Facebook Twitter

საქმე №ა-1867-შ-51-2023 23 მაისი, 2023 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ე.კ–ჩი

მოწინააღმდეგე მხარე – პ.კ–ჩი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – ბელარუსის რესპუბლიკის ქ. მოგილიოვის ოქტომბრის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 21 მარტის გადაწყვეტილება

დავის საგანი – მეურვეობის დადგენა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ბელარუსის რესპუბლიკის ქ. მოგილიოვის ოქტომბრის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებით ე. ს.ასული კ–ჩის სარჩელი 1989 წლის 11 დეკემბერს ქ. მოგილიოვში დაბადებული პ. . ძე კ–ის მიმართ დაკმაყოფილდა; ჩამოერთვა მშობლის უფლებები 2010 წლის 13 მაისს (დაბადების შესახებ აქტის N1678, შესრულებული 2010 წლის 28 მაისს მოგილიოვის ქალაღმასკომის მმაჩის განყოფილების მიერ) დაბადებული მ.პ. ასული კ–ის მიმართ და არასრულწლოვანი აღსაზრდელად გადაეცა დედას - ე.ს. ასულ კ–ს.

2. ბელარუსის რესპუბლიკის ქ. მოგილიოვის ოქტომბრის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ სასამართლო სხდომას ესწრებოდა მოპასუხის წარმომადგენელი - ი. ს. ასული ტ–ო, რომელმაც ცნო სარჩელი.

3. ბელარუსის რესპუბლიკის ქ. მოგილიოვის ოქტომბრის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 21 მარტის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია 2016 წლის 1 აპრილიდან.

4. შუამდგომლობაზე თანდართული მასალებით ირკვევა, რომ შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 19 აპრილის განჩინებით ე.კ–ჩს დაევალა მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 20 (ოცი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა ინფორმაცია მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის შესახებ.

6. ზემოაღნიშნული განჩინება შუამდგომლობის ავტორს გაეგზავნა და ჩაბარდა 2023 წლის 27 აპრილს ჩაბარდა მეუღლეს - მ. ბ–ს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

7. საქართველოს უზენაესი სასამართლო წარმოდგენილი შუამდგომლობისა და თანდართული მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად.

8. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მეხუთე პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნების გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე კანონის 63-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, უცხო ქვეყნების სასამართლოების შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარებისათვის ცალკეულ საპროცესო მოქმედებათა შესრულების შესახებ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

9. თავის მხრივ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) პირველი მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საერთო სასამართლოებში სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩება.

11. ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 19 აპრილის განჩინებით ე.კ–ჩს დაევალა მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 20 (ოცი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა ინფორმაცია მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის შესახებ. ამავე განჩინებით შუამდგომლობის ავტორს განემარტა, რომ მოცემული განჩინებით მითითებულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში შუამდგომლობა დარჩებოდა განუხილველად.

13. ზემოაღნიშნული განჩინება შუამდგომლობის ავტორს გაეგზავნა და 2023 წლის 27 აპრილს ჩაბარდა მეუღლეს - მ.ბ–ს.

14. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. სსსკ-ის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები.

15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება უფლებამოსილ პირს ჩაბარდა. მოცემულ შემთხვევაში, ხარვეზის შევსების 20-დღიანი ვადის დენა 2023 წლის 28 აპრილს დაიწყო და ამავე წლის 17 მაისს ამოიწურა.

16. ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადაში შუამდგომლობის ავტორს ხარვეზი არ შეუვსია და საქართველოს უზენაესი სასამართლოსათვის არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს.

17. სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. კანონის დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ მხარე სწორედ კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაშია ვალდებული განახორციელოს მისთვის დაკისრებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მან დაკარგა ინტერესი დავის მიმართ (სუსგ საქმეზე №ა-324-შ-6-2020, 9 მარტი, 2020 წელი; №ა-2180-შ-56-2019, 16 სექტემბერი, 2019 წელი).

18. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შუამდგომლობის ავტორს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში დაკისრებული საპროცესო მოქმედება არ განუხორციელებია, საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველად.

19. საქართველოს უზენაესი სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ იმ გარემოებათა აღმოფხვრის შემთხვევაში, რომლებიც საფუძვლად დაედო შუამდგომლობის განუხილველად დატოვებას, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს კვლავ მიმართოს სასამართლოს იმავე შუამდგომლობით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ 1996 წლის მინსკის კონვენციის 53-ე მუხლით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილით, 178-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე.კ–ჩის შუამდგომლობა ბელარუსის რესპუბლიკის ქ. მოგილიოვის ოქტომბრის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 21 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ, დარჩეს განუხილველად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ამირან ძაბუნიძე