საქმე №ას-174-2023
1 ივნისი, 2023 წელი ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - ი.ხ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - დ.მ–ნი, ვ.ქ–ია, შპს ,,ა. ს–ი“ (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 23 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი - 2021 წლის 2 მარტის შეთანხმების გაუქმება, მეუღლეთა ქორწინების პერიოდში შეძენელი ქონების თანამესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილებით:
1.2. ი.ხ–ძის (შემდეგში - მოსარჩელე ან კასატორი) სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:
1.3. შეწყდა მოსარჩელესა და დ.მ–ნს (შემდეგში - მეორე მოპასუხე) შორის 2016 წლის 6 სექტემბერს სსგს იმერეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ რეგისტრირებული ქორწინება;
1.4. არასრულწლოვანი შვილების - 2012 წლის 20 მაისს დაბადებული ს.მ–ის, 2016 წლის 12 აგვისტოს დაბადებული ლ.მ–სა და 2016 წლის 12 აგვისტოს დაბადებული ლ.მ–ის სასარგებლოდ პირველ მოპასუხეს დაეკისრა ალიმენტის გადახდა, თითოეულ შვილზე ყოველთვიურად 200-200 ლარის ოდენობით, ჯამურად 600 ლარი, სარჩელის აღძვრის მომენტიდან, 2021 წლის 10 მარტიდან, მათ სრულწლოვანებამდე;
1.5. 2021 წლის 2 მარტის შეთანხმების გაუქმებისა და მეუღლეთა ქორწინების პერიოდში შეძენლი ქონების თანამესაკუთრედ ცნობის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ნაწილობრივ გაასაჩივრა მოსარჩელემ.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 23 დეკემბრის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი მოსარჩელემ შემოიტანა, ამ განჩინების ნაწილობრივ გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 27 თებერვლის განჩინებით:
- სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ მოსარჩელის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა;
- განჩინების ჩაბარებიდან 10 დღეში კასატორს 1 961.37 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის ქვითრის საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენა დაევალა; მასვე განემარტა, რომ, მითითებულ ვადაში ხარვეზის შეუვსებელობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა.
6. დანიშნულ ვადაში კასატორმა ხარვეზი ნაწილობრივ შეავსო, კერძოდ, საკასაციო სასამართლოში 500 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი წარმოადგინა. 2023 წლის 24 აპრილისა და 15 მაისის განჩინებებით დარჩენილი სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად კასატორის წარმომადგენლის შუამდგომლობის საფუძველზე ხარვეზის შევსების ვადა გაგრძელდა.
7. 2023 წლის 31 მაისს (დოკუმენტის ფოსტაში ჩაბარების თარიღია 2023 წლის 29 მაისი) კასატორმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში ხარვეზის აღმოსაფხვრელად საჭირო მტკიცებულება წარმოადგინა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ-ის) 396.3 მუხლის, მიხედვით თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს.
9. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივარზე ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 15 მაისის განჩინება 2023 წლის 15 მაისს სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად სატელეფონო შეტყობინებით ჩაჰბარდა კასატორის წარმომადგენელ ნ.მ–ას.
10. საკასაციო პალატა მიუთითებს სსსკ-ის 60.2 მუხლზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარზე ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ განჩინებით განსაზღვრული ათდღიანი ვადის დენა კასატორისათვის 2023 წლის 16 მაისს დაიწყო და ამავე კოდექსის 61.1 მუხლის შესაბამისად 2023 წლის 25 მაისს ამოიწურა. ამასთან, აღნიშნული ხარვეზის აღმოსაფხვრელად საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი განცხადების ხელმოწერისა და სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ოდენობის გადახდის თარიღად 2023 წლის 29 მაისია მითითებული, რა დროსაც კასატორს ხარვეზის გამოსწორების პროცესუალური შესაძლებლობა აღარ გააჩნდა.
11. ამდენად, საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია, ამ უკანასკნელმა საკასაციო პალატას ზემომითითებული ვადის გასვლის შემდეგ, კერძოდ, 2023 წლის 29 მაისს მომართა, რაც მისი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
12. სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
დასახელებული საპროცესო ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს ის საპროცესო მოქმედება, რაც მას სასამართლომ დაავალა, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
13. ამავდროულად, საკასაციო პალატა მიუთითებს სსსკ-ის 399-ე მუხლზე, რომლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. აღნიშნული ნორმით განსაზღვრულია საკასაციო პალატის უფლებამოსილება, იხელმძღვანელოს ქვემდგომ სასამართლოში დადგენილი სამართალწარმოების მარეგულირებელი იმ ნორმებით, რომლებიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მეცხრე კარით განსაზღვრულ საკასაციო სამართალწარმოების თავისებურებებს არ ეწინააღმდეგება. სსსკ-ის 374.3 მუხლის მიხედვით, თუ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 6.3 მუხლის შესაბამისად კი, გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ექვემდებარება მთლიანად ან ნაწილობრივ დაბრუნებას საქმის წარმოების შეწყვეტისას ან სარჩელის განუხილველად დატოვებისას, თუ საქმე სასამართლოში განხილვას არ ექვემდებარება, აგრეთვე, როდესაც მოსარჩელე არ იცავს მოცემული კატეგორიის საქმეებისათვის წინასწარი დავის გადაწყვეტის დადგენილ წესს.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, რაკი სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში კასატორს ხარვეზი არ შეუვსია, საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ხოლო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი მას უნდა დაუბრუნდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 284-ე, 396-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი.ხ–ძის საკასაციო საჩივარი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 23 დეკემბრის განჩინებაზე, დარჩეს განუხილველად.
2. ი.ხ–ძეს (პ/ნ - ........) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ნორა მ–ას მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - ჯამურად 1 961.37 ლარი (მათ შორის, 2023 წლის 8 მაისს # 8588 საგადასახადო დავალებით გადახდილი 500 ლარი და 2023 წლის 29 მაისს #5362 საგადასახადო დავალებით გადახდილი 1 461.37 ლარი) შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ვლადიმერ კაკაბაძე