საქმე №ას-297-2023 04 აპრილი, 2023 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორი – სსიპ შემოსავლების სამსახური
მოწინააღმდეგე მხარე – ე.ლ–ძე
თავდაპირველი მოპასუხე – მ.ლ–ო
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 16.05.2022 წლის განჩინება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 18.05.2021 წლის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“ ან „საჩივრის ავტორი“) შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე ე.ლ–ძეს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „პირველი მოპასუხე“) აეკრძალა მის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების: 1. ქ. თბილისი, ......... ქუჩა №63, ს/კ: ; 2. მცხეთა, სოფელი ........, ს/კ:.........- გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 10.09.2021 წლის განჩინებით მოსარჩელისა და პირველი მოპასუხის საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 18.05.2021 წლის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის განცხადების ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 08.10.2021 წლის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სარჩელი პირველი მოპასუხისა და მ.ლ–ოს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მეორე მოპასუხე“, პირველ მოპასუხესთან ერთად - „მოპასუხეები“) მიმართ დაკმაყოფილდა. მოპასუხეებს სოლიდარულად სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრათ 71 793.83 ლარის გადახდა. გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა პირველმა მოპასუხემ.
4. 01.04.2022 წელს პირველმა მოპასუხემ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 18.05.2021 წლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ნაწილობრივ გაუქმება. განმცხადებლის მითითებით, უზრუნველყოფის საგნების ღირებულება გაცილებით აღემატება დავის საგნის ღირებულებას და მხოლოდ ქ. თბილისში, ......... ქ. №63-ში მდებარე უძრავი ქონება საკმარისია სასამართლო გადაწყვეტილების უზრუნველსაყოფად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 04.04.2022 წლის განჩინებით პირველი მოპასუხის განცხადება არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ მიუთითა 01.04.2022 წლის შუამდგომლობაზე დართულ ამონაწერზე საჯარო რეესტრიდან, რომლის მიხედვით, სარჩელის უზრუნველყოფის საგანზე, მდებარე: ქ. თბილისში, ......... ქ. №63-ში (ს/კ: .........), რეგისტრირებულია იპოთეკის უფლება, განცხადების რეგისტრაციის №882020168565, თარიღი - 29.02.2020წ., იპოთეკარი - სს „ს.ბ–ი“. პირველი მოპასუხის შუამდგომლობაზე დართულია უძრავი ქონების შეფასების დასკვნა, რომლის თანახმად, ქ. თბილისში, ......... ქ. №63-ში მდებარე ქონება შეფასებულია 71500 აშშ დოლარად. მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა პირველი მოპასუხის მიმართ შეადგენს 71 793.83 ლარს და, ფორმალურად, სახეზეა სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული უძრავი ნივთების ღირებულებასა და მოთხოვნის ოდენობას შორის არსებითი სხვაობა, თუმცა, საქმის მასალებით არ დგინდება პირველ მოპასუხესა და სს „ს.ბ–ს“ შორის არსებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის მნიშვნელოვანი გარემოება, კერძოდ, ამ შუამდგომლობის განხილვის მომენტისთვის კრედიტორის მოთხოვნის ოდენობა და მისი გადახდის პირობები. შესაბამისად, პირველი მოპასუხის შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა უზრუნველყოფილი რჩება მხოლოდ ერთი უძრავი ქონებით, რომელზეც იპოთეკარის სასარგებლოდ სააღსრულებო მოქმედებათა განხორციელებამ შესაძლოა რისკის ქვეშ დააყენოს მოსარჩელის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილების ეფექტურად აღსრულება.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 04.04.2022 წლის განჩინებაზე 26.04.2022 წელს საჩივარი წარადგინა პირველმა მოპასუხემ.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 16.05.2022 წლის განჩინებით პირველი მოპასუხის საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 04.04.2022 წლის განჩინება; ნაწილობრივ გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 18.05.2021 წლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც პირველ მოპასუხეს აეკრძალა მცხეთაში, სოფელ ...... მდებარე უძრავი ქონების (ს/კ: .....) გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა; დანარჩენ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 18.05.2021 წლის განჩინება დარჩა უცვლელად. პალატამ მიუთითა პირველი მოპასუხის 26.04.2022 წლის საჩივარზე დართულ 20.04.2022 წლის ამონაწერზე საჯარო რეესტრიდან, რომლითაც დგინდება, რომ ქ. თბილისში, ......... ქ. №63-ში მდებარე პირველი მოპასუხის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (ს/კ: .........) იპოთეკა რეგისტრირებული არ არის. ამდენად, აღარ არსებობს სააპელაციო სასამართლოს 04.04.2022 წლის განჩინებაში მითითებული, პირველი მოპასუხის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების ფაქტობრივი საფუძველი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ საჩივარი იყო დასაბუთებული და არსებობდა მისი დაკმაყოფილების როგორც ფაქტობრივი, ასევე სამართლებრივი საფუძველი.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 16.05.2022 წლის განჩინებაზე 08.06.2022 წელს საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 17.06.2022 წლის განჩინებით მოსარჩელის 08.06.2022 წლის საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი იმ საფუძვლით, რომ მხარემ გაუშვა გასაჩივრების ვადა და საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 23.09.2022 წლის განჩინებით გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 17.06.2022 წლის განჩინება და საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს საჩივრის განსახილველად.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 28.02.2023 წლის განჩინებით მოსარჩელის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 16.05.2022 წლის განჩინებაზე არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს. სააპელაციო პალატის მითითებით, საქმის მასალებით დასტურდება, რომ 21.02.2023 წელს მოსარჩელემ წარმოადგინა სასარჩელო მოთხოვნის ოდენობის შემცირების თაობაზე განცხადება. როგორც მითითებული განცხადებიდან ჩანს, სასარჩელო მოთხოვნა, ნაცვლად 71 793.83 ლარისა, შეადგენს 31 793.83 ლარს. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ სარჩელზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სრულად უზრუნველყოფს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას. შესაბამისად, აღარ არსებობს პირველი მოპასუხის სხვა ქონებაზე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი და წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საჩივარი უსაფუძვლოა, არ უნდა დაკმაყოფილდეს და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 1971 მუხლის მეოთხე ნაწილის მიხედვით, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
12. სსსკ-ის 410-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს (კერძო საჩივარს, საჩივარს), თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
13. სსსკ-ის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის ადგენს ქცევის შემდეგ წესს: მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე. დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელეს, მხოლოდ საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით, მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლო დარწმუნდეს კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე გადაწყვეტილების უზრუნველყოფის აუცილებლობაში. აღნიშნული მნიშვნელოვანია, რამდენადაც მსგავსი სახის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, გადაწყვეტილების უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების, თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას, სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის – სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება (სუსგ №ას-939-2019, 15.07.2019წ.).
14. საპროცესო კანონში სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის გათვალისწინება გულისხმობს აღნიშნული ინსტიტუტის გამოყენების დაწესებას ისეთი შემთხვევებისათვის, როდესაც იგი გამართლებულია, ხოლო არის თუ არა გამართლებული, ამის შესახებ სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ასეთი გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ უნდა დაადგინოს, რომ მოვალის ქონებაზე აკრძალვის დაწესება გადაწყვეტილების ეფექტური და დაუბრკოლებელი აღსრულების აუცილებელი და ერთადერთი საშუალებაა (სუსგ № ას-1477-2018, 31.01.2019წ.). უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საკითხის გადაწყვეტა დამოკიდებულია მხარის დასაბუთებაზე, ამ ღონისძიების გაუტარებლობა თუ რამდენად შეუშლის ხელს მართლმსაჯულების მიზნების განხორციელებას – ქვეყნის სახელით მიღებული გადაწყვეტილების შემდგომ აღსრულებას, ამასთანავე, სავალდებულოა წინაპირობის დასაბუთების პარალელურად მოთხოვნილი უზრუნველყოფის სახე დადგენილი მართლწესრიგის, გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი სიკეთის თანაზომიერი იყოს (გ. კაჟაშვილი, საპროცესო უზრუნველყოფა, როგორც აღსრულებადი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობა, სადისერტაციო ნაშრომი, თბილისი 2018, გვ.148).
15. პალატა განმარტავს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მაქსიმალურად გათვალისწინებული უნდა იქნეს ორივე მხარის კანონიერი ინტერესი. დავის საგნის დაცვის აუცილებლობიდან გამომდინარე, რითაც ხდება მოსარჩელის კანონიერი ინტერესის რეალიზაცია და მისი სარჩელის უზრუნველყოფა, არ უნდა მოხდეს მოპასუხე მხარის კანონიერი ინტერესის უპირობო და ცალსახა შელახვა, არამედ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება უნდა განხორციელდეს მოპასუხე მხარის კანონიერი ინტერესის გონივრულ ფარგლებში შეზღუდვა-შევიწროებით და იმ ოდენობით, რაც აუცილებელია მოსარჩელის კანონიერი ინტერესის დაცულობისთვის.
16. საკუთრების ნებისმიერი შეზღუდვის შემთხვევაში, შეზღუდვა უნდა განხორციელდეს მხარის ინტერესთა შორის სამართლიანი ბალანსისა და პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით. საკუთრების უფლებაში ჩარევა უნდა პასუხობდეს დასახულ მიზანს და იმდენად უნდა იწვევდეს მესაკუთრის უფლებების შეზღუდვას, რამდენადაც ეს აუცილებელია ამ მიზნის მისაღწევად (სუსგ №ას-1586-2018, 26.10.2018წ.).
17. კერძოსამართლებრივი დავების განხილვისას და სარჩელის/გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში საკანონმდებლო ნორმების ინტერპრეტირებისას სამართალშემფარდებელმა უნდა გაითვალისწინოს ის შედეგი, რომელიც გადაწყვეტილებამ შეიძლება იქონიოს კონსტიტუციური უფლებების რეალიზებაზე და არ უნდა დაუშვას სამართალწარმოების ერთი მხარისთვის სარგებლის მინიჭება სხვა პირთა კონსტიტუციური უფლების, გაუმართლებელი შეზღუდვის ხარჯზე (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის №1/5/675.681 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-82). საკუთრების უფლების შეზღუდვის გამართლების შეფასების სტანდარტი პროპორციულობის ტესტია. აღნიშნული ტესტის თანახმად, საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს მხარის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-60).
18. წინამდებარე საჩივრის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 16.05.2022 წლის განჩინება, რომლითაც დაკმაყოფილდა პირველი მოპასუხის საჩივარი და გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 18.05.2021 წლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება იმ ნაწილში, რომლითაც პირველ მოპასუხეს აეკრძალა მცხეთაში, სოფელ ........ მდებარე უძრავი ქონების (ს/კ: ……) გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა.
19. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას და მიაჩნია, რომ 16.05.2022 წლის განჩინებით მართებულად მოეხსნა გასხვისებისა და უფლებრივად დატვირთვის აკრძალვა პირველი მოპასუხის საკუთრებაში არსებულ ზემოაღნიშნულ უძრავ ნივთს.
20. საქმის მასალებით ირკვევა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 18.05.2021 წლის განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გავრცელდა პირველი მოპასუხის საკუთრებაში არსებულ ორ უძრავ ნივთზე, მდებარე: 1. ქ. თბილისი, ......... ქუჩა №63, ს/კ: .........; 2. მცხეთა, სოფელი ......, ს/კ:.........(ტ. 1, ს.ფ. 76-80). თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 08.10.2021 წლის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეებს სოლიდარულად სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრათ 71 793.83 ლარის გადახდა (ტ. 2, ს.ფ. 164-179). გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა პირველმა მოპასუხემ. პირველი მოპასუხის მიერ წარმოდგენილი უძრავი ქონების შეფასების დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, ......... ქ. №63-ში მდებარე ქონება შეფასებულია 71500 აშშ დოლარად (ტ. 6, ს.ფ. 44-63). მის მიერვე წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დადასტურდა ისიც, რომ ქ. თბილისში, ......... ქ. №63-ში მდებარე პირველი მოპასუხის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (ს/კ: .........) იპოთეკა რეგისტრირებული არ არის (ტ. 6, ს.ფ. 93-94). საკასაციო პალატა ასევე ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 21.02.2023 წელს სააპელაციო სასამართლოში მოსარჩელის მიერ წარდგენილი განცხადებით იგი ამ ეტაპზე 71 793.83 ლარის ნაცვლად ითხოვს მხოლოდ 31 793.83 ლარს (ტ. 6, ს.ფ. 168-169).
21. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, უზრუნველყოფის ღონისძიების პირველი მოპასუხის საკუთრებაში არსებულ მხოლოდ ერთ უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. თბილისში, ......... ქ. №63-ში (ს/კ: .........), გავრცელებითაც სრულად იქნება უზრუნველყოფილი გადაწყვეტილების აღსრულება. შესაბამისად, არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილებისა და სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 1971, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 16.05.2022 წლის განჩინება.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია