Facebook Twitter

საქმე №ას-805-2022

24 ოქტომბერი 2022 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) – ნ.ფ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხეები)– ნ.ნ–ია, ე.პ–ია

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 27 მაისისა და 20 ივნისის გაჩინებები

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ნ.ფ–ძემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - ნ.ნ–იას, გ.ტ–ძის და ე.პ–იას მიმართ, და მოითხოვა: 1. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მიყენებული მატერიალური ზიანის - 500 ლარის ანაზღაურება; 2. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მიყენებული მატერიალური ზიანის - 7 400 ლარის ანაზღაურება; 3. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მორალური ზიანის - 2 600 ლარის ანაზღაურება.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილებით, ნ.ფ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე ნ.ნ–იას მოსარჩელე ნ.ფ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის ანაზღაურების სახით, 7 400 ლარის გადახდა. ამავე გადაწყვეტილებით, მოსარჩელე ნ.ფ–ძის სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხეების გ.ტ–ძის და ე.პ–იას მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. ასევე, არ დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნები, მოპასუხეთათვის მატერიალური ზიანის ანაზღაურების სახით, 500 ლარის და მორალური ზიანის ანაზღაურების სახით, 2 600 ლარის გადახდის თაობაზე.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 იანვრის განჩინებით დაკმაყოფილდა ნ.ფ–ძის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ და ყადაღა დაედო მოპასუხე ნ.ნ–იას საკუთრებაში არსებულ ავტომობილს შემდეგი რეკვიზიტებით: მარკა - BMW, სანომრე ნიშნით: ....... ნ.ნ–იას მიმართ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, არ გაუქმებულა.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილებაზე, სააპელაციო საჩივარი შეიტანეს, ერთის მხრივ ნ.ნ–იამ, ხოლო, მეორეს მხრივ, - ნ.ფ–ძემ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვეს.

5. 2022 წლის 25 მაისს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას, განცხადებით მიმართა ნ.ფ–ძის წარმომადგენლმა დ.მ–ძემ და მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის შემდეგი ღონისძიებების გამოყენება, კერძოდ, 1. ყადაღა დაედოს ავტომობილს შემდეგი მონაცემებით: მარკა -BMW, სანომრე ნიშანი/სახელმწიფო რეგისტრაციის ნომერი: ......, გამოშვების წელი - 2017. 2. დაევალოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოს, წინამდებარე დავის და მის ფარგლებში წარმოებული სააღსრულებო წარმოების საბოლოოდ დასრულებამდე, დაარეგისტრიროს ყადაღა და დაცულ საჯარიმო ავტოსადგომზე გადაიყვანოს ავტომობილი შემდეგი მონაცემებით: მარკა-BMW, სანომრე ნიშანი/ სახელმწიფო რეგისტრაციის ნომერი: ...., გამოშვების წელი - 2017; 3. 7900 ლარის ფარგლებში ყადაღა დაედოს ნ.ნ–იას სახელზე საქართველოში რეგისტრირებულ ყველა კომერციული ბანკის საბანკო ანგარიშებზე არსებულ ფულად სახსრებს.

6. სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების საფუძვლად, განმცხადებელი მიუთითებს, რომ ნ.ნ–იას არ გააჩნია რეგისტრირებული ქონება და არც რაიმე სახის პირადი შემოსავალი, საიდანაც შესაძლებელი იქნებოდა მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილება. მოპასუხეები ყველა შესაძლო ხერხით მალავენ ნ.ნ–იას ქონებას, შესაბამისად, განმცხადებელს აუცილებლად მიაჩნია ნ.ნ–იას პირადი საბანკო ანგარიშების დაყადაღება. მისივე განმარტებით, სასარჩელო მოთხოვნა გარკვეულწილად სარჩელის ფასის შესაბამისია. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის ავტომობილის დაყადაღება და საჯარიმოზე გადაყვანა უზრუნველყოფს სასამართლოს მომავალი შესაძლო გადაწყვეტილების აღსრულებას, ვინაიდან მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს 7 900 ლარის გადახდა, ხოლო, ავტომობილის სავარაუდო ღირებულება უზრუნველყოფს სწორედ ამ თანხის ამოღებას.

7. განმცხადებელი აღნიშნავს, რომ დღეის მდგომარეობით, ავტომანქანა, მიუხედავად, ყადაღისა, არის გაყიდული. ხოლო, მოპასუხე ნ.ნ–ია, ამჯერად უფრო ძვირადღირებული ავტომობილის (მარკა - BMW, სანომრე ნიშნით: ......, გამოშვების წელი - 2017), მესაკუთრეა, რომლის დაყადაღებასაც მოსარჩელე მოითხოვს.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 27 მაისის განჩინებით, ნ.ფ–ძის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, არ დაკმაყოფილდა. პალატამ ყურადღება გაამახვილა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 იანვრის განჩინებაზე, რომლითაც ნ.ფ–ძის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე დაკმაყოფილდა და ყადაღა დაედო მოპასუხე ნ.ნ–იას საკუთრებაში არსებულ ავტომობილს შემდეგი რეკვიზიტებით; მარკა -BMW, სანომრე

ნიშანი: ..., როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა 2021 წლის 02 თებერვლის მდგომარეობით ავტოსატრანსპორტო საშუალება მარკა -BMW, სანომრე ნიშანი : ....... - ნ.ნ–იას სახელზე არ არის რეგისტრირებული. ამასთან, პალატამ აღნიშნა, რომ საქალაქო სასამართლოში წარდგენილ 2021 წლის 26 იანვრის შუამდგომლობაზე და სააპელაციო ინსტანციაში წარმოდგენილ დოკუმენტაციაზე განმცხადებელს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მოთხოვნილი უზრუნველყოფის საგნის მესაკუთრის შესახებ ინფორმაციას და არც სასამართლოსთვის მიუმართავს შუამდგომლობით, შსს მომსახურების სააგენტოდან ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე.

9. რაც შეეხება საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადების შესახებ მოთხოვნას, პალატამ მიიჩნია, რომ საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადება არის უზრუნველყოფის ღონისძიების უკიდურესი ზომა და სასამართლომ უნდა გამოიყენოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მიიღებს ყველა ზომას მოპასუხის ქონების მოსაძიებლად და მოპასუხეს, იმავდროულად არ აღმოაჩნდება სხვა ქონება. პალატამ აღნიშნა, რომ შუამდგომლობის ავტორის მიერ სასამართლოში წარდგენილი არ იქნა მოპასუხის ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტები.

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 27 მაისის განჩინებაზე საჩივარი წარადგინა ნ.ფ–ძემ, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და განცხადების დაკმაყოფილება მოითხოვა.

11. საჩივრის ავტორის მითითებით, გასაჩივრებულ განჩინებაში აღნიშნულია, რომ საქალაქო სასამართლოში წარდგენილ 2021 წლის 26 იანვრის შუამდგომლობაზე და სააპელაციო ინსტანციაში წარმოდგენილ დოკუმენტაციაზე, განმცხადებელს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომელიც დადასტურებდა მოთხოვნილი უზრუნველყოფის საგნის მესაკუთრის შესახებ ინფორმაციას და არც სასამართლოსთვის მიუმართავს შუამდგომლობით შსს მომსახურების სააგენტოდან ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე. საჩივრის ავტორის განმარტებით, მესაკუთრის შესახებ ინფორმაცია ვერ იქნებოდა წარდგენილი, ვინაიდან, აღნიშნულის საშუალება ფაქტობრივად გამორიცხულია კანონმდებლობით. მომსახურების სააგენტოს მიერ არ ხდება მესამე პირზე ავტომობილის მესაკუთრის შესახებ ინფორმაციის გაცემა. რაც შეეხება შუამდგომლობის დაყენებას აღნიშნული ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ, საჩივრის ავტორის განმარტებით, მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციის ფაქტი, არ არის გადამწყვეტი მოძრავ ქონებაზე (ავტომობილზე) საკუთრების უფლების დასადგენად.

12. ასევე, საჩივრის ავტორის მითითებით, სასამართლო გასაჩივრებულ განჩინებაში აღნიშნავს, რომ შუამდგომლობის ავტორის მიერ სასამართლოში წარდგენილი არ იქნა მოპასუხის ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტები. აღნიშნულთან მიმართებით, საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ თავად მოპასუხე ნ.ნ–ია ადასტურებს ზემოაღნიშნულ სადავო გარემოებას, შესაბამისად, არასწორია სასამართლოს დასკვნა, რომ არ არსებობს მოპასუხის საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადების საფუძველი იმ მოტივით, რომ განმაცხადებელმა ვერ წარმოადგინა მოპასუხის ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტები.

13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 20 ივნისის განჩინებით, ნ.ფ–ძის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 27 მაისის განჩინებაზე არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის გამო და საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

14. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საჩივრის საფუძვლების გამოკვლევისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს (კერძო საჩივარს, საჩივარს), თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

17. წინამდებარე საჩივრის ფარგლებში, საკასაციო პალატის მსჯელობის საკითხს წარმოადგენს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის კანონიერება.

18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება მოსამართლის ვარაუდს, რომ მხარის სასარჩელო მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს. ასეთი ვარაუდი გავლენას არ ახდენს სასამართლოს მიერ შემდგომი გადაწყვეტილების გამოტანაზე.

19.საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მიზნებს ადგენს რა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლი, იგი წარმოადგენს ამ მიზნის მიღწევის დროებით და ეფექტურ საშუალებას, რომელიც რეალიზებული უფლების აღსრულების ხელშეწყობას ემსახურება და უნდა არსებობდეს მანამ, ვიდრე არსებობს მართლმსაჯულების ინტერესის დაცვის კრიტიკული აუცილებლობა, თუმცა, ვინაიდან უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება მოთხოვნის წარმატებულობის ვარაუდს, ბუნებრივია, არსებობს მისი გაუქმებისა თუ შეცვლის დიდი შესაძლებლობაც. ასეთ პირობებში კი, მხარეთა ინტერესებს შორის გონივრული წონასწორობის დაცვის საჭიროება თავად განსახილველი ნორმიდან გამომდინარეობს, კერძოდ, სასამართლო, რომელიც დაადგენს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობას, ვალდებულია შეაფასოს უზრუნველყოფის გამოყენებული საშუალების მასშტაბებიც და დაიცვას თანაზომიერება მხარეთა ინტერესებს შორის.

20. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა ჩამონათვალს, ამასთან, ნორმის პირველი ნაწილის მიხედვით, უზრუნველყოფის ზომის გამოყენების საკითხს წყვეტს სასამართლო განმცხადებლის მითითების შესაბამისად. სასამართლო, ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობისა და მხარეთა ინტერესების დაბალანსების გზითაა ვალდებული, განსაზღვროს თუ რომელი ზომა უნდა იქნეს გამოყენებული კონკრეტულ შემთხვევაში. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-3 ნაწილი დასაშვებად მიიჩნევს უზრუნველყოფის რამდენიმე ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობასაც. (სასკ-ის 198 მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია გამოიყენოს სხვა ღონისძიებებიც. თუ ეს აუცილებელია სარჩელის უზრუნველყოფისათვის. აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება დაშვებული იქნეს სარჩელის უზრუნველყოფის რამდენიმე სახე).

21. პალატა ასევე განმარტავს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მაქსიმალურად გათვალისწინებული უნდა იქნეს ორივე მხარის კანონიერი ინტერესი. დავის საგნის დაცვის აუცილებლობიდან გამომდინარე, რითაც ხდება მოსარჩელის კანონიერი ინტერესის რეალიზაცია და მისი სარჩელის უზრუნველყოფა, არ უნდა მოხდეს მოპასუხე მხარის კანონიერი ინტერესის უპირობო და ცალსახა შელახვა, არამედ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება უნდა განხორციელდეს მოპასუხე მხარის კანონიერი ინტერესის გონივრულ ფარგლებში შეზღუდვა-შევიწროებით და იმ ოდენობით, რაც აუცილებელია მოსარჩელის კანონიერი ინტერესის დაცულობისთვის. იმისათვის, რომ მოხდეს მხარეთა ინტერესების დაბალანსება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გამოირიცხოს არაადეკვატური, არათანაზომიერი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება.

22. საქმის მასალების თანახმად, ნ.ფ–ძის სასარჩელო მოთხოვნის უზრუნველსაყოფად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 იანვრის განჩინებით, დაკმაყოფილდა ნ.ფ–ძის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე და ყადაღა დაედო მოპასუხე ნ.ნ–იას საკუთრებაში არსებულ ავტომობილს შემდეგი რეკვიზიტებით; მარკა - BMW, სახელმწიფო ნომერი: ....., თუმცა, როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა 2021 წლის 02 თებერვლის მდგომარეობით, მითითებული ავტოსატრანსპორტო საშუალება ნ.ნ–იას სახელზე არ არის რეგისტრირებული. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ არ გაუქმებულა, აღნიშნული უზრუნველყოფა შენარჩუნებულია, თუმცა მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, ყადაღადადებული ავტომანქანა გაყიდულია.

23. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საქმის განხილვის ეტაპზე, მოსარჩელემ მოითხოვა ყადაღა დაედოს ავტომობილს შემდეგი მონაცემებით: მარკა -BMW, სანომრე ნიშანი/სახელმწიფო რეგისტრაციის ნომერი: ....., გამოშვების წელი - 2017, ამ კუთხით, პალატა მიუთითებს, საქმეში წარმოდგენილ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 04.07.2022წ. MIA 42201818331 წერილზე, რომლითაც ირკვევა, რომ ავტომობილის, მარკა -BMW, სანომრე ნიშანი/სახელმწიფო რეგისტრაციის ნომერი: ....., გამოშვების წელი - 2017, რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია მოძიებული ვერ იქნა.

24. საკასაციო სასამართლოს ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, სამოქალაქო კოდექსი, რომელიც მოძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენის წესს ადგენს, სატრანსპორტო საშუალებებზე საკუთრების შეძენისათვის სავალდებულოდ არ მიიჩნევს ამ მოძრავი ნივთების შემძენთა რეგისტრაციას სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში (იხ.სუსგ-ები: №ას-1363-1381-2011, 31.01.2012წ; №ას-971-912-2012, 26.07.2012წ; №ას-33-32-2014, 24.03.2014წ; №ას-658-625-2014,05.12.2014წ; №ას-1189-1119-2015, 23.03.2016წ.).

25. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სადავო გარემოებების მტკიცების გარკვეულ სტანდარტს. მოცემულ შემთხვევაში სადავო ავტომანქანაზე მოპასუხის საკუთრების უფლება კანონით განსაზღვრული წესით რეგისტრირებული არ არის, შესაბამისად, მხარისათვის მისი კუთვნილება წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე უნდა დადგინდეს. მოცემულ შემთხვევაში, საჩივრის ავტორი სარწმუნოდ ვერ ადასტურებს მოძრავ ქონებაზე (ავტომანქანაზე) მოწინააღმდეგე მხარის კუთვნილების (მფლობელობის) ფაქტს.

26. პალატა დამატებით, კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 იანვრის განჩინებით ყადაღა დაედო მოპასუხე ნ.ნ–იას საკუთრებაში არსებულ ავტომობილს შემდეგი რეკვიზიტებით; მარკა - BMW, სახელმწიფო ნომერი: ...... და დღეის მონაცემებით ყადაღა არ არის გაუქმებული.

27. საკასაციო პალატა, იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შეფასებებს იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადება არის უზრუნველყოფის ღონისძიების უკიდურესი ზომა და სასამართლომ უნდა გამოიყენოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მიიღებს ყველა ზომას მოპასუხის ქონების მოსაძიებლად და მოპასუხეს, იმავდროულად არ აღმოაჩნდება სხვა ქონება. საქმეში არ არის წარმოდგენილი მოპასუხის ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტები.

საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დაწესება წარმოადგენს ჩარევას ადამიანის ძირითადი უფლების კონსტიტუციით დაცულ სფეროში, ხოლო ამგვარი ჩარევა (შეზღუდვის) უნდა გამართლდეს თანაზომიერების პრინციპის გამოყენებით სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის საჯარო მიზნისა და საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული კერძო ინტერესის ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ფიზიკური პირებისთვის ანგარიშების განკარგვის აკრძალვა უკიდურესი ღონისძიებაა, ვინაიდან აღნიშნული მძიმე საპროცესო ტვირთია. აღნიშნული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება შეიძლება გამართლებულ იქნას მხოლოდ დადასტურებული უკიდურესი აუცილებლობის დროს.

28. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ მოპასუხეს შეიძლება გააჩნდეს სხვა მოძრავი ქონება, უფლებრივი სიკეთეები, ან და მოთხოვნის უფლება. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ გატარებული ღონისძიებები, მოპასუხის ქონების მოსაძიებლად საკმარისად ვერ ჩაითვლება.

29. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებებს საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, შესაბამისად, საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971-ე, 284-ე,285-ე, 299-ე,372-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ნ.ფ–ძის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელი დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 20 ივნისის განჩინება.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე