Facebook Twitter

საქმე №ას-1638-2022 19 მაისი, 2023 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - გ.ო–ია (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - მ.კ–ძე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 29 აგვისტოს განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. გ.ო–იამ (შემდგომ – მოსარჩელე, აპელანტი) სარჩელი აღძრა სასამართლოში მ.კ–ძის (შემდგომ - მოპასუხე, კასატორი) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის 2996.04 ლარის დაკისრება.

სარჩელის საფუძვლები:

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილებით მოსარჩელესა და მოპასუხეს მ.მ–ის (შემდგომ - გამსესხებელი) სასარგებლოდ დაეკისრათ 2500 აშშ დოლარის გადახდა. გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ მოსარჩელემ გამსესხებლისაგან ნასესხები თნხა გადასცა მოპასუხეს. მოსარჩელემ კრედიტორს გადაუხადა გადაწყვეტილებით დაკისრებული 2 500 აშშ დოლარის ნახევარი - 1 250 აშშ დოლარი (იმ დროსათვის არსებული კურსით 2996.04 ლარი). რაკი სესხის თანხა მოსარჩელემ სრულად გადასცა მოპასუხეს, ეს უკანასკნელი ვალდებულია, თანხა მოსარჩელეს დაუბრუნოს.

მოპასუხის პოზიცია:

3. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მან მოსარჩელეს გადახდილი თანხა აუნაზღაურა და მის წინაშე დავალიანება არ აქვს.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:

4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

5. სასამართლომ არ გაიზიარა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტების მოცემულ საქმეზე უდავო ფაქტობრივ გარემოებად მიჩნევის შესახებ მოსარჩელის პოზიცია, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსახილველი სამოქალაქო საქმის განხილვისას იგივე მხარეები არ მონაწილეობდნენ. სოლიდარული მოვალისაგან ანაზღაურებული ვალდებულების უკუმოთხოვნის სხვა საფუძველი კი, მოსარჩელეს არ მიუთითებია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლზე მითითებით, სასამართლომ განმარტა, რომ საქმეში არ არსებობდა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი სოლიდარული პასუხისმგებლობის გამომრიცხავი გარემოება, რის გამოც სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აპელანტის მოთხოვნა:

6. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

7. აპელანტის განმარტებით, არასწორია სასამართლოს მტკიცება, თითქოს, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ უნდა გათვალისწინდეს, მაშინ, როცა თანხა მთლიანად მიღებული აქვს მოპასუხეს და მოსარჩელეს კი - არაფერი. მართალია, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილია მოსარჩელისა და მოპასუხის სოლიდალური მოვალეობის თაობაზე ფაქტი, მაგრამ მათ შორის წარმოიშვა სხვა ვალდებულებაც (გადაცემული თანხის დაბრუნება), რადგან სესხის თანხით არა მოსარჩელემ, არამედ მხოლოდ მოპასუხემ ისარგებლა. სწორედ აღნიშნული ფაქტი დასტურდება გადაწყვეტილებით. ამდენად, რაკი მოსარჩელეს არანაირი თანხა არ მიუღია (რაც აიღო გადასცა მოპასუხეს), მას მოთხოვნის უფლება წარმოეშვა მოპასუხის მიმართ.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:

8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 29 აგვისტოს განჩინებით - სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

9. სააპელაციო პალატის მითითებით, სააპელაციო სასამართლოში დანიშნულ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა მოწინააღმდეგე მხარე, რომლისთვისაც სასამართლო სხდომის ადგილისა და დროის შესახებ ცნობილი იყო კანონით დადგენილი წესით. მას სასამართლოსათვის არ უცნობებია გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ. აპელანტმა იშუამდგომლა მოწინააღმდეგე მხარის არასაპატიო მიზეზით სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას. ეს კი გამორიცხავდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობას.

10. აპელანტის პოზიციასთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოსარჩელემ შესაბამისი მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა სესხის თანხით მხოლოდ მოპასუხის მიერ სარგებლობა. ზეპირი განცხადებით მითითებული ფაქტის დადასტურებულად მიჩნევა შეუძლებელი იყო, რის გამოც მოსარჩელეს არ წარმოეშვა მოპასუხის მიმართ უკუმოთხოვნის უფლება.

კასატორის მოთხოვნა:

11. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

12. სააპელაციო სასამართლოს არ ჰქონდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე უარის თქმის საფუძველი, რადგან მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას. სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ მოპასუხე მოსარჩელის მოვალე იყო და, შესაბამისად, მას შეუძლია თანხის უკუმოთხოვნა მოპასუხისაგან.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

13. საკასაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

14. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა წარმოადგინა სააპელაციო სასამართლოს მიერ მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენებისა და განმარტების კუთხით დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

15. საკასაციო სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების წესსა და წინაპირობებს სსსკ-ის 387-ე მუხლი განსაზღვრავს. ამ ნორმით გაუთვალისწინებელ შემთხვევებში კი გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. სსსკ-ის 387-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ საქმის განხილვაზე მოწინააღმდეგე მხარე არ გამოცხადდება, სააპელაციო საჩივრის შემტანი პირის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება დაემყაროს მომჩივნის ახსნა-განმარტებას. ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, მიიღოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, თუ აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე, რომელსაც საქმის განხილვის დრო კანონით დადგენილი წესით ეცნობა, არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა სხდომაზე და არც გამოცხადების შეუძლებლობის მიზეზის თაობაზე უცნობებია სასამართლოსათვის. ასეთ შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის შემტანი პირის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას. ამდენად, უნდა შემოწმდეს არსებობს თუ არა 387-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი წინაპირობები: ა) საქმის ზეპირ განხილვაზე არ გამოცხადდა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე, რომელსაც, სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ჩაჰბარდა შეტყობინება სასამართლო სხდომის თაობაზე, ხოლო, სასამართლოს არ მოეპოვება ცნობა მისი გამოუცხადებლობის საპატიოობის თაობაზე; ბ) გამოცხადებული აპელანტი შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებას.

16. ზემოაღნიშნულ გარემოებათა კუმულაციურად არსებობა წარმოადგენს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას. განსახილველ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინებით დადგენილია, რომ ვლინდებოდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების ფორმალური წინაპირობები.

17. სსსკ-ის 387-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობის დადგენის შემდეგ, ამავე ნორმის მე-3 ნაწილის დათქმიდან გამომდინარე, სასამართლო ვალდებულია, შეამოწმოს ხომ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ, ხომ არ ვლინდება სსსკ-ის 233-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევა, ამასთანავე, სასამართლომ უნდა შეამოწმოს სააპელაციო მოთხოვნას იურდიულად ამართლებს თუ არა მასში გადმოცემული ფაქტები (სსსკ-ის 230.2 მუხლი). ეს უკანასკნელი მიუთითებს იმაზე, რომ სასამართლომ უნდა მოიძიოს მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა, ფორმალური თვალსაზრისით შეაფასოს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებები და მათ წინააღმდეგ წარდგენილი პრეტენზიები და ამ გზით განსაზღვროს მოთხოვნის განხორციელებადობა (იხ. სუსგ №ას-485-485-2018, 31.01.2020წ; №ას-662-109, 11.12.2020წ.).

18. სსსკ-ის 387-ე მუხლის მე-2 ნაწილითვე დადგენილია, რომ მოწინააღმდეგე მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობისას სასამართლო დაემყარება მომჩივნის ახსნა-განმარტებას. ეს კი ნიშნავს არა სარჩელში მითითებული გარემოებების ავტომატურად დადგენილად მიჩნევას, არამედ იმის შემოწმებას, სააპელაციო საჩივარში გადმოცემული აპელანტის განმარტებებით (მათი დადგენილად მიჩნევით) გაბათილდება თუ არა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ან მისი სადავო ნაწილის დასკვნები, ანუ სააპელაციო სასამართლომ აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის მოტივით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას მხედველობაში უნდა მიიღოს აპელანტის ახსნა-განმარტება, ხოლო, საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით აპელანტის მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს იმ შემთხვევაში, თუ სააპელაციო საჩივარში გადმოცემული აპელანტის განმარტებები მოთხოვნას იურიდიულად ამართლებს (ანუ აპელანტი მიუთითებს მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის მატერიალური ნორმის შემადგენელ ელემენტებზე). ასეთ შემთხვევაში მტკიცებულებათა გამოკვლევა-შეფასება არ ხდება და მოქმედებს პრეზუმფცია, რომლის თანახმად, ივარაუდება, რომ სააპელაციო მოპასუხემ ვერ დაადასტურა საპირისპირო (შდრ. სუსგ: №ას-970-2021, 29.11.2021წ.; №ას-620-2021, 13.10.2021წ.; №ას-662-2019, 11.12.2020წ.; №ას-330-2019, 19.11.2019წ.; №ას- 656-626-2016, 27.03.2017წ.).

19. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი წანამძღვრები იურიდიულად ამართლებდა სააპელაციო მოთხოვნას, კერძოდ, სარჩელისა და სააპელაციო საჩივრის მიხედვით, მოსარჩელე და მოპასუხე, როგორც მსესხებლები გამსესხებელს წინაშე ცნობილ იქნენ სოლიდარულ მოვალეებად; ნასესხები თანხა სრულად გადაეცა მოპასუხეს და მან გამოიყენა; მოსარჩელემ კრედიტორს სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის (2500 აშშ დოლარის) ნახევარი (1250 აშშ დოლარი, იმ დროსათვის არსებული კურსით 2996.04 ლარი) გადაუხადა, შესაბამისად, იგი უკუმოთხოვნაზე უფლებამოსილი პირია.

20. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სოლიდარული მოვალის მიმართ მოსარჩელის უკუმოთხოვნის უფლების რეალიზაცია სსკ-ის 473-ე მუხლს (მოვალეს, რომელმაც სოლიდარული ვალდებულება შეასრულა, აქვს უკუმოთხოვნის უფლება დანარჩენ მოვალეთა მიმართ წილთა თანაბრობის კვალობაზე, ოღონდ თავისი წილის გამოკლებით, თუკი ხელშეკრულებით ან კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. როდესაც შეუძლებელია მოვალეთა პასუხისმგებლობის ოდენობის განსაზღვრა, ისინი ერთმანეთის წინაშე პასუხს აგებენ თანაბარი წილით) ეფუძნება. ნორმა უზრუნველყოფს ვალდებულების შესრულების ტვირთის საბოლოოდ სწორედ იმ სოლიდარული მოვალისათვის დაკისრებას, რომელიც შიდა ურთიერთობიდან გამომდინარე მის შესრულებაზეა ვალდებული.

21. პალატა განმარტავს, რომ უკუმოთხოვნის უფლება დამოუკიდებელი მოთხოვნის უფლებაა და ის შესაძლოა, შესრულების კონკრეტული ნაწილის, ანდა მისი მთლიანი ოდენობის ანაზღაურებაზე იყოს მიმართული (შდრ. 473-ე მუხლის კომენტარი: სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, ი.რობაქიძე, 2019). განსახილველ შემთხვევაში, რაკი უდავოა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობების არსებობა და, შესაბამისად, აპელანტის (მოსარჩელის) მიერ მითითებული გარემოება ნასესხები თანხის სრულად მოპასუხისათვის გადაცემის თაობაზე დადგენილად მიიჩნევა, მოპასუხის, როგორც სოლიდარული მოვალის წილი ვალდებულების შესრულებაში შიდა ურთიერთობით 100%-ის, ხოლო მოსარჩელის, როგორც მეორე სოლიდარულ მოვალის წილი ნულის ტოლია.

22. არ არის სწორი ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ სარჩელის უარყოფა კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების სავალდებულოობის საფუძვლით, კერძოდ, რაკი კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილია მოსარჩელისა და მოპასუხის სოლიდარული პასუხისმგებლობა, ის ამ ფორმით უნდა შესრულდეს და არ არსებობს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი სოლიდარული პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოება. აღნიშნულთან დაკავშირებით, პალატა განმარტავს, რომ ვალდებულებითსამართლებრივ ურთიერთობებში მონაწილე პირთა უფლება-მოვალეობები შესაძლებელია ორ ნაწილად დავყოთ - „გარე“ და „შიდა“ ურთიერთობიდან გამომდინარე უფლებებად და მოვალეობებად. „გარე“ ურთიერთობა გულისხმობს იმ უფლება-მოვალეობებს, რომლებიც ვალდებულების ერთ-ერთ მხარეზე მონაწილე რამდენიმე პირს მეორე მხარის მიმართ ეკისრება. რაც შეეხება შიდა ურთიერთობას, იგი ვალდებულების ერთ-ერთ მხარეზე მონაწილე პირთა უფლება-მოვალეობებს მოიცავს ერთმანეთთან მიმართებით. როგორც წილადი, ასევე - სოლიდარული ვალდებულების შემთხვევაში ვალდებულების არსიდან ნათლად გამომდინარეობს წილობრივად, ანდა სოლიდარულად მონაწილე თითოეული სუბიექტის უფლება-მოვალეობათა ოდენობა „გარე“ ურთიერთობაში. განსხვავებული ვითარებაა ვალდებულებაში მონაწილე ამ რამდენიმე სუბიექტის „შიდა“ ურთიერთობასთან დაკავშირებით. „გარე“ ურთიერთობაში წილობრივი ან სოლიდარული უფლებამოსილება თუ ვალდებულება იმისგან დამოუკიდებლად არსებობს, თუ როგორ აქვთ მოწესრიგებული „შიდა“ ურთიერთობები ვალდებულების ერთ-ერთ მხარეზე მონაწილე რამდენიმე პირს. შესაბამისად, შესაძლებელია ვალდებულებაში სოლიდარულად, ანდა წილობრივად მონაწილე პირებს „შიდა“ ურთიერთობა სრულიად განსხვებულად გვარდებოდეს. „შიდა“ ურთიერთობა მხოლოდ „გარე“ ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ ხდება აქტუალური. სწორედ „შიდა“ ურთიერთობებით დადგენილი წილი განსაზღვრავს იმას, თუ საბოლოოდ, ვინ რა ოდენობითაა შესრულებაზე ვალდებული ანდა მის მიღებაზე უფლებამოსილი (იხ. სუსგ: №ას-467-2020, 25.06. 2021წ.). შესაბამისად, ვალდებულების სოლიდარულობა კრედიტორთან მიმართებით არსებობს, თორემ თვით მოვალეთა შორის ურთიერთობა წილობრივი პასუხისმგებლობით გვარდება და კრედიტორის წინაშე სოლიდარული ვალდებულების დადგენა არ ნიშნავს შესრულებაზე საბოლოოდ ვალდებული პირის განსაზღვრას.

23. ამდენად, პალატა ასკვნის, რომ აპელანტმა (კასატორმა) პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების წინააღმდეგ წარადგინა დასაბუთებელი პრეტენზიები, სააპელაციო საჩივარში გადმოცემული აპელანტის განმარტებები მოთხოვნას იურიდიულად ამართლებდა, რის გამოც არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობები.

24. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თავად მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე. პალატას მიაჩნია, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და სარჩელი დაკმაყოფილდეს.

25. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

26. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოსარჩელემ სარჩელზე 100 ლარი (საიდანაც 50 ლარი ზედმეტად გადახდილი თანხაა), სააპელაციო საჩივარზე 75 ლარი, ხოლო საკასაციო საჩივარზე 150 ლარი გადაიხადა. სსსკ-ის 53-ე მუხლის დანაწესის შესაბამისად, მოპასუხეს დაეკისრება 275 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ, ხოლო ზედმეტად გადახდილი 50 ლარი მოსარჩელეს დაუბრუნდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

გ.ო–იას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

1. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 29 აგვისტოს განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

2. გ.ო–იას სარჩელი დაკმაყოფილდეს;

3. მ.კ–ძე დაეკისროს 2996.04 ლარის გადახდა გ.ო–იას სასარგებლოდ;

4. მ.კ–ძეს გ.ო–იას სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გაღებული სახელმწიფო ბაჟის - 275 ლარის გადახდა;

5. გ.ო–იას (პ/ნ .......) დაუბრუნდეს 2017 წლის 21 აპრილს დ.მ–ძის (პ/ნ ......) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 100 ლარიდან (საგადახდო დავალება №1) ზედმეტად გადახდილი 50 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

6. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე