Facebook Twitter

საქმე №ას-1232-2022 28 აპრილი, 2023 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე

განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე)- სს „ს.ბ–ი“

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - თ.დ–ძე

დავის საგანი - პირგასამტეხლოს გადახდა, უსაფუძვლოდ მიღებული თანხის დაბრუნება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 20 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინება გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

I აღწერილობითი ნაწილი:

1. სს „ს.ბ–მა“ სარჩელით მიმართა ხაშურის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე თ.დ–ძის მიმართ და მოითხოვა მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს - 20945.62 ლარის დაკისრება და მოსარჩელისგან უსაფუძვლოდ მიღებული თანხის - 8428.38 ლარის დაბრუნების დავალება. მოპასუხემ აღიარა დასაქმების შეზღუდვის საკომპენსაციო თანხის სახით 6585.6 ლარის მიღების ფაქტი და ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა ცნო.

2. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით სს „ს.ბ–ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; თ.დ–ძეს სს „ს.ბ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა უსაფუძვლოდ მიღებული თანხის - 6585.6 ლარის გადახდა; პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

3. პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეზე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები დაადგინა:

3.1. თ.დ–ძე 2019 წლის 4 თებერვლიდან დასაქმებული იყო სს „ს.ბ–ში“, საცალო ბიზნესის ბანკირის პოზიციაზე. დასაქმებულის შრომის ანაზღაურება შეადგენდა 1400 ლარს. შრომითი ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ დასაქმების შეზღუდვის სპეციალურ პირობებზე, რაც ასახულია შრომითი ხელშეკრულების №ვ დანართში;

3.2. მითითებული დანართის პირველი პუნქტის შესაბამისად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულების ნებისმიერი მიზეზით შეწყვეტის, მათ შორის ვადის გასვლის შემთხვევაში, დამსაქმებელს ჰქონდა უფლება, საკუთარი გადაწყვეტილებით და დასაქმებულისათვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნის საფუძველზე, შეეზღუდა დასაქმებულის უფლება, ემუშავა ფინანსურ სფეროში და/ან გაეწია საკონსულტაციო ან მსგავსი სერვისები (უშუალოდ ან მასთან დაკავშირებული პირების მეშვეობით) კონკურენტულ ფინანსურ ინსტიტუტებისთვის იმ ქვეყანაში/ქვეყნებში, სადაც ოპერირებს დამსაქმებელი და/ან მისი შვილობილი კომპანიები, შემდეგი პირობებით. იმავე დოკუმენტის 1.1. პუნქტის მიხედვით, დასაქმების სპეციალური პირობების მოქმედების ხანგრძლივობა არ უნდა ყოფილიყო 6 (ექვს) თვეზე მეტი ხელშეკრულების შეწყვეტის დღიდან. 1.3 პუნქტის თანახმად, დასაქმებულის კომპენსაციის მიზნით, დასაქმების სპეციალური პირობების მოქმედების პერიოდის ამოწურვამდე, დამსაქმებელი ყოველთვიურად გადაუხდიდა დასაქმებულს თანხას მისი ყოველთვიური შრომის ანაზღაურების ოდენობით. ამასთან, ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად, დასაქმებულზე არ გავრცელდებოდა დამატებითი შეღავათები, ბონუსები, კომპენსაციები და დამსაქმებელი არ განახორციელებდა დასაქმებულის ხარჯების ანაზღაურებას. დანართის 1.5 პუნქტის თანახმად, ამასთან, ხელშეკრულების ნებისმიერი მიზეზით შეწყვეტის შემთხვევაში დასაქმებულს უნდა შეეტყობინებინა დამსაქმებელსთვის თავისი დასაქმების გეგმების და მათი ცვლილებების შესახებ მომდევნო 6 თვის განმავლობაში (მათ შორის მესამე პირის წინაშე არსებული ნებისმიერი ვალდებულებების ჩათვლით);

3.3. დანართის მე-3 პუნქტის თანახმად, დასაქმებულის მიერ გათვალისწინებული ნებისმიერი ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში იგი ვალდებული იქნებოდა გადაეხადა დამსაქმებულისთვის პირგასამტეხლო ხელშეკრულების შეწყვეტამდე 12 თვის განმავლობაში დამსაქმებლის მიერ დასაქმებულისათვის გადახდილი ნებისმიერი სახის ანაზღაურების ოდენობით (შრომის ანაზღაურების და სხვა კომპენსაციის ჩათვლით). ამასთან, აღნიშნული პირგასამტეხლოს გადახდა არ ათავისუფლებდა დასაქმებულს დანართით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისაგან და არ ართმევდა დამსაქმებელს ზიანის (ზარალის) ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას;

3.4. შრომითი ხელშეკრულება შეწყდა დასაქმებულის ინიციატივით 2020 წლის 30 დეკემბერს. ამავე დღეს თ.დ–ძემ დამსაქმებლისგან მიიღო წერილობითი შეტყობინება დამსაქმებლისაგან შრომითი დასაქმების შეზღუდვის დაწესების შესახებ, რომლის შესაბამისადაც დამსაქმებელმა განუმარტა მოპასუხეს, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტიდან - 2021 წლის 1 იანვრიდან 6 თვის განმავლობაში ეზღუდებოდა „ს.ბ–ის“ ან/და მისი შვილობილი თუ აფილირებული კომპანიების საქმიანობის სფეროში, მათ შორის, სს „ლ.ბ–ში“ მუშაობის უფლებას;

3.5. 2021 წლის 1 იანვრიდან მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობა შეწყდა და თ.დ–ძემ მუშაობა დაიწყო სააქციო საზოგადოება „ლ.ბ–ში“ ბიზნესმრჩევლად, რის შესახებაც მისი ყოფილი დამსაქმებლისთვის არ უცნობებია;

3.6. თ.დ–ძემ სს „ს.ბ–თან“ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტამდე ერთი წლის განმავლობაში დამსაქმებლისგან მიიღო შრომის ანაზღაურება 20945.62 ლარის ოდენობით;

4. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისას, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ არ დგინდებოდა თუ რა ცოდნა და კვალიფიკაცია მიიღო დასაქმების პერიოდში თ.დ–ძემ და რაში გამოიხატა მოპასუხის მიერ მიღებული ცოდნის სს „ლ.ბ–ში“ გამოყენება. სასამართლოს შეფასებით, მხოლოდ იმის აღნიშვნა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეზღუდვის შესახებ გაფრთხილების მიუხედავად, მოპასუხე მაინც დასაქმდა კონკურენტ ბანკში და მოსარჩელისაგან ანაზღაურება მიიღო, პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს არ ქმნიდა.

5. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მხოლოდ მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა. ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხისთვის უსაფუძვლოდ გადაცემული თანხის სახით, 6585.6 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 20 ივლისის განჩინებით „ს.ბ–ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება.

7. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასება.

8. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მხოლოდ დასაქმების შეზღუდვა იმ გარემოებების გაანალიზების და დასაბუთების გარეშე თუ რა ფორმით და რა სახის ზიანი შეიძლება მიაყენოს დასაქმებულმა დამსაქმებელს, დაუსაბუთებელია და მხოლოდ ცალკე აღებული უფლების გამოყენება, ისე რომ არ იქნეს გათვალისწინებული დასაქმებულისათვის მიყენებული შესაძლო ზიანი უფლების ბოროტად გამოყენებას ემსახურება (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლი). სააპელაციო პალატის მოსაზრებით, თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ დასაქმების შეზღუდვის ამოქმედების შემთხვევაში დამსაქმებელი დასაქმებულს უხდის მხოლოდ ხელფასის სახით მისაღებ თანხას, ხოლო დასაქმების შემთხვევაში იგი მიიღებდა დამატებით შემოსავალს (მაგალითად ბონუსის სახით), ან უფრო მაღალ ხელფასს, დასაქმების შეზღუდვის გამოყენება დაუსაბუთებლად და მისი ძირითადი მიზნის გარეშე, ეწინააღმდეგება კანონმდებლობას.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 20 ივლისის განჩინება სს „ს.ბ–მა“ საკასაციო წესით გაასაჩივრა.

10. კასატორი აღნიშნავს, რომ დასაქმებულთან დადებული შეთანხმება პირგასამტეხლოს განსაზღვრის თაობაზე შეესაბამება საქართველოს შრომის კოდექსის დანაწესს, ხოლო, მოპასუხის მხრიდან კონკურენტ დაწესებულებაში მუშაობის დაწყება მიიჩნევა ვალდებულების დარღვევად. ამდენად, დასაბუთებულია ბანკის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ. რაც შეეხება უსაფუძვლოდ გადახდილი კომპენსაციის უკან დაბრუნებას, კასატორი მიუთითებს, რომ მოპასუხეს, გარდა დარიცხული თანხის ოდენობისა, ასევე უნდა დაეკისროს ორგანიზაციის მიერ საშემოსავლო გადასახადის სახით გადახდილი 1842.79 ლარის დაბრუნება.

11. საქართველოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით სს „ს.ბ–ის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ხოლო 2022 წლის 16 დეკემბრის განჩინებით - საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად.

II სამოტივაციო ნაწილი:

12. საკასაციო სასამართლო, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და საქმის მასალების გაცნობის შედეგად, მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს - გასაჩივრებული განჩინების გაუქმებით მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდება.

13. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს შრომითსამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს და უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების მიხედვით თანხის დაკისრების საფუძვლიანობა.

14. საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლზე, რომლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლიდან პირველი ნაწილიდან გამომდინარე, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო.

15. საკასაციო სასამართლო პირგასამტეხლოს აქცესორული ბუნებიდან გამომდინარე, ყურადღებას გაამახვილებს ძირითადი ვალდებულების ნამდვილობის საკითხზე, კერძოდ, საქართველოს შრომის კოდექსის 46-ე მუხლის მესამე ნაწილის (სამართალურთიერთობის დროს მოქმედი 46-ე მუხლის მეხუთე ნაწილი), თანახმად, შრომითი ხელშეკრულებით შეიძლება, დადგინდეს დასაქმებულის ვალდებულება, შრომითი ხელშეკრულების პირობების შესრულებისას მიღებული ცოდნა და კვალიფიკაცია არ გამოიყენოს სხვა, კონკურენტი დამსაქმებლის სასარგებლოდ. ეს შეზღუდვა შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტიდან 6 თვის განმავლობაში, იმ პირობით, რომ ამგვარი შეზღუდვის მოქმედების პერიოდში დამსაქმებელი დასაქმებულს გადაუხდის ანაზღაურებას არანაკლებ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას არსებული ოდენობით.

16. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის შეთანხმებული იყო კონკურენციის შეზღუდვა, კერძოდ, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში და მისი შეწყვეტიდან ექვსი თვის განმავლობაში თ.დ–ძე იღებდა ვალდებულებას, ბანკში მუშაობისას მიღებული ცოდნა და კვალიფიკაცია არ გამოეყენებინა კონკურენტი ფინანსური ინსტიტუტების ან სხვა პირთა სასარგებლოდ, იმ პირობით, რომ ამგვარი შეზღუდვის მოქმედების პერიოდში დამსაქმებელი მას 6 თვის განმავლობაში გადაუხდიდა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას არსებული ხელფასის განაკვეთის შესაბამის ანაზღაურებას. ხოლო აღნიშნული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში კი, დასაქმებულს დამსაქმებლის სასარგებლოდ დაეკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდა, 12 თვის ხელფასის ოდენობით. ამდენად,

17. სადავო არ არის ის გარემოება, რომ მხარეთა შორის შრომითი ხელშეკრულება შეწყდა დასაქმებულის ინიციატივით, რის შემდგომაც - ხელშეკრულების შეწყვეტიდან მეორე დღეს თ.დ–ძე დასაქმდა მოსარჩელის კონკურენტ საწარმოში - სს „ლ.ბ–ში“. ამასთანავე საგულისხმოა, რომ ხელშეკრულების შეწყვეტისას, სს „ს.ბ–მა“ შეთანხმებული პირობის თანახმად, დასაქმებულს აცნობა კონკურენციის აკრძალვისა და ამის სანაცვლოდ შესაბამისი კომპენსაციის გადახდის თაობაზე. აღნიშნულის საპასუხოდ მოწინააღმდეგე მხარეს ყოფილი დამსაქმებლისთვის არ უცნობებია კონკურენტ ფინანსურ დაწესებულებაში დასაქმების შესახებ. ამდენად, მხარეთა შორის შეთანხმებული პირობა დასაქმებულისთვის შესაბამისი კომპენსაციის გადახდის სანაცვლოდ, კონკურენტ ფინანსურ დაწესებულებაში 6 თვის განმავლობაში დასაქმების აკრძალვის შესახებ შეესაბამება შრომის კოდექსით გათვალისწინებულ დანაწესს, ამიტომ ნამდვილია და გააჩნია შესასრულებლად სავალდებულო ხასიათი. შესაბამისად, ამავე ვალდებულების დარღვევისთვის მხარეებს შეეძლოთ პირგასამტეხლოს გათვალისწინებაც. საკასაციო პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ მოპასუხემ დაარღვია შრომის ხელშეკრულებით შეთანხმებული კონკურენციის აკრძალვის პირობა, რაც უნდა შეფასდეს ვალდებულების დარღვევად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კი, სს „ს.ბ–ის“ სასარჩელო მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია.

18. ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილ შესაგებელში მოპასუხე პირგასამტეხლოს დაკისრების დასაბუთებულობასთან ერთად, მის ოდენობასაც ხდიდა სადავოდ და მიუთითებდა, რომ ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამრიგად, ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად, მხარეებს შეუძლიათ, გაითვალისწინონ პირგასამტეხლო და განსაზღვრონ მისი ოდენობა, თუმცა თუკი პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია, მოპასუხის მოთხოვნის საფუძველზე, სასამართლოს მინიჭებული აქვს მისი შემცირების უფლებამოსილება. „პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა, (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი, – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება. აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარემოებათა ყოველმხრივი შეფასების შედეგად დგინდება და რაიმე განსხვავებული სტანდარტი, რომელიც განაზოგადებს პირგასამტეხლოს მათემატიკურ მაჩვენებელს სასამართლო პრაქტიკით არ არის დადგენილი. სასამართლომ უნდა დაიცვას ის სამართლიანი ბალანსი, რომელიც სამოქალაქო-სამართლებრივი ვალდებულების დარღვევას მოჰყვა“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 25 მარტის №ას-186-2021 განჩინება).

19. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ კონკურენციის წესის დარღვევისთვის ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლო მისი სს „ს.ბ–ში“ არსებული ხელფასის 12 თვის ჯამური ოდენობით, რაც შეადგენს 20945.62 ლარს.

20. საკასაციო პალატა, ვალდებულების დარღვევის შინაარსისა და შედეგების გათვალისწინებით, გამართლებულად მიიჩნევს მოპასუხის არგუმენტაციას სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს შემცირებასთან დაკავშირებით, ამასთანავე, ითვალისწინებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადგენს პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებას 2618.20 ლარის ოდენობამდე.

21. საკასაციო საჩივრის ფარგლებში, მოსარჩელე ასევე სადავოდ ხდის კონკურენციის აკრძალვის გამო გადახდილი კომპენსაციის ნაწილის მოპასუხისთვის დაკისრებაზე უარის თქმის საკითხს. საგულისხმოა, რომ მოპასუხემ მითითებული მოთხოვნის ნაწილი შესაგებლით აღიარა დარიცხული თანხიდან საშემოსავლო გადასახადის დაკავების შედეგად მიღებული თანხის ოდენობის ნაწილში. ამდენად, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია მითითებული საშემოსავლო გადასახადის შესაბამისი ოდენობით თანხის დაკისრების საფუძვლიანობა.

22. საკაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში. უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივი ინსტიტუტის მიზანი არის უსაფუძვლოდ და გაუმართლებლად შეძენილი ქონების დაბრუნება და ამგვარად ქონებრივი მიმოქცევის წონასწორობისა და სამართლიანობის აღდგენა. ამ მიზნით ქონებრივი შეღავათი იმ პირს უნდა დაუბრუნდეს, რომლის ხარჯზეც მოხდა სხვა პირის ქონების გაზრდა, ანუ მისი უსაფუძვლო გამდიდრება. ამ ინსტიტუტის უმთავრესი დანიშნულება არის არა ქონებრივი დანაკლისის შევსება, მაგალითად. ზიანის ანაზღაურება, არამედ ქონებრივი ნამატის ამოღება, პირის თავდაპირველ ქონებრივ-სამართლებრივ მდგომარეობაში აღდგენა, ანუ გამდიდრების გათანაბრება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 17 თებერვლის №ას-1381-2022 განჩინება). ამდენად, იმისთვის, რომ პირს უსაფუძვლო გამდიდრების ნორმის საფუძველზე დაეკისროს პასუხისმგებლობა, აუცილებელი წინაპირობის სახით, სასამართლომ უნდა დაადგინოს მოპასუხის გამდიდრების ფაქტი. განსახილველ შემთხვევაში, სადავო ფულადი სახსრები მოსარჩელემ საშემოსავლო გადასახადის სახით გადაიხადა. მაშასადამე, აღნიშნული გადახდის შედეგად თ.დ–ძე არ გამდიდრებულა, რაც დაუსაბუთებელს ხდის საკასაციო საჩივრით სადავოდ გამხდარი დაუკისრებელი კომპენსაციის - 1842.79 ლარის დაკისრების შესახებ მოთხოვნას. ამასთანავე, საგულისხმოა, რომ კასატორი ასრულებს საგადასახადო აგენტის ფუნქციას, რომელმაც, საგადასახადო კოდექსის მე-20 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსით დადგენილ შემთხვევაში და დადგენილი წესით უნდა შეასრულოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება, ხოლო 154-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებიდან გამომდინარე, მასვე ევალება საგადასახადო დეკლარაციების წარდგენა. ამრიგად, სს „ს.ბ–ია“ უფლებამოსილი, მიმართოს საგადასახადო ორგანოს უსაფუძვლოდ გადარიცხული თანხიდან გამომდინარე გადახდილი გადასახადის დაბრუნების მოთხოვნით.

23. რაც შეეხება საპროცესო ხარჯის განაწილებას, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. მითითებული საკანონმდებლო აქტის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმავე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით კი, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ამრიგად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელსა და საჩივრებზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ანაზღაურება, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების პროპორციულად, ხოლო დანარჩენი ნაწილი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

III სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 55-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. სს „ს.ბ–ის“ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 20 ივლისის განჩინება პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. სს „ს.ბ–ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

4. თ.დ–ძეს (პ/ნ ......) სს „ს.ბ–ის“ (ს/ნ ………) სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს - 2618.20 ლარის ანაზღაურება;

5. დანარჩენ ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 20 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად;

6. თ.დ–ძეს (პ/ნ ........) სს „ს.ბ–ის“ (ს/ნ …….) სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე, სააპელაციო საჩივარზე და საკასაციო საჩივარზე გადახდილი ბაჟის ნაწილის - 314.18 ლარის გადახდა;

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე

გ. მიქაუტაძე