Facebook Twitter

საქმე №ას-841-2019 13 ივლისი, 2022 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

I საკასაციო საჩივრის ავტორი – ი.დ–ი (ა.დ–ის უფლებამონაცვლე) (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ნ.ჯ–ი (მოსარჩელეების: მ.ხ–ის, მ.პ–ის, დ.კ–ძის, მ.ხ–ის, რ.ე–სა და ი.ე–ის უფლებამონაცვლე)

II საკასაციო საჩივრის ავტორი - ნ.ჯ–ი

მოწინააღმდეგე მხარეები - ა.დ–ი (უფლებამონაცვლე ი.დ–ი), ლ.დ–ი, ი.დ–ი, ს.დ–ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 6 მარტის განჩინება

I საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

II საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ქ. თბილისში, ....... მდებარე, 34 კვ.მ. ფართის, N7ა ბინის მესაკუთრედ რეგისტრირებულია ა.დ–ი (ტ.1, ს/ფ 14-15);

2. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 27.08.2009წ. N01/01-23-1471 განკარგულების საფუძველზე ქ. თბილისში, ....... მდებარე, 165 კვ.მ. ფართის, N7 ბინის მესაკუთრეები გახდნენ რ.ე., დ.კ–ძე, მ.ხ–ი, ი.ე–ი, მ.ხ–ი და მ.პ–ი (ტ.1, ს/ფ 16-17);

3. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 05.04.2013წ. N13003849-016/001 განკარგულების საფუძველზე (უფლების რეგისტრაცია განხორციელდა 13.06.2013 წ), უძრავი ქონების, მდებარე, ქ. თბილისში, ........, სართული 3, ბინა N7, ფართი 165.00 კვ.მ. (ს/კ .......) მესაკუთრე გახდა ხ.მ–ა (ტ. 1, ს.ფ. 302-303 - საჯარო რეესტრის ამონაწერი);

4. ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-5 განყოფილების მიერ შედგენილი საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის 08.01.2010 წლის N1 ოქმის თანახმად, აღსრულდა მოსარჩელეების თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფა ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთა. კერძოდ, ზ.ს–ძე, რომელიც წარმოადგენს ა.დ–ის ოჯახის წევრს, ოჯახის წევრებთან ერთად გამოვიდა ქ. თბილისი, ........ მდებარე N7 ბინიდან და შევიდა მის კუთვნილ 34 კვ.მ. ფართში (ტ. 1, ს.ფ. 146 - ოქმი N1).

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 19 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 23 თებერვლის განჩინებით, მასზე წარდგენილი საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად (ტ. 1, ს.ფ. 204-209 – 23.02.2012 წლის განჩინება)), შეიცვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება (ტ.1, ს.ფ. 21-25) და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოპასუხეების მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა 165 კვ.მ. ფართის ბინა, მდებარე, ქ. თბილისში, ....., მესამე სართულზე, ბინა N7. დანარჩენ ნაწილში, სარჩელი არ დაკმაყოფილდა (ტ. 1, ს.ფ. 254-263);

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 27 თებერვლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ა.დ–ის და სხვათა სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით რ.ე–ის და სხვათა სარჩელი არ დაკმაყოფილდა (ტ. 1, ს.ფ. 237-252 - განჩინება);

7. სარჩელის მოთხოვნა

7.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართეს რ.ე–მა, დ.კ–ძემ, მ.ხ–მა, ი.ე–მა, მ.ხ–მა და მ.პ–მა, მოითხოვეს ი.დ–ისათვის და ს.დ–ისათვის 49 966 აშშ დოლარის დაკისრება, ხოლო, ა.დ–ისთვის, ლ.დ–ისთვის, ი.დ–ისთვის და ს.დ–ისთვის 150 000 აშშ დოლარის დაკისრება.

8. მოპასუხეთა შესაგებელი

8.1. მოპასუხეებმა წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს.

9. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

9.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ა.დ–ს, ლ.დ–ს, ი.დ–ს, ს.დ–ს მოსარჩელეთა სასარგებლოდ დაეკისრათ 9 350 აშშ დოლარის გადახდა.

10. მოსარჩელეთა უფლებამონაცვლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა

10.1. მოსარჩელეთა უფლებამონაცვლემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

11. მოპასუხეთა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა

11.1. მოპასუხეებმა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილებაზე წარდგენილი სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

12.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 6 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

12.2. თბილისის სააპელაციო სასამართლომ, იმავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 27 თებერვლის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე გაამახვილა ყურადღება, რომლის მიხედვითაც, გადაწყვეტილების მიმღებმა სასამართლომ (სააპელაციო პალატამ) პრეიდუიციული მნიშვნელობის მქონედ ჩათვალა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 19.10.11წ. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომლითაც იპოთეკარების (მოსარჩელეები) სარჩელის საფუძველზე მოპასუხეების უკანონო მფლობელობაში მიიჩნია მხოლოდ 165 კვ.მ ფართი და დადგინდა მისი გამოთხოვა).

12.3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 4 იანვრის და 2018 წლის 5 თებერვლის განჩინებებით, აპელანტების მ.ხ–ის, მ.პ–ის, დ.კ–ძის, მ.ხ–ის, რ.ე–ს და ი.ე–ის უფლებამონაცვლედ, ცნობილი იქნა ნ.ჯ–ი (იხ. ტ. 2);

12.4. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით მოსარჩელე მოითხოვდა 2009 წლის 15 სექტემბრიდან - 2013 წლის აპრილამდე, მისი კუთვნილი უძრავი ქონებით სარგებლობის ხელშეშლის გამო, მოპასუხის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, კერძოდ, 49 966 აშშ დოლარის (ბინის ქირის ოდენობა) და 150 000 აშშ დოლარის (უძრავი ქონების განკარგვის შეზღუდვით გამოწვეული ზიანი) მოპასუხეებისათვის დაკისრებას. მოთხოვნის ფაქტობრივ საფუძვლად მოსარჩელე მიუთითებს მასზედ, რომ სადავო პერიოდში მოპასუხეები უკანონოდ ფლობდნენ მათ საკუთრებას, რის გამოც მესაკუთრე ვერ აქირავებდა თავის ქონებას და, შესაბამისად, ვერ ღებულობდა შემოსავალს. ამასთან, უძრავი ქონების განკარგვის შეზღუდვით, რაც გამოწვეული იყო მოპასუხეების ბრალით, მათ მიადგათ ზიანი 150 000 აშშ დოლარის ოდენობით.

12.5. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, დადგენილი იყო, რომ სადავო პერიოდში, 2009 წლის სექტემბრიდან 2013 წლის აპრილამდე, მოსარჩელეებს არ მიეცათ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით სარგებლობის შესაძლებლობა მოპასუხეთა ბრალეული ქმედებით, რაც გამოიხატა მოსარჩელეთა უძრავი ქონების მოპასუხის ოჯახის მიერ კანონიერი საფუძვლის გარეშე ფლობაში და სარგებლობაში. აღნიშნული დასტურდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებებით, ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-5 განყოფილების საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის 08.01.2010 წლის N1 ოქმით და შსს-ს რეაგირების ოქმით. ამასთან, საქართველოს სსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, მოპასუხე მხარემ ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დაადასტურებდა სადავო ნივთზე მისი მფლობელობის მართლზომიერებას. ხსენებული გადაწყვეტილებებით კი, რომლებსაც პრეიუდიციული მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს განსახილველი დავის მიმართ (სსსკ-ის 106-ე მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად, მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები, თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ. ესენია: ბ) ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ), დასტურდება მოპასუხეების მიერ მოსარჩელეთა კუთვნილი 165 კვ.მ. ფართის სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობის ფაქტი.

12.6. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით მოსარჩელეები ქირის სახით ზიანის დაკისრებას მოითხოვდნენ სადავო მისამართზე მდებარე, მათ საკუთრებაში არსებული იმ 165 კვ.მ. ფართზე, საბაზრო ფასის გაანგარიშებით, რომელსაც სადავო პერიოდში უკანონოდ ფლობდნენ მოპასუხეები. მოთხოვნა არ შეეხებოდა 34 კვ.მ. ფართზე, ქირის საბაზრო ფასის დადგენას, და შესაბამისად, მასზე დაყრდნობით, მოთხოვნის დაკმაყოფილებას. ამდენად, უსაფუძვლო იყო მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები, რომლებიც ეხება 34 კვ.მ. ფართზე ა.დ–ის საკუთრების უფლებას და ამ კუთხით კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების მოშველიებას, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოსარჩელეების მოთხოვნა ამ ნაწილიდან მოპასუხეთა გამოსახლების თაობაზე. სააპელაციო სასამართლომ აპელანტთა არც ის პოზიცია გაიზიარა, რომლის მიხედვითაც #7 და #7ა ბინები გაუმიჯნავი იყო, რაც მიუღებელი შემოსავლის შესახებ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას საფუძველს აცლიდა.

12.7. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი იყო, რომ 2011 წლის 30 აგვისტოს გამიჯვნის ხელშეკრულების საფუძველზე დ–სა და ხ. ც–ის თანასაკუთრებაში არსებული 111 კვ.მ. ფართი გაიმიჯნა და ა. დ–ის სახელზე დარეგისტრირდა ქ. თბილისში, .......... ქ. N29ა, მესამე სართულზე მდებარე 34 კვ.მ ფართი, როგორც ცალკე უფლების ობიექტი. ასევე, ვაკე-საბურთალოს რაიონული გამგეობის N49.12.1565 20.09.11წ. დადგენილებით ა. დ–ის სახელზე რიცხულ ფართს მიენიჭა ბინის ნომერი - 7ა, რომელსაც ჰქონდა დამოუკიდებელი შესასვლელი და ფაქტობრივი მდგომარეობით იზოლირებული იყო ბინა N7-გან, რაც გამორიცხავდა იმის შესაძლებლობას, რომ ა. დ–ზე რიცხული 34 კვ.მ. ფართი მიჩნეული ყოფილიყო ერთი უფლების ობიექტად.

12.8. სააპელაციო სასამართლომ მოპასუხეებზე დაკისრებული ფულადი კომპენსაციის საკითხზე განმარტა, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებებით განსხვავებულად იყო შეფასებული სადავო ბინის ქირის ოდენობა, კერძოდ:

12.8.1. 14.01.2015წ. ბინის ქირავნობის აუდიტორული დასკვნის თანახმად, 2009-2010 წწ. სადავო 165 კვ.მ. ბინის ქირავნობის ფასი განსაზღვრულია თვეში 1 100 აშშ დოლარით, 2011-2012 წწ. – 1 200 აშშ დოლარით, 2013-2015 წწ.- 1 300 აშშ დოლარით (ტ. 1; ს/ფ 304).

12.8.2. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 22.11.2012 წლის დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, .......... 29ა-ში მდებარე ახალაშენებულ კორპუსში 5 ოთახიან ბინაში 3 ოთახის 1 თვის გასაქირავებელი ღირებულება 2009 წლიდან საშუალოდ არის 220 აშშ დოლარი (ტ. 1, ს/ფ 438-443);

12.8.3. შპს „ი–ის“ 21.03.2017წ. N17/03-06 დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, .......... 29ა-ში, მე-3 სართულზე მდებარე 165 კვ.მ. ფართის საიჯარო ღირებულება 2009-2013წწ. შეადგენდა 350 ლარს;

12.9. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, საქმის მასალებში წარდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 22.11.2012 წლის დასკვნაზე, რომლის თანახმად, ქ. თბილისში, .......... 29ა-ში მდებარე ახალაშენებულ კორპუსში 5 ოთახიანი ბინაში 3 ოთახის 1 თვის გასაქირავებელი ღირებულება 2009 წლიდან საშუალოდ არის 220 აშშ დოლარი. პალატა მიიჩნევს, რომ მითითებული შეფასებების გათვალისწინებით სადავო ბინის საშუალო ქირავნობის ფასი უნდა შეფასებულიყო 220 აშშ დოლარად, ვინაიდან შეფასება განხორციელებულია ბინის იმდაგვარად გამოყენების ფარგლებში, როგორადაც მას მოპასუხეები ფაქტობრივად იყენებდნენ.

12.10. ამასთან, პალატამ განმარტა, რომ მხოლოდ დასკვნა ქირავნობის თანხის ოდენობის შესახებ ვერ დაედებოდა საფუძვლად მოპასუხეებისათვის საკომპენსაციო თანხის, როგორც მოსარჩელის მიერ დაკარგული (მიუღებელი) შემოსავლის დაკისრებას, ვინაიდან სსკ-ის 411-ე მუხლის (ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო) გამოყენების მიზნებისათვის, აუცილებელია მოპასუხეების მართლსაწინააღმდეგო ქმედების დადასტურება, რამაც მოსარჩელის მიერ მითითებული შემოსავლის დაკარგვა განაპირობა და რაც მთავარია, აღნიშნული შემოსავლის მიღების ობიექტური შესაძლებლობა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 22 დეკემბრის განჩინება, საქმეზე №ას-685-639-2017). მოცემულ შემთხვევაში, მითითებული გარემოებები სახეზე იყო.

12.11. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით და საქმის მასალების სრული და ობიექტური გამოკვლევის შედეგად, პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელემ მასზე კანონით დაკისრებული მტკიცების ტვირთი ნაწილობრივ (ქირის დაკისრების ნაწილში) დასძლია, კერძოდ, დადგინდა, რომ 2009 წლის 15 სექტემბრიდან - 2013 წლის 5 აპრილამდე, რაც შეადგენდა 42.5 თვეს, დაზოგილი თანხის ოდენობამ შეადგინა 9 350 აშშ დოლარი.

13. ა.დ–ის უფლებამონაცვლის ი.დ–ის საკასაციო საჩივარი

13.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 6 მარტის განჩინებაზე წარდგენილი საკასაციო საჩივრით კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება ან ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.

13.2. კასატორის განმარტებით სადავო 165 კვ.მ ფართი გაუმიჯნავია დანარჩენი 34 კვ.მ ფართისგან, რის გამოც უდავოა, რომ ა.დ–ი თავის საკუთრებაში ცხოვრობდა, რის გამოც არ არსებობდა მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნის საფუძველი.

14. მოსარჩელეთა უფლებამონაცვლის საკასაციო საჩივარი (მეორე კასატორი)

14.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 6 მარტის განჩინებაზე წარდგენილი საკასაციო საჩივრით, მეორე კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

14.2. კასატორის განმარტებით, სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, და სპეციალური ცოდნის გარეშე ჩათვალა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა უტყუარ მტკიცებულებად.

15. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

15.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 13 ივნისის განჩინებით ა.დ–ის, ხოლო იმავე წლის 5 ივლისის განჩინებით ნ.ჯ–ის საკასაციო საჩივრები წარმოებაშია მიღებული. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 19 ივლისის განჩინებით ლ., ს. და ი.დ–ების საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 7 აგვისტოს განჩინებით შეჩერდა საქმის წარმოება ა.დ–ის გარდაცვალების გამო, ამ უკანასკნელის უფლებამონაცვლის დადგენამდე, მაგრამ არაუმეტეს ერთი წლისა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 26 ნოემბრის განჩინებით განახლდა საქმის წარმოება, ა.დ–ის უფლებამონაცვლედ დადგინდა ი.დ–ი.

15.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 21 დეკემბრის განჩინებით ერთის მხრივ ა.დ–ის უფლებამონაცვლის ი.დ–ისა, ხოლო მეორეს მხრივ მოსარჩელეთა უფლებამონაცვლის ნ.ჯ–ის საკასაციო საჩივრები დასაშვებადაა ცნობილი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის სამართლებრივი დასაბუთებულობის არსებითად განხილვის გზით შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელეთა უფლებამონაცვლის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ა.დ–ის უფლებამონაცვლის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

16. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

17. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეები, მოპასუხეთათვის 200 000 დოლარამდე თანხის დაკისრებას ითხოვდნენ. სარჩელის საფუძვლად კი უთითებდნენ, რომ მოპასუხეები უკანონოდ ფლობდნენ მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, რის გამოც ამ უკანასკნელთ შეეზღუდათ უძრავი ქონების განკარგვის საშუალება. მოსარჩელეთა მოთხოვნა 2009 წლიდან 2013 წლამდე პერიოდს ეხება, რომლის განმავლობაშიც დასახელებული თანხის ოდენობით ქირას მიიღებდნენ, რომ არა მოპასუხეთა მიერ ქონების არამართლზომიერი ფლობა.

18. საქმის გარემოებებით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალქო საქმეთა კოლეგიის 21.06.2010წ. გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა რ.ე–ს, დ.კ–ძის, მ.ხ–ის, ი.ე–ის, მ.ხ–ის, მ.პ–ის სარჩელი მოპასუხეების: ა.დ–ის, ლ.დ–ის, ი.დ–ის, ს.დ–ის მიმართ. გამოთხოვილი იქნა ქ. თბილისში, .......... ქ. #29ა-ში მდებარე #7 ბინა მოპასუხეთა მფლობელობიდან და დადგინდა მოსარჩელეთათვის ბინის თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარება.

18.1. ამავე გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ ქ. თბილისში, .......... ქ. #29ა-ში მე-3 სართული ბინა #7 ფართით 165 კვ.მ. საკადასტრო კოდი ...... საკუთრების უფლებით აღრიცხული იყო მოსარჩელეთა სახელზე. ასევე დადგენილი იყო რომ იმავე მისამართზე, მე-3 სართულზე 111 კვ.მ ფართი, ს/კ: ....... თანასაკუთრების უფლებით აღრიცხული იყო ხ. ც–ზე 77კვ. მ და მოპასუხე ა.დ–ზე 34 კვ.მ.

19. აღნიშნულ საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 23 თებერვლის განჩინებით მოსარჩელე რ.ე–ს საკასაციო საჩივარი დარჩა დაუშვებლად. საკასაციო სასამართლომ გაიზიარა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილების მოტივაცია. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით შეიცვალა გასაჩივრებული გადაწყვეტილება (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების 18-ე პუნქტი), და მოსარჩელეთა სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა 165 კვ.მ. ფართი, ხოლო დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

19.1. აღნიშნული გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ სადავო ქონება ფართით 165 კვ.მ ირიცხებოდა გ. დ–ის სახელზე, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს 2003 წლის 24 ნოემბერს დამოწმებული ინდ. ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ა. ?-ის“ წევრთა 2003 წლის 15 ოქტომბრის კრების ოქმი წარმოადგენდა. აღნიშნული უძრავი ქონება, 2007 წელს გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, გასხვისდა აუქციონზე, ხოლო, 2009 წლის 27 აგვისტოს განკარგულების საფუძველზე გადაეცათ მოსარჩელეებს.

19.2. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით დადგინდა, რომ 2008 წლის 15 სექტემბრის მდგომარეობით ამავე მისამართზე, კერძოდ, თბილისში, .......... ქ. №29ა-ში მესამე სართულზე მდებარე ბინის (საკადასტრო კოდი №....) ფართით 111 კვ.მ. თანამესაკუთრეებს წარმოადგენდნენ ხ. ც–ი (77 კვ.მ.-ს მესაკუთრე) და ამხანაგობა „ა-?“ (34 კვ.მ.-ის მესაკუთრე). ხ. ც–მა საკუთრების უფლება მოიპოვა 2003 წლის 19 დეკემბერს გაფორმებული საკუთრებაში გადაცემის შესახებ ხელშეკრულებით. აღნიშნულ ფართს 2008 წლის 15 სექტემბრის მდგომარეობით ნუმერაცია არ აქვს მინიჭებული. საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ ამხანაგობა „ა-?“-ის სახელზე თანასაკუთების უფლებით აღრიცხული 34 კვ.მ. ფართის მესაკუთრედ 2009 წლის 22 ოქტომბერს დარეგისტრირდა ა.დ–ი 2009 წლის 04 ივლისს ამხანაგობასთან გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე.

19.3. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ვაკე-საბურთალოს რაიონული გამგეობის 2011 წლის 20 სექტემბრის №49.12.1565 დადგენილებით ა.დ–ის სახელზე რეგისტრირებულ ფართს, მდებარე: ქ. თბილისი, .......... ქ. №29ა-ში, მესამე სართულზე, მიენიჭა ბინის ნომერი 7ა, რაც საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა საკადასტრო კოდით №........

19.4. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შფასებისას იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172.1-ე მუხლებით და განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეთა მოთხოვნას წარმოადგენდა მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან ქ. თბილისში, .......... ქ. №29ა-ში, მესამე სართულზე მდებარე 221.62 კვ.მ. ფართის გამოთხოვა. ვინდიკაციური სარჩელის საფუძვლიანობის შესამოწმებლად, პალატამ მიიჩნია, რომ მოცემული დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენდა, დადგენილიყო მოსარჩელის საკუთრების უფლება სადავო 221.62 კვ.მ. ფართზე. აღნიშნულთან დაკავშირებით, მოპასუხის ა.დ–ის პოზიცია მდგომარეობდა იმაში, რომ საჯარო რეესტრის მონაცემებით მოსარჩელეთა საკუთრებაში აღრიცხულია 165 კვ.მ. ფართი და სხვა ფართზე მოსარჩელის მოთხოვნა არ უნდა გავრცელებულიყო.

19.5. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დგინდებოდა, რომ მოვალის, გ. დ–ის პასუხისმგებლობა უზრუნველყოფილი იყო 165 კვ.მ. ქონებით. იპოთეკის მიზნებისათვის, ივარაუდება, რომ ქონების არსებით შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს სწორედ ქონების აღნიშნულ მოცულობაში შემავალი ქონება. საქმის მასალებით დადგენილია, რომ იძულებით აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცა გ. დ–ის საკუთრებაში არსებული, იპოთეკით დატვირთული ქონება 165 კვ.მ. ფართის ოდენობით, რომლის მესაკუთრედ სააღსრულებო ბიუროს განკარგულების საფუძველზე აღირიცხნენ მოსარჩელეები. ამდენად, პალატის მოსაზრებით, მოსარჩელეთა საკუთრების უფლება ვრცელდებოდა ქ. თბილისში, .......... ქ. №29ა-ში, მესამე სართულზე მდებარე 165 კვ.მ. ფართზე, რაც ცხადყოფდა, რომ მოთხოვნა 165 კვ.მ. ფართიდან მოპასუხეთა გამოსახლების თაობაზე საფუძლიანი იყო, ვინაიდან მოპასუხეებს არ გააჩნდათ ამ ფართის ფლობის სამართლებრივი საფუძველი.

19.6. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მესამე სართულზე არსებული ფართი (აივნის და სადარბაზოს გარდა) შეადგენდა 520.78 კვ.მ.-ს, საიდანაც ხ. ც–ი ფლობდა მასზე საჯარო რეესტრში აღრიცხულ ფართს, ხოლო დანარჩენი ფართი 221.62 კვ.მ. იყო მოპასუხეთა მფლობელობაში. ამდენად, საქმის მასალებით დგინდებოდა, რომ მოპასუხეთა მფლობელობაში არსებული ფართი 221.62 კვ.მ. მოიცავდა როგორც გ. დ–ის და ამჟამად მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებულ (ბინა №7), ასევე ა.დ–ის საკუთრებაში არსებულ ფართს (ბინა №7ა). შესაბამისად, ერთ ბინაში მოექცა ორი დამოუკიდებელი საკადასტრო კოდის მქონე, სხვადასხვა პირთა საკუთრებაში არსებული ფართები. 2007 წელს, იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმების დროს, 34 კვ.მ. ფართი ირიცხებოდა ამხანაგობის საკუთრებად და, შესაბამისად, მოვალის, გ. დ–ის პასუხისმგებლობა ვერ იქნებოდა უზრუნველყოფილი ამხანაგობის სახელზე რიცხული 34 კვ.მ. ფართით, მესაკუთრესთან სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულების არარსებობის გამო. ამდენად, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, 34 კვ.მ. ფართი არ ყოფილა იპოთეკის საგანი, აღნიშნული ფართი დღეის მდგომარეობით ირიცხება ა.დ–ის სახელზე და მასზე არ ვრცელდება მოსარჩელეთა საკუთრების უფლება.

19.7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან უნდა გამოთხოვილიყო165 კვ.მ. ფართი, მდებარე, ქ. თბილისში, .......... ქ. №29ა-ში, მესამე სართულზე, ბინა №7. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო უსაფუძვლობის გამო.

20. ამავე საკითხთან დაკავშირებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 31 მარტის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ამჟამინდელ მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი და უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც ა.დ–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, ამჟამინდელ მოსარჩელეთა სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის 2010 წლის 12 თებერვლის #166 ბრძანება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და შსს-ს დაევალა მოპასუხეების სადავო ფართიდან გამოსახლება და მოსარჩელეებისთვის ფართის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემა.

21. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 982-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირი რომელიც ხელყოფს მეორე პირის სამართლებრივ სიკეთეს მისი თანხმობის გარეშე განკარგვის, დახარჯვის, სარგებლობის, შეერთების, შერევის, გადამუშავების ან სხვა საშუალებით, მოვალეა აუნაზღაუროს უფლებამოსილ პირს ამით მიყენებული ზიანი, სასამართლო მიიჩნევს, რომ დავის გადაწყვეტის მიზნებისთვის აუცილებელია შეფასდეს შესრულებულია თუ არა ნორმის დისპოზიციით გათვალისწინებული ელემენტები.

22. სსკ-ის 982-ე მუხლის მიზანთან დაკავშირებით საკასაციო პალატამ არაერთ საქმეზე განმარტა, რომ განსახილველი ნორმით გათვალისწინებული „ზიანი“ წარმოადგენს არა ზიანის ანაზღაურების შემთხვევას, არამედ, საქმე გვაქვს გამდიდრების გათანაბრებასთან. ამ შემთხვევაში ყურადსაღებია, რომ ხსენებული ნორმა მოცემულია უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტით, რაც მიგვითითებს ამ ნორმით გათვალისწინებული ზიანის გათანაბრებაზე უსაფუძვლო გამდიდრებასთან, ანუ როგორც ხელყოფის კონდიქციისათვის არის დამახასიათებელი, ამ ნორმით გათვალისწინებული იურიდიული შედეგი არის ის, რომ ხელმყოფმა უნდა გაუთანაბროს უფლების მქონე პირს მის უფლებაში ჩარევა. აქედან გამომდინარე, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებულ ზიანში იგულისხმება, მიღებულის დაბრუნების შეუძლებლობის შემთხვევაში, მისი ღირებულების ანაზღაურება, ანუ საქმე გვაქვს არა ზიანის ანაზღაურებასთან, არამედ გამდიდრების გათანაბრების შემთხვევასთან (იხ. სუსგ-ები: №ას-472-448-2013, 05.12.2013წ.; №ას-1204-2018, 25.01.2019წ., პ.19, №ას-275-2020, 16.11.2021წ; №ას-1227-2018, 15.02.2022წ.).

23. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნებით, სადავო ქონების ქირავნობის ღირებულებებია დადგენილი, სხვადასხვა დროს სხვადასხვა ოდენობით, თუმცა, აღნიშნული ვერ გახდება ზიანის ოდენობის გამოთვლისათვის საკმარისი მტკიცებულება, იმ პირობებში, როდესაც, როგორც აღინიშნა, მოსარჩელეთა საკუთრების უფლება სადავო ფართზე არ ვრცელდებოდა.

24. საკასაციო სასამართლო საქმეზე დადგენილი ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით განმარტავს, რომ მეორე კასატორის მოთხოვნა უძრავი ნივთით უკანონო სარგებლობის გამო მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე დაუსაბუთბელია და არ დასტურდება საქმის მასალებით, მათ შორის, მხარეთა შორის არსებული სხვა დავებით, რომლის ფარგლებშიც დადგენილი საქმის გარემოებები უდავოა მოცემულ ეტაპზე.

25. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს კასატორის პრეტენზიაზე, რომლის მიხედვითაც, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სათანადოდ არ შეფასებულა საქმეში წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნები, რამაც ზიანის ანაზღაურების სახით სულ სხვა თანხის დაკისრება გამოიწვია მოპასუხეებისათვის, და განმარტავს, რომ ზიანის ოდენობის გამოთვლამდე, მნიშვნელოვანია ასეთი ზიანის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძვლების შეფასება. მოცემულ შემთხვევაში საქმეზე დადგენილი და ზემოხსენებული კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებით დადგენილია, რომ მხარეთა შორის სადავო ფართის მხოლოდ 165 კვ.მ-ზე დადგინდა მოპასუხეთა უკანონო მფლობელობა, და შესაბამისად მხოლოდ ამ ფართიდან გამოსახლება დაევალა შესაბამის ორგანოებს, ამდენად, საკასაციო სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებას ზიანის ფაქტთან და ზიანის ანაზღაურების წინაპირობებთან დაკავშირებით და დამატებით აღარ იმსჯელებს საქმეში არსებულ იმ მტკიცებულებებზე, რომლითაც სხვადასხვა დროის მიხედვით სადავო ფართის სხვადასხვა ქირის ფასია დადგენილი.

26. ვინაიდან საკასაციო საჩივრით უარის ეთქვა კასატორს სარჩელის დაკმაყოფილებაზე, შესაბამისად უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 11 იანვრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო ა.დ–ის (უფლებამონაცვლე - კასატორი ი.დ–ი) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას: მდებარე ქ. თბილისი, .......... ქუჩა #29ა, 3 სართ. ფართი 34 კვ.მ. (მიწის ნაკვეთი: დაზუსტებული ფართობი: 631 კვ.მ, ზონა 01, სექტორი 10, კვარტალი 13, ნაკვეთი ..., კოდი ....).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 53-ე, 408-ე, 410-ე, 411-ე მუხლებით და

.

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ნ.ჯ–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ი.დ–ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 6 მარტის განჩინება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით რ.ე–ს, მ.ხ–ის, დ.კ–ძის, მ.პ–ის, ი.ე–ისა და მ.ხ–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 11 იანვრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო ა.დ–ის (უფლებამონაცვლე - კასატორი ი.დ–ი) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას: მდებარე ქ. თბილისი, .......... ქუჩა #29ა, 3 სართ. ფართი 34 კვ.მ. (მიწის ნაკვეთი: დაზუსტებული ფართობი: 631 კვ.მ, ზონა 01, სექტორი 10, კვარტალი 13, ნაკვეთი ... კოდი .....).

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე