საქმე №ა-1176-შ-29-2023 17 მაისი, 2023 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – შპს „გ.“
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს–ი“
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე – უკრაინის ქალაქ კიევის სამეურნეო სასამართლოს 2022 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილების საქმეზე N910/11536/21 ცნობა და აღსრულება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. უკრაინის ქალაქ კიევის სამეურნეო სასამართლოს 2022 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილების საქმეზე N910/11536/21 გადაწყვეტილებით, შპს „ს–ს“ შპს „გ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 15589 აშშ დოლარის დავალიანების, 1558.90 აშშ დოლარის საურავის, რომელიც გრივნის ექვივალენტში 09.07.2021 წლის მდგომარეობით შეადგენს 425580 გრივნას, 6383 გრივნა 70 კაპ. სასამართლო მოსაკრებელისა და 23165 გრივნა გადათარგმნის ხარჯების გადახდა.
2. აღნიშნული გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში 2022 წლის 16 ივნისს. სააღსრულებო ფურცელი ამოწერილია 2022 წლის 21 ივნისს, რომელიც ქალაქ კიევის სამეურნეო სასამართლოს 2022 წლის 31 ოქტომბრის ცნობით არ აღსრულებულა უკრაინის ტერიტორიაზე.
3. 2023 წლის 13 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას შუამდგომლობით მომართა საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა წარმოდგენილი უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულების საკითხის განხილვა.
4. წარმოდგენილი შუამდგომლობითა და მასზე დართული დოკუმენტებით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული 2022 წლის 16 ივნისს.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 22 მარტის განჩინებით, აღნიშნული შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.
6. აღნიშნული განჩინება და საქმის მასალები ჩაბარდა შპს „ს–ის“ ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს, რ.მ–ძეს, რის საპასუხოდაც წარმოადგინა განცხადება.
7. განცხადების თანახმად, როგორც მოპასუხეს, უკრაინაში გაგზავნილი ქონდა შესაგებელი და საკუთარი პოზიცია, თუმცა სავარაუდოდ, საომარი ვითარების გამო ვერ მოხდა მისი ადრესატამდე მიტანა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
8. საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, თანდართულ მასალებს და მიაჩნია, რომ შუამდგომლობა უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.
9. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ საქართველოს ტერიტორიაზე საცნობი და აღსასრულებელი გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და უკრაინის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.
10. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოსა და უკრაინას შორის შორის არ არის გაფორმებული ორმხრივი ხელშეკრულება სამოქალაქო საქმეებზე სამართლებრივი დახმარების თაობაზე და ამიტომ წინამდებარე განჩინების დასაბუთებისას დაეყრდნობა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის (შემდეგში: მინსკის კონვენცია) მოწესრიგებას.
11. მინსკის კონვენციის პირველი მუხლის პირველი ნაწილით, სამართლებრივი დაცვით სარგებლობენ კონვენციის ხელშემკვრელი მხარეების მოქალაქეები, ასევე, მათ ტერიტორიაზე მცხოვრები პირები, ყველა სხვა ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიებზე თავიანთი პირადი და ქონებრივი უფლებების მიმართ სარგებლობენ ისეთივე სამართლებრივი დაცვით, როგორითაც მოცემული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები. დასახელებული ნორმის მე-2 ნაწილით კი, თითოეული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეებს, ასევე, მათ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებს, უფლება აქვთ, თავისუფლად და დაუბრკოლებლად მიმართონ სხვა ხელშემკვრელი მხარეების სასამართლოებს, პროკურატურას და სხვა დაწესებულებებს (შემდეგში - იუსტიციის დაწესებულებები), რომელთა კომპეტენციასაც განეკუთვნება სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეები, შეუძლიათ გამოვიდნენ იქ, იშუამდგომლონ, წარადგინონ სარჩელები და განახორციელონ სხვა პროცესუალური ქმედებები იმავე პირობებით, რითაც მოცემული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები სარგებლობენ.
12. ამავე კონვენციის მე-3 თავით მოწესრიგებულია გადაწყვეტილებათა აღიარება და იძულებითი აღსრულება, კერძოდ, 51-55 მუხლებით დადგენილია გადაწყვეტილებათა აღიარებისა და იძულებითი აღსრულების და ასეთზე უარის თქმის სამართლებრივი წინაპირობები, შესაბამისად, სწორედ ამ ფარგლებით განისაზღვრება საკასაციო სასამართლოს მსჯელობა.
13. განსახილველ შემთხვევაში, მოთხოვნილია უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღიარება და აღსრულება მოპასუხისათვის დაკისრებული 15589 აშშ დოლარის დავალიანების, 1558.90 აშშ დოლარის საურავის, რომელიც გრივნის ექვივალენტში 09.07.2021 წლის მდგომარეობით შეადგენს 425580 გრივნას, 6383 გრივნა 70 კაპ. სასამართლო მოსაკრებელისა და 23165 გრივნა გადათარგმნის ხარჯების გადახდა.
14. საქმის მასალებში წარმოდგენილი უცხო ქვეყნის გადაწყვეტილებით დგინდება, რომ მოპასუხე კანონით დადგენილი წესით იქნა ინფორმირებული სასამართლო განხილვის შესახებ, თუმცა, ის სხდომაზე არ გამოცხადდა.
15. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგში: სპეციალური კანონი) 71-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქმის ზეპირი განხილვა არ მოხდება, თუ მხარეები ამას არ მოითხოვენ. მოპასუხეს შუამდგომლობის გადაცემისას უნდა განემარტოს, რომ მას აქვს აზრის გამოთქმის უფლება. მას აგრეთვე უნდა განემარტოს, რომ საქმის ზეპირი განხილვა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ის ამას მოითხოვს. ამ მიზნით საკასაციო სასამართლომ გამოიყენა სსსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი საპროცესო შესაძლებლობა, რათა მოპასუხისათვის ჩაებარებინა განსახილველი შუამდგომლობა, თანდართულ მასალებთან ერთად. მიუხედავად იმისა, რომ მოწინააღმდეგე მხარეს ჩაბარდა სასამართლოს გზავნილი, მან მოსაზრებით არ მომართა საკასაციო სასამართლოს.
16. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების საკითხის განხილვა კანონის ფორმალურ დანაწესებთან ამ გადაწყვეტილების შემოწმების გზით ხორციელდება, იმგვარად, რომ საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, ჩაერიოს, რაიმე ფორმით განმარტოს ან შესწორება შეიტანოს თავად გადაწყვეტილებაში ან მისი სარეზოლუციო ნაწილის რომელიმე პუნქტში.
17. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი, სასამართლო ბეჭდით დამოწმებული გადაწყვეტილებითა და მასზე დართული დოკუმენტების შესწავლით ირკვევა, რომ:ა) გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში; ბ) თანხის დაკისრების ნაწილში იგი ექვემდებარება აღსრულებას და მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე არ არის აღსრულებული; გ) მოპასუხე მიწვეული იყო საქმის განხილვაზე უკრაინის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით, თუმცა იგი სასამართლოში არ გამოცხადებულა; დ) მოპასუხის ადგილსამყოფელი საქართველოშია.
18. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეს რაიმე მტკიცებულება, მისი პოზიციის დასადასტურებლად და შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი შესაბამისი ცნობის გასაბათილებლად, არ წარმოუდგენია.
19. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე, განსახილველი შუამდგომლობის დასაბუთებულობის კვლევის დროს, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებაში მითითებული გარემოება, მხარისათვის უწყების ჩაბარების თაობაზე, ქმნის გაქარწყლებად პრეზუმფციას, რომლის გაბათილება, ამ შემთხვევაში, სტანდარტული მტკიცებულებით ვერ მოხდება. მნიშვნელოვანია, რომ მოწინააღმდეგე მხარეს მიეცეს საკუთარი პოზიციის დამტკიცების ანუ პრეზუმფციის, როგორც ვარაუდის, გაქარწყლების შესაძლებლობა, რაც მოცემულ შემთხვევაში, სრულად იქნა უზრუნველყოფილი მოპასუხისათვის, თუმცა, მის მიერ რაიმე მტკიცებულება არ იქნა წარმოდგენილი, რითაც ვერ უზრუნველყო მტკიცების ტვირთის შუამდგომლობის ავტორისათვის გადაკისრება.
20. სპეციალური კანონის 68-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, ხოლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
21. ზემოხსენებულ პუნქტში მითითებული ნორმის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით, კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაში, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ასეთი დამაბრკოლებელი გარემოებები საქმის მასალების მიხედვით არ არის წარმოდგენილი და არც შუამდგომლობაში მითითებულ მოწინააღმდეგე მხარეს - მოპასუხეს წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება.
22. სპეციალური კანონის 70-ე მუხლის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე წარმოდგენილი შუამდგომლობის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება, ხოლო 71-ე მუხლის თანახმად, შუამდგომლობის ავტორს საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულებისათვის, წარმოდგენილი აქვს კანონით გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი და ცნობა.
23. მინსკის კონვენციის 54.2-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო წარმოდგენილ შუამდგომლობას განიხილავს კონვენციით გათვალისწინებული პირობების ფარგლებში და მიაჩნია, რომ დაცულია საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი წინაპირობები უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღიარებისა და იძულებითი აღსრულების შესახებ. ამავე კონვენციის 54.3-ე მუხლით დადგენილია, რომ “იძულებითი აღსრულების წესი განისაზღვრება იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობით, რომლის ტერიტორიაზეც უნდა განხორციელდეს იძულებითი აღსრულება“ .
24. ზემოხსენებული სამართლებრივი საფუძვლები წარმოდგენილი შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესაძლებლობას იძლევა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს „გ–ის“ შუამდგომლობა უკრაინის ქალაქ კიევის სამეურნეო სასამართლოს 2022 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილების (N910/11536/21) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს და აღსასრულებლად მიექცეს უკრაინის ქალაქ კიევის სამეურნეო სასამართლოს 2022 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე N910/11536/21.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე