თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - დ.გ–ძე
კასატორი (მოპასუხე) - ა.ბ–ია (არასრულწლოვანი)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ხ–ი
თავდაპირველი მოსარჩელე - გ.ბ–ია
მესამე პირი – სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო
დავის საგანი – არასრულწლოვანთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილება
კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება; გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა
აღწერილობითი ნაწილი:გ.ბ–იამ და დ.გ–ძემ სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ნ.ხ–ის მიმართ და მოითხოვეს არასრულწლოვან ა.ბ–იასთან (გ.ბ–იას შვილი, დ.გ–ძის შვილიშვილი) ურთიერთობის წესის განსაზღვრა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილებით, გ.ბ–იას და დ.გ–ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გ.ბ–იას არასრულწლოვან შვილთან, ურთიერთობისათვის განესაზღვრა დროის შემდეგი მონაკვეთები: ყოველი კვირის პარასკევი, 16:00 საათიდან წაყვანით, ღამით დარჩენის უფლებით და შაბათს, 18:00 საათზე, დედის საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების ვალდებულებით, ბავშვის ყოველდღიური რეჟიმის დაურღვევლად და მისი ინტერესების გათვალისწინებით; ყოველი წლის 22 იანვარი - არასასწავლო დღის შემთხვევაში - 14:00 საათიდან 18:00 საათამდე, ხოლო სასწავლო დღის შემთხვევაში - სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ 18:00 საათამდე, წაყვანითა და დედის საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების ვალდებულებით, ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით; ყოველი წლის ზამთრის არდადეგებზე, 7 იანვრიდან 14 იანვრის ჩათვლით, ასევე, ზაფხულის არდადეგებზე, 1 აგვისტოდან 14 აგვისტოს ჩათვლით, წაყვანითა და დედის საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების ვალდებულებით, ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. დ.გ–ძეს არასრულწლოვან შვილიშვილთან, ა.ბ–იასთან ურთიერთობისათვის განესაზღვრა, გ.ბ–იასთან დადგენილი ურთიერთობის წესის იგივე პერიოდი, ბავშვის სურვილის შემთხვევაში. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თითოეულმა მხარემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებით გ.ბ–იას სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ნაწილობრივ გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, გ.ბ–იას (მამის) ბავშვთან ურთიერთობის განსხვავებულად მოწესრიგების თაობაზე; დ.გ–ძისა და ნ.ხ–ის სააპელაციო საჩივრები კი არ დაკმაყოფილდა და გადაწყვეტილება და მითითებულ ნაწილში დარჩა უცვლელი. სააპელაციო სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 4 ნოემბრის განჩინებით ნ.ხ–ისა და გ.ბ–იას საკასაციო საჩივრები დაუშვებლად იქნა მიჩნეული, ხოლო დ.გ–ძის საკასაციო საჩივარი საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დასაშვებად ცნო. საკასაციო პალატის 2020 წლის 2 დეკემბრის განჩინებით დ.გ–ძის სააპელაციო საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნა სააპელაციო სასამართლოს. საკასაციო პალატამ მიუთითა, რომ ბებია-შვილიშვილის ურთიერთობის განსაზღვრისას, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებს არ უმსჯელიათ მათ შორის ადაპტაციის პერიოდის განსაზღვრის შესაძლებლობაზე. ამასთან, ის გარემოება, რომ ბავშვს ბებიასთან ურთიერთობა დიდი ხნის განმავლობაში არ ჰქონია, თავისთავად არ შეესაბამება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს და სასამართლო ვალდებულია ხელი შეუწყოს ბებია-შვილიშვილის გაერთიანებასა და მათ შორის ურთიერთობის აღდგენას, თუკი არ არსებობს გამონაკლისი შემთხვევები, რომლებიც, ასევე ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, გარდაუვლად გამორიცხავენ მათ შორის ურთიერთობის აღდგენას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილებით დ.გ–ძის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოცემულ ნაწილში გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით დ.გ–ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: დ.გ–ძეს არასრულწლოვან ა.ბ–იასთან ურთიერთობისთვის განესაზღვრა ყოველი კვირის სამშაბათი ან ოთხშაბათი დღე, ორი საათის ხანგრძლივობით, ბავშვის სასწავლო პროცესის გათვალისწინებით, არასრულწლოვნის სურვილის შესაბამისად. მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით დ.გ–ძემ და არასრულწლოვანმა ა.ბ–იამ გაასაჩივრეს.
კასატორი დ.გ–ძე არ ეთანხმება მზრუნველობის და მეურვეობის ორგანოს შეფასებას იმასთან დაკავშირებით, რომ მოცემულ ეტაპზე აუცილებელია არასრულწლოვანს ურთიერთობა ჰქონდეს უპირატესად მამასთან და არსებობს საფრთხე, რომ ბებიასთან ურთიერთობის განსაზღვრამ შესაძლოა შეაფერხოს მამასთან ურთიერთობაც. კასატორს მიაჩნია, რომ სარჩელში მითითებული წესით არასრულწლოვანთან მისი ურთიერთობის განსაზღვრა შეესაბამება არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებს.
კასატორ ა.ბ–იას წარმომადგენელმა განმარტა, რომ არასრულწლოვანი სააპელაციო სასამართლოს მიერ არასათანადოდ იქნა მოსმენილი და არ იქნა მისი მოსაზრება გათვალისწინებული. წარმომადგენლის განმარტებით, დ.გ–ძე უარყოფით გავლენას ახდენს შვილიშვილზე, განაწყობს დედის წინააღმდეგ, რაც საბოლოო ჯამში ეწინააღმდეგება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 24 ივნისის განჩინებებით ა.ბ–იას (წარმომადგენელი ქ.უ–ი) და დ.გ–ძის საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად. საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2023 წლის 7 აპრილს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად და შესაძლო მორიგების მიზნით ჩატარდა სასამართლო სხდომა, რის შემდეგაც, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტა გადაიდო ზეპირი მოსმენის გარეშე განსახილველად. ამასთან, მხარეთა დაუწრებლად, იმავე დღეს სასამართლო მისი მოსაზრებისა და საუკეთესო ინტერესის დადგენის მიზნით არასრულწლოვანს გაესაუბრა.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო, საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ბავშვთან ბებიის ურთიერთობის წესის დადგენა.
საკასაციო პალატა, სადავო საკითხის განხილვის მიზნით, ყურადღებას მიაქცევს ეროვნული კანონმდებლობით და საერთაშორისო სამართლით და დადგენილ სამართლის პრინციპებს და ნორმებს, რომელიც ეხება არასრულწლოვანსა და ოჯახის წევრებს შორის ურთიერთობის მოწესრიგებას.
საქართველოს კანონის „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ (რომელიც სიახლეა ქართულ კანონმდებლობაში და იცავს ბავშვის უფლებებსა და თავისუფლებებს) მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბავშვს უფლება აქვს, მასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას უპირატესობა მიენიჭოს მის საუკეთესო ინტერესებს, რომლებიც ბავშვისთვის ინდივიდუალურად, ამ კოდექსის, საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად განისაზღვრება. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ბავშვის საუკეთესო ინტერესებისთვის უპირატესობის მინიჭება (მათი უპირატესი გათვალისწინება) სავალდებულოა საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების ორგანოების, საჯარო დაწესებულების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას ან/და ქმედების განხორციელებისას. ხოლო ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სახელმწიფო იღებს ყველა საჭირო ზომას, რათა საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების ორგანოებმა, ფიზიკურმა და იურიდიულმა პირებმა ბავშვის საუკეთესო ინტერესები განსაზღვრონ და მათი სავალდებულო შეფასება განახორციელონ შემდეგი ძირითადი კრიტერიუმების მიხედვით: ა) ბავშვის აზრის მოსმენა და სათანადოდ გათვალისწინება; ბ) ბავშვის ყველა სხვა უფლების დაცვა, მათ შორის, ღირსების დაცვის, თავისუფალი განვითარების, განათლების, ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური დაცვის, ყველა ფორმის ძალადობისგან დაცვისა და ბავშვებისადმი თანასწორი მოპყრობის უზრუნველყოფა; გ) მულტიდისციპლინური მიდგომით, სპეციალიზებული პირების მიერ ბავშვის ფსიქოლოგიური და ფიზიკური კეთილდღეობის, მისი სამართლებრივი, სოციალური და ეკონომიკური ინტერესების შეფასება და გათვალისწინება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 31 მარტის №ას-1635-2022 განჩინება).
ბავშვის უფლებათა შესახებ კონვენციის პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე - დაბადების შემდეგ.
აღნიშნული ნორმების და პრინციპების შესაბამისად საკასაციო პალატა განმარტავს, რომ არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესის დასაცავად და მისთვის ოჯახურ გარემოში აღზრდის უფლების უზრუნველსაყოფად, კანონმდებლობა აწესებს ნორმებს, რომელიც აწესრიგებს არამარტო ბავშვისა და მისი მშობლების ურთიერთობებს, არამედ ბავშვის ურთიერთობებს მის ბებიასთან/პაპასთან, ცხადია არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით.
სამოქალაქო კოდექსის 1203-ე მუხლის მიხედვით, პაპასა და ბებიას უფლება აქვთ ურთიერთობა იქონიონ თავიანთ არასრულწლოვან შვილიშვილებთან მაშინაც, როცა ისინი უშუალოდ არ მონაწილეობენ შვილიშვილების აღზრდაში. თუ მშობლები ან მეურვე/მზრუნველი უარს ეუბნებიან პაპასა და ბებიას შვილიშვილებთან ურთიერთობაზე, სასამართლოს შეუძლია დაავალდებულოს მშობლები ან მეურვე/მზრუნველი, საშუალება მისცენ პაპასა და ბებიას, ურთიერთობა იქონიონ შვილიშვილებთან სასამართლოს მიერ დადგენილი წესით, თუ სასამართლო დაადგენს, რომ ეს ხელს არ შეუშლის ბავშვების ნორმალურ აღზრდას და ცუდ გავლენას არ მოახდენს მასზე.
ამრიგად, ბავშვისა და მშობლების ან/და ოჯახის სხვა წევრების ურთიერთობის უფლება შეიძლება შეიზღუდოს ან გამოირიცხოს მხოლოდ მაშინ, თუ ეს აუცილებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის. ამასთან, ბავშვის სურვილები და გრძნობები მხედველობაში უნდა იქნას მიღებული მშობელთან ან/და ოჯახის სხვა წევრებთან ურთიერთობის საკითხის გადაწყვეტისას. აღნიშნული უფლების შეზღუდვის ან გამორიცხვის საკითხის განხილვისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს შემდეგი გარემოებები: (ა) არსებობს თუ არა საკითხის გადაწყვეტის უფრო ნაკლებად შემზღუდავი საშუალება; (ბ) არის თუ არა უფლების შესაძლო შეზღუდვა ან გამორიცხვა პროპორციული ზომა, და (გ) არის თუ არა უფლების შეზღუდვის ან გამორიცხვის აუცილებლობა სათანადოდ დასაბუთებული.
განსახილველ შემთხვევაში, ბებიის არასრულწლოვნთან ურთიერთობის განსაზღვრული წესის მართებულობის შეფასებისას საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
- გ.ბ–იას და ნ.ხ–ს ქორწინების პერიოდში, 2009 წლის 22 იანვარს შეეძინათ შვილი, ა.ბ–ია;
- გ.ბ–ია და ნ.ხ–ი აღარ ცხოვრობენ ერთ ოჯახად. მხარეები განქორწინდნენ 2011 წლის 29 ივლისს.
- არასრულწლოვანი ა.ბ–ია ცხოვრობს დედასთან, ნ.ხ–თან ერთად;
- არასრულწლოვანი ა.ბ–ია სკოლის მოსწავლეა. მისი საგაკვეთილო პროცესი იწყება 10:00 საათზე და მთავრდება 16:00 საათზე;
- თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის დიდუბე-ჩუღურეთის სერვის ცენტრის დასკვნის თანახმად, დ.გ–ძეს აქვს სამ ოთახიანი ბინა, სადაც საყოფაცხოვრებო პირობები და სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ბავშვისათვის ბინაში გამოყოფილია საკუთარი ოთახი, ყველა საჭირო ინვენტარით. ასევე, სოციალურ მუშაკთან საუბრისას გაირკვა, რომ დ.გ–ძე ზრუნავს შვილიშვილის მომავალზე. ბანკში ბავშვის სახელზე გახსნილი აქვს ანაბარი. სოციალური სამსახურის შეფასებით, დ.გ–ძის ოჯახში საკმაოდ ჯანსაღი და უსაფრთხო გარემოა არასრულწლოვანი ა.ბ–იას ნორმალური ცხოვრებისა და განვითარებისათვის.
საკასაციო პალატა დამატებით, ყურადღებას მიაპყრობს, თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2022 წლის 11 იანვარს გამართულ სხდომაზე ფსიქოლოგის, მ.ხ–ძის განმარტებას, რომლის მიხედვითაც აუცილებელია, რომ პირველ ეტაპზე ანამარიას გ.ბ–იას შორის მოხდეს ურთიერთობის აღდგენა, რაც საფუძველს დაუდებს ბებია-შვილიშვილის დაახლოებასაც. პალატა ასევე შენიშნავს, სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს წარმომადგენელმა და ფსიქოლოგმა არასრულწლოვნის უპირატეს უფლებაზე გაამახვილეს ყურადღება და განმარტეს რომ ა.ბ–იას და გ.ბ–იას შორის ურთიერთობის აღდგენა თავისთავად შეუწყობს ხელს ბებია-შვილიშვილს შორის კონტაქტის განახლებასაც და პირველ ეტაპზე დ.გ–ძეს უნდა მიეცეს დროის მინიმალური პერიოდი შვილიშვილთან საურთიერთობოდ, სასურველია - ფსიქოლოგის შუამავლობითა და ჩართულობით.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დ.გ–ძე ა.ბ–იას მიმართ გამოხატავს მზრუნველობას, საკუთარი სახლი უზურნველყოფილი აქვს არასრულწლოვნის განვითარებისთვის ყველა საჭირო პირობით და შვილიშვილისთვის მოწყობილი აქვს სპეციალური ოთახი. აღსანიშნავია ასევე, რომ დ.გ–ძე, საკრედიტო დაწესებულებაში გახსნილი ანაბრის მეშვეობით ზრუნავს ბავშვის მომავალზე. პალატის მოსაზრებით, აღნიშნული გარემოებები მიუთითებს ა.ბ–იას მიმართ დ.გ–ძის განსაკუთრებულ კეთილგანწყობაზე. საგულისხმოა, რომ საქმის განხილვაში ჩართულმა სოციალურმა მუშაკებმა და ფსიქოლოგმა გასცეს ბებიას და შვილიშვილს შორის, გარკვეული პირობების დაცვით, ურთიერთობის აღდგენის რეკომენდაცია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, მხარეთა განმარტებები, სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგის დასკვნები მიუთითებს, რომ ერთი მხრივ, ბებია გამოხატავს შვილიშვილისადმი მზრუნველობას, კეთილგანწყობას, გამოხატავს სურვილსა და მზაობას ჰქონდეს მასთან ურთიერთობა და ხელი შეუწყოს მის განვითარებს. მეორე მხრივ, არსებობს გარკვეული პირობების დაცვის აუცილებლობა. შესაბამისად, საკასაციო პალატას დადასტურებულად მიაჩნია, რომ არასრულწლოვანი ა.ბ–იას საუკეთესო ინტერესს წარმოადგენს ბებიასთან გარკვეული დროით დამოუკიდებლად ურთიერთობის შესაძლებლობის ქონა. ამასთან, საკასაციო პალატის მოსაზრებით, მიზანშეწონილია, რომ დ.გ–ძემ შვილიშვილთან ურთიერთობა იქონიოს სწორედ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული წესით, რაც გულისხმობს ბებიასთან ურთიერთობის შესაძლებლობას მხოლოდ არასრულწლოვნის ნება-სურვილის გათვალისწინებით, იმგვარად, რომ არ შეფერხდეს არასრულწლოვნის სასწავლო პროცესი. ამ ეტაპზე დადგენილი ფორმით ურთიერთობა უფრო მეტად შეუწყობს ხელს ბავშვისა და ბებიის დაახლოებას, ურთიერთობის აღდგენას და ნდობის წარმოშობას, რაც შეიძლება სამომავლოდ უფრო ინტენსიური ურთიერთობის საფუძველი შეიძლება გახდეს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ დასაბუთებულად განუსაზღვრა დ.გ–ძეს, კვირის განმავლობაში, ბავშვთან დამოუკიდებლად ურთიერთობისთვის აუცილებელი დროის მონაკვეთები და ურთიერთობის წესი, რაც სრულად შეესაბამება არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებს და ამასთანავე, ბებიის უფლებებში ჩარევის ყველაზე აუცილებელ და პროპორციულ ზომას წარმოადგენს.
ამდენად, განსახილველი დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი და წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულ, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, ვინაიდან: საქმე არ მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ასევე, არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი; სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული, საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთანავე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, კასატორ დ.გ–ძეს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. კასატორი ა.ბ–ია კი, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დ.გ–ძის და ა.ბ–იას საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილება;
3. დ.გ–ძეს (პ/ნ ……) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მ.ს–ის (პ/ნ .........) მიერ 2022 წლის 20 ივნისს №0 საგადასახადო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე
გ. მიქაუტაძე