ბს-1519-1094(გ-05) 18 იანვარი, 2006 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნ. სხირტლაძე,
ნ. ქადაგიძე
დავის საგანი: სასამართლოთა შორის განსჯადობა.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 12 ნოემბერს ყ. და ლ. დ-ებმა სასარჩელო განცხადებით მიმართეს გორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების _ ა., ზ. და მ. ხ-ების მიმართ.
მოსარჩელეთა განმარტებით, 1992 წელს მომხდარი ქართულ-ოსური კონფლიქტის დროს უცნობმა პირებმა ისინი აიძულეს დაეტოვებინათ გორის რაიონის სოფ. ... მდებარე თავიანთი საცხოვრებელი სახლი და წასულიყვნენ რუსეთის ფედერაციაში, ქ. ვლადიკავკაზში. მოსარჩელეთა საქართველოში არყოფნის დროს მათი სახლი უკანონოდ დაიკავა ა. ხ-მ ოჯახთან ერთად და აღნიშნული სახლი თავის სახელზე გადაიფორმა, რაც დასტურდებოდა ახალუბნის საკრებულოში გორის სახელმწიფო დაზღვევის მიერ გაკეთებული ჩანაწერებით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებმა მოითხოვეს ახალუბნის საკრებულოსა და სახელმწიფო დაზღვევის მიერ მოპასუხეთა სახელზე განხორციელებული რეგისტრაციის გაუქმება.
გორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 25 დეკემბრის განჩინებით დადგინდა მოცემული საქმის განხილვა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.
მოპასუხე მ. ხ-მ ყ. დ-ის სასარჩელო განცხადებაზე გორის რაიონულ სასამართლოს წარუდგინა პასუხი, რომლითაც სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოპასუხეებს უკანონოდ არ დაუკავებიათ მოსარჩელეთა სახლი და მისი საფასურის ნაწილი მაშინ გადაუხადეს მოსარჩელეებს, როდესაც ყ. დ-ი იყო გატაცებული, ხოლო ყ. დ-ის ოჯახს მის გამოსახსნელად ესაჭიროებოდა თანხა და აპირებდნენ ხსენებული სახლის გაყიდვას. მოპასუხეებს სურდათ აღნიშნული სახლის შესყიდვა, რის გამოც მის საფასურად ყ. დ-ის ოჯახს გადაუხადეს 60000 რუსული რუბლი. ყ. დ-ი მძევლობიდან გამოხსნის შემდეგ გარკვეული პერიოდი აგრძელებდა ხსენებულ სახლში ცხოვრებას, მაგრამ შემდეგ სასწრაფოდ გადაწყვიტა ქ. ვლადიკავკაზში გამგზავრება, რისთვისაც მოითხოვა დანარჩენი თანხის მისთვის მიცემა. მოპასუხეთა მიერ ხსენებული სახლის საფასურის მთლიანად გადახდის შემდეგ ყ. დ-მა დაწერა განცხადება სახლის მოპასუხეებზე გადაფორმებაზე თანხმობის შესახებ, რის საფუძველზეც საკრებულოს მდივანმა სახლი აღრიცხა მოპასუხეთა სახელზე. იმ პერიოდში საკრებულოს ჰქონდა სანოტარო მოქმედებების შესრულების უფლება, რის გამოც სადავო სახლის გასხვისებაზე ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება სანოტარო წესით არ შესრულებულა.
გორის რაიონული სასამართლოს 2003წ. 21 იანვრის განჩინებით დაკმაყოფილდა მოპასუხეთა წარმომადგენლის შუამდგომლობა და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოცემულ საქმეში მესამე პირად ჩაება ახალუბნის თემის საკრებულო.
გორის რაიონული სასამართლოს 2003წ. 11 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საკომლო წიგნში ახალუბნის თემის საკრებულოს 1991წ. ჩანაწერი ა., ზ. და მ. ხ-ებზე გორის რაიონის სოფ. ჯარიაშენში მდებარე ყ. და ლ. დ-ების საკომლო ქონების გადაფორმების შესახებ და მოსარჩელეები აღდგენილ იქნენ კომლის ქონებაზე კომლის უფლებებში.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ა., ზ. და მ. ხ-ებმა, რომელთაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და მოსარჩელეთათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 29 აგვისტოს განჩინებით ა., ზ. და მ. ხ-ების სააპელაციო საჩივარი საქმესთან ერთად, განსჯადობის მიხედვით, განსახილველად გადაეცა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 24 თებერვლის პირველი დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, აპელანტთა გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე გორის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 13 აპრილის საოქმო განჩინებით, მოპასუხეთა საჩივრის საფუძველზე, დაკმაყოფილდა მოპასუხეთა შუამდგომლობა _ საქმეზე მიღებული პირველი დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაუქმდა და განახლდა მოცემული საქმის წარმოება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 13 აპრილის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი; გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2003წ. 11 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ყ. და ლ. დ-ებმა, რომელთაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 1 დეკემბრის განჩინებით გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 13 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს შესაბამის პალატას.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 30 ივნისის საოქმო განჩინებით დაკმაყოფილდა ლ. და ყ. დ-ების წარმომადგენელ დ. ჯ-ის შუამდგომლობა; მოცემულ საქმეში თანამოპასუხედ ჩაება ახალუბნის თემის საკრებულო.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2005წ. 11 ნოემბრის განჩინებით მიიჩნია, რომ აღნიშნულ პალატას არ გააჩნდა მოცემული საქმის განხილვის უფლებამოსილება, ვინაიდან მოცემული დავა განეკუთვნებოდა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული კატეგორიის დავებს, კერძოდ, ამ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენდა ახალუბნის საკრებულოს, როგორც ადმინისტრაციული ორგანოს, მიერ საკომლო წიგნში მოსარჩელეების საკუთრებაში არსებულ საკომლო ქონებაზე მოპასუხეების აღრიცხვის კანონიერება, ანუ ადმინისტრაციული ორგანოს მოქმედების კანონიერება, რაც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული დავის საგანს წარმოადგენდა. სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ ყ. და ლ. დ-ების სადავოდ ქცეულ უფლებასთან დაკავშირებული საქმე, სსკ-ის მე-11 მუხლის შესაბამისად, არ მიეკუთვნებოდა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით განსახილველ საქმეთა რიგს და იგი უნდა განხილულიყო ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით, ვინაიდან მოცემული დავის გადაწყვეტისას სასამართლოს უნდა გამოერკვია, თუ რომელი სამართლებრივი დოკუმენტის საფუძველზე ჩაწერა ახალუბნის საკრებულომ მოპასუხეები _ ყ. და ლ. დ-ები საკომლო საკუთრების მესაკუთრეებად საკომლო წიგნში.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 11 ნოემბრის განჩინებით მოცემული საქმე განსჯადობის შემოწმების მიზნით გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატისა და თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის განჩინებების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემული საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ, მართალია, თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 29 აგვისტოს განჩინებით ა., ზ. და მ. ხ-ების სააპელაციო საჩივარი საქმესთან ერთად განსჯადობით განსახილველად გადაეცა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას, რომელსაც მაშინ სადავოდ არ გაუხდია აღნიშნული სააპელაციო საჩივრის განსჯადობა და განიხილა ხსენებული საჩივარი, მაგრამ მას შემდეგ, რაც თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 30 ივნისის საოქმო განჩინებით დაკმაყოფილდა ლ. და ყ. დ-ების წარმომადგენელ დ. ჯ-ის შუამდგომლობა და მოცემულ საქმეში თანამოპასუხედ ჩაება ახალუბნის თემის საკრებულო, თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2005წ. 11 ნოემბრის განჩინებით მიიჩნია, რომ აღნიშნულ პალატას არ გააჩნდა მოცემული საქმის განხილვის უფლებამოსილება, ვინაიდან მოცემული დავა განეკუთვნებოდა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული კატეგორიის დავებს.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ მართებულად ჩათვალა, რომ მოცემული დავა განეკუთვნებოდა ადმინისტრაციული კატეგორიის დავებს, ვინაიდან მოსარჩელეები დავობენ იმის თაობაზე, თუ რამდენად კანონიერი იყო ადმინისტრაციული ორგანოს _ ახალუბნის თემის საკრებულოს მოქმედება, კერძოდ, ამ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ახალუბნის თემის საკრებულოს მოქმედების _ მის მიერ საკომლო წიგნში მოსარჩელეების საკუთრებაში არსებულ საკომლო ქონებაზე მოპასუხეების აღრიცხვის კანონიერება, ანუ მოქმედებდა თუ არა ახალუბნის თემის საკრებულო საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში და რამდენად იყო იგი უფლებამოსილი, რეგისტრაციაში გაეტარებინა უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება შესაბამისი, ნოტარიულად დამოწმებული ნასყიდობის ხელშეკრულების წარდგენის გარეშე.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, მოცემული საქმე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, განხილულ უნდა იქნეს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით, ვინაიდან მოცემული დავის გადაწყვეტისას სასამართლომ უნდა გაარკვიოს, გააჩნდა თუ არა ახალუბნის თემის საკრებულოს ყ. და ლ. დ-ების საკომლო საკუთრების მესაკუთრეებად საკომლო წიგნში ჩაწერის განხორციელების სამართლებრივი საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საოლქო სასამართლოს უფლებამონაცვლე თბილისის სააპელაციო სასამართლოს, კერძოდ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ადმინისტრაციული საქმე ყ. და ლ. დ-ების სარჩელის გამო მოპასუხეების _ ა., ზ. და მ. ხ-ებისა და ახალუბნის თემის საკრებულოს მიმართ განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.