საქმე №ას-497-2021 23 თებერვალი, 2023 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ.ტ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ ა.ე.ბ–ო (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 09 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა, მორალური ზიანის ანაზღაურება, ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 13.07.2006წ. №11 ბრძანებით ნ.ტ–ი (შემდგომში - „მოსარჩელე“, „დასაქმებული“, „აპელანტი“ ან „კასატორი“) დაინიშნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტში კანცელარიის სპეციალისტის თანამდებობაზე.
2. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 04.08.2008წ. №110 ბრძანებით მოსარჩელეს 03.07.2006წ.-დან მიენიჭა უმცროსი იუსტიციის საშუალო სპეციალური წოდება.
3. სსიპ ა.ე.ბ–ოს (შემდგომში ასევე - „მოპასუხე“, „ბიურო“ ან „დამსაქმებელი“) თავმჯდომარის 01.10.2008წ. №1 ბრძანებით მოსარჩელე დაინიშნა სსიპ ა.ე.ბ–ოს თბილისის სააღსრულებო ბიუროს კანცელარიის სპეციალისტის თანამდებობაზე.
4. სსიპ ა.ე.ბ–ოს თავმჯდომარის 21.01.2009წ. №7 ბრძანების 23-ე პარაგრაფით მოსარჩელეს მიენიჭა მე-3 კლასის იურისტის მორიგი სახელმწიფო სპეციალური წოდება.
5. სსიპ ა.ე.ბ–ოს თავმჯდომარის 02.08.2010წ. №400 ბრძანებით მოსარჩელე 01.08.2010წ.-დან დაინიშნა ბიუროს ადმინისტრაციის (სამსახურის) საქმისწარმოების განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე, ხოლო ა.ე.ბ–ოს თავმჯდომარის 21.12.2010წ. №821 ბრძანებით იმავე განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე.
6. სსიპ ა.ე.ბ–ოს 18.05.2012წ. №491 ბრძანებით მოსარჩელე გადაყვანილ იქნა ბიუროს საქმისწარმოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე. სსიპ ა.ე.ბ–ოს 31.01.2013წ. №195 ბრძანებით მოსარჩელის შრომის ანაზღაურება გაიზარდა და განისაზღვრა დასაბეგრი 2120 ლარის ოდენობით.
7. სსიპ ა.ე.ბ–ოს 01.10.2013წ. №144 ბრძანებით მოსარჩელეს, ბიუროს სხვა თანამშრომლებთან ერთად, გამოეცხადა მადლობა, ხოლო 18.08.2014წ. №918 ბრძანების საფუძველზე იგი დაინიშნა ბიუროს საქმისწარმოებისა და საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე კონკურსის წესით.
8. მოსარჩელე და მისი ოჯახი წარმოადგენდნენ პარტია ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებს. მოსარჩელე მეგობრობდა აღნიშნული პარტიის ლიდერებთან, რასაც ღიად აფიქსირებდა.
9. სსიპ ა.ე.ბ–ოს 17.03.2017წ. №215 ბრძანებით მოხდა ბიუროს სტრუქტურული ერთეულების თანამშრომელთა მოსალოდნელი გათავისუფლების თაობაზე გაფრთხილება. კერძოდ, ბიუროს შემდეგი სტრუქტურული ერთეულების: შიდა ინსპექტირების სამსახურის, ბრენდის განვითარებისა და გაყიდვების სტიმულირების სამსახურის, სერვისების განვითარების სამსახურის, ლოჯისტიკის სამსახურის, ფინანსების, სტატისტიკისა და შესყიდვების სამსახურის, საქმეების კოორდინაციის სამსახურის, იურიდიული სამსახურის, საქმისწარმოებისა და საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლები, მათ შორის მოსარჩელე, გაფრთხილებულ იქნენ მოსალოდნელი გათავისუფლების თაობაზე. გაფრთხილების წერილის გაგზავნის საფუძველი იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრის 06.05.2014წ. №24 ბრძანება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ ა.ე.ბ–ოს დებულების დამტკიცების შესახებ (იმ დროისათვის არსებული ცვლილებების გათვალისწინებით), ასევე შრომის კოდექსის 37-38-ე მუხლები.
10. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 06.05.2014წ. №24 ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ ა.ე.ბ–ოს დებულება. აღნიშნული დებულებით განისაზღვრა საქმისწარმოებისა და საინფორმაციო სამსახურის მიზნები, ფუნქციები და ამოცანები. სამსახურის სტრუქტურულ დანაყოფებს წარმოადგენდა: ა) საქმისწარმოების განყოფილება; ბ) საინფორმაციო განყოფილება.
11. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 16.03.2017წ. №222 ბრძანებით ცვლილება შევიდა 06.05.2014წ. №24 ბრძანებაში და მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „მე-10 და მე-11 მუხლები ამოღებულ იქნა“. საქმისწარმოებისა და საინფორმაციო სამსახურის ფუნქციების ნაწილი, კერძოდ, საინფორმაციო განყოფილების ფუნქციები დაემატა სერვისებისა ბრენდის განვითარების სამსახურს, ხოლო საქმისწარმოების განყოფილების ფუნქციები იურიდიულ სამსახურს.
12. ვინაიდან, 06.05.2014წ. №24 ბრძანებაში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, გაუქმდა საქმისწარმოებისა და საინფორმაციო სამსახური, მომხმარებელთან ურთიერთობის განყოფილებაში გადაყვანილ იქნენ მხოლოდ საინფორმაციო განყოფილების თანამშრომლები.
13. რეორგანიზაციიდან გამომდინარე შრომითი ურთიერთობის შეწყვეტამდე მოსარჩელეს მოპასუხემ შესთავაზა სერვისებისა და ბრენდის განვითარების სამსახურის მომხმარებელთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის ვაკანტურ პოზიციაზე მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნა, რაც მოსარჩელის მიერ რეორგანიზაციამდე დაკავებული თანამდებობის ფუნქციური დატვირთვის მქონე იყო. მოსარჩელემ აღნიშნულზე უარი განაცხადა და მოვალეობის შემსრულებლის ნაცვლად, პირდაპირ თანამდებობაზე დანიშვნა მოითხოვა.
14. მოსარჩელემ ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის გარეშე დანიშვნის მოთხოვნაზე მოპასუხის მხრიდან 13.04.2017წ. მიიღო წერილობითი უარი.
15. სსიპ ა.ე.ბ–ში განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლდა 7 თანამშრომ–: ლოჯისტიკის სამსახურის უფროსი, საქმისწარმოებისა და საინფორმაციო სამსახურის უფროსი, იურიდიული სამსახურის უფროსი, შიდა ინსპექტირების სამსახურის უფროსი, კოორდინაციის სამსახურის უფროსი, ბრენდის განვითარებისა და გაყიდვების სტიმულირების სამსახურის უფროსი, ფინანსების, სტატისტიკისა და შესყიდვების სამსახურის უფროსი. თითოეული მათგანისთვის ა.ე.ბ–ოს ხელმძღვანელის მიერ შეთავაზებულ იქნა ახალი, გაერთიანებული სამსახურის უფროსის ან განყოფილების უფროსის ვაკანტურ პოზიციაზე მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნა, რაზეც თანხმობა განაცხადა ყველა თანამშრომელმა, ლოჯისტიკის სამსახურის უფროსისა და მოსარჩელის გარდა. რეორგანიზაციის შედეგად ასევე გაუქმდა საქმეების კოორდინაციის სამსახური და მისი უფროსი პირადი განცხადებით დაინიშნა სსიპ ა.ე.ბ–ოს შიდა კონტროლისა და აუდიტის სამსახურის მიმდინარე საქმეების კოორდინაციის თანამდებობაზე მოვალეობის შემსრულებლად.
16. სსიპ ა.ე.ბ–ოს თავმჯდომარის 13.04.2017წ. №300 ბრძანებით და საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის 13.04.2017წ. №2217 თანხმობით მოსარჩელე საქართველოს შრომის კოდექსის 37.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან 2017 წლის 18 აპრილიდან.
17. მოსარჩელეს რეორგანიზაციის კანონიერება, იუსტიციის მინისტრის ნორმატიული აქტი სსიპ ა.ე.ბ–ოს დებულებაში და სტრუქტურაში ცვლილელების შეტანის შესახებ ადმინისტრაციული წესით არ გაუსაჩივრებია.
18. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ და მოითხოვა: მოპასუხის მხრიდან პოლიტიკური ნიშნით მის მიმართ დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა და მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 5000 ლარის დაკისრება; მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე მოპასუხის 13.04.2017წ. №300 ბრძანების ბათილად ცნობა; ტოლფას სამუშაო ადგილზე - სსიპ ა.ე.ბ–ოს სერვისებისა და ბრენდის განვითარების სამსახურის მომხმარებელთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე აღდგენა და მოპასუხისათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრება 2017 წლის 18 აპილიდან სამუშაოზე აღდგენამდე, ყოველთვიურად დასაბეგრი 2120 ლარის ოდენობით.
19. სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
19.1. მოსარჩელე 2006 წლიდან გათავისუფლებამდე სსიპ ა.ე.ბ–ში იკავებდა სხვადასხვა პოზიციებს. 2014 წლის აგვისტოში იგი კონკურსის შედეგად დაინიშნა ბიუროს საქმისწარმოებისა და საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე;
19.2. მოსარჩელე მოპასუხის საქმისწარმოებისა და საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში წარმატებულად ართმევდა თავს დაკისრებულ მოვალეობებს, რაზეც მიუთითებს მისი ხელმძღვანელობით წარმოებული საქმეები და დოკუმენტების ოდენობა;
19.3. მოსარჩელის დანიშვნა მოხდა ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში. 2012 წლის შემდგომ, ხელისუფლების შეცვლის მიუხედავად, მოსარჩელე განაგრძობდა ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერას და მის ლიდერებთან მეგობრობას. კერძოდ, იგი დაუფარავად აფიქსირებდა თავის პოლიტიკურ შეხედულებებს, აქტიურად დადიოდა პარტიის მიერ ორგანიზებულ შეხვედრებზე და აქციებზე;
19.4. მოსარჩელე ა.ე.ბ–ში მუშაობდა ნ. (ნ.) მ–ას ხელმძღვანელობის პერიოდში, რომელთანაც, როგორც პოლიტიკურ ლიდერთან, შემდგომშიც ჰქონდა კავშირი. იგი ასევე მეგობრობდა ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთ ლიდერთან, გ. (გ.) უ–თან და ხშირად დადიოდა მის სასამართლო პროცესებზე, ასევე, სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან გამართულ სხვადასხვა აქციებზე და ღონისძიებებზე. ყოველივე აღნიშნულის გამო, მას არაერთხელ შეექმნა პრობლემა სამსახურში;
19.5. მოსარჩელე ხშირად დადიოდა პარტიის პოლიტიკური ლიდერების სასამართლო პროცესებზე. ამასთან, არასამუშაო საათებში ჩართული იყო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ნ. რ–ას, როგორც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, საარჩევნო შტაბის მუშაობაში;
19.6. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 16.02.2017წ. №22 ბრძანებით საქართველოს იუსტიციის მინისტრის 06.05.2014წ. №24 ბრძანებაში (რომლითაც განისაზღვრებოდა ბიუროს საქმისწარმოებისა და საინფორმაციო სამსახურის უფროსის ფუნქციები) განხორციელებული ცვლილებებით გაუქმდა საქმისწარმოებისა და საინფორმაციო სამსახური და მისი ფუნქციების ნაწილი დაეკისრა სერვისებისა და ბრენდის განვითარების სამსახურს;
19.7. ბიუროს სტრუქტურაში განხორციელებული ცვლილებების შემდგომ, მოსარჩელეს შესთავაზეს სერვისებისა და ბრენდის განვითარების სამსახურის მომხმარებელთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის ვაკანტურ პოზიციაზე მოვალეობის შემსრულებლად გადანიშვნა. ამასთან, საქმისწარმოებისა და საინფორმაციო სამსახურის თანამშრომელთა სრული შემადგენლობა გადაინიშნა სწორედ აღნიშნულ განყოფილებაში და მათი დანიშვნა მოხდა კონკურსის გარეშე;
19.8. ვინაიდან, მოსარჩელისათვის შეთავაზებული თანამდებობა ფუნქციურად ცვლილებამდე დაკავებული თანამდებობის ანალოგიური იყო, მოსარჩელემ შეთავაზებულ თანამდებობაზე კონკურსის გარეშე დანიშვნა მოითხოვა, რაზეც 2017 წლის 13 აპრილს წერილობითი უარი მიიღო;
19.9. აღმოჩნდა, რომ 2017 წლის 12 აპრილს ა.ე.ბ–ოს თავმჯდომარეს უკვე ჰქონდა მიმართული საქართველოს იუსტიციის მინისტრისათვის მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლებაზე თანხმობის მიღების მოთხოვნით, ხოლო 2017 წლის 13 აპრილს, აღნიშნული თანხმობის მიღების შემდგომ, მოსარჩელე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა;
19.10. ა.ე.ბ–ში განხორციელებული ცვლილებები ატარებდა ფორმალურ ხასიათს და ის არ წარმოადგენდა რეალურ რეორგანიზაციას. აღნიშნული სტრუქტურული ცვლილებები არ ამცირებდა არც შტატების ოდენობას და არც ბიუჯეტით გათვალისწინებულ სახელფასო ფონდს. ცვლილებების ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს წარმოადგენდა მოსარჩელის მსგავსი პოლიტიკური შეხედულებების გამო მიუღებელი კადრების თანამდებობიდან გათავისუფლება.
20. მოპასუხემ წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ ცნო. მოპასუხის განმარტებით, მისთვის არ ყოფილა ცნობილი, რა ღონისძიებებსა და შეხვედრებს ესწრებოდა მოსარჩელე. ხელისუფლების შეცვლის შემდგომ იგი აგრძელებდა ა.ე.ბ–ში საქმიანობას. მოპასუხეს მისთვის პოლიტიკური შეხედულების გამო არ შეუქმნია არანაირი პრობლემა.
21. მოპასუხემ ასევე განმარტა, რომ მოსარჩელის გათავისუფლება მოხდა რეორგანიზაციის შედეგად და სიმართლეს არ შეესაბამება ის გარემოება, რომ ცვლილებების ერთ-ერთ მიზანს პოლიტიკური შეხედულებების გამო მიუღებელი კადრების თანამდებობიდან გათავისუფლება წარმოადგენდა. მოპასუხის მხრიდან ერთგვაროვანი მიდგომა იქნა გამოყენებული რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლებული ყველა თანამშრომლის მიმართ. რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლდა 7 თანამშრომ–, თითოეულ მათგანს ბიუროს ხელმძღვანელმა შესთავაზა ახალი, გაერთიანებული სამსახურის უფროსის ან განყოფილების უფროსის ვაკანტურ პოზიციაზე მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნა, რაზეც თანხმობა განაცხადა ყველა თანამშრომელმა, გარდა მოსარჩელისა და ლოჯისტიკის სამსახურის უფროსისა.
22. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
23. მოსარჩელემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
24. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 09 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
25. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-17 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
26. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მიუთითებს მის მიმართ პოლიტიკური ნიშნით განხორციელებულ დისკრიმინაციაზე, რაც წარმოადგენს დაცულს ნიშანს საქართველოს შრომის კოდექსის 2.3 მუხლით. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3632-ე, 3633-ე, 3635-ე მუხლებით, რომლებიც დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ საქმეებზე სამართალწარმოების პროცედურებს აწესრიგებენ და მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ მიუთითა საკმარისი ფაქტები და ვერ წარადგინა დამაჯერებელი მტკიცებულებები, რაც მოპასუხის მხრიდან მის მიმართ დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდის საფუძველს იძლევა.
27. სააპელაციო პალატის განმარტებით, მოსარჩელემ დისკრიმინაციასთან დაკავშირებით უნდა მიუთითოს დაცული ნიშანი, რომელიც მას გააჩნია ან მოპასუხის შეხედულებით გააჩნია, მიუხედავად იმისა, რეალურად ამ დაცული ნიშნის მატარებელი არის თუ არა მოსარჩელე. მან ასევე უნდა მიუთითოს კონკრეტული ფაქტები, რომლებიც მისი მოსაზრებით იძლევა დისკრიმინაციულად მოპყრობის (გონივრული) ვარაუდის შესაძლებლობას, რის შემდეგაც მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტების უარყოფისა და სხვებთან შედარებით თანაბრად (არადისკრიმინაციულად) მოპყრობის მტკიცების ტვირთი გადადის მოპასუხეზე. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ მიუთითა დაცული ნიშანი - კონკრეტული პოლიტიკური პარტიისადმი მისი ოჯახის წევრების კუთვნილება და მხარდაჭერა, ხოლო ფაქტების მითითების ნაწილში მიიჩნია, რომ მასთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა მოხდა სწორედ პოლიტიკური შეხედულებებისა და კუთვნილების თვალსაზრისით და არა რეორგანიზაციის გამო, თუმცა სასამართლომ აღნიშნული მითითება არასაკმარისად მიიჩნია, ვინაიდან მოსარჩელემ მხოლოდ სასამართლოს მთავარ სხდომაზე, ახსნა-განმარტების მიცემისას მიუთითა კონკრეტული ფაქტების შესახებ (იუსტიციის მინისტრის მიერ გაჟღერებული ნეგატიური შეხედულება ა.ე.ბ–ოს თანამშრომელთა თათბირზე ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერ თანამშრომელთა მიმართ), რაც მას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 219.1 მუხლით ეზღუდება. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მართებულად ჩათვალა საქალაქო სასამართლოს მოსაზრება, რომ მოსარჩელის მიერ დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტების არასრულყოფილად მითითების გამო, მოპასუხე მოკლებულია შესაძლებლობას ამტკიცოს საწინააღმდეგო, ხოლო სასამართლო - შეაფასოს ქმედება მოსარჩელესთან მიმართებით წარმოადგენს თუ არა დისკრიმინაციულს.
28. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე მიიჩნია, რომ მოპასუხე არ იყო ვალდებული მოსარჩელე კონკურსის გარეშე დაენიშნა სხვა თანამდებობაზე. სასამართლომ მოიხმო „საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, თანამდებობაზე უკონკურსოდ შეიძლება დაინიშნონ მოხელეები - იმავე დაწესებულების სხვა სტრუქტურულ ერთეულში გადაყვანისას, თუ მათ მიერ კონკურსის წესით დაკავებული თანამდებობისა და დასაკავებელი თანამდებობისთვის ერთი და იგივე საკონკურსო მოთხოვნებია წაყენებული და აღნიშნა, რომ, მისი მოსაზრებით, დასახელებული მუხლი ადმინისტრაციულ ორგანოს აძლევს შესაძლებლობას, თუმცა არ აკისრებს ვალდებულებას უკონკურსოდ გადანიშნოს პირი სხვა თანამდებობაზე, იმის გათვალისწინებით, თუ ასეთი პირის მიერ დასაკავებელი პოზიცია მოითხოვს დამატებით მენეჯერული ფუნქციების განხორციელებასაც.
29. სააპელაციო პალატის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დგინდება, რომ მოპასუხის მხრიდან მოსარჩელის შეთავაზებულ თანამდებობაზე უკონკურსოდ გადაყვანა არ იქნა მიზანშეწონილად მიჩნეული. საგულისხმოა ის გარემოება, რომ რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლებულ სამსახურის ყველა უფროსს, პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, მათ შორის მოსარჩელეს, მოპასუხემ შესთავაზა მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნა, შესაბამისად, ვინც თანხმობა განაცხადა, მოხდა მათი მოვალეობის შემსრულებლებად გადაყვანა, ანუ მოპასუხის მხრიდან ყველა თანამშრომლის მიმართ გამოყენებულ იქნა ერთნაირი სტანდარტი და მიდგომა, გამონაკლისის დაშვება არ მომხდარა. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელესთან მიმართებით შესადარებელ (გათავისუფლებულ) პირებს მოპასუხე თანაბრად არადისკრიმინაციულად მოექცა, რის გამოც მოსარჩელის დისკრიმინაცია ან არათანაბარი მოპყრობა მოვალეობის შემსრულებლად გადაყვანის შეთავაზებისას არ მომხდარა.
30. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებით დგინდება, რომ რეორგანიზაციის შედეგად კონკურსის გავლა შეეხოთ შემდეგ სამსახურებსა და პოზიციებს: შიდა კონტროლისა და აუდიტის სამსახურის უფროსი, შიდა კონტროლისა და აუდიტის სამსახურის მიმდინარე საქმეების კოორდინატორი, ეკონომიკური სამსახურის უფროსი, იურიდიული სამსახურის უფროსი, სერვისებისა და ბრენდის განვითარების სამსახურის უფროსი. აღნიშნული გამოწვეული იყო იმით, რომ დაკავებული და დასაკავებელი თანამდებობებისათვის წაყენებული საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავებულია სამსახურის გაერთიანების შედეგად დამატებული ფუნქციებიდან გამომდინარე. ხოლო, იმ სამსახურის ან განყოფილების ხელმძღვანელი, რომლის ფუნქცია-მოვალეობებშიც არ შესულა ცვლილებები და შეიცვალა მხოლოდ სამსახურის დასახელება, გადაინიშნა სხვა პოზიციაზე კონკურსის გარეშე. ამდენად, იმ სამსახურებში, რომელთაც შეეცვალათ ფუნქცია, სამსახურის ხელმძღვანელები დაინიშნენ მოვალეობის შემსრულებლებად, ვინაიდან ახალი საშტატო განრიგის დამტკიცებამ გამოიწვია ახალ პოზიციებზე მათი მოვალეობის შემსრულებლებად გადანიშვნა და ახალი საკვალიფიკაციო მოთხოვნების გაჩენა, რომელიც კონკურისის საფუძველზე უნდა შემოწმებულიყო.
31. აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, იმგვარი სამართლებრივი დასკვნა, რომ მოსარჩელის მიმართ ადგილი ჰქონდა დისკრიმინაციულ მოპყრობას, მიზანშეუწონელია, ხოლო ის გარემოება, რომ მოსარჩელე იყო რომელიმე პოლიტიკური პარტიის შეხედულებების მხარდამჭერი და გარკვეულ განცხადებებს აკეთებდა სხვადასხვა საკითხებზე, არ იძლევა მოსარჩელის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის დასკვნის გაკეთების საფუძველს. შესაბამისად, ცხადია, არ იკვეთება მოპასუხის დისკრიმინაციული ქმედება, ქმედებასა და მორალურ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირი და ზიანის მიმყენებლის ბრალი, რაც, თავის მხრივ, გამორიცხავს ზიანის არსებობის ფაქტს. აქედან გამომდინარე, არ არსებობს მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის კანონით გათვალისწინებული საფუძვლები (სსკ-ის 413-ე მუხლი).
32. გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნებთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლი (სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი შრომის კოდექსის 37-ე მუხლი) არეგულირებს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ლეგალურ საფუძვლებს. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის (სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი შრომის კოდექსის 37.1 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი) თანახმად, დამსაქმებელი უფლებამოსილია შეწყვიტოს ხელშეკრულება, თუ არსებობს ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომელიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას. მოცემულ შემთხვევაში უდავოა, რომ მოსარჩელე გათავისუფლებამდე დასაქმებული იყო სსიპ ა.ე.ბ–ში, რომლის სტრუქტურას დებულებით ამტკიცებს იუსტიციის მინისტრი ადმინისტრაციული აქტით. ასევე, უდავოა, რომ სტრუქტურა დამტკიცებული იყო იუსტიციის მინისტრის 2014 წლის ბრძანებით, რომელშიც 2017 წელს შევიდა ცვლილებები და სტრუქტურა ახლებურად მოწესრიგდა. შესაბამისად, ის გარემოება არსებობდა თუ არა რეორგანიზაციის საჭიროება და იწვევდა თუ არა აღნიშნული შტატების შემცირებას, წინამდებარე დავის ფარგლებში გადასაწყვეტ საკითხს არ წარმოადგენდა, ვინაიდან აღნიშნულის განხორციელება ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე მოხდა, ხოლო მოსარჩელის მიერ რეორგანიზაციის კანონიერება ადმინისტრაციული წესით სადავოდ არ გამხდარა.
33. სააპელაციო პალატის შეფასებით, საქალაქო სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ მოცემული დავის ფარგლებში უნდა შეფასდეს მხოლოდ ის გარემოება, რამდენად სამართლიანად მოხდა მოსარჩელის გათავისუფლება (შერჩევის სტადიაზე) სხვა პირებთან შედარებით და ხომ არ განხორციელდა მისი დისკრიმინაცია. უდავოა, რომ მოსარჩელეს, ისევე როგორც სხვა სამსახურის უფროსებს, შესთავაზეს რეორგანიზაციის პროცესში სხვა ტოლფასი თანამდებობა, თუმცა მოსარჩელემ უარი განაცხადა აღნიშნულ თანამდებობაზე მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნაზე. ზემოთ აღინიშნა, რომ სსიპ ა.ე.ბ–ო არ იყო ვალდებული მოსარჩელე კონკურსის გარეშე დაენიშნა სხვა თანამდებობაზე. შესაბამისად, საქალაქო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ არ არსებობდა მოპასუხის მხრიდან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ გასაჩივრებული ბრძანების ბათილად ცნობის, ასევე, სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
34. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მოსარჩელემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
35. კასატორმა საკასაციო საჩივარში მიუთითა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:
35.1. სააპელაციო სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა სააპელაციო საჩივრის, სააპელაციო შესაგებლისა და პროცესზე მხარეთა მიერ დაფიქსირებული პოზიციების ფარგლებში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეიცავს აპელანტის პოზიციის გაუზიარებლობის დასაბუთებას. სასამართლოს სიტყვა-სიტყვით აქვს გადაწერილი პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და მხოლოდ რამდენიმე აბზაცში უთითებს, რომ ეთანხმება აღნიშნულ გადაწყვეტილებას;
35.2. არცერთი ინსტანციის სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო, რომ მთელ რიგ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით მოპასუხეს შედავება არ ჰქონია არც შესაგებელში და არც მოსამზადებელ სხდომაზე დაუფიქსირებია რაიმე სხვა პოზიცია;
35.3. გათავისუფლების კანონიერების დასასაბუთებლად მოპასუხეს არ მიუთითებია იმ ფაქტობრივი გარემოების შესახებ, რომ იუსტიციის მინისტრის ნორმატიული აქტი სსიპ ა.ე.ბ–ოს დებულებაში და სტრუქტურაში ცვლილელების შეტანის შესახებ მოსარჩელეს ადმინისტრაციული წესით არ გაუსაჩივრებია. თუმცა, ამ ფაქტობრივ გარემოებას წინამდებარე დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვინაიდან მოსარჩელე დავობს, რომ იგი ტოლფას თანამდებობაზე უნდა დაენიშნათ;
35.4. მოპასუხეს შესაგებლით სადავოდ არ გაუხდია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები და, შესაბამისად, ისინი სასამართლოს უდავო გარემოებებად უნდა მიეჩნია: მოსარჩელის დანიშვნა მოხდა ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში. 2012 წლის არჩევნების შემდგომ, ხელისუფლების შეცვლის მიუხედავად, იგი განაგრძობდა ნაციონალური მოძრაობისა და მისი ლიდერების მხარდაჭერას, კერძოდ, იგი დაუფარავად აფიქსირებდა საკუთარ პოლიტიკურ შეხედულებებს, აქტიურად დადიოდა პარტიის მიერ ორგანიზებულ შეხვედრებზე და აქციებზე; მოსარჩელე მუშაობდა ა.ე.ბ–ში ნ. (ნ.) მ–ას ხელმძღვანელობის პერიოდში და მასთან, როგორც პოლიტიკურ ლიდერთან, ჰქონდა კავშირი, რის გამოც არაერთხელ შექმნია პრობლემები სამსახურში; მოსარჩელე ოჯახის წევრებთან ერთად, ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერის მიზნით, ხშირად დადიოდა პარტიის პოლიტიკური ლიდერების სასამართლო პროცესებზე და არ მალავდა საკუთარ პოლიტიკურ შეხედულებებს. ამასთან, არასამუშაო საათებში იგი ჩართული იყო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ნ. რ–ას, როგორც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, საარჩევნო შტაბის მუშაობაში;
35.5. გარდა ამისა, სარჩელში მითითებულია, რომ მოსარჩელე არის პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის მსხვერპლი, რაზეც შესაგებელში ასევე არ არის პასუხი გაცემული;
35.6. გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებულია, რომ სსიპ ა.ე.ბ–ო არ იყო ვალდებული მოსარჩელე კონკურსის გარეშე გადაენიშნა სხვა თანამდებობაზე. აღნიშნულის თაობაზე არც მოსარჩელის ფაქტობრივ გარემოებებზე გამოთქმულ პოზიციაში და არც დამატებით ფაქტობრივ გარემოებებში არ არის მითითებული. სსიპ ა.ე.ბ–ო „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, ვალდებული იყო მოსარჩელე დაენიშნა ტოლფას თანამდებობაზე - სსიპ ა.ე.ბ–ოს სერვისებისა და განყოფილების ბრენდის განვითარების სამსახურის მომხმარებელთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე;
35.7. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, მოსარჩელე იმიტომ არ დაინიშნა პირდაპირ ტოლფას თანამდებობაზე, რომ ძველი და ტოლფასი თანამდებობის საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავებული იყო, თუმცა გაურკვეველია რის საფუძველზე დაადგინა სასამართლომ ეს გარემოება. აღნიშნულის თაობაზე მოპასუხეს არც შესაგებელში და არც პროცესის მიმდინარეობისას მიუთითებია. შესაბამისად, სასამართლომ არასწორად დაადგინა აღნიშნული გარემოება. მოპასუხეს არ მიუთითებია საკვალიფიკაციო მოთხოვნების განსხვავებულობის თაობაზე, არამედ, პირიქით, როგორც შესაგებელში, ისე სასამართლო პროცესზე, დაადასტურა საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და ფუნქციების იგივეობა. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს თავადვე აქვს დადგენილი (გადაწყვეტილების 4.8 პუნქტი (წინამდებარე განჩინების მე-13 პუნქტი)), რომ ფუნქციურად ეს ორი თანამდებობა ერთი და იგივე იყო;
35.8. მოპასუხემ როგორც შესაგებელში, ისე სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მოსარჩელის პირდაპირ დანიშვნა იმის გამო არ მოხდა, რომ მან ეს მიზანშეწონილად არ მიიჩნია, თუმცა კონკრეტულად რის გამო არ მიიჩნია მიზანშეწონილად მოპასუხემ ვერ დაასაბუთა. მოპასუხეს უნდა დაესაბუთებინა რა ლეგიტიმური მიზანი ჰქონდა მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნისას და რატომ არ შეიძლებოდა ამ მიზნის მიღწევა პირდაპირ ტოლფას თანამდებობაზე დანიშვნით;
35.9. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოება: იმ სამსახურის ან განყოფილების ხელმძღვანელი, რომლის ფუნქცია-მოვალეობებშიც არ შესულა ცვლილებები და შეეცვალა მხოლოდ სამსახურის დასახელება, გადაინიშნა სხვა პოზიციაზე კონკურსის გარეშე, ხოლო იმ სამსახურებში, რომელთაც შეეცვალათ ფუნქციები, სამსახურის ხელმძღვანელები დაინიშნენ მოვალეობის შემსრულებლებად, ვინაიდან ახალი საშტატო განრიგის დამტკიცებამ გამოიწვია ახალ პოზიციებზე მათი მოვალეობის შემსრულებლებად დანიშვნა და ახალი საკვალიფიკაციო მოთხოვნების გაჩენა, რომელიც კონკურსის საფუძველზე უნდა შემოწმებულიყო. გაურკვეველია, როგორ დაადგინა სასამართლომ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება მაშინ, როდესაც მოპასუხეს მასზე არ მიუთითებია და არც ამის დამადასტურებელი მკიცებულებებები წარუდგენია;
35.10. სსიპ ა.ე.ბ–ოს საქმისწარმოების განყოფილების უფროსი რეორგანიზაციის შემდგომ დაინიშნა პირდაპირ და არა მოვალეობის შემსრულებლად. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება დაადასტურა თავად მოპასუხის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე, შესაბამისად, გაურკვეველია სასამართლომ როგორ დაადგინა, რომ ყველა ხელმძღვანელ თანამდებობაზე დასაქმებულ პირს შესთავაზეს მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნა. ერთადერთი არგუმენტი, რაც მოპასუხეს ამ ფაქტთან დაკავშირებით ჰქონდა, იყო ის, რომ თანამდებობას სახელი არ შეცვლია. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ გამარტივებულ სამსახურს შეეცვალა დებულება და დაემატა ახალი ფუნქცია (სესხის მონიტორინგი), მაგრამ სამსახურის უფროსი დანიშნეს კონკურსის გარეშე. აღნიშნული გარემოებაც დაადასტურა მოპასუხემ და სასამათლომ არც ეს ფაქტობრივი გარემოება მიიღო მხედველობაში;
35.11. სასამართლომ გათავისუფლების კანონიერების დასაბუთებასთან დაკავშირებით მტკიცების ტვირთი არ დააკისრა მოპასუხეს და თავადვე მიუთითა ახალ ფაქტებზე, რომლებიც არცერთ მხარეს არ ჰქონდა მითითებული და თავადვე სცადა გათავისუფლების კანონიერების დასაბუთება;
35.12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შესაძლებელია იმის დასკვნა, რომ სახეზეა შეჯიბრებითობის, დისპოზიციურობისა და დავის მიუკერძოებლად გადაწყვეტის პრინციპების დარღვევა, რადგან სასამართლომ, მოსარჩელის საზიანოდ, საკუთარი ინიციატივით, მიუთითა ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც წინააღმდეგობაში მოდის საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან, შესაგებელთან და მოპასუხის მიერ პროცესზე გაჟღერებულ პოზიციასთან. გაურკვეველია, რას დაეყრდნო სააპელაციო სასამართლო;
35.13. მოპასუხე არ შედავებია სარჩელში მითითებულ გარემოებას, რომ მოსარჩელე სსიპ ა.ე.ბ–ს საქმისწარმოებისა და საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში დაკისრებულ მოვალეობებს თავს წარმატებულად ართმევდა. ამ გარემოების დადგენა მნიშვნელოვანია მოსარჩელის კვალიფიციურობის, მის მიერ დაკისრებული ვალდებულებების ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შესრულებისათვის კიდევ ერთხელ ხაზგასასმელად;
35.14. სასამართლომ არ დაადგინა, რომ ა.ე.ბ–ში განხორციელებული ცვლილებები ატარებდა ფორმალურ ხასიათს და რეალურ რეორგანიზაციას არ წარმოადგენდა. აღნიშნული სტრუქტურული ცვლილებები არ ამცირებდა არც შტატების რაოდენობას და არც ბიუჯეტით გათვალისწინებულ სახელფასო ფონდს. ის გარემოება, რომ შტატები და ბიუჯეტი არ შემცირებულა, მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია. ცვლილებების ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს წარმოადგენდა მოსარჩელის მსგავსი, მოპასუხისთვის პოლიტიკური შეხედულებების გამო მიუღებელი კადრების გათავისუფლება;
35.15. თუმცა, თუნდაც სასამართლოს ეს მიზანი ვერ დაედგინა, ის გარემოება, რომ კადრები და სახელფასო ფონდი არ შემცირებულა, დადასტურებულია როგორც რეორგანიზაციამდე, ისე რეორგანიზაციის შემდგომ არსებული საშტატო ნუსხებითა და მოპასუხის სახელფასო ბიუჯეტით. ასევე, მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია მოსარჩელის მიერ მითითებული თანამდებობის ტოლფასოვნება, პირიქით, მან დაადასტურა ფუნქციურად და საკვალიფიკაციო მოთხოვნების მხრივ მისი იდენტურობა, იგი მხოლოდ იმას განმარტავდა, რომ მიზანშეწონილად არ მიიჩნია მოსარჩელის ტოლფას თანამდებობაზე დანიშვნა;
35.16. ამდენად, უნდა მომხდარიყო მოსარჩელის თანამდებობაზე უკონკურსოდ და არა მისი მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნა;
35.17. სასამართლომ არასწორად განმარტა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი და ამ ნორმის განმარტებისას საერთოდ არ იმსჯელა უფლების ბოროტად გამოყენებისა და სამოქალაქო უფლებების კეთილსინდისიერად განხორციელების პრინციპებზე. სასამართლომ აღნიშნული ნორმა განმარტა არა სამოქალაქო სამართლის პრინციპებზე დაყრდნობითა და არსებული სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინებით, არამედ ყურადღება გაამახვილა მხოლოდ ერთ სიტყვაზე - „შეიძლება“.
35.18. მოცემულ შემთხვევაში დარღვეულია კეთილსინდისიერებისა და მართლზომიერების პრინციპები, ასევე, ადგილი აქვს უფლების ბოროტად გამოყენებას, თუმცა აღნიშნული სასამართლოს არ შეუსწავლია. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ნახსენებიც კი არ არის უფლების ბოროტად გამოყენების ცნება, მისი მნიშვნელობა და კეთილსინდისიერების პრინციპთან ერთად მისი მბოჭავი ბუნება პირის რეორგანიზაციის მოტივით სამსახურიდან გათავისუფლებისას;
35.19. როგორც საქალაქო სასამართლოში, ისე სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მოსარჩელემ ცალსახად განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში დისკრიმინაცია არ იყო გათავისუფლების შესახებ ბრძანების უკანონოდ ცნობის ერთადერთი საფუძველი, არამედ დისკრიმინაცია დამოუკიდებელი არგუმენტი იყო ზემოთ მითთებულ არგუმენტებთან ერთად. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა აღნიშნულ განმარტებას, თუმცა ისევე როგორც ყველა სხვა საკითხზე, გადაწყვეტილებაში მიუთითა იგივე, რაც პირველი ინსტანციის სასამართლომ;
35.20. მოცემულ შემთხვევაში ცალსახად დგინდება დისკრიმინაციის ფაქტი, რადგან მოპასუხემ ვერ შეძლო მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზება, ხოლო მოსარჩელემ გონივრული მტკიცების სტანდარტის ფარგლებში შეძლო ამ გარემოების დადასტურება. მოსარჩელე უთითებდა, რომ იგი სამსახურიდან გაათავისუფლეს პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის გამო, ხოლო მოპასუხემ ვერ დაასაბუთა რომ აღნიშნულს ადგილი არ ჰქონია. თუმცა, მიუხედავად ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილება - არდაკმაყოფილებისა, ბრძანება მაინც უკანონოა, რადგან მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე პირდაპირ უნდა დანიშნულიყო, კეთილსინდისიერებისა და უფლების ბოროტად გამოყენების აკრძალვის პრინციპების საფუძველზე, საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის განმარტებიდან გამომდინარე;
35.21. სამსახურის უფროსებს, რომლებიც მოვალეობის შემსრულებლებად დაინიშნენ, გაეზარდათ ფუნქცია-მოვალეობები და, შესაბამისად, ეკუთვნოდათ კონკურსის გავლა, ხოლო მოსარჩელის ფუნქცია-მოვალეობები, პირიქით, შემცირდა. ამასთან, მოსარჩელე ითხოვდა არა სამსახურის უფროსად, არამედ განყოფილების უფროსად დანიშვნას, ხოლო მოყვანილი მაგალითები შეეხებოდათ სამსახურის უფროსებს, თუმცა არც აღნიშნულს ჰქონდა საქმისათვის მნიშვნელობა;
35.22. სასამართლომ არ გაიზიარა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომა მტკიცების სტანდარტთან დაკავშირებით, რომელსაც ევროსასამართლო იყენებს სხვადასხვა დარღვევებზე, მათ შორის, თანასწორობის უფლების დარღვევებზე განაცხადების განხილვისას. მხედველობაშია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, რომლის მიხედვით: „მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად მყარი, ნათელი და თანმხვედრი დასკვნებიდან ან ფაქტების ცალსახა პრეზუმფციიდან“ (იხ. ევროსასამართლოს გადაწყვეტილებები: „Anguelova v. Bulgaria“; „ღარიბაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“);
35.23. რეორგანიზაციის საფუძვლით გათავისუფლებასთან დაკავშირებით არსებული განმარტებები ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას;
35.24. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განჩინება გათავისუფლების კანონიერებასთან და დისკრიმინაციასთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია. შესაბამისად, არასწორი გადაწყვეტილებაა ასევე მიღებული სამსახურში აღდგენის, განაცდურისა და მორალური ზიანის ანაღაურების ნაწილშიც.
36. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 16 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
37. საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 09 თებერვლის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
38. წინამდებარე შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია საქართველოს შრომის კოდექსის (შემდგომში - „სშკ“) 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის (კანონის დავის წარმოშობის დროს მოქმედი რედაქცია) შესაბამისად დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის მართლზომიერება.
39. კასატორი დავობს, რომ მასთან შრომითი ხელშეკრულება შეწყდა დისკრიმინაციული მოტივით - მისი პოლიტიკური შეხედულების გამო. კასატორის მტკიცებით, სსიპ ა.ე.ბ–ში ჩატარებულ რეორგანიზაციას ფორმალური ხასიათი ჰქონდა და რეალურად მიზნად ისახავდა დამსაქმებლისათვის პოლიტიკური შეხედულების გამო მიუღებელი კადრების გათავისუფლებას. ამდენად, მოპასუხის მიერ გამოვლენილი ნება - მოსარჩელის გათავისუფლების თაობაზე, უპირველეს ყოვლისა, სწორედ, ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის ჭრილში უნდა შეფასდეს.
40. სშკ-ის 37-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის (კანონის დავის წარმოშობის დროს მოქმედი რედაქცია) თანახმად, დაუშვებელია შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული დისკრიმინაციის საფუძვლით.
41. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ შრომით ურთიერთობაში დისკრიმინაციის საკითხის მომწესრიგებელ დებულებებს ადგენს სშკ-ის მე-2 მუხლი, რომელიც კრძალავს ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას შრომით და წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში. აღნიშნული მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების (კანონის დავის წარმოშობის დროს მოქმედი რედაქცია) თანახმად, შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით; შრომით და წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი, კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო.
42. „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლი განსაზღვრავს დისკრიმინაციის ცნებას და ადგენს „პირდაპირი“ და „ირიბი“ დისკრიმინაციის ლეგალურ დეფინიციას. „პირდაპირ“ დისკრიმინაციას მიეკუთვნება დისკრიმინატორის მხრიდან იმგვარი მოპყრობა ან პირობების შექმნა, რომელიც პირს მადისკრიმინირებელი ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო მდგომარეობაში მყოფ პირებს. რაც შეეხება „ირიბ“ დისკრიმინაციას, იგი სახეზეა მაშინ, როდესაც ფორმით ნეიტრალური და არსით დისკრიმინაციული დებულება, კრიტერიუმი ან პრაქტიკა პირს დისკრიმინაციის რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს. თუმცა, როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში, არ უნდა არსებობდეს განსხვავებული მოპყრობის გამამართლებელი გარემოებები, რაც გულისხმობს იმგვარ შემთხვევებს, როდესაც ამგვარი მოპყრობა ან პირობების შექმნა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად.
43. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონით გათვალისწინებული აბსტრაქტული ელემენტების არსებობა უპირობოდ დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის საკმარის წინაპირობას არ ქმნის. განსხვავებული მოპყრობა უნდა არსებობდეს კანონმდებლობით აღიარებული რომელიმე უფლებით ან სიკეთით სარგებლობასთან მიმართებით, ვინაიდან ცალკე აღებული დისკრიმინაციის ინსტიტუტი დამოუკიდებელ დაცვას არ ექვემდებარება. უზენაესმა სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ დისკრიმინაციის ფაქტის დადგენისათვის უნდა არსებობდეს დაცული სფერო - უფლება, რომელშიც ხდება ჩარევა; კომპარატორი - ანალოგიურ ან არსებითად მსგავს ურთიერთობაში მყოფი პირი და ამ ორ პირს შორის მთავარი განსხვავება წარმოადგენს ე.წ. „ამოსაცნობ ნიშანს“. ამ ფაქტების საპირისპიროდ ჩარევის გამართლება გონივრული და წონადი არგუმენტებით ეკისრება განსხვავებული მოპყრობის ინიციატორს. შესაბამისად, დღის წესრიგში დგება დიკსრიმინაციის საქმეზე მტკიცების ტვირთის განაწილების საკითხი (იხ. მაგ., სუსგ საქმე №ას-864-831-2016, 03 ივლისი, 2017 წელი; №ას-319-302-2017, 28 ივლისი, 2017 წელი; №ას-247-235-2017, 29 სექტემბერი, 2017 წელი).
44. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3633-ე მუხლის თანახმად, დისკრიმინაციის შესახებ სარჩელის აღძვრისას პირმა სასამართლოს უნდა წარუდგინოს ფაქტები და შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდის საფუძველს იძლევა, რის შემდეგაც მოპასუხეს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ დისკრიმინაცია არ განხორციელებულა. დასახელებული საპროცესო ნორმა ადგენს შეზღუდვის ინიციატორის ვალდებულებას, სასამართლოს წარუდგინოს მტკიცებულებები და მიუთითოს ფაქტებზე, რომელთა ანალიზი გარკვეული ნიშნით პირის მიმართ არათანაბარი მოპყრობის ვარაუდის საფუძველს იძლევა. სწორედ ამ საპროცესო სტანდარტის დაცვის შემთხვევაში წარმოიშობა მოპასუხის ვალდებულება: ა) გაამართლოს განსხვავებული მოპყრობა ობიექტური და გონივრული არგუმენტებით, რომლებიც გადაწონის განსხვავებულ მოპყრობას და გამართლებული იქნება დემოკრატიული ღირებულებებით; ბ) ამტკიცოს განსხვავებული მოპყრობის არარსებობა (იხ. მაგ., სუსგ საქმე №ას-319-302-2017, 28 ივლისი, 2017 წელი; №ას-247-235-2017, 29 სექტემბერი, 2017 წელი).
45. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მიუთითებს დამსაქმებლის მხრიდან მის შრომით უფლებებში დისკრიმინაციული მოტივით ჩარევაზე, კერძოდ, დაკავებული თანამდებობიდან პოლიტიკური შეხედულების გამო გათავისუფლებაზე, თუმცა მას არც სარჩელში და არც საქმის მოსამზადებელ ეტაპზე მიუთითებია კონკრეტული ფაქტები, თუ რაში გამოიხატა მის შრომით უფლებაში პოლიტიკური ნიშნით ჩარევა და არ წარუდგენია შესაბამისი მტკიცებულებები, რაც სასამართლოს დისკრიმინაციული მოპყრობის დასაბუთებული ვარაუდის საფუძველს შეუქმნიდა და, შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3633-ე მუხლის მიხედვით, აღნიშნულის უარყოფის მტკიცების ტვირთს მოპასუხეზე გადაიტანდა. მხოლოდ რომელიმე პოლიტიკური პარტიის ღიად მხარდაჭერა და მათ პოლიტიკურ აქტივობებში მონაწილეობის მიღება, ამგვარი ვარაუდის საფუძველს არ იძლევა. მოსარჩელის მითითება, რომ აღნიშნულის გამო სამსახურში არაერთხელ შეექმნა პრობლემები, ზოგადი და დაუსაბუთებელია. უფრო მეტიც, მან თავად დაადასტურა, რომ 2012 წლიდან, ხელისუფლების შეცვლის მიუხედავად, იგი განაგრძობდა პოლიტიკური პარტიის - ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერას, დაუფარავად აფიქსირებდა თავის პოლიტიკურ შეხედულებებს და აქტიურად დადიოდა პარტიის მიერ ორგანიზებულ შეხვედრებზე და აქციებზე. ამასთან, სადავო არაა, რომ 2012 წლიდან გათავისუფლებამდე (18.04.2017წ.), თითქმის ხუთი წლის განმავლობაში, მოსარჩელე სსიპ ა.ე.ბ–ში სხვადასხვა პოზიციებს იკავებდა და სამსახურებრივად დაწინაურდა (იხ. წინამდებარე განჩინების 6-7 პუნქტები). ეს გარემოებები კი ერთობლიობაში, არათუ ქმნის, არამედ აქარწყლებს მოსარჩელის თანამდებობიდან დისკრიმინაციული მოტივით გათავისუფლების ვარაუდს.
46. გარდა ამისა, დადგენილია, რომ რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლდა სსიპ ა.ე.ბ–ოს 7 სამსახურის უფროსი, მათ შორის, მოსარჩელე. თითოეული მათგანისთვის ა.ე.ბ–ოს ხელმძღვანელის მიერ შეთავაზებულ იქნა ახალი, გაერთიანებული სამსახურის უფროსის ან განყოფილების უფროსის ვაკანტურ პოზიციაზე მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნა, რაზეც თანხმობა განაცხადა ყველა თანამშრომელმა, ლოჯისტიკის სამსახურის უფროსისა და მოსარჩელის გარდა. ამდენად, დამსაქმებლის მხრიდან სსიპ ა.ე.ბ–ოს სამსახურების უფროსების, ანუ არსებითად მსგავს პირობებში მყოფი პირების მიმართ თანაბარი მოპყრობა განხორციელდა, რაც ასევე დისკრიმინაციული მოპყრობის გამომრიცხველ გარემოებას წარმოადგენს.
47. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ვერ გაართვა თავი დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდის წარმოშობისათვის აუცილებელი ფაქტების მითითებისა და მტკიცების მისთვის დაკისრებულ მოვალეობას და დამაჯერებლად ვერ ახსნა პოლიტიკური შეხედულებების ნიშნით განსხვავებული მოპყრობის არსებობა.
48. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ წინამდებარე საქმეში შესაფასებელ საკითხს წარმოადგენს მხოლოდ დისკრიმინაციული მოპყრობა და მიიჩნევს, რომ აღნიშნულის გარდა, განსახილველ შემთხვევაში ასევე გამოსაკვლევია სადავო ბრძანების ბათილად ცნობის სხვა საფუძვლებიც, რომლებზეც მოსარჩელე სარჩელში მიუთითებდა.
49. კასატორი აგრეთვე დავობს, რომ დისკრიმინაციული მოპყრობა არ იყო სადავო ბრძანების ბათილად ცნობის ერთადერთი საფუძველი და აღნიშნულის დადგენის მიუხედავად, იგი ტოლფასს თანამდებობაზე უკონკურსოდ უნდა დაენიშნათ, ვინაიდან რეორგანიზაციის შედეგად არ შემცირებულა შტატების რაოდენობა და ბიუჯეტით გათვალისწინებული სახელფასო ფონდი, ხოლო მოპასუხემ ვერ დაასაბუთა რის გამო არ მიიჩნია მიზანშეწონილად მოსარჩელის უკონკურსოდ დანიშვნა.
50. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარში მითითებული პრეტენზიების გვერდის ავლით, არასწორად, ისე, რომ აღნიშნულზე მოპასუხეს თავად არ მიუთითებია, დაადგინა მოსარჩელის მიერ გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობისა და რეორგანიზაციის შემდეგ მისთვის შეთავაზებული თანამდებობის (მოვალეობის შემსრულებლად) არატოლფასოვნება; ასევე, ის გარემოება, რომ სამსახურების ან განყოფილების ხელმძღვანელების კონკურსის გარეშე ან მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნა დამოკიდებული იყო იმაზე - შეიცვალა თუ არა შესაბამისი სამსახურის ფუნქციები.
51. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, უპირველეს ყოვლისა, სასამართლო ამოწმებს რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას. ამ საკითხის გამორკვევა შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში მითითებული გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (იხ. მაგ., სუსგ საქმე №ას-151-147-2016, 19 აპრილი, 2016 წელი).
52. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლებას საფუძვლად სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი (კანონის დავის წარმოშობის დროს მოქმედი რედაქცია) დაედო. აღნიშნული მუხლის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას.
53. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ორგანიზაციული ცვლილებები (რეორგანიზაცია) მხოლოდ მაშინ წარმოშობს მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერ საფუძველს, თუ არსებობს სამუშაო ძალის შემცირების აუცილებლობა (იხ. მაგ., სუსგ საქმე №ას-1444-1364-2017, 09 მარტი, 2018 წელი; №ას-395-2019, 27 ივნისი, 2019 წელი).
54. რეორგანიზაცია არის საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის სტრუქტურის შეცვლა, გადაკეთება, გარდაქმნა ან მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის შეცვლა, რასაც შესაძლოა, გარკვეულ შემთხვევებში, მოჰყვეს შტატების შემცირება, მაგრამ რეორგანიზაცია, ჯერ ერთი, არ უნდა იყოს ფორმალური, ეკონომიკური, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები საწარმოში/ორგანიზაციაში რეალურად უნდა განხორციელდეს შესაბამისი ფაქტობრივი და კანონიერი საფუძვლით და, მეორე, რაც მთავარია, ამგვარი ცვლილებები აუცილებელს უნდა ხდიდეს შტატების შემცირებას, ვინაიდან რეორგანიზაცია თავისთავად არ იწვევს შტატების შემცირებას. საწარმოში რეორგანიზაციის რეალურად (სტრუქტურის ან სამართლებრივი ფორმის შეცვლის, გადაკეთების, გარდაქმნის) განხორციელების შემთხვევაში, საწარმოს ადმინისტრაცია ვალდებულია, ასაბუთოს შტატების შემცირების აუცილებლობა, რათა შტატები ფორმალურად არ შემცირდეს და არ იქცეს ადმინისტრაციის მიერ უმართებულო გადაწყვეტილების მიღების კანონისმიერ საფუძვლად. ადმინისტრაციის მიერ ამგვარი ნების გამოვლენას, მიუხედავად იმისა, რა ფორმით არსებობს იგი (აქტი, ბრძანება, გარიგება), საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის დისპოზიციური შინაარსი (საჯარო წესრიგისა და ზნეობის წინააღმდეგობა) ბათილად მიიჩნევს და მას იურიდიულ შედეგს არ უკავშირებს. ამდენად, რეორგანიზაცია, თუნდაც მართლზომიერად ჩატარებული, ყოველთვის არ ქმნის დასაქმებულის სამსახურიდან განთავისუფლების ლეგიტიმურ საფუძველს. ორგანიზაციაში მიმდინარე სტრუქტურული, ორგანიზაციული ცვლილებები, მხოლოდ იმ შემთხვევაში წარმოშობს მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერ საფუძველს, თუ დადგინდება, რომ იგი თავისი შინაარსის გათვალისწინებით, ეკონომიკური სიდუხჭირის გამო, შტატების ან/და ხელფასების შემცირების ან სხვა ობიექტური საჭიროების გამო, დამსაქმებელს აყენებს კონკრეტული თანამდებობიდან მუშაკის გათავისუფლების აუცილებლობის წინაშე. სხვა შემთხვევაში, ორგანიზაციაში მიმდინარე სტრუქტურული, ორგანიზაციული ცვლილებებიც, თავისთავად, არ არის მუშაკთან ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში ე.წ. „რეორგანიზაციის“ საფუძვლით პირის სამსახურიდან გაშვების დისკრიმინაციული მოტივები შეიძლება დაიფაროს და იქცეს ადმინისტრაციის მიერ უმართებულო გადაწყვეტილების მიღების კანონისმიერ საფუძვლად. შესაბამისად, დასაქმებულის სამსახურიდან ნებისმიერი, მათ შორის რეორგანიზაციის, საფუძვლით დათხოვნის საკითხის გადაწყვეტისა და არჩევანის დროს დამსაქმებელი ვალდებულია, იხელმძღვანელოს გონივრული და დასაბუთებული კრიტერიუმით, რაც გამორიცხავს ეჭვის საფუძველს გადაწყვეტილების მიღების პროცესში და დაუსაბუთებლად არ ხელყოფს დასაქმებულის კანონიერ ინტერესს, მის შრომით უფლებებს (იხ. სუსგ საქმე №ას-224-224-2018, 18 მაისი, 2018 წელი).
55. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში არსებული მსჯელობა, რომ ვინაიდან რეორგანიზაციის ჩატარების მართლზომიერება სადავოდ არ გამხდარა, ის გარემოება - გამოიწვია თუ არა აღნიშნულმა შტატების შემცირება, წინამდებარე დავის ფარგლებში გამოსაკვლევ საკითხს არ წარმოადგენს, არ არის მართებული.
56. საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ შრომითსამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალური სტანდარტით დამსაქმებელია ვალდებული დაადასტუროს დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერი და საკმარისი საფუძვლის არსებობა. ამგვარი სტანდარტის გამოყენების ნორმატიულ საფუძველს ქმნის ის, რომ დამსაქმებელს აქვს მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები (იხ. მაგ., სუსგ საქმე №ას-483-457-2015, 07 ოქტომბერი, 2015 წელი).
57. ამდენად, დამსაქმებელმა სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით უნდა დაადასტუროს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ორგანიზაციული ცვლილებების გამო დასაქმებულთა რიცხოვნობის შემცირების აუცილებლობა, რათა რეორგანიზაციის საფუძვლით შტატების შემცირება და დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა არ იქცეს დამსაქმებლის მიერ უმართებულო გადაწყვეტილების მიღების კანონისმიერ საფუძვლად.
58. საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთ განჩინებაში განმარტებულია, რომ საქართველოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ დასაქმებულის უფლებების დაცვა იყო, ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს ე.წ. „favor prestatoris“ პრინციპი, რაც დასაქმებულისათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს. სწორედ აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას საჭიროა დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტში. დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლების კვლევისას მნიშვნელოვანია, დადგინდეს, რა ღონისძიებები გაატარა დამსაქმებელმა, რათა უზრუნველეყო დასაქმებულისათვის დაკავებული პოზიციის შენარჩუნება. ცხადია, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მომწესრიგებელი თითოეული საფუძვლის გამოყენებამდე დასაბუთებული უნდა იყოს მისი გამოყენების წინაპირობა (იხ. მაგ., სუსგ საქმე №ას-941-891-2015, 29 იანვარი, 2016 წელი; №ას-224-224-2018, 18 მაისი, 2018 წელი; №ას-361-2022, 10 ივნისი, 2022 წელი).
59. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს არ გამოუკვლევია იყო თუ არა სახეზე დასაქმებულთან/მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის უპირობო აუცილებლობა. კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ დამსაქმებლის გადაწყვეტილება მოსარჩელის გათავისუფლების თაობაზე მართლზომიერად მიიჩნია, თუმცა მას არ უმსჯელია სააპელაციო საჩივარში მითითებულ პრეტენზიაზე შტატებისა და სახელფასო ფონდის შემცირებასთან დაკავშირებით და არ გამოუკვლევია რეორგანიზაციის შედეგად დადგა თუ არა დღის წესრიგში სამუშაო ძალის შემცირების, კერძოდ კი, მოსარჩელის გათავისუფლების აუცილებლობა. სააპელაციო სასამართლოს ასევე არ უმსჯელია კონკრეტულად რა ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით მიიჩნია მოპასუხემ მოსარჩელის შეთავაზებულ თანამდებობაზე უკონკურსოდ გადაყვანა მიზანშეუწონლად.
60. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლოს სათანადოდ არ გამოუკვლევია მოსარჩელის მიერ რეორგანიზაციამდე დაკავებული და რეორგანიზაციის შემდეგ მისთვის შეთავაზებული თანამდებობის ტოლფასოვნება. კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ რეორგანიზაციის შედეგად კონკურსის გავლა შეეხო რამდენიმე სამსახურის უფროსს, მათ შორის სერვისებისა და ბრენდის განვითარების სამსახურის უფროსს, რაც გამოწვეული იყო დაკავებული და დასაკავებელი თანამდებობისათვის წაყენებული საკვალიფიკაციო მოთხოვნების განსხვავებულობით, სამსახურის გაერთიანების შედეგად დამატებული ფუნქციებიდან გამომდინარე; სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ იმ სამსახურებში, რომელთაც შეეცვალათ ფუნქციები, სამსახურის ხელმძღვანელები დაინიშნენ მოვალეობის შემსრულებლებად, რადგან ახალი საშტატო განრიგის დამტკიცებამ ახალი საკვალიფიკაციო მოთხოვნების გაჩენა გამოიწვია, რომელიც კონკურსის საფუძველზე უნდა შემოწმებულიყო. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული გარემოებები სადავო ბრძანების მართლზომიერების მნიშვნელოვან საფუძვლებად მიიჩნია, თუმცა მას არ დაუსაბუთებია კონკრეტულად რა ფაქტებზე და მტკიცებულებებზე დაყრდნობით დაადგინა ისინი. კასატორი საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნულ გარემოებებზე მოპასუხეს საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე მიუთითებია, იგივე პრეტენზია ასახული იყო მოსარჩელის სააპელაციო საჩივარშიც, თუმცა სააპელაციო სასამართლოს აპელანტის ამ პრეტენზიაზე პასუხი არ გაუცია.
61. ამასთან, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მოსარჩელეს მოპასუხემ შესთავაზა არა სერვისებისა და ბრენდის განვითარების სამსახურის უფროსის ვაკანტურ პოზიციაზე მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნა, არამედ აღნიშნული სამსახურის მომხარებელთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნა. სწორედ აღნიშნულ პოზიციაზე აღდგენას ითხოვს მოსარჩელე წარდგენილი სარჩელით, რასთან დაკავშირებითაც სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებული გარემოება, რომ სერვისებისა და ბრენდის განვითარების სამსახურის მომხმარებელთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის ვაკანტური პოზიცია მოსარჩელის მიერ რეორგანიზაციამდე დაკავებული თანამდებობის ფუნქციური დატვირთვის მქონე იყო.
62. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული გარემოებები საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნების საფუძველია.
63. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. იმავე კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
64. მოცემული ნორმების ანალიზისა და წინამდებარე განჩინებაში ჩამოყალიბებული დასაბუთების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას თავად მიიღოს გადაწყვეტილება დავაზე, ვიდრე საქმეზე არ დადგინდება დავის გადაწყვეტისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, რაც საქმის იმავე სასამართლოსათვის დაბრუნების საფუძველია. კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობითა და შრომითსამართლებრივ დავებში არსებული მტკიცების ტვირთის განაწილების თავისებურების გათვალისწინებით (წინამდებარე განჩინების 59-61-ე პუნქტებში მითითებული გარემოებების მხედველობაში მიღებით), უნდა დაადგინოს სსიპ ა.ე.ბ–ში ჩატარებული რეორგანიზაციის შედეგად დადგა თუ არა დღის წესრიგში მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების უპირობო აუცილებლობა. მხოლოდ ამ გარემოების სათანადოდ გამოკვლევის შემდეგ არის შესაძლებელი იმის დადგენა, მართლზომიერად მოხდა თუ არა მოსარჩელის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება.
65. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით.
66. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმის ხელახლა განხილვისას სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანისას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ნ.ტ–ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 09 თებერვლის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი