Facebook Twitter

საქმე №ა-1387-ა-5-2023 8 მაისი, 2023 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

განმცხადებელი – გ.ბ–ძე

გასაჩივრებული განჩინება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 მარტის განჩინება

განმცხადებლის მოთხოვნა – განჩინების განმარტება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. 2022 წლის 2 ნოემბერს გ.ბ–ძემ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა კერძო საჩივარი და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 20 ოქტომბრის განჩინების გაუქმება საქმეზე N2ბ/5552-21.

2. 2022 წლის 11 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოდან გამოთხოვილ იქნა სამოქალაქო საქმე N2ბ/5552-2021.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოდან 2023 წლის 12 იანვარს მიღებული წერილით დადასტურდა, რომ ზემოაღნიშნული საქმე გ.ბ–ძის კერძო საჩივრების განხილვის მიზნით გადმოგზავნილ იქნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

4. 2023 წლის 30 იანვარს გ.ბ–ძის კერძო საჩივრის განხილვის მიზნით საქმე დროებით გამოთხოვილ იქნა მოსამართლე ა. წ–გან, რომელიც გადაეცა მოსამართლე ნ. ბაქაქურს 2023 წლის 8 თებერვალს.

5. საქმის მასალების გაცნობის შედეგად დადასტურდა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას საქმეზე N2ბ/5552-21 2022 წლის 20 ოქტომბერს განჩინება არ მიუღია. საქმეში განთავსებული იყო 2022 წლის 28 თებერვლის განჩინება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, რომელიც საბოლოოა და არ საჩივრდება.

6. საქმეში ასევე განთავსებული იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 8 ნოემბრის განჩინებები ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების განუხილველად დატოვებისა და განჩინების განმარტებაზე უარის თქმის შესახებ.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 თებერვლის განჩინებით გ.ბ–ძის კერძო საჩივარი დარჩა განუხილველად.

8. საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა საკასაციო გასაჩივრების საგანი ვინაიდან მხარე მოითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 20 ოქტომბრის განჩინების გაუქმებას, აღნიშნული თარიღით კი სააპელაციო სასამართლოს განჩინება საერთოდ არ ჰქონდა მიღებული. ამასთან, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 თებერვლის განჩინება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ წარმოადგენდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 419-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ, ზემდგომი სასამართლოს განჩინებას, რომლის კანონიერების შემოწმების საკითხის განხილვაში ვერ შევა საკასაციო სასამართლო. შესაბამისად, აღნიშნული განჩინებაც არ იქნა მიჩნეული გასაჩივრების ობიექტად. რაც შეეხება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 8 ნოემბრის განჩინებებს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების განუხილველად დატოვებისა და განჩინების განმარტებაზე უარის თქმის შესახებ, არც აღნიშნული განჩინებები იქნა მიჩნეული გასაჩივრების ობიექტად იქედან გამომდინარე, რომ ისინი მიღებული იყო მას შემდეგ, რაც გ.ბ–ძემ კერძო საჩივრი წარადგინა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

9. 2023 წლის 20 მარტს საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა გ.ბ–ძემ და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 თებერვლის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 მარტის განჩინებით გ.ბ–ძის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 თებერვლის განჩინების გაუქმების და საქმის წარმოების განახლების შესახებ დარჩა განუხილველად.

11. საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა გ.ბ–ძემ და მოითხოვა ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 მარტის განჩინების განმარტება მისი ბუნდოვანების გამო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

12. საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს.

13. სსსკ-ის 262-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, განმარტებას გადაწყვეტილება ექვემდებარება მხოლოდ გადაწყვეტილებით დადგენილი ქცევის წესის შეუცვლელად და იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიცაა აღიარებული განსამარტი გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი შედეგი, ისე, რომ განმარტების გზით არ შეიძლება გადაწყვეტილება სხვა ფაქტობრივ-სამართლებრივ შედეგს დაექვემდებაროს.

14. განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 მარტის განჩინებით გ.ბ–ძის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 თებერვლის განჩინების გაუქმების და საქმის წარმოების განახლების შესახებ დარჩა განუხილველად. განმცხადებელი ითხოვდა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ზემოაღნიშნული განჩინების გაუქმებას და საქმის წარმოების განახლებას, თუმცა არ ჰქონდა მითითებული ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული რომელიმე საფუძველი. შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გ.ბ–ძის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 თებერვლის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ უსაფუძვლო იყო და დარჩა განუხილველი.

15. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 მარტის განჩინების სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბებულია ნათლად, არაორაზროვნად და გასაგებად, არ შეიცავს ბუნდოვან დებულებებს, რის გამოც მისი განმარტების სამართლებრივი წინაპირობა არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე, 284-ე, 399 და 372-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. გ.ბ–ძის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 მარტის განჩინების განმარტების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ნ. ბაქაქური