსჯელობას მასზედ, რომ ერთი წარმოების ფარგლებში გადასაწყვეტია სამი მოსარჩელის მიერ ხუთი მოპასუხის მიმართ წარდგენილი ინდივიდუალური მოთხოვნები, რაც ბაჟის განსაზღვრის დროს, ექცევა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-40 მუხლით მოსაწესრიგებელ ფარგლებში. კერძოდ: მოსარჩელეებს სასამართლოში დაყენებული აქვთ (პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სრულად გასაჩივრების ფარგლებში) შემდეგი სახის მოთხოვნები: 1.1. ბათილად იქნეს ცნობილი 2019 წლის 20 თებერვალს ზ.ჭ–ძეს, ო.ს–ს, ნ.გ–ს და ა.ო–ძეს შორის დადებული შეთანხმება ფართების განაწილების შესახებ, ასევე, ზ.ჭ–ძეს, ო.ს–ს, ნ.გ–ს და ა.ო–ძეს შორის დადებული 2019 წლის 12 მარტის შეთანხმება (საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ დამოწმების თარიღი: 13/03/2012) ზ.ჭ–ძისთვის 108 კვადრატული მეტრის (ამჟამინდელი ს/კ ......); 68.5 კვადრატული მეტრის (ამჟამინდელი ს/კ ......), 68.5. კვადრატული მეტრის (ამჟამინდელი ს/კ ..........) გადაცემის ნაწილში, ბათილად იქნეს ცნობილი ლ.წ–სა და ზ.ჭ–ძეს შორის 2020 წლის 10 მარტს გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება და ქალაქი თბილისი, ......., მე-6 სართულის 68.5. კვადრატული მეტრი (ს/კ .........) ბინა N15ადარეგისტრირდეს დ.გ-ზ–ვის საკუთრებად.
18. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სარჩელი აღძრულია სამ დამოუკიდებელ დავის საგანზე, სამი მოსარჩელის მიერ, ხუთი მოპასუხის მიმართ ცალ-ცალკე, შესაბამისად, მოთხოვნათა გაერთიანების არარსებობის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა ინდივიდუალური სარჩელების შეტანა, რომელთა დასაშვებობის წინაპირობები ცალ-ცალკე იქნებოდა შეფასებული. ზემოაღნიშნულის შესაბამისად, საკასაციო პალატის აზრით, იმის გათვალისწინებით, რომ აპელანტებს გააჩნდათ ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი მოთხოვნები, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-40 და 86-ე მუხლების შესაბამისად, მათ ცალ-ცალკე უნდა გადაეხადათ სახელმწიფო ბაჟი (თითოეულს 5000 ლარი, სულ 15 000 ლარი) და სააპელაციო სასამართლოსათვის წარედგინათ გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. ზემოაღნიშნულის შესაბამისად, ვინაიდან ხსენებული მოქმედებები აპელანტებს არ განუხორციელებიათ, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი მართებულად დარჩა განუხილველი (შდრ. იხ. სუსგ. საქმეებზე №ას-1116-1063-2014, 23 დეკემბერი, 2014 წელი, ას-1094-1358-09, 24 დეკემბერი, 2009 წელი, საქმე№ას-326-310-2013, 22 მაისი, 2014 წელი).
19. ამასთან, უსაფუძვლოა კერძო საჩივრის ავტორების აპელირება იმ გარემოებაზეც, რომლის თანახმად სააპელაციო სასამართლო გასცდა კანონით დადგენილი სახელმწიფო ბაჟის დადგენილ ზღვრულ ოდენობას - 5000 ლარს, როდესაც მათ გადასახდელად 15000 ლარი დააკისრა. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონმდებლობის ეს დანაწესი შეეხება სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ინდივიდუალური მოთხოვნის ფარგლებში აპელანტის მიერ გადასახდელი ბაჟის მაქსიმალურ ზღვრულ ოდენობას და არ აწესრიგებს ისეთ შემთხვევებს, როდესაც სააპელაციო საჩივარში/სარჩელში გაერთიანებულია ორი ან მეტი ინდივიდუალური მოთხოვნა. ამასთან, საგულისხმოა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 40-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით დადგენილი ინდივიდუალური მოთხოვნების შეჯამების შედეგად სადავო საგნის ღირებულების განსაზღვრის თაობაზე, კერძო საჩივრის ავტორისთვის ცნობილი იყო დავის სასამართლოში დაწყების დროიდან. რასაც ადასტურებს მოსარჩელეების მიერ, 2019 წლის 14 მაისს, აღძრულ სარჩელზე (სადაც თავად მოსარჩელის მიერ მითითებულია სარჩელის ფასი 775 613 ლარი) თანდართული 9000 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულებაც (იხ. ტომი I, ს.ფ. 12, 93-94).
20. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორების არგუმენტს იმასთან დაკავშირებით, რომ სააპელაციო საჩივრის განუხილველობამ გამოიწვია მათი კანონიერი უფლებების შელახვა, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი უზრუნველყოფს ყოველი ადამიანის უფლებას სასამართლო წესით დაიცვას თავისი უფლებები და მოვალეობები. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ სასამართლოსათვის მიმართვის უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას, შესაბამისად ევროპული სასამართლო „სასამართლო ხელმისაწვდომობაზე“ გარკვეული შეზღუდვების დაწესებას დასაშვებად მიიჩნევს. შეზღუდვები შეიძლება ატარებდეს ფინანსურ ხასიათს, რაც მხარისათვის ბაჟის დაკისრებაში გამოიხატება. სასამართლოს განმარტებით ბაჟის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს კონკრეტული საქმის გარემოებები, მხარის გადახდისუნარიანობა და სასამართლო სამართალწარმოების ეტაპი. სახელმწიფო ბაჟის საკითხთან დაკავშირებით ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ სასამართლო ხელმისაწვდომობაზე დაწესებული შეზღუდვა, მათ შორის ფინანსურიც, შესაძლებელია უფრო გამკაცრდეს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში, ეს შეზღუდვა კონვენციის საწინააღმდეგო ხასიათს იძენს, თუ აღნიშნული შეზღუდვის შედეგად სამართალწარმოება საერთოდ არ შედგა. თუ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმე უკვე არსებითად განხილულ იქნა, ხოლო ზემდგომმა სასამართლომ იგი დასაშვებობის პირობების დაუკმაყოფილებლობის გამო განუხილველად დატოვა, აღნიშნული არ შეიძლება ჩაითვალოს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული „სასამართლო ხელმისაწვდომობის“ უფლების ხელყოფად (გოლდერი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Golder v. the United Kingdom), ზეტი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Z and others v. the United Kingdom), მუტატის მუტანდის ირლანდიის წინააღმდეგ (mutatis mutandis v. Ireland), ბრუალა გომეს დე ლა ტორე ესპანეთის წინააღმდეგ (Brualla Gomez de la Torre v. Spain), ტოლსტოი-მილოსლავსკი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Tolstoy-Miloslavsky v. the United Kingdom, ასევე. იხ. სუსგ. საქმეზე №ას-485-2023, 20 აპრილი, 2023 წელი თბილისი, ასევე იხ. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 9 ოქტომბრის განჩინება Nას-1220-2018, http://library.court.ge/upload/64482012-07-05.pdf).
21. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გ.ნ–ძის, დ.გ–-ზ–ვისა და ნ.ხ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე