18 მაისი, 2023 წელი,
საქმე №ას-163 -2023 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლ. მიქაბერიძე,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - ბ.გ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარეები - ლ. და ნ. ტ–ები (მოსარჩელეები)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა
დავის საგანი - უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა; მესაკუთრედ აღიარება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ბ.გ–ძე (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) ასაჩივრებდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ნოემბრის განჩინებას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, რომლითაც ლ. (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც 1-ლი მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) და ნ.ტ–ების (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) მოთხოვნა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და მესაკუთრედ აღიარების შესახებ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი მეორე მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2011 წლის 28 იანვარს სანოტარო წესით დამოწმებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება; რუსთავში, ..... მდებარე 3123 კვ.მ მიწის ნაკვეთი ს/კ-ით #...... საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში პირველი მოსარჩელის საკუთრებად აღირიცხა. კასატორის აზრით, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, განჩინება არ არის დასაბუთებული, სახელდობრ:
1.1. კასატორის მტკიცებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ არასწორად შეაფას სადავო გარიგება, შესაბამისად, არასწორად დაასკვნა, რომ იგი მოჩვენებითია ვინაიდან, ნებისმიერი გამოვლენილი და დეკლარირებული ნება, რომელსაც მხარეები ავლენენ აპრიორი ნამდვილად მიიჩნევა. სარჩელში დასახელებულ ფაქტებს, მათ შორის ამხანაგობა "ბ–თან" და ტ.დ–ვას მიერ ქონების გადაფორმებასთან დაკავშირებულ გარემოებებს სამართლებრივი მნიშვნელობა არ გააჩნიათ. მითუმეტეს დაუსაბუთებელია ამ ფაქტებსა და გარიგების ბათილად ცნობას შორის ურთიერთკავშირი.
საკუთრივ მოჩვენებით გარიგებას ახასიათებს მოჩვენებითი ნების გამოვლენის შესახებ მხარეთა ურთიერთშეთანხმება, ამ შემთხვევაში ყველა მხარეს გაცნობიერებული აქვს, რომ მათ მიერ ნების გამოვლენას იურიდიული შედეგი არ მოყვება. საერთო წესის მიხედვით მითითებული გარემოებების დადასტურება ეკისრება პირს, რომელიც ითხოვს გარიგების ბათილად ცნობას. მაშინაც კი როდესაც ერთი მხარე უთითებს მის მოჩვენებითობაზე მხოლოდ ეს გარემოება სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი ვერ გახდება ვინაიდან ივარაუდება, რომ მეორე მხარე კეთილსინდისიერად მოქმედებდა.
მოსარჩელის მიმართ სავარაუდოდ განხორციელებული ზეწოლის ფაქტები არ დასტურდება, მაშინ როდესაც სისხლისსამართლებრივი და საგადასახადო შემოწმების პროცედურები ამხანაგობა "ბ–ას" მიმართ ხორციელდებოდა. დაუსაბუთებელია მსჯელობა უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების სისხლით ნათესავისთვის გადაცემის საფრთხის შესახებ, ამასთან კასატორი ხაზს უსვამს, რომ ნ.ტ. და მოპასუხე ნათელმირონები და კლასელები არიან.
კასატორი არ ეთანხმება მსჯელობას მასზედ, რომ ნ.ტ–ს სანოტარო წესით შედგენილი ხელშეკრულება გაუქმებული ეგონა და შესაბამისად სანოტარო წესით მისი გაუქმება აღარ მომხდარა. ასევე დაუსაბუთებელია სასამართლოს გადაწყვეტილებაში ასახული მსჯელობა გარიგების ფასის საბაზრო ფასთან არაპროპორციულობის ნაწილშიც. (იხ. საკასაციო საჩივარი).
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 მარტის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:
4.3. 2006 წლის 22 თებერვალს დაფუძნდა ამხანაგობა „ბ–ა“. ერთობლივი საქმიანობის მონაწილეები (დამფუძნებლები) იყვნენ: ლ. ტ–ძე, მისი მეუღლე ტ.დ–ვა, თ. და ნ. ფ–ბი. ამხანაგობის მიზანი თბილისში, ....... დასახლება, ყოფილი #70 ბაგა-ბაღის ტერიტორიაზე საცხოვრებელი სახლის მშენებლობა იყო. ამხანაგობის თავმჯდომარედ პირველი მოსარჩელე აირჩიეს.
4.4. სსიპ „შემოსავლების სამსახურის“ აუდიტის დეპარტამენტის 2010 წლის 12 ოქტომბრის #9-2569 ბრძანებით, ამხანაგობის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმება დაიწყო. შესამოწმებლად 2006-2010 წლების საანგარიშო პერიოდი განისაზღვრა (იხ. 12.10.2010 წ. #9-2569 ბრძანება). შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 3 დეკემბრის ბრძანებით, ამხანაგობას დაეკისრა დავალიანება - 263 934 ლარი, 2010 წლის 9 დეკემბრის საგადასახადო მოთხოვნით კი - გადასახდელი თანხა ჯამურად - 328 576.93 ლარი.
4.5. 2011 წლის 21 თებერვალს ამხანაგობის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
4.6. შემოსავლების სამსახურის 2010 წლის 3 დეკემბრის #2075 ბრძანებისა და 2010 წლის 9 დეკემბრის #10557 საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე, ამხანაგობის ვალდებულების გამო, პირველი მოსარჩელე, როგორც ამხანაგობის თავმჯდომარე, პერიოდულად ცხადდებოდა სამართალდამცავ ორგანოებში.
4.7. ამხანაგობის თავმჯდომარეს, სამართალდამცავ ორგანოებსა და ფინანსთა სამინისტროს შორის შეთანხმების შედეგად (ჯარიმის თანხის ანაზღაურების სანაცვლოდ) 2011 წლის 27 სექტემბერს სისხლის სამართლის საქმე შეწყდა.
4.8. 2011 წლის 14 იანვარს პირველი მოსარჩელის მეუღლემ (ტ.დ–ვამ) ოზურგეთში, ....... მდებარე უძრავი ქონება ს/კ-ით .........., მ.რ–ს მიჰყიდა.
4.8.1. 2011 წლის 30 სექტემბერს ტ.დ–ვასა და მ.რ–ს შორის დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება გაუქმდა.
4.9. 2011 წლის 28 იანვარს მეორე მოსარჩელემ რუსთავში, ..... მდებარე 3184 კვ.მ მიწის ნაკვეთი და 1252 კვ.მ შენობა ნაგებობა, ს/კ-ით #........ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც სადავო უძრავი ქონება ან უძრავი ქონება) მოპასუხეს 35 000 ლარად მიჰყიდა.
4.9.1. მყიდველს არც გარიგების დადებისას და არც შემდგომ ნასყიდობის საფასური არ გადაუხდია.
4.9.2. მარეგისტრირებელი ორგანოს 2011 წლის1 თებერვლის #882011031885-06 გადაწყვეტილებით, აღნიშნულ უძრავ ქონებაზე სარეგისტრაციო წარმოება ჯერ შეჩერდა (ზედდების გამო), ხოლო იმავე წლის 1 მარტს შეწყდა, ამდენად, სადავო ქონებაზე (ნასყიდობის საგანზე) მოპასუხეს საკუთრების უფლება არ წარმოშობია.
4.10. 2012 წლის 30 იანვარს მეორე მოსარჩელემ მოპასუხის სახელზე, ორი წლის ვადით, გასცა მინდობილობა, რომლითაც ამ უკანასკნელს უძრავი ქონების/ნასყიდობის საგნის მართვისა და განკარგვის უფლებამოსილება მიანიჭა. მინდობილობის საფუძველზე რწმუნებული/მოპასუხე შესაბამისი ორგანოებიდან ყველა საჭირო დოკუმენტაციის შეკრების, აზომვითი ნახაზების შედგენის/მომზადების, მარეგისტრირებელ ორგანოსა და არქიტექტურის სამსახურთან წამომადგენლობითი უფლებამოსილებითაც აღიჭურვა.
4.11. უძრავი ქონების/ნასყიდობის საგნის მიმდინარე გადასახადებსა და მოსაკრებლებს საკუთარი სახსრებით მეორე მოპასუხე იხდიდა.
4.12. უძრავი ქონების ნაწილი, 100 კვ.მ 2013 წლის 4 იანვარსა და 2014 წლის 10 აპრილს, სხვადასხვა პირზე იჯარით მეორე მოსარჩელემ გასცა.
4.13. 2016 წლის 16 დეკემბერს მეორე მოსარჩელემ განცხადებით მიმართა მარეგისტრირებელ ორგანოს და სადავო უძრავ ქონებაზე ცვლილების რეგისტრაცია ითხოვა.
4.13.1. 2019 წლის 18 მარტს მოცულობის დაზუსტების შემდეგ, უძრავი ქონება 3125 კვ.მ კვადრატულობით და ახალი სკ-ით #......, დარეგისტრირდა.
4.14. 2019 წლის 18 მარტს, მეორე მოსარჩელემ ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე პირველ მოსარჩელეს გადასცა სადავო უძრავი ქონება და ეს უკანასკნელი აღირიცხა მესაკუთრედ ( სსკ-ის 524-ე მუხლი).
4.15. 2019 წლის 30 აპრილს სადავო უძრავ ქონებაზე აკრძალვა დარეგისტრირდა.
4.15.1. 2019 წლის 19 აპრილს მოპასუხემ საჯარო რეესტრს მიმართა და მოითხოვა მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და უძრავ ქონებაზე პირველი მოსარჩელის საკუთრების უფლების გაუქმება.
4.15.2. მარეგისტრირებელი ორგანოს 2019 წლის 28 ივნისის #227393 გადაწყვეტილებით, საჩივარი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სადავო გადაწყვეტილებები, #...... ს/კ-ით რეგისტრირებული ნივთის მონაცემების მოქმედება განახლდა და ადმინისტრაციულ ორგანოს ახალი გადაწყვეტილების მიღება დაევალა.
4.16. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 22 აპრილის განჩინებით, სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე მოპასუხის განცხადება დაკმაყოფილდა, პირველ მოსარჩელეს აეკრძალა თავის სახელზე რიცხული სადავო უძრავი ქონების ნებისმიერი სახით განკარგვა და უფლებრივად დატვირთვა.
4.16.1. 2019 წლის 26 სექტემბრს მოსარჩელის/განსახილველი საქმის მოპასუხის წამომადგენელმა სარჩელის გამოხმობის თაობაზე განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, რაც იმავე თარიღის განჩინებით დაკმაყოფილდა.
4.17. სადავო უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება - 686 000 ლარი, 2011 წლის 29 ოქტომბრის მონაცემებით კი - 275 000 ლარია.
4.18. 2008 წლის 29 აპრილიდან 2019 წლის 15 აპრილის ჩათვლით, შპს „ნ–ის“ მოგებამ (გადასახადების გამოკლებით) - 360 794,71 ლარი შეადგინა, საიდანაც ზვიად გოგიბერიძემ ხელფასის სახით - 46 665,97 ლარი, დივიდენდად კი - 4 000 ლარი მიიღო, ხოლო მეორე მოსარჩელეს არც ხელფასი და არც დივიდენდი არ მიუღია.
5. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეებს სურდათ, კერძოდ, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნის საფუძვლიანობა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 477-ე (ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა, გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა, გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. თუ ხელშეკრულებაში ფასი პირდაპირ არ არის მითითებული, მხარეები შეიძლება, შეთანხმდნენ მისი განსაზღვრის საშუალებებზე), 56.1 (ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს), 68-ე (გარიგების ნამდვილობისათვის საჭიროა კანონით დადგენილი ფორმის დაცვა. თუ ასეთი ფორმა არ არის დაწესებული, მხარეებს შეუძლიათ თვითონ განსაზღვრონ იგი) 183-ე (უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების შემძენზე საჯარო რეესტრში რეგისტრაცია) და 31113 (კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე დადებული გარიგებები ძალაში შედის ამ გარიგებებით განსაზღვრული უფლებების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან) მუხლების შემადგენლობის არსებობამ განაპირობა.
6. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეები სადავო ქონებაზე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობასა და ამ ქონების მესაკუთრედ ცნობას იმ საფუძვლით ითხოვდნენ, რომ მეორე მოსარჩელემ მოპასუხეს სადავო ქონებაზე ნასყიდობის ხელშეკრულება მოჩვენებით გაუფორმა.
7. მოსარჩელეების ამ მითითებას მოპასუხე უარყოფდა და უთითებდა, რომ სადავო ქონებაზე ნასყიდობის ხელშეკრულება კანონის მოთხოვნათა დაცვით დაიდო.
8. ამდენად, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი სადავო ხელშეკრულების, როგორც მოჩვენებითი გარიგებების ბათილად ცნობის სამართლებრივი წინაპირობების არსებობის შემოწმებაა, კერძოდ, სადავოა მეორე მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გარიგებების დადებისას მხარეთა ნების გამოვლენის ნამდვილობა, რადგან მოსარჩელეები სწორედ დასახელებული გარიგების ბათილად ცნობასა და სადავო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების აღდგენას ითხოვენ.
9. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს სამართლით მოწესრიგებული ურთიერთობებიდან მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.
9.1. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია, მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მართებული გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.
9.2. სსსკ-ის მე-3 მუხლის მიხედვით, მხარეები იწყებენ საქმისწარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ გადაწყვეტილებას. მხარეებს შეუძლიათ საქმისწარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია, უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
9.3. მტკიცების ტვირთს აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის, ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან).
9.4. მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატიური მოვალეობა. სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად, მხარეები სრულიად თავისუფალი არიან, მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებს ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება დავას.
9.5. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან, თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არა, ესაა – სარჩელის საგანი (მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი), მოპასუხის შესაგებელი და შესაბამისი მატერიალურსამართლებრივი ნორმა. მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი – მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და, პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადგინოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის წარმომშობი ყველა გარემოება, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, „სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა“, თბ., 2003, გვ.64).
10. სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობასთან მიმართებით, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასკვნებს, სახელდობრ:
10.1. კანონის მიხედვით, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში (სამოქალაქო კოდექსის 183.1 მუხლი). ნორმა წერილობით ფორმასთან ერთად განამტკიცებს უძრავ ნივთზე საკუთრების გადასვლის აუცილებელ წინაპირობასა და საკუთრების გადასვლის მომენტს - რეგისტრაციას საჯარო რეესტრში, ხოლო რეგისტრაციის წესს - სსკ-ის 311.1 მუხლი, რომლის მიხედვით, გარიგება სამართლებრივად ნამდვილია მისი გაფორმების მომენტიდან, მაგრამ საკუთრების უფლების ცვლილება დამოკიდებულია საჯაროსამართლებრივ აქტზე - საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციაზე.
11. საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას მიაქცევს სსკ-ის 56.1 მუხლზე, რომლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს. დასახელებული ნორმის მიხედვით, გარიგების მოჩვენებით ხასიათს განაპირობებს მხარეთა განზრახვა, გარიგების დადებით მიაღწიონ მიზანს, რომელიც არ შეესაბამება ამ გარიგების შინაარსიდან გამომდინარე, იურიდიულ შედეგს. ამდენად, მოჩვენებითი გარიგების დადებით ორივე მხარე მოქმედებს საერთო მიზნითა და ურთიერთშეთანხმებით. როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, მოჩვენებითი გარიგების დადება დაკავშირებულია მესამე პირებთან არსებულ ურთიერთობასთან მათი მოტყუების, პასუხისმგებლობისათვის თავის არიდებისა თუ სხვა მიზნით.
12. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, მოპასუხეს სადავო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება არ წარმოშობია, ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელეებს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე აღძრული სარჩელი მოსარჩელემ/განსახილველი საქმის მოპასუხემ გაიხმო, მოპასუხეს არც გარიგების დადებისას და არც შემდგომ ნასყიდობის საფასური არ გადაუხდია და არც რაიმე მოქმედება განუხორციელებია სადავო ქონებაზე საკუთრების უფლების რეალურად მოპოვება რეგისტრაციისთვის. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ სადავო ნასყიდობის ხელშეკრულება ბათილია, როგორც მოჩვენებითი გარიგება.
13. განსახილველ საქმეზე დადგენილია, რომ მოპასუხემ წარადგინა როგორც მოთხოვნის განხორციელების გამომრიცხველი, ისე შემაფერხებელი შესაგებელი (ხანდაზმულობა).
13.1. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სსკ-ის 128-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შინაარსზე, რომლის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. აღნიშნული დანაწესით კანონმდებელმა განსაზღვრა სამოქალაქო უფლების დაცვის გარკვეული ვადებით შეზღუდვის აუცილებლობა, რომელიც მყარ სამოქალაქო ბრუნვაზეა ორიენტირებული და მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლით მხარე კარგავს იმ სამართლებრივ ბერკეტებს, რომელთა საშუალებითაც მოთხოვნის იძულებით აღსრულების შესაძლებლობა ჰქონდა.
14.2. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლების არსებობის პირობებში, სარჩელის წარმატებულობას ვერ შეაფერხებს ხანდაზმულობის საკითხი, რამდენადაც საკუთრება წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას და მასზე არ ვრცელდება ხსენებული ინსტიტუტი, მისი ობიექტი მხოლოდ ფარდობითი უფლებებია; ამდენად კასატორის ეს არგუმენტიც მოკლებულია სდამართლებრივ დასაბუთებას (შდრ. სუსგ. №ას-146-140-2012, 12 ივლისი, 2012 წელი; №ას-395-374-2013, 23 სექტემბერი, 2013 წელი; № ას-472-448-2013, 5 დეკემბერი, 2013 წელი).
15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად და შესაბამისად საკასაციო პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია შემოიფარგლოს კასატორთა მხოლოდ არსებითი არგუმენტების მიმოხილვით (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.
17. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
18. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 7 000 ლარის (საგადახდო დავალება #16339954600, გადახდის თარიღი 10.08.2023წ), 70% - 4900 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბ.გ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ბ.გ–ძეს (პ/ნ .......) დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 7 000 ლარის (საგადახდო დავალება #16339954600, გადახდის თარიღი 10.03.2023წ), 70% - 4900 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე