Facebook Twitter

18 მაისი, 2023 წელი,

საქმე №ას-78-2023 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ნ.გ–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - სს „თ–ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 2 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - ვალის რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება, გადახდილის უკან დაბრუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ნ.გ–ის (შემდეგში - მოსარჩელე ან კასატორი) საცხოვრებელი ადგილია, ქ.თბილისი, ....... (შემდეგში - სადავო მისამართი). სადავო მისამართზე მდებარე უძრავი ქონება (შემდეგში - უძრავი ნივთი ან უძრავი ქონება) მოსარჩელის მამის, ჯ.გ–ის საკუთრებადაა დარეგისტირებული.

2. უძრავ ნივთს ელექტროენერგიას სს „თ–ი“ (შემდეგში - მოპასუხე, საზოგადოება ან ელექტროენერგიის მიმწოდებელი) აწვდიდა, ხოლო ხსენებული ნივთის მესაკუთრე ელექტროენერგიის მიმწოდებელი საზოგადოების აბონენტი იყო.

3. 2013 წლის 30 აპრილს, მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დავალიანების რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლითაც 1 893.55 ლარის ფინანსური ვალდებულება მოსარჩელეს 120 თვეზე გადაუნაწილდა და ყოველთვიურმა გადასახადმა 15.78 ლარი შეადგინა.

4. დასახელებული რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულებით გათალისწინებულ თანხას მოსარჩელე ერთ წლამდე პერიოდის განმავლობაში იხდიდა.

5. მოგვიანებით, დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით მოსარჩელის წინააღმდეგ მოპასუხემ სასამართლოს მიმართა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 16 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოპასუხის სარჩელი დაკმაყოფილდა, ამ უკანასკნელის სასარგებლოდ მოსარჩელეს 1 880.89 ლარის გადახდა დაეკისრა.

ზემომითითებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში 2015 წლის 8 მაისს შევიდა, ხოლო სააღსრულებო ფურცელი 2015 წლის 10 ივნისს გაიცა. აღნიშნული გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების მიზნით მოპასუხემ კერძო აღმასრულებელს 2019 წლის 29 მაისს მიმართა, კერძო აღმასრულებლის მითითებით მოთხოვნილი თანხა - 2066.05 ლარი მოსარჩელემ სათანადო ანგარიშზე ჩარიცხა, რის შემდეგაც იძულებითი აღსრულების პროცედურები შეწყდა. ამდენად, სარჩელში დასახელებული თანხები მოსარჩელის მიერ გადახდილია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების იძულებით აღსრულების ფარგლებში.

6. ელექტროენერგიის მიმწოდებლის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა მოსარჩელემ, რომლითაც მასსა და მოპასუხეს შორის დადებული 2013 წლის 30 აპრილის ვალის რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობა მოითხოვა; მოსარჩელე ასევე მოითხოვდა 2019 წლის 29 მაისს კერძო აღმასრულებელ რ.სულწაძისთვის ანგარიშზე ჩარიცხული 2 030.89 ლარის და იმავე აღმასრულებლისთვის გადაცემული 2 066.05 ლარის მოპასუხისთვის დაკისრებას.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ 2013 წლის 30 აპრილს დავალიანების რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულების გაფორმებისას მოპასუხის მხრიდან მოტყუებას ჰქონდა ადგილი, კერძოდ, მოპასუხე საზოგადოების წარმომადგენელმა მას მეზობლად მცხოვრები გ.გ–ის დავალიანების აღიარებაზე მოაწერინა ხელი; ამავდროულად მოსარჩელეს მართლსაწინააღმდეგოდ შეუქმნეს შთაბეჭდილება, რომ ხელმოსაწერი დოკუმენტი მამამისის, ჯ.გ–ის სახელზე არსებულ დავალიანებას შეეხებოდა.

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

8. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 2 ნოემბრის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

9.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-5 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და განმარტა, რომ საცილო გარიგებებში შეცილება გარიგების გაბათილებას იწვევს, თუმცა დაინტერესებულ პირს შეუძლია, არ გამოიყენოს შეცილების უფლება და ამით გარიგება ძალაში დატოვოს.

იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ განსახილველ შემთხვევაში შეცილების ვადის დაცვის შესახებ მოსარჩელეს არ მიუთითებია, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ) 84-ე მუხლით (მოტყუებით დადებული გარიგება შეიძლება სადავო გახდეს ერთი წლის განმავლობაში. ვადა აითვლება იმ მომენტიდან, როცა შეცილების უფლების მქონემ შეიტყო შეცილების საფუძვლის არსებობის შესახებ) დადგენილი შეცილების ერთწლიანი ვადა დაცული არ ყოფილა.

9.2. ამავდროულად, სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 81.1 მუხლზე (თუ პირი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ გარიგების ბათილობა. ეს ხდება მაშინ, როდესაც აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა) მიუთითა და აღნიშნა, რომ მოტყუების საფუძვლით გარიგების ბათილობისათვის აუცილებელია, რომ მოტყუებას ნების გამომვლენში ისეთი შეცდომის გამოწვევა უნდა შეეძლოს, რომელიც ნების გამოვლენის საფუძველი გახდება. იმ შემთხვევაშიც, როცა მოსარჩელეს დაცული აქვს გარიგების ბათილად ცნობისათვის კანონით დადგენილი შეცილების ვადა, მას აქვს ისეთი ფაქტების მითითების ვალდებულება, რომლებიც წარმოქმნის გარიგების მოტყუებით დადების ვარაუდის საფუძველს. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი მტკიცების ტვირთის მოპასუხეზე გადატანა წარმოქმნილი პრეზუმფციის გასაქარწყლებლად და იმის სამტკიცებლად, რომ გარიგება მოტყუებით არ დადებულა.

სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, წინამდებარე საქმეზე მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, თუ რაში გამოიხატა მისი მოტყუება და ისეთ ფაქტებზე ვერ მიუთითა, რომლებიც მოპასუხის მხრიდან მისი მოტყუების ან ნდობით ბოროტად სარგებლობის ვარაუდს შექმნიდა. შესაბამისად, რაკი 2013 წლის 30 აპრილს დავალიანების რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველი არ გამოიკვეთა, არც თანხის დაბრუნების წინაპირობა არ არსებობდა.

10. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ საკასაციო საჩივარი წარმოადგინა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით, შემდეგი დასაბუთებით:

10.1. სააპელაციო სასამართლომ შეფასების მიღმა დატოვა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელე მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია, რითაც მოპასუხე საზოგადოების წარმომადგენელმა ისარგებლა და მეზობლად მცხოვრები გ.გ–ის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულებაზე მოაწერინა ხელი.

მოსარჩელეს სადავო თანხის გადახდის შედეგად ელექტროენერგიის მიწოდება არ აღდგენია და არც პირადად მისი დავალიანების გასტუმრება განხორციელდა, აქედან გამომდინარე გადახდილი თანხის ანაზღაურების მიზანი გაურკვეველია ვინაიდან სინამდვილეში მესამე პირის ფინანსური ვალდებულება იქნა დაფარული.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 მარტის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

12. სსსკ-ის 391.5 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

13. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება გამოიწვია.

კონკრეტულ საქმეზე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამიტომ ისინი საკასაციო სასამართლოსათვის სავალდებულოა.

14. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრის განხილვის საგანი შემდეგია: რამდენად კანონიერია მოსარჩელის მოთხოვნა, 2013 წლის 30 აპრილის ვალის რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და მის საფუძველზე კერძო აღმასრულებლისათვის გადაცემული თანხის დაბრუნების თაობაზე.

სარჩელის ფაქტობრივი საფუძველი ისაა, რომ 2013 წლის 30 აპრილს დავალიანების რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულების გაფორმებისას მოპასუხის მხრიდან მოტყუებას ჰქონდა ადგილი, კერძოდ, მოპასუხე საზოგადოების წარმომადგენელმა მას მეზობლად მცხოვრები გ.გ–ის დავალიანებაზე მოაწერინა ხელი, რითაც კასატორს შთაბეჭდილება შეექმნა, რომ ხელმოსაწერი დოკუმენტი მამამისის, ჯ.გ–ის სახელზე არსებულ დავალიანებას შეეხებოდა.

15. პირველ რიგში, პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ საქმეზე დადგენილად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით (რომლებიც წინამდებარე განჩინების 1-5 პუნქტებშია წარმოდგენილი და სსსკ-ის 407.2 მუხლიდან გამომდინარე საკასაციო პალატისათვის სავალდებულოა) განსახილველი სარჩელით მოთხოვნილი თანხა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ფარგლებში კასატორის (მოსარჩელის) მიერ გადახდილი თანხაა.

სსსკ-ის 266-ე მუხლის (გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე, მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე, სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობები) დანაწესიდან გამომდინარე, გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ იძენს უდავოობისა და სავალდებულოობის თვისებას და მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს, არ აქვთ უფლება, სადავო გახადონ აღნიშნული გადაწყვეტილებით უკვე დადგენილი ფაქტები.

ამრიგად, სასამართლო გადაწყვეტილების „საბოლოობის“, მისი შეუქცევადობის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპი გულისხმობს, რომ ამ გადაწყვეტილების შეცვლა შეუძლებელია და მისი შედეგები შეუქცევადია.

გადაწყვეტილების „საბოლოობის“ პრინციპი კერძო პირის უფლებასა და ინტერესსაც ემსახურება, რადგან ის ამით განმეორებითი სამართალწარმოებისგან დაცული იქნება. სასამართლო გადაწყვეტილებით დადასტურებული უფლების ნამდვილობა გამორიცხავს მომავალში მისი გაქარწყლების შესაძლებლობას, სსსკ-ის 266-ე მუხლიდან გამომდინარე (იხ. სუსგ №ას-675-675-2018, 8.04.2020). სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შედეგი შეუქცევადია. ასეთი გადაწყვეტილების განსაკუთრებულობა ორმხრივად სავალდებულო აკრძალვაა და იგი როგორც საქმეში მონაწილე პირებს, ასევე სასამართლოს ეხება (იხ. სუსგ №ას-675-675-2018, 8.04.2020წ.).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტების სამართლებრივი ბოჭვის ფარგლებშია მოქცეული და არ შეუძლია სადავო გახადოს ამავე გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების პროცესში მის მიერ გადახდილი თანხის მოცულობა და/ან გადახდის სამართლებრივი საფუძვლის სისწორე. ამდენად, სარჩელის წარუმატებლობის ძირითად მოტივს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტების არსებობა განსაზღვრავს.

16. მოტყუებით დადებული გარიგების ცნება სსკ-ის 81.1 მუხლშია წარმოდგენილი, რომლის შინაარსიც შემდეგია: თუ პირი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ გარიგების ბათილობა. ეს ხდება მაშინ, როცა აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა.

სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპს ემყარება და მხარის პოზიციის წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად უტყუარად შეძლებს იგი მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დადასტურებას (სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლები). შესაბამისად, სასამართლოში წარმატების მომტანია არა მხოლოდ მოთხოვნის დამასაბუთებელ არგუმენტზე (არგუმენტებზე) მითითება, არამედ მისი ნამდვილობის სათანადო მტკიცებულებით (მტკიცებულებებით) დადასტურება. საქმის გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ სწორი დასკვნა სასამართლოს მიერ სწორედ მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას შეიძლება დაეფუძნოს (სსსკ-ის 105.2 მუხლი).

მოცემულ შემთხვევაში, კასატორს (მოსარჩელე) ასე არ უმოქმედია, მან შესაბამის მტკიცებულებაზე დაყრდნობით ვერ დაადასტურა, რომ სადავო ხელშეკრულება მოტყუების შედეგად გაფორმდა და გარიგების ბათილად ცნობის მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილებულიყო.

17. 2013 წლის 30 აპრილის დავალიანების რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველი საქმეზე არ გამოკვეთილა; ამავდროულად დადგენილია, რომ სარჩელში მითითებული თანხები გადახდილია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების იძულებით აღსრულების ფარგლებში და აქედან გამომდინარე კასატორის მოთხოვნები თანხის დაბრუნების შესახებ ერთმნიშვნელოვნად მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს.

18. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

19. არ არსებობს სსსკ-ის 391.5 მუხლის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.

20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

21. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „მ1“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ.გ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „მ1“ ქვეპუნქტის საფუძველზე;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე