თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - ნ.ბ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტო
მესამე პირი - თ.მ–ძე
დავის საგანი - სამსახურში აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება, დისკრიმინაციული ფაქტის დადგენა, არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება, კომპენსაციის და პირგასამტეხლოს დაკისრება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 17 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
აღწერილობითი ნაწილი:ნ.ბ–ძემ სარჩელით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს და ა(ა)იპ თვითმმართველო თემის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ...... ადრეული და სკოლამდელი სააღმზრდელო საჯარო დაწესებულების მიმართ და სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, დისკრიმინაციული ფაქტის დადგენა, მორალური ზიანის და პირგასამტეხლოს ანაზღაურება მოითხოვა.
გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ.ბ–ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ა(ა)იპ თვითმმართველი თემის - გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის 2015 წლის 29 სექტემბრის №65 ბრძანება და ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ნ.ბ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის გადახდა 7200 ლარის ოდენობით (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით). იმავე გადაწყვეტილებით ნ.ბ–ძეს უარი ეთქვა სხვა სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მხოლოდ ნ.ბ–ძემ, რომელმაც მოითხოვა გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება. ამდენად, გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში შევიდა კანონიერ ძალაში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 17 მაისის განჩინებით ნ.ბ–ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სამსახურში აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება, დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა და არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ არასათანადოდ გამოიკვლია დისკრიმინაციის ფაქტთან დაკავშირებული გარემოებები. კასატორი მიუთითებს, რომ დამსაქმებელმა მოახდინა მისი პოლიტიკური პარტიისადმი კუთვნილების გამო დისკრიმინაცია, რაც გამოიხატებოდა ერთი და იმავე პოზიციაზე მომუშავე დასაქმებულებიდან კონკრეტულად მის გამორჩევაზე. აღნიშნულის საფუძველზე მოსარჩელე ითხოვს სამუშაოზე აღდგენას, განაცდურის, არაქონებრივი ზიანის და პირგასამტეხლოს ანაზღაურებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 26 იანვრის განჩინებით ნ.ბ–ძის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო, საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ ნ.ბ–ძის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს შრომითი ურთიერთობის ფარგლებში დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა, სამუშაოზე აღდგენა, განაცდურის, არაქონებრივი ზიანის და კანონისმიერი პირგასამტეხლოს ანაზღაურების დაკისრების საფუძვლიანობა.
საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შრომით ურთიერთობებში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი, კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის (სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი მე-2 მუხლის მე-3 ნაწილი) თანახმად, დისკრიმინაცია არის განზრახ ან გაუფრთხილებლობით პირის განსხვავება ან გამორიცხვა ან მისთვის უპირატესობის მინიჭება ზემოთ მითითებული რომელიმე ნიშნით, რაც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას. ამავე კოდექსის 47-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დაუშვებელია შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა, შრომის კოდექსის გათვალისწინებული დისკრიმინაციის საფუძვლით.
მითითებული მოწესრიგება განსაზღვრავს შრომითსამართლებრივი ურთიერთობის სფეროში დისკრიმინაციის არსს და კრძალავს დამსაქმებლის მხრიდან ნებისმიერი დისკრიმინაციული გადაწყვეტილების მიღებას, შრომითი ურთიერთობის დაწყების, მიმდინარეობისა თუ დასრულების ეტაპზე. პალატა მიუთითებს, რომ დისკრიმინაციის ფაქტის დასადგენად აუცილებელია „დაცული ნიშნის“ დადგენა.
საკასაციო სასამართლო, სადავო საკითხის განხილვისას, ყურადღებას გაამახვილებს დისკრიმინაციის ფაქტის დადგენასთან დაკავშირებულ საქმეებში, მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალურ წესზე, კერძოდ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3633-ე მუხლის შესაბამისად, დისკრიმინაციის შესახებ სარჩელის აღძვრისას პირმა სასამართლოს უნდა წარუდგინოს ფაქტები და შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდის საფუძველს იძლევა, რის შემდეგაც მოპასუხეს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ დისკრიმინაცია არ განხორციელებულა. აღნიშნული ნორმა ადგენს შეზღუდვის ინიციატორის ვალდებულებას, სასამართლოს წარუდგინოს მტკიცებულებები და მიუთითოს ფაქტებზე, რომელთა ანალიზი გარკვეული ნიშნით პირის მიმართ არათანაბარი მოპყრობის ვარაუდის საფუძველს იძლევა. სწორედ ამ საპროცესო სტანდარტის დაცვის შემთხვევაში, წარმოიშობა მოპასუხის ვალდებულება: ა) გაამართლოს განსხვავებული მოპყრობა ობიექტური და გონივრული არგუმენტებით, რომლებიც გადაწონის განსხვავებულ მოპყრობას და გამართლებული იქნება დემოკრატიული ღირებულებებით; ან ბ) ამტკიცოს განსხვავებული მოპყრობის არარსებობა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 4 თებერვლის №ას-1189-2020 და 2017 წლის 29 სექტემბრის №ას-247-235-2017 განჩინებები).
განსახილველ შემთხვევაში საკასაციო პალატა, დისკრიმინაციის საკითხის შემოწმებისას, ყურადღებას გაამახვილებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის:
- გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 26 ივნისის №2149 მიმართვით შინდისის ბაგა-ბაღის დირექტორს დაევალა რეორგანიზაციის შედეგად მოსალოდნელი შტატების შემცირებასთან დაკავშირებით თანამშრომელთა გაფრთხილება.
- ა(ა)იპ თვითმმართველი თემის - გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებათა გაერთიანების 2015 წლის 8 სექტემბრის №49 ბრძანებით ა(ა)იპ თვითმმართველი თემის - გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებათა გაერთიანების სტრუქტურული დაწესებულებების საბავშვო ბაგა-ბაღების საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობაზე დაინიშნნენ წინამდებარე ბრძანებაზე თანდართულ დანართებში აღნიშნული პირები, მათ შორის პირველი ცვლის აღმზრდელის პოზიციაზე ნ.ბ–ძე, რომლის თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა 300 ლარით;
- ა(ა)იპ თვითმმართველო თემის - გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის 2015 წლის 17 სექტემბრის №56 ბრძანების თანახმად, დამტკიცდა ა(ა)იპ თვითმმართველო თემის - გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებათა გაერთიანების სტრუქტურული დაწესებულებების საბავშვო ბაგა-ბაღების დირექტორის, პირველი ცვლის აღმზრდელისა და მეორე ცვლის აღმზედელთათვის საკვალიფიკაციო მოთხოვნები: პირველი ცვლის აღმზრდელის თანამდებობაზე შეიძლება დანიშნულიყო პირი, რომელიც იყო 25 წლის და ჰქონდა უმაღლესი პედაგოგიური ან საშუალო სპეციალობით პედაგოგიური განათლება;
- ა(ა)იპ თვითმმართველი თემის - გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის 2015 წლის 29 სექტემბრის №65 ბრძანების საფუძველზე, ნ.ბ–ძე გათავისუფლდა ..... ბაგა-ბაღის აღმზრდელის პოზიციიდან საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ” ქვეპუნქტის საფუძველზე;
- დამსაქმებელი ორგანიზაციის დირექტორის 2015 წლის 29 სექტემბრის №109 მიმართვის თანახმად, ნ.ბ–ძეს განემარტა, რომ რეორგანიზაციის შედეგად მოხდა სააღმზრდელო დაწესებულებების თანამშრომელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნების განსაზღვრა. რის მიხედვითაც, ნ.ბ–ძე ვერ აკმაყოფილებდა საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. ამიტომ, იგი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან;
- ნ.ბ–ძე არის პოლიტიკური პარტია „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ გორის რაიონული ორგანიზაციის წევრი. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების არჩევნებში იგი იყო გორის რაიონის სოფელ ...... საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი.
მოსარჩელე, მის მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობად მიიჩნევს პოლიტიკური მოსაზრების ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლებას, ამდენად, დამსაქმებელი დაწესებულების მხრიდან დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის დადასტურება მოსარჩელეს ევალებოდა. განსახილველ შემთხვევაში, ნ.ბ–ძის გათავისუფლებას საფუძვლად დაედო დამსაქმებელ ორგანიზაციაში ჩატარებული რეორგანიზაცია, რაც უკანონოდ მიიჩნია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დამსაქმებლის მიერ მოსარჩელის სამსახურიდან კანონიერი საფუძვლის გარეშე გათავისუფლებ არ შეიძლება ჩაითვალოს დასაქმებულის მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობად. მხოლოდ ის გარემოება, რომ მოსარჩელე არის პოლიტიკური პარტიის წევრი, სხვა გარემოებების არარსებობის პირობებში, არ ქმნის დასაქმებულის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდს. ამდენად, პალატის მოსაზრებით, მოსარჩელემ ვერ დაძლია მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების სათანადო არგუმენტებით და მტკიცებულებებით დადასტურება, რაც მართებულად გახდა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, აღნიშნული კი, თავის მხრივ, გამორიცხავს არაქონებრივი ზიანის არსებობას და ამ თვალსაზრისით სასარჩელო მოთხოვნის დასაბუთებულობას.
რაც შეეხება დასაქმებულის სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების გამო უფლების აღდგენის საკითხს, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს საქართველოს შრომის კოდექსის 48-ე მუხლის მე-8 ნაწილზე, რომლის მიხედვითაც, სასამართლოს მიერ, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შრომითი ხელშეკრულება შეუწყდა, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანების უკანონოდ (ბათილად) ცნობის შემთხვევაში, დასახელებულ ნორმაში მითითებულია დამსაქმებლის ვალდებულება, რომელიც რამდენიმე შესაძლებლობას მოიცავს, თუმცა, კანონმდებლის მიერ დადგენილი წესი არ შეიძლება იმგვარად განიმარტოს, რომ სასამართლოს, დისკრეციული უფლებამოსილებით, შეუძლია მოხმობილი ნორმის დანაწესის საკუთარი შეხედულებისამებრ გამოყენება. კანონი დამსაქმებელს ავალდებულებს პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. მითითებული მოწესრიგებით დამსაქმებლისათვის დადგენილია უკანონოდ გათავისუფლებული დასაქმებულის პირვანდელ სამუშაოზე აღდგენა, ხოლო თუკი აღნიშნული შეუძლებელია, მაშინ მომდევნო რიგითობით შრომის კოდექსით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 იანვრის №ას-951-901-2015 განჩინება).
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ პოზიცია, რომელიც ნ.ბ–ძეს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტამდე ეკავა არ არის ვაკანტური. ამდენად, მოსარჩელის პირვანდელ სამუშაო ადგილას აღდგენა შეუძლებელია. რაც შეეხება ტოლფას თანამდებობას, მოსარჩელეს არ მიუთითებია ტოლფას თანამდებობაზე, რაც სასამართლოსთვის შეუძლებელს ხდის მოსარჩელის სხვა პოზიციაზე დანიშვნას. აქედან გამომდინარე საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კანონის დანაწესის შესაბამისად, მოსარჩელეს უნდა მიეკუთვნოს კომპენსაციის გადახდა.
რაც შეეხება დაკისრებული კომპენსაციის ოდენობას, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს შრომის კოდექსი არ განსაზღვრავს კომპენსაციის გამოანგარიშების წესსა და კრიტერიუმებს. კომპენსაციის, როგორც დასაქმებულის უფლებრივი რესტიტუციის საშუალების, დადგენა და მისი ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს დისკრეციაა, რა დროსაც გათვალისწინებულ უნდა იქნეს, რომ შრომითსამართლებრივი კომპენსაცია ერთდროულად ფარავს იმ მატერიალურ დანაკარგს, რაც მხარემ უკანონოდ დათხოვნით განიცადა და რასაც იგი საშუალოდ შესატყვისი სამსახურის მოძებნამდე განიცდის, ასევე - იმ მორალურ ზიანს, რაც მას უკანონოდ დათხოვნით მიადგა. ამავდროულად, გასათვალისწინებელია უკანონოდ დათხოვნილი სუბიექტის ასაკი, კომპეტენცია, სამსახურის შოვნის პერსპექტივა, ოჯახური მდგომარეობა, სოციალური მდგომარეობა, ასევე, დამსაქმებლის ფინანსური მდგომარეობა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 15 ოქტომბრის №ას-1161-2018 გადაწყვეტილება).
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა გამართლებულად მიიჩნევს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ განსაზღვრულ კომპენსაციის ოდენობას, რომელიც ადეკვატურად უზრუნველყოფს უკანონოდ გათავისუფლებული დასაქმებულების შეძლებისდაგვარ კომპენსირებას. საკასაციო პალატის შეფასებით, რესტიტუციის მიზნით მოპასუხეს კომპენსაციის სახით მართებულად დაეკისრა 7200 ლარის გადახდა.
საკასაციო საჩივრის ფარგლებში, მოსარჩელე ასევე სადავოდ ხდის დამსაქმებლისთვის კანონისმიერი პირგასამტეხლოს დაკისრების საკითხს. აღნიშნულთან მიმართებით, სააპელაციო სასამართლომ აპელანტს განუმარტა მოთხოვნის უსაფუძვლობის შესახებ, რასთან დაკავშირებითაც მოსარჩელეს საკასაციო საჩივრის ფარგლებში არ წარმოუდგენია შესაბამისი პრეტენზია/შედავება, ამიტომ საკასაციო პალატა ვერ იმსჯელებს მოთხოვნის დასაბუთებულობასთან დაკავშირებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველი დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი და წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულ, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, ვინაიდან: საქმე არ მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ასევე, არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი; სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. ამდენად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული, საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ.ბ–ძის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 17 მაისის განჩინება;
3. ნ.ბ–ძეს (პ/ნ ......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გ.ბ–ძის (პ/ნ .....) მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის (საგადახდო დავალება №220706141821939, გადახდის თარიღი - 06.07.2022წ.) 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე
გ. მიქაუტაძე