საქმე №ას-984-2020 19 აპრილი, 2022 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
I საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „თ.ე–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ი.რ–ვი (მოსარჩელე)
II საკასაციო საჩივრის ავტორი – ი.რ–ვი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „თ.ე–ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 16.01.2020 წლის განჩინება
I საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
II საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 31.05.2019 წლის გადაწყვეტილებით ი.რ–ვის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შპს „ყ-თ–ს“ (ამჟამინდელი საფირმო სახელწოდება შპს „თ.ე–ი“) (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“) მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ხანძრის შედეგად მიყენებული ზიანის - 20983.50 ლარის ანაზღაურება, სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისთვის 27 928.5 ლარის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:
1.1. უძრავი ნივთი, მდებარე თბილისში, ........., პირველი სადარბაზო, მე-7 სართული, ბინა #18 (შემდეგში „საცხოვრებელი ბინა“, „უძრავი ნივთი“ ) მოსარჩელის საკუთრებაა.
1.2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 08.08.2017 წლის ცნობის თანახმად, 02.08.2017 წელს მოხდა ხანძარი მოსარჩელის კუთვნილ საცხოვრებელ ბინაში. ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილებაში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
1.3. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) მე-4, 102-ე, 105-ე მუხლებზე და განმარტა, რომ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნისას, ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთი (ზიანი და მისი ოდენობა, მართლსაწინააღმდეგო, ქმედება, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორს) მოსარჩელის მხარესაა, რომელთა დამტკიცების შემთხვევაში მოპასუხეს ევალება მოსარჩელის მიერ დამტკიცებული ფაქტების გაქარწყლება.
1.4. 02.08.2017 წელს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ჩატარდა ტექნიკური ექსპერტიზა. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წინაშე დაისვა შემდეგი კითხვები: 1. რას შეიძლება გამოეწვია გაზის გაჟონვა ერთდროულად სხვადასხვა საცხოვრებელ კორპუსებში არსებულ ბინებში, თუ ისინი იკვებებიან ბუნებრივი აირის ერთი და იგივე წყაროდან; 2. რას შეიძლება გამოეწვია ხანძარი 02.08.2017 წელს მოსარჩელის კუთვნილ საცხოვრებელ ბინაში. 30.11.2018 წლის N0082165518 დასკვნის მიხედვით, გაზის გაჟონვა ერთდროულად სხვადასხვა საცხოვრებელ კორპუსებში არსებულ ბინებში, თუ ისინი იკვებებიან აირის ერთი და იგივე წყაროდან, შეიძლება გამოეწვია მხოლოდ გაზგამანაწილებელი სადგურიდან ბუნებრივი აირის სამომხმარებლო, დაბალი წნევის (0-5 კპა) მკვეთრ მომატებას; 02.08.2017 წელს საცხოვრებელ ბინაში ხანძრის გაჩენის მიზეზია, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად მისი დაგროვება სამზარეულოს ჭერის მიდამოებში, მცირე მასშტაბის აფეთქებისათვის დასაშვები 5-15%-ის ოდენობით, ნათურის ანთების შედეგად აფეთქების ინიცირება და შედეგად ხანძრის გაჩენა.
1.5. საქმის მასალებში დაცულია 02.08.2017 წელს მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით საგამოძიებო ორგანოს დაზარალებულის/მოწმის გამოკითხვის ოქმები, სადაც გამოკითხულნი არიან დაზარალებული მოსარჩელე, მისი ოჯახის წევრი რ.კ–ვა და მათი მეზობელი ლ.ჭ–ძე. მოსარჩელის ჩვენებიდან ირკვევა, რომ 02.08.2017 წელს, დაახლოებით დილის 6 საათზე იმყოფებოდა საცხოვრებელ ბინაში მეუღლესთან და სხვა ოჯახის წევრთან ერთად. მის მეუღლეს შემოესმა ხმაური, თითქოს რაღაცას გასდიოდა დიდი წნევით ჰაერი. ნათურის ანთების დროს მოხდა აალება და ბინას მთლიანად მოედო ცეცხლი. ამასთანავე დაზიანდა მეზობლის, ლ.ჭ–ძის საცხოვრებელ ბინაში მინა. მოსარჩელის ჩვენებით არაერთი ზარი დაფიქსირდა მოპასუხე კომპანიის ცხელ ხაზზე აღნიშნულ მისამართზე ბუნებრივი აირის წნევის მომატების შესახებ. წარმოდგენილ მასალების მიხედვით, იდენტურ გარემოებებზე მიუთითებს მოსარჩელის ოჯახის წევრი რ.კ–ვაც. ლ.ჭ–ძის ჩვენებით, 02.08.2017 წელს დაახლოებით დილის 6 საათზე შემოესმა უცნაური ხმა, რის შემდგომაც მოხდა აფეთქება. შედეგად დაზიანდა მისი საცხოვრებელი ბინის მინები. სადარბაზოში გასვლისას შენიშნა ძლიერი დაკვამლიანება. შემთხვევის დროს გამოიძახეს სახანძრო სამსახური, რომელთაც მოახდინეს სწრაფი რეაგირება და ცეცხლი ჩააქრეს. მოწმემ აღნიშნა, რომ აღნიშნული ფაქტი სავარაუდოდ გამოწვეული იყო ბუნებრივი აირის მაღალი წნევის გამო, რამაც გამოიწვია გაჟონვა და შემდგომ - აფეთქება.
1.6. სისხლის სამართლის საქმის მასალებშია მოპასუხის წერილი, სადაც კომპანია ადასტურებს 02.08.2017 წელს მომხდარ აალების ფაქტს და განმარტავს, რომ აფეთქების შედეგად გაითიშა ........ ქ#8-ში მდებარე გაზმარეგულირებელი პუნქტი #300, რის გამოც გაზის მიწოდება შეუწყდათ მიმდებარე კორპუსებს. კომპანიისთვის აალების და გაზმარეგულირებელი პუნქტის ავარიულად გათიშვის გამომწვევი მიზეზები უცნობია. 02.08.2017 წელს შესული განაცხადის საფუძველზე ადგილზე გამოცხადდნენ მოპასუხის თანამშრომლები. წარმოდგენილ დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ დაუდგენელი მიზეზის გამო, კორპუსის მე-7 სართულზე ბინა #18-ში მოხდა აალება. სადარბაზოში გადაიკეტა მკვებავი დგარები. ფაქტი დააფიქსირეს ექსპერტ-კრიმინალისტიკური სამსახურის თანამშრომლებმა. ეცნობა რაიონის ბიზნესცენტრს, ექსპლუატაციის დეპარტამენტს და ცენტრალურ სადისპეჩეროს. ამავე დოკუმენტში ასახულია სადისპეჩერო სამსახურის კომენტარი, რომლის მიხედვით საბურთალოს რაიონში, ........ ქ #8-ში მდებარე გაზგამანაწილებელი პუნქტი #300-ის ავარიული გათიშვის გამო, გაზის მიწოდება ავარიულად შეუწყდათ ......, ........ ქ #8, #10-სა და #12-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას.
1.7. საქმეში მოთავსებულია მოსარჩელის საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ არსებული კორპუსების მაცხოვრებლების ნოტარიულად დამოწმებული განმარტებები (რ.შ–ლი, მცხოვრები თბილისი, ........., ბინა #35-ში აღნიშნავს, რომ 02.08.2017 წელს დაახლოებით 5 საათსა და 30 წუთზე შემოესმა უჩვეულო ხმა, აღმოჩნდა, რომ გაზქურის ღუმლიდან, მიუხედავად იმისა, რომ მისი ყველა ჩამკეტი გადაკეტილი იყო, ინტენსიურად გამოედინებოდა ბუნებრივი აირი. როდესაც ბინის გასანიავებლად აივანზე გამავალი კარი გააღო, დაინახა, რომ მეზობელი კორპუსის ზედა სართულიდან ამოდიოდა კვამლი, ცეცხლი ეკიდა ხსენებული კორპუსის მეშვიდე სართულზე მდებარე ბინას. ეზოში მეზობლებთან საუბრისას გამოირკვა, რომ ბუნებრივი აირის გაჟონვა მოხდა რამოდენიმე მაცხოვრებლის ბინაში. დღისით ტექნიკური სამსახურის წარმომადგენელებმა, რომლებმაც შეამოწმეს ბინებში გაზგაყვანილობის და დანადგარების გამართულობა, განუმარტეს, რომ მოხდა მათი კუთვნილი ერთ-ერთი მოწყობილობის ავარიული დაზიანება, რამაც გამოიწვია ქსელში აირის წნევის მოულოდნელი ზრდა და რამდენიმე ბინაში მისი გაჟონვა. ამავე მისამართზე მცხოვრები ქ.მ–ის განმარტებით, 02.08.2017 წელს, დაახლოებით 5 საათსა და 30 წუთზე გააღვიძა გაზქურის ჩართვის უცნაურმა ხმამ, რა დროსაც მოხდა თვითჩართვა, აალება, შედეგად დაიწვა ფარდა და კარნიზი. აგრეთვე დაზიანდა გამწოვი და წყლის გამაცხელებელი. ........ ქუჩა #12-ში მცხოვრები კ.გ–ის განმარტებით, 02.08.2017 წელს 5 საათსა და 30 წუთზე გააღვიძა გაზის სისტემიდან ინტენსიურმა შიშინის ხმამ. აღმოჩნდა, რომ წყლის გამათბობელთან გასკდა გაზის მიწოდების მილი და გამოედინებოდა გაზი).
1.8. სასამართლომ შეაფასა სარჩელში დასახელებული ფაქტობრივი გარემოებები, წარმოდგენილი მტკიცებულებები და მხარეთა ახსნა-განმარტებები, რომელთა ურთიერთშეჯერების საფუძველზე მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელემ დაადასტურა მიზეზობრივი კავშირის არსებობა დამდგარ ზარალსა და მოპასუხის ქმედებას შორის, ხოლო მოპასუხემ ვერ უზრუნველყო მტკიცების ტვირთის იმგვარად რეალიზება, რაც გააბათილებდა ასეთი ფაქტის არსებობას. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის კუთვნილი საცხოვრებელ ბინის დაზიანება გამოწვეულია მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით.
1.9. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 992-ე მუხლზე და განმარტა, რომ პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები. კერძოდ, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო ქმედებით და მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი. სსკ-ის მე-1000 მუხლით რეგულირდება მომეტებული საფრთხის წყაროთი მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესი. მომეტებული საფრთხის წყაროს არსებობაში იგულისხმება ისეთი ობიექტი, რომლის ექსპლუატაცია, თავისი თვისებებიდან გამომდინარე, არ ექვემდებარება ადამიანის მხრიდან სრულ კონტროლს; სპეციალური ნორმა, რომელიც მომეტებული საფრთხის წყაროს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითვალისწინებს, გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც ზიანი გამოწვეულია ნივთის იმ თვისებებით, რის გამოც ის მომეტებული საფრთხის წყაროს განეკუთვნება, თუ ზიანი გამოწვეულია თუნდაც მომეტებული საფრთხის წყაროს ექსპლუატაციის დროს, მაგრამ არა მომეტებული საფრთხის წყაროს თვისებებიდან გამომდინარე, მაშინ პასუხისმგებლობის დაკისრება საერთო საფუძვლებით ხდება. განახილველ შემთხვევაში მოსარჩელის კუთვნილი საცხოვრებელი ბინის დაზიანება გამოწვეულია მოპასუხის ბრალეული ქმედებით, რომელმაც ვერ უზრუნველყო უსაფრთხოების ზომების დაცვა, რასაც შედეგად მოსარჩელის ქონების დაზიანება მოჰყვა. არსებობს მოპასუხისთვის ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების ყველა წინაპირობა.
1.10. 28.02.2018 წლის კომპაუდის აუდიტორული დასკვნის თანახმად, მოპასუხის მიერ არასტანდარტულად მიწოდებული ბუნებრივი აირით გამოწვეული ხანძრის შედეგად მოსარჩელის დაზიანებული ქონების დემონტაჟის ღირებულებაა - 2300 ლარი, უძრავი ნივთის აღდგენასთან დაკავშირებული ხარჯი - 26 598 ლარი, საოჯახო ნივთების ღირებულება - 20 018 ლარი, ჯამურად ზიანის ოდენობა შეადგენს 48 916 ლარს. დასკვნის მიხედვით, ხარჯები რომელიც გაშიფრულია დასკვნაში არსებულ ცხრილში საჭიროა მოსარჩელის კუთვნილი ბინის აღსადგენად და მოიცავს რემონტისთვის საჭირო მასალებს, მუშის ხელფასს. ასევე დასკვნაში საუბარია იმ აქსესუარებისა და საოჯახო ნივთების შესახებ რომელიც არსებობს ბინაში, თუმცა მოხმარებისთვის გამოუსადეგარია.
1.11. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 22.08.2017 წლის ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, ექსპერტიზაზე წარდგენილი საქონლის საბაზრო საცალო-სარეალიზაციო ღირებულების დასადგენად ექსპერტებმა იხელმძღვანელეს ანალოგიური და მსგავსი სახის ექსპლუატაციაში მყოფი საქონლის ყიდვა-გაყიდვის საბაზრო ინფორმაციით, რომელიც განხორციელდა ტიპიურ საბაზრო პირობებში შეფასების თარიღისათვის. საბაზრო ღირებულების დადგენის მიზნით სხვადასხვა კომერციულ სტრუქტურებში გამოყენებული იქნა პირდაპირი გამოკითხვის მეთოდი და ინტერნეტ საიტებზე მოპოვებული ინფორმაცია. ვიზუალური დათვალიერებით დადგინდა, რომ მოსარჩელის კუთვნილ საცხოვრებელ ბინაში არსებული საოჯახო და საყოფაცხოვრებო ნივთები არის ექსპლუატაციაში მყოფი, ხანძრის შედეგად არის დამწვარ-დაზიანებული და უვარგისია დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად. დასკვნის მიხედვით, მოსარჩელისთვის საოჯახო და საყოფაცხოვრებო ნივთების დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობა შეადგენს - 7003 ლარს.
1.12. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 18.12.2017 წლის დასკვნით, მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ნივთის აღდგენითი-სარემონტო სამუშაოებისთვის საჭირო ღირებულება განისაზღვრა კომერციულ სტრუქტურებში ანალოგიური სახის აღდგენითი-სარემონტო სამუშაოებისთვის ერთ კვ.მ ფართზე საორიენტაციო ღირებულების გათვალისწინებით. აღდგენითი-სარემონტო სამუშაოებისთვის საჭირო მასალების ღირებულება დადგინდა კომერციულ სტრუქტურებში ანალოგიური სახის მასალებზე არსებული ფასების გათვალისწინებით, ხოლო შრომის დანახარჯი - კომერციულ სტრუქტურებში ანალოგიური სახის და მოცულობის სამუშაოებზე არსებული ფასების გათვალისწინებით. დასკვნის შესაბამისად, მოსარჩელისთვის ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობამ (პირდაპირი ხარჯებით) აღდგენითი-სარემონტო სამუშაოების გათვალისწინებით შეადგინა - 13 980.50 ლარი.
1.13. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეს მიადგა ზიანი, ხანძრის შედეგად დაზიანდა მისი საცხოვრებელი ბინა და საყოფაცხოვრებო ნივთები. მოსარჩელისთვის მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობა შეადგენს 20 983.50 ლარს. სასამართლომ გამოიკვლია რა საქმეში წარმოდგენილი დასკვნები, მიიჩნია, რომ დასკვნების შედგენის მეთოდოლოგიის, პერიოდის, ნივთების ექსპლუატაციაში ყოფნისა და ჩასატარებელი სამუშაოების მოცულობის გათვალისწინებით, მიზანშეწონილი და სამართლიანი იყო გაეზიარებინა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დასკვნები, რომელიც გონივრულ ფარგლებში მოიცავს უძრავი ნივთის აღდგენითი-სარემონტო სამუშაოების, საოჯახო და საყოფაცხოვრებო ნივთების დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობას. სასამართლოს განმარტებით, საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტი დასკვნის მომზადებისას ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი საქონლის საბაზრო საცალო-სარეალიზაციო ღირებულების დასადგენად ექსპერტებმა იხელმძღვანელეს ანალოგიური და მსგავსი სახის ექსპლუატაციაში მყოფი საქონლის ყიდვა-გაყიდვის საბაზრო ინფორმაციით, მაშინ როდესაც აუდიტორულმა კომპანიამ მატერიალური ზარალის შეფასებისას მხედველობაში არ მიიღო დაზიანებული ნივთების ექსპლუატაციაში ყოფნის ფაქტი. მაგალითად, კონდიციონერის შიდა აგრეგატის “GREE” ერთეულის ფასი აუდიტორულ დასკვნაში განსაზღვრულია 500 ლარით, ხოლო საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტი დასკვნაში მისი ღირებულება 300 ლარია, აუდიტორული დასკვნის მიხედვით, ვენტილაციის გამწოვის ღირებულებაა 250 ლარი, ხოლო საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დასკვნის შესაბამისად 100 ლარი და ა.შ..
2. გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, ხოლო მოსარჩელემ - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 16.01.2020 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ სამართლებრივ შეფასებებს. სასამართლომ დამატებით განმარტა, რომ სსკ-ის 1000-ე მუხლი მიუთითებს მომეტებულ საფრთხეზე, რომელიც გამომდინარეობს ნაგებობიდან. საფრთხე მომეტებულად უნდა ჩაითვალოს, თუ ის ქმნის ზიანის მიყენების მომეტებულ ალბათობას იმის გამო, რომ შეუძლებელია მასზე ადამიანის მხრივ სრული კონტროლის განხორციელება. გაზის მიმწოდებელი მოწყობილობების დაზიანებით გამოწვეული ზიანისათვის პასუხიმგებლობის დაკისრებისათვის მნიშვნელობა არა აქვს ამ მოწყობილობების მფლობელის ბრალეულობას და კანონმდებელი დამდგარ ზიანზე პასუხისმგებელ პირად განიხილავს ამ მოწყობილობების მფლობელ პირს. სამართლებრივი კვალიფიკაციისათვის უმნიშვნელოა მოპასუხის ბრალეულობის (მათ შორის შერეული ბრალის) კვლევა და დადგენა, რადგან საკითხი მომეტებული საფრთხის წყაროს მფლობელის პასუხისმგებლობას ეხება. შესაბამისად, სახეზეა ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, რაც მოპასუხეს უნდა დაეკისროს.
საკასაციო საჩივრ(ებ)ის მოთხოვნა:
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა როგორც მოსარჩელემ, ისე მოპასუხემ.
4.1. I საკასაციო საჩივრის ავტორი ითხოვს გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმებას, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
4.2. II საკასაციო საჩივრის ავტორი ითხოვს გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმებას, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ისინი დაუშვებელია:
6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
7. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
8. სასარჩელო მოთხოვნა ზიანის ანაზღაურებაზე ეფუძნება დელიქტური პასუხისმგებლობის განმსაზღვრელ სპეციალური ნორმას, სსკ-ის მე-1000 მუხლს (მისი პირველი ნაწილით, თუ ამა თუ იმ ნაგებობიდან გამომდინარეობს მომეტებული საფრთხე ამ ნაგებობაში წარმოებული, მოთავსებული ან მიწოდებული ენერგიისაგან, ანდა ხანძარსაშიში ან აფეთქებასაშიში, შხამიანი ანდა მომწამვლელი ნივთიერებისაგან, მაშინ ამ ნაგებობის მფლობელი ვალდებულია, თუკი ამ საფრთხის პრაქტიკულ განხორციელებას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, სხეულის ან ჯანმრთელობის დაზიანება ანდა ნივთის დაზიანება, აუნაზღაუროს დაზარალებულს აქედან წარმოშობილი ზიანი. იგივე პასუხისმგებლობა გამოიყენება ხანძარსაშიში ან აფეთქებასაშიში, შხამიანი ან მომწამვლელი ნივთიერების მფლობელების მიმართ, როცა ამ ნივთიერებებიდან მომეტებული საფრთხე გამომდინარეობს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამა თუ იმ ნაგებობიდან ან ნივთიდან გამომდინარეობს მომეტებული საფრთხე სხვაგვარი საფუძვლით, ვიდრე ამ მუხლის პირველ ნაწილშია აღნიშნული, ნაგებობის ან ნივთის მფლობელი ვალდებულია ანალოგიურად აანაზღაუროს საფრთხის განხორციელების შედეგად წარმოშობილი ზიანი. მე-3 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება გამორიცხულია, თუ ზიანი გამოწვეულია დაუძლეველი ძალით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ზიანი გამოწვეულია ელექტროგადამცემი ხაზების ავარიით, ანდა ნავთობის, გაზის, წყლის ან ნავთობპროდუქტების მიმწოდებელი მოწყობილობების დაზიანებებით), ასევე, სსკ-ის 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება) მუხლებს.
9. სსკ-ის 1000 მუხლით მოწესრიგებულია მომეტებული საფრთხის წყაროთი მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესი. საფრთხე მომეტებულად უნდა ჩაითვალოს, თუ ის ქმნის ზიანის მიყენების მომეტებულ ალბათობას იმის გამო, რომ შეუძლებელია მასზე ადამიანის მხრივ სრული კონტროლის განხორციელება (შდრ. სუსგ-ები: Nას-1153-2018, 06.02.2019წ; Nას-1350-2018, 28.02.2019; Nას-1685-2019, 22.05.2020წ.). კანონი მომეტებული საფრთხის წყაროს პრაქტიკული რეალიზაციის შემთხვევაში მიყენებული ზიანის ანაზღაურებისათვის ადგენს მომეტებული საფრთხის წყაროს მფლობელის პასუხისმგებლობას, მიუხედავად მისი ბრალისა. დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკის თანახმად, მიმწოდებელი მოწყობილობების დაზიანებით გამოწვეული ზიანისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის მნიშვნელობა არა აქვს ამ მოწყობილობების მფლობელის ბრალეულობას და კანონმდებელი დამდგარ ზიანზე პასუხისმგებელ პირად განიხილავს ამ მოწყობილობების მფლობელ პირს (შდრ. სუსგ-ებები: Nას-1287-1208-2015, 26.02.2016წ; Nას-1685-2019, 22.05.2020წ.; Nას-1177-2020, 22.01.2021წ.).
10. სასამართლოს მიერ დადგენილია და საკასაციო საჩივრით დასაბუთებულად შედავებული არ არის, რომ მოპასუხის კუთვნილ საცხოვრებელ ბინაში ხანძრის გაჩენის მიზეზი იყო ბუნებრივი აირის გაჟონვა, მისი დაგროვება ოთახში და ნათურის ანთებით აფეთქების ინიცირიება. რაც შეეხება აირის გაჟონვის მიზეზს, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ამავე პერიოდში მოსარჩელის მეზობლად, სხვა საცხოვრებელ კორპუსებში არსებულ ბინებში გაზის გაჟონვის ფაქტებზე, ასევე მოსარჩელის მიერ წარდგენილ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 30.11.2018 წლის დასკვნაზე, რომლის თანახმად, გაზის გაჟონვა ერთდროულად სხვადასხვა საცხოვრებელ კორპუსებში არსებულ ბინებში, თუ ისინი იკვებებიან აირის ერთი და იგივე წყაროდან, შეიძლება გამოეწვია მხოლოდ გაზგამანაწილებელი სადგურიდან ბუნებრივი აირის სამომხმარებლო, დაბალი წნევის (0-5 კპა) მკვეთრ მომატებას (ტ, 1, ს.ფ. 172-178). ზემოთ მოხმობილი მსჯელობისა და სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებლობა მართებულად დაეკისრა მოპასუხეს, ვის მფლობელობაშიცაა ბუნებრივი აირის მიწოდებისთვის აუცილებელი მოწყობილობები და რომელიც პასუხისმგებელია მომხმარებლებისათვის მომეტებული საფრთხის მქონე პროდუქტის უსაფრთხო მიწოდებაზე.
11. პალატა მიუთითებს, რომ მსგავსი კატეგორიის დავებზე სსკ-ის 992-ე მუხლით გათვალისწინებული ოთხივე წინაპირობის (ზიანი, მიზეზშედეგობრივი კავშირი, ბრალი და მართლწინააღმდეგობა) არსებობა და მტკიცება არ არის საჭირო, რადგან მომეტებული საფრთხის წყაროს გამოყენების დროს, ბრალის გარეშეც, ასეთი საფრთხის წყაროს მფლობელის პასუხისმგებლობაა მიყენებული ზიანის ანაზღაურება (შდრ. სუსგ Nას-1685-2019, 22.05.2020წ.). მოპასუხემ ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება საქმეში სათანადო მტკიცებულებების არარსებობის გამო. მოსარჩელემ სასამართლოს წარუდგინა შესაბამისი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდა ზიანის ფაქტი, ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირი, რომელთაგან ვერც ერთი ვერ გააქარწყლა მოპასუხემ.
12. რაც შეეხება მიყენებული ზიანის ოდენობას, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი სასამართლოს მიერ ექსპერტიზის და აუდიტის დასკვნების არასათანადოდ შეფასებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დასკვნების უპირატესად არამართლზომიერად გაზიარების თაობაზე დასაშვებ და დასაბუთებულ პრეტენზიას არ შეიცავს.
13. საკასაციო პალატა მიუთითებს სსსკ-ის 105-ე მუხლზე, რომლითაც განსაზღვრულია სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევა-შეფასების წესი და დადგენილია, რომ სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასების შედეგი აისახება სასამართლოს დასაბუთებულ გადაწყვეტილებაში, რომელიც უნდა შეიცავდეს მსჯელობას იმის შესახებ, თუ რატომ იზიარებს ან რატომ უარყოფს სასამართლო ამა თუ იმ მტკიცებულებას. ამასთან, მტკიცებულებათა ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევა ნიშნავს მათ ერთობლიობაში შესწავლა-ანალიზს, რომელთა ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო გამოიტანს დასკვნას საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობა-არარსებობის შესახებ. მტკიცებულებათა შეფასებას სასამართლო ახდენს მათი სარწმუნოობისა თუ არასარწმუნოობის თვალსაზრისით და, ასევე იმის მიხედვით, თუ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რომელ ფაქტს ადასტურებს ესა თუ ის მტკიცებულება (სუსგ Nას-1339-1377-2014, 24.06.2015წ.).
14. მოცემულ შემთხვევაში, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა საექსპერტო დასკვნებში გამოყენებული კვლევის მეთოდებისა და დასაბუთების მხედველობაში მიღებით, აუდიტის დასკვნასთან შედარებით მართებულად მიანიჭეს უპირატესობა საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 22.08.2017 და 18.12.2017 წლის საექსპერტო დასკვნებს (ტ.1, ს.ფ.119-129; 131-137), რომლებშიც ნათლად იყო ასახული კვლევისა და შეფასების მეთოდები და დასკვნები სრულყოფილად და დასაბუთებულად პასუხობდნენ დასმულ შეკითხვას საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტებთან დაკავშირებით. ამ კუთხით გასათვალისწინებელია სასამართლოს მსჯელობა მასზე, რომ დაზიანებული ნივთების ღირებულების განსაზღვრისას, წარდგენილი საქონლის საბაზრო საცალო-სარეალიზაციო ღირებულების დასადგენად საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტებმა იხელმძღვანელეს ანალოგიური და მსგავსი სახის ექსპლუატაციაში მყოფი საქონლის ყიდვა-გაყიდვის საბაზრო ინფორმაციით, მაშინ როდესაც აუდიტორულმა კომპანიამ მატერიალური ზარალის შეფასებისას მხედველობაში არ მიიღო დაზიანებული ნივთების ექსპლუატაციაში ყოფნის ფაქტი. აღნიშნული მსჯელობის გამაბათილებელი კვალიფიციური საკასაციო შედავება კასატორს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია, რის გამოც არ არსებობს მისი პრეტენზიის გაზიარების საფუძველი.
15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
16. განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც მომეტებული საფრთხის წყაროს რეალიზაციით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორები ვერ მიუთითებენ იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
17. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივრები დაუშვებელია და კასატორებს გადახდილი აქვთ საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი, I საკასაციო საჩივრის ავტორს უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 1049.20 ლარის 70% – 734.44 ლარი, ხოლო II საკასაციო საჩივრის ავტორს - მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 1396.50 ლარის 70% – 977.55 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „თ.ე–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. ი.რ–ვის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
3. შპს „თ.ე–ის“ (ს/ნ: .......) უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 1049.20 ლარის (საგადასახადო დავალება №1582271820, გადახდის თარიღი 21.02.2020წ.) 70% – 734.44 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
4. ი.რ–ვს (პ/ნ: ......) უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 1396.50 ლარის (საგადახდო დავალება №24352630, გადახდის თარიღი 21.10.2020წ.) 70% – 977.55 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
5. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია