Facebook Twitter

საქმე №ას-419-2023 25 მაისი,2023 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი, მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი– ა.ხ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე– რ.ბ–ძე, ლ.ბ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 9 იანვრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი– საადვოკატო მომსახურების თანხისა და პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. რ.ბ–ძემ (შემდგომ –პირველი მოსარჩელე) და ლ.ბ–ძემ (შემდგომ – მეორე მოსარჩელე) სარჩელი აღძრეს სასამართლოში ა.ხ–ის (შემდგომ – პირველი მოპასუხე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი)და ნ.ხ–ის (შემდგომ – მეორე მოპასუხე) მიმართ საადვოკატო მომსახურების ჰონორარის – 1 180 737 ლარისა და 2019 წლის 20 სექტემბრამდე პერიოდისათვის პირგასამტეხლოს – 1 286 854 ლარის, ასევე, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ამავე პერიოდიდან ყოველთვიურად 5903 ლარის ანაზღაურების შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელეებმა მიუთითეს, რომ 2014 წლის 19 ივლისს პირველ მოსარჩელესა და მოპასუხეებს შორის გაფორმდა იურიდიული მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლითაც პირველ მოსარჩელეს კლიენტებისათვის უნდა გაეწია იურიდიული მომსახურება – დავის საგანთან (უძრავ ქონებაზე მეორე მოპასუხის საკუთრების უფლების აღდგენა) დაკავშირებით მოემზადებინა სარჩელი/განცხადება და სასამართლოში/ ადმინისტრაციულ ორგანოებში ყოფილიყო მათი წარმომადგენელი.

3. 2014 წლის 19 ივლისს, დავის დაწყების პროცესში სადავო მიწის ნაკვეთები შევიდა ქალაქ ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში, შეეცვალა საკადასტრო კოდი და მისამართი.

4. 2016 წლის 27 ივნისს მხარეთა შორის გაფორმდა შეთანხმების აქტი, რომლის თანახმადაც ცვლილება შევიდა 2014 წლის 19 ივლისს გაფორმებულ იურიდიული მომსახურების ხელშეკრულების პრეამბულაში და ადვოკატებად განისაზღვრენ მოსარჩელეები, კლიენტად – მეორე მოპასუხე, კლინეტის თავდებად კი – პირველი მოპასუხე. 2014 წლის 19 ივლისს გაფორმებული იურიდიული მომსახურების შესახებ ხელშეკრულების სხვა დანარჩენი პუნქტები დარჩა უცვლელად.

5. აღნიშნული ხელშეკრულების მე-3 პუნქტის თანახმად, ადვოკატის მომსახურება ექვემდებარება ანაზღაურებას საქმის კლიენტის სასარგებლოდ დასრულების შემთხვევაში, მათ შორის, სადავო ქონების კლიენტისათვის ნაწილობრივ მიკუთვნების შემთხვევაში. ჰონორარის ოდენობა განისაზღვრა გადახდის დღისათვის მიკუთვნებული ქონების საბაზრო ღირებულების 10%-ით. ჰონორარი არ ითვალისწინებდა საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ გადასახადებს, აღნიშნული გადასახდელების გადახდის ვალდებულება ეკისრებოდა კლიენტს. ჰონორარი მას უნდა გადაეხადა დავის საგანზე სასამართლო გადაწყვეტილების/განჩინების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან არაუგვიანეს 2 თვისა.

6. მოსარჩელეთა განმარტებით, 2014 წლის 29 სექტემბერს ადვოკატებმა სასამართლოს წარუდგინეს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წინააღმდეგ მომზადებული სარჩელი. 2017 წლის 27 დეკემბერს სარჩელი დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2018 წლის 14 დეკემბერს, შესაბამისად, ამავე ვადიდან 2 თვეში მოპასუხეებს უნდა განეხორციელებინათ ანგარიშსწორება. ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა განისაზღვრებოდა დაბრუნებული ქონების საბაზრო ღირებულებით, რისი ოდენობა დაადგინა შემფასებელმა კომპანიამ. მოსარჩელეებმა მოპასუხეებს არაერთგზის მოსთხოვეს საადვოკატო ჰონორარის ანაზღაურება, თუმცა, მათი მხრიდან ვალდებულება არ შესრულდა.

მოპასუხის პოზიცია:

7. მოპასუხეებმა შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ მხარეთა შორის მართლაც არსებობდა იურიდიული მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, თუმცა ადვოკატებმა სასამართლოში არ მოითხოვეს დარღვეული უფლების მატერიალური რესტიტუცია სახელმწიფოს მხრიდან. ასევე არ იქნა მოთხოვნილი საქმის სასამართლოში წარმოების პროცესში ადვოკატებისათვის გადახდილი ჰონორარი და ამ საქმის წარმოებასთან დაკავშირებული სხვა ხარჯები, რაც უნდა დაკისრებოდა მოწინააღმდეგე მხარეს და არ დაკისრებია, ადვოკატების მიერ აღნიშნულზე მოთხოვნის წარუდგენლობის გამო.

8. მოპასუხეებმა მიიჩნიეს, რომ ადვოკატებმა სრულფასოვანი და ჯეროვანი მომსახურება არ გაუწიეს. ამავე დროს მათთვის არ არის სარწმუნო საბაზრო ღირებულების დაანგარიშება აუდიტორული დასკვნის საფუძველზე, ვინაიდან ის არ შეესაბამება რეალურ საბაზრო ღირებულებას. ამასთან, ვალდებულების წარმოშობის ვადის ათვლა უნდა დაწყებულიყო არა 2018 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებიდან, არამედ 2019 წლის 19-20 აპრილიდან, რადგან ამ დროს მოხდა უძრავი ქონების მოპასუხეთა საკუთრებად რეგისტრაცია.

9. მოპასუხეები არ დაეთანხმნენ არც პირგასამტეხლოს დაკისრებას.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

10. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს მოსარჩელეთა სასარგებლოდ დაეკისრათ, იურიდიული მომსახურების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 85 306 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარისა და, აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს - 2019 წლის 14 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე გადასახდელი თანხის 0.01%-ის გადახდა.

11. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 6 ივნისის განჩინებით გასწორდა ამავე სასამართლოს 2022 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული უსწორობა და სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: „მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელეთა სასარგებლოდ, იურიდიული მომსახურების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო 2019 წლის 14 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე გადასახდელი თანხის - 0.01%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე“.

12. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

13. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 9 იანვრის განჩინებით პირველი მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

14. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 2591 მუხლით, 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილით და მიიჩნია, რომ კანონი იმპერატიულია და სააპელაციო წესით გასაჩივრებისას 14-დღიანი ვადის გაგრძელებას არ ითვალისწინებს.

15. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ საქალაქო სასამართლოში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოცხადდა 2022 წლის 2 ივნისს, რასაც ესწრებოდა პირველი მოპასუხე (იხ. სხდომის ოქმი, ს.ფ 252-253), ამდენად, უდავოა, რომ მისათვის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, ასევე, მისი გასაჩივრების წესი და ვადა ცნობილი იყო.

16. ზემოაღნიშნულიდან გადაწვეტილების ასლის ჩასაბარებლად აპელანტი სასამართლოში უნდა გამოცხადებულიყო 2022 წლის 2 ივნისიდან, არაუადრეს 20 დღისა, ყველაზე გვიან - 30 დღის ვადაში.

17. საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილია, რომ პირველ მოპასუხეს ბათუმის საქალაქო სასამართლოსათვის გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მოთხოვნით არ მიუმართავს.

18. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილებაზე, მისი გაუქმების მოთხოვნით, მეორე მოპასუხემ სააპელაციო საჩივარი წარადგინა 2022 წლის 29 ივნისს, პირველმა მოპასუხემ კი - 2022 წლის 28 დეკემბერს (გზავნილის ფოსტისათვის გადაცემის თარიღია 27.12.2022წ).

19. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საპროცესო ვადების გამოთვლის წესი დადგენილია სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლებით, შესაბამისად, აპელანტისათვის სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2022 წლის 3 ივლისიდან და ამოიწურა ამავე წლის 18 ივლისს, 24:00 საათზე (ვინადიან სააპელაციო საჩივრის წარდგენის ბოლო დღე დაემთხვა არასამუშაშო დღეს), საქმის მასალებით კი ირკვევა, რომ პირველმა მოპასუხემ სააპელაციო სასამართლოში სააპელაციო საჩივარი წარადგინა 2022 წლის 28 დეკემბერს (გზავნილის ფოსტისათვის გადაცემის თარიღია 27.12.2022წ), ანუ გასაჩივრების 14-დღიანი ვადის დარღვევით.

20. სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მხარე ვალდებულია, კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას. საქმის მასალებით დასტურდება, რომ პირველმა მოპასუხემ სააპელაციო საჩივარი კანონით დადგენილი საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ წარადგინა სააპელაციო სასამართლოში, რის გამოც სააპელაციო საჩივარი დაუშვებელია და სსსკ-ის 63-ე, 369-ე და 374-ე მუხლების საფუძველზე უნდა დარჩეს განუხილველად.

21. სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 24 მარტის განჩინებით მეორე მოპასუხის სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.

კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

22. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე პირველი მოპასუხის ( ა.ხ–ი) წარმომადგენელმა მ.ზ–ძემ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და პირველი მოპასუხის ნაწილში სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება შემდეგი საფუძვლებით:

23. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ სამოქალაქო საქმეზე №2/ბ 774-2022, წარმოადგენს მოპასუხეთა ინტერესების დამცველს სანოტარო რწმუნებულებისა და საადვოკატო ორდერის საფუძველზე. კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატამ პირველი მოპასუხის სააპელაციო საჩივარი განუხილველად არასწორად დატოვა შემდეგ გარემოებათა გამო: პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოცხადდა 2022 წლის 02 ივნისს. მოპასუხე მხარეს, რომელიც ფაქტობრივად ერთ ოჯახი - ცოლ-ქმარია, ჰყავთ საერთო წარმომადგენელი. 2022 წლის 21 ივნისს რწმუნებულმა მიმართა სასამართლოს ორივე მოპასუხის სახელით დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მიზნით, თუმცა დასაბუთებული გადაწყვეტილების მომზადების ვადა სასამართლომ დაარღვია. გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის გაშვების თავიდან აცილების მიზნით, მეორე მოპასუხემ (ნ.ხ–ი) და მოპასუხეთა წარმომადგენელმა შეიტანეს ერთობლივი სააპელაციო საჩივარი, სადაც მრავლობით რიცხვში მიეთითა გადაწყვეტილების მოტივების გაცნობის შემდეგ, დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის შეტანის შესახებ. დასაბუთებული სააპელაციო პრეტენზია წარდგენილ იქნა დასაბუთებული გადაწყვეტილების გაცნობის შემდეგ, მოგვიანებით. ის, რომ მეორე მოპასუხემ არ მიუთითა სააპელაციო საჩივარში მეორე აპელანტად პირველი მოპასუხე, არ ნიშნავს იმას, რომ მ.ზ–ძე, როგორც მოპასუხის წარმომადგენელი, ორივე მოპასუხის საერთო პოზიციას არ წარმოადგენს. სააპელაციო საჩივარში სააპელაციო სასამართლოსათვის მითითებული იქნა, რომ ეს საჩივარი არ წარმოადგენდა დასაბუთებულ საჩივარს და რომ დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის შეტანა მოხდებოდა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების შემდეგ. სააპელაციო სასამართლოს როგორც წარმომადგენელმა, ასევე მეორე მოპასუხემ მიუთითეს მრავლობით ფორმით ( იმიტომ, რომ ერთზე მეტი აპელანტი იგულისხმებოდა ამ საჩივრით) შემდეგი ტექსტით: „ შენიშვნა: ბათუმის საქალაქო სასამრთლოს განცხადებით მივმართეთ 21/06/2022 წელს და გვსურდა სასამრთლოს მიერ სამოქალაქო საქმეზე №010210019002972348 მიღებული დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარება, მაგრამ სასამართლოს ამ დრომდე გადაწყვეტილება არ ჩაუბარებია. ამ გარემოების გათვალისწინებით საერთოდ არ ვიცნობთ გადაწყვეტილებაში რა ფაქტობრივ გარემოებებს დაეყრდნო სასამართლო, რის გამოც მოკლებული ვართ შესაძლებლობას, გადაწყვეტილების ფაქტობრივი უსწორობის საკითხზე წარმოვადგინოთ ჯეროვანი პრეტენზიები. ამგვარ ინფორმაციას დამატებით წარმოვადგენთ დასაბუთებული დასაბუტებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან უმოკლეს დროში. ამ გარემოებების გათვალისწინებით, გთხოვთ დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის წარმოდგენა ჩაგვითვალოთ საპატიოდ“. ამ საჩივრის წარდგენით სასამართლოსათვის ცნობილი იყო, რომ მრავლობით რიცხვში ვსაუბრობდით მეორე მოპასუხე პირადად და წარმომადგენლით, ხოლო პირველი მოპასუხე კი ამ საჩივარში წარმოდგენილი იყო მისი წარმომადგენლით. მივუთითებდით, რომ ეს იყო დაუსაბუთებელი საჩივარი და წარმოვადგენდით დასაბუთებულ საჩივარს, როცა ჩაგვბარდებოდა შემდგომში პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს ასეც განხორციელდა შემდგომში, როცა დასაბუთებული გადაწყვეტილება ჩაგვბარდა. თუმცა სააპელაციო სასამართლო განჩინებაში რატომღაც თვლის და განმარტავს -დაგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამრთლოს 2022 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილებაზე მისი გაუქმების მოთხოვნით სააპელაციო საჩივარი წარადგინა მეორე მოპასუხემ - 2022 წის 29 ივნისს. დადგენილია, რომ პირველი მოპასუხის მიერ სააპელაციო საჩივარი წარდგენილი იქნა 2022 წლის 28 დეკემბერს. გზავნილის ფოსტისათვის გადაცემის თარიღია 27.12. 2022 წ. კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სადავო განჩინებაში სააპელაციო სასამართლო რატომღაც არ აღნიშნავს ფაქტს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებულია წარმომადგენელი და, საქმეში უფლებამოსილი პირი მეორე აპელანტისაც.

24. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი პირადად წარადგინა მეორე მოპასუხემ და ორივე მოპასუხის წარმომადგენელმა პირმა 2022 წლის 29 ივნისს, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება კი გამოცხადებული იქნა 2022 წლის 02 ივნისს. ამ თარიღებს შორის ინტერვალის გათვალისწინებით, ზუსტად შეიძლება ითქვას, რომ პირველი მოპასუხის წარმომადგენლის მიერ შეტანილი დაუსაბუთებელი საჩივარი წარდგენილი იქნა გასაჩივრებისათვის კანონით განსზღვრულ ვადაში, შესაბამისად, სააპელაციო პალატის შეფასება, რომ პირველ მოპასუხეს კანონით დადგენილ ვადაში სააპელაციო საჩივარი სასამართლოში არ შეუტანია, უსაფუძვლოა და ლახავს საქართველოს კონსტიტუციით მოპასუხეთათვის მინიჭებულ სასამართლოში მათი ინტერესების დაცვის უფლებას. სააპელაციო სასამართლო ფაქტობრივად უგულებელყოფს ფაქტს, რომ საჩივარი მართალია წარდგენილი არა აქვს ა.ხ–ს, მაგრამ საჩივრის შედგენასა და მის წარდგენაში უშუალო მონაწილეობა აქვს მიღებული მის ადვოკატს/წარმომადგენელს, რომელსაც ჰქონდა აღნიშნული უფლებამოსილება. (იხ. კერძო საჩივარი, ტ.6.ს.ფ.90-92).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

25. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

26. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერების საკითხი.

27. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივრის შეტანის დასაშვებ პერიოდს განსაზღვრავს სსსკ-ის 369-ე მუხლი, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან მისი მხარისათვის ამ კოდექსის 70–78-ე მუხლების შესაბამისად გადაგზავნის დრო. ამავე კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილით კი, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

28. მითითებული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იმ მხარისათვის, რომელიც ესწრებოდა გადაწყვეტილების გამოცხადებას ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, კანონმდებელი განსაზღვრავს ვალდებულებას, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. შესაბამისად, აღნიშნული ნორმით დადგენილი წესის შესრულებად ვერ ჩაითვლება მხარის მიერ სასამართლოსათვის გადაწყვეტილების ჩასაბარებლად მიმართვა სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20 დღემდე და 30-ე დღის შემდეგ. აღნიშნული ვალდებულება ფაკულტატურია და, შესაბამისად, ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება მხოლოდ უშუალოდ მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე, კერძოდ, განსახილველი ნორმის თანახმად, „გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი“. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოქმედებს დანაწესი, რომლის თანახმად „წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს“. ( იხ. სუსგ №ას-843-807-2014, 12 იანვარი, 2015 წელი; №ას-1377-2022, 6 დეკემბერი, 2022 წელი).

29. ამდენად, სასამართლო გადაწყვეტილების მსურველი მხარის მიერ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 20-დან 30-ე დღემდე დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად სასამართლოში გამოუცხადებლობა წარმოადგენს იმის საფუძველს, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების 30-ე დღის (მიუხედავად იმისა, უქმე დღეა თუ არა აღნიშნული) მომდევნო დღიდან, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ( შდრ: სუს დიდი პალატის განჩინება საქმეზე № ას-1161-1106-2014, 30 დეკემბერი, 2014 წელი).

30. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო, უპირველესად, ყურადღებას გაამახვილებს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა პირველი მოპასუხე, რომელიც პირადად იყო ინფორმირებული აღნიშნულის თაობაზე. ( იხ. ტ.5.ს.ფ.251;252.).

31. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მიზნით, მეორე მოპასუხემ საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა 2022 წლის 21 ივნისს. (იხ. ტომი 5, ს.ფ 279).

32. ზემოაღნიშნულ სასამართლო გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი მეორე მოპასუხემ პირადად წარადგინა 2022 წლის 29 ივნისს, სადაც მიუთითა, რომ გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ სრულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებას არ იცნობდნენ, შესაბამისად, არგუმენტირებულ სააპელაციო საჩივარს წარადგენდნენ აღნიშნული საპროცესო დოკუმენტის ჩაბარების შემდგომ (იხ. ტომი 5, ს.ფ 270-278).

33. სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 5 დეკემბრის განჩინებით მეორე მოპასუხის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მიეცა 10 დღის ვადა ხარვეზის, მათ შორის, კანონით დადგენილი წესით შედგენილი სააპელაციო საჩივრის წარსადგენად. (იხ. ტ.6.ს.ფ.3-7).

34. 2022 წლის 28 დეკემბერს სააპელაციო საჩივარი წარდგენილ იქნა უკვე როგორც ორივე მოპასუხის, ისე მათი წარმომადგენლის სახელით. ( იხ. ტ.6.ს.ფ.10-32)

35. საკასაციო სასამართლო საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე არ იზიარებს კერძო საჩივრის წარმომადგენლის პრეტენზიებს ( იხ. წინამდებარე განჩინების პ.23-24) შემდეგ გარემოებათა გამო:

36. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სწრაფი, ეკონომიური და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელება როგორც სასამართლო ხელისუფლების, ისე სამართალწარმოების მონაწილე პირთა პასუხისმგებლობაა და საამისოდ ყველა ლეგიტიმური შესაძლებლობის გამოყენებაა საჭირო, რაც თანაბრად უზრუნველყოფს მხარეთა თანასწორობას საქმის განხილვის ყველა ეტაპზე და ხელს შეუწყობს სასამართლოში საქმეთა განხილვის გაჭიანურების არიდებას. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დამკვიდრებულია პრინციპი, რომლის თანახმად მხარეებს (ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს), შეუძლიათ საქმე აწარმოონ სასამართლოში როგორც პირადად, აგრეთვე წარმომადგენლის მეშვეობით. სასამართლო წარმომადგენლობა ესაა კანონით გარანტირებული შესაძლებლობა მხარემ აწარმოოს საქმე სასამართლოში წარმომადგენლის მეშვეობით. სასამართლო წარმომადგენელი არის პირი, რომელიც ასრულებს სასამართლოში მარწმუნებლის სახელით და მისი ინტერესების შესაბამისად ყველა იმ საპროცესო მოქმედებას, რაც გათვალისწინებულია კანონით და მარწმუნებლის მიერ გაცემული მინდობილობით. სასამართლო წარმომადგენლობა დაიშვება უკლებლივ ყველა საქმეზე, რომელიც სასამართლოს ექვემდებარება უწყებრივად. წარმოშობის საფუძვლების მიხედვით განასხვავებენ: ა) ნებაყოფლობით ანუ სახელშეკრულებო წარმომადგენლობას; ბ) იურიდიული პირის წარმომადგენლობას; გ) კანონისმიერ წარმომადგენლობას. ნებაყოფლობითი (სახელშეკრულებო) წარმომადგენლობა წარმოიშობა მხარეთა თავისუფალი ნების საფუძველზე დავალების ხელშეკრულების დადებით (სსკ-ის 709-ე მუხლი). სსსკ-ის 96-ე მუხლი ითვალისწინებს წარმომადგენლის უფლებამოსილების გაფორმების პროცედურებს, ხოლო სსსკ-ის 98-ე მუხლი კი, ითვალისწინებს წარმომადგენლის უფლებამოსილების ფარგლებს.

37. სსსკ-ის 93-ე მუხლის თანახმად, მოქალაქეებს შეუძლიათ საქმე აწარმოონ სასამართლოში პირადად, ხოლო იურიდიულ პირებს ან სხვა ორგანიზაციებს - იმ თანამდებობის პირის მეშვეობით, რომელსაც წესდებით ან დებულებით შეუძლია ამ იურიდიული პირისა თუ ორგანიზაციის სახელით იმოქმედოს. მხარეებს, შეუძლიათ აგრეთვე საქმე აწარმოონ სასამართლოში წარმომადგენლის მეშვეობით. საქმის წარმოება წარმომადგენლის მეშვეობით არ ართმევს უფლებას მხარეებს თვითონაც პირადად მიიღონ მონაწილეობა საქმეში. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დმკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის მე-2 ნაწილი არაა იმპერატიული ხასიათის და მხარეს მხოლოდ უფლებით აღჭურავს - თავადაც მიიღოს მონაწილეობა საქმის განხილვაში იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას ჰყავს წარმომადგენელი.

38. სსკ-ის 96-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, წარმომადგენლის უფლებამოსილება უნდა ჩამოყალიბდეს კანონის შესაბამისად გაცემულ და გაფორმებულ მინდობილობაში. მოქალაქის მიერ გაცემული მინდობილობა უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით ან იმ ორგანიზაციის მიერ, სადაც მარწმუნებელი მუშაობს ან სწავლობს, იმ სტაციონარული სამკურნალო დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ, სადაც მოქალაქე სამკურნალოდ იმყოფება, შესაბამისი სამხედრო ნაწილის მიერ, თუ მინდობილობა სამხედრო მოსამსახურემ გასცა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის (შემდგომ − სპეციალური პენიტენციური სამსახური) პენიტენციურ დაწესებულებაში (შემდგომ − პენიტენციური დაწესებულება) მოთავსებული პირის მიერ გაცემულ მინდობილობას ამოწმებს ამ დაწესებულების დირექტორი. მინდობილობას ორგანიზაციის სახელით გასცემს შესაბამისი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ან სხვა უფლებამოსილი პირი.

39. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმე აწარმოონ სასამართლოში წარმომადგენლის მეშვეობით. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადვოკატის უფლებამოსილება დასტურდება „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლი განსაზღვრავს საადვოკატო საქმიანობის განხორციელების საფუძველს. კერძოდ, მითითებული მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით, გამოძიების ორგანოებში ან საქმის სასამართლოში განხილვისას ადვოკატი ვალდებულია საადვოკატო საქმიანობის უფლების დამადასტურებელ მოწმობასთან ერთად წარადგინოს დადგენილი წესით კლიენტის მიერ მასზე გაცემული დოკუმენტი – მინდობილობა ან ორდერი. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ადვოკატის ორდერის ნიმუშს შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო.

40. ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლოში საქმის განხილვისას ადვოკატი უფლებამოსილია, კლიენტის ინტერესები წარმოადგინოს და დაიცვას როგორც მინდობილობის, ასევე - ორდერის საფუძველზე. ამასთან, როგორც უკვე აღინიშნა, მინდობილობის გაცემის წესს ადგენს სსსკ-ის 96-ე მუხლი, ხოლო, ადვოკატის ორდერის ნიმუშს შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო („ადვოკატთა შესახებ“ კანონის 19.3 მუხლი). ( იხ. სუსგ №ას-1614-1608-2011, 21 მაისი, 2012 წ; №ას-517-2021, 17 დეკემბერი, 2021, პ.34; №ას-1226-2019, 23 დეკემბერი, 2019 წელი, პ.23;).

41. საქმის მასალებში განთავსებულია მეორე მოპასუხე - ნ.ხ–ის მიერ მ.ზ–ძეზე 2022 წლის 22 მარტს სანოტარო წესით დამოწმებული 5 წლის ვადით გაცემული მინდობილობა ( იხ. ტ.3. ს.ფ.69; ს.ფ.83). საქმის მასალებში განთავსებულია ორდერი №126, რომლის საფუძველზეც მ.ზ–ძეს მიენიჭა პირველი მოპასუხის - ა.ხ–ის ინტერესების დაცვა საქმის დასრულებამდე ( იხ. ტ.3.ს.ფ.113).

42. კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი პირადად წარადგინა მეორე მოპასუხემ და ორივე მოპასუხის წარმომადგენელმა პირმა 2022 წლის 29 ივნისს, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება კი გამოცხადებული იქნა 2022 წლის 02 ივნისს. ამ თარიღებს შორის ინტერვალის გათვალისწინებით, ზუსტად შეიძლება ითქვას, რომ პირველი მოპასუხის წარმომადგენლის მიერ შეტანილი დაუსაბუთებელი საჩივარი წარდგენილი იქნა გასაჩივრებისათვის კანონით განსზღვრულ ვადაში, შესაბამისად, სააპელაციო პალატის შეფასება, რომ პირველ მოპასუხეს კანონით დადგენილ ვადაში სააპელაციო საჩივარი სასამართლოში არ შეუტანია, უსაფუძვლოა და ლახავს საქართველოს კონსტიტუციით მოპასუხეთათვის მინიჭებულ სასამართლოში მათი ინტერესების დაცვის უფლებას. სააპელაციო სასამართლო ფაქტობრივად უგულებელყოფს ფაქტს, რომ საჩივარი მართალია წარდგენილი არა აქვს ა.ხ–ს, მაგრამ საჩივრის შედგენასა და მის წარდგენაში უშუალო მონაწილეობა აქვს მიღებული მის ადვოკატს/წარმომადგენელს, რომელსაც ჰქონდა აღნიშნული უფლებამოსილება. (იხ. კერძო საჩივარი, ტ.6.ს.ფ.92; წინამდებარე განჩინების პ. 24.).

43. საკასაციო პალატა დაუსაბუთებლობის გამო, არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის აღნიშნულ პრეტენზიას შემდეგ გარემოებათა გამო: თვითონ კერძო საჩივრის ავტორი ადასტურებს, რომ პირველ მოპასუხეს პირადად არა აქვს წარდგენილი სააპელაციო საჩივარი, თუმცა მიაჩნია, რადგან საჩივრის შედგენასა და მის წარდგენაში უშუალო მონაწილეობა აქვს მიღებული მის ადვოკატს/წარმომადგენელს, რომელსაც ჰქონდა აღნიშნული უფლებამოსილება, ასეთ შემთხვევაში მიიჩნევა, რომ სააპელაციო საჩივარი შეტანილი აქვს უშუალოდ მარწმუნებელს.

44. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილია მეორე მოპასუხის სახელით 2022 წლის 29 ივნისს შედგენილი სააპელაციო საჩივარი, რომელიც ხელმოწრილია არა წარმომადგენლის, არამედ პირადად აპელანტის - მეორე მოპასუხის მიერ. (იხ. ტ.5.ს.ფ.278), შესაბამისად, არაა გასაზიარებელი კერძო საჩივრის არგუმენტი, რომ 2022 წლის 29 ივნისით დათარიღებული სააპელაციო საჩივარი წარდგენილია რწმუნებულის მიერ.

45. საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, იმსჯელოს სსსკ-ის 98-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართლებრივ მოწესრიგებაზეც.

46. სსსკ-ი 98-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უფლებამოსილება სასამართლოში საქმის წარმოების შესახებ უფლებას აძლევს წარმომადგენელს, მარწმუნებლის სახელით შეასრულოს ყველა საპროცესო მოქმედება, გარდა სარჩელის აღძვრისა, არბიტრაჟისათვის საქმის გადაცემისა, სასარჩელო მოთხოვნაზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმისა, სარჩელის ცნობისა, სარჩელის საგნის შეცვლისა, მორიგებისა, სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა, სააღსრულებო ფურცლის გადასახდევინებლად წარდგენისა, მიკუთვნებული ქონების ან ფულის მიღებისა. წარმომადგენლის უფლებამოსილება ამ მუხლში აღნიშნული თითოეული მოქმედების შესრულებისათვის სპეციალურად უნდა იქნეს აღნიშნული მარწმუნებლის მიერ გაცემულ მინდობილობაში.

47. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნათა დაცვით შედგენილი და გაცემული ორდერი უფლებას ანიჭებს ადვოკატს წარმოადგინოს და დაიცვას კლიენტის ინტერესები სასამართლოში. ამდენად, ადვოკატის ორდერი, ისევე როგორც მინდობილობა, წარმოადგენს სასამართლოში საქმის წარმოების შესახებ ადვოკატის უფლებამოსილების დამადასტურებელ დოკუმენტს, რომელიც უფლებას აძლევს ადვოკატს მარწმუნებლის სახელით შეასრულოს ყველა საპროცესო მოქმედება, გარდა სსსკ-ის 98-ე მუხლში ჩამოთვლილი საპროცესო მოქმედებებისა. წარმომადგენლის უფლებამოსილება ამ მუხლში აღნიშნული თითოეული მოქმედების შესრულებისათვის სპეციალურად უნდა იქნეს აღნიშნული მარწმუნებლის მიერ გაცემულ მინდობილობაში. (შდრ. სუსგ №ას-1614-1608-2011, 21 მაისი, 2012 წ; №ას-1086-2020, 12 აპრილი, 2022 წ; № ას-677-644-2014, 12 ტებერვალი, 2105 წ; №ას-1226-2019, 23 დეკემბერი, 2019 წ.).

48. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება, რომ პირველი მოპასუხე წარმოდგენილი იყო სასამართლოში ადვოკატის მიერ არა მინდობილობის, არამედ ორდერის საფუძველზე.( იხ.ტ.3.ს.ფ.113). რადგან საქმის მასალებით არ დასტურდება წარმომადგენლის მიერ 2022 წლის 29 ივნისს სააპელაციო საჩივრის შეტანა, (იმის გათვალისწინებით, რომ სააპელაციო საჩივარი ხელმოწერილია არა მეორე მოპასუხისა და წარმომადგენლის მიერ, ან მხოლოდ წარმომადგენლის მიერ, არამედ პირადად მხოლოდ მეორე მოპასუხის - ნ.ხ–ის მიერ - იხ. ტ.5.ს.ფ.278), საკასაციო პალატა აღარ იმსჯელებს კერძო საჩივრის პრეტენზიაზე, რომ საჩივრის წარდგენაში უშუალო მონაწილეობა აქვს მიღებული პირველი მოპასუხის ადვოკატს/წარმომადგენელს, რომელსაც ჰქონდა აღნიშნული უფლებამოსილება.

49. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოცხადდა 2022 წლის 2 ივნისს, რასაც ესწრებოდა პირველი მოპასუხე (იხ. სხდომის ოქმი, ს.ფ 252-253), ამდენად, უდავოა, რომ მისათვის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, ასევე, მისი გასაჩივრების წესი და ვადა ცნობილი იყო. ზემოაღნიშნულიდან გადაწვეტილების ასლის ჩასაბარებლად აპელანტი სასამართლოში უნდა გამოცხადებულიყო 2022 წლის 2 ივნისიდან, არაუადრეს 20 დღისა, ყველაზე გვიან - 30 დღის ვადაში. საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილია, რომ პირველ მოპასუხეს ბათუმის საქალაქო სასამართლოსათვის გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მოთხოვნით არ მიუმართავს. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილებაზე, მისი გაუქმების მოთხოვნით, მეორე მოპასუხემ სააპელაციო საჩივარი წარადგინა 2022 წლის 29 ივნისს, პირველმა მოპასუხემ კი - 2022 წლის 28 დეკემბერს (გზავნილის ფოსტისათვის გადაცემის თარიღია 27.12.2022წ).

50. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ საპროცესო ვადების გამოთვლის წესი დადგენილია სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლებით, შესაბამისად, აპელანტისათვის სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2022 წლის 3 ივლისიდან და ამოიწურა ამავე წლის 18 ივლისს, 24:00 საათზე (ვინადიან სააპელაციო საჩივრის წარდგენის ბოლო დღე დაემთხვა არასამუშაშო დღეს), საქმის მასალებით კი ირკვევა, რომ პირველმა მოპასუხემ სააპელაციო სასამართლოში სააპელაციო საჩივარი წარადგინა 2022 წლის 28 დეკემბერს (გზავნილის ფოსტისათვის გადაცემის თარიღია 27.12.2022წ), ანუ გასაჩივრების 14-დღიანი ვადის დარღვევით. შესაბამისად, პირველმა მოპასუხემ სააპელაციო საჩივარი კანონით დადგენილი საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ წარადგინა სააპელაციო სასამართლოში, რის გამოც სააპელაციო საჩივარი დაუშვებელია და სსსკ-ის 59 -1, 63-ე, 369-ე და 374-ე მუხლების საფუძველზე მართებულად დარჩა განუხილველად.

51. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე ან სასამართლოს მიხედულებაზე ვერ იქნება დამოკიდებული.

52. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით უზრუნველყოფილი სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება გარკვეულ ლეგიტიმურ შეზღუდვებს ექვემდებარებოდეს. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, განცხადების მიღებასა და საქმის განხილვაზე უარის თქმა სასამართლოს შეუძლია მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლებითა და წესით. მითითებული ნორმა თანაბრად ვრცელდება როგორც პირველი ინსტანციის, ისე ამ ინსტანციის გადაწყვეტილების ზემდგომი წესით გასაჩივრების უფლებაზე. სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვის ერთ-ერთ მაგალითს საპროცესო ვადა წარმოადგენს. სააპელაციო გასაჩივრების უფლების რეალიზაციისათვის სპეციალურ დანაწესს გვთავაზობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. აღნიშნული ვადის დარღვევის შემთხვევაში მხარე ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მის მიმართ დადგება ის უარყოფითი საპროცესო შედეგი, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის. სასამართლოსადმი მიმართვის უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას უშვებს საერთაშორისო პრაქტიკაც. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, „სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს; აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება „თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე“ (იხ. Ashingdane v. The United Kingdom, №. 8225/78, გვ, 20, §57, 28 მაისი, 1985 წელი).

53. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

54. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა.ხ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 09 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი

მირანდა ერემაძე