Facebook Twitter

საქმე №ას-338-2023 18 მაისი, 2023 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „გ–ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 იანვრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ (შემდგომში – „მოსარჩელე“, „აპელანტი“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „გ–ის“ (შემდგომში - „მოპასუხე“) მიმართ და მოითხოვა მისთვის პირგასამტეხლოს და ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიით გათვალისწინებული თანხის დაკისრება.

2. მოპასუხეს შესაგებელი არ წარუდგენია.

3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 09 დეკემბრის გადაწყვეტილება - დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფლდა ნაწილობრივ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის გადაცილებისთვის პირგასამტეხლოს გადახდა - 66 200 ლარის ოდენობით; ხოლო, მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიით გათვალისწინებული თანხის გადახდის დაკისრების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

4. ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი როგორც დაუშვებელი დარჩა განუხილველად.

6. სააპელაციო პალატის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტი შეიცავს ამომწურავ და დეტალურ მითითებას გადაწყვეტილების გასაჩივრების სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ წესზე. კერძოდ, მხარეებს განემარტათ, რომ „სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (ქუთაისი, ......), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ზუგდიდი, ........)“.

7. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 09 დეკემბრის გადაწყვეტილება მოსარჩელეს (კანცელარიის თანამშრომელს) ჩაბარდა 2022 წლის 29 დეკემბერს (იხ. ს.ფ. 182), საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესით. შესაბამისად, გადაწყვეტილება, სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში, მოსარჩელეს უნდა გაესაჩივრებინა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, 2022 წლის 12 იანვრის ჩათვლით. საქმეში არსებული მასალებით დასტურდება, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე (სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში) მოსარჩელემ სააპელაციო საჩივარი წარადგინა 2023 წლის 13 იანვარს, ე.ი. ერთი დღის დაგვიანებით (იხ. ს.ფ. 186).

8. სააპელაციო პალატის განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60, 61-ე მუხლებით დადგენილი წესის შესაბამისად, მოსარჩელე ვალდებული იყო სააპელაციო საჩივარი გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარედგინა სასამართლოსათვის ან იმავე ვადაში ჩაებარებინა ის საფოსტო დაწესებულებისათვის. აპელანტისთვის სააპელაციო საჩივრის შეტანის 14 დღიანი ვადის ათვლა დაიწყო გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მომდევნო დღიდან - 2022 წლის 30 დეკემბრიდან და ამოიწურა 2023 წლის 12 იანვარს, 24:00 საათზე. სააპელაციო საჩივარი შეიცავს მითითებას, რომ ის შედგენილია 2023 წლის 12 იანვარს, თუმცა სააპელაციო საჩივარი ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში წარდგენილ იქნა და, შესაბამისად, სასამართლოს მიერ დარეგისტრირდა 2023 წლის 13 იანვარს, ანუ გასაჩივრების 14-დღიანი ვადის დარღვევით, ერთი დღის ვადაგადაცილებით (ნიშანდობლივია, რომ კონვერტზე, რომლითაც წარმდგენილია სააპელაციო საჩივარი, საფოსტო დაწესებულებისათვის გზავნილის ჩაბარების რაიმე თარიღი არ არის მითითებული).

9. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, 63-ე, 369-ე, 374-ე მუხლებით და ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიიჩნია, რომ სახეზე იყო დაუშვებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

10. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ წარადგინა კერძო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება მოითხოვა.

11. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მას ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 09 დეკემბრის გადაწყვეტილება ჩაბარდა 2022 წლის 29 დეკემბერს, შესაბამისად, გასაჩივრების ვადის დენა დაიწყო 30 დეკემბერს და დასრულდა 2023 წლის 12 იანვარს 24:00 საათზე. მოსარჩელემ სააპელაციო საჩივარი ფოსტას ჩააბარა 2023 წლის 12 იანვარს, რის დასტურადაც კერძო საჩივარს ერთვის 2023 წლის 12 იანვრის საფოსტო რეესტრის ამონაწერი. შესაბამისად, მოსარჩელეს არ გაუშვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გასაჩივრების 14-დღიანი ვადა.

12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 მარტის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

13. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.

14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. იმავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ პუნქტებისა.

15. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს სააპელაციო საჩივრის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით წარდგენის მოტივით, მისი განუხილველად დატოვების მართლზომიერება.

16. კერძო საჩივრის ავტორი დავობს, რომ მან ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 09 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილ 14-დღიან ვადაში. კერძოდ, სააპელაციო საჩივარი აღნიშნული ვადის ბოლო დღეს ჩააბარა ფოსტაში, შესაბამისად, მას გასაჩივრების ვადა არ გაუშვია.

17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 259​1 მუხლის შესაბამისად, ასევე 259​1 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. იმავე კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.

18. წინამდებარე საქმეში სადავო არ არის, რომ მოსარჩელეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 09 დეკემბრის გადაწყვეტილება ჩაბარდა 2022 წლის 29 დეკემბერს (იხ. ს.ფ. 182), შესაბამისად, მისთვის აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადის ათვლა დაიწყო მომდევნო დღიდან - 2022 წლის 30 დეკემბრიდან და ამოიწურა 2023 წლის 12 იანვარს. მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში დარეგისტრირებულია 2023 წლის 13 იანვარს (იხ. ს.ფ. 186-196), თუმცა კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, მან სააპელაციო საჩივარი ფოსტაში ჩააბარა გასაჩივრების ვადის უკანასკნელ დღეს - 2023 წლის 12 იანვარს.

19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

20. ამდენად, იმ შემთხვევაში, თუკი გასაჩივრების უფლების მქონე მხარე საჩივარს ფოსტაში ჩააბარებს გასაჩივრების ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, მიიჩნევა, რომ მან საჩივარი კანონით დადგენილ ვადაში წარადგინა, მიუხედავად თავად ფოსტის მიერ გზავნილის ადრესატამდე მიტანის თარიღისა.

21. მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორმა წარმოადგინა რეესტრის (№4) ამონაწერი ს.ფ–ის საფელდეგრო სამსახურში გადასაგზავნად ჩაბარებულ კორესპონდენციაზე (იხ. ს.ფ. 214), რომელიც დათარიღებულია 2023 წლის 12 იანვრით და რომლის მიხედვით, გამგზავნს წარმოადგენს - შსს იურიდიული დეპარტამენტი, ადრესატს - ზუგდიდის რაიონული სასამართლო, ხოლო გასაგზავნ დოკუმენტს - სააპელაციო საჩივარი, მოპასუხე, 2/2417-22 (აღნიშნული არის წინამდებარე საქმის ნომერი პირველი ინსტანციის სასამართლოში). აღნიშნულ ამონაწერზე დარტყმულია შპს „ს.ფ–ის“ ბეჭედი, ასევე მითითებულია გზავნილის ფოსტის მიერ მიღების თარიღი - 12.01.2023წ., 15:00 და უფლებამოსილი პირის ხელმოწერა. ამონაწერი წარმოდგენილია ასლის სახით, რომლის სისწორეც დამოწმებულია შსს იურიდიული დეპარტამენტის ბეჭდით.

22. აღსანიშნავია ის გარემოებებიც, რომ სააპელაციო საჩივარზე დართულ მოსარჩელის მიმართვაზე სააპელაციო საჩივრის გაგზავნის თარიღად მითითებულია 2023 წლის 12 იანვარი (იხ. ს.ფ. 186); იგივე თარიღია მითითებული სააპელაციო საჩივარში მისი შევსების თარიღად (იხ. ს.ფ. 196); გარდა ამისა, საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სააპელაციო საჩივარი სასამართლოში წარდგენილია კონვერტით, რომელიც ერთვის სააპელაციო საჩივარს (იხ. კონვერტი, ს.ფ. 198).

23. ამდენად, კერძო საჩივარზე დართული მტკიცებულებითა და ზემოაღნიშნული გარემოებებით დასტურდება, რომ მოსარჩელემ სააპელაციო საჩივარი ფოსტაში ჩააბარა 2023 წლის 12 იანვარს, გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი ვადის უკანასკნელ - მე-14 დღეს. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან გამომდინარე, მიიჩნევა, რომ მოსარჩელემ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 09 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა კანონით დადგენილ ვადაში, რის გამოც არ არსებობდა მისი განუხილველად დატოვების საფუძველი

24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპიდან საქმის იმავე სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 იანვრის განჩინება და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპიდან საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი