საქმე №ას-442-2021 23 თებერვალი, 2023 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს-კ.კ.ხ–ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 22 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – გადახდილი თანხის დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა (შემდგომში - „მოსარჩელე“, „შემსყიდველი“ ან „კასატორი“) და შპს „ს-კ. კ.ხ–ს“ (შემდგომში - „მოპასუხე“, „მიმწოდებელი“ ან „კომპანია“) შორის 31.12.2014წ. გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N2.1/30/514 ხელშეკრულება (იხ. ტომი 1; ს.ფ. 21-29). ხელშეკრულების ობიექტს წარმოადგენდა: ქ. თბილისში, ..... დასახლებასთან არსებული სარკინიგზო გზაგამტარისა და ხიდი-აკვედუკის სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რომელიც განსაზღვრულია მიმწოდებლის სამუშაოების ხარჯთაღრიცხვაში, თან ერთვის ხელშეკრულებას და მის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს (ხელშეკრულების 2.1. პუნქტი). ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 4 462 000 ლარს (ხელშეკრულების 2.4. პუნქტი).
2. ხელშეკრულების 4.1 პუნქტის თანახმად, იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული რისკი, წარმოქმნილი მიმწოდებლის მიერ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო, ტენდერში გამოიყენება გარანტირების მექანიზმის შემდეგი სახე - საბანკო გარანტია, გაცემული 2014 წლის 31 დეკემბერს სს „თ.ბ–ის“ მიერ, თანხით 223 100 ლარი, რომლის მოქმედების ვადაა 2016 წლის 09 მარტის ჩათვლით.
3. ხელშეკრულების 5.3 პუნქტის მიხედვით, სამუშაოს ხარისხის დაცვის უზრუნველსაყოფად მიწოდებული სამუშაოს ღირებულებიდან დაკავებული იქნება 5%. დაკავებული 5%-დან 2,5%-ის გადახდა განხორციელდება სამუშაოს სრულად დასრულებისა და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, ხოლო დარჩენილი 2,5%-ის გადახდა მოხდება ხარვეზების აღმოფხვრისა და საგარანტიო ვადის გასვლის შემდეგ.
4. ხელშეკრულების 8.4 პუნქტის თანახმად, წინასწარი ანგარიშსწორების (ავანსი) გამოყენება შესაძლებელია საავანსო თანხის იდენტური ოდენობის, უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის (გაცემული საბანკო დაწესებულების მიერ) წარმოდგენის შემთხვევაში (რომლის მოქმედების ვადა არანაკლებ 30 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სამუშაოების დასრულების ვადას), ხელშეკრულების საერთო ღირებულების არაუმეტეს 40%-ის ოდენობით. მიმწოდებელმა ავანსის თანხები უნდა გამოიყენოს მხოლოდ ამ შესყიდვებთან დაკავშირებული ვალდებულებების შესასრულებლად.
5. ხელშეკრულების 8.5 პუნქტის მიხედვით, წინასწარი გადახდის თანხების (ავანსი) დაკავება განხორციელდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 04.09.2014წ. N508 ბრძანების შესაბამისად - „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული ასიგნებებიდან ფაქტობრივი ხარჯების გაწევამდე ხელშეკრულებით გათვალისწინებული წინასწარ გადახდილი სახსრების დამოწმების შესახებ“.
6. ხელშეკრულების 10.5 პუნქტის თანახმად, შემსყიდველს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ, მათ შორის შემდეგ შემთხვევებში: მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ორჯერ დარღვევის შემთხვევაში; მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების გაფორმებიდან სამუშაოების დაწყების 15 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით გადაცილების შემთხვევაში...; საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
7. ხელშეკრულების 10.6 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის 10.5 პუნქტში მითითებულ შემთხვევაში, შემსყიდველი ვალდებულია აუნაზღაუროს მიმწოდებელს ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ღირებულება.
8. „ U.C. B. L.“-ის მიერ გაიცა საავანსო გარანტია 900 000 ლარის, ხოლო “ S.C. C. (2009) L. L.G.”-ის მიერ 890 000 ლარის ოდენობით (იხ. ტომი 1, ს.ფ. 50-62).
9. მოსარჩელემ მოპასუხეს 2015 წლის 05 თებერვალს ავანსის სახით ჩაურიცხა 900 000 ლარი, ხოლო, 2015 წლის 04 მარტს 890 000 ლარი, საიდანაც მოპასუხემ 5 200 ლარი უკან დაუბრუნა მოსარჩელეს. აღნიშნულის შედეგად ჩარიცხულმა თანხამ შეადგინა 884 800 ლარი, ხოლო ორივე გარანტიის საფუძველზე ჩარიცხულმა საავანსო თანხამ ჯამში შეადგინა 1 784 800 ლარი (იხ. ტომი 1, ს.ფ. 63-65).
10. მოპასუხემ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში ჯამში შეასრულა 384 888,54 ლარის ღირებულების სამუშაო. კერძოდ:
- 2015 წლის 09 მარტს - 39 420,62 ლარის;
- 2015 წლის 02 აპრილს - 55 789,90 ლარის;
- 2015 წლის 05 მაისს - 15 668,38 ლარის;
- 2015 წლის 29 ივნისს - 230 047,98 ლარის;
- 2015 წლის 10 აგვისტოს - 43 961,66 ლარის (იხ. ტ. 1, მიღება-ჩაბარების აქტები და შესრულებული სამუშაოების აქტები, ს.ფ. 68-88, 90-97, 100-107-117, 119-126).
11. მოსარჩელემ მოპასუხეს 2015 წლის 10 სექტემბრის წერილით აცნობა ვალდებულებების დარღვევის გამო ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის თაობაზე და მოსთხოვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული გეგმა-გრაფიკით დადგენილ ვადებში სამუშაოების შესრულების ვადაგადაცილებისათვის პირგასამტეხლოს გადახდა (იხ. ტომი 1, ს.ფ. 129-130).
12. გარანტორებმა - „ U.C. B. L.“-მ და “ S.C. C. (2009) L. L.G.“-მ, მოსარჩელის მოთხოვნის მიუხედავად, მას არ ჩაურიცხეს საბანკო გარანტიის თანხები (იხ. ტომი 1, ს.ფ. 131-151).
13. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ და მოითხოვა მისთვის ავანსად გადახდილი თანხიდან შეუსრულებელი სამუშაოების პროპორციული თანხის - 1 526 437,85 ლარის დაბრუნება.
14. სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
14.1. მხარეთა შორის 2014 წლის 31 დეკემბერს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N2.1/30/514 ხელშეკრულება ქ. თბილისში, ..... დასახლებასთან არსებული სარკინიგზო გზაგამტარისა და ხიდი - აკვედუკის სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესრულების შესახებ, რომლის ღირებულება შეადგენდა 4 462 000 ლარს;
14.2. საბანკო გარანტიების საფუძველზე, მოსარჩელემ მოპასუხეს 2015 წლის 05 თებერვალს ავანსის სახით ჩაურიცხა ჯამში 1 784 800 ლარი;
14.3. მოპასუხის მიერ შესრულებული სამუშაოების მთლიანმა ღირებულებამ დღგ-ს ჩათვლით შეადგინა 384 888,54 ლარი;
14.4. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 04.09.2014წ. N508 ბრძანებით დამტკიცებულია “ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული ასიგნებიდან ფაქტობრივი ხარჯების გაწევამდე ხელშეკრულებით გათვალისწინებული წინასწარ გადახდილი სახსრების დამოწმების წესი”. აღნიშნული წესის პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელშეკრულებო ღირებულების 40%-ის ფარგლებში ავანსად გადახდის შემთხვევაში, საავანსო თანხის გამოქვითვა უნდა განხორციელდეს საავანსო თანხის პირდაპირპროპორციულად ყოველი შესრულების ანაზღაურებისას;
14.5. მოცემულ შემთხვევაში საავანსო თანხა განისაზღვრა 1 784 800 ლარით, რაც ხელშეკრულების ღირებულების 40%-ს შეადგენს. ამდენად, დასაკავებელი ავანსი წარმოადგენს შესრულებული სამუშაოს 40%-ს;
14.6. შესაბამისად, მიღება-ჩაბარების აქტებით დადასტურებული შესრულებული სამუშაოების ღირებულებიდან მოსარჩელის მიერ დაკავებულ იქნა ზემოაღნიშნული 40%, ასევე, ხელშეკრულების 5.3 პუნქტით გათვალისწინებული, სამუშაოს ხარისხის დაცვის უზრუნველსაყოფად მიწოდებული სამუშაოს ღირებულების 5%. ჯამში მოსარჩელის მიერ დაკავებულმა საავანსო თანხამ შეადგინა 258 362,15 ლარი, საიდანაც 19 244,43 ლარი შეადგენს სამუშაოს ხარისხის დაცვის უზრუნველსაყოფად - მიწოდებული სამუშაოს 5%-ს;
14.7. მოპასუხემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულა მხოლოდ ნაწილობრივ, ისიც ვადაგადაცილებით, რის გამოც 2015 წლის 10 სექტემბრის N5/8517 წერილით ცალმხრივად შეწყდა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება;
14.8. ხელშეკრულების 10.6 პუნქტის დანაწესიდან გამომდინარე, საავანსო თანხა - 1 784 800 ლარი შემცირდა 258 362,15 ლარით, რის შედეგადაც მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 1 526 437,85 ლარს;
14.9. მოსარჩელემ გარანტორებს მოსთხოვა გარანტიით გათვალისწინებული თანხის ჩარიცხვა, თუმცა მათ მიერ თანხის ანაზღაურება არ მომხდარა;
14.10. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის სამმართველოში მიმდინარეობდა გამოძიება კომპანიის დამფუძნებლის მიმართ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე. აღნიშნულ საქმეზე კომპანიის დამფუძნებელს წარედგინა ბრალი.
15. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. მისი განმარტებით, ხელშეკრულების მოქმედების ფარგლებში მოპასუხემ არაერთხელ მიმართა მოსარჩელეს და მოითხოვა შიდა გრაფიკის შეცვლა, რაც მას მისცემდა შესაძლებლობას შეესრულებინა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, თუმცა მოსარჩელემ არ გაითვალისწინა მოპასუხის მოთხოვნა და ხელშეკრულება შეწყვიტა. გარდა ამისა, დავალიანების ოდენობა შეადგენს არა 1 526 437,85 ლარს, არამედ 1 303 337,85 ლარს, რადგან 2014 წლის 30 დეკემბერს მოპასუხემ მოსარჩელეს გარანტიის სახით ჩაურიცხა 228 417 ლარი, რაც უნდა გამოაკლდეს ძირითად დავალიანებას.
16. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 1 399 911,46 ლარის გადახდა.
17. მოსარჩელემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
18. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 22 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
19. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-12 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
20. სააპელაციო სასამართლომ, უპირველეს ყოვლისა, აღნიშნა, რომ სააპელაციო საჩივრით სადავოდ არ იყო გამხდარი საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული გარემოება, რომ მოპასუხის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტამდე შესრულებული სამუშაო არ იყო ნაკლიანი (სსსკ-ის 377.1 მუხლის თანახმად კი, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამასთან, 10.09.2015წ. წერილიდან დგინდება, რომ ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენდა ხელშეკრულების გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებულ ვადებში სამუშაოების შესრულება. ხოლო, საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ შემსყიდველს მოპასუხის მიმართ ჰქონდა პრეტენზია შესრულებული სამუშაოს ხარისხთან დაკავშირებით. მოსარჩელეს არც სარჩელში მიუთითებია ამ ფაქტობრივ გარემოებაზე), შესაბამისად, ვინაიდან, ხელშეკრულების 5.3 პუნქტის თანახმად, თანხის დაკავება ხდებოდა სამუშაოს ხარისხის დაცვის უზრუნველსაყოფად, შესრულებული სამუშაოს ხარისხის ნაკლის არარსებობის პირობებში, შესრულებული სამუშაოს ღირებულებიდან, 384 888,54 ლარიდან თანხის ნაწილის დაკავების უფლებამოსილება შემსყიდველს, ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე, არ გააჩნდა.
21. სააპელაციო პალატის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის შესაბამისად, მოპასუხეს ეკისრებოდა ხელშეკრულებით დადგენილ ვადებში ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების, ხოლო მოსარჩელეს შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურების ვალდებულება; ხელშეკრულების 10.5 პუნქტით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მენარდის, მოპასუხის მიერ სამუშაოების ვადების გადაცილების გამო, მოსარჩელემ ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება, თუმცა სამოქალაქო კოდექსის 636-ე მუხლისა და სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების 10.6 პუნქტის შესაბამისად, დაეკისრა მიმწოდებლისათვის ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურების ვალდებულება; დადგენილია ასევე, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის დროისათვის მენარდეს შესრულებული ჰქონდა 384 888,54 ლარის ღირებულების სამუშაო.
22. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მითითება, რომ მოპასუხეს მხოლოდ ხელშეკრულების შეწყვეტამდე შესრულებული სამუშაოების ღირებულების 40% უნდა აუნაზღაურდეს, ვინაიდან, მისი განმარტებით, აღნიშნულ დათქმას არ ითვალისწინებს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება. ეს პირობა არც კანონიდან გამომდინარეობს. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ მოსარჩელის მიერ შესასრულებელი სამუშაოების ღირებულებიდან წინასწარ გადახდილ თანხას - 1 784 800 ლარსა და მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულებას - 384 888,54 ლარს შორის სხვაობა - 1 399 911,46 ლარი, იყო ის თანხა, რაც შემკვეთმა, მოსარჩელემ გადაიხადა სანაცვლო ვალდებულების შესრულების გარეშე და რაც სამოქალაქო კოდექსის 385-ე და 976-ე მუხლების საფუძველზე, უკან დაბრუნებას ექვემდებარებოდა.
23. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მოსარჩელემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
24. კასატორმა საკასაციო საჩივარში მიუთითა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:
24.1. სააპელაციო სასამართლომ არასრულად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და არასათანადოდ გამოიკვლია დადგენილი ფაქტები და საქმის მასალები;
24.2. 04.09.2014წ. N508 ბრძანებით დამტკიცებული „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული ასიგნებებიდან ფაქტობრივი ხარჯების გაწევამდე ხელშეკრულებით გათვალისწინებული წინასწარ გადახდილი სახსრების დამოწმების წესის“ პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსარჩელის მიერ პირველ ოთხ მიღება- ჩაბარების აქტთან მიმართებით (N1-1; N2-1; N1-3; N1-2) სრულად მოხდა თანხის დაკავება, შემდგომ ორ მიღება-ჩაბარების აქტთან მიმართებით (N 1-4; N2-2) დაკავდა მხოლოდ საავანსო თანხის 40% და ასევე სამუშაოს ხარისხის დაცვის უზრუნველსაყოფად - მიწოდებული სამუშაოს 5%, ხოლო ბოლო მიღება-ჩაბარების აქტთან მიმართებით (N1-5) მოსარჩელემ კვლავ სრულად დააკავა თანხა. საერთო ჯამში, მოსარჩელემ მოპასუხეს ფატობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულებიდან - 384 888,54 ლარიდან აუნაზღაურა 126 526,39 ლარი;
24.3. სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების ფარგლებში მოპასუხეს ჩაერიცხა არა მხოლოდ 1 784 800 ლარი (ავანსი), არამედ ასევე 384 888,54 ლარიდან 126 526,39 ლარი (ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულების ნაწილი), ჯამში 1 911 326,39 ლარი;
24.4. ამდენად, სხვაობა მენარდის მიერ შესრულებულ სამუშაოს ღირებულებასა და მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის ჩარიცხულ თანხას შორის უნდა დადგინდეს არა 1 784 800 ლარსა და 384 888,54 ლარს შორის სხვაობიდან, როგორც ეს სასამართლომ დაადგინა, არამედ 1 911 326,39 ლარსა და 384 888,54 ლარს შორის სხვაობიდან, რაც შეადგენს 1 526 437,85 ლარს;
24.5. არც საქალაქო და არც სააპელაციო სასამართლოს მიერ არ შეფასებულა მოპასუხისათვის ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულებიდან - 384 888,54 ლარიდან 126 526,39 ლარის ანაზღაურების ფაქტი. შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება აღნიშნულ ნაწილში უკანონოა და არ გამომდინარეობს საქმეში დაცული მტკიცებულებების ობიექტური შეფასებიდან;
24.6. დაუსაბუთებელია სასამართლოს მითითება ხელშეკრულების შეწყვეტამდე შესრულებული სამუშაოების ღირებულების 40%-ის ანაზღაურების პირობაზე, რამდენადაც მოსარჩელე აღნიშნულზე საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე მიუთითებდა. ამასთან, როგორც საქმეში წარდგენილი დოკუმენტებით დგინდება, 04.09.2014წ. N508 ბრძანებით დამტკიცებული ზემოაღნიშნული წესის პირველი მუხლის „ა" ქვეპუნქტით განისაზღვრა 40%-ის დაკავება და არა ანაზღაურება, შესაბამისად, სასამართლომ აღნიშნულ ნაწილშიც არასწორად გამოიკვლია და დაადგინა საქმის გარემოებები;
24.7. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება შეწყდა ცალმხრივად. მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები სრულად და ჯეროვნად არ იქნა შესრულებული, შესაბამისად, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი არ შედგენილა. აქედან გამომდინარე, სასამართლოს მითითება შესრულებული სამუშაობის ხარისხზე მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს;
24.8. გარდა აღნიშნულისა, სასამართლო ხელშეკრულების 5.3 პუნქტზე მითითებით განმარტავს, რომ შესრულებული სამუშაოს ღირებულებიდან 384 888,54 ლარიდან თანხის ნაწილის დაკავების უფლებამოსილება შემსყიდველს ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე არ გააჩნდა. აღნიშნული პუნქტი ითვალისწინებს ხარისხის დაცვის უზრუნველსაყოფად დაკავებული 5%-ის დაბრუნების წინაპირობებს და ოდენობას, შესაბამისად, თუნდაც სასამართლოს აღნიშნული განმარტების გაზიარების შემთხვევაში, თანხის რა ნაწილზე მიუთითებს სასამართლო გასაჩივრებული განჩინებიდან არ დგინდება;
24.9. მოპასუხემ შეასრულა 384 888,54 ლარის ღირებულების სამუშაო და აღნიშნული ღირებულებიდან მას აუნაზღაურდა 126 526,39 ლარი, შესაბამისად, მოპასუხისათვის ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა შეადგენს 258 362,16 ლარს, რომელიც შედგება 04.09.2014წ. N508 ბრძანებით დამტკიცებული წესისა და ხელშეკრულების 5.3 პუნქტის თანახმად დაკავებული თანხისგან;
24.10. სასამართლომ ასევე შეფასების მიღმა დატოვა ის გარემოება, რომ მოთხოვნილ თანხასთან დაკავშირებით გაფორმებულ იქნა საპროცესო შეთანხმება (უფლებამოსილ პირთან), რომლის ფარგლებშიც მხარეს შესაბამისი განაწილვადების ფარგლებში დადგენილი ოდენობით უნდა აენაზღაურებუნა 1 526 437,85 ლარი. ამ პირობის გათვალისწინებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ თანხმობაც იქნა გაცემული, თუმცა მხარემ აღნიშნული საპროცესო შეთანხმება დაარღვია, რის გამოც მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, სასამართლოს წარმოებაშია აღნიშნული საპროცესო შეთანხმების გაუქმების საკითხი.
25. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 16 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
26. საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 22 თებერვლის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
27. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე გადახდილი ავანსის აუთვისებელი ნაწილის მოსარჩელისათვის დაბრუნება.
28. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა დაადგინოს რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს (იხ. სუსგ საქმე №ას-1529-1443-2012, 09 დეკემბერი, 2013 წელი; დიდი პალატის გადაწყვეტილება №ას-664-635-2016, 02 მარტი, 2017 წელი, §187).
29. მოცემულ შემთხვევაში აუთვისებელი ავანსის დაბრუნების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 385-ე მუხლი [ის, რაც ვალდებულების გარეშეა გადახდილი, შეიძლება უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ წესების მიხედვით უკან იქნეს მოთხოვილი] და 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი [პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში].
30. კასატორი დავობს, რომ მან მოპასუხეს ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულებიდან - 384 888,54 ლარიდან აუნაზღაურა 126 526,39 ლარი, თუმცა ეს გარემოება არცერთი ინსტანციის სასამართლოს შეუფასებია. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის ჩარიცხული თანხის ოდენობა შეადგენს 1 784 800 ლარსა და 126 526,39 ლარს, ჯამში 1 911 326,39 ლარს და აუთვისებელი ავანსის ოდენობა სწორედ აღნიშნულ თანხასა და მოპასუხის მიერ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულების სხვაობიდან უნდა დადგინდეს.
31. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში.
32. აღნიშნული სამართლებრივი ნორმის მიზნიდან გამომდინარეობს ერთმნიშვნელოვანი დასკვნა, რომ კონდიქციური ვალდებულების წარმოშობისათვის სახეზე უნდა იყოს ერთი პირის გამდიდრება მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს სამართლებრივ საფუძველს, რომელიც ან თავიდანვე არ არსებობდა, ან შემდგომში მოიშალა. ამასთან, მნიშვნელობა არა აქვს იმ გარემოებას თუ რის შედეგად დადგა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი – თავად დაზარალებულის მოქმედების, გამდიდრებულის მოქმედების, თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად ან განხორციელდა იგი მათი ნების საწინააღმდეგოდ. ასევე, არ აქვს მნიშვნელობა ამ სამართალურთიერთობაში მონაწილე სუბიექტთა ბრალეულობას, კეთილსინდისიერებასა და მათ მიერ განხორციელებული მოქმედებების მართლზომიერებასა თუ მართლწინააღმდეგობას. კონდიქციური ვალდებულების არსებობის სამართლებრივი საფუძვლით სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია დადგინდეს მხოლოდ ობიექტური შედეგი, რაც გულისხმობს ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენას (დაზოგვას) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. აუცილებელია, რომ გამდიდრება მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონების გაზრდა ხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე (იხ. სუსგ საქმე №ას-360-342-2015, 03 ივნისი, 2015 წელი).
33. საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს მხარეთა თანასწორობისა (სსსკ-ის მე-5 მუხლი) და შეჯიბრებითობის (სსსკ-ის მე-4 მუხლი) ფუნდამენტურ პრინციპებზე დაყრდნობით. მხარეები სრულიად თავისუფალნი არიან და თავად წყვეტენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. სასამართლო ამ პროცესში ვერ ჩაერევა. სათანადო ფაქტების მიუთითებლობა და შესაბამისი მტკიცებულებების წარუდგენლობა კი მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს.
34. წინამდებარე საქმეში დადგენილია, რომ მოსარჩელემ/შემსყიდველმა მოპასუხეს/მიმწოდებელს მათ შორის დადებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე ავანსის სახით ჩაურიცხა 1 784 800 ლარი; დადგენილია ასევე, რომ აღნიშნული ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტისათვის მოპასუხეს ხელშეკრულების ფარგლებში ჯამში შესრულებული ჰქონდა 384 888,54 ლარის ღირებულების სამუშაო. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით ძალაში დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა აუთვისებელი ავანსის სახით 1 399 911,46 ლარის გადახდა, რომელიც, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, წარმოადგენს სხვაობას მოსარჩელის მიერ გადახდილ ავანსსა (1 784 800 ლარი) და მოპასუხის მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულებას (384 888,54 ლარი) შორის. კასატორის მტკიცებით, მან მოპასუხეს ჩაურიცხა არა მხოლოდ ავანსი 1 784 800 ლარის ოდენობით, არამედ 126 526,39 ლარი, რომელიც წარმოადგენს შესრულებული სამუშაოების ღირებულების - 384 888,54 ლარის ნაწილს, შესაბამისად, სწორედ ამ თანხების გათვალისწინებით უნდა მომხდარიყო აუთვისებელი ავანსის გამოანგარიშება. მოსარჩელე ამ გარემოებაზე სააპელაციო საჩივარშიც მიუთითებდა, თუმცა სააპელაციო სასამართლომ ისე დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში, რომ აღნიშნული სააპელაციო პრეტენზია არ გამოუკვლევია და ეს ფაქტობრივი გარემოება არ დაუდგენია, რაც საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველია.
35. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. იმავე კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
36. მოცემული ნორმების ანალიზისა და წინამდებარე განჩინებაში ჩამოყალიბებული დასაბუთების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას თავად მიიღოს გადაწყვეტილება დავაზე, ვიდრე საქმეზე არ დადგინდება დავის გადაწყვეტისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, რაც საქმის იმავე სასამართლოსათვის დაბრუნების საფუძველია. კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს და დადგინოს გარდა ავანსისა, გადაუხადა თუ არა მოსარჩელემ მოპასუხეს ასევე ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული სამუშაოების ღირებულების - 384 888,54 ლარის ნაწილი - 126 526,39 ლარი.
37. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით.
38. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმის ხელახლა განხილვისას სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანისას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 22 თებერვლის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი