საქმე №ას-536-2023 8 მაისი, 2023 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),
რევაზ ნადარაია
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ცენტრის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ც.ე–ძემ (შემდეგში „განმცხადებელი“) განცხადებით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ...... მდებარე უძრავი ნივთიდან (ს/კ .....) არასრულწლოვანი შვილის - ც.თ–ას (შემდეგში „არასრულწლოვანი“, „ბავშვი“) კუთვნილი წილის რეალიზაციაზე თანხმობის გაცემის მოთხოვნით.
2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 22.10.2021 წლის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაება სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ცენტრი, რომელსაც, როგორც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს, არასრულწლოვნის ინტერესების დაცვის მიზნით დაევალა წარმომადგენლის დანიშვნა და დასკვნის წარდგენა განცხადებაში მითითებულ გარემოებებთან დაკავშირებით.
3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 13.04.2022 წლის გადაწყვეტილებით:
1. განმცხადებლის მოთხოვნა დაკმაყოფილდა;
2. განმცხადებელს თანხმობა მიეცა ნასყიდობის დადების გზით არასრულწლოვნის სახელზე რიცხული უძრავი ქონების წილის განკარგვაზე, შემდეგი პირობით: ბავშვის წილის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული თანხით (რეგისტრაციისათვის გათვალისწინებული ოდენობა) მოხდეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ...... მდებარე მიწის ნაკვეთისა და საცხოვრებელი სახლის არასრულწლოვნის თანასაკუთრების უფლებით დარეგისტრირება.
3. განმცხადებელს დაევალა, სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონულ ცენტრს წარუდგინოს ბავშვის კუთვნილი ქონების წილის (მდებარე: ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, სოფელი ......, ს/კ: ......) გასხვისების შემდეგ მიღებული თანხის მიზნობრიობის, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად გამოყენების თაობაზე ინფორმაცია.
4. სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონულ ცენტრს დაევალა მიღებული გადაწყვეტილების შესრულების კონტროლი.
4. გადაწყვეტილება თანხის მიზნობრიობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებისა და გადაწყვეტილების შესრულების კონტროლის დავალების ნაწილში (სარეზოლუციო ნაწილის მე-3 და მე-4 პუნქტები) სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონულმა ცენტრმა (შემდეგში „აპელანტი“, „კასატორი“ ან „მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო“). აპელანტმა შემაჯამებელ გადაწყვეტილებასთან ერთად სააპელაციო საჩივრით ასევე გასაჩივრა მისი წინსმწრები 22.10.2021 წლის განჩინება.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 11.07.2022 წლის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება განმცხადებლისთვის ქონების გასხვისებით მიღებული თანხის მიზნობრიობის, ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად გამოყენების თაობაზე ინფორმაციის წარდგენის დავალების, ასევე - აპელანტისთვის გადაწყვეტილების შესრულების კონტროლის დავალების ნაწილში (სარეზოლუციო ნაწილის მე-3 და მე-4 პუნქტები). სააპელაციო საჩივარი, საქმეში მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ჩაბმის თაობაზე 22.10.2021 წლის განჩინების გაუქმების ნაწილში, არ დაკმაყოფილდა.
6. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა კასატორმა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს.
8. სსსკ-ის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს, ხოლო სსსკ-ის 372-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა იმ წესების დაცვით წარმოებს, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის.
9. დადგენილია, რომ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 22.10.2021 წლის განჩინებით საქმეში ჩაება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო, რომელსაც არასრულწლოვნის ინეტრესების დაცვის მიზნით დაევალა წარმომადგენლის დანიშვნა და დასკვნის წარდგენა განცხადებაში მითითებულ გარემოებებთან დაკავშირებით. განიმარტა, რომ განჩინება ცალკე კერძო საჩივრით არ საჩივრდებოდა. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ აღნიშნული განჩინება გაასაჩივრა სააპელაციო საჩივრით შემაჯამებელ გადაწყვეტილებასთან ერთად, როგორც მისი წინმსწრები განჩინება. სააპელაციო სასამართლოს 11.07.2022 წლის გადაწყვეტილებით სრულად დაკმაყოფილდა შემაჯამებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 და მე-4 პუნქტების გაუქმების თაობაზე სააპელაციო მოთხოვნა, ხოლო 22.10.2021 წლის განჩინების გაუქმების მოთხოვნის ნაწილში სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. საკასაციო საჩივარი წარდგენილია სწორედ ამ ნაწილში და კასატორი ითხოვს, გაუქმდეს საქმეში მისი ჩაბმის თაობაზე 22.10.2021 წლის განჩინება. ამდენად, კასატორია პირი, რომლის სააპელაციო მოთხოვნა პირველი ინსტანციის სასამართლოს შემაჯამებელი გადაწყვეტილების სადავო პუნქტების გაუქმების ნაწილში დაკმაყოფილდა სრულად, საკასაციო საჩივრის ობიექტი კი - სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც არ დაკმაყოფილდა წინსმწრები განჩინების გაუქმების მოთხოვნა.
10. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს ნებისმიერი განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს. თავისებურება მხოლოდ ისაა, რომ ზოგიერთი განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოს გადაწყვეტილებისაგან დამოუკიდებლად (ცალკე) - კერძო საჩივრით, ხოლო ზოგიერთი - მხოლოდ გადაწყვეტილებასთან ერთად (სუსგ Nას-367-346-2014, 10.06.2014წ.). სასამართლოს მხრიდან საჩივრის ფარგლებში შემაჯამებელ გადაწყვეტილებასთან ერთად მისი წინმსწრები განჩინების კანონიერების შემოწმების შესაძლებლობას ადგენს სსსკ-ის 377.3. (სააპელაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება იყოს აგრეთვე სასამართლოს ის განჩინებები, რომლებიც გამოტანილია საქმის პირველ ინსტანციაში განხილვასთან დაკავშირებით და რომლებიც წინ უსწრებს სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანას, იმისაგან დამოუკიდებლად, დასაშვებია თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა) და 404.2 მუხლები (საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება იყოს აგრეთვე სასამართლოს ის განჩინებები, რომლებიც წინ უსწრებს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას, იმისგან დამოუკიდებლად, დასაშვებია თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა).
11. როგორც უკვე აღინიშნა, განსახილველ შემთხვევაში, კასატორი პრეტენზიას აცხადებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შემაჯამებელი გადაწყვეტილების წინსმწრებ განჩინებაზე საქმეში მისი ჩაბმის თაობაზე. პალატა მიუთითებს, რომ სსსკ ასეთი განჩინების დამოუკიდებლად გასაჩივრების შესაძლებლობას არ ითვალისწინებს, იგი შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლო გადაწყვეტილებასთან ერთად, სსსკ-ის 377-ე და 404-ე მუხლებით დადგენილი წესით. ეს იმას ნიშნავს, რომ ასეთი განჩინების უსწორობასა და დაუსაბუთებლობაზე შეიძლება მითითებული იყოს მხოლოდ შემაჯამებელი გადაწყვეტილების წინააღმდეგ შეტანილ საჩივარში. ე.წ. წინმსწრები განჩინებების გადაწყვეტილებასთან ერთად გასაჩივრების მიზანი შეიძლება იყოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დაუსაბუთებლობის, მისი კანონის დარღვევით მიღების დადასტურება (იხ. თ. ლილუაშვილი, ვ. ხრუსტალი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კომენტარი, 2007წ., გვ. 716; სუსგ Nას-367-346-2014, 10.06.2014წ.). როგორც საკასაციო სასამართლო თავის არაერთ განჩინებაში განმარტავს, სამოქალაქო საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული (იხ. სუსგ-ები: №ას-1033-2018, 30.10.2018წ. პ.23; №ას-851-817-2016, 04.11.2016წ., პ.17).
12. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც არ საჩივრდება საქმეზე მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილება, სასამართლო განსახილველად ვერ დაუშვებს მისი წინმსწრები განჩინების მიმართ დამოუკიდებლად წარდგენილ სააპელაციო თუ საკასაციო საჩივარს. შემაჯამებელი გადაწყვეტილების და მისი წინსმწრები განჩინების ეს კავშირი მნიშვნელობას ინარჩუნებს იმ შემთხვევაშიც, როდესაც სააპელაციო სასამართლომ უკვე იმსჯელა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების წინსმწრები განჩინების კანონიერებაზე, არ დააკმაყოფილა მოთხოვნა მის გაუქმებაზე და საკასაციო საჩივრით პრეტენზია წარდგენილია მხოლოდ ამ განჩინების მიმართ. ამ შემთხვევაშიც, უნდა განიმარტოს, რომ საკასაციო საჩივარი წარდგენილია დამოუკიდებლად, მხოლოდ წინმსწრები განჩინების და არა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების კონკრეტული ნაწილის მიმართ, რაც ასეთ განჩინებაზე წარდგენილი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების სამართლებრივი საფუძველია.
13. პალატა აქვე მიუთითებს, რომ იმ შემთხვევაშიც, თუ არ იარსებებდა წინამდებარე საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობა, მას არ აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ, საკასაციო სასამართლომ არაერთ განჩინებაში განმარტა, რომ მსგავს სასამართლო დავებზე კასატორის ჩაბმა არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გამორკვევის მიზნით არის ნაკარნახები და მისი მონაწილეობა საქმეში ვერ მიიჩნევა უკანონოდ და უსაფუძვლოდ (იხ. სუსგ Nას-1556-2022, 02.03.2023წ.; სუსგ Nას-1558-2022, 01.03.2023).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 399-ე, 372-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ცენტრის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია