საქმე №ა-2139-შ-59-2023 17 მაისი, 2023 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – გ.რ–ვა
მოწინააღმდეგე მხარე – რ.ლ. ოღლი რ.
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასას მოითხოვს მხარე – ყაზახეთის რესპუბლიკის კოსტანაის ოლქის კოსტანაის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 26 თებერვლის საქმე N3910-20-00-2/337 გადაწყვეტილების ცნობა განქორწინების ნაწილში
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ყაზახეთის რესპუბლიკის კოსტანაის ოლქის კოსტანაის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 26 თებერვლის საქმე N3910-20-00-2/337 გადაწყვეტილებით, მხარეები გ.რ–ვასა და რ.ლ. ოღლი რს შორის ყაზახეთის რესპუბლიკის კოსტანაის ოლქის ქ. კოსტანაის აპარატის მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების რეგისტრაციის განყოფილებაში 2018 წლის 10 აგვისტოს რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა განქორწინების გზით.
2. გ.რ–ვამ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა წარმოდგენილი უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა მხოლოდ განქორწინების ნაწილში.
3. წარმოდგენილი შუამდგომლობითა და მასზე დართული დოკუმენტებით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული 2020 წლის 30 მარტს.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 04 მაისის განჩინებით, აღნიშნული შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
5. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი დამოწმებული უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ იგი კანონიერ ძალაში შევიდა 2020 წლის 30 მარტს. შუამდგომლობაზე დართული პირადობის მოწმობის ასლით ირკვევა, რომ შუამდგომლობის ავტორი (მოპასუხე) საქართველოს მოქალაქეა.
6. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
7. სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციით (შემდგომში "კონვენცია").
8. კონვენციის მე-3 თავი აწესრიგებს ხელშემკვრელ მხარეებს შორის სასამართლო გადაწყვეტილებათა ცნობა-აღსრულების წესებს. აღნიშნული კონვენციის 51-ე მუხლის მიხედვით, ხელშემკვრელი სახელმწიფოები ცნობენ და აღასრულებენ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიღებულ სამოქალაქო და საოჯახო საქმეებზე იუსტიციის დაწესებულებების გადაწყვეტილებებს. ამავე კონვენციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სასამართლო, რომელიც განიხილავს ხელშემკვრელი მხარის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების საკითხს, შემოიფარგლება იმის დადგენით, რომ წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული პირობები დაცულია.
9. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებებისა და უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების მიმართ მოქმედებს თეორია, რომელიც ქართულად შეგვიძლია „გათანაბრების თეორიად“ ვთარგმნოთ. ამის მიხედვით, უცხოური აქტი უნდა აღქმულ იქნას და იურიდიულად გაუთანაბრდეს შიდასახელმწიფოებრივ სასამართლო გადაწყვეტილებას. მაშასადამე, ამ სახის სასამართლო გადაწყვეტილებების საპროცესო შედეგებიც შიდასახელმწიფოებრივი სამართლის მიხედვით უნდა გადაწყდეს. ეს კონცეფცია ნოსტრიფიკაციის სახელით არის ცნობილი. იგი ემყარება ყველა სახელმწიფოს სამართლებრივი სისტემების თანასწორუფლებიანობის პრინციპულ მოსაზრებას. უცხოური სასამართლო აქტის მოქმედების ტერიტორიის გაფართოება არ არის უსაზღვრო. მეორად ქვეყანაში მხოლოდ ის უცხოური საპროცესო შედეგები უნდა იქნას ცნობილი, რომლებსაც იცნობს ცნობის განმახორციელებელი სახელმწიფოს სამართალი (ლევან გოთუა, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებებისა და უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღსრულება, სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად წარდგენილი დისერტაცია. თბილისი, 2010წ., გვ.14.).
10. უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობაზე უარის თქმის საფუძვლები მოცემულია საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტში, რომლის თანახმად, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.
11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში კანონის ზემოაღნიშნული მოთხოვნები დაცულია და უცხო ქვეყნის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 396-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. გ.რ–ვას შუამდგომლობა ყაზახეთის რესპუბლიკის კოსტანაის ოლქის კოსტანაის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 26 თებერვლის საქმე N3910-20-00-2/337 გადაწყვეტილების განქორწინების ნაწილში ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას ყაზახეთის რესპუბლიკის კოსტანაის ოლქის კოსტანაის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 26 თებერვლის (N3910-20-00-2/337) გადაწყვეტილება გ.რ–ვასა და რ.ლ. ოღლი რ–ს შორის განქორწინების ნაწილში;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე