საქმე №ას-240-2023 21 მარტი, 2023 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „მ–სი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 09.08.2022 წლის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ნარდობის ხელშეკრულების შეწყვეტის უკანონოდ ცნობა, პირგასამტეხლოს გადახდისაგან გათავისუფლება, ანაზღაურებული საბანკო გარანტიის თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. შპს „მ–სმა“(შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“ ან „მენარდე“) სარჩელი აღძრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „შემკვეთი“ ან „კასატორი“) მიმართ და მოითხოვა: სახელმწიფო შესყიდვის შესახებ 27.02.2020 წლის №151 ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ მოპასუხის 15.04.2020 წლის გადაწყვეტილების უკანონოდ ცნობა და პირგასამტეხლოს სახით დარიცხული 1650 ლარის გადახდისაგან გათავისუფლება; მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ 7500 ლარის გადახდის დაკისრება; მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ შესრულებული სამუშაოს ღირებულების ასანაზღაურებლად 8439.16 ლარის გადახდის დაკისრება.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 16.03.2022 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:
2.1. 27.02.2020 წელს მხარეთა შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №151 ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ხელშეკრულების (შესყიდვის) ობიექტია: მოპასუხის ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების სამღებრო სამუშაოების, №AT200002156 ტენდერის სატენდერო პირობებით განსაზღვრული ტექნიკური მომსახურება, ტენდერში მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი პრეისკურანტის შესაბამისად. აღნიშნული პრეისკურანტი წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. ხელშეკრულების დანართი №1 მომსახურების პრეისკურანტის მიხედვით, შესასრულებელი სამუშაოებია შეღებვის, სათუნუქე სამუშაოები, პლასტმასის აღდგენა-შეღებვა, მინაბოჭკოვანი დეტალების აღდგენა და შეღებვა. ხელშეკრულების სავარაუდო ღირებულება შეადგენს: 150 000 ლარს. ხელშეკრულების ღირებულება მოიცავს, როგორც შესყიდვის ობიექტის ღირებულებას, ასევე წინამდებარე ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებით მიმწოდებლის მიერ გაწეულ ყველა აუცილებელ ხარჯს და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს, მათ შორის დღგ-ს. ამასთან, პრეისკურანტის ღირებულება შეადგენს 28 587.13 ლარს. ხელშეკრულება ძალაშია: ხელშეკრულების გაფორმებიდან 31.01.2021 წლის ჩათვლით, მაგრამ არანაკლებ მხარეთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულ და ჯეროვან შესრულებამდე.
2.2. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მე-11 მუხლის 11.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების დამდები ერთ-ერთი მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მეორე მხარეს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ. შემსყიდველს უფლება აქვს მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ, მათ შორის შემდეგ შემთხვევებში: მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ორჯერ დარღვევის შემთხვევაში; თუ შემსყიდველისთვის ცნობილი გახდა, რომ მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო იგი ვერ უზრუნველყოფს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას; საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, მათ შორის მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ნებისმიერი ისეთი დარღვევის დროს, რაც შეუძლებელს ხდის ნორმალური სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელებას ან იწვევს შემსყიდველის ინტერესის დაკარგვას სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელებისადმი. ამავე მუხლის 11.9. პუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველ და მე-5 პუნქტებში მითითებულ შემთხვევებში შემსყიდველი ვალდებულია აუნაზღაუროს მიმწოდებელს ფაქტიურად გაწეული მომსახურების ღირებულება.
2.3. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების უზრუნველსაყოფად სს „პ.ბ–ის“ მიერ გაიცა ხელშეკრულების შესრულების უპირობო საბანკო გარანტია, 7500 ლარზე, 10.03.2021 წლის ჩათვლით.
2.4. მოპასუხის 15.03.2020 წლის აქტის მიხედვით, მოპასუხის წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ 08.04.2020 წელს მოსარჩელის სერვისცენტრში სათუნუქე სამღებრო სამუშაოების ჩატარების მიზნით შეიყვანეს მოპასუხის ბალანსზე რიცხული „Ford Cargo“-ს მარკის სახანძრო ცისტერნა (სახ. SS-218-MS). შეიღება ავტომანქანის კაბინა, წყლის ავზის კორპუსი და მანქანის გარკვეული დეტალები. კომპანია უარს აცხადებს მანქანის წინა და უკანა ბამპერის, კაბინის გვერდითა საფეხურების საგარანტიო პირობით აღდგენაზე.
2.5. 01.05.2020 წლის მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით, მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ მხარეთა შორის 28.02.2020 წელს გაფორმებული №151 ხელშეკრულების ფარგლებში მოპასუხის ბალანსზე რიცხულ ავტომობილზე - „Ford Cargo“-ს მარკის სახანძრო ცისტერნა (სახ. SS-286-MS) მოსარჩელის მხრიდან განხორციელებულია სამღებრო-სათუნუქე სამუშაოები ნაწილობრივ. ავტომობილი შეღებილია, გარდა წინა ბუფერისა და ფეხსადგამისა (ასასვლელი კიბის). მოსარჩელის სერვისცენტრში აღნიშნული ავტომობილი შემოვიდა 26.03.2020 წელს, ხოლო მასზე სამღებრო სამუშაოები დასრულდა 02.04.2020 წელს. მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების პრეისკურანტში ავტომობილის სრული შეღებვის ღირებულება განფასებულია 4900 ლარად, ვინაიდან ავტომობილის სამღებრო-სათუნუქე სამუშაოები არ შესრულდა სრულად, არ შეღებილა ავტომობილის წინა ბუფერი და ფეხსადგამი (ასასვლელი კიბე), ვერ დგინდება შესრულებული და შეუსრულებელი სამუშაოების ღირებულება. აქედან გამომდინარე, მხარეები თანხმდებიან, რომ ხელშეკრულების შესაბამისად, შესრულებული სამუშაოების ღირებულება ანაზღაურდება, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.
2.6. 01.05.2020 წლის მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით, მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ მხარეთა შორის 28.02.2020 წელს გაფორმებული №151 ხელშეკრულების ფარგლებში მოპასუხის ბალანსზე რიცხულ ავტომობილზე „Ford Cargo“-ს მარკის სახანძრო ცისტერნა (სახ. .......) მოსარჩელის მხრიდან განხორციელებულია სამღებრო-სათუნუქე სამუშაოები ნაწილობრივ. ავტომობილი შეღებილია, გარდა წინა ბუფერისა და ფეხსადგამისა (ასასვლელი კიბის). მოსარჩელის სერვისცენტრში აღნიშნული ავტომობილი შემოვიდა 08.04.2020 წელს, ხოლო მასზე სამღებრო სამუშაოები დასრულდა 13.04.2020 წელს. მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების პრეისკურანტში ავტომობილის სრული შეღებვის ღირებულება განფასებულია 4900 ლარად, ვინაიდან ავტომობილის სამღებრო-სათუნუქე სამუშაოები არ შესრულდა სრულად, არ შეღებილა ავტომობილის წინა ბუფერი და ფეხსადგამი (ასასვლელი კიბე), ვერ დგინდება შესრულებული და შეუსრულებელი სამუშაოების ღირებულება. აქედან გამომდინარე, მხარეები თანხმდებიან, რომ ხელშეკრულების შესაბამისად, შესრულებული სამუშაოების ღირებულება ანაზღაურდება, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.
2.7. მოპასუხემ 21.04.2020 წლის წერილით მოითხოვა სს „პ.ბ–ისაგან“, მოსარჩელის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო, საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის ჩარიცხვა.
2.8. მოპასუხის 01.04.2020 წლის №798407 წერილით მოსარჩელის დირექტორს ეცნობა, რომ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №151 ხელშეკრულების საფუძველზე, 26.03.2020 წელს მოპასუხის ბალანსზე რიცხული „FORD CARGO“-ს მარკის სახანძრო ავტოცისტერნა (სახ. №.....) მიიყვანეს მოსარჩელის სერვისცენტრში სათუნუქე-სამღებრო სამუშაოების ჩატარების მიზნით. ავტომანქანის მიღებაზე და შესაბამისი მომსახურების გაწევაზე მოსარჩელემ უარი განაცხადა. შესაბამისად, ამავე წერილით მოპასუხემ აცნობა მოსარჩელეს, რომ ეკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.10%-ის ოდენობით, ამასთან, საჯარიმო სანქციების გადახდა არ ათავისუფლებდა მას ძირითადი ვალდებულების შესრულებისაგან. მოსარჩელე ამავე წერილით გააფრთხილეს, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოპასუხე იმოქმედებდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №151 ხელშეკრულების მე-11 მუხლის საფუძველზე, ცალმხრივად შეწყვეტდა ხელშეკრულებას და მოითხოვდა ზიანის ანაზღაურებას.
2.9. №798407 წერილის პასუხად, მოსარჩელემ მოპასუხეს აცნობა, რომ „FORD CARGO“-ს მარკის სახანძრო ავტოცისტერნა სახ. №..... წინა ბუფერის აღდგენა შეუძლებელი იყო, შესაბამისად, აღნიშნულ დეტალს სჭირდებოდა ან ქარხნულად ჩამოსხმა ან შეცვლა. ამასთან, აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალების ფეხსადგამი საჭიროებდა შეცვლას. კომპანიის განმარტებით, ფეხსადგამს აკლდა მნიშვნელოვანი დეტალი და იმდენად იყო იგი მწყობრიდან გამოსული, რომ საქართველოში ვერცერთი სპეციალისტი ვერ შეძლებდა მის შეკეთებას. რაც შეეხება „FORD CARGO“-ს მარკის სახანძრო ავტოცისტერნა, სახ. №....., მოსარჩელე უარს აცხადებდა აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებასთან დაკავშირებით ავტომომსახურების გაწევაზე, რამდენადაც, მხარეებს შორის ვერ მოხერხდა ერთ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე შეთანხმება, კომპანია ვერც მეორე ავტოსატრანსპორტო საშუალებას გაუწევდა ავტომომსახურებას.
2.10. მოსარჩელის დირექტორს მოპასუხის 15.04.2020 წლის №878637 წერილით ეცნობა, რომ გამომდინარე მხარეთა შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების მიმართ არსებული მაღალი სახელმწიფო ინტერესიდან და კომპანიის მიერ ვალდებულებათა არაჯეროვანი შესრულებიდან, მოპასუხე სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №151 ხელშეკრულების მე-11 მუხლის შესაბამისად, ცალმხრივად წყვეტდა ხელშეკრულებას. ზემოაღნიშნული წერილით, მოსარჩელეს ეცნობა, რომ ერიცხება პირგასამტეხლო ხელშეკრულების მე-9 მუხლის 9.3. პუნქტის შესაბამისად, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.10 პროცენტი - 1650 ლარის (02.04.2020 წლიდან 13.04.2020 წლის ჩათვლით) ოდენობით, რომლის გადახდა უნდა უზრუნველეყო არაუგვიანეს 1 თვის ვადისა.
2.11. მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულება შეადგენს 8439.16 ლარს.
2.12. მხარეთა შორის სადავოა, ზემოთ მითითებული ორი ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზიანებული დეტალების ბუფერისა და ფეხსადგამის, ახალი დეტალებით შეცვლის გარეშე, აღდგენის შესაძლებლობა. მოსარჩელემ მისი პოზიციის დასადასტურებლად წარმოადგინა ექსპერტიზის დასკვნები. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 29.04.2020 წლის დასკვნის მიხედვით, ავტომობილის „Ford Cargo“-ს მარკის სახანძრო ცისტერნა (სახ. .....) წინა ბამპერისა და საფეხურების აღდგენა და შემდგომი ექსპლუატაცია ტექნიკური თვალსაზრისით მიზანშეწონილი არ არის. დასკვნის კვლევით ნაწილში აღნიშნულია, რომ მოსარჩელის ავტოსადგომზე წინა ბამპერისა და საფეხურების ვიზუალური დათვალიერებით აღმოჩნდა, რომ ისინი დამზადებულია ეპოქსიდნარევი მინაბოჭკოვანი მასალისაგან. წინა ბამპერსა და საფეხურებს აღენიშნება ხანგრძლივი ექსპლუატაციისათვის დამახასიათებელი საღებავის აშრევის, ნაკაწრების და ხეთქვის (წინა ბამპერს და საფეხურებს აკლია მათი შემადგენელი ფრაგმენტები) კვლები. ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი, სპეციალიზებული ავტომობილის დამზადების მასალის, (ეპოქსიდნარევი მინაბოჭკოვანი მასალისაგან დამზადებული და შემდგომ დაზიანებული დეტალის შეწებება მიზანშეუწონელია, რადგან აღნიშნული დეტალი შეწებების შემდგომ გამოირჩევა სიმყიფით), ამჟამინდელი მდგომარეობისა და ავტომობილის დანიშნულების გათვალისწინებით, ექსპერტმა დაასკვნა, რომ ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი დეტალების აღდგენა და შემდგომი ექსპლუატაცია ტექნიკური თვალსაზრისით მიზანშეწონილი არ არის. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 29.04.2020 წლის დასკვნის მიხედვით, ავტომობილის „Ford Cargo“-ს მარკის სახანძრო ცისტერნა (სახ. ........) წინა ბამპერისა და საფეხურების აღდგენა და შემდგომი ექსპლუატაცია ტექნიკური თვალსაზრისით მიზანშეწონილი არ არის. ექსპერტის დასკვნა ზემოაღნიშნული ავტომანქანის დაზიანებული ნაწილების აღდგენის ტექნიკურ მიზანშეუწონლობაზე ეფუძნება იგივე კვლევას, რაც წინა დასკვნაშია ასახული.
2.13. მოპასუხემ ექსპერტიზის დასკვნების საწინააღმდეგოდ წარმოადგინა მიკრო მეწარმე გ.ხ–სა და შპს „S“-ს წერილები. წერილების თანახმად, მათ დაათვალიერეს „Ford Cargo“-ს მარკის სახანძრო ცისტერნა (სახ. ......) დაზიანებული დეტალები, წინა ბამპერი და საფეხურები და დაადასტურეს, რომ დეტალები ექვემდებარებოდა აღდგენას და სწორი ექსპლუატაციის შემთხვევაში ისინი არ დაზიანდებოდნენ. მოპასუხემ წარმოადგინა დეფექტური აქტები, შესრულებული სამუშაოს აქტები და ინვოისები, რომლითაც დგინდება, რომ შპს „თ.მ–ის“ მიერ ორივე ავტომანქანაზე შესრულდა დაზიანებული დეტალების (ბამპერი და ფეხსადგამი) აღდგენა-შეღებვის სამუშაოები.
2.14. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ზემოაღნიშნული მტკიცებულებები, ვერ აქარწყლებს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნებს. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მიერ მოძიებული კომპანიის წერილები, რადგან არ დგინდება, აღნიშნული კომპანიები ფლობენ თუ არა სპეციალურ ცოდნას, დაზიანებული ნაწილების აღდგენის ტექნიკური მიზანშეწონილობის დასადგენად. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ორივე ავტომანქანის დაზიანებული ნაწილების აღდგენა ტექნიკური თვალსაზრისით მიზანშეუწონელი იყო. აღნიშნულის გამო იყო შესაცვლელი, რაც საჭიროებდა დამატებით შეთანხმებას, რადგან პრეისკურანტით გაუთვალისწინებელი სამუშაოს შესრულების შესაძლებლობა შემსრულებელს არ გააჩნდა. გარდა ამისა, პრეისკურანტში არ იყო გათვალისწინებული მომსახურების ისეთი სახე, როგორიცაა წინა ბუფერისა და ფეხსადგამის მოხსნა-დაყენების სამუშაოები, რის გარეშეც მომსახურება ვერ განხორციელდებოდა. აქვე საყურადღებოა ის გარემოება, რომ მოპასუხემ არ გაანაღდა მის მიმართ წარდგენილი ინვოისი.
2.15. დადგენილია, რომ სადავო ორი ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზიანებული ნაწილების აღდგენა ტექნიკური თვალსაზრისით შეუძლებელი იყო, რაც გამორიცხავდა მოსარჩელის ვალდებულებას პრეისკურანტით გათვალისწინებული სამღებრო-სათუნუქე სამუშაოების ჩატარებაზე, საგარანტიო პირობით. ამდენად, არ დგინდება მოსარჩელის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება. შესაბამისად, მოპასუხის მიერ გამოვლენილი ნება ხელშეკრულების ამ საფუძვლით მოშლის შესახებ არ არის მართლზომიერი. განსახილველ შემთხვევაში, არ დგინდება მოსარჩელის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილება, რაც გამორიცხავს ხელშეკრულების მე-9 მუხლის 9.3. პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დარიცხვას. აქედან გამომდინარე, არ არსებობს მოსარჩელისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობები.
2.16. სასარჩელო მოთხოვნა საბანკო გარანტიის ფარგლებში გადახდილი თანხის ანაზღაურების დაკისრების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს. დადგენილია, რომ მხარეებს შორის არსებული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველსაყოფად გაფორმებული იყო უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტია ხელშეკრულების ღირებულების 5%-ის ოდენობით. სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა საბანკო გარანტიის გამოყენების საფუძველი. დადგენილია, რომ საბანკო გარანტიის საფუძველზე, ბენეფიციარის მოთხოვნით, გარანტმა გადაიხადა საბანკო გარანტიის თანხა. სასამართლომ, სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში, შეაფასა სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის საკითხი და მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას ადგილი არ ჰქონია. ამ გარემოებაზე დაყრდნობით სასამართლომ დაასკვნა, რომ არ არსებობდა საბანკო გარანტიის თანხის გაცემის სამართლებრივი საფუძველი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ საქმეზე საბანკო გარანტიის ბენეფიციარმა უსაფუძვლოდ მიიღო თანხა, რაც მას არ უნდა გადასცემოდა.
2.17. დადგენილია, რომ მოსარჩელემ შეასრულა ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, რომლის ღირებულება ჯამურად შეადგენს 8439.16 ლარს. დადგენილია, რომ მოპასუხემ არ გადაიხადა ხელშეკრულების მოშლამდე მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულება. აქედან, გამომდინარე, მოსარჩელე უფლებამოსილია მოითხოვოს მისგან ამ თანხის ანაზღაურება.
3. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით -სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 09.08.2022 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. განჩინება ეფუძნება შემდეგს:
4.1. დადგენილია, რომ 27.02.2020 წელს დადებული ხელშეკრულების საგანია მოპასუხის საკუთრებაში რიცხულ სახანძრო ავტომობილებზე მოსარჩელის მიერ სარემონტო სამუშაოების ჩატარება, შესაბამისად, ეს ხელშეკრულება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 629-ე მუხლით გათვალისწინებულ ვალდებულებითსამართლებრივ ურთიერთობას წარმოადგენს. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხემ უკანონოდ შეწყვიტა ზემოხსენებული ხელშეკრულება და, შესაბამისად, მოსარჩელეს უკანონოდ დააკისრა პირგასამტეხლოს გადახდა, რადგან მას არ დაურღვევია ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება. ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლად მოპასუხემ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელემ უარი განაცხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევაზე (ავტომობილების ბუფერისა და საფეხურების აღდგენაზე). მოსარჩელის მოსაზრებით, ზემოხსენებული სამუშაოების შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევად არ უნდა ჩაითვალოს, რადგან მის მიერ წარმოდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით დასტურდება, რომ ამ სამუშაოების შესრულება, ანუ სადავო დეტალების აღდგენა, ტექნიკური თვალსაზრისით შეუძლებელი იყო. პალატამ გაიზიარა მენარდის ზემოხსენებული მოსაზრება და აღნიშნა, რომ სადავო დეტალების აღდგენის შეუძლებლობა დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმაც, კერძოდ, მისი ჩვენებით ირკვევა შემდეგი: „ვიზუალური დათვალიერებით აღმოჩნდა, რომ ბამპერები და საფეხურები არ იყო დამზადებული პლასტმასისაგან, არამედ დამზადებული იყო მინაბოჭკოვანი მასალისგან, შესაბამისად, ამ მასალისგან დამზადებული ნივთი იფარება ე.წ. ,,ფითხით“, რათა შემდგომ შეიღებოს და იყოს გლუვი და პრიალა. იმის გათვალისწინებით, რომ ეს დეტალები მანამდეც ბევრჯერ იყო აღდგენილი და აკლდა გარკვეული დეტალები.., ანუ როდესაც მინაბოჭკოვანი მასალის აღდგენა ხდება და ნაწილი აკლია, შესაძლებელია დაწებდეს, მაგრამ ძალიან მყიფეა. ვერ ხდება იმ დონეზე შეწებება, რომ ისეთი სიმტკიცის იყოს და ის ფუნქცია შეასრულოს, რასაც ასრულებდა... იმის გათვლისწინებით, რომ მანქანა არის საგანგებო სიტუაციების სამსახურის და მასზე ასვლა შეიძლება მარტივად არ მოხდეს, დიდი ალბათობით, შეიძლება, მალევე, ისევ გატყდეს და იმ ფუნქციას, რასაც ასრულებდა, ვეღარ შეასრულებს... მყიფე ნიშნავს, რომ გატეხვის დიდი საშიშროება არსებობს... შესაძლებელია შეკეთებით ვიზუალი მიეცეს დეტალს, თუმცა არ იქნება მყარი და მის ფუნქციას ვერ შეასრულებს... როცა დეტალი აკლია, მინაბოჭკოვანი მასალის შემთხვევაში, ისე ვერ იქნება აღდგენილი, რომ ფუნქციური დანიშნულება შეასრულოს და მტკიცე იყოს... მიზანშეუწონელია, როდესაც ვამბობ, იგულისხმება, რომ ვიზუალური მხარე მოწესრიგდება, იდეალური იქნება, თუმცა მტკიცე არ იქნება, ტექნიკურად რომ აღადგინო არ იქნება სწორი..“ (იხ. 16.02.2022 წლის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი 16:04:22 წუთიდან).
4.2. მოპასუხის მოსაზრებით, აღდგენის მიზანშეუწონლობა არ ნიშნავს აღდგენის შეუძლებლობას, რაც იმითაც დასტურდება, რომ ავტომანქანის ეს დეტალები, მათი დაკვეთით, სხვა შემსრულებელმა აღადგინა. მოპასუხის ამ მოსაზრების უარსაყოფად პალატამ მოიხმო სხდომაზე დაკითხული ზემოხსენებული ექსპერტის განმარტება, რომ სადავო დეტალების აღდგენა მათი გარეგნული მხარის მოწესრიგების თვალსაზრისით, შესაძლებელია, თუმცა, რაკი დეტალების შეწებება ვერ იქნება ისეთი სიმტკიცის, რაც მათი ფუნქციური დანიშნულებით გამოყენებისთვისაა აუცილებელი, ამ სახით სადავო ნივთის აღდგენა ტექნიკური თვალსაზრისით სწორი არ არის. ექსპერტის ამ განმარტების გათვალისწინებით, პალატა დაეთანხმა მენარდის მოსაზრებას, რომ ტექნიკური თვალსაზრისით გამართლებული იქნებოდა სადავო დეტალების შეცვლა. თუმცა შემკვეთს ეს არ სურს, რადგან დეტალების შეცვლა მოითხოვს ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელი დამატებითი ხარჯის გაწევას. თავის მხრივ, სადავო დეტალების მხოლოდ გარეგნული მხარის აღდგენა/მოწესრიგება, შემკვეთისათვის მისაღებიც რომ იყოს, მენარდის ინტერესს ეწინააღმდეგება, კერძოდ, ამ დეტალების აღდგენითი სამუშაოების შესრულება შედის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საგარანტიო მომსახურებაში, რაც იმას ნიშნავს, რომ აღდგენილი დეტალის ყოველი დაზიანების შემდეგ, მენარდემ ის უნდა აღადგინოს თავისი ხარჯით. შესაბამისად, რაკი დეტალების შეწებებით შეუძლებელია ნივთის სათანადო სიმტკიცის მიღება, მისი ხშირად დაზიანების (შესაბამისად, ხშირად აღდგენის) ალბათობაც მაღალია, რაც მენარდისათვის გაუმართლებელ ხარჯებს გამოიწვევს. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ, შექმნილ ვითარებაში, მენარდეს ვერ მოეთხოვება სადავო დეტალების აღდგენა, ამიტომ მისი უარი ხელშეკრულების დარღვევად ვერ შეფასდება. ამასთან, რაკი შემკვეთს არ სურს სადავო დეტალების ახლით შეცვლა, ანუ ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი, მას შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე (სსკ-ის 398-ე მუხლი). ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლებას შემკვეთს ანიჭებს, ასევე, სსკ-ის 636-ე მუხლიც. თუმცა, ორივე შემთხვევაში, რაკი მენარდის მიერ ვალდებულების დარღვევა არ იკვეთება, ამ უკანასკნელს პირგასამტეხლოს გადახდა ვერ დაეკისრება, კერძოდ, სსკ-ის 417-ე-418-ე მუხლების მიხედვით, მოვალეს პირგასამტეხლოს გადახდა მოეთხოვება ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისას, რაც, მოცემულ შემთხვევაში, არ დადასტურდა.
4.3. სსკ-ის 636-ე მუხლი ადგენს, რომ ნარდობის ხელშეკრულებაზე ნებისმიერ დროს უარის თქმის უფლების მიუხედავად, შემკვეთი ვალდებულია, აუნაზღაუროს მენარდეს შესრულებული სამუშაო და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი. განსახილველ შემთხვევაში, მენარდე მოითხოვს მის მიერ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ღირებულების - 8439.16 ლარის გადახდას. მითითებული ოდენობით სამუშაოს შესრულების ფაქტი სააპელაციო საჩივრით შედავებული არაა, შესაბამისად, მენარდის მოთხოვნა ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურების თაობაზე საფუძვლიანია, რადგან შესრულებულია სსკ-ის 636-ე მუხლის წინაპირობები.
4.4. მენარდის მესამე მოთხოვნაა შემკვეთისათვის, თავის სასარგებლოდ, 7500 ლარის გადახდის დაკისრება. მოსარჩელის განმარტებით, მითითებული თანხა საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხაა, რომელიც შემკვეთმა გამოითხოვა გარანტისაგან მენარდის მიერ ვალდებულების დარღვევაზე მითითებით. ამასთან, რაკი არ დადასტურდა მენარდის მიერ ვალდებულების დარღვევის ფაქტი, მოსარჩელის მოსაზრებით, საბანკო გარანტიის გამოთხოვა უკანონოა. პალატა დაეთანხმა მოსარჩელის მოსაზრებას ბენეფიციარის მიერ საბანკო გარანტიის გამოთხოვის კანონითა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული საფუძვლების არარსებობის თაობაზე და, მიიჩნია, რომ მენარდის ეს მოთხოვნა გამომდინარეობს სსკ-ის 394.1, 408-ე და 409-ე მუხლებიდან. ამასთან, შესრულებულია ამ ნორმებით გათვალისწინებული წინაპირობებიც, კერძოდ, რაკი სადავო არაა, რომ გარანტმა ბენეფიციარს (შემკვეთს) გადაუხადა საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხა, ხოლო მენარდე (პრინციპალი) ვალდებულია, ეს თანხა რეგრესის წესით გადაუხადოს გარანტს (სსკ-ის 890.1. მუხლი), ნათელია, რომ ბენეფიციარის ქმედებით მენარდეს ადგება ზიანი, რაც მას უნდა აუნაზღაურდეს.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
7. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
8. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
9. წინამდებარე საკასაციო საჩივრის ფარგლებში სასამართლოს მსჯელობის საგანია, დაარღვია თუ არა მენარდემ ვალდებულება და, შესაბამისად, რამდენად კანონიერად დაერიცხა პირგასამტეხლო, ასევე, მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ შესრულებული სამუშაოს ღირებულებისა და საბანკო გარანტიის თანხის დაკისრების მართლზომიერება.
10. დადგენილია, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 27.02.2020 წელს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №151 ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა მოპასუხის ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ მომსახურებას. ამრიგად, მხარეთა შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს ნარდობის ხელშეკრულებიდან. ნარდობა, როგორც სამუშაოს შესრულების ტიპის ხელშეკრულება, არის კონსესუალური, ორმხრივი და სასყიდლიანი (სუსგ №ას-1166-2019, 06.04.2020წ.). სსკ-ის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
11. სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად, ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. შესრულების ვალდებულება, პირველ რიგში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა და იწვევს მოთხოვნის უფლებას იმ მხარისათვის, რომლის მიმართაც და ინტერესთა საზიანოდ შეთანხმების პირობები დაირღვა (სუსგ №ას-696-696-2018, 06.07.2018წ.).
12. საქმის მასალებით ირკვევა, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის საფუძვლით, მოპასუხემ ხელშეკრულების მე-11.1 მუხლის შესაბამისად (ხელშეკრულების დამდები ერთ-ერთი მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მეორე მხარეს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ) შეწყვიტა მოსარჩელესთან ხელშეკრულება. ვალდებულების დარღვევის ფაქტს უარყოფს მოსარჩელე და განმარტავს, რომ სამუშაოების შესრულება ტექნიკური თვალსაზრისით შეუძლებელი იყო.
13. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ თავიანთი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. სსსკ-ის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების პირობებს, კერძოდ, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში. ამდენად, სადავო გარემოებების დადგენისას, სასამართლო იმსჯელებს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა განმარტებებზე, წერილობით დოკუმენტებსა და სხვა მტკიცებულებებზე ერთობლივად, რომლის ურთიერთშეჯერებით გადაწყვეტს, სარწმუნოდ მიიჩნიოს თუ არა ამა თუ იმ ფაქტის არსებობა (სუსგ №ას-584-543-2017, 06.06.2017წ; №ას-484-2019, 30.10.2020წ.).
14. განსახილველ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინებით ექსპერტის განმარტებებზე დაყრდნობით დადგენილია და კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, რომ სადავო ორი ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზიანებული ნაწილების აღდგენა ტექნიკური თვალსაზრისით შესაძლებელი არ იყო (იხ. ექსპერტიზის დასკვნები, ტ.2, ს.ფ. 48-56, 62-68; 09.08.2022 წლის განჩინება, ტ.3, ს.ფ. 54-55; წინამდებარე განჩინების 4.1-4.2 პუნქტები). ამდენად, მენარდემ კეთილსინდისიერად და დროულად გააფრთხილა შემკვეთი, რომ აღდგენილი დეტალები ვერ იქნებოდა ისეთი სიმტკიცის, რაც მათ უსაფრთხო ფუნქციურ გამოყენებას უზრუნველყოფდა, მით უფრო, რომ საუბარი იყო სპეციალურ ტექნიკაზე, ე.წ. სახანძრო მანქანების/სახანძრო ავტოცისტერნების ნაწილების შეკეთებაზე. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ არ დგინდება მოსარჩელის მიერ ვალდებულების დარღვევა და შექმნილ ვითარებაში, მენარდეს ვერ მოეთხოვება სადავო დეტალების აღდგენა. ამასთან, რაკი შემკვეთს არ სურს სადავო დეტალების ახლით შეცვლა, ანუ ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი, მას შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე. ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლებას შემკვეთს ანიჭებს, ასევე, სსკ-ის 636-ე მუხლიც. თუმცა, რაკი მენარდის მიერ ვალდებულების დარღვევა არ იკვეთება, ამ უკანასკნელს პირგასამტეხლოს გადახდა სსკ-ის 417-ე-418-ე მუხლების მიხედვით ვერ დაეკისრება. სსკ-ის 417-ე მუხლით, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. პირგასამტეხლო პირობით ვალდებულებას წარმოადგენს. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლების განხორციელება დამოკიდებულია გარკვეული პირობის დადგომაზე - მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევაზე (იხ: ირაკლი რობაქიძე, სახელშეკრულებო სამართალი /ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი ცერცვაძე, ირაკლი რობაქიძე, გიორგი სვანაძე, ლაშა ცერცვაძე, ლევან ჯანაშია/ გამომცემლობა „მერიდიანი“, 2014წ., გვ. 590). ამავე საფუძვლით, საკასაციო პალატა იზიარებს დასკვნას მასზე, რომ მოპასუხეს არ ჰქონდა საბანკო გარანტიის თანხის გარანტისაგან მოთხოვნის უფლება. რაც შეეხება მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულების აუნაზღაურებელ ნაწილს, მოპასუხეს მართებულად დაეკისრა მისი გადახდა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
15. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
16. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია