Facebook Twitter

საქმე №ას-282-2023 19 მაისი, 2023 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - სს „ს.რ–ა“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ჯ.ბ.ლ–ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 9 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სს „ს.რ–ამ“ (შემდგომ - მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ჯ.ბ.ლ–ის“ (შემდგომ - მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ 164171.7 ლარის დაკისრების მოთხოვნით.

სარჩელის საფუძვლები

2. 2017 წლის 29 ივლისიდან 2018 წლის 24 მარტამდე მოსარჩელემ „გ–ის“ სადგურიდან „ფ.წ–ის“ სადგურში გადაზიდა მოპასუხის ტვირთი (მაზუთი). ყოველი გადაზიდვისას. დეკლარაციის წარდგენიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა, შემოსავლების სამსახურს მოსარჩელისათვის უნდა ეცნობებინა მოპასუხის ტვირთის გადაზიდვის საბაჟო რეჟიმის თაობაზე და, შესაბამისად, მასზე დარიცხული სარკინიგზო მომსახურების საფასური დაგებრილიყო თუ არა დღგ-ით. შემოსავლების სამსახურმა მხოლოდ 2018 წლის 30 მაისის წერილით აცნობა მოსარჩელეს, რომ მოპასუხის გადაზიდვები მოქცეული იყო არა ექსპორტის, არამედ ადგილობრივ საბაჟო რეჟიმში, რაც იბეგრებოდა დღგით. წერილის საფუძველზე მოსარჩელემ 2018 წლის 12 ივლისს შესწორების ვაუჩერებით მოპასუხის მიმართ დარიცხვა დააკორექტირა და დღგ-ის სახით სადავო პერიოდზე არსებულ გადაზიდვებზე მოპასუხეს დაერიცხა 164 171,67 ლარი, რაც მოსარჩელემ სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადა. მოსარჩელემ მოპასუხეს მიმართა ამ თანხის ანაზღაურების მოთხოვნით, თუმცა ამ უკანასკნელს თანხა არ გადაუხდია.

მოპასუხის შესაგებელი

3. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ არცერთი მტკიცებულებით არ დგინდება შესრულებული გადაზიდვების მოქცევა არა ექსპორტის, არამედ ადგილობრივ საბაჟო რეჟიმში. საქმეში არსებული შემოსავლების სამსახურის წერილით დადასტურებულია, რომ საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ პუნქტის თანახმად, ჩათვლის უფლებით დღგ-ისაგან გათავისუფლებულია „ექსპორტში, რეექსპორტში, გარე გადამუშავებაში ან ტრანზიტში მოქცეული საქონლის გადაზიდვა და ამ გადაზიდვასთან უშუალოდ დაკავშირებული მომსახურების გაწევა“. ამასთან, საბაჟო დეკლარაციების ძალადაკარგულად გამოცხადებას არ გამოუწვევია მათი არსებობის პერიოდში მიღებული იურიდიული შედეგების ბათილობა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

5. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 9 ნოემბრის განჩინებით - სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

7. სააპელაციო პალატის მითითებით, არსებითი იყო შეფასებულიყო, მოპასუხის მიერ საქონლის გადაზიდვა დღგ-ით დაბეგვრას რამდენად დაექვემდებარა, იმისათვის, რათა დადგინდეს, მოპასუხეს მოსარჩელისათვის დარიცხული დღგ უნდა დაეკისროს თუ არა. მოცემული საკითხის სამოქალაქოსამართლებრივი შეფასების მიზნით, მოპასუხისათვის მოთხოვნილი თანხის დაკისრების საფუძვლიანობა სახელშეკრულებო ზიანის ფარგლებში უნდა შეფასდეს.

8. საქმეში წარმოდგენილია 2018 წლის 12 ივლისის შესწორების ვაუჩერები, რომელთა საფუძველზეც დასტურდება, რომ დარიცხვა დაკორექტირდა და მოპასუხის მიერ შესრულებულ ოპერაციას დაერიცხა დღგ - 164 171,66 ლარი, თუმცა შესწორების ვაუჩერები არ შეიცავდა ინფორმაციას, რომ საქონლის გადაზიდვა ექსპორტის რეჟიმში მოქცეული არ არის. მიუხედავად მოპასუხის მიერ შესრულებულ ოპერაციაზე დღგ-ის დარიცხვის ფაქტისა, სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა სასაქონლო საბაჟო დეკლარაციების ძალადაკარგულად გამოცხადების მომენტზე და იმ დადგენილ გარემოებაზე, რომ 2017 წლის 29 ივლისიდან 2018 წლის 24 მარტამდე მოსარჩელის მეშვეობით ყველა გადაზიდვა ექსპორტის რეჟიმში მოექცა, თუმცა, მოგვიანებით, მოპასუხის განცხადების საფუძველზე საგადასახადო ორგანოს მიერ სასაქონლო-საბაჟო დეკლარაციები ძალადაკარგულად გამოცხადდა. დადგენილია, რომ დეკლარაციების გაუქმებამდე მოსარჩელეს ყველა გადაზიდვა უკვე დასრულებული ჰქონდა.

9. პალატამ მიუთითა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 26 ნოემბრის წერილზე, რომლითაც მოპასუხეს ეცნობა, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის N290 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის“ მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით, მოპასუხის წერილობითი განცხადების საფუძველზე, განცხადების წარდგენის დღესვე, საგადასახადო ორგანოს მიერ სასაქონლო საბაჟო დეკლარაციები ძალადაკარგულად გამოცხადდა. იმავე წერილის შესაბამისად, მათი მოქმედება ძალადაკარგულად გამოცხადების დღიდან შეწყდა. შესაბამისად, ვინაიდან ადმინისტრაციული აქტის - საბაჟო დეკლარაციების მოქმედება ძალადაკარგულად გამოცხადების დღიდან შეწყდა, ხოლო ექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონლის გადაზიდვა და უშუალოდ გადაზიდვასთან დაკავშირებული მომსახურება ადმინისტრაციული აქტის მოქმედების შეწყვეტამდე შესრულდა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება ძალადაკარგულად გამოცხადებამდე წარმოშობილი სამართლებრივი შედეგების გაუქმებას არ იწვევს. შესაბამისად, სსიპ შემოსავლების სამსახურის განმარტებით, საბაჟო დეკლარაციების მოქმედების შეწყვეტამდე განხორციელებულ გადაზიდვასთან უშუალოდ დაკავშირებული მომსახურების მიმართ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათი ნარჩუნდება.

10. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სახელშეკრულებო ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობისთვის აუცილებელი ელემენტები არ ვლინდებოდა, ვინაიდან არ დასტურდებოდა მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის ზიანის მიყენების ფაქტი. მოპასუხის მიერ სასაქონლო - საბაჟო დეკლარაციების გაუქმებამდე შესრულებული გადაზიდვები ჩათვლის უფლებით დღგ-ისაგან გათავისუფლებული იყო, ამიტომ სახელმწიფო თუ მოითხოვდა, მოსარჩელეს შეეძლო ამაზე მიეთითებინა, ხოლო, თუ მან დღგ არამართლზომიერად გადაიხადა, მისი დაბრუნების მოთხოვნა უნდა წარედგინოს სახელმწიფოს.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

11. ზემოაღნიშნული განჩინება მოსარჩელემ საკასაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

12. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით მხოლოდ ფორმალურად არ დაეთანხმა სარჩელში მითითებულ გარემოებებს და ზოგადი უარი განაცხადა ვალდებულბის შესრულებაზე, თუმცა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აქარწყლებს სასარჩელო მოთხოვნას და ვერც იმას ვერ ადასტურებს, რომ გადაზიდვები ადგილობრივ საბაჟო რეჟიმში არ მოექცა ან/და არ ეკისრებოდათ დღგ-ს ვალდებულება.

13. საქმეში წარმოდგენილია 2018 წლის 12 ივლისის შესწორების ვაუჩერები, რითაც დასტურდება, რომ სარკინიგზო ოპერაციებზე მომსახურების საფასურს დაერიცხა დღგ - 164 171.7 ლარი. მოსარჩელის 2018 წლის 13 აგვისტოს წერილით, თანდართულ ცხრილთან ერთად, საბიუჯეტო გადასახადების ადმინისტრირების სამსახურს ეცნობა 2018 წლის ივლისში სატვირთო გადაზიდვებიდან და მასთან დაკავშირებული მომსახურებიდან მიღებული შემოსავლების შესახებ, საიდანაც ამ ცხრილში მოსარჩელის გასწვრივ გადაზიდვებზე დარიცხული დღგ ჯამურად - 164 171.7 ლარია, რაც ადასტურებს მოსარჩელის მიერ დღგს გადარიცხვის ფაქტს. ამასთან, ექსპორტის შესაბამისი საბაჟო დეკლარაციების გაუქმება ნიშნავს სარკინიგზო გადაზიდვების ადგილობრივ რეჟიმში მოქცევას და მოპასუხის მიერ შესრულებულ გადაზიდვებზე მომსახურების საფასურის დღგ-ით დაბეგვრას.

14. მოპასუხე 30.05.2018 წლის წერილს უპირისპირებს შემოსავლების სამსახურის 26.11.2018 წლის პასუხს, საიდანაც ირკვევა, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ სასაქონლო საბაჟო დეკლარაციები ძალადაკარგულად გამოცხადდა, მათი მოქმედება ძალადაკარგულად გამოცხადების დღიდან შეწყდა. შესაბამისად, რაკი ექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონელი გადაიზიდა და უშუალოდ გადაზიდვასთან დაკავშირებული მომსახურება ადმინისტრაციული აქტის მოქმედების შეწყვეტამდე შესრულდა, ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება ძალადაკარგულად გამოცხადებამდე წარმოშობილი სამართლებრივი შედეგების გაუქმებას არ იწვევს. ისმის კითხვა: თუ ექსპორტის სასაქონლო ოპერაციებში მოქცეული საქონლის გადაზიდვაზე შესაბამისი საბაჟო დეკლარაციები გაუქმდა, ნიშნავს თუ არა მათი გაუქმება გადაზიდვის ადგილობრივ საბაჟო რეჟიმში მოქცევას, რაც ექსპორტის წესით გაფორმებული დეკლარაციების ძალადაკარგულად გამოცხადების შემთხვევაში იბეგრებოდა ადგილობრივი საბაჟო რეჟიმის შესაბამისად დღგ-ით. შესაბამისად, თუ ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება არ იწვევს ძალადაკარგულად გამოცხადებამდე წარმოშობილი სამართლებრივი შედეგების გაუქმებას, მაშინ ძალაში უნდა დარჩეს ადგილობრივ საბაჟო რეჟიმში მოქცეული ტვირთის გადაზიდვაზე დარიცხული და მოსარჩელის მიერ გადახდილი დღგ - 164 171.7 ლარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

15. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

16. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

18. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორებმა ვერ მიუთითეს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.

19. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

20. მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მისი მოთხოვნა სსკ-ის 668-ე (გადაზიდვის ხელშეკრულებით გადამზიდველი ვალდებულია, შეთანხმებული საზღაურის გადახდით გადაიტანოს ტვირთი ან გადაიყვანოს მგზავრი დანიშნულების ადგილზე), 394.1 (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია, მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის) და 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) მუხლებს ეფუძნება.

21. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ არის წარმოდგენილი, რომ მოსარჩელემ 2017 წლის 29 ივლისიდან 2018 წლის 24 მარტამდე, გადაზიდა მოპასუხის ტვირთი (21 996 312 კვ. მაზუთი). გადაზიდვები ექსპორტის რეჟიმში მოექცა. მოგვიანებით, საგადასახადო ორგანოს მიერ სასაქონლო-საბაჟო დეკლარაციები ძალადაკარგულად გამოცხადდა, დარიცხვა დაკორექტირდა და გადაზიდვის მომსახურებას დაერიცხა დღგ, რომლის ოდენობა 164 171,66 ლარია. დეკლარაციების გაუქმებამდე მოსარჩელეს გადაზიდვა დასრულებული ჰქონდა. სსიპ შემოსავლების სამსახურის განმარტებით (26.11.2018 წ.), საბაჟო დეკლარაციების მოქმედების შეწყვეტამდე შესრულებულ გადაზიდვის მომსახურების მიმართ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათი ნარჩუნდება.

22. მოპასუხის მიერ განხორციელებული გადაზიდვების პერიოდში მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ პუნქტის თანახმად, ჩათვლის უფლებით დღგისგან გათავისუფლებულია ექსპორტში, რეექსპორტში, გარე გადამუშავებაში ან ტრანზიტში მოქცეული საქონლის გადაზიდვა და ამ გადაზიდვასთან უშუალოდ დაკავშირებული მომსახურების გაწევა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ძალადაკარგულად გამოცხადება ნიშნავს ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის მოქმედების შეწყვეტას მისი ძალადაკარგულად გამოცხადების დღიდან. იმავე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად კი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება არ იწვევს ძალადაკარგულად გამოცხადებამდე წარმოშობილი სამართლებრივი შედეგების გაუქმებას. ამდენად, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ სასაქონლო-საბაჟო დეკლარაციების გაუქმებამდე შესრულებული გადაზიდვები ჩათვლის უფლებით დღგისაგან გათავისუფლებულია.

23. მოსარჩელის მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის თაობაზე დამყარებულია სახელშეკრულებო ვალდებულებათა დარღვევაზე. ამდენად, სარჩელის დაკმაყოფილებისათვის, პირველ რიგში, უნდა გაირკვეს ზიანის ანაზღაურებისათვის სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წინაპირობების არსებობა. სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების წინაპირობებია: მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედება, ზიანი და მიზეზობრივი კავშირი ზიანსა და ქმედებას შორის. დასახელებული შემადგენლობიდან რომელიმე ელემენტის არარსებობა გამორიცხავს იმ სამართლებრივი შედეგის დადგომას, რომლის მიღწევაც მოსარჩელეს სურს (იხ.: სუსგ №ას-1780-1758-2011, 22.01.2013წ.; №ას-1741-2019, 28.07.2020წ.). სსკ-ის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის (შდრ. სუსგ №ას-344-2019, 12.02.2021წ.; №ას-1312-2020, 17.02.2021წ.; №ას-1741-2019, 28.07.2020წ). მოცემულ შემთხვევაში, ზიანის ანაზღაურების კანონით გათვალისწინებული ზემოხსენებული წინაპირობების არსებობა არ დასტურდება.

24. არ არის გასაზიარებელი კასატორის პრეტენზია, რომ მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით მხოლოდ ზოგადი უარი განაცხადა ვალდებულბის შესრულებაზე. საკასაციო სასამართლო, უპირველესად, აღნიშნავს, რომ მოპასუხემ წარადგინა კვალიფიციური შესაგებელი და არა ზოგადი და აბსტრაქტული შედავება, როგორც ამას კასატორი მიუთითებს. ამასთან, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე, რომლის ფარგლებში მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით დადასტურდება ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ თავიანთი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი ფაქტობრივი გარემოებები ვერ დაამტკიცა, რამაც სარჩელის წარუმატებლობა განაპირობა.

25. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რის შედეგადაც მიიღო კანონიერი და უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისი გადაწყვეტილება.

26. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.

27. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

28. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე

29. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, კასატორს დაუბრუნდება 8000 ლარის 70% – 5600 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „ს.რ–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. სს „ს.რ–ას“ (ს/ნ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 8 000 ლარის (საგადასახადო დავალება №871, გადახდის თარიღი 15.02.2023), 70% - 5 600 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე