Facebook Twitter

სქმე №ას-342-2023 18 მაისი, 2023 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს „დ.ქ.“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს.ს.კ–ა“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 09 იანვრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. შპს „ს.ს.კ–ამ“ (შემდგომში – „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „დ.ქ–ის“ (შემდგომში – „მოპასუხე“, „აპელანტი“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) მიმართ მისთვის თანხის დაკისრების მოთხოვნით.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, №GLC18/0006408 ლიზინგის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დაეკისრა 5777,21 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, გადახდის დღეს არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად; ასევე, №GLC20/0012271 ლიზინგის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დაეკისრა 21534,18 ლარის გადახდა; მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის №GLC18/0006408 ლიზინგის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 1792,89 აშშ დოლარისა და №GLC20/0012271 ლიზინგის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 7571,94 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

4. მოპასუხემ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი და მისი ნაწილობრივ გაუქმება მოითხოვა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 05 აპრილის განჩინებით მოპასუხეს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და ხარვეზის შევსების მიზნით დაევალა: სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით 231,08 აშშ დოლარისა (ეკვივალენტი ლარში) და 861,36 ლარის ჯამური ოდენობის წარდგენა; ასევე, მოპასუხის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი სააპელაციო საჩივრისა და სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსიის წარდგენა. ხარვეზის აღმოსაფხვრელად აპელანტს განესაზღვრა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადა.

6. ზემოაღნიშნული განჩინება აპელანტს გაეგზავნა ორჯერ სასამართლოსათვის ცნობილ მისამართზე, თუმცა გზავნილის ადრესატისათვის ჩაბარება ვერ მოხერხდა.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 27 სექტემბრის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს დაევალა 07 დღის ვადაში, ამავე განჩინების ასლის მისთვის ჩაბარებიდან, მოპასუხისათვის ჩაებარებინა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 05 აპრილის განჩინება შემდეგ მისამართზე: თბილისი, ........., პირველი სართული (ოფისი). თუმცა, ვერც ამ შემთხვევაში მოხერხდა გზავნილის ადრესატისათვის გადაცემა მისი მოუძიებლობის გამო.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 01 დეკემბრის განჩინებით აპელანტს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 05 აპრილის განჩინების თაობაზე ეცნობა საჯარო შეტყობინების გზით. აღნიშნული განჩინება საჯაროდ განთავსდა საქართველოს სასამართლოების საქმისწარმოების სისტემის საჯარო შეტყობინების ვებგვერდზე (www.ecd.court.ge) 2022 წლის 02 დეკემბერს. ამასთან, აპელანტს განემარტა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 05 აპრილის განჩინება მისთვის ჩაბარებულად ჩაითვლებოდა საჯარო შეტყობინების გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 09 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო.

10. სააპელაციო პალატამ მოიხმო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70.1, 73.8, 78-ე მუხლები და აღნიშნა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 05 აპრილის განჩინების თაობაზე აპელანტს ეცნობა საჯარო გამოქვეყნების გზით. აღნიშნული განჩინება აპელანტისათვის ჩაბარებულად ჩაითვალა გასაჯაროებიდან მე-7 დღეს, კერძოდ, 2022 წლის 09 დეკემბერს. შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად განჩინებით დადგენილი 10 დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2022 წლის 10 დეკემბერს და ამოიწურა 2022 წლის 19 დეკემბერს. აპელანტს ხარვეზი არ აღმოუფხვრია და არც რაიმე განცხადებით მიუმართავს სასამართლოსთვის ხარვეზის ვადის გაგრძელების თაობაზე.

11. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368.5, 374-ე მუხლებით და ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიიჩნია, რომ სახეზე იყო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

12. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ წარადგინა კერძო საჩივარი და მისი გაუქმება მოითხოვა.

13. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 05 აპრილის განჩინება საჯაროდ გამოქვეყნდა 2022 წლის 01 დეკემბერს იმ მიზეზით, რომ პოლიციამ ადრესატის მოძიება და მისთვის გზავნილის ჩაბარება ვერ მოახერხა, თუმცა საკვირველია როგორ მოახერხა პოლიციამ იგივე ადრესატის მოძიება 2023 წლის 09 იანვრის განჩინების (სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ) გადაცემის მიზნით. რაც შეეხება 2022 წლის 05 აპრილის განჩინებით დადგენილ ხარვეზს, კომპანიამ ვერ შეძლო სახელმწიფო ბაჟის გადახდა, ვინაიდან პანდემიის, შექმნილი ეკონომიკური პრობლემებისა და სხვადასხვა ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო, აღმოჩნდა მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში, თუმცა, კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის მოთხოვნების შესაბამისად, აღნიშნულს არ უნდა მოეხდინა გავლენა მოპასუხის უფლებების რეალიზაციაზე.

14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 აპრილის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

15. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. იმავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

17. მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ მან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში არ შეავსო სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი.

18. კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ ხდის სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 05 აპრილის განჩინების მისთვის საჯარო შეტყობინების გზით ჩაბარებას.

19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით რეგლამენტირებულია სასამართლო უწყების მხარისათვის ჩაბარების წესი. აღნიშნული კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. იმავე კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით.

20. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის თანახმად, თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის სასამართლო უწყების ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს განჩინება სასამართლო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ. სასამართლო შეტყობინება საჯაროდ ვრცელდება შესაბამისი სასამართლოს შენობაში თვალსაჩინო ადგილზე ან ვებგვერდზე განთავსებით ან დაინტერესებული მხარის მოთხოვნის შემთხვევაში – მისივე ხარჯებით იმ გაზეთში, რომელიც მასობრივადაა გავრცელებული მხარის საცხოვრებელი ადგილის შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში, ან ინფორმაციის სხვა საშუალებებში გამოქვეყნებით. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლო უწყება მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება სასამართლო შეტყობინების შესაბამისი სასამართლოს შენობაში თვალსაჩინო ადგილზე ან ვებგვერდზე განთავსებიდან ან გაზეთში ან ინფორმაციის სხვა საშუალებებში გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.

21. საქმეში „გახარია საქართველოს წინააღმდეგ“ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა შემდეგი: მხარეთა თანასწორობის პრინციპი, რომელიც სამართლიანი სასამართლოს ფართო კონცეფციის ერთ-ერთი ელემენტია, მოითხოვს თითოეული მხარისგან ჰქონდეს გონივრული შესაძლებლობა წარმოადგინოს საკუთარი საქმე ისეთ პირობებში, რომელიც არ ჩააყენებს მას მნიშვნელოვნად არახელსაყრელ მდგომარეობაში მის მოწინააღმდეგე მხარესთან მიმართებით (იხილეთ „ნიდეროსტ-ჰუბერი შვეიცარიის წინააღმდეგ“, (Nideröst-Huber v. Switzerland), 18/02/1997, §23, გადაწყვეტილებათა და განჩინებათა კრებული 1997-I; „კრესი საფრანგეთის წინააღმდეგ“ (Kress v. France) [დიდი პალატა], no. 39594/98, § 72, ECHR 2001-VI; „ეივონი საფრანგეთის წინააღმდეგ“(Yvon v. France), no. 44962/98, § 31, ECHR 2003- V; და „გორაიზი და სხვები ესპანეთის წინააღმდეგ“(Gorraiz Lizarraga and Others v. Spain), no. 62543/00, § 56, ECHR 2004-III). კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს და საშუალებას აძლევს სახელმწიფოებს მოაწყონ მათი სამართლებრივი სისტემები იმგვარად, რომ ხელი შეეწყოს სწრაფ და ეფექტურ სამართალწარმოებებს, მათ შორის, დაუსწრებელი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობის კუთხით (იხილეთ „აჟდაჯიჩი სლოვენიის წინააღმდეგ“ (Aždajić v. Slovenia), no. 71872/12, §49, 08/10/2015, და „განკინი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ“ (Gankin and Others v. Russia), nos. 2430/06, 1454/08, 11670/10 და 12938/12, § 26, 31/05/2016). თუმცა, აღნიშნული არ შეიძლება განხორციელდეს სხვა პროცედურული გარანტიების, განსაკუთრებით მხარეთა თანასწორობის პრინციპის ხარჯზე (ibid.; ასევე იხილეთ mutatis mutandis, ზემოთ ციტირებული საქმე - „ზადოვნიკი“ (Zavodnik), §72) (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტლება საქმეზე „გახარია საქართველოს წინააღმდეგ“, GAKHARIA v. GEORGIA, განაცხადი N 30459/13).

22. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 05 აპრილის განჩინება აპელანტს ორჯერ გაეგზავნა ფოსტით, მის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე: თბილისი, .......... N65, პირველი სართული (ოფისი), თუმცა მისთვის გზავნილის ჩაბარება ვერ მოხერხდა. ფოსტის უკუგზავნილებში გზავნილის ჩაუბარებლობის მიზეზად მითითებულია შემდეგი: „კოდირებული შესასვლელი“, „კოდირებული“. მეორედ გაგზავნის შემთხვევაში, გზავნილზე ასევე მიეთითა აპელანტის წარმომადგენლის - მ.წ–ის ტელეფონის ნომერი, რომლის საშუალებითაც მანამდე არაერთხელ ჰქონია სასამართლოს მასთან კომუნიკაცია (იხ. ს.ფ. 122, 140), თუმცა ვერც წარმომადგენელთან დაკავშირება მოხერდა (იხ. ს.ფ. 184-187).

23. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 27 სექტემბრის განჩინებით ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების აპელანტისათვის ჩაბარება დაევალა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს, შემდეგ მისამართზე: თბილისი, ........, პირველი სართული (ოფისი) (იხ. ს.ფ. 205-209). თუმცა, შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს პოლიციის I სამმართველოს უფროსის 11.10.2022წ. მომართვის თანახმად, გზავნილის ადრესატისათვის გადაცემა ვერ მოხერხდა ადრესატის მოუძიებლობის გამო (იხ. ს.ფ. 210-211).

24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან სასამართლოს მხრიდან არაერთი მცდელობის მიუხედავად, ვერ მოხერხდა აპელანტისათვის ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების ჩაბარება, ხოლო საქმის მასალებიდან არ იკვეთება განჩინების სხვაგვარად ჩაბარების შესაძლებლობა, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლიდან გამომდინარე, უფლებამოსილი იყო მისთვის აღნიშნული განჩინების თაობაზე ეცნობებინა საჯარო შეტყობინების გზით.

25. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ აპელანტს სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების თაობაზე საჯარო შეტყობინების გზით ეცნობა 2022 წლის 09 დეკემბერს, შესაბამისად, მისთვის ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დაწესებული საპროცესო ვადის ათვლა (10 დღე) დაიწყო მომდევნო დღიდან - 2022 წლის 10 დეკემბრიდან (სსსკ-ის 60.2 მუხლი) და ამოიწურა იმავე წლის 19 დეკემბერს, თუმცა სადავო არ არის, რომ აპელანტს აღნიშნულ ვადაში არც ხარვეზი შეუვსია და არც ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის გაგრძელების შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსთვის. აღნიშნული კი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 374-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა.

26. გარდა ზემოაღნიშნულისა, საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ საჯარო შეტყობინების გამოქვეყნებამდე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 ივლისის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს დაევალა ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების აპელანტის წარმომადგენლის - მ.წ–ისათვის (რომელიც არ არის რეგისტრირებული ადვოკატთა ასოციაციის წევრთა ერთიან სიაში) ჩაბარება შემდეგ მისამართებზე: თბილისი, ........, პირველი სართული (ოფისი); თბილისი, .......... (იხ. ს.ფ. 188-192). შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს პოლიციის I სამმართველოს უფროსის 27.07.2022წ. მომართვისა და ოქმის თანახმად, ზემოაღნიშნული განჩინება მ.წ–ს ჩაბარდა პირადად 2022 წლის 27 ივლისს (იხ. ს.ფ. 193-194).

27. საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ მოსარჩელეს მის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაჰბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით [სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანამიმდევრობა. სასამართლომ დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება ჩააბაროს ასევე სასამართლოს შენობაში. თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე] გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება.

28. მოცემულ შემთხვევაში, როგორც ზემოთ აღინიშნა, აპელანტს სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება ფოსტით გაეგზავნა ორჯერ მის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე, თუმცა მისთვის გზავნილის ჩაბარება ვერ მოხერხდა, რაც ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმიდან გამომდინარე, გზავნილის ადრესატისთვის ჩაბარებულად მიჩნევის წინაპირობას წარმოადგენდა.

29. საკასაციო სასამართლო ვერ იმსჯელებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიაზე სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო აპელანტისთვის ხარვეზის დადგენის მართლზომიერებაზე, ვინაიდან გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის მოტივით, სასამართლოს სახელმწიფო ბაჟის გადავადების ან შემცირების თაობაზე არ უმსჯელია, ვინაიდან ხარვეზის აღმოფხვრისათვის დადგენილ ვადაში აპელანტს სასამართლოსთვის ასეთი შუამდგომლობით არ მიუმართავს. ასეთი შუამდგომლობა აპელანტს არც სააპელაციო საჩივარში დაუყენებია.

30. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული პირის უფლება თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს, არ არის აბსოლუტური და სამოქალაქო პროცესში შეიძლება შეიზღუდოს სამართალწარმოების ეკონომიურობისა და მხარეთა თანასწორობის დაცვის პრინციპებით. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ არ არსებობს უფლება უფასო სასამართლო პროცედურებზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს. აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე (იხ. Ashingdane v. The United Kingdom, № 8225/78, 28 მაისი, 1985 წელი, §57).

31. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას უდგენს გარკვეულ შეზღუდვებს; კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა (სსსკ-ის 46-48-ე მუხლები), აწესებს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდის ვალდებულებას (სსსკ-ის 38-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, 52-ე მუხლი) და გარკვეულ მოთხოვნებს უყენებს თავად სააპელაციო საჩივარს ფორმისა და შინაარსის თვალსაზრისით (სსსკ-ის 372-ე მუხლი, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილი და 368-ე მუხლის პირველი ნაწილი), რომელთა შესრულება სავალდებულოა აპელანტისათვის. იმ შემთხვევაში, თუ აპელანტი არ შეასრულებს კანონით დადგენილ ვალდებულებებს და სასამართლოს მითითებებს, იგი ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მის მიმართ დადგება ის უარყოფითი საპროცესო შედეგი, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის (სსსკ-ის 59-ე და 63-ე მუხლები, 368-ე მუხლის მე-5 ნაწილი და 374-ე მუხლის პირველი ნაწილი).

32. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად მოპასუხის სააპელაციო საჩივარი ხარვეზის შეუვსებლობის გამო. ამგვარად, კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „დ.ქ–ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 09 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი