22 მარტი, 2023 წელი,
საქმე#ას-901-2020 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - შპს „მ-ქ-ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ა.-ი–ზი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 20 ივლისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი - სახელფასო დავალიანების ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ა.ს-ი–მა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან დასაქმებული) სარჩელი აღძრა შპს „მ-ქ–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, კერძო საჩივრის ავტორი, დამსაქმებელი ან კომპანია) წინააღმდეგ სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ - 16 924 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 22 თებერვლის განჩინებით კი მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხისთვის სამი თვის სახელფასო ანაზღაურების - 2672 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში, დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცა.
4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის უარყოფა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სახელფასო დავალიანების ანაზღაურების შესახებ სარჩელი უარყოფილ იქნა.
6. მოსარჩელემ საკასაციო საჩივრით გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის დაკმაყოფილება ითხოვა.
7. 2020 წლის 26 ივნისს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა მოპასუხის წარმომადგენელმა, რომელმაც სსსკ-ის 2672 მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შებრუნება და მოსარჩელისთვის - 2 672 აშშ დოლარის დაკისრება ითხოვა.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 20 ივლისის განჩინებით, მოპასუხის განცხადება გადაწყვეტილების აღსრულების შებრუნების თაობაზე უარყოფილ იქნა.
სააპელაციო სასამართლომ განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ განჩინება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით მიიღო:
8.1. პალატის დასკვნით, მართალია, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სახელფასო დავალიანების ანაზღაურების შესახებ სარჩელი უარყოფილ იქნა, თუმცა საქმეზე საბოლოო შედეგის განსაზღვრამდე გაუმართლებელია აღსრულების შებრუნების საკითხის გადაწყვეტა, რადგანა აღსრულების შებრუნების საკითხი უკავშირდება, საქმეზე საბოლოოდ, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილ შედეგს.
8.2. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულია, შესაბამისად, კანონიერ ძალაში არ არის შესული და საბოლოო შედეგის არარსებობის პირობებში განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება დაუსაბუთებელია.
9. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოპასუხემა, მისი გაუქმების მოთხოვნით.
9.1. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, სსსკ-ის 2672 მიზანს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მოლოდინი არ წარმოადგენს, რადგან გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ისედაც დაექვემდებარება აღსრულებას.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 23 სექტემბრის განჩინებით, კერძო საჩივარი, სსსკ-ის 414-ე-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.
11. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს საქმესთან დაკავშირებით საბოლოო შედეგის განსაზღვრამდე, აღსრულების შებრუნებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების კანონიერება წარმოადგენს. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, სსსკ-ის 2672 მუხლის ლეგიტიმური მიზანი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მოლოდინში არ გამოიხატება, რადგან გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ უცილობლად ექვემდებარება აღსრულებას.
12. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივ დასაბუთებას სსსკ-ის 2672-ე მუხლთან მიმართებით და აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 2672-ე მუხლი აწესრიგებს რა გადაწყვეტილების აღსრულების შებრუნების საკითხს, დასახელებული საპროცესო მოქმედების განხორციელებას დასაშვებად მიიჩნევს ნორმის პირველ ნაწილში გადმოცემულ წინაპირობებიდან ერთ-ერთის არსებობის შემთხვევაშიც.
ეს წინაპირობები კი, შემდეგია: კანონიერ ძალაში შესული/დაუყოვებლივ აღსასრულებლად მიქცეული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება სარჩელის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, საქმის წარმოების შეწყვეტის ან სარჩელის განუხილველად დატოვების თაობაზე, ამასთანავე, ნორმის მე-2 ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, აღსრულების შებრუნების საკითხს მოპასუხის განცხადების საფუძველზე გადაწყვეტს ახალი გადაწყვეტილების ან განჩინების მიმღები სასამართლო.
13. მოცემულ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სახელფასო დავალიანების ანაზღაურების შესახებ სარჩელი უარყოფილ იქნა.
აქედან გამომდინარე, მართალია, საქმის მასალებით უდავოდ დადგენილია სასარჩელო მოთხოვნებთან დაკავშირებით ახალი გადაწყვეტილების მიღების ფაქტი, თუმცა აშკარაა, რომ სრული მოცულობით არ ვლინდებოდა სსსკ-ის 2672-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციით დადგენილი წინაპირობები; რადგან, იმავე კოდექსის 264.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება), თუ იგი არ გასაჩივრებულა, კანონიერ ძალაში შედის მისი საკასაციო წესით გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, ხოლო თუ იყო გასაჩივრებული - საკასაციო წესით საქმის განხილვის შემდეგ, თუკი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) არ გაუქმებულა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) კანონიერ ძალაში ასევე შედის, თუ გადაწყვეტილების (განჩინების) გამოცხადების შემდეგ მხარეები წერილობითი ფორმით განაცხადებენ უარს მის საკასაციო წესით გასაჩივრებაზე.
14. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი უარყოფილ იქნა მოსარჩელემ საკასაციო წესით გაასაჩივრა, შესაბამისად, იგი კანონიერ ძალაში არ შესულა. აქედან გამომდინარე, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შებრუნების მოთხოვნის დაკმაყოფილება განცხადების განხილვის ეტაპზე მოკლებული იყო სამართლებრივ საფუძველს და მოპასუხეს მართებულად ეთქვა უარი მის დაკმაყოფილებაზე.
15. ამდენად, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს საჩივრის ავტორის მოსაზრებას გადაწყვეტილების აღსრულების შებრუნების საფუძვლიანობის თაობაზე და მიიჩნევს, რომ განმცხადებლის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, ნორმატიული ბაზა და სამართლებრივი არგუმენტაცია მოთხოვნილი აღსრულების შებრუნების პროცესუალურსამართლებრივ წინაპირობას არ ქმნიდა.
16. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, ამიტომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „მ-ქ–ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 20 ივლისის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე