Facebook Twitter

საქმე Nას-1089-2022

22 მაისი 2023 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე)

თეა ძიმისტარაშვილი (მომხსენებელი)

ლაშა ქოჩიაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - შპს „გ–ა“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.ბ–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „თ.ს.ს–ი“(მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 15 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

დავის საგანი - განკარგულების გაუქმება, უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ ცნობა

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საქმის წარმოების შეწყვეტა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. შპს „გ–ამ“ სარჩელი აღძრა, თბილისის საქალაქო სასამართლოში სს „ს.ბ–ის“ და შპს „თ.ს.ს–ის“ მიმართ და მოითხოვა შპს „თ.ს.ს–ის“ 2017 წლის 8 ნოემბრის განკარგულების გაუქმება და უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების აღდგენა.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, შპს „გ–ას“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა;

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „გ–ამ“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

4. თბილისის სააპელაციო სასმართლოს 2022 წლის 15 ივლისის განჩინებით, შპს „გ–ას“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით, შპს „გ–ას“ საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

7. 2023 წლის 19 მაისს შპს „გ–ას“ დირექტორმა ა.მ–მა საკასაციო სასამართლოში წარმოადგინა განცხადება, იმ საფუძვლით, რომ აღნიშნულ საქმეზე მხარეებს შორის შედგა მორიგება, რის გამოც უარს ამბობს საკასაციო საჩივარზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ განიხილა განცხადება და მიიჩნევს, რომ იგი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს და ადგენს მოსარჩელის უფლებას, უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხემ ცნოს მის მიმართ წარდგენილი მოთხოვნა. დისპოზიციურობის პრინციპის გამოვლინებას წარმოადგენს ასევე წარდგენილ სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის უფლებამოსილება, რომელიც რეგლამენტირებულია 378-ე მუხლით (სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით)

3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, ზემოთ აღნიშნული ნორმის გამოიყენება საკასაციო სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის განხილვისას: საკასაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე. საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით.

4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარე, ამ შემთხვევაში კი კასატორ - შპს „გ–ას“ დირექტორი ა.მ–ი უფლებამოსილია მომართოს საკასაციო სასამართლოს, საკასაციო საჩივარზე უარის თქმისა და აქედან გამომდინარე, საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ შუამდგომლობით.

5. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის შპს „გ–ას“ დირექტორის ა.მ–ის შუამდგომლობა საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს და ამ საფუძვლით, თანახმად 378-ე მუხლის მე-2 ნაწილისა, საკასაციო საჩივარზე უნდა შეწყდეს წარმოება და ძალაში უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 15 ივლისის განჩინება.

6. ამასთან, საკასაციო პალატა მნიშვნელოვნად მიიჩნევს კასატორს განუმარტოს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 378-ე მუხლის მე-2 ნაწილისა (სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით) და ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე (საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება), თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 15 მარტის განჩინების, საკასაციო საჩივრით კვლავ გასაჩივრება დაუშვებელია.

7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში. ზემოაღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, შპს „გ–ას“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს ნ.მ–ის მიერ 2022 წლის 17 ოქტომბერს გადახდილი (საგადასახადო დავალება 14816205435) სახელმწიფო ბაჟი - 8000 ლარის ოდენობით.

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 49.2, 272-ე, 372-ე, 378-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მოსარჩელე შპს „გ–ას“ დირექტორის ა.მ–ის შუამდგომლობა საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. შეწყდეს წარმოება მოსარჩელე შპს „გ–ას“ საკასაციო საჩივარზე, სს „ს.ბ–ის“ და შპს „თ.ს.ს–ის“ მიმართ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 15 ივლისის განჩინებაზე, საქმე Nას-1089-2022.

3. განემარტოს კასატორს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 15 ივლისის განჩინების კვლავ გასაჩივრება დაუშვებელია.

4. ძალაში დარჩეს ქვემდგომი სასამართლოების მიერ მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებები.

5. კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს ნ.მ–ის მიერ, შპს „გ–ას“ საკასაციო საჩივარზე, სს „ს.ბ–ში“, 2022 წლის 17 ოქტომბერს 14816205435 საგადასახადო დავალებით, სახელმწიფო ბაჟის სახით, გადახდილი 8000 ლარი.

6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი

ლაშა ქოჩიაშვილი