საქმე №ას-1601-2022
29 მაისი, 2023 წელი ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - მ.შ–ძე (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი)
მოწინააღმდეგე მხარე - გ.დ–ძე, თ.დ–ძე, ი.დ–ძე, მ.დ-ა–ი (მოსარჩელეები, შეგებებული სარჩელის მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 9 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ხოლო შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებულად აღიარება, უძრავი ნივთის იპოთეკისგან განთავისუფლება (სარჩელში); თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაცია (შეგებებულ სარჩელში)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებით:
1.1. გ.დ–ძის, თ.დ–ძის, ი.დ–ძისა და მ.დ–-ას (შემდეგში - მოსარჩელეები) სარჩელი დაკმაყოფილდა;
1.2. შესრულებულად იქნა აღიარებული მოსარჩელეთა მიერ მ.შ–ძესთან (შემდეგში - მოპასუხე ან კასატორი) 2013 წლის 28 მაისს დადებული იპოთეკის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება;
1.3. იპოთეკისგან გათავისუფლდა კასატორის მიერ 2013 წლის 28 მაისის ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული სესხის უზრუნველსაყოფად ხელვაჩაურში, სოფელ ფერიაში მდებარე იპოთეკით დატვირთული და მოსარჩელეთა სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება;
1.4. ხანდაზმულობისა და უსაფუძვლობის გამო მოპასუხის შეგებებული სარჩელი (რომლითაც მოთხოვნილი იყო, მოსარჩელეთათვის მოპასუხის სასარგებლოდ 16 500 აშშ დოლარის დაკისრება და გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია) არ დაკმაყოფილდა.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 9 მარტის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ საკასაციო საჩივარი შემოიტანა, ამ განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის უარყოფის, ხოლო შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 26 დეკემბრის განჩინებით კასატორს დაევალა, განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის სახით დავის საგნის ღირებულების 5%-ის გადახდის ქვითრის დედანი და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 396.1 მუხლის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი დასაბუთებული საკასაციო საჩივრი.
6. დადგენილ ვადაში კასატორის წარმომადგენელმა ხარვეზი ნაწილობრივ შეავსო, კერძოდ, საქართველოს უზენაეს სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 2 125.50 ლარის გადახდის ქვითრის დედანი წარმოადგინა.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 4 აპრილის განჩინებით მოპასუხეს საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა გაუგრძელდა და დაევალა, განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში სსსკ-ის 396.1 მუხლის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი დასაბუთებული საკასაციო საჩივარი წარმოედგინა. განჩინებითვე კასატორს განემარტა, რომ თუ ამ ვადაში ხარვეზი არ შეივსებოდა, საკასაციო საჩივარი არ მიიღებოდა და განუხილველად დარჩებოდა.
8. 2023 წლის 25 მაისს (დოკუმენტის ფოსტაში ჩაბარების თარიღია - 2023 წლის 24 მაისი) კასატორმა საკასაციო სასამართლოში დასაბუთებული საკასაციო საჩივარი წარმოადგინა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
9. სსსკ-ის 396.3 მუხლის, მიხედვით თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს.
10. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივარზე ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 4 აპრილის განჩინება საკასაციო საჩივარში მითითებულ სამუშაო ადგილის მისამართზე ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად გაეგზავნა კასატორის წარმომადგენელ რ.ჯ–ძეს, სადაც 2023 წლის 18 მაისს სასამართლო გზავნილი ჩაიბარა ადრესატის თანამშრომელმა, დ.დუმბაძემ.
11. საკასაციო პალატა მიუთითებს სსსკ-ის 60.2 მუხლზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული ხუთდღიანი ვადის დენა კასატორისათვის დაიწყო 2023 წლის 19 მაისს და ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ამოიწურა 2023 წლის 23 მაისს (სსსკ 61.1 და 61.3 მუხლების მიხედვით).
12. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია, დასაბუთებული საკასაციო საჩივრით ამ უკანასკნელმა საკასაციო პალატას ზემომითითებული ვადის გასვლის შემდეგ, კერძოდ, 2023 წლის 25 მაისს (დოკუმენტის ფოსტაში ჩაბარების თარიღია - 2023 წლის 24 მაისი) მომართა, რაც მისი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
13. სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
დასახელებული საპროცესო ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს ის საპროცესო მოქმედება, რაც მას სასამართლომ დაავალა, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
14. ამავდროულად, საკასაციო პალატა მიუთითებს სსსკ-ის 399-ე მუხლზე, რომლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. აღნიშნული ნორმით განსაზღვრულია საკასაციო პალატის უფლებამოსილება, იხელმძღვანელოს ქვემდგომ სასამართლოში დადგენილი სამართალწარმოების მარეგულირებელი იმ ნორმებით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მეცხრე კარით განსაზღვრულ საკასაციო სამართალწარმოების თავისებურებებს. სსსკ-ის 374.3 მუხლის მიხედვით, თუ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 6.3 მუხლის შესაბამისად კი, გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ექვემდებარება მთლიანად ან ნაწილობრივ დაბრუნებას საქმის წარმოების შეწყვეტისას ან სარჩელის განუხილველად დატოვებისას, თუ საქმე სასამართლოში განხილვას არ ექვემდებარება, აგრეთვე, როდესაც მოსარჩელე არ იცავს მოცემული კატეგორიის საქმეებისათვის წინასწარი დავის გადაწყვეტის დადგენილ წესს.
15. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, რაკი კასატორს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია, საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ხოლო კასატორს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დაუბრუნდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 284-ე, 396-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.შ–ძის საკასაციო საჩივარი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 9 მარტის განჩინებაზე, დარჩეს განუხილველად.
2. მ.შ–ძეს (პ/ნ - .......) დაუბრუნდეს ც.შ–ძის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 2 125.50 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150) (საგადასახადო დავალება № 7221; გადახდის თარიღი - 27.03.2023).
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ვლადიმერ კაკაბაძე