Facebook Twitter

საქმე №ას-136-2023 19 მაისი, 2023 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - შპს „გ.შ–ი“, ე.მ–ნი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - სს „ა“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 15 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. სს „ა“ (შემდგომ – მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში „გ.შ–ისა“ (შემდგომ - პირველი მოპასუხე) და ე.მ–ნის (შემდგომ – მყიდველი, მეორე მოპასუხე, ასევე ერთობლივად მოპასუხე, აპელანტი, კასატორი) მიმართ 5528 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნით.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, 2020 წლის 3 ივნისს მყიდველმა მოსარჩელისგან 7954 აშშ დოლარად შეიძინა ავტომობილი BMW. მოპასუხემ მოსარჩელეს გადაუხადა მხოლოდ 2426 აშშ დოლარი, ხოლო დარჩენილი 5528 აშშ დოლარი უნდა გადაეხადა ავტომობილის იაპონიიდან ბათუმის პორტში ჩამოსვლის შემდეგ. მყიდველს დარჩენილი თანხა მოსარჩელისთვის უნდა გადაეხადა ავტომობილის ტერმინალიდან გაყვანამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელესა და მეორე მოპასუხეს შორის დადებული ხელშეკრულების შესაბამისად, ავტომობილი არ გადაეცემოდა. 2020 წლის 15 აგვისტოს ავტომობილი ჩამოვიდა ბათუმის პორტში. იმავე წლის 21 აგვისტოს მყიდველმა ავტომობილი გაიყვანა ბათუმის პორტიდან ისე, რომ მას ნასყიდობის საფასურის დარჩენილი ნაწილი მოსარჩელისთვის არ გადაუხდია. რაკი მეორე მოპასუხემ, მოსარჩელის ნებართვის გარეშე, ხელშეკრულების დარღვევით გადასცა მყიდველს ავტომობილი, მან ამ უკანასკნელთან ერთად სოლიდარულად უნდა აანაზღაუროს ავტომანქანის ღირებულება. საგულისხმოა ისიც, რომ მოპასუხე კომპანიის 100% წილის მფლობელი და დირექტორი მეორე მოპასუხეა.

მოპასუხის შესაგებელი:

3. მოპასუხეებმა წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ ავტომობილის საფასური სრულად იყო დაფარული, რასაც ადასტურებს მყიდველის სახელზე გაცემული კონოსამენტი. არასწორია მოსარჩელის მითითება, რომ მოპასუხემ გადაიხადა 2426 აშშ დოლარი, რადგან თავად მოსარჩელის ვებგვერდზე ასახული ჩანაწერიდან დგინდება, რომ მოპასუხეს გადახდილი აქვს 3426 აშშ დოლარი. ავტომობილის გაფორმება და პორტიდან გაყვანა შეესაბამებოდა დადგენილ წესებს. მოსარჩელეს არ ჰქონდა მოპასუხეებისთვის მიწოდებული ავტომობილის გაყვანის შეზღუდვის თაობაზე ოფიციალური შეტყობინება, შესაბამისად, მოპასუხეები არ იყვნენ ინფორმირებულები რაიმე შეზღუდვის შესახებ, საზღვაო კონოსამენტში მიმღების ცვლილებზეც არაფერი იცოდნენ.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით - სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისრათ 4528 აშშ დოლარის გადახდა. სარჩელი 1000 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა. მოპასუხეებს დაეკისრათ სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 436.99 ლარისა და სხვა სასამართლო ხარჯის - 846.95 ლარის გადახდა.

5. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა მოითხოვეს.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:

7.თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 15 ნოემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

8.სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მყიდველმა მოსარჩელისგან 7954 აშშ დოლარად შეიძინა ავტომობილი BMW, რის შემდეგაც მოსარჩელემ იაპონიიდან საქართველოში გამოგზავნა და ბათუმის პორტში მყიდველს მიაწოდა ნასყიდობის საგანი. შემძენმა კი, მოსარჩელის მიმართ მხოლოდ ნაწილობრივ შეასრულა ფულადი ვალდებულება, კერძოდ, 1000 აშშ დოლარი განათავსა მოსარჩელის სადეპოზიტო ანგარიშზე და დამატებით 2426 აშშ დოლარი გადაუხადა გამყიდველს. ამდენად, ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ აქვს 4528 აშშ დოლარის დავალიანება, რისი გადახდაც მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

9. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა.

10. კასატორის მტკიცებით, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 674.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი, 680-ე, 686.1 მუხლები. 10.08.2020 წლის ზედნადებში მიმღებად მითითებული იყო მყიდველი. მართალია, მოსაჩელემ სარჩელს დაურთო ზედნადები, რომელიც სხვა პირის სახელზე იყო გამოწერილი, თუმცა ის მოპასუხე კომპანიას არ გადასცემია, ამასთან, ზედნადები 14.06.2020 წელსაა შედგენილი. მოსარჩელე და მოპასუხე კომპანია მრავალი წელია, თანამშრომლობენ და ყოველთვის იმ პირს გადაეცემოდა ავტომობილი, ვინც მიმღებად იყო მითითებული კონოსამენტში. არავითარი დამატებითი დოკუმენტი ან დასტური ტვირთის გადასაცემად არ სჭირდებოდა.

11. მოსარჩელე მყიდველისაგან მოითხოვდა ზიანის ანაზღაურებას და არა ნასყიდობის საფასურის გადახდას, თუმცა სასამართლომ თავისი ინტერპრეტაციით დააკისრა მყიდველს ნასყიდობის ღირებულების გადახდა.

12. უნდა გაუქმდეს 08.07.2021 წლის საოქმო განჩინება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სასამართლო სხდომის გადადების თაობაზე მოპასუხეთა შუამდგომლობა და საქმე დაუბრუნდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამზადებელი სხდომის განხილვის ეტაპიდან. მოპასუხე არარეზიდენტი ფიზიკური პირია, ცხოვრობს დუბაიში და პანდემიის გამო მას არ ჰქონდა სახელმწიფოს დატოვების უფლება, ამიტომ მოპასუხემ მოითხოვა სასამართლო სხდომის გადადება, რათა შეძლებოდა საქართველოში ჩამოსვლა და ადვოკატის აყვანა. სასამართლომ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა და პროცესი გადაზარდა მთავარ სხდომაში, რითაც თანასწორობის უფლება დაირღვა.

13. სსსკ-ის 9.4 მულის თანახმად, სამართალწარმოება ხორციელდება სახელმწიფო ენაზე. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები წარდგენილი უნდა ყოფილიყო ქართულ ენაზე, ხოლო ნათარგმნი დოკუმენტები კანონმდებლობით დადგენიილ წესით დამოწმებული. მოპასუხე მხარემ იშუამდგომლა ამ წესის დარღვევით წარდგენილი მტკიცებულებების საქმიდან ამოღება, რაზედაც სასამართლომ უპასუხა, რომ ამასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებაში იმსჯელებდა, თუმცა ასე არ მოხდა. ამდენად, საქმიდან ამოღებულ უნდა იქნეს ეს მტკიცებულებები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

14. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ-ის) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

15. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

17. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.

18. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

19. მყიდველის მიმართ ნასყიდობის საფასურის გადახდის თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 477.2 მუხლი (მყიდველი მოვალეა, გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება). საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ნასყიდობის საზღაურის დაკისრების შესახებ მოთხოვნა განხორციელებადია, თუკი არსებობს მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა, გამყიდველმა მყიდველს მიაწოდა ნასყიდობის საგანი, ხოლო ამ უკანასკნელს არ გადაუხდია საზღაური.

20. განსახილველ შემთხევაში, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილია და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ არის წარმოდგენილი, რომ ხელშეკრულების შესაბამისად, გამყიდველმა მყიდველს მიაწოდა ნასყიდობის საგანი - ავტომობილი BMW, ხოლო ამ უკანასკნელს შეთანხმებული ფასი სრულად არ გადაუხდია, რის გამოც ვალდებულია, 4528 აშშ დოლარი მოსარჩელეს გადაუხადოს.

21. მეორე მოპასუხის მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა სსკ-ის 709-ე (დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია, შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე), 394.1 (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის) და 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) მუხლებს ეფუძნება.

22. მოსარჩელესა და მეორე მოპასუხეს შორის 2018 წლის 12 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების საგნად მითითებულია, რომ მოსარჩელე იაპონიიდან აგზავნის მეორე მოპასუხის მისამართზე მეორეულ ავტომობილებსა და სხვა ტვირთს. კონტეინერიდან გადმოტვირთვის შემდეგ ტვირთი ინახება პორტის სადგომზე, ვიდრე მოპასუხე კომპანია არ მიიღებს დატვირთულ კონტეინერზე დოკუმენტაციის სრულ პაკეტს და ტვირთის მესამე პირებისათვის გადაცემაზე მოსარჩელის ნებართვას. მოპასუხე ვალდებულია, ტვირთი გადასცეს მოსარჩელის მიერ განსაზღვრულ მესამე პირებს ხელშეკრულების 2.4, 2.5 და 2.6 პუნქტების (2.4. - გამგზავნის მიერ ექსპედიტორისათვის მესამე პირის საკუთრებაში ტვირთის გადაცემის ნებართვის გაცემა უნდა განხორციელდეს შემდეგი საშუალებით: 1) ელექტრონული წერილის გაგზავნით ტვირთის გაგზავნის ელფოსტის მისამართიდან: aalv@autocj.co.jp; bermet@autocj.co.jp; asel@autocj.co.jp; valeriya@autocj.co.jp; natasha@autocj.co.jp სადაც იქნება ნათქვამი, რომ ტვირთის გამგზავნი იძლევა ნებართვას მესამე პირის საკუთრებაში ტვირთის გადაცემის შესახებ. წერილში ასევე უნდა იყოს მითითებული იმ პირების საიდენტიფიკაციო მონაცემები, რომლებზეც შეიძლება ტვირთის საკუთრებაში გადაცემა; 2) შეტყობინებით (მყისიერი შეტყობინება) რომელიც ტვირთის გამგზავნმა გადაგზავნა ექსპედიტორთან „სკაიპის“ მყისიერი შეტყობინების სისტემის მეშვეობით (http://www.skype.com) ტვირთის გადამზიდის სკაიპის ID-დან (სკაიპ ID: bermetasanbaeva, aliq.temirkan, asel0117, valeriya.lee2, natasha.autocom), სადაც იქნება ნათქვამი, რომ ტვირთის გამგზავნი მესამე პირის საკუთრებაში ტვირთის გადაცემის შესახებ ნებართვას იძლევა. შეტყობინებაში უნდა იყოს მითითებული იმ პირების საიდენტიფიკაციო მონაცემებიც, რომლებზეც შეიძლება ტვირთის საკუთრებაში გადაცემა; 2.5. - ტვირთის გამგზავნი განსაზღვრავს პირებს, რომლებზეც უნდა გაიცეს ტვირთი; 2.6. - ექსპედიტორს არ აქვს უფლება, გადასცეს ტვირთი მესამე პირებს ტვირთის გამგზავნის ნებართვის გარეშე, რომელიც უნდა იყოს გაფორმებული ხელშეკრულების 2.4. და 2.5. პუნქტების შესაბამისად) შესაბამისად.

23. დადგენილია, რომ მეორე მოპასუხეს ტვირთი (ავტომანქანა) მყიდველისათვის ხელშეკრულების ზემოხსენებული პუნქტების შესაბამისად არ გადაუცია, კერძოდ, ტვირთის პირველი მოპასუხისათვის გადაცემის ნებართვა მას ხელშეკრულებით შეთანხმებული წესით არ მიუღია. აღნიშნულს არც კასატორი არ უარყოფს, თუმცა მისი პრეტენზიის მიხედვით, მოსარჩელისა და მოპასუხის საქმიან ურთიერთობაში დამკვიდრებული წესის მიხედვით ამგვარ ნებართვებს არ იღებდა და ტვირთს კონოსამენტში ამ პირს გადასცემდა. პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რამდენადაც მოსარჩელემ ეს ფაქტი უარყო, ხოლო მოპასუხეს მხარეთა შორის არსებულ საქმიან ურთიერთობაში ამგვარად დამკვიდრებული პრაქტიკის არსებობის თაობაზე რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია. ხელშეკრულების მე-3 მუხლის შესაბამისად კი, 2.4., 2.5., 2.6. პუნქტების დარღვევის შემთხვევაში, მოპასუხე ვალდებულია, აანაზღაუროს ტვირთის საქართველოს პორტში ჩასვლიდან 3 თვის ვადაში ტვირთის ღირებულება და სხვა ხარჯები.

24. პალატა განმარტავს, რომ პირველი და მეორე მოპასუხის ვალდებულებათა სოლიდარულობას სსკ-ის 463-ე (თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს) მუხლი განაპირობებს. სოლიდარული უფლებამოსილების მსგავსად სოლიდარული ვალდებულებაც კრედიტორსა და ცალკეულ სოლიდარულ მოვალეს შორის დამოუკიდებელ ვალდებულებითსამართლებრივ ურთიერთობათა არსებობას გულისხმობს (ვალდებულებათა სიმრავლის თეორია). კრედიტორთან მიმართებით ეს ცალკეული ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად არსებობს. მათი ერთმანეთისაგან დამოუკიდებლობა ყველაზე კარგად წარმოშობის საფუძველში ვლინდება და არ არის აუცილებელი, საერთო იყოს. ცალკეული ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა შესაძლოა, წარმოშობის სხვადასხვა საფუძველს ეფუძნებოდეს. აღნიშნული ურთიერთიერთობებიდან გამომდინარე, თითოეულ სოლიდარულ მოვალეს კრედიტორის ერთი და იმავე შესრულების ინტერესის მთლიანი დაკმაყოფილება უნდა ევალებოდეს (იხ. 463-ე მუხლის კომენტარი: სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, რობაქიძე, 2019).

25. კასატორი მოითხოვს 08.07.2021 წლის საოქმო განჩინების გაუქმებას, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სასამართლო სხდომის გადადების თაობაზე მოპასუხეთა შუამდგომლობა. კასატორის მტკიცებით, მეორე მოპასუხე არაბთა გაერთიანებული საამიროების მოქალაქეა, ცხოვრობს დუბაიში და პანდემიის გამო მას არ ჰქონდა სახელმწიფოს დატოვების უფლება მეორე ვაქცინაციამდე, ამიტომ მოპასუხემ მოითხოვა სასამართლო სხდომის გადადება, რათა შეძლებოდა საქართველოში ჩამოსვლა და ადვოკატის აყვანა. სასამართლომ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა, რითაც თანასწორობის უფლება დაარღია.

26. პალატის განმარტებით მხარეთა თანასწორობის პრინციპი, რომელიც საქმის სამართლიანი სასამართლო განხილვის უფრო ფართო ცნების ერთ-ერთი ელემენტია, მოითხოვს, რომ თითოეულ მხარეს მიეცეს გონივრული შესაძლებლობა, წარმოადგინოს საკუთარი საქმე ისეთ პირობებში, რომლებიც მას არ აყენებს არსებითად არამომგებიან პოზიციაში ოპონენტთან შედარებით (Nideröst-Huber v. Switzerland; Kress v. France; Gorraiz Lizarraga and Others v. Spain). საქმეთა სამართლიანი სასამართლო განხილვის კონცეფციისათვის ცენტრალური საკითხია ის, რომ მოდავე მხარეს ჰქონდეს სრული შესაძლებლობა, ეფექტურად წარმოადგინოს თავისი საქმე სასამართლოს წინაშე და სარგებლობდეს მეორე მხარესთან მიმართებით თანაბარი შესაძლებლობებით (Steel and Morris v. the United Kingdom). ამასთან, საკითხი, თუ რამდენად აუცილებელია სამართლიანი სამართალწარმოებისთვის ადვოკატის დახმარება, განხილულ უნდა იქნეს თითოეული საქმის კონკრეტული ფაქტებიდან გამომდინარე, როგორიცაა, თუ რა სამართლებრივი სიკეთე დგას სამართალწარმოებაში მომჩივნისთვის საფრთხის ქვეშ, აგრეთვე, უნდა გათვალისწინდეს შესაბამისი კანონმდებლობისა და სამართალწარმოების კომპლექსურობა, მომჩივნის შესაძლებლობა, ეფექტურად წარადგინოს საკუთარი პოზიცია (mutatis mutandis, Airey v. Ireland, 9. 10.1979).

27. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლება მოსარჩელესთან მიმართებით არაპროპორციულად არ შეზღუდულა და არათანაბარ პირობებში არ აღმოჩენილა. საქმის მასალებით დგინდება, რომ მოპასუხე მხარის მიერ შესაგებლის წარდგენიდან - 2021 წლის 15 მარტიდან თითქმის 4 თვის შემდეგ, 2021 წლის 8 ივლისს, დაინიშნა სასამართლო სხდომა. დგინდება ისიც, რომ სასამართლო სხდომაზე მოპასუხე კომპანიას წარმოადგენდა წარმომადგენელი ინგა გაბრიელიანი, რომელსაც წარმომადგენლობის უფლებამოსილება სწორედ მეორე მოპასუხემ, როგორც მოპასუხე კომპანიის დირექტორმა მიანიჭა. შესაბამისად, არადამაჯერებელია კასატორის არგუმენტი, რომ მას ჰქონდა ადვოკატის აყვანის სურვილი და, რაკი საქართველოში ჩამოსვლას ვერ ახერხებდა, 4 თვის განმავლობაში ვერ შეძლო ადვოკატის აყვანა. ამასთან, საგულიხმოა, რომ 2021 წლის 8 ივლისის მოსამზადებელი სხდომა, მართალია, გადაიზარდა მთავარ სხდომაში, თუმცა მოსამართლის მოხსენების ეტაპიდან სხდომა 2021 წლის 9 სექტემბერს გადაიდო. შესაბამისად, მოპასუხე მხარეს მიეცა შესაძლებლობა, საქმის არსებითად განხილვის სტადიაზე წარმოდგენილი ყოფილიყო ადვოკატით. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხე მხარეს მიეცა მეორე მხარესთან მიმართებით თანაბარი შესაძლებლობა, ეფექტურად წარმოედგინა საკუთარი პოზიცია სასამართლოს წინაშე.

28. რაც შეეხება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საქმიდან ამოღებას, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს ამ მხრივაც დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია. სასამართლო გადაწყვეტილება დაეყრდნო კანონის დაცვით წარმოდგენილ მტკიცებულებებს. ამასთან, საგულისხმოა, რომ მოპასუხის შესაგებელი ემყარებოდა მის მიერ ნასყიდობის საფასურის სრულად გადახდის შესახებ არგუმენტს, რისი დამადასტურებელი მტკიცებულებაც მან თავად ვერ წარადგინა. ამდენად, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ამორიცხვის თაობაზე კასატორის პრეტენზია ამ კუთხითაც უსაფუძვლოა.

29. მოწინააღმდეგე მხარემ წარმოდგენილი საკასაციო შესაგებლით მოითხოვა სასამართლოსგარეშე ხარჯის დამატებით - 1153.05 ლარის კასატორებისათვის დაკისრება. მოწინააღმდეგე მხარის პრეტენზიის მიხედვით, პირველი ინსტანციის სასამართლოში მოითხოვა მოპასუხეთათვის 1000 აშშ დოლარის დაკისრება, საიდანაც სასამართლომ მოპასუხეს მხოლოდ 846.95 ლარი დააკისრა. იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ გადაწყვეტილება სააპელაციო და საკასაციო ინსტაციებში გაასაჩივრა, გონივრული იქნება სასამართლოსგარეშე ხარჯი 2000 ლარს გაუტოლდეს.

30. პალატა მიუთითებს, რომ, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, მოსარჩელემ პირველ ინსტანციის სასამართლოში მოითხოვა მის მიერ გაწეული საპროცესო ხარჯის (მათ შორის იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის) - 1000 აშშ დოლარის მოპასუხეთათვის დაკისრება. პირველი ინსტანციის სასამართლომ მოპასუხეებს 846.95 ლარი დააკისრა, რაზედაც მხარეს სააპელაციო პრეტენზია არ წარუდგენია, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას ამ პრეტენზიაზე საკასაციო საჩივრის ფარგლებში იმსჯელოს (სსსკ-ის 407-ე მუხლი). ამასთან, პალატა მიუთითებს, რომ მხარეებს არ უნდა შეეზღუდოთ პროცესის ხარჯების მოთხოვნის უფლება საქმის მომზადების დასრულების შემდგომ, ან საქმის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში განხილვის ეტაპზე, მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუკი ხარჯების საკითხი სწორედ საქმის განხილვის ამ სტადიაზე წარმოიშვა და მანამდე მხარისათვის ამ ფაქტის შესახებ ობიექტურად ცნობილი ვერ იქნებოდა (სუსგ №ას-1054-2019, 2019 წლის 30 სექტემბერი). შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ მოწინააღმდეგე მხარეს კასატორის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ საკასაციო სასამართლოში წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება.

31. პალატა განმარტავს, რომ სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადება (იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა) იმგვარად არის ფორმულირებული, რომ არ ადგენს გაწეული ხარჯის სანაცვლო ანაზღაურების ერთმნიშვნელოვან ოდენობას, არამედ ამ ოდენობის გონივრულად განსაზღვრის უფლებას უტოვებს სასამართლოებს. ნორმის ამგვარი შინაარსის მიზანია პროცესის მონაწილე მეორე მხარის უფლებების დაუსაბუთებელი შეზღუდვის თავიდან აცილება. დავის საგნის ღირებულების 4% წარმოადგენს ზედა ზღვარს (კანონით დადგენილ მაქსიმალურ ოდენობას), რომლის ფარგლებშიც ხდება ხარჯების ოდენობის სასამართლოსმიერი განსაზღვრა და ამ თვალსაზრისით, მხედველობაში მიიღება კონკრეტულად რა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ქმედებები განახორციელა ადვოკატმა, რა სახის ადამიანური რესურსი დაიხარჯა, საქმის წარმოების რომელ ეტაპზე პროცესის მონაწილე რომელმა მხარემ გასწია იგი და სხვა (სუსგ №ას-1054-2019, 2019 წლის 30 სექტემბერი; №ას-316-316-2018, 2018 წლის 7 მაისი). მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოში დავის საგნის ღირებულება 4528 აშშ დოლარი იყო, წინამდებარე განჩინებით კი საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩა. პალატა მიიჩნევს, რომ დავის საგნისა და წარმომადგენლის მიერ საკასაციო სასამართლოში განხორციელებული იურიდიული მნიშვნელობის მოქმედებების გათვალისწინებით, მხარის შუამდგომლობა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და კასატორს მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ საკასაციო სასამართლოში წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ასანაზღაურებლად 100 ლარის გადახდა, ხოლო დანარჩენ ნაწილში შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

32. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რის შედეგადაც მიიღო კანონიერი და უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისი გადაწყვეტილება.

33. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.

34. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

35. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

36. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, კასატორს დაუბრუნდება 587 ლარის 70% - 410.9 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „გ.შ–ის“ და ე.მ–ნის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. შპს „გ.შ–სა“ და ე.მ–ნს სს „აის“ სასარგებლოდ დაეკისროთ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 100 ლარის ოდენობით;

3. შპს „გ.შ–სა“ და ე.მ–ნს სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე ი.გ–ის (პ/ნ .......) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 587 ლარის (საგადასახადო დავალება №567, გადახდის თარიღი 13.03.2023), 70% - 410.9 ლარი;

4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე