Facebook Twitter

საქმე №ას-465-2023 17 მაისი, 2023 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ლ.ლ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – გ.ხ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინებები – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 თებერვლის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 23 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, გ.ხ–ის სარჩელი მოპასუხე ლ.ლ–ძეს მიმართ სრულად დაკმაყოფილდა. შეწყდა 2018 წლის 11 ოქტომბრის უძრავი ნივთის გადახდის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება მხარეებს შორის, ლ.ლ–ძის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, უძრავი ქონება, მდებარე ქ.ქუთაისი ....... ბინა N28 ს/კ ...... გამოთხოვილი იქნა მოპასუხის ლ.ლ–ძის უკანონო მფლობელობიდან და დაუბრუნდა გ.ხ–ს ( პ/ნ .......) გამოთავისუფლებულ მდომარეობაში. მოპასუხე ლ.ლ–ძეს (პ/ნ ......) დაეკისრა უძრავი ნივთის გადახდის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულების ვალდებულების შესრულების ვადის გასვლის შემდეგ, 2020 წლის 30 აპრილიდან მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურება, ყოველთვიურად 500 ლარის ოდენობით, გ.ხ–ის სასარგებლოდ.

2. აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა ლ.ლ–ძემ, რომლითაც მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით ლ.ლ–ძის საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 23 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

4. აღნიშნული განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ.ლ–ძემ, რომლითაც მოითხოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 23 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინებების გაუქმება და ხელახალა განსახილველად საქმის დაბრუნება ქუთაისის საქალაქო სასამართლოში.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 20 თებერვლის განჩინებით ლ.ლ–ძის სააპელაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩა განუხილველი.

6. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა ლ.ლ–ძემ, რომლითაც მოითხოვა განჩინების გაუქმება. კერძო საჩივრის ავტორის თქმით, 2022 წლის 20 ოქტომბრის ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე, როდესაც გამოცხადდა განჩინების სარეზოლუციო ნაწილი, სასამართლოს მიერ არ ყოფილა განმარტება გასაჩივრების ვადასთან დაკავშირებით, რაც, საჩივრის ავტორის თქმით, ნათლად ჩანს 2020 წლის 20 ოქტომბრის სხდომის ოქმში.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 04 მაისის განჩინებით, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

8. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ.ლ–ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

9. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

10. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი.

11. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.

12. სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას, შესაბამისად, საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

13. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

14. სსსკ-ის 369-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 259​1 მუხლის შესაბამისად, ასევე 259​1 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.

15. სსსკ-ის 259-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

16. განსახილველ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოცხადდა 2022 წლის 20 ოქტომბერს, რასაც ესწრებოდა საჩივრის ავტორის წარმომადგენელი, შესაბამისად, ის მოექცა ზემოაღნიშნული ნორმის რეგულირების სფეროში, რაც გულისხმობს იმას, რომ სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 20-30 დღის ვადაში მას უნდა მიემართა სასამართლოსთვის მოტივირებული გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით, თუ კი ის გაუშვებდა აღნიშნულ ვადას, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების გასაჩივრების 14 დღიანი ვადა ავტომატურად დაიწყებდა ათვლას გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს.

17. მოცემულ შემთხვევაში, გადაწყვეტილება გამოცხადდა 2022 წლის 20 ოქტომბერს, შესაბამისად, დასაბებული გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნის წარდგენის ვადად (20-30 დღედ) განისაზღვრა 2022 წლის 09 ნოემბრიდან 2022 წლის 21 ნოემბრის ჩათვლით პერიოდი, რა დროსაც საჩივრის ავტორს არ მიუმართავს სასამართლოსვის, შესაბამისად, გასაჩივრების 14 დღიანი ვადის ათვლა დაიწყო ავტომატურად 2022 წლის 21 ნოემბერს და ამოიწურა 2022 წლის 05 დეკემბერს, ხოლო ლ.ლ–ძემ სააპელაციო საჩივარი წარადგინა 2022 წლის 30 დეკემბერს.

18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 20 თებერვლის განჩინებით სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცა ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებს, რის საფუძველზეც, სწორად იქნა ლ.ლ–ძეს სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვებული.

17. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არ აქვს ადგილი.

20. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება კანონიერი და დასაბუთებულია, ამდენად, მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე, 284-ე, 285-ე, 401-ე, 420-ე, 419-ე, 412-ე მუხლებით, და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ.ლ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 თებერვლის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე