საქმე №ა-2175-ა-11-2023 5 მაისი, 2023 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
მოსამართლე ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებლები – მ.გ–ძე, გ.ბ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე - ტ.ე–ძის უფლებამონაცვლე გ.ე–ძე, შპს „კ–ი“
განმცხადებლების მოთხოვნა – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 3 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმება; საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 26 იანვრის განჩინების გაუქმება; საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 იანვრის განჩინების გაუქმება; საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 მარტის განჩინების გაუქმება
დავის საგანი – საქმის წარმოების განახლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. გ.ბ–ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ტ.ე–ძის, შპს „კ–სა“ და მ.ხ–ვას მიმართ 1996 წლის 15 ნოემბერს შპს „კ–სა“ და ტ.ე–ძეს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
2. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილებით პირველ და მეორე მოპასუხეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ბათილად იქნა ცნობილი. მესამე მოპასუხის მიმართ წარდგენილი სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე პირველმა მოპასუხემ წარადგინა სააპელაციო საჩივარი.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ნაწილობრივ გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება (სარეზოლუციო ნაწილის პირველი, მეორე და მეოთხე პუნქტები) და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ, ხელშეკრულება 100 კვ.მ ფართის მქონე №20 ბინის ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი.
6. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა პირველმა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 3 იანვრის გადაწყვეტილებით საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 9 მარტის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
8. 2015 წლის 20 იანვარს გ.ბ–ძემ განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 3 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 26 იანვრის განჩინებით ზემოაღნიშნული განცხადება დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველად.
10. 2018 წლის 6 აგვისტოს მ.გ–ძემ საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 3 იანვრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებით.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 იანვრის განჩინებით განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 3 იანვრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
12. 2022 წლის 9 მარტს მ.გ–ძემ და გ.ბ–ძემ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას მომართეს განცხადებით, მოითხოვეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 3 იანვრის გადაწყვეტილებისა და ამავე სასამართლოს 2019 წლის 31 იანვრის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 მარტის განჩინებით, მ.გ–ძისა და გ.ბ–ძის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 3 იანვრის გადაწყვეტილებისა და ამავე სასამართლოს 2019 წლის 31 იანვრის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ დარჩა განუხილველად.
14. 2022 წლის 12 აპრილს მ.გ–ძემ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და მოითხოვა ამავე სასამართლოს 2022 წლის 21 მარტის განჩინების დეტალური დასაბუთება.
15. 2022 წლის 12 აპრილს მ.გ–ძემ და გ.ბ–ძემ, ასევე, მომართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით და მოითხოვეს ამავე სასამართლოს 2022 წლის 21 მარტის განჩინების გაუქმება.
16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 2 მაისის განჩნებით მ.გ–ძის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 მარტის განჩინების განმარტების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; მ.გ–ძისა და გ.ბ–ძის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე დარჩა განუხილველი; მ.გ–ძის განცხადება განსჯადობის საკითხზე მსჯელობის თაობაზე ასევე, დარჩა განუხილველი;
17. 2023 წლის 25 აპრილს მ.გ–ძემ და გ.ბ–ძემ მომართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და მოითხოვეს ამავე სასამართლოს 2012 წლის 3 იანვრის გადაწყვეტილების, 2015 წლის 26 იანვრის, 2019 წლის 31 იანვრისა და 2022 წლის 21 მარტის განჩინებების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
18. განმცხადებლებმა მიუთითეს შემდეგ გარემოებებზე:
18.1. განმცხადებლები ითხოვენ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 3 იანვრის გადაწყვეტილების, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 26 იანვრის განჩინების, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 იანვრის განჩინებისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 მარტის განჩინების გაუქმებას, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა'' ქვეპუნქტის საფუძველზე. რადგან დოკუმენტი რომელსაც გადაწყვეტილება ეფუძნება, ყალბია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებლები მოითხოვენ განახლდეს საქმისწარმოება საქმეზე N2/5728-06 და სარჩელი დაკმაყოფილდეს (ბათილად იქნეს ცნობილი ტ.ე–ძის 1996 წლის 15 ნოემბრის ხელშეკრულება).
18.2. განმცხადებლები ასევე, მოითხოვენ გენერალური პროკურატურიდან გამოთხოვილ იქნეს საქმე N092070222001და მასში არსებული მასალები, რომლის საშუალებითაც დადასტურდება ტ.ე–ძის ხელშეკრულებისა, ფულის გადახდის სიყალბე, ასევე ამ უკანასკნელის მიერ 1996 წელს ამხანაგობაში გაწევრიანების სიცრუე.
18.3. მ.გ–ძემ და გ.ბ–ძემ მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება, ვინაიდან შესაძლებელია სადავო უძრავი ქონება მოწინააღმდეგე მხარემ გაასხვისოს და საფრთხე შეექმნას საქმეზე მიღებული ახალი გადაწყვტილების აღსრულებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
19. საქართველოს უზენაესი სასამართლო განცხადების შინაარსისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ განცხადება უნდა დარჩეს განუხილველად.
20. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წარდგენის წანამძღვრები.
21. ამავე კოდექსის 425-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა და მისი განხილვა წარმოებს საერთო წესების დაცვით, იმ გამონაკლისების გათვალისწინებით, რომლებიც სსსკ-ის LII თავშია დადგენილი.
22. სსსკ-ის 429-ე მუხლის მიხედვით, სასამართლომ თავისი ინიაციტივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს.
23. სსსკ-ის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა დაუშვებელია გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ, გარდა ამ კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
24. მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებელი ასაჩივრებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 3 იანვრის გადაწყვეტილებას; საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 26 იანვრის განჩინებას; საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 იანვრის განჩინებას; საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 მარტის განჩინებას. ამასთან, საქმის წარმოების განახლება მოთხოვნილია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, რომელზედაც ვრცელდება სსსკ-ის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული 5 წლიანი ხანდაზმულობის ვადა.
25. სსსკ-ის 264-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) კანონიერ ძალაში შედის დაუყოვნებლივ, მისი გამოცხადებისთანავე.
26. განცხადება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ წარმოდგენილია საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 3 იანვრის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან კანონით იმპერატიულად განსაზღვრული 5 წლიანი ვადის დარღვევით, რაც განცხადების განუხილველად დატოვების საფუძველია.
27. საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ, რამდენადაც დარღვეულია განცხადების დაშვების ისეთი პირობა, როგორიცაა მისი წარდგენის ვადა, სასამართლო აღარ ამოწმებს დასაშვებობის სხვა წინაპირობების არსებობა/არარსებობის საკითხს; აღარ აფასებს, მითითებული საფუძველი რამდენად შეესაბამება კანონით განსაზღვრულ საქმის წარმოების განახლების რომელიმე წინაპირობას; აღარ ადგენს ვადას განცხადების სსსკ-ის 427-ე მუხლთან შესაბამისობაში მოსაყვანად.
28. განცხადების განსახილველად დაშვების წინაპირობების არარსებობის გამო, საკასაციო პალატა, მართალია, მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს მის საფუძვლიანობაზე, თუმცა მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზეც, რომ საქმეში წარმოდგენილი 2023 წლის 22 მარტის დადგენილება სისხლისსამართლებრივი დევნის არდაწყების შესახებ ვერ გახდება დოკუმენტის სიყალბის თაობაზე განმცხადებლის არგუმენტაციის გაზიარების წინაპირობა, რადგანაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, განცხადებაში ასახული გარემოების დამადასტურებელ სათანადო მტკიცებულებას წარმოადგენს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი.
29. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა თვლის, რომ განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 3 იანვრის გადაწყვეტილების ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე დაუშვებლად უნდა იქნას მიჩნეული.
30. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმისწარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმისწარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებისა თუ განჩინების გაუქმების ან ბათილად ცნობის შესახებ განცხადება შეიძლება, ეფუძნებოდეს მხოლოდ კანონით – სსსკ-ის 422-ე და 423-ე მუხლებით ზუსტად განსაზღვრულ წანამძღვრებს. აღნიშნულ დათქმაში კანონმდებელი გულისხმობს, რომ საქმისწარმოების განახლება სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების მორიგ ეტაპს არ წარმოადგენს, არამედ დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, კანონით ზუსტად განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას და განმცხადებლის მიერ ისეთ გარემოებაზე მითითებისას, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს კონკრეტულ დავაზე არსებითად მიღებულ გადაწყვეტილებას.
31. უნდა აღინიშნოს, რომ ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების (განჩინების) გაუქმების ობიექტი შეიძლება იყოს პირველი ინსტანციის სასამართლოების კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებები და განჩინებები საქმის წარმოების შეწყვეტის თუ სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, ასევე სააპელაციო და საკასაციო სასამართლოების კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებები, აგრეთვე განჩინებები საქმის წარმოების შეწყვეტისა და განუხილველად დატოვების შესახებ. სასამართლო ინსტანციების ყველა სხვა განჩინება არ შეიძლება იყოს საქმის განახლების მიზნით ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გაუქმების ობიექტი, რადგან მათი მეშვეობით ხდება არა საქმის წარმოების დამთავრება, არამედ ცალკეული საპროცესო მოქმედებების შესრულება, საქმის განხილვასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხების გადაწყვეტა (იხ. საქმე №ა-1222-ბ-10-2015, 10 სექტემბერი, 2015 წელი; საქმე №ას-543-513-2011, 30 მაისი, 2011 წელი; №ას-728-1056-07, 2008 წლის 23 იანვარი).
32. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 26 იანვრის განჩინებით, გ.ბ–ძის 2015 წლის 20 იანვარს განცხადება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 3 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველად. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 იანვრის განჩინებით, მ.გ–ძის 2018 წლის 6 აგვისტოს განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 3 იანვრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 მარტის განჩინებით, მ.გ–ძისა და გ.ბ–ძის 2022 წლის 9 მარტის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 3 იანვრის გადაწყვეტილებისა და ამავე სასამართლოს 2019 წლის 31 იანვრის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ დარჩა განუხილველად. განმცხადებლები მოითხოვენ ზემოაღნიშნული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 26 იანვრის, 2019 წლის 31 იანვრის და 2022 წლის 21 მარტის განჩინებების გაუქმებას.
33. საკასაციო პალატის განმარტებით, უდავოა, რომ მოცემულ შემთხვევაში, დავაზე საქმისწარმოება დამთავრდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 3 იანვრის გადაწყვეტილებით, შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 26 იანვრის, 2019 წლის 31 იანვრის და 2022 წლის 21 მარტის განჩინებები (რომლითაც განმცხადებლების მოთხოვნა საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა), ვერ იქნება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმისწარმოების განახლების ობიექტი, ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში, ამ უკანასკნელი განჩინებებით, საქმე არსებითაც არ გადაწყვეტილა, არამედ სასამართლომ იმსჯელა მხოლოდ საქმის წარმოების განახლების კანონიერებაზე, რაც თავისთავად ვერ ჩაითვლება საქმის წარმოების დასრულებად, რისი გათვალისწინებითაც არსებობს წარმოდგენილი განცხადების განუხილველად დატოვების წინაპირობები.
34. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განცხადება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 26 იანვრის, 2019 წლის 31 იანვრის და 2022 წლის 21 მარტის განჩინებების გაუქმების თაობაზე არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს, რაც მისი დაუშვებლად მიჩნევის წინაპირობაა.
35. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ, რამდენადაც განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ, დარჩა განუხილველად, შუამდგომლობაც გენერალური პროკურატურიდან №092070222001 საქმისა და მასში არსებული მასალის გამოთხოვის თაობაზე და შუამდგომლობა გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად.
36. სსსკ-ის 425-ე მუხლის მიხედვით, გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა და მისი განხილვა წარმოებს საერთო წესების დაცვით, იმ გამონაკლისების გათვალისწინებით, რომლებიც ამ თავშია დადგენილი. ამავე კოდექსის 374-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. შესაბამისად, მ.გ–ძესა და გ.ბ–ძეს უნდა დაუბრუნდეთ მათ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე, 421-ე, 423-ე, 429-ე, 374-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. მ.გ–ძისა და გ.ბ–ძის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 3 იანვრის გადაწყვეტილების, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 26 იანვრის განჩინების, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 იანვრის განჩინებისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე დარჩეს განუხილველი;
2. მ.გ–ძისა და გ.ბ–ძის განცხადება მტკიცებულებათა გამოთხოვის თაობაზე დარჩეს განუხილველი;
3. მ.გ–ძისა და გ.ბ–ძის განცხადება გასაჩივრებული განჩინებების აღსრულების შეჩერების თაობაზე დარჩეს განიხილველი;
4. მ.გ–ძეს (.......) დაუბრუნდეს 2023 წლის 25 აპრილს N16856600383 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოო და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ა. ძაბუნიძე