Facebook Twitter

საქმე №ას-1373-2022 30 მარტი, 2023 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - რ.ჭ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ლ.ჭ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 4 მაისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - მორალური ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. ლ.ჭ–ძემ (შემდგომ – მოსარჩელე, აპელანტი) სარჩელი აღძრა სასამართლოში რ.ჭ–ძის (შემდგომ - მოპასუხე, კასატორი) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის მორალური ზიანის - 6000 ლარის დაკისრება.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელე წარმოადგენდა ს.ჯ–ძეს (შემდგომ - მარწმუნებელი) უძრავი ქონების გამოსყიდვის თაობაზე მოპასუხის წინააღმდეგ დავაში. ამ უკანასკნელმა გაიგო რა საქმეში მოსარჩელის ჩართვის შესახებ, დაუკავშირდა მარწმუნებელს და დაიწყო წარმომადგენლის ლანძღვა, კერძოდ, განაცხადა, რომ „მოსარჩელე არის „პედიკი“, პედარასტი, ვერ გაურკვევია, ქალია თუ კაცი, აქვს სექსუალური ხასიათის ურთიერთობები მამაკაცებთან, რის დასადასტურებლად აქვს კომპრომატები და ფოტოსურათები. მოსარჩელემ გააჩერა ტაქსის მძღოლი, ხელი გადაუსვა ინტიმურ ადგილზე, რის შემდეგაც საქმე აღუძრა პროკურატურაში. მოსარჩელე იყო სკოლის დირექტორი, ბავშვებიდან აკრიბა 100-100 ლარი, რის გამოც თაღლითობის ბრალდებით გაასამართლეს“. მარწმუნებელი ამ საუბრის დროს იყო მოსარჩელის ოფისში. სატელეფონო საუბარს ესწრებოდა მოსარჩელის სტაჟიორი და მეგობარი ა.ს–ი (შემდგომ - სტაჟიორი ან მეგობარი), რომელიც საუბარს ისმენდა ტელეფონის ხმამაღალი რეჟიმის საშუალებით. ამ საუბრით მოსარჩელემ მოპასუხეს მიაყენა ზიანი: შელახა მისი პატივი და ღირსება, გაავრცელა სახელგამტეხი ცნობები, რის გამოც თავს გრძნობს დამცირებულად, ნერვიულობის გამო სამი დღე სახლიდან აღარ გამოსულა. უნდა მოენათლა სტაჟიორის ძმა, თუმცა ამ დღის შემდეგ მათ ოჯახში აღარ მისულა, არც ნათლობა არ გამართულა. როგორც სტაჟიორმა განუმარტა, მას არ სურდა, ჰყოლოდა ისეთი ნათლია, რომელზეც უხამსობებს ლაპარაკობდენენ. ყოველივე აღნიშნულის გამო მოსარჩელეს მიადგა დიდი მორალური ზიანი.

მოპასუხის პოზიცია:

3. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ დასტურდება საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

5. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 4 მაისის გადაწყვეტილებით - სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მოპასუხეს მორალური ზიანის სახით დაეკისრა 1000 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.

7. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხემ მოსარჩელე შეურაცხყო ძირითადად ორი კონტექსტით - ერთი, რომ მოსარჩელე არის „პედერასტი“ და მეორე - თაღლითია. პალატის შეფასებით, პირველი გარემოება მოსარჩელის მოსაზრება იყო, თუმცა გადაჭარბებული და უხამსი. გარდა იმისა, რომ მოსარჩელე დაკავებულია მეტად საპასუხისმგებლო საქმიანობით - იურიდიული მომსახურების გაწევით, აპელანტის განცხადებით, მას ჰყავს სამი არასრულწლოვანი შვილი, მოპასუხე ცხოვრობს მასთან ახლოს და, თუკი საზღვარი არ დაედება მის ასეთ ქმედებებს, შესაძლებელია, იგივე ინფორმაცია მან გაუვრცელოს სამეზობლოში და მისწვდეს არასრულწლოვანი შვილების ყურსაც, რაც კიდევ უფრო მძიმე იქნება მისთვის.

8. მეორე გარემოებასთან დაკავშირებით, პალატის მიუთითებით, ეს იყო ფაქტი. საქმეში წარმოდგენილი განაჩენის თანახმად დგინდებოდა, რომ მოსარჩელე არ იყო ნასამართლები თაღლითობისთვის, მას მსჯავრი მითვისებისთვის დაედო, რაც ორი სხვადასხვა დანაშაულია და არ შეიძლებოდა მათი გაიგივება. ამასთან, პალატის მითითებით, მოსარჩელეს ნასამართლობა გაქარწყლებული ჰქონდა, შსს მომსახურების სააგენტოში დაფიქსირებული იყო, როგორც ნასამართლობის არმქონე პირი და მუდმივი აპელირება წარსულში ჩადენილ ქმედებაზე, თანაც არასწორი და მძიმე ინტერპრეტაციით, პირისათვის უდავოდ ზიანის მომტანი იყო. მით უფრო იმ პირობებში, რომ კანონით დაწესებულია მოხსნილი ან გაქარწყლებული ნასამართლობის სამართლებრივი კუთხით განულება, ანუ პირს უფლება აქვს, იყოს დავიწყებული, დავიწყებული იყოს მისი ნასამართლობის ფაქტი. ამდენად, მეორე გარემოება არ შეესაბამება სინამდვილეს და ეს დადგენილია წარმოდგენილი მტკიცებულებით.

9. პალატის მითითებით, მოსარჩელე კერძო პირია და მისი საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით გარანტირებული უფლების დაცულობის სტანდარტი უფრო მაღალია საჯარო პირებთან შედარებით, რომელთაც სიტყვის თავისუფლების მიმართ თმენის განსაკუთრებული ვალდებულება ეკისრებათ. ამასთან, მოსარჩელის პატივი და საქმიანი რეპუტაცია საზოგადოებაში დამკვიდრებულია მისი სოციალური მდგომარეობით, ის მოღვაწეობს იურიდიული მომსახურების სფეროში და ეწევა საპასუხიმგებლო საქმიანობას. მოპასუხის მიერ გავრცელებული ინფორმაცია პირდაპირ ისახავდა მიზნად მის დისკრედიტაციას.

10. პალატამ დაასკვნა, რომ მოპასუხის სატელეფონო საუბარი უშუალოდ ეხებოდა მოსარჩელეს, გადაცემული ინფორმაცია როგორც მცდარი ფაქტების, ასევე - დამამცირებელ, უხამს და ზღვარგადასულ მოსაზრებას შეიცავდა. მოპასუხე მიზანმიმართულად ცდილობდა მარწმუნებლისათვის მოსარჩელეზე ნეგატიური წარმოდგენის შექმნას მისი როგორც ადამიანის, ისე - როგორც წარმომადგენლის შესახებ. ამავდროულად, დადასტურებულია, რომ საუბრის შინაარსი მოისმინა მოსარჩელის თანამშრომელმა (სტაჟიორმა), რაც განსაკუთრებით მტკივნეული იყო მოსარჩელისათვის. მოსარჩელემ შეძლო მის წინააღმდეგ გავრცელებული ფაქტის მცდარობის დადასტურება. ამასთან, აღნიშნული ფაქტი და მოსაზრება ფიზიკური პირის - მოსარჩელის პატივისა და ღირსების შემლახაველია, რაც იმთავითვე მორალური ზიანის დაკისრების წინაპირობაა.

კასატორის მოთხოვნა:

11. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის უარყოფა მოითხოვა.

12. არაქონებრივი ზიანი ნიშნავს ადამიანის ფსიქიკაში ნეგატიური ცვლილებების გამოწვევას, რომელიც სიმძიმის მიხედვით შეიძლება იყოს სულიერი ტკივილი, ტანჯვა და სხვა. მოსარჩელის შემთხვევაში კი, არცერთი ასეთი ცვლილება ობიექტურად არ დასტურდება.

13. ფაქტების არარსებობის გამო, არ დასტურდება ქმედებასა და შესაბამის შედეგს შორის კავშირი, რის გამოც საკითხი მოპასუხის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქმის მასალებს არ ერთვის დისკი, რომელზედაც შესაძლოა იყოს ზემოაღნიშნული სატელეფონო საუბრის ჩანაწერი. ამავე დროს, მოსარჩელე მხარემ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე უარი განაცხადა აღნიშნული დისკის საქმეზე დართვაზე. სხდომაზე დაკითხული მოწმეები კი, მოსარჩელის სასარგებლოდ საქმის დასრულებით დაინტერესებული ახლობელი პირები არიან.

14. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში არასწორადაა მითითებული, თითქოს, მოპასუხემ ფაქტობრივად აღიარა მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები. სასამართლომ ეს დასკვნა ადმინისტრაციულ საქმეზე გამოტანილ დადგენილებას დაამყარა, თუმცა კონტექსტიდან ამოგლეჯილად გამოიყენა. ადმინისტრაციული სამართალწარმოების დროს მოპასუხემ ფაქტობრივად საეჭვო გახადა დისკზე არსებული ჩანაწერის ავთენტიკურობა, ხოლო საწინააღმდეგო მტკიცებულობები მოსარჩელეს არ წარმოუდგენია.

15. გასაჩივრებულ გადაწყვტილებაში არასწორადაა მითითებული, თითქოს, არ არის სადავო გარემოება, რომ მოსარჩელეს უნდა მოენათლა მეგობრის ძმა და მას შემდეგ, რაც სატელეფონო საუბარს შეესწრო, ის არც ქორწილში არ დაუპატიჟია, არც ძმის მოსანათლად არ მიუწვევია და დღემდე მათ არა აქვთ ახლომეგობრული ურთიერთობა. პირველი ინსტანციისა და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში, მოპასუხე მხარეს არასდროს გაუხდია ნათლობაზე შეთანხმების ფაქტი უდავოდ.

16. რაც შეეხება განაჩენს, მოპასუხე იურიდიული განათლების არმქონე მოქალაქეა, ამიტომაც მის მიმართ, სააპელციო სასამართლოს მხრიდან გამოთქმული პრეტენზია, რომ სისხლის სამართლის კოდექსის ფაბულის სიზუსტით არ გაავრცელა ინფორმაცია მოსარჩელის ნასამართლობის შესახებ, რბილად რომ ვთქვათ, არასწორია. თაღლითობა და მითვისება-გაფლანგვა შედის სისხლის სამართლის კოდექსის „სამეწარმეო ან სხვა ეკონომიკური საქმიანობის წინააღმდეგ“ დანაშაულის XXVI თავში და არაპროფესიონალი მოქალაქისათვის მათი ერთმანეთისგან სამართლებრივად გარჩევა არც ისე იოლი უნდა იყოს, მით უმეტეს, ფრაზა „…ჩამოკრიბა 100-100 ლარი სკოლებში…“ მითვისება-გაფლანგვასთანაც საკმაოდ ახლოსაა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

17. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ-ის) 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

19. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მოპასუხის სადავო გამონათქვამებმა მისი პატივი და ღირსება შელახა. მოსარჩელის ეს უფლებები აღიარებული და დაცულია საქართველოს კონსტიტუციით (9.1. მუხლი - ადამიანის ღირსება ხელშეუვალია და მას იცავს სახელმწიფო.), ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-10 მუხლითა (ყველას აქვს უფლება, გამოხატვის თავისუფლებისა. ეს უფლება მოიცავს პირის თავისუფლებას, ჰქონდეს შეხედულებები, მიიღოს ან გაავრცელოს ინფორმაცია თუ მოსაზრებები საჯარო ხელისუფლების ჩაურევლად და სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად. ეს მუხლი ხელს არ უშლის სახელმწიფოებს, განახორციელონ რადიომაუწყებლობის, სატელევიზიო ან კინემატოგრაფიულ საწარმოთა ლიცენზირება. ამ თავისუფლებათა განხორციელება, რამდენადაც ის განუყოფელია შესაბამისი ვალდებულებისა და პასუხისმგებლობისაგან, შეიძლება, დაექვემდებაროს ისეთ წესებს, პირობებს, შეზღუდვებს ან სანქციებს, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, უწესრიგობისა თუ დანაშაულის აღსაკვეთად, ჯანმრთელობის ან მორალის დაცვის მიზნით, სხვათა რეპუტაციის ან უფლებების დასაცავად, საიდუმლოდ მიღებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად) და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ-ის) მე-18 მუხლით, რომლის მე-2 ნაწილის (პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან) ჩანაწერი პატივისა და ღირსების „კანონით დადგენილი წესით“ დაცვასთან დაკავშირებით „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ სპეციალურ კანონს გულისხმობს.

20. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მოითხოვს პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვის გამო მორალური ზიანის ანაზღაურებას. სსკ-ის 413.1 მუხლის მიხედვით, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში. ფიზიკური პირის დაცულ არაქონებრივ უფლებას წარმოადგენს პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია, რომლის ბრალეული შელახვის გამო, მორალური ზიანის დაკისრება სსკ-ის მე-18.6 მუხლიდან და სპეციალური კანონის მე-13 მუხლიდან (პირს ეკისრება სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობა კერძო პირის ცილისწამებისათვის, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ და ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა) გამომდინარეობს.

21. სპეციალური კანონის მითითებული ნორმა მტკიცების ტვირთს მოსარჩელეს აკისრებს, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლოში სარჩელის წარდგენისას, ვალდებული მოსარჩელეა, ამტკიცოს, რომ შესრულებულია ნორმით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებლი ყველა წინაპირობა, კერძოდ:

ა) მოპასუხემ მის შესახებ გაავრცელა სადავო განცხადება;

ბ) სადავო განცხადება არ შეესაბამება სინამდვილეს, ანუ იგი მცდარი ფაქტების შემცველია;

გ) სადავო განცხადება ზიანს აყენებს მის პატივს, ღირსებასა ან/და საქმიან რეპუტაციას.

22. კასატორის პრეტენზიის თანახმად, მოსარჩელის შესახებ სადავო გამონათქვამები მას არ ეკუთვნის. სააპელაციო სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებათა ერთობლიობის, მათ შორის, აუდიოჩანაწერის დათვალიერების შესახებ ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის 04.07.2018 წლის ოქმისა და 2018 წლის 3 აგვისტოს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს დადგენილების საფუძველზე დაადგინა, რომ 2018 წლის 12 ივნისს მოპასუხე ტელეფონის საშუალებით ესაუბრა მოსარჩელის მარწმუნებელს, რა დროსაც მოსარჩელის შესახებ უთხრა: „პედარასტის ადვოკატობა რად გინდოდა ... მაგან ჩამოკრიბა 100-100 ლარი სკოლებში... სისხლის სამართლის საქმე თაღლითობის მუხლით აღძრული ჰქონდა... სურათები მაქვს გადაღებული, ვისთან რა საქმე აქვს, ვისთან რა ურთიერთობა აქვს... მე მაგას ადამიანად არ ვთვლი, მაგი არც კაცია, არც ქალია, შუაშია და ვინაა, რა სქესისაა, თვითონ გაიგე... მაგან ტაქსის მძღოლი გამოიძახა და ხელი გადაუსვა „იმაზე“ რის შემდეგაც ადგა და სისხლის სამართლის საქმე აღუძრა...მთელმა ქალაქმა იცის, მოერიდეთ არის თაღლითი და პედარასტი“. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ამ დადგენილი ფაქტობრივი გარემოების წინააღმდეგ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია. სადავო გამონათქვამების მოპასუხისადმი კუთვნილების შესახებ სასამართლოს რწმენას ამყარებს ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული მოპასუხის სასამართლო სხდომაზე გაკეთებული განმარტება, რომ მარწმუნებელთან გაიმეორა ის მოარული ხმები და სიტყვები, რაც არსებობდა მოსარჩელეზე ქალაქში.. ამასთან, მას სურდა, ერჩია მარწმუნებლისათვის, რომ პრობლემის მოგვარებაში თავად უფრო დაეხმარებოდა. თავად საკასაციო საჩივრის შინაარსიდანაც ირკვევა, რომ სადავო სატელეფონო საუბარი ნამდვილად გაიმართა მოპასუხესა და მარწმუნებელს შორის, მაგალითად, სადაც კასატორი მიუთითებს, რომ ის იურიდიული განათლების არმქონე პირია და თაღლითობასა და მითვისება-გაფლანგვას ვერ ასხვავებს და მის მიერ ნათქვამი - „…ჩამოკრიბა 100-100 ლარი სკოლებში…“ მითვისება-გაფლანგვასთანაც ახლოსაა. ამდენად, მოსარჩელემ დაამტკიცა, რომ მის შესახებ სადავო გამონათქვამები ნამდვილად მოპასუხეს ეკუთვნის.

23. რაც შეეხება სადავო გამონათქვამები იყო ფაქტები თუ მოპასუხის მოსაზრება, უპირველესად, აღსანიშნავია, რომ სპეციალური კანონით მოცემულია როგორც აზრის (შეფასებითი მსჯელობა, თვალსაზრისი, კომენტარი, აგრეთვე ნებისმიერი სახით ისეთი შეხედულების გამოხატვა, რომელიც ასახავს რომელიმე პიროვნების, მოვლენის ან საგნის მიმართ დამოკიდებულებას და არ შეიცავს დადასტურებად ან უარყოფად ფაქტს), ისე ცილისწამების (არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადება) დეფინიცია, რომელთა ანალიზი ცხადყოფს, რომ ფაქტისა და მოსაზრების გამიჯვნა აუცილებელი პირობაა ცილისწამების განსაზღვრისათვის. მითითებული ნორმის მიხედვით, „აზრი“ ვრცლად უნდა განიმარტოს. იგი გულისხმობს განსჯას, დამოკიდებულებასა თუ შეფასებას, რომლის სისწორე თუ მცდარობა დამოკიდებულია მთლიანად ინდივიდზე, მის სუბიექტურ დამოკიდებულებაზე. ფაქტები კი, ჩვეულებრივ, მოკლებულია სუბიექტურ დამოკიდებულებას, იგი ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარეობს, ამიტომ, ფაქტების გადამოწმება და მისი ნამდვილობასთან შესაბამისობის დადგენა შესაძლებელია. ერთმანეთისაგან განასხვავა რა ინფორმაცია (ფაქტები) და შეხედულებები (შეფასებითი მსჯელობა), ევროსასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ფაქტების არსებობა შეიძლება დამტკიცებულ იქნეს, მაშინ, როდესაც შეფასებითი მსჯელობის ნამდვილობა არ ექვემდებარება მტკიცებას. ... რაც შეეხება შეფასებით მსჯელობას, ამ მოთხოვნის შესრულება შეუძლებელია და იგი თავისთავად ხელყოფს შეხედულებების თავისუფლებას, რაც წარმოადგენს კონვენციის მე-10 მუხლით გათვალისწინებული უფლების ფუნდამენტურ ნაწილს (Lingens v. Austria, №9815/82, 08.07.1986წ., Jerusalem v. Austria, no. 26958195, 2001-II).

24. როგორც უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ საქმეში განმარტა (№ას-677-638-2011, 24.09.2012წ.) ცილისწამების მაკვალიფიცირებელი ერთ-ერთი მთავარი ნიშანია განმცხადებლის მიერ იმ ფაქტების მითითება, რომელიც რეალობისგან არც ისე შორსაა, უფრო კონკრეტულია და არა ზოგადი ხასიათის, უფრო მეტად ობიექტური შინაარსისაა, ვიდრე სუბიექტური და, რაც მთავარია, მისი დადასტურება (დამტკიცება) შესაძლებელია. სასამართლო განმარტავს, რომ ხშირ შემთხვევაში, აზრები და ფაქტები ერთმანეთს მჭიდროდ უკავშირდება და მათი გამიჯვნა რთულია. ეს განპირობებულია იმით, რომ გამოთქმის ორივე ფორმა იშვიათად გვხვდება სუფთა სახით. უმთავრესად, სჭარბობს სწორედ ისეთი გამონათქვამები, რომლებშიც თავს იყრის როგორც შეფასებითი, ასევე - ფაქტობრივი ელემენტები. სადავო განცხადება სწორედ ის შემთხვევაა, როცა მასში გადმოცემულია როგორც მოპასუხის შეფასება, ისე ფაქტები. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, სადავო გამონათქვამის სწორი კვალიფიკაციისათვის უნდა შემოწმდეს მისი შინაარსი, გამოთქმის ფორმა და გამოთქმის კონტექსტი, რა ფაქტობრივი ელემენტებისაგან შედგება გამონათქვამი (სუსგ №ას-1477-1489-2011, 3.04.2012წ.; №ას-569-540-2014, 11.03.2016წ.; №ას-1366-2019, 06.04.2020წ).

25. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო გამონათქვამები ჩამოყალიბებულია იმდაგვარად, რომ მსმენელზე მხოლოდ მოსარჩელის მიმართ მოპასუხის პირადი განწყობისა და დამოკიდებულების შთაბეჭდილებას არ დატოვებდა, პირიქით, მიმართული იყო იქითკენ, რომ მარწმუნებელი, რომელსაც მოსარჩელე იურიდიულ მომსახურებას უწევდა, დარწმუნებულიყო, მისი წარმომადგენელი იყო ამორალური პიროვნება, თაღლითი, მატყუარა და უარი ეთქვა მასთან თანამშრომლობაზე. შესაბამისად, გამონათქვამები მიმართული იყო არა მხოლოდ მოსარჩელის პიროვნული დისკრედიტაციისაკენ, არამედ საქმიანი რეპუტაციის შელახვისაკენაც, მაშინ, როდესაც მოსარჩელის რეპუტაცია კლიენტებთან ურთიერთობაში უაღრესად მნიშვნელოვანია. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საქმიანი რეპუტაცია გულისხმობს საზოგადოების მიერ პირის პროფესიული თუ სხვა საქმიანი თვისებების შეფასებას. პროფესია არის ხელობა, საქმიანობა, სპეციალობა, რომელსაც გარკვეული მომზადება სჭირდება და, რომლითაც ადამიანი თავს ირჩენს, ხოლო საქმიანი თვისებები, რომელთაც საქმიანი რეპუტაცია გულისხმობს, აქვთ მათ, ვინც მონაწილეობს ეკონომიკურ (კომერციულ) საქმიანობაში. აქედან გამომდინარე, საქმიანი რეპუტაციის შელახვა, რასაც სსკ-ის მე-18 მუხლი ითვალისწინებს, მიმართული უნდა იყოს პირის მიერ განხორციელებული (ან განსახორციელებელი) საქმიანი ოპერაციებისათვის. საქმიანი რეპუტაციის შელახვას კი, პირის ზემოაღნიშნული თვისებების დისკრედიტაცია წარმოადგენს (შდრ. სუსგ-ები №ას-1084-1034-2014, 11 მაისი, 2015წელი; №3/კ376-01, 18 ივლისი, 2001 წელი). მოცემულ შემთხვევაში, გამოხატვა განხორციელდა იმგვარი ფორმით და მანერით, რომ მოსარჩელე მისი კლიენტისა და სხვა საუბარს შემსწრე პირთა წინაშე წარმოჩნდა, როგორც მატყუარა, პროვოკატორი, ამორალური პიროვნება, რომელთანაც საქმიანი ურთიერთობის დაჭერა არ შეიძლება. მოპასუხის მიერ მოსარჩელის წარმომადგენლისათვის მიწოდებულმა მისი ქცევის, საქმიანობის შესახებ ცნობებმა უარყოფითი გავლენა მოახდინა გარშემომყოფთა მიერ მის შეფასებაზეც.

26. მოცემულ შემთხვევაში, სადავო გამონათქვამები, როგორც მთლიანი კონტექსტის გათვალისწინებით, ისე დამოუკიდებლად იყო გადაჭარბებული, გამოიხატა უხამსი ფორმით (სპეციალური კანონის პირველი მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, უხამსობა არის განცხადება, რომელსაც არა აქვს პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო ან სამეცნიერო ღირებულება და რომელიც უხეშად ლახავს საზოგადოებაში საყოველთაოდ დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს), რამაც შელახა მოსარჩელის პატივი და ღირსება.

27. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კონვენციის მე-10 მუხლიდან გამომდინარე, კერძო პირის რეპუტაციის დასაცავად შეურაცხმყოფელი გამონათქვამების შეზღუდვა, ევროსასამართლოს მიერ, აზრის გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევად ფასდება. ეს არ გულისხმობს იმას, რომ აზრის გამოხატვის თავისუფლება ყოველთვის სარგებლობს უპირატესობით სხვა ფუნდამენტურ უფლებებსა ან საზოგადოებრივ ინტერესებთან დაპირისპირებისას. ასეთი მიდგომა გამოხატვის თავისუფლებას აბსოლუტურ უფლებად აქცევდა, თუმცა პიროვნების შეურაცხყოფის საქმეების განხილვის დროს სასამართლოს წინაშეა მთავარი კითხვა: იყო თუ არა აღნიშნული განცხადება „გადაჭარბებული“? ევროსასამართლოს განმარტებით, განცხადების შეფასებისას მნიშვნელოვანი ელემენტია, რამდენად შეიცავს იგი შეურაცხმყოფელ ტერმინებს, ასევე, მათი შინაარსი და გავლენა საზოგადოებაზე (Chauvy and others v. France (საჩივარი №64915/01), 29.06.2004წ.).

28. განსახილველ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, გამოხატვის ფორმა იყო უხეში, შეურაცხმყოფელი. ამასთან, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგინდა მისი უარყოფითი გავლენაც - სატელეფონო საუბარს ისმენდა მოსარჩელის ოფისში მყოფი თანამშრომელი (სტაჟიორი), რომელთანაც აკავშირებდა არამხოლოდ პროფესიული, არამედ ახლომეგობრული ურთიერთობა, მას უნდა მოენათლა მცირეწლოვანი ძმა, მოპასუხის შეურაცხმყოფელი ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ამ პირს მოსარჩელე არც ქორწილში არ დაუპატიჟია და არც მისი ძმა არ მოუნათლავს და დღემდე მათ ამ ფაქტის გამო არ აქვთ ახლომეგორული ურთიერთობა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო გამონათქვამი ფორმულირებულია უკიდურესად უსიამოვნო, უხეში ტერმინებით, მათი მიზნისა და იმ ზემოქმედების გათვალისწინებით, რაც მას უფრო ფართოდ გავრცელების შემთხვევაში საზოგადოებაზე შესაძლოა, მოეხდინა, შეიძლება მიჩნეულ იქნეს იმდენად გადაჭარბებულად, რომ გამართლებული იყოს გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა. ამდენად, მოპასუხის უხეშ გამონათქვამებს რომც მივანიჭოთ აზრის პრივილეგია, ის მაინც გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს სცილდება.

29. ზოგადი პრინციპის თანახმად, უხამსი კრიტიკა ან ლანძღვა არ დგინდება, როდესაც აზრი გამოთქმულია საკითხის განხილვის კონტექსტით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ გამოხატვის შეურაცხმყოფელი ხასიათი იმდენად მძიმეა, რომ ნებისმიერ შესაძლო წარმოსახვითი კონტექსტით, მარტოოდენ შეურაცხყოფის მიყენებად აღიქმება და, აქედან გამომდინარე, მისი კონკრეტული კონტექსტის მიუხედავად, ყოველთვის განხილულ უნდა იქნეს პირადად შეურაცხმყოფელ უხამსობად, რაც ვლინდება განსაკუთრებით მძიმე სალანძღავი სიტყვების გამოყენებისას... გარდა ამისა, გამართლებულად ვერ მიიჩნევა ისეთი გამოხატვაც, რომელიც არანაირ კავშირში არ არის უკავშირდება კონკრეტულ საკითხთან და წარმოადგენს „უკიდურესად გადაჭარბებულ შეფასებაა“ („Wertungsexzess“). შედარებით მაღალი მოთხოვნები წაეყენება ადამიანის ღირსებაზე თავდასხმის დაშვების შემთხვევებს. ადამიანის ღირსების შელახვა არ შეიძლება გამართლებული იქნეს აზრის გამოხატვის თავისუფლებაზე დაყრდნობით, თუმცა აქაც ადამიანის პატივის ყოველგვარი შელახვა იმთავითვე ადამიანის ღირსებაზე თავდასხმასთან არ უნდა გაიგივდეს. ღირსების შელახვის დადგენისათვის აუცილებელია, რომ კონკრეტულ პირს ეზღუდებოდეს ამ სახელმწიფო საზოგადოებაში სხვათა თანასწორად, სხვათა თანაბარი მნიშვნელობისა და თანაბარი ღირებულების მქონე სუბიექტად არსებობის უფლება, და მას, როგორც მნიშვნელობის არმქონე არსებას (არარაობას), ისე ეპყრობოდნენ. ამდენად, თავდასხმა მიმართული უნდა იყოს მისი პიროვნების ადამიანური ღირსების მსაზღვრელი უმთავრესი ბირთვისადმი და არა - მარტოოდენ მისი ცალკეული პირადი უფლებების წინააღმდეგ (იხ. ბერლინის უმაღლესი სამხარეო სასამართლოს 11.03.2020წ. გადაწყვეტილება №10 W 13/20, §23, 24; საქმე №ას-989-2019 28 ივნისი, 2022 წელი). განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შეურაცხმყოფელი ფორმით თავდასხმა მოსარჩელის იდენტობასა თუ მის უხამს/პროვოკაციულ საქციელზე (ტაქსის ეპიზოდი) კონტექსტს აცდენილი, მძიმე ხასიათის შეურაცხყოფა იყო.

30. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას, რომ მოსარჩელის სულიერი ტანჯვა არ დასტურდება, საკასაციო პალატა გამარტავს, რომ სადავო გამონათქვამების გავრცელებისას ფიზიკური პირის მიმართ ზიანი არაქონებრივი სახით - პირის პატივისა და ღირსების შელახვით არის გამოვლენილი. უზენაესი სასამართლოს განმარტებით, არაქონებრივი ურთიერთობები, თავისთავად, მოკლებულია რა ეკონომიკურ შინაარსს და მას არ გააჩნია ღირებულება, ამ ზიანის დამტკიცებისათვის სპეციალური კანონით დაცული უფლების დარღვევაც საკმარისია (№ას-1477-1489-2011 3.04. 2012წ.).

31. კონსტიტუციის 17.5 მუხლის თანახმად, აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად, სხვათა უფლებების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად. გამოხატვის ძირითადი უფლება დაკარგავს თავის არსს, თუკი მას მოეხსნება შეზღუდვის კონსტიტუციური საფუძვლები. ამდენად, სხვათა უფლებებისა და ღირსების დაცვა წარმოადგენს გამოხატვის თავისუფლებისათვის დაწესებულ კონსტიტუციურ საპირწონეს. მითითებული ნორმებიდან ჩანს, რომ ღირსებისა და რეპუტაციის საკითხს, საქართველოს კონსტიტუცია და ევროპული კონვენცია განიხილავს, როგორც გამოხატვის თავისუფლების უფლების შეზღუდვის ერთ-ერთ ლეგიტიმურ მიზანს. პირთა პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის დაცვა კი, უპირველ ყოვლისა, მათი უფლებების დაცვაა, რომ მათი ქცევის, საქმიანობის შესახებ ცნობები, რაც გავლენას ახდენს გარშემომყოფთა მიერ მათ შეფასებაზე, სინამდვილეს შეესაბამებოდეს.

32. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის ინტერესი - საკუთარი რეპუტაციის დაცვისა, უპირატესია გამოხატვის თავისუფლებასთან მიმართებით. გამონათქვამები მისაღები კრიტიკის ფარგლებს სცილდება. როგორც გამონათქვამები, ისე საუბრის შინაარსი მოსარჩელის პირად უფლებებზე თავდასხმას წარმოადგენს. ამდენად, აშკარაა კანონიერი ინტერესის მიზანმიმართული დაზიანება. აღნიშნული გარემოებები კი, გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის აუცილებლობას ამართლებს.

33. ამდენად, პალატა ასკვნის, რომ გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა მოსარჩელის პატივისა, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის დაცვის მიზნით აუცილებელია და კანონიერ მიზანს ემსახურება. უფლებაში ჩარევის საშუალება ჩარევის მიზანთან - ხელყოფილი უფლების დაცვასთან პროპორციულია. ამასთან, სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი ჩარევა მინიმალური, თანაზომიერი, ეფექტიანი, ეკონომიური და აღსრულებადია.

34. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 410-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. რ.ჭ–ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 4 მაისის გადაწყვეტილება;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე