საქმე №ას-472-2023 19 მაისი, 2023 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ლევან მიქაბერიძემ
ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე მ.კ–ას საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 22 თებერვლის განჩინებაზე, საქმეზე – მ.კ–ას სარჩელის გამო ვ.დ–ძის მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე
გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს. თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ (396-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილი) ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
განსახილველ შემთხვევაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებით, მ.კ–ას სარჩელი ვ.დ–ძის მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 22 თებერვლის განჩინებით, რაც საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
აღნიშნული საკასაციო საჩივარი განსახილველად გადაეცა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას. სამოქალაქო პალატის 2023 წლის 24 აპრილის განჩინებით მ.კ–ას საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, კასატორს დაევალა, განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის 1 000 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი. ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება კასატორის წარმომადგენელ შ.პ–ძეს (იხ. მინდობილობა ს.ფ.107) გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და 2023 წლის 4 მაისს ჩაბარდა მის თანამშრომელს ნ.მ–ძეს (იხ. ჩაბარების დასტური).
2023 წლის 10 მაისს პალატას განცხადებით მომართა კასატორის წარმომადგენელმა შ.პ–ძემ რომელმაც განმარტა, რომ მხარეთა შორის შედგა მორიგება, რის გამოც საკასაციო საჩივრის განხილვის საჭიროება არ არის და მოითხოვა მისი განუხილველად დატოვება.
სასამართლო დამატებით დაუკავშირდა კასატორის წარმომადგენელ შ.პ–ძეს და განუმარტა საკასაციო საჩივარზე უარის თქმის სამართლებრივი შედეგები. თავის მხრივ, ადრესატმა დაადასტურა, რომ როგორც მისთვის, ისე კასატორ მ.კ–ასთვის ცნობილია ამ შედეგების შესახებ, მხარე ეთანხმება წარმოდგენილ განცხადებას და უარს აცხადებს საკასაციო საჩივარზე (იხ. სატელეფონო შეტყობინების აქტი).
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი განცხადება და მიიჩნევს, საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს და ადგენს მოსარჩელის უფლებას, უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხემ ცნოს მის მიმართ წარდგენილი მოთხოვნა, ანალოგიური უფლებით აღჭურავს მხარეს ამავე კოდექსის 83-ე მუხლი, უფრო მეტიც, 378-ე მუხლის ძალით (სსსკ-ის 399-ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, ამ ნორმის გამოყენება დასაშვებია საკასაციო სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის განხილვისას) სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.
ამდენად, აპელანტი უფლებამოსილია, კანონით გათვალისწინებული შედეგების გათვალისწინებით, საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე, დაუბრკოლებლად უარი განაცხადოს თავის სააპელაციო საჩივარზე. აღნიშნული წესი ვრცელდება საკასაციო საჩივარზე უარის თქმის უფლებაზეც.
მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, კასატორის წარმომადგენელ შ.პ–ძის განცხადება საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა და 378-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უნდა შეწყდეს საქმის წარმოება იმგვარად, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ძალაში იქნას დატოვებული.
საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილი არ არის.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 272-ე, 372-ე, 378-ე, 399-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ.კ–ას წარმომადგენელ შ.პ–ძის განცხადება დაკმაყოფილდეს.
2. შეწყდეს საქმის წარმოება მ.კ–ას საკასაციო საჩივარზე ვ.დ–ძის მიმართ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 22 თებერვლის განჩინებაზე.
3. ძალაში დარჩეს ქვემდგომი სასამართლოების მიერ მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებები.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ლევან მიქაბერიძე