Facebook Twitter

საქმე №ა-6488-შ-158-2022 29 მაისი, 2023 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი - ე.ა–ვა

მოწინააღმდეგე მხარე - ი.ა–ვი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს - რუსეთის ფედერაციის მოსკოვის პეროვის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება

დავის საგანი - ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების გაყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ე.ა–ვამ 2022 წლის 6 დეკემბერს შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა რუსეთის ფედერაციის მოსკოვის პეროვის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 26 დეკემბრის განჩინებით ე.ა–ვას შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის მოსკოვის პეროვის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ე.ა–ვას შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის მოსკოვის პეროვის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. იმავე ნორმის მე-5 პუნქტის მიხედვით კი, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამასთან, დასახელებული მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება.

საქართველოს სასამართლოების განსაკუთრებული საერთაშორისო კომპეტენციისადმი მიკუთვნებული საქმეების ჩამონათვალი მოცემულია „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ კანონის მე-10 მუხლში, რომლის „ა“ ქვეპუნტის მიხედვით, საქართველოს სასამართლოებს განსაკუთრებული საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ სარჩელებზე, რომლებიც ეხება უძრავ ქონებას, თუ ეს ქონება საქართველოშია. იმავე კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კი, ნივთზე უფლების წარმოშობა, შეცვლა, გადაცემა და შეწყვეტა წესრიგდება იმ ქვეყნის სამართლით, სადაც ეს ნივთი იმყოფება. ამ ქვეყნის სანივთო-სამართლებრივი ნორმები გამოიყენება იმ შემთხვევაშიც, როცა ამ კანონის მითითებითი (კოლიზიური) ნორმის მიხედვით სხვა ქვეყნის სამართალი უნდა იქნეს გამოყენებული.

განსახილველ შემთხვევაში, რუსეთის ფედერაციის მოსკოვის პეროვის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილებით გაიყო ე.ა–ვასა და ი.ა–ვის ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება, შედეგად, აღიარებულ იქნა ე.ა–ვას უფლება, 2017 წლის 4 იანვარს და 2019 წლის 11 იანვარს შპს „რ-კ-სა“ და ი.ა–ვს შორის დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებების საფუძველზე, მოეთხოვა დუშეთის რაიონის სოფელ ....... მდებარე, მრავალბინიან, სასტუმროს ტიპის საცხოვრებელ სახლში, მე-2 სართულზე არსებული №34 ბინის და №46 პარკინგის საკუთრებაში გადაცემა. ამრიგად, ვინაიდან წარმოდგენილი გადაწყვეტილება შეეხება საქართველოში მდებარე უძრავ ნივთებს, რომელთა დაკავშირებითაც სარჩელების განხილვაზე საქართველოს სასამართლოებს გააჩნია განსაკუთრებული საერთაშორისო კომპეტენცია, არსებობს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მეორე პუნქტში მითითებული, გადაწყვეტილების ცნობის დამაბრკოლებელი გარემოება. შესაბამისად, ე.ა–ვას შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ე.ა–ვას შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის მოსკოვის პეროვის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე

გ. მიქაუტაძე