Facebook Twitter

საქმე №ა-1864-შ-47-2023 17 მაისი, 2023 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – მ.ქ–ი (მ–ძე)

მოწინააღმდეგე მხარე – ი.ნ.ქ–ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასას მოითხოვს მხარე – თურქეთის რესპუბლიკის ქ. სტამბოლის, ანადოლუს მე-15 საოჯახო სასამართლოს 2018 წლის 28 ნოემბრის N2018/1014 გადაწყვეტილების განქორწინების ნაწილში ცნობა

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თურქეთის რესპუბლიკის ქ. სტამბოლის, ანადოლუს მე-15 საოჯახო სასამართლოს 2018 წლის 28 ნოემბრის N2018/1014 გადაწყვეტილებით, მხარეები მ.ქ–ისა (მ–ძე) და ი.ნ.ქ–ის შორის 2016 წელის 06 მაისს სსგს ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში რეგისტრირებული N77163000625 ქორწინება შეწყდა განქორწინების გზით.

2. მ.ქ–იმ (მ–ძემ) შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა წარმოდგენილი უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა მხოლოდ განქორწინების ნაწილში.

3. წარმოდგენილი შუამდგომლობითა და მასზე დართული დოკუმენტებით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული 2019 წლის 06 მარტს.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 24 აპრილის განჩინებით, აღნიშნული შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

5. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი დამოწმებული უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ იგი კანონიერ ძალაში შევიდა 2019 წლის 06 მარტს. შუამდგომლობაზე დართული პირადობის მოწმობის ასლით ირკვევა, რომ შუამდგომლობის ავტორი (მოპასუხე) საქართველოს მოქალაქეა.

7. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგში: სპეციალური კანონი) 68-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, ხოლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

8. სპეციალური კანონის მე-2 მუხლის თანახმად, საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ წესებს აქვთ უპირატესი იურიდიული ძალა ამ კანონით განსაზღვრულ წესებთან შედარებით.

9. საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ ხელშეკრულების (შემდეგში: საერთაშორისო ხელშეკრულება) 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლო ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებას არ განიხილავს არსებითად, არამედ ამოწმებს მხოლოდ მის საერთაშორისო ხელშეკრულებასთან შესაბამისობის საკითხს.

10. საერთაშორისო ხელშეკრულების მე-20 მუხლით გათვალისწინებულია იმ პირობების ჩამონათვალი, რომელთა არსებობისას შესაძლებელია მოცემული ხელშეკრულების მონაწილე ერთი მხარის მიერ მეორე მხარის სასამართლოს გადაწყვეტილებების ცნობა.

11. საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმაში მოცემული პირობები დაცულია, რის გამოც შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს თურქეთის რესპუბლიკის ქ. სტამბოლის, ანადოლუს მე-15 საოჯახო სასამართლოს 2018 წლის 28 ნოემბრის N2018/1014 გადაწყვეტილების განქორწინების ნაწილში.

13. სპეციალური კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 396-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. მ. მ–ძის შუამდგომლობა თურქეთის რესპუბლიკის ქ. სტამბოლის, ანადოლუს მე-15 საოჯახო სასამართლოს 2018 წლის 28 ნოემბრის N2018/1014 გადაწყვეტილების განქორწინების ნაწილში ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას თურქეთის რესპუბლიკის ქ. სტამბოლის, ანადოლუს მე-15 საოჯახო სასამართლოს 2018 წლის 28 ნოემბრის N2018/1014 გადაწყვეტილება, რომლითაც მ. მ–ძესა და ი.ნ.ქ–ის შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე