18 მაისი, 2023 წელი,
საქმე №ას-1506 -2022 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
გიორგი მიქაუტაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - გ.ბ–ვა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ვ.ბ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 2 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება
დავის საგანი - კანონით მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. რუსთავში, ....... მდებარე ბინა #10, ს/კ-ით #....... აწ გარდაცვლილი მ.ბ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელისა და მამკვიდრებლის დედა) სახელზე ირიცხება.
2. ი.ბ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მამკვიდრებელი) სახელზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა გარდაცვლილი დედის - მ.ბ–ის დანაშთ ქონებაზე.
3. ი.ბ–ი 2019 წლის 29 ნოემბერს გარდაიცვალა ისე, რომ სამკვიდრო ქონება საჯარო რეესტრში თავის სახელზე არ დაურეგისტრირებია.
4. 2020 წლის 24 იანვარს ვ.ბ–მა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე) განცხადებით მიმართა ნოტარიუსს სამკვიდრო მოწმობის გაცემის მოთხოვნით, თუმცა, გ.ბ–ვას (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) მიერ იმავე მოთხოვნის წარდგენის გამო, მოსარჩელეს სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე ეთქვა უარი.
5. მოპასუხე მხარეს მამკვიდრებელთან/ი.ბ–თან ამ უკანასკნელის გარდაცვალებამდე სამი წლით ადრე შეწყვეტილი ჰქონდა ქორწინება და მეუღლეები ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ.
6. ზემოაღნიშნულ ფაქტებზე დაყრდნობით მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ კანონით მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევის მოთხოვნით.
7. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს ჩამოერთვა 2019 წლის 29 ნოემბერს გარდაცვლილი მამკვიდრებლის სამკვიდრო ქონებაზე კანონით მემკვიდრეობის უფლება. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად სსკ-ის 1319-ე, 1320-ე, 1328-ე, 1336-ე, 1421-ე, 1424-ე, 1433-ე და 1341-ე მუხლები გამოიყენა.
9. მოპასუხემ სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის უარყოფა მოითხოვა.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 2 ივნისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი უარყოფილ იქნა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
11. საკასაციო საჩივრით მოპასუხემ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის უარყოფა მოითხოვა.
11.1 კასატორის მტკიცებით, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები სრულყოფილად არ დადგენილა, შესაბამისად, აუცილებელია დამატებითი ფაქტებისა და მტკიცებულებების გამოკვლევა (იხ. საკასაციო საჩივარი). აპელანტს არ მიეცა სხდომაში მონაწილეობის შესაძლებლობა და შესაბამისად ვერ მოახერხა მოწმეთა წრის დაზუსტება. სააპელაციო სასამართლომ კასატორის წარმომადგენლის შუამდგომლობა მტკიცებულებათა მიღების შესახებ არ დააკმაყოფილა და გ.ბ–ვამ ვერ შეძლო გარდაცვლილ მეუღლესთან ოჯახური თანაცხოვრების ფაქტის დადასტურება. ამასთან, დაკითხული მოწმეების ჩვენება წინააღმდეგობრივია და რეალურ ვითარებას ზუსტად ვერ გადმოცემს.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 27 აპრილის განჩინებით, სსსკ-ის 391.5 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად და მიღებულია განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
13. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
14. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ქორწინება ოჯახის საფუძველია. მასში, პირველ ყოვლისა, ასახვას პოულობს სულიერი, ზნეობრივი, ასევე, პირადი და ქონებრივი ურთიერთობების გაერთიანება. ქორწინებისთვის დამახასიათებელი იურიდიული ნიშნების გათვალისწინებით, კანონმდებელს საშუალება მიეცა, შემოეთავაზებინა ქორწინების შემდეგნაირი განსაზღვრება: ქორწინება მამაკაცისა და ქალის თავისუფალი, ნებაყოფლობითი და თანასწორუფლებიანი კავშირია, ოჯახის შექმნის მიზნით, რომელიც მყარდება კანონით დადგენილი წესისა და პირობების დაცვით, წარმოშობს მეუღლეთა შორის პირად და ქონებრივ უფლებებსა და მოვალეობებს (სსკ 1106-ე მუხ.). ქორწინება წარმოშობს მეუღლეთა ორმხრივ, პირად და ქონებრივ უფლებებს და მოვალეობებს, სწორედ ამიტომ მოცემული დავის გადაწყვეტისას მნიშვნელოვანია შევეხოთ იმ საკითხის განმარტებას, რომელიც შეეხება ქორწინებიდან გამომდინარე მემკვიდრეობის ურთიერთობებს.
15. მემკვიდრეობის უფლება წარმოადგენს პირადი ქონებრივი ხასიათის უფლებას, ერთ-ერთი ან თუნდაც რამოდენიმე მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღება, არ გულისხმობს სხვა მემკვიდრეების მიერ სამკვიდროს მიღებას. სწორედ ამ უფლების სამართლებრივი ბუნების გათვალისწინებით კანონი ზუსტად განსაზღვრავს იმ წესებსა და პირობებს, რასთანაც დაკავშირებულია და რაც განაპირობებს გარდაცვლილი მეუღლის სამკვიდროს მიღებას.
16. როგორც აღინიშნა, კანონმდებელი ქორწინებად მიიჩნევს ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირს, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში.
თეორიულად, ქორწინების რეგისტრაციის მნიშვნელობა იმით შემოიფარგლება, რომ მეუღლეებს ერთმანეთის მიმართ წარმოეშობათ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებები და მოვალეობები (სსკ 1151-ე მუხ.). ამდენად, კანონმდებლის მიერ განსაზღვრული მიზანი, რაც მეუღლეთა მიერ ოჯახის შექმნაში უნდა გამოიხატოს მხოლოდ რეგისტრაციის ფაქტით არ მიიღწევა. ამის კონკრეტული გამოვლინებაა ფიქციური ქორწინებიდან გამომდინარე სამართლებრივი შედეგები. როგორც კანონმდებელი განმარტავს ქორწინების ერთ-ერთი საფუძველია „ოჯახის შექმნის მიზანი”. სწორედაც თუ ქორწინებას არ ახლავს ოჯახის შექმნის მიზანი და მისი განხორციელება, იგი ფიქტიური ურთიერთობაა. მოცემულ შემთხვევაში წარმოშობილი დავაც სწორედ ამგვარი მიზნის არმქონე რეგისტრირებული კავშირიდან გამომდინარე უფლების შეზღუდვას ეხება.
17. რაც შეეხება მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევის საკითხს იგი მოწესრიგებულია სამოქალაქო კოდექსის 1341-ე მუხლში. ნორმის დანაწესით, სასამართლოს გადაწყვეტილებით მეუღლეს შეიძლება ჩამოერთვას კანონით მემკვიდრეობის უფლება, თუ დადასტურებული იქნება, რომ ქორწინება მამკვიდრებელთან ფაქტობრივად სამკვიდროს გახსნამდე არანაკლებ სამი წლისა შეწყვეტილი იყო და მეუღლეები ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ (შდრ: სუსგ Nას-187-174-2015, 22.07.2015).
18. კანონმდებლის მიზანი იმგვარი სამართალურთიერთობის მოწესრიგებაა, რომლის დროსაც გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით (სსკ 1306.1 მუხლი) და რომლის დროსაც დასაზუსტებელია კანონით მემკვიდრეთა წრე. იმ თვალსაზრისით, რომ თუნდაც, იურიდიული მიზნებისათვის, მეუღლედ რეგისტრირებული პირის ხელში არ აღმოჩნდეს მამკვიდრებლის ის უფლებები და პრივილეგიები, რომლებიც მას გააჩნდა სიკვდილის მომენტისათვის (სამკვიდრო მასა) და ამით, გაუმართლებლად არ შეილახოს დანარჩენ მემკვიდრეთათვის კანონით მინიჭებული უფლებები.
სსკ-ის 1341-ე მუხლით გათვალისწინებული ნორმის გამოყენებისათვის და შესაბამისად, მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევისათვის, ამავე ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, განმსაზღვრელია არა ის გარემოება არსებობდა თუ არა ქალსა და მამაკაცს შორის რეგისტრირებული ქორწინება, არამედ გადამწყვეტი მნიშვნელობისაა კონკრეტული ფაქტობრივი საფუძვლების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირებს შორს ცოლ-ქმრული ურთიერთობის ფაქტობრივად არარსებობაზე.
19. სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელისა და მოპასუხის სტადიებზე წარდგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების ერთობლივად შესწავლისა და გაანალიზების გზით დასაბუთებული და კანონიერი განჩინება მიიღო, რომლის საკასაციო წესით გასაჩივრებისას მოპასუხემ ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების მსჯელობა და დასკვნები, ვერ გააქარწყლა ისინი დასაბუთებული საკასაციო შედავებით.
ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს სამართლით მოწესრიგებული ურთიერთობებიდან მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.
19.1. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია, მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მართებული გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.
19.2. სსსკ-ის მე-3 მუხლის მიხედვით, მხარეები იწყებენ საქმისწარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ გადაწყვეტილებას. მხარეებს შეუძლიათ საქმისწარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია, უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
19.3. მტკიცების ტვირთს აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა.
მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის, ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან).
19.4. მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატიური მოვალეობა. სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად, მხარეები სრულიად თავისუფალი არიან, მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებს ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება დავას.
19.5. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან, თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არა, ესაა – სარჩელის საგანი (მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი), მოპასუხის შესაგებელი და შესაბამისი მატერიალურსამართლებრივი ნორმა.
მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი – მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და, პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადგინოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის წარმომშობი ყველა გარემოება, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, „სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა“, თბ., 2003, გვ.64).
20. განსახილველ შემთხვევაში, იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ მამკვიდრებელსა და მოპასუხეს შორის 1985 წლის 21 სექტემბერს რეგისტრირებული ქორწინება ფაქტობრივად შეწყვეტილი იყო, მოსარჩელემ მიუთითა მამკვიდრებლის 2002 წლიდან დედასთან - მ.ბ–თან ერთად რუსთავში, ........... ქუჩა #36-ში მდებარე ბინაში ცხოვრების შესახებ (იხ, მოწმე რ.ს–სა და მ.მ–ის ჩვენება).
21. მოპასუხეს/კასატორს მამკვიდრებლის დედასთან ერთად ცხოვრების ფაქტი სადავოდ არ გაუხდია. ამ გარემოებიდან გამომდინარე, მტკიცების ტვირთი იმისა, რომ მრავალი წლის მანძილზე სხვადასხვა საცხოვრებელ ბინაში ცხოვრების მიუხედავად, მოპასუხესა და მამკვიდრებელს შორის კვლავ არსებობდა ცოლქმრული ურთიერთობა და იგი არ იყო მხოლოდ ფორმალური იურიდიული შინაარსის მქონე, ეკისრებოდა მოპასუხეს (კასატორს).
კასატორმა იმ გარემოების დასადასატურებლად, რომ მასსა და მამკვიდრებელს შორის არ იყო ფაქტობრივად შეწყვეტილი ქორწინება მიუთითა მეუღლესთან პერიოდულად სტუმრად სიარულის ფაქტზე. საკასაციო პალატის დასკვნით, მოპასუხის მითითებული პოზიცია, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების პირობებში, ვერ იქნება მიჩნეული საკმარის მტკიცებულებად, რომლითაც მხარეთა შორის ოჯახური ურთიერთობის შენარჩუნება დასადასტურებლად მიიჩნევა (იხ. ასევე მოპასუხისა და მამკვიდრებლის ძმიშვილის მიმოწერა).
22. ამდენად, ვლინდება ის აუცილებელი ფაქტობრივი საფუძველი, რაც საკმარისია მოპასუხესა და მამკვიდრებელს შორის ფაქტობრივად ქორწინების შეწყვეტილად მიჩნევისათვის; შესაბამისად, დაინტერესებული პირის/მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე არსებობს იმისი სამართლებრივი საფუძველიც, რომ მოპასუხეს ჩამოერთვას ფაქტობრივად შეწყვეტილ ქორწინებაში მყოფი პირისაგან მემკვიდრეობის მიღების უფლება.
23. კასატორი მტკიცებულების სახით ფოტოსურათების, დოკუმენტებისა და მოწმეთა დაკითხვაზე უარის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 5 მაისის საოქმო განჩინებასაც ასაჩივრებდა და უთითებდა, რომ მტკიცებულების წარუდგენლობის საპატიო მიზეზი გააჩნდა.
23.1. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის ამ პრეტენზიას და განმარტავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს მხარეთა მიერ თავიანთი მოთხოვნების დასასაბუთებლად და მითითებული ფაქტების დასამტკიცებლად საჭირო მტკიცებულებების წარდგენის საკმაოდ მკაცრ პროცედურას, რომლის შესაბამისად, მხარეებს მტკიცებულებათა წარდგენა შეუძლიათ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას შესაბამისი წესების დაცვით. გამონაკლის შემთხვევაში, კანონით დადგენილი წინაპირობების არსებობისას, დასაშვებია ახალი მტკიცებულების წარდგენა სააპელაციო ინსტანციის სასამართლოშიც (სააპელაციო სასამართლო არ მიიღებს ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეს შეეძლო, წარედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მაგრამ არასაპატიო მიზეზით არ წარადგინა. სსკ-ის 380.2 მუხლი), თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი საპატიო მიზეზით მხარემ ვერ წარადგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას (შდრ. სუსგ. საქმე №ას-816-767-2015, 19 ნოემბერი, 2015 წელი; Nას-1493-1413-2017, 26 იანვარი, 2018 წელი).
23.2. ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, ახალი ფაქტების/მტკიცებულებების საქმეზე დაშვება შეფასების გონივრულ სტანდარტზეა დამოკიდებული და სასამართლო ამ საკითხს წყვეტს იმ გარემოების გამორიცხვით, რომ მხარეს მათი ქვემდგომ სასამართლოში წარდგენის ფაქტობრივი შესაძლებლობა ჰქონდა. თავის მხრივ, 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით კანონმდებელმა დაადგინა ის კრიტერიუმები, თუ რა შეიძლება იქნეს მიჩნეული საპროცესოსამართლებრივი ურთიერთობისათვის საპატიო მიზეზად. ნორმის თანახმად, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
23.3. დადგენილია, რომ სარჩელის აღძვრის დროიდან სასამართლო მთავარი სხდომის დანიშვნამდე მოპასუხეს/კასატორს საკმარისი დრო ჰქონდა (თითქმის ერთი წელი) საქმეზე მტკიცებულებების წარსადგენად, ამასთან არც კანონით განსაზღვრული საპატიო მიზეზი მათი წარუდგენლობის თაობაზე არ გამოკვეთილა, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ სსსკ-ის 380-ე მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილება განიკარგა მართლზომიერად.
24. სსსკ-ის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
24.1. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
25. კასატორს სახელმწიფო ბაჟი გადახდილი აქვს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3, 408.3, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ.ბ–ვას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 2 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
გიორგი მიქაუტაძე
ლევან მიქაბერიძე